პაქტი მზაკვრისგან


ნაციონალურ მოძრაობას მოუნდა ხელშეკრულების დადება!

მოამზადეს ხელშეკრულება, რომელიც კარგად გამოიყურება… კარგად ჟღერს… გარეგნულად არაუშავს და თითქოს, არც ყარს!

მაგრამ, ხალხნო და ჯამაათნო,  როცა ხელშეკრულებას დებ, ორ მთავარ რამეს აქვს მნიშვნელობა:

ა) რამდენად ნორმალურია ხელშეკრულება, რომელსაც გთავაზობენ

ბ) რამდენად ნორმალური და სანდოა ის პირი, ვინც ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მეორე მხარეა!

რა უფრო სანდოა – კარგი, გამართული ხელშეკრულება ჰიტლერის, კადაფის ან ბაშარ ასადის მსგავს ადამიანთან? თუ – უფრო დაუხვეწავი, გაუმართავი და იურიდიულად მოწყვლადი, სულაც  სიტყვიერი შეთანხმება დალაი ლამას, დედა ტერეზას ან ვაცლავ ჰაველის მსგავს ადამიანთან?

როდის უფრო უნდა დაფიქრდე და ასჯერ გაზომ-აწონო?

რამდენად ღირს კი, საერთოდ, პაქტი მზაკვართან?

როცა იცი, რომ ეს მზაკვარი ის ყვავია, რომელიც არასდროს გათეთრდება, რაც უნდა ხეხო ქვიშითა, და ისეთი კუზიანია, რომელსაც მხოლოდ სამარე გაასწორებს. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორია ეს ხელშეკრულება – რამდენად აწონილი და გამართული?

ასე რომ მე პირადად, ჩემი მოკრძალებული აზრით, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმის მიმართა, რასაც ნაციონალური მოძრაობა თავაზობს ოპონენტებს. ეს არის მორიგი ფანდი, მორიგი ხრიკი, მორიგი ფოჩიან ქაღალდში გახვეული ნაღმი.

როცა ნაცმოძრაობა იყენებს რეზერვად წოდებული ზონდერჯგუფების მომზადებას ამომრჩევლების დასათრგუნად, მიტინგების და შეხვედრების ჩაშლის დახვეწილ მეთოდიკებს, ფსიქოლოგიურ ტერორს, ფიზიკურ ძალადობას, ქვის სროლას, პოლიტიკურ პოლიციას,  ყოველდღიურ გაყალბებას, აგრესიულ დემაგოგიას, ოპონენტებისათვის ბინძური იარლიყების მიკერებას, თავისუფალ ჟურნალისტთა მიმართ ძალადობას, სიძულვილის ენას, ფანტასტიური მასშტაბის ტოტალურ დაყადაღებებს, ტოტალურ უსამართლობას ეროვნული ბანკის, საგადასახდო ინსპექციის, კონტროლის პალატის და სასამართლოების მხრიდან, საქართველოს საელჩოების მიერ უცხოელ დიპლომატთა შეგნებულად შეცდომაში შეყვანას და პარტიული ნეიტრალობის პრინციპის ფეხქვეშ გათელვას, საარჩევნო სიების შელამაზებას (და არა 0 გამჭვირვალედ და სამართლიანად გასწორებას!), თეფშების წინაღმდეგ – თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ არანახული მასშტაბის ომს… და არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს უკვე ჩადენილი კრიმინალის გამოსაძიებლად, უკვე დამახინჯებული საარჩევნო გარემოს გამოსასწორებლად… აი, ამ დროს და აი ამ მოცემულობით, როგორ შეიძლება ვიყოთ იმის მოლოდინში, რომ რაიმე ხელშეკრულების დადებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება??

კიდევ უფრო ახლოს რომ მივიდეთ მიხეილ მაჭავარიანის მიერ ჩაფიქრებულ ღოთვერნობასთან (ხომ არ გგონიათ, მართლა უმწიკვლო დოკუმენტი შემოგვთავაზა ძალიან ბინძური მეთოდოლოგიების პროფესორმა?), ლაქები ამ, თითქოს-და, ”ქათქათა დოკუმენტზეც” საკმაოდ ჩანს.

  1. ჯერ ერთი, როგორ გგონიათ, შემთხვევით მოხდა, რომ არასამთავრობოთა 17 მუხლი 1 მუხლად გამოძერწეს, ხოლო საკუთარი ინიციატივები 4-ად გაშალეს? საქმე იმაშია, რომ ის ყველა 17 ინიციატივა, რომელიც არასამთავროებმა მოამზადეს, ძირითადად არსებული საარჩევნო გარემოს სიმახინჯეებს ასახავს და გამოსწორებას ისახავს მიზნად. ხელისუიფლებას კი სწორედ ის უნდა, რომ მახინჯი საარჩევნო გარემო შეინარჩუნოს, ”ქართულ იცნებას” ბინძური თამაშის წესებით და საკუთარი მსაჯებით (ცესკო, ”სანდო” დამკვირვებლები და ა.შ.) მოუგოს და მერე აყვირდეს, ”- აბა, არ გაბედოთ გაპროტესტებაო! ეს ზუსტად იგივე ტაქტიკაა, დანით და პისტოლეტით შეიარაღებული ბანდიტი, რომ ვინმეს მიერ დამცველი ფარის ან ჩაფხუტის ქონებას  აპროტესტებს – ეგ ომისთვის ემზადებაო! თანაც, რადგან 17 ერთად აქციეს, შეიძლება ისიც გათვლილი აქვთ, რომ მათ მიერ ამ 17-ვე მუხლის დარღვევა მხოლოდ -1 ქულად დაეწერებათ და თუ ”ქართულმა ოცნებამ” უდრტვინველად არ მიიღო თეთრი ძაფით ნაკერი და ”გაპრავებული” შედეგები, იმწამსვე აყვირდებიან – ჩვენ ერთი უბრალო, ”დამატებული” პუნქტი შეიძლება დავარღვიეთ, მაგრამ ესენი ”მთავარ” ფუძემდებლურ” პუნტს არღვევენო!
  2. ვინ განსაზღვრავს რომელი სადამკვირებლო ორგანიზაციაა ”სანდო” და რომელი ”არასანდო”? ალბათ – ”სანდო” ზურაბ ხარატიშვილი და მისი ”სანდო” – ცესკო! ჰოდა, გაგიკვირდებათ, რომ მსგავს ”სანდოებში” მოხვდნენ – სუფთა პოლიტიკა, ვიტაუტას ლანდსბერგისი და ნავარო და მისი რაზმი (კავკასიის კვლევით რესურსთა ცენტრი და მისი უკვდავი თარხნიშვილით)??
  3. რატომ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ არჩევნები არ მთავრდება არჩევნების დღეს და რომ საბოლოო შედეგები მაშინ იდება, როცა ყველა საჩივარი სამართლიანად არის განხილული და ყველა სადავო ოლქის შედეგები სამართლიანად გადათვლილი ან სულაც განმეორებით ჩატარებული?
  4. რატომ არ არის არაფერი ნათქვამი იმაზე, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში? თუ მხოლოდ პარტიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხოლო მინისტრების, გუბერნატორების, მერების, გამგებლების და საკრებულოს თუ მუნიციპალიტეტების თანამშრეომლების, ჯარის და პოლიციის, მასწავლებლების და უბნის ე.წ. ”სოცაგენტების” გამოყენება არ ითვლება, მაშინ ხომ გასაგებია, რომ ასეთ მაღვალაკებთან ხელშეკრულების გაფორმება საკუთარი დამარცხების წინასწარი გაფორემაბ იქნება?

ეს ის პირველი რიგის კითხვებია, რაც თათარიახლად მომაფიქრდა და ან რაც სხვებისგანაც მესმის.

მთავარი კი ისაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ხელშეკრულება ისე შემოაგდო, რომ არც კი უკითხია, – რამე ხომ არ გინდათ, განვიხილოთ, დავაზუსტოთ და შევთანხმდეთო… ეს ხომ მათი ”უკვდავი” სტილია – ხელშეკრულება საქართველოსთან! კომპენსაცია კახეთის სტიქიით დაზარალებულებს! საერთო საცხოვრებლები (ფოცოხოეწერში) – ლტოლვილებს! ლაზიკა – საქართველოს!- ეს არაფერი არასდროს არ განუხილავთ, მეფურად შემოგვთავაზებენ ხოლმე. მეფურად კი არა – მაფიოზურად – როგორც ისეთ წინადადებას, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება!

დაბოლოს, ეს წინადადება ისეთმა ცნობილმა მზაკვარმა გაახმოვანა და ისეთმა გაშიფრულმა ”გამპრავებლებმა” დაუჭირეს მხარი სასწრაფოდ, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ – ეს მორიგი ხრიკი, ფანდი და ღოთვერნობაა, ლამაზი ყველის ნაჭერი – ოსტატურად შენიღბულ სათაგურში…  



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s