მოვიდა სეტყვა და … მოჰყვა მიშა!


The government solution to a problem is usually as bad as the problem.
Milton Friedman

კახეთში და სამცხეში სეტყვა ვის გაჰკვირვებია?!.

მაგრამ ის, რაც ახლა ორიოდ დღის წინ მოხდა, – სეტყვის გრიგალი – მართლაც სტიქიის არნახული შემოტევა იყო.

50-ზე მეტი სოფელი სამ რეგიონში (სეტყვამ მცხეთა-მთიანეთისც დააზიანა, თუმც უფრო მსუბუქად), 100%-ით განადგურებული მოსავალი, დანგრეული(!) სახლები, ახდილი სახურავები, ჩამოვარდნილი აივნები და ჩამოშლილი კედლები, ძირფესვიანად ამოთხრილი უზარმაზარი  ხეები და გაჭყლეტილ-ამობრუნებული მანქანები…

მაგრამ ყველაზე მეტად ხალხი… უილაჯო, დამუნჯებული, გათანგული…

კიდევ ეს უნდოდა საცოდავ ხალხს?..

არ არის მათთვის ნუგეში და სითბო, არ არის გაწვდილი ხელი და სამართალი,თუნდაც დროებითი შვება… არც ის ყბადაღებული (სეფერთელიძისეული) „კომფორტი“… კომფორტი, სადაა?.. ნეტა ოდნავი სამართალი მაინც ეღირსოთ, და ხელს არ უშლიდნენ ჯაფასა და შრომაში…

ახლა კიდე ეს სეტყვა…

მაგრამ, ამ უბედურებასაც აიტანდა ადამიანი…  კახელი კაცი – მით უფრო, რაღაც პატარ იმედი რომ იყოს… რაღაც იმის მოლოდინი, რომ როცა ასეთი სტიქი დაგატყდება ადამიანს თავზე, ვინმე მოგხედავს – ან სოფლის გამგებელი, ან რაიონის თავკაცი, ან რეგიონის გუბერნატორი, ან – მთავრობა… ხომ არის ქვეყნები, სადაც ამაზე უარესი რამ ხდება და ხელისუფლება ხელებს დაიკაპიწებს, აბა, ეს დახმარებაო, აბა, ეს შეღავათებიო, აბა, ეს სარეზერვო ფონდიდან გაღებული სახსრებიო…

მაგრამ საქმეც იმაშია, რომ სწორედ „არსაიდან ხსნა, არსით საშველის“ მდგომარეობაშია ქართველი გლეხი. ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც მხოლოდ დასანახავად არიგებს ტრაქტორებს და მერე, ჩუმად, ისევ უკან მიაქვს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის სასიცოცხლო ინტერესს სწორედ ქართული სოფლის გაჩანაგება და თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იმპორტით საკუთარი კომპანიების ჯიბის გასქელება წარმოადგენს… ეს ხომ ის მთავრობაა, ოთხ წელიწადში ერთხელ 25 ლარის დიზელს რომ ურიგებს გლეხებს და თვეში მინიმუმ ერთჯერ სწორედ იმ დიზელს და ბენზინსაც ღმერთოდ და უნამუსოდ აძვირებს… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც წლის დასაწყისში გლეხებს აგულიანებს, – მოსავალი მოიყვანეთო და, თუ გჭირდებათ – კრედიტიც აიღეთო, და მერე სწორედ ამ კრედიტით ახრჩობს და სახლ-კარს და საკარმიდამოს უყიდის… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ ამერიკული ღორის ხორცის იმპორტით გამდიდრების მიზნით საქართველოში ღორის გრიპის ეპიდემია გამოაცხადებინა და ქვეყანაში არსებული ღორის სულადობის 2/3 რამდენიმე თვეში გააწყვეტინა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომლის ჰიბრიდულმა სიმინდმა ჯერ მოსახლეობა დააშინა და მერე მთავრობის რჩევას მინდობილი გლეხები გააპარტახა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელსაც ბიუჯეტში ქართული სოფლისათვის აქამდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი თუ ემეტებოდა და ახლა, წინასაარჩევნოდ, სოფელს მილიარდებს ჰპირდება!.. ეს ხომ ის მთავრობაა, ყოველ მეხუთე სოფელში რომ სკოლა გააუქმა და ბავშვებს ან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ყოველდღე სიარული, ან – უსწავლელობა განუწესა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელმაც სოფლის მეურნეობის მინისტრად ისეთი უწვერული ჩოჩორი დანიშნა, ძროხებს დედლებად და მამლებად რომ ყოფდა… ეს ხომ ის მთავრობაა, რომელიც დაქცეული სოფლის აღდგენის მაგიერ, ხან ზღვაზე ხიდს დებს (რომელსაც სამ კვირაში ქარი ანგრევს), და ხან – ჭაობში მოსახლეობით ნახევრმილიონიანი და ხარჯებით მრავალმილიარდიანი სუპერქალაქის მშენებლობას იწყებს…

ამ მთავრობას და მის მარადგაუძღომელ მინისტრებს (არ ვიცი, საერთოდ, რატომ ჰქვიათ მათ მინისტრები, პირდაპირ „მონსტრები“ რომ ერქვათ, უფრო გამართლებული იქნებოდა და მათ სამფლობელოებს – „სამონსტროები“) ყველაფერზე ემეტებათ ფული, გარდა ქართული სოფლისა. თუმცა, არა – იყო შემთხვევა, როცა ძალიანაც გაიმეტეს ფული – სოფელში გლეხებს თავაზობდნენ, ვენახი გაეჩეხათ და განსაკუთრებული თავის გამოჩენისთვის სწორედ ამაში დაჰპირდნენ ფულს! მართლაც ამათზეა ნათქვამი ლეგენდარული ქართველი გლეხის, ჯარისკაცის და მამის სიტყვები:

„…Ты его не сажалТы егоне пахал. Ты только виноградкушать любишь… Такой молодой, еще ни одно дерево ни посадил уже такой сад портишь… Не стыдно тебе?..“

და რა თქმა უნდა, არ რცხვენიათ… რადგან, პირიქით, ყოველთვის სამარცხვინოდ მიაჩნდათ სოფელი… რადგან არც გლეხი ყოფილან არასდროს, არც – ჯარისკაცი და არც – მამა… ბავშვის გაკეთება არაა მამობა და ეს მანქურთები რომ მართლა მამები იყვნენ და თავის შვილებისთვის – მინიმუმ სამშობლოს დატოვებას რომ აპირებდნენ, დღედაღამ საქართველოს გაყიდვით და გაპარტახებით არ იქნებოდნენ დაკავებულნი. რასაც ესენი თავის შვილებს უმზადებენ, იმას მტერი არ გაუკეთებდა და ძალიან მეეჭვება, ეგენი თუნდაც საკუთარი შვილებისთვის იყვნენ კარგი მამები…

ნორმალურ მთავრობას  ასეთი სტიქიური უბედურების შემთხვევაში ამისათვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდის გამოყენება უწევს. განა საქართველოს არა აქვს სარეზერვო ფონდი?! ერთი კი არა, ორიც აქვს – საპრეზიდენტო  და საპრემიერო! შევარდნაძის დროს თუ ასეთ ფონდში 10 მილიონი ლარი იყო, შარშან, რაც ვიცით – 100 მილიონი კი იყო ოფიციალურად, და არაოფიციალურად რამდენს დებენ კარის ბიზნესმენები, მაგას მომავალში გავიგებთ მხოლოდ. მაგრამ ამ 100 მილიონის ხარჯვის შესახებ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ სააკაშვილმა ახალხანს დათხოვნილი პარლამენტის სასწრაფოდ შეკრება ბრძანა (კინო „რუსთაველში“ თუ დაპატიჟებს პარლამენტარებს, არ ვიცი, რადგან პარლამენტის სასწრაფოდ დაცლის საველე ოპერაცია მანამდე ორიოდ დღით ადრე დაიწყო…), რადგან თურმე სასწრაფოდ ფულია მოსაძიებელი!

დავუშვათ, იმ 100 მილიონიდან ნაწილი ა.წ. განვლილ შვიდ თვეში დაიხარჯა. მე ერთადერთი, რაც მახსენდება, თბილისის წყალდიდობა იყო, მაგრამ მაშინ არავის უხსენებია სარეზერვო ფონდები. სავარაუდოდ, მაშინ ზარალი ხუთ მილიონზე მეტი არ ყოფილა, მერია ძალიან მწირი განცხადებებით შემოიფარგლა: რამდენიმე მილიონი იყო ზარალიო. www.opinion.ge/?p=12712  

ამის გარდა, კიდევ იყო წყალდიდობა კახეთში 22-24 ივნისის პერიოდში, რომლის ზარალის შესახებ მხოლოდ კახეთის საინფორმაციო ქსელი და პირადად გელა მთივლიშვილი იუწყებოდა – ალბათ ზარალი ათ მილიონს აღწევსო.

დავუშვათ, რომ ამ ორ ეპიზოდზე და კიდევ რამდენიმე უფრო მცირე მასშტაბის სტიქიურ უბედურებებზე (რიკოთის გვირაბი დაზიანდა – მგონი 1 მილიონი იყო ზარალი და ა.შ.) ჯამური ზარალი 15-20 მილიონი ყოფილიყო და კიდეც რომ სარეზერვო ფონდებიდან წასულიყო ეს თანხა, მინიმუმ 80 მილიონი ხომ უნდა ყოფილიყო მაშინ დარჩენილი?

80 მილიონი ლარი რომ ჰქონოდა სააკაშვილს გადანახული სარეზერვო ფონდებში, დავიჯერო, ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დღე იმას ვერ მოახერხებდნენ, რომ რეგიონისათვის – საკვები (განსაკუთრებით – პური) წყალი, ტანსაცმელი და თბილი პლედები მიეწოდებინათ?

საქმე იმაშია, რომ ფული არ არის…

შეჭმულია!!!

ის ფული, რომელიც პირველ რიგში სწორედ კატასტროფების დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის უნდა იყოს დარეზერვირებული, გახარჯულია ათობით სხვა სახის ღონისძიებებზე, რომელთა გარეშე მმართველი ელიტა მოიწყენდა! რომელთა გარეშე მიშას არ ექნებოდა სატრაბახო, რომ არსად ისე ხალისიანი არაა ცხოვრება, როგორც ბათუმსა და ანაკლიაში! არსად ისე არ ზეიმობენ საოპერო თუ პოპ-ვარსკვლავების კონცერტებს, როგორც პიაცაზე და ქუთაისის და ბათუმის „წყალგამტარ“ ოპერებში… საიდან ააშენებდნენ ამ „ოლვეიზ“ ხიდებს და „ნინო+ალი“ კონსტრუქციებს, ბუდა ბარებს და შანგრი-ლა კაზინოებს, სარეზერვო ფონდებიდან რომ არა, საიდანაც აქვთ სწორედ უკონტროლოდ ხარჯვის უფლება? და საიდანღა დაფარავდნენ პოლიციის გამჭვირვალე შენობების და პოლიციის აღლუმების ხარჯებს, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უცებ დიდი ქართველიდან „რუს ოლიგარქად“ გადააქციეს?

უეჭველად შემეპასუხება რომელიმე ლიბერტარიან-აწსოციალისტი მიშათავხელიძე ან  სუფთაზე სუფთა პოლიტიკის მიჯნური ნინოლაპიაშვილი – ეგ ყველაფერი სულ სხვა ხარჯებიდან აშენდა და დაიფარაო!

გვაჩვენონ, ბატონო!

გვაჩვენონ, რაზე დაიხარჯა სარეზერვო ფონდის 100,000,000 ლარი და მერე იქნებ ბოდიში მოვიხადო! ხოლო, სანამ არ უჩვენებიათ, ჩემი მოქალაქეობრივი უფლებაა, ეჭვი შევიტანო, რომ მთავრობამ ეს თანხა შეჭამა! რაში შეჭამა – ოპერების მშენებლობებში და გვირაბების გაყვანაში, თუ – პრეზიდენტის მოგზაურობებში და შოპინგებში, სოფო ნიჟარაძის კაბებში და საკალათბურთო ჩემპიონატზე ნასუქი დეპუტატების და მინისტრების მრავალდღიან მივლინებებში, – არ ვიცი. ეჭვი მაქვს, რომ ორივეში, და მეორეში – უფრო მეტი და უფრო ლაზათიანად!

ახლა კი გავიხსენოთ სააკაშვილის მიერ ციდან ჩამოღებული ციფრი – კახეთის სეტყვის შედეგად ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტიაო! და მოდით, თავად გავაკეთოთ მარტივი კალკულაცია, რა უჯდება ხერხემალყოფილი ვანოს მთავრობას მათ მიერ ფართოდ გაპიარებული „არნახული დახმარების“ პაკეტი.

დაზიანებული სოფლების და დაზარალებული ოჯახების რაოდენობა თავად მთავრობამ გაახმაურა – 38 სოფელი და 20,000 ოჯახი. დავუშვათ (ისევ გელა მთივლიშვილზე დაყრდნობით), რომ ეს არასრული ციფრია. თან არის სამცხე-ჯავახეთის დაზარალებული მოსახლეობა. მოდით, ჩავთვალოთ, რომ დაზარალებულია 30,000 ოჯახი და შევთანხმდეთ, რომ ვანოს კლასიფიკაციით ზარალის სამ კატეგორიად დაყოფილ ოჯახთა რაოდენობა ალბათ თანაბარია და საერთო რიცხვის 1/3-ს ანუ 10,000-10,000 ოჯახს შეადგენს. აგერ, თავად მერაბიშვილის კლასიფიკაციაც და მის მიერ გამოყვანილი და მიშას მიერ „არნახულად“ და „უპრეცედენტოდ“  შეფასებული „სტავკები“:

იმ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებისთვის, რომლებიც მთლიანად განადგურდა, 1300 ლარიდან 1500 ლარამდე ფინანსური კომპენსაციები გამოიყოფა. ოჯახები, რომელთაც მოსავლის 70–80% დაკარგეს, 800 ლარიდან 900 ლარამდე კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო მესამე კატეგორიაში შედიან ის ოჯახები, რომელთაც მოსავლის ნახევარი დაკარგეს და ისინი 300 ლარიდან 500 ლარამდე კომპენსაციებს მიიღებენ.“

გამოდის, რომ პირველი კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 1,400 ლარი) გამოყოფა დაჯდება 14 მილიონი ლარი.

მეორე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 850 ლარი) გამოიყოფა – 8,5 მილიონი ლარი.

და მესამე კატეგორიის ზარალის 10,000 ოჯახზე (საშუალოდ 400 ლარი) გამოიყოფა – 4 მილიონი ლარი

ანუ სულ ეს გამოვიდა – 14+8,5+4=26,5 მილიონი ლარი

ამას მოდით დავამატოთ „არნახული გულუხვობის“ მაგალითი: სასურსათო პაკეტი, რომელიც შეიცავს 5 კგ შაქარს, 5 კგ მაკარონს და 2 ლიტრ ზეთს. ეს ყველაფერი მაქსიმუმ 30 ლარია! (ჩვენი მთავრობის ამბავი რომ ვიცი, ყველაზე იაფ, ჩაწოლილ პროდუქციას ამოიღებენ საკუთარი კომპანიის საწყობებიდან და ამის ნახევარიც არ დაუჯდებათ, დანარჩენს – გაწერენ და იხეირებენ, ოღრაშები). 30 ლარიც რომ გავამრავლოთ 30,000-ზე იქნება კიდევ 1 მლნ ლარი. ამას შეიძლება დავამატოთ დაახლოებით იგივე თანხა  სასუქებზე და საწვავზე, რაც ჯამში შეიძლება 1-2 მილიონი ლარი იყოს.

ნუ დავივიწყებთ ჩვენი მთავრობის მეუფის – ვანო „გაღლეტილ“ მერაბიშვილის მიერ თავდაუზოგავად მოღლეტილ საფულეს და გაცემული დაპირებას, რომ იმ ოჯახებს, რომელთაც საბანკო კრედიტები ჰქონდათ გადასახდელი, 1 წელი მთავრობა დაუფარავს ამ ხარჯებს.

30,000 ოჯახიდან, არა მგონია, 3,000-ზე მეტს ჰქონოდა საბანკო კრედიტი, რადგან ცხრა წლის განმავლობაში ნაცმოძრაობამ კარგად დაანახა ხალხს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში „ბანკი ხალხის მტერია!“ და კრედიტი პირდაპირი გზაა გაპარტახებისა და ოჯახის დაქცევისაკენ. ამიტომ, ვეჭვობ, 3,000-იც დიდი ციფრი იყოს. საშუალოდ სასოფლო კრედიტის ოდენობა კი, ალბათ, 5,000 ლარიც არ არის და ამ თანხის 25-30%-ია კრედიტის პროცენტი. გამოდის, კრედიტის თანხა 15 მილიონი შეიძლება იყოს, ხოლო საპროცენტო თანხა ერთი წლის განმავლობაში. 4,75-5 მილიონი ლარი.

ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, გამოდის დაახლოებით 33 მილიონი ლარი!

დამერწმუნეთ (ეს არ ეხება „სუფთა პოლიტიკის“ (ს)ექსპერტებს, თეა თუთბერიძეს, ვასილ ჭყოიძეს და სხვა ცნობილ დემაგოგებს, მაინტერესებს მეტნაკლებად პატიოსანი და პროფესიონალი ეკონომისტის აზრი, მაგალითად – ბატონი პაატა შეშელიძის, რომელსაც, ბენდუქიძისაგან განსხვავებით, სოციალიზმისთვის „ოსანას“ სიმღერა არ დაუწყია მერაბიშვილის პროგრამის მიღების შემდეგ)  – რაც მე ვიანგარიშე, არის უფრო ახლოს მაქსიმუმთან, ვიდრე იმასთან, რასაც რეალურად ეს მთავრობა დახარჯავს!

ხომ კარგად გვახსოვს, საქართველოს ომის არწამგებმა ხელისუფლებამ როგორ მიითალა 2008 წლის ომის შემდეგ ათეულ ათასობით ლტოლვილთა დასახმარებლად გამოყოფილი უცხოური დახმარებიდან ყოველ ახლადაშენებულ სახლზე 35,000 დოლარი (50,000 ლარი), ხოლო როგორც შემდგომში ექსპერტები აღნიშნავდნენ, ამ სახლების რეალური ფასი 20,000-25,000 ლარს არ ცდებოდა, ხოლო მშენებლებს ამის ნახევარიც კი არ გადაუხადეს!

რა გამოვიდა?

ჩემი ანგარიშით, ის თანხები, რომლითაც ხელისუფლება სეტყვით დაზარალებულ ხალხს „ეხმარება“, მხოლოდ 33 მილიონი ლარი თუ იქნება, ხოლო სააკაშვილის მიერ გაცხადებული თანხა  – 100 მილიონი იყო! სავარაუდოდ, ამ მოთხოვნილი თანხის (და საპარლამენტო ყურმოჭრილი მონების მიერ უსიტყვოდ და დაუანგარიშებლად გაცემული) – მინიმუმ 2/3  – ანუ 67 მილიონი ლარი ისევ დაიხარჯება მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებაში, ან – საარჩევნო მოსყიდვების განსახორციელებლად, რათა შემდეგ მიშას ავხორცი და გარეკილი ფანტაზიების დაკმაყოფილებას მომავალი 4 წელი ისევ ვუცქიროთ…

მაგრამ როცა ზემოთ სულმნათი ილია ჭავჭავაძის სიტყვები გავიხსენე:

„არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..

მშობელი შობილს არრას მეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი

ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!“

–            მაშინ მხოლოდ ხელისუფლებას ვგულისხმობდი.

საქართველოს მოსახლეობას, საბედნიეროდ, ნამდვილად ჰყავს ადამიანი, რომელიც მას უანგაროდ ეხმარებოდა ბოლო 20 წლის მანძილზე. ეხმარებოდა როგორც პირადად ათასობით ადამიანისათვის გადახდილი საკმაოდ სერიოზული ხელფასებით, ასევე – ქვეყნის ბიუჯეტისათვის გაცემული ასეულ მილიონობით ლარით და ასევე – ასეულ მილიონობით ლარით, რომელიც ქვეყნის ისტორიის, კულტურის და რელიგიური ძეგლების აშენებას და რემონტს მოხმარდა!

ხელისუფლებისაგან ტრაბახით გაჭრილი ყველა ლენტის და საქვეყნოდ გაპიარებული ყველა ობიექტის უკან, იდგა ერთი დიდხანს უჩინარი ადამიანი, რომელიც სწორედ ისე, როგორც უფროსი ძმა კეჟერაძე – შალვა, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სხვებისთვის იქნებ უცნაური, მაგრამ სწორედ რომ სამშობლოს გულანთებული ადამიანის ყველაზე დიდი იმპერატივი ამ სიტყვებში არის გაცხადებული: „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება!“

და მაშინ, როცა კოვბოურად ჩაზმანული, მაგრამ მთელი საქართველოსთვის უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში შიშვლად მოტანტალე და უაზროდ მომღიმარ-მოხითხითე „მეფე“ თავის ამალასთან ერთად მორიგ „პაკაზუხურ“ სპექტაკლს აწყობდა თელავში – სამხედრო ფორმაში გამოწყობილ „რეიბანებიან“ „რემბო“ შაშკინთან, ხალხის გასაჭირისგან „შეძრულ“ სხვა მინისტრებთან ერთად, და როცა მერე ქუჩაში მიდიოდა ერის მამის შარავანდედით შუბლშეჭმუხნული, როცა ყასიდად ეკითხებოდა მისგან გულშეწუხებულ კახელებს, რაო, სტიქიამ შეგაწუხათო? (მაგრად გრძნობდა თავს, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა ვინმე თუ არა, რაიმე მაინც – ჩემზე მეტად რომ გაგაპარტახათ და გაგაუბედურათო, ახლა მაინც ხომ მოგიწევთ ჩემგან გადმოყრილი დახმარების სანაცვლოდ ჩემთვის ხელის ალოკვა და არჩევნებზე ხმის მოცემაო!)… – „უკანონობამ შეგვაწუხაო!
უკანონობამო!“- თავზე დააფერთხა სიმართლე მარადცრუ პრეზიდენტს მართალი სიტყვის მჭედელმა უბრალო ქართველმა ქალბატონმა… – მაგაზე მერე ვილაპარაკოთო, – მიაძახა თავის მოქალაქეს მასზე გაცოფებულმა და პირგამეხებულმა სიზმრების მეფემ და ისე აიქნია ხელი, რომ აშკარა იყო, „მაგაზე“ ეგ არასოდეს ილაპარაკებს, სანამ დაკითხვის რეჟიმში არ იქნება ჩაყენებული…

და სწორედ მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ძალიან მტკივნეული დარტყმა მიაყენა თავის თავკერძა ოპონენტს!

გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მზღუდავენ და მავიწროებენ და 75 მილიონი ლარით დამაჯარიმეს, მე ხალხის უბედურებას განს არ განვუდგები, და მართალია,  ამ ხელისუფლებამ ჩემი ყველაზე ჩვეული საქმე – სხვების დახმარება და ქველმოქმედება უკანონო კანონის ძალით ამიკრძალა, მაგრამ ავდგები და გადავიხდი იმ ყოვლად უკანონო ჯარიმიდან, რომლის გადახდას არ ვაპირებდი, 10 მილიონ ლარს და იმედი მაქვს, ხელისუფლება, რომელიც იძახის, სასწრაფოდ ფული უნდა მოვიძიო, რომ ხალხს დავეხმაროო, ამჯერად მაინც ჩემგან შეტანილ ამ ფულს სწორედ ხალხის დასახმარებლად დახარჯავსო. და თუ სწორად და პატიოსნად დახარჯეს, არაა გამორიცხული, მთელი ზარალი მე დავუფარო დაზარალებულ ხალხსო!

ეს იყო შოკი ხელისუფლებისათვის!

რაც არ უნდა „იარგუმენტონ“ დარჩიაშვილებმა, ოჩიაურებმა და სხვა დარჩი-ჩარჩი და ფოჩიანმა ნაცმოძელებმა, რეალურად მათ ივანიშვილის ამ განცხადებაზე არამცთუ კარგი საპასუხი სვლა არა აქვთ, არამედ საერთოდ არ შეუძლიათ პასუხის გაცემა. რადგან ერთ მხარეს დგანან ისინი, რომელთა თამასუქს და ბეჭედს გახვრეტილი ბუშტის ფასი აქვს, და მეორე მხარეს – ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არასდროს დაპირებია ხალხს იმის 1%-საც კი, რასაც მერე ასმაგად უკეთებდა!

ორი ლიდერი კახეთში მოსახლეობას ხვდება – თავად განსაჯეთ…

განვიხილოთ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ქმედების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:

ა) ვთქვათ ხელისუფლება, როგორც მას ჩვევია, ივანიშვილის მიერ გადმორიცხულ თანხას იჯიბავს, ხოლო მოსახლეობას კი რეალურად არც ეხმარება. ხომ აშკარაა, რომ უკვე 1-2 დღეში ჩარიცხული 10 მილიონი დაზარალებულ ოჯახებს სერიოზულად უნდა დაეტყოს. თუ ხელისუფლების დახმარება მხოლოდ ზეთის, შაქრის და მაკარონის დარიგებით ამოიწურა, როგორც აღვნიშნე, ეს მაქსიმუმ 1 მილიონი თუ იქნება, ასე რომ გასაგებია – ხელისუფლებამ არამცთუ 2/3-ის მითვისება, არამედ 10 მილიონიდან 90%-ის მოტეხვა დააპირა. არჩევნების წინ ეს ნაბიჯი როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს ხელისუფლებას, ამას ვნახავთ!..

ბ) ხელისუფლებამ შეიძლება მართლაც დაიწყოს სერიოზული თანხების ხარჯვა და დაარიგოს თუნდაც ის აბსოლუტურად არათანაზომადი თანხები, რომელსაც მთელი გალაქტიკის გასაგონად დაჰპირდა ხალხს, როგორც ჯერარნახულ და ჯერარგაგონილ  დახმარებას. მაგრამ ამავე დროს ჩაატაროს პარლამენტის სხდომა და მოითხოვოს სარეზერვო ფონდებში თანხების დამატებით მობილიზება. მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება, როგორც ეს არაერთხელ უქნია – ივანიშვილის თანხებით აკეთებს საქმეს, ხოლო საბიუჯეტო თანხებს იპარავს, როგორც ყველაზე უსინდისო ქურდი! არც ეს გაუვა სააკაშვილს – არჩევნების გამოცხადებასთან ერთად ნებისმიერი სადამკვირვებლო ორგანიზაცია სწორედ ამის გამორკვევას დაიწყებს, სად წავიდა შვებულებიდან სპეციალურად მორეკილი ინსიტატუსების პარლამენტის მიერ სასწრაფო წესით გამოყოფილი მილიონები – ხომ არ მოხდა მათი „მობილიზაცია“ საარჩევნო მიზნებით?!.

გ) ხელისუფლებამ შეიძლება გამოაცხადოს, რომ ივანიშვილის მიერ გადახდილი ჯარიმა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს უნდა მოხმარებოდა და რომ მას საკუთარი მოსახლეობის  უზრუნველყოფა თავადაც შეუძლია! ეს ყველაფერი საკმაოდ რეალური გამოსავალი იქნებოდა… მაგრამ რა უნდა უყონ ამ სასწრაფოდ გამოცხადებულ SOS!-ს და პარლამენტის საგანგებო სესიას? როგორ უნდა ახსნან, რატომ დაინიშნა სესია მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე მარადმღიმარე დავით ბაქრაძემ საკმაოდ არადიპლომატიური უარი განაცხადა დიპლომატების შეთავაზებაზე – “must carry” არჩევნების დღესაც და შემდეგაც გაგრძელებულიყო. და მიზეზად სწორედ ის მოიმიზეზა, აგვისტოს ჩანგალსარდალმა გმირმა, – პარლამენტმა უკვე მუშაობა დაამთავრა და დეპუტატებს ვეღარ შევაწუხებთ, რაც შეგვეძლო, ხომ გავაკეთეთ უკვე ამ „მასთ ქერი“-ზეო! ახლა კი, რა გამოდის? თუ საპარლამენტო სესია დაინიშნა, ე.ი. დეპუტატებს დიპლომატების ამ წინადადების განხილვა და ოფიციალურად უარის თქმა მოუწევთ (რომ არაფრით არ დათანხმდებიან, ამაზე 1000 დოლარს დავდებ!), რაც მოახლოებული არჩევნების წინ მედიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიმართ ხელისუფლების დაუძლეველი შიშის კიდევ ერთი საჯარო ლუსტრაცია იქნება.

დ) ხელისუფლებას შეუძლია, ჯერ მართლაც არნახულ და გაუგონარ კომპრომისზე წავიდეს და ივანიშვილთან მართლაც დაიწყოს კონსულტაციები იმ მიზნით, რომ მთელი ზარალის ლომის წილი მას დააფარინოს, ხოლო თავად სახე შეინარჩუნოს და პროცესში მონაწილეობით ისევ ის სტატუსი განაახლოს, რასაც ადრე მუდმივად იყენებდა – „ივანიშვილი (ჩუმად) აფინანსებს, ჩვენ (საქვეყნოდ) ლენტას ვჭრით!“ უბედურება ისაა, რომ უკვე ამას არავინ ჭამს (ყველას ეცოდინება, რომ რეალური კომპენსაციის ავტორი და სინამდვილეში ხალხზე მზრუნველი, კეთილისმყოფელი და გადამრჩენელი სწორედ ივანიშვილია). და თან რაც მთავარია, ამაზე, ალბათ, კიდევ შეეძლოთ წასვლა, როცა პრემიერი გილაური იყო, მაგრამ ახლა გადადგმული ეს ნაბიჯი მთელ საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ ივანიშვილსა და მერაბიშვილს მართლაც შეუძლიათ ითანამშრომლონ, და რომ პრობლემა მხოლოდ მათშია, ვისაც ამ თანამშრომლობის დაშვება არაფრით არ უნდათ! ამას კი სწორედ ის მოჰყვება შედეგად, რასაც სააკაშვილი საშინლად უფრთხის – პირადად მისი იზოლაციის კიდევ უფრო მეტად ზრდა – უკვე ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ პარტიაშიც.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა კახეთის სხვადასხვა რეგიონებში თავად ნახა სტიქიის მიერ მოყენებული ზარალი და ისევ დაადასტურა – „რეალურ კომპენსაციას მე გადავიხდი!“ მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ უკვე ყველაფერი იცის – ვინ ფიქრობს მათზე და მათ ოჯახების კეთილდღეობაზე, და ვინ – ხალხის ხარჯზე საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე! ის, რომ ხელისუფლებამ ისევ მოახერხა რამდენიმე ზონდერპერსონის აქტივაცია და პროვოკაციების განხორციელება, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ბიძინა ივანიშვილისთვის და სავალალო – მთელი ქვეყნისათვის, სადაც მოძალადე უზურპატორს და ქვეყნის მთავარ სირცხვილს ტაშით და გაბადრული სახეებით ვხვდებით, რადგან მისი ძალადობის გვეშინია, ხოლო რეალურად ქვეყნის და ხალხის დამხმარეს და მოამაგეს სახლში არ ვუშვებთ, აქაოდა იმ დამპალმა მათხოვრული ხელფასი/პენსია/დახმარება არ მოგვიხსნასო… ყვეალაზე თავზარდამცემი ჩემთვის იყო ომში დაღუპული ჯარისკაცის მშობლების საქციელი, რომლებიც დღესაც კი, ომიდან 5 წლის თავზე, ისევ იმ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რომ არც იციან, სინამდვილეში ვინაა მათი შვილის სიკვდილში დამნაშავე – ივანიშვილი, თუ სააკაშვილი და მისი დამნაშავე ბანდიტების მთავრობა – პუტინთან ერთად, რომელთაც თან ვითომ ებრძვიან და თან კი – მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩუმად გადაულოცეს.

მოკლედ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას ვუყურებ, საუცხოო აფორიზმად მესახებ ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის და მოაზროვნის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმენის სიტყვები:

„პრობლემის სამთავრობო გადაწყვეტა, ჩვეულებრივ, კიდევ უფრო უარესია, ვიდრე თავად პრობლემა.“

P.S. ვნახოთ, რას იზამს სააკაშვილი…

ალბათ, შეეცდება, ვინმე დაიჭიროს.

ან პირიქით – რაიმე საქმე გახსნას!..

არაა გამორიცხული, ორივე მოიმოქმედოს – დაიჭიროს და გახსნას…

ანდა „გრინბერგ-ქვინლან-როსნერს“ ახალი კვლევა დაუკვეთოს თემაზე – „ვინ უფრო მეტად დაეხმარა სეტყვით დაზარალებულ მოსახლეობას?“

სავარაუდო პასუხები ასეთი იქნება:

  1. საქართველოს ახალი აღმაშენებელი, მარად მოსახლეობაზე მზრუნველი მიხეილ სააკაშვილი
  2. საქართველოს ხერხემალი და მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი – ვანო მერაბიშვილი
  3. თავდაცვის, ექს-განათლების, ექს-ციხეების და ექს-IRI მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის მარცხენა ხელი – დიმიტრი შაშკინი
  4. კახეთის გუბერნატორი – მიხეილ სააკაშვილის ერთგული ხელი – გიორგი ღვინიაშვილი
  5. ეკონომიკის მდგრადი მინისტრი – მიხეილ სააკაშვილის მარადერთგული – ვერა ქობალია
  6. რუსი ოლიგარქი, კახეთის მოსახლეობისათვის მიუღებელი, პუტინის კარის მილიარდერი – ბიძინა (ბორის) ივანიშვილი…

NO LIE CAN LIVE FOREVER!

საქართველოს ბევრ ქალაქსა და სოფელში სულ უფრო მეტი ადამიანი ამაყად ეუბნება მათ საყიდლად ჩასულ ჩინოსნებს და ხელისუფლების ახლობლებს – „ჩვენ თქვენს მათხოვრულ დახმარებაზე არ ვიყიდებით!“

http://www.youtube.com/watch?v=t8c5LUgoRI8 

Advertisements

One Comment on “მოვიდა სეტყვა და … მოჰყვა მიშა!”

  1. maia ამბობს:

    რა საშინელი დამცირებაა – წინასაარჩევნოდ, 1300 ლარის კომპენსაცია განადგურებულ მოსავალში და 5-5 კგ მაკარონის დარიგება. ამას ქვია ახალი “სოციალური სახელმწიფოს” ბარტერი ამომრჩევლის ხმაში – ძალიან იაფია…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s