ირანული გამბიტი


საქართველოს უმაღლესი ხელისუფალი დედას ჰგავს. გარეგნულადაც და ხასიათითაც – უტეხობით, სიჯიუტით…

მაგრამ თუ იმაზე დავფიქრდებით,  ვის ჰგავს სააკაშვილი თავისი პოლიტიკური „ხოდებით“ და „ვიხოდებით“, აქ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ იმ პოლიტიკოსებს, ვინც მიშას ძალიან უნდა, რომ წარმოვიდგინოთ  (დავით აღმაშენებელი, ჯორჯ ვაშინგტონი, ქემალ ათათურქი, შარლ დე გოლი…), – არამედ, იმ ორ ტანმორჩილ ადამიანს, ვისაც ტანმაღალი მიშა მართლაც ძალიან ჰგავს – ვლადიმერ პუტინს და მაჰმუდ აჰმადინეჯადს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ორის ერთმანეთთან დამოკიდებულებაც საკმაოდ ჰარმონიულია.

დღეს ე.წ. ირანული გამბიტი მინდა განვიხილო.

ჩემი აზრით, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სააკაშვილის ქმედებები სწორედაც რომ „ირანული სცენარით“ ვითარდება.

ირანის ტაქტიკა – „ორი ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან!“

ირანი ურანის გამდიდრებაზე მუშაობს.

ირანის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ქვეყნის სუვერენული უფლებაა. მაჰმუდ აჰმადინეჯადი სულ იმას გაიძახის, რომ ირანელი ხალხისთვის და მისი ეკონომიკის განვითარებისათვის ბირთვულ ენერგეტიკას და მშვიდობიან ატომს გადამწყვეტი როლი აქვს, და რომ ირანი არავის ზეწოლით და არაფრის გამო ამ გზიდან არ გადაუხვევს.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთს ირანზე ეკონომიკური, პოლიტიკური და, არაა გამორიცხული – სამხედრო სანქციების გამოყენების მუქარით ზეწოლა შეუძლია. ამას ემატება ისრაელის მხრიდან ყოველგვარი საერთაშორისო სანქციის გარეშე ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმების საშიშროებაც. მაგრამ ირანმა კარგად იცის, რომ ისრაელის მხრიდან ასეთი დარტყმის შემთხვევაში მას არსებულ სარაკეტო საშუალებებთან ერთად გარკვეული მორალური უფლებაც ექნება საპასუხო დარტყმა მიაყენოს ისრაელს, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთის მხრიდან გამოყენებულ მკაცრ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სანქციებზე და მით უფრო – სამხედრო აქციაზე – ირანს დასავლეთის ქვეყნებისათვის საპასუხო სარაკეტო დარტყმის ტექნიკური საშუალებები ჯერ პრაქტიკულად არ აქვს.

ამიტომ, როგორც კი დასავლეთის მხრიდან ამ სანქციების შანსი იზრდება, ირანი თავის ხისტ პოზიციას არბილებს, ქვეყნიდან მრავალჯერ გაქცეულ თუ განდევნილ მაგატეს საერთაშორისო დამკვირვებლებს უკან აბრუნებს, აცხადებს, რომ ირანისათვის საერთაშორისო აზრის დარწმუნება თავის სიმართლეში ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე ობიექტზე საჩვენებელ ექსკურსიას აწყობს… მოკლედ, მოულოდნელად კარგად იქცევა და ამით რამდენიმე თვეს იგებს, რომელსაც მერე აქტიურად იყენებს, როგორც გამდიდრებული ურანის მარაგის კიდევ უფრო გასაზრდელად, ასევე – სარაკეტო ტექნოლოგიების დასახვეწად. გადის რამდენიმე თვე და ილუზიიდან კიდევ ერთხელ გამოღვიძებული დასავლეთი ხედავს, რომ ისევ მოატყუეს. ერთ ობიექტზე რომ შეაჩერეს სამუშაოები, სხვაგან დაიწყეს. ანდა ირანის ხელისუფლება სულაც ისევ ღიად აცხადებს თავის სუვერენულ უფლებაზე – ხალხს არ მოაკლოს ბირთვული ენერგეტიკის კომფორტი…

და ყველაფერი თავიდან იწყება…

სწორედ ამას ვუწოდე „ირანული გამბიტი“, რომელიც უცნაური პოლიტიკური რივერ-დენსის სახით წლებია გრძელდება და შედეგი ძირითადად ისაა, რომ ირანი სულ უფრო მეტ გამდიდრებულ ურანს აგროვებს, და სარაკეტო ტექნოლოგიების დახვეწის წყალობით რაკეტული დარტყმის მაქსიმალურ სიშორესაც სულ უფრო ზრდის!

საქართველო – საარჩევნო გარემოს მიზანსწრაფული გაუარესება არჩევნების სულ უფრო უფრო მშვიდად მოგების მიზნით

საქართველოს ხელისუფლების ზეამოცანაა ხელისუფლებაში მარადიული დარჩენა და ამისათვის ერთადერთი შესაძლო მეთოდის – არჩევნების გაყალბების იმდაგვარი გამოყენება, რომ თავისი „დემოკრატიულობის“ მითი შეინარჩუნოს.

ამიტომ მისი საარჩევნო მეთოდოლოგიების ტაქტიკა ირანის ხელისუფლების ბირთვული ტაქტიკის აბსოლუტურად იდენტურია.

საქართველოს ხელისუფლება, დაწყებული 2005 წლიდან, აქტიურად და მიზანსწრაფულად აუარესებს საარჩევნო კანონმდებლობას და საარჩევნო გარემოს. ეს თვალშისაცემი გახდა 2007 წლის ბოლოს, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ მშვიდობიანი მიტინიგი ძალისმიერი მეთოდებით დაშალა და განსაკუთრებით იმით, რომ თავისუფალ მედიაზე მანამდე მიმდინარე ცივი ომის, მოსყიდვის, შეთითხნილი საქმეების და რეკეტის მეთოდები უკვე ისე „გააცხელა“, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის ღია ანექსიას, ჟურნალისტებზე ძალადობას და ობიექტური ინფორმაციისა და თავისუფალი აზრის გადასაცემად ნაციონალური მასშტაბის ბოლო ტელეარხის ანგაჟირებულ დახურვასაც არ მოერიდა. გაოგნებული დასავლეთის მხრიდან უარყოფითი რეაქცია კი საკმაოდ ოსტატური უკანდახევით გაანეიტრალა – პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. სააკაშვილმა (გამოცდილი პირადი მეგობრების – აშშ ელჩის ჯონ ტეფტისა და სახ. დეპის წარმომადგენლის მეთიუ ბრაიზას – რჩევებისა და აქტიური მხარდაჭერის წყალობით) მოახერხა დასავლეთის დარმწუნება იმაში, რომ ის პასუხისმგებელი დემოკრატი მმართველია, რომელიც, მართალია, შეცდა, მაგრამ ვის არ მოსვლია!.. დასავლეთის მხრიდან გაცემული ნდობის კრედიტი სააკაშვილმა 4 თვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ფანტასმაგორიული გაყალბებით გახარჯა და როდესაც მსოფლიომ ნელ-ნელა დაიწყო გონს მოსვლა იმის გასააზრებლად, რომ რეალური უკანდახევის მაგიერ სააკაშვილმა თავისი ნაკლებდემოკრატიული რეჟიმი უკვე სრულიად ავტორიტარული გახადა და პარლამენტის სრული გაკონტროლების მეშვეობით საკონსტიტუციო თარეშის სრული თავისუფლება მიიღო, უკვე თითზე კბენა გვიან იყო. ყველა მიხვდა, რომ მიშამ კიდევ 5 წლით გრიალის უფლება გაინაღდა. ხოლო ამ განღდებას და მიშას აჟიტირებას მერე მალე რუსეთთან ომიც მოჰყვა, რაც სრული უკონტროლობის და თავში ავარდნის კლასიკური სიუჟეტის ლოგიკური შედეგი იყო… ამის გამო, დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილის შუქურდემოკრატობის მიმართ ეჭვნარევი გახდა.

მას შემდეგ აჰმადინეჯადის შეტევა-უკანდახევის მეთოდოლოგია სულ უფრო დახვეწილად გამოიყენება საქართველოში: გამოაცხადებენ, რომ მიტინგები არ უნდა ჩატარდეს სახელმწიფო დაწესებულებებიდან 20 მეტრში და შემდეგ ამ მანძილის ოდნავ გაზრდით დასავლეთის რეაქციას შეასუსტებენ. შეიტანეს აბსოლუტურად დრაკონული ცვლილებები ფიზიკური პირების მიერ პოლიტიკურად აქტიურ სუბიექტებთან რაიმე ფორმის კავშირის აღმოჩენის შემთხვევაში ფიზიკური პირების პასუხისმგებლობის დრაკონული ფორმების შესახებ და შემდეგ ამ დრაკონისათვის ორი კბილის ამოღებით მსოფლიოს მხრიდან ნეგატიური რეაქცია შეასუსტეს. ფაქტიურად აკრძალეს იურიდიული ორგანიზაციების მხრიდან არჩევნების დაფინანსება და მერე ის მოიგონეს, რომ თავად ხელისუფლება უფასოდ „დაუფინანსებს“ ოპოზიციურ პარტიებს სარეკლამო დროს. ფაქტიურად გადააკეთეს კონტროლის პალატა სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად განკარგვის მაკონტროლებელი ორგანოდან – ოპოზიციური პარტიებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების ტოტალური კონტროლის და დაშინების ინსტრუმენტად, და ძალადობის ყოველი ახალი ტალღის შემდეგ რამდენიმეკვირიანი მორატორიუმებით და მმართველი პარტიის მიმართ განხორციელებული მორცხვი შეზღუდვებით ცდილობენ საკუთარი „მიუმხრობლობის“ დემონსტრირებას… დაბოლოს, აბსოლუტურად უკანონოდ და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ჩამორთმეული მოქალაქეობა კი არ აღუდგინეს საკაშვილის კონკურენტს ბიძინა ივანიშვილს, არამედ რაღაც ფანტასმაგორიული ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, რომელიც, ერთი მხრივ, კონსტიტუტციის აზრის და სუვერენიტეტის ფუძემდებლური პრინციპების ცნების არნახულ დეგრადაციას წარმოადგენს, ხოლო იმ უფლებებს, რაც უნდა სრულად ჰქონდეს მოქალაქეობის მქონე პირს, მაინც არ იძლევა და პოტენციურ ოპონენტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების განხორციელების შავ ხვრელებს მრავლად ტოვებს.

და აი, ახლა საარჩევნო გარემოზე შეტევისა და უკანდახევის  ახალი რაუნდი მიმდინარეობს:

მთელი სამი თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები უშედეგოდ ითხოვდნენ მმართველი ძალისაგან ე.წ. Must Carry და Must Offer  პრინციპების დანერგვას, რომ საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის კომპანიებს უარი არ ეთქვათ საქართველოში ლიცენზირებული არცერთი ტელეკომპანიისათვის მათი პროგრამების ტრანსლირებაზე (ის, რასაც „სილქნეტი“ და „კავკაზუს ონლაინი“, ასევე რეგიონალური საკაბელო კომპანიები – ხელისუფლების აშკარა დაკვეთით – უკეთებენ „მაესტროს“-ს და მე-9 არხს). ხოლო, მეორეს მხრივ, არც სატელევიზიო კომპანიებს ჰქონოდათ უფლება უარი ეთქვათ საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის სუბიექტებისათვის საკუთარი პროგრამების მიწოდებაზე (ის, რასაც „იმედი“, „რუსთავი2“, „მზე“, „საქართველო“, „რეგიონTV”  და სხვა სახელისუფლებო პირების და მათი ახლობლების მიერ კონტროლირებადი არხები უკეთებენ „გლობალ-ტვ“-ს და „მაგთისატს“).

დემოკრატიულ სამყაროში ამ საკმაოდ მიღებული პრინციპის საქართველოში დანერგვას მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები თავისუფალ ბიზნესის სფეროში „არნახულ და მიუღებელ ჩარევად“ თვლიდნენ და ჯერ უბრალოდ დროს წელავდნენ, ხოლო რამდენიმე კვირის წინ კი – ოფიციალურად უარი განაცხადეს ამ ინიციატივის საკანონმდებლო განხილვაზე.  ამას მოჰყვა გლობალ-TV-ის წინააღმდეგ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით შეთითხნილი, საკმაოდ თეთრი ძაფებით ნაკერი საქმე, კომპანიის ამერიკელი მეწილის უპრეცედენტო დაკავება თბილისის აეროპორტში და ბოლოს დაგვირგვინდა სასამართოლო გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე 2 დღეში – 21 ივნისს – ერთდღიანი სპეცოპერაციით, როცა საქართველოს პროკურატურამ და შსს-მ საქართველოს მთელ ტერიტორტიაზე „გლობალ-ტვ“-ის კუთვნილი 60,000 მდე სატელიტური თეფშის დაყადაღება მოახდინა. თან ისე, რომ „გლობალ ტვ“-ის კომერციული სქემების მოსყიდვად განხილვისას აღარ უფიქრია, რომ მის მიერ არამომგებიანად შერაცხული ფინანსური გათვლების მორგება კონტროლის პალატის და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ნეტა თუ არსებობს რაიმე სფერო, რომელიც ამ „მონსტერ კორპორეიშენ“ ბიუროს თვალუწვდენელ კომპეტენციას არ განეკუთვნება?) რეკომენდაციებზე სხვა არაფერია, თუ არა სწორედაც რომ – კერძო ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა!

ამ სპეცოპერაციის ყურებისას ბევრ ჩვენთაგანს – ფეისბუქზე რამდენიმე ასეული ადამიანის ჩათვლით, სწორედაც რომ ირანი გაახსენდა, სადაც 2010 წელს სპეცმსახურებმა ათასობით სატელიტური თეფში მოხსნეს (ძირითადად – ირანის პროვინციებში!) და გაანადგურეს, რომ მოსახლეობას თავისუფალი, არაცენზურირებული ინფორმაციის მიღების საშუალება არ ჰქონოდა!

ირანის სპეცსამსახურის წევრები დემონტაჟს უკეთებენ და ანადგურებენ სატელიტურ თეფშებს (2010 წ.)

აშკარა გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავის დემოკრატიულობით თავი მოაქვს, სწორედაც რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მეთოდებით მოქმედებს, რათა უცილებელ დამარცხებას მოსახლეობის (განსაკუთრებით – რეგიონების მოსახლეობის) ტოტალური კონტროლით და ინფორმაციული სიბნელით დააღწიოს თავი.

და აი მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ მოძრაობა „ეს შენ გეხებაში“ გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „Must Carry და Must Offer“ პრინციპების მხარდასაჭერად საქართველოს მოსახლოებაში 30,000 ხელმოწერის შეგროვების დაწყება გამოაცხადეს, კონსტიტუციით ჯერ კიდევ საქართველოს დე-იურე მეორე პირმა (რომელიც დე-ფაქტო შეიძლება მეორე ათეულში მაინც შედის!), პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ა.წ. 22 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ 14 საათის ახალი ამბების გამოშვებაში ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ლამის 2008 წლის აგვისტოს მისი უცნობილესი განცხადებაც კი (ზუგდიდში რუსების შემოსვლისა და საქართველოს მოქალაქეების მიერ სამშობლოს  ყველა საშუალებებით დაცვის შესახებ) გადაფარა:

წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საკაბელო არხი ვალდებული იქნება საკუთარ ქსელში ჩართოს ტელევიზიები, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მრავალფეროვანი ინფორმაცია!.. ხალხს ექნება ყველა სატელევიზიო არხის წვდომის შესაძლებლობა. ჩვენი სურვილი და მოტივაციაა ამ მუშაობის დროს, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე იყოს გახსნილი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება”- აღნიშნა ბაქრაძემ. მან აგრეთვე განმარტა, თუ რატომ შეეხება ეს გადაწყვეტილება მხოლოდ საარჩევნო პერიოდს. არასაარჩევნო პერიოდში საკაბელო არხებსა და სატელევიზიო არხებს შორის მოლაპარაკება ორი ბიზნეს-სუბიექტის ურთიერთობაა, რაში ჩარევის უფლებაც სახელმწიფოს არ აქვს. წინასაარჩევნო პერიოდი კი სპეციფიკურია და ხალხის ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია დავავალდებულოთ საკაბელო არხები მიაღწიონ იმ შეთანხმებას, რომლითაც მოგებული დარჩება ამომრჩეველი.

ლამის იყო, საქართველოს განცვიფრებულმა და პარლამენტის თავმჯდომარის ჯანმრთელობაში დაეჭვებულმა მოსახლეობამ  სასიქადულო ლიდერის სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევა მოითხოვა, რომ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ ამ მეხს მალე მეორე სერიოზული დუპლეტიც მოჰყვა: სააკაშვილის საპარლამენტო ინტელექტის ორმა ბურჯმა – ჩიორა თაქთაქიშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა პრაქტიკულად იგივე ჩაარაკრაკეს და ლამის უმრავლესობის ინიციატივად შერაცხეს ყბადაღებული „მასთ ქერი“.

აი, რას ამბობს ბატონი წიკლაური:

 „როდესაცმასთ ქერისპრინციპზე იყო საუბარი, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა ყოფილიყო და, თუ გახსოვთ, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება მაშინაც არ გამიკეთებია” [თუმცა ნამდვილად არასოდეს მხარდამჭერი განცხადებაც არ გაუკეთებია! S.T.]… “- იმიტომ, რომ ეს იწვევს შემდეგ ადამიანების გაუცხოვებას და იწვევს იმის განცდას, რომ რაღაც მოხდა ინფორმაციული ძალადობით და .. ამის შემდეგ კი აღარავის არ შეეძლება, რომ ეს თქვას და ეს არის ყველაზე მთავარი. რადგან ეს იწვევს იმის განცდას, რომ არჩევნების შედეგი არის ისეთი, როგორიც სურდა ხალხს და რაც მათ გამოხატეს. როდესაც ეს არის, ეს ნიშნავს უფრო მყარ და მტკიცე სახელმწიფოს და ასეთი სახელმწიფო უფრო მტკიცეა გარე ზემოქმედებისგან, ვიდრე ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს აქვთ იმის განცდა, რომ მათი პოზიცია არ არის ჯეროვნად გათვალისწინებული.”
“თავად სახელმწიფოს მაღალი ინტერესი არის ის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა საარჩევნო პროცესში და სწორედ ამიტომ, ყველა საკაბელო მაუწყებელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუჩნდება ვალდებულება, რომ კანონით დაშვებული ყველა ტელევიზიის ტრანსლირება განახორციელოს…  ყველა იმ მოქმედი ტელევიზიის ტრანსლირება მოხდება, რაც კი საქართველოს სივრცეში მოქმედებს და ამ შემთხვევაში მთავარი არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ მოისმინოს განსხვავებული პოზიციები, განხვავებული პოლიტიკური პლატფორმები, მათი პროგრამები და საბოლოოდ ოქტომბერში გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის პოლიტიკურ გემოვნებას.“

http://www.for.ge/view.php?for_id=13663&f_cat=2&a_title=poziciebis+trasformacia+

აი, ქ-ნი ჩიორას პოზიციაც – საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საკაბელო პროვაიდერებს საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში ყველა სატელევიზიო არხის ჩასმას დაავალდებულებს, საარჩევნო კოდექსში იგეგმებაამის შესახებ Media.Ge- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტს იურიდიული კომიტეტი ამზადებს და პარლამენტს საკანონმდებლო პროექტის სახით უახლოეს დღეებში წარუდგენს. „ეს გადაწყვეტილება პასუხობს ჩვენს ამბიციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი და სამართლიანი უნდა იყოს.

http://www.media.ge/stories/chiorataktakishvilimustc

უპრეცედენტოდ აჭიკჭიკებული ქ-ნი ჩიორა დიპლომატიურად დუმს იმაზე, რომ ამ განცხადებით იგი საკუთარი უშუალო უფროსის, იურიდიული კომიტეტის თავ-რის, ბ-ნ პალიკო კუბლაშვილის მრავალჯერ გაცხადებულ პოზიციას ეწინააღმდეგება. 24 მაისს ხომ სწორედ კუბლაშვილმა დაუსვა წერტილი საზოგადოებრივ მოძრაობასთან მოლაპარაკებებს და განაცხადა, – Must Carry-ის და Must Offer-ს საქართველოს პარლამენტის არ განიხილავსო! ახლა კი უცებ განხილვის გარეშე დაეთანხმნენ და საკუთარ შვილად გამოაცხადეს მანამდე შეძულებულ გერად ცნობილი „მასთ ქერი“.

ასევე არ უხსენებიათ წიკლაურს და თაქათაქიშვილს იურიდიული კომიტეტის კიდევ ერთი ცნობილი სახე – აკო მინაშვილი, რომლის მიერ „მასთ ქერის“ კლასიფიცირების არნახულ მცდელობას თქვენმა მონა-მორჩილმა ცალკე ნარკვევიც კი მივუძღვენი. (“Must Carry თუ May Carry? – საკითხავი, აი ეს არის!” – https://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/16 )

რადგან თავად პალიკო და აკო მრავლმნიშვნელოვნად სდუმან, რომელიმე საქმეში ნაკლებჩახედულმა უცხოელმა შეიძლება ისიც კი იფიქროს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში ბოცო-ჩიორას პროგრესულმა პოზიციამ გადასძალა რეტროგრადი ქორების  (აკო-პალიკოს) პოზიციას, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, მედიის თავისუფლებისადმი დამოკიდებულებაში საქართველოს უმრავლესობაში როგორი ჰარმონია სუფევს!

ამიტომ მიზეზი იმისა, თუ რა მოხდა, ჩემი აზრით შემდეგია:

საქართველოს მთავრობას და მის პოლიტიკურ აიათოლას, ირანის ხელისუფლების მსგავსად მიქცევის დრო დაუდგა. შეთითხნილი და უსაფუძვლო ბრალდებებით ივანიშვილის 15-წუთიან პროცესზე 150 მილიონინმა დაჯარიმებამ (რაც მერე „გულმოწყალედ“ 75 მილიონამდე „შემცირდა“), გლობალ-TV-ის  ანტენების ამოღების აბსოლუტურად დიქტატორულმა ოპერაციამ და იმის განცხადებამ, რომ ხელისუფლება „მასთ ქერიზე“ ლაპარაკსაც კი არ აპირებდა, დასავლეთის გამოღვიძების ახალ ფაზას შეუწყო ხელი.

„ერთი შვილ მაინც გავზარდე, თეფშებთან მეომარია!“ (გიული ალასანია)

სავარაუდოდ, სწორედ 21 ივნისს, როდესაც კმაყოფილი სააკაშვილი დაყადაღებული ანტენების ხელისფშვნეტით თვლაში იყო გართული და მის მიერ ამ გზით ინფორმაციულ ვაკუუმში და ნაცმოძრაობის პროპაგანდის კლანჭებში ჩატოვებული  მოსახლეობის რაოდენობასაც ანგარიშობდა,  დასავლელმა პარტნიორებმა სააკაშვილს არაორაზროვნად განუცხადეს, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი არის ლამის ერთადერთი რამ, რაც საქართველოს დაუბალანსებელ და უთანასწორო საარჩევნო გარემოს ლეგიტიმაციის შანსს უტოვებს. მით უფრო, რომ ჯონ ბასის მიერ მასთ ქერის სარგებელზე ლაპარაკი არ ახალია, ძველია…

მეორე ვერსია: სააკაშვილმა აჰმადინეჯადის მსგავსად საკმაოდ კარგად დაამუღამა მოქცევა-მიქცევის ციკლების ამპლიტუდაც და პერიოდებიც და როდესაც 21 ივნისის თეფშების დაყადაღების აქცია მიდიოდა, უკვე მზად იყო იმაზე, რომ საკმაოდ მალე „მასთ ქერიზე“ თანხმობა განეცხადებინა და ამით დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის პრევენცია ეცადა…

მე მგონი, რომ ერთი ფაქტორიც იყო და მეორეც. და ამის დადასტურებასაც მალე ვნახავთ, რაც სააკაშვილის მხრიდან შემდგომი აგრესიის ტემპსა და ხარისხში, ასევე – ამაზე დასავლური რეაქციის ხარისხით და სისწრაფით გამოვლინდება…

რა იქნება შემდეგ?

პირადად ჩემთვის, როდესაც საქართველოს  ხელისუფლება რაიმე უკანდახევაზე მიდის და რაღაცას მოულოდნელად დემოკრატიულს აკეთებს, საკითხი აღარ დგას ასე: „ნეტა ხომ არ შეიცვალნენ და დემოკრატიული წესებით თამაშის დაწყებას ხომ არ აპირებენ?“ სააკაშვილის რეჟიმი ჩემი გაგებით, არის ძაღლის ის სამუდამოდ მახინჯად მოგრეხილი კუდი, რომელიც არაფრით გასწორდება (კუზიანის ვერსიას მოვერიდე პოლიტკორექტულობის სურვილით…)

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ დათმობით ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეს  და მზად უნდა იყოს იმ მოსალოდნელი ოღრაშობებისათვის, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს ქვიშითვერგასახეხი მთავრობა ამზადებს:

1)      საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ხაზგასმით თქვეს, რომ Must Carry-ის განხორციელება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში მოხდება. ასე რომ, არ ვიცით, როდის დაიწყება ეს მოლოდნელად ნაჩუქარი მასთ ქერი და სანამდე გასტანს. ამჟამად საარჩევნო პერიოდი  მინიმუმ ორი თვე უნდა იყოს, მაგრამ ნაცმოძრაობის საპარლამენტო  ცხვარ-უმრავლესობას ვითომ ამის შეცვლა მორალურად ან ტექნიკურად გაუჭირდება? ორი თვის მაგიერ რომ 1 თვე, ან სულაც – ორი კვირა გახდეს? ან არჩევნებამდე 1 კვირით ადრე უკვე რომ დასრულდეს? ყოველ შემთხვევაში, იმაზე აბსურდული ნამდვილად არ არის ჩემი ეჭვი, ვიდრე ის ცვლილებები (ევროკავშირის მოქალაქეობის მქონე პირების შესახებ), რაც ახლახანს საქართველოს რეალურად ერთპარტიულმა პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა.

2)      საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ Must Carry-ზე ლაპარაკობს, ამდენად, არაა გამორიცხული, Must Offer-ის მიფუჩეჩება სცადონ. ეს კი არასამთავროების წინადადების მედიამისაწვდომობის ეფექტს დაასუსტებს!

3)      უკვე გამოჩნდნენ ძალები რომლებიც ბაქრაძის განცხადებას შეცდომად თვლიან – მაგ. პროსამთავრობო „არასამთავრობო“ ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკა“, რომელიც თურმე თავის საქმიანობას სახელმწიფო მინისტრს გია ბარამიძეს უთანხმებს. არაა გამორიცხული, რომ პარლამენტში მოჩვენებითი დებატები დაიწყოს ამ საკითხზე, რომელიც „მასთ ქერის“ რეალურად ამოქმედებას გაურკვეველი ვადით გადადებს.

4)      თუ „ეს შენ გეხებას“ ორგანიზატორები მხარდამჭერი ხელმოწერების ინიცირებას მალე აღარ დაიწყებენ, ამან შეიძლება პრეზიდენტს საშუალება მისცეს, განაცხადოს, რომ პარლამენტის სურვილი ერთია, და ხალხის სურვილი – მეორე,  და თავად მოითხოვოს ხალხის აზრის გარკვევა მაშინ, როცა უკვე ბევრი დრო ისედაც დაკარგული იქნება.

5)      არაა გამორიცხული, რომ რომელიმე „კრისტალურმა, წარმატებულმა“ ბიზნესმენმა, მაგალითად, გიორგი არველაძემ, რომელმაც თავისი სამთავრობო კარიერის დროს იმდენი სახსრები დააგროვა, რომ მერე ათეულმილიონობით დოლარად შეფასებული ტელევიზია „იმედის“ სერიოზული წილი იყიდა, განაცხადოს, რომ საქართველოს ხელისუფლება “მასთ ქერის” დანერგვით მის ბიზნესში უხეშად ერევა და საქმის სასამართლო გარჩევა მოითხოვოს, რაზეც ასევე გაურკვეველი დრო დაიკარგება. ასევე არ ვიცით, როგორ შეეგუებიან ამ „არნახულ წნეხს“ „სილქნეტის“ „თავისუფლებამოყვარული და დამოუკიდებელი“ ნაცნობი თუ ოფშორულად უცნობი მენეჯერები.

6)      საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ერთ დღეში 60 ათასი სატელიტური თეფშის დაყენების პრევენცია მოახდინა და ამით, სავარაუდოდ, რეგიონებში მაცხოვრებელი 200,000-300,000 ადამიანი დატოვა ინფორმაციულ ვაკუუმში, ახლა შეეცდება, რომ იმ უკვე დაყენებული 30 ათასამდე თეფშის დემონტაჟიც განახორციელოს, რათა საკუთარ პროპაგანდის ბადეში დაბრუნებულთა რიცხვი გაზარდოს, და თან, რაც მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუმტკიცოს საქართველოს მოსახლეობას, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი, ვერც ჯონ ბასი და ვერც ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს მიშა სააკაშვილის ძალადობისაგან ვერ იხსნის! ამას ყველაფერს კი სააკაშვილის რეჟიმი ეკა ზღულაძის ინდიფერენტულად გაოცებული უემოციო სახის მსგავსი სათანადო გაკვირვებით შემოსავს – რათ გინდათ ამ „მომსყიდველი“ კომპანიის თეფშები, როცა ჩვენ გადასარევ, მაღალი ხარისხის საკაბელო სილქ-ტვ-ს მოგაწოდებთო?!

7)      გული მიგრძნობს, რომ წინასაარჩევნოდ „სილქნეტსაც“, „აიეტსაც“, „კავკაზუს ონლაინსაც“ და სხვა (რეგიონულ) საკაბელო ოპერატორებსაც – ჯერარნახული საკაბელო ვირუსის წარმოუდგენელი ეპიდემია შეეყრებათ და მათი ქსელები ფანტასტიური სიჩქარით და სიხშირით დაიწყებენ მწყობრიდან გამოსვლას. ხოლო კომპანიების მენეჯერები სასწრაფოდ მილიონ მიზეზს ნახავენ ამ ეპიდემიის და ხარვეზების გამოსწორების დაგვიანების ასახსნელად. უკვე წარმომიდგენია „რუსთავი2“-ის და „იმედის“ პროტესტები, რომ მათი უაღრესად პოპულარული გადაცემებიც ისევე ვერ გადის ეთერში, როგორც „მაესტროს“, „კავკასიის“ და მე-9 არხის დაბალრეიტინგული პროგრამები და ა.შ.

8)      დაბოლოს, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება თავს მოიწონებს თავისი არნახული „საინფორმაციო გახსნილობით“, იგი აქტიურად შეეცდება განახორციელოს ადრინდელზე უფრო მეტად დესტრუქციული ცვლილებები საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის კიდევ უფრო დასამძიმებლად, რათა „მასთ ქერის“ თუნდაც შეზღუდულად და დროებითი დანერგვით გამოწვეული დანაკლისი სხვაგან ათმაგად აანაზღაუროს.

ჩემი ბოლო ვარაუდი რომ მართალია, თუნდაც ორი პატარა ინფორმაცია ადასტურებს:

ა)  საარჩევნო უბნებზე ბათილი და გადახაზული ბიულეტენების დათვლის პროცესის შეზღუდვის ახალი ინიციატივა – საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, საარჩევნო უბანზე ბიულეტინების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტინები. ახალი კანონის თანახმად კი, ახლა კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს დამკირვებლებიდან ერთ ან ორ ადამიანს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ, პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან ბათილი ბიულეტინები. აღსანიშნავია, რომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნა იყო, რომ ნაცმოძრაობის მიერ კანონიდან ამოღებული გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტინების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა.

თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პედაგოგებს დახურულ შეხვედრებზე ვანო მერაბიშვილის თანდასწრებით მისცეს მითითება, რომ საარჩევნო კაბინაში არამარტო ხუთი ნომერი უნდა შემოხაზოს, არამედ შემოხაზვის პროცესი გადაიღოს და შემდეგ გარეთ მყოფ ნაციონალების აქტივისტს აჩვენოს ეს ვიდეო, „საარჩევნო კოდექსში“ ჩაწერილი ეს ახალი ნორმა დამატებით საშიშროებას იძენს.
საქმე ის არის, რომ ამ მითითებების გაცემის შემდეგ ამ დავალების არშესრულების მეთოდებიც გავრცელდა და ყველაზე მარტივია, რომ ადამიანმა გადაღების დასრულების შემდეგ შემოხაზული გადახაზონ და ყუთში ისე ჩააგდონ. ამით ეს ბიულეტინი გაუქმებულად ჩაითვლება და ნაციონალების ხმებს დააკლდება. ნაციონალებისთვის ხმის იძულებით მიცემის ამ პრევენციულ მექანიზმზე უკვე ბევრს საუბრობენ და, სხვათა შორის, ეს იდეა ისევ ნაციონალებისგან გაჟღერდა, როდესაც პედაგოგების მხრიდან მათთვის ბიულეტინის შემოხაზვის დავალების მიცემის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ ნაციონალები ამბობდნენ, რა პრობლემაა, თუ არ უნდა ხმის მიცემა, რომ შემოხაზავს, მერე გადახაზოს და ეს ბიულეტენი გაუქმდებაო. ცხადია, რომ მათ ამ მეთოდზე ნაფიქრი ჰქონდათ და ამის „პრევენციული მეთოდებიც“ მოძებნეს. უბრალოდ, ახლა დამკვირვებლებს უფლება არ ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში გაუქმებული ბიულეტინები გადაითვალონ. ეს კი კომისიას საშუალებას მისცემს, რომ ეს ხმები ისევ ნაციონალებს მიათვალონ. მით უმეტეს, რომ კომისიაში ნაციონალები ისედაც უმრავლესობაში არიან და მათ ემატებათ „ქრისტიან-დემოკრატების“ ორ-ორი წევრი კომისიაში. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია, ამას კომისიები როგორ გამოყენებენ. მით უმეტეს, რომ დამკვირვებლებს მათი ამ მხრივ გაკონტროლების საშუალება არ ექნებათ.
http://www.for.ge/view.php?for_id=13659&f_cat=2&a_title=gayalbebuli+xmebis+dazRveva

ბ) რეგიონებში გლობალ ტვ-ის ანტენების მქონე მოსახლეობის მიკერძოებით დაკითხვა, იმის „გამოსავლენად“, ხომ არ დაპირდნენ მათ ანტენების უფასოდ დამონტაჟებას, მათგან ხმის მიცემის გარანტიის სანაცვლოდ. დარწმუნებული ვარ, უკვე ეყოლებათ ერთი-ორი „კოჭოია“, რომელიც ასეთ აღიარებით ჩვენებას მისცემს, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობის ნაწილი უარს იტყვის გლობალ ტვ-ის თეფშებზე, ხოლო მათი მეზობლებიც უფრო დაფიქრდებიან ამ ანტენების დამონტაჟებაზე.  ამით ხელისუფლების ამოცანა, რომ უკვე დამონტაჟებული თეფშების დემონტაჟი მოახდინოს, ნაწილობრივ მაინც, მიღწეული იქნება.

ახლა კი,  რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა ხელისუფლების ჩიორებს და სხვა ადეპტებს:-

  1. თუ თქვენთვის თავისუფალი ინფორმაციის შეუზღუდავი და თანაბარი ხელმისაწვდომობა ასე უმაღლესი პრიორიტეტი იყო, ამდენ ხანს რატომ არ ფიქრობდით იმაზე, რა პირობებში უწევდა მოსახლეობას არჩევნის გაკეთება 2008 და 2010 წლის არჩევნებზე? ხომ არ ეთანხმებით დასკვნას, რომ ამ არჩევნებზე საარჩევნო გარემო არ იყო თანაბარი და ტრანსპარენტული, ხოლო მოსახლეობის გაცნობიერებული არჩევანი შეზღუდული იყო?
  2. თუ მართლა გინდათ, რომ მოსახლეობა საინფორმაციო ვაკუუმიდან გამოიყვანოთ, რატომ არ შეიძლება, რომ ეს გლობალ ტვ-ის ანტენებით განხორცილდეს? რატომ ესწრაფვით გლობალ ტვ-ის ანტენების ყველანაირად შეზღუდვას, თუკი გინდათ, რომ მოსახლეობამ ყველა არხი თანაბრად მიიღოს და ყველა მაუწყებელზე თანაბარი წვდომა ჰქონდეს?
  3. დაბოლოს, როდის დაიწყება და სანამდე გასტანს ეს „საარჩევნო პერიოდი“ და ამ პერიოდის დადგომამდე თუ მისცემთ გლობალ ტვ-ს მინიმუმ 10 დღეს მაინც, რომ მათ თავიანთი დროებით დაყადაღებული თეფშები განაყადაღონ,  მოსახლეობას დაუმონტაჟონ და ამით თქვენთვის „სანატრელად გამხდარ“ Must Carry-ის პრინციპის განხორციელებაში დაგეხმარონ?

რამდენადაც დასაწყისში სააკაშვილის ტაქტიკის ირანის და რუსეთის ხელისუფლებასთან მსგავსება ვახსენე (ამჟამად ძირითადად ირანის პოლიტიკური ტაქტიკით შემოვიფარგლე), ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი:  როგორც ირანის, ასევე რუსეთის მმართველი პარტიის ძლიერება სამ საყრდენს ეფუძნება – ნავთობის და გაზის მდიდარი რესურსები, უნიტარული და მკაცრი სახელისუფლებო ვერტიკალი, და ძალიან ძლიერი სახელისუფლებო პროპაგანდა.

საქართველოს ხელისუფლებას ამ სამიდან პირველი ფაქტორი არ გააჩნია და ამიტომ იძულებულია, საკუთარი ხელისუფლების ძლიერება მხოლოდ დანარჩენ ორს დააფუძნოს. ხოლო ქვეყნის რეალურად გასაძლიერებლად დემოკრატიული პრინციპების გაძლიერება მას ისევე არ მოსდის თავში აზრად, როგორც აჰმადინეჯადს და პუტინს. სამივე ამ ხელისუფლისათვის დემოკრატიული პრინციპების გაძლიერება და პრაქტიკაში ნდანერგვა მათი საკუთარი კრახის დასაწყისი იქნება და ამას ისინი ყველანაირად შეეწინააღდეგებიან, მიხედავად იმისა, რა განცხადებებს გააკეთებენ ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში დროებით უკანდახევის საჭიროების გამო…

ფაქტიურად, მიხეილ სააკაშვილი საინფორმაციო არხებს ზუსტად ისევე იყენებს, როგორ მიხეილ პუტინი გაზსადენებს და ამიტომ მიშამ კარგად იცის, რომ მისთვის საინფორმაციო არხების დივერსიფიკაცია და ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა ისეთივე სერიოზული საფრთხეა, როგორც პუტინისათვის ევროპის რუსული გაზსადენების ალტერნატიული შემოთავაზებების არსებობა…

—–

P.S. დაბოლოს, როგორც ორიოდე კვირის წინ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰამდინეჯადმა განაცხადა, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ 2013 წელს საპრეზიდენტო პოსტი დატოვოს. თავისი გადაწყვეტილება მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე ავტორიტარული რეჟიმის აღმასრულებელმა ხელისუფალმა იმით ახსნა, რომ 8 წელი ქვეყნის სათავეში ყოფნა საკმარისია მისთვის და ქვეყანას ცვლილებები და ახალი ლიდერი ჭირდება. არ ვიცი, რამდენად გულწრფელია ირანის პრეზიდენტი ამჯერად, მაგრამ თუ იგი ამ სიტყვას შეასრულებს (კონსტიტუციის შეცვლას და პრემიერ-მინისტრობას რომ არ შეეცდება, ამაში კი დარწმუნებული ვარ!), მაშინ გამოდის რომ ირანის პრეზიდენტიც კი საქართველოს მარადიულ შუქურასთან შედარებით უფრო დემოკრატიულია!

სტატიაში გამოყენებულია www.media.ge-ს და www.For.ge  ჟურნალისტების (თეონა ხარაბაძის და მანანა ნოზაძის) მასალები.


One Comment on “ირანული გამბიტი”

  1. potgeo says:

    გაგიმარჯოს ღმერთმა სოლომონ ბატონო.
    ის, რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს საარჩევნო გარემოების გასაუმჯობესებლად, ილფ-პეტროვის პერიფრაზირებით – “უტრომ დენგი, ვეჩერომ აპიაწ დენგი, ა ტებე შიშ ს ხრენომ”-ს ემსგავსება. არადა, საკუთარი დიდმნიშვნელოვანებით დაგრუზული არასამთავროები დღემდე აღტაცებულ ჭყლოპინს აგრძელებენ.
    რეჟიმმა მასტერპისამდე დაამხეცა – ყველაფერი მიმაქვს, თუ გინდა ნაქურჩელას ჩამოგიფცქვნი. დასავლეთი ამას ზიზღნარევი დიდსულოვნებით, აზიზად გეახლებათ, ჩვენ კიდევ – პირდაპირ გეჯიდან ვთქვლიფავთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s