Must Carry თუ May Carry? – საკითხავი, აი ეს არის!


შესავალი:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სხვადასხვა “მასთ ქერიზე” საუბრობენ.
ამის შესახებ მინაშვილმა ჟურნალისტებს ჯონ ბასის განცხადების შეფასებისას უთხრა. ჯონ ბასი ამბობს, რომ “მასთ ქერი”-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს და ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, თუ როგორ გადაჭრის მას.
მინაშვილის მტკიცებით კი, ქართული არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილი “მასთ ქერის” ვარიანტი მსოფლიოში უპრეცედენტოა და ბუნდოვანი. მისივე თქმით, არც ერთ ქვეყანაში საკაბელო მაუწყებლებს არ აქვთ ვალდებულება, სხვა საკაბელო თუ სატელიტური მაუწყებლის ჩართვისა. დეპუტატს მიაჩნია, რომ სფეროში სახელმწიფო რეგულირება თავისუფალ მედიასაც შეზღუდავს და თავისუფალ ბიზნესსაც.
რაც შეეხება კონკრეტულად ჯონ ბასის განცხადებას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ელჩი ზოგადად “მასთ ქერის” პრინციპზე საუბრობს და არა ქართული არასამთავრობოების მიერ შემუშავებულ ინიციატივაზე.

==============================================================

აჩრდილი დადის გალაქტიკაში! აჩრდილი „მასთ ქერისა“!

მაგრამ „მასთ ქერიცაა“ და „მასთ ქერიც“!

როგორც სიდედრით ცნობილმა და ღაბაბდალოცვილმა დეპუტატმა აკო მინაშვილმა აღმოაჩინა (აკო არს ნაცების რეზერფორდი!), გალაქტიკაში ორი სახის „მასთ ქერი“ გვხვდება, რომლებიც კარდინალურად განსხვავდებიან: არის ჯონ ბასის ძალიან კარგი, მისაღები და სიმპათიური „მასთ ქერი“, რომელიც მოგელაძესავით ქერაა და თვალჟუჟუნა. და არის ქართული ენჯეოების მიერ შეთითხნილი, საზარელი, მახინჯი და ბუნდოვანი (უფრო სწორად – ბუნდოვანი, მაგრამ ახლოდან მაინც საზარელი და მახინჯი) „მასთ ქერი“, რომელსაც აკო რეზერფორდის წინადადებით უნდა დაერქვას „მასტკერი“, რომ ადვილად მოხდეს დიფერენცირება იმ ბასისეულ სათნო, ბუნჩულა და მაგასშემოვევლეთნაციონალები „მასთ ქერისაგან“.

მინაშვილის განცხადებით, მის მიერ მედიაშესწავლის „სი-დედრ“ ლაბორატორიაში, კოლბებში ჩატარებული ჰომუნკულარული ცდებით დასტურდება, რომ ბასისეული „მასთ ქერი“ მორცხვია და ზოგადი. და უფრო სწორი იქნებოდა მისთვის „მეი ქერი“ დაგვერქმია, ან უფრო ზუსტად – „მეი – ქერი, მეი – ნოთ!“ რაც აბსოლუტურად ჯდება მინაშვილის პლანეტარულ მოდელში, როცა ყველა ვარსკვლავი მხოლოდ მაშინაა ვარსკვლავი, თუ ის მზის, ანუ უფრო სწორად – „მეფე-მზის“, ხოლო კიდევ უფრო გასაგებად – „მიშამზის“ ირგვლივ ტრიალებს. თაყვანისცემით და მოწიწებით, რასაკვირველია.

ამავე კოლბებმა კი ვერ გაუძლო ქართული ენჯეოების მიერ მოწოდებულ მახინჯ, საზარელ და გასაგებიარომრუსულიფულითდაფინანსებულ „მასტკერის“, რომელიც ხისტი და ფეთქებადი აღმოჩნდა, ასეთ აფეთქებას კი შეუძლია ვანომორჩილ და ნაცოვიზიებისგან ტვინდავარცხნილ მასებში ბროუნის ქაოტურ მოძრაობა გამოწუვიოს და საფრთხე შეუქმნას მიშამზის და მისი ნეტარუჭკნობი ვარსკვლავების მარადიულ ციმციმს! ეს გაწიერათგვინდა „მასტკერი“ არის უცხო ელემენტი ზეციურ-ბედნიერი საქართველოსათვის და მისმა დანერგვამ საშინელი საფრთხე შეიძლება შეუქმნას სტაბილურობას! და ეს თურმე არსად არც მომხდარა. ყველა დემოკრატიული ქვეყანა, მინაშვილის და ნაცოვიზიების სამთავიანი არხის ინფორმაციით, სასტიკად ემიჯნება ამ დამღუპველ „მასტკერის“, რომელიც არის სიკვდილი ნაცბიზნესისათვის, სამარე ვიშ-თავისუფლებისათვის, წყვდიადი საპრეზიდენტო გაბრწყინებისათვის და როზგი კუბლიკო-სამართლისათვის! აღნიშნული „მასტკერი“ მიკროსკოპში დათვალიერებით აღმოჩნდა ე.წ. LIBERTY-ვირუსის საქართველოში არნახული კლონი, რომელსაც თურმე ხალხის ტვინში გამრავლების და მიშიზმის ფუძემდებლური მოძღვრებისა და პრაქტიკის მოშლა შეუძლია. ამიტომ ეს „მასტკერი“ უნდა იქნას დაგმობილი და შეჩერებული მანამ, სანამ იგი ხალხის ტვინებში შეაღწევს და დაანგრევს სათუთად აშენებულ მითს, რომ ჩვენი სახელმწიფო იუსტიციის სახლივით მტკიცეა, პარლამენტის შენობასავით გამძლე (თფუი, ეშმაკს) და ეკონომიკის მინისტრივით მდგრადი!

დასკვნა: გამომდინარე ზემოთქმულიდან,

1)      დაიწყოს „მასტკერის“ ვირუსის გამავრცელებელი წყაროების – გლობალ-ტვ-ის სატელიტური ანტენების სასწრაფო დემონტაჟი, რომელიც უნდა შეიცვალოს მიშმადიდებლური ლოცვების და გალობების  გამავრცელებელი ანტენებით.

2)      ქალაქის ცენტრში დაიდგას ზოგადი და ბუნჩულა-მორიდებული „მეი – ქერი, მეი – ნოთ“-ის ძეგლი, რომელსაც ერთმანეთზე გადაჭდობილი 4 საწყისი ელემენტის: სილქნეტის, ერ2-ის, ვა-იმედის და საზმაუს სიმბოლოების ფორმა ექნება, ხოლო ზემოდან წყლის მომტაცებელი გველეშაპის იდეაშიდამმარცხებელი მზეჭაბუკის – მიხეილ განმათავისუფლებელის, როგორც მე-5 ელემენტის, შადრევანში მოდგაფუნე გასხივოსნებული ფიგურა დაეყრდნობა.

P.S. როგორც ქართული პარლამენტარიზმის მეორე ბურჯმა, დიდმა კაკოია ბრიუსლი ბობოხიძემ განაცხადა, – არავის საქმე არაა, სიმონ, ამ დამპალი მედიის ხელმისაწვდომობას ჩვენ როგორ გადავჭრით!  რო გადავჭრით (ყელში) და გადავხერხავთ (ხერხემალში), თქვენ ეჭვი ნუ შეგეპარებათ. ამას მე გეუბნებით, მე! – კაკოია (ექს-ხონსკი) კუტაისსკი!

P.P.S. მიშასდა სამწუხაროდ, გარდა აკო მინაშვილ-რეზერფორდისა და მისი მიშკურთხეული სიდედრისა, რაიმე სხვა წყაროები არ ადასტურებენ გალაქტიკაში „მასთ ქერის“ რაიმე ორი ნაირსახეობის არსებობას. არც ბიზნესის დაჩაგვრის არგუმენტი არ გამოდგება იქ, სადაც საზოგადოების გაცილებით მაღალი ინტერესი მოითხოვს, რომ ადამიანებმა ინფორმაცია სრულად და დროულად მიიღონ, და არ იყონ ამ მხრივ შეზღუდული აკო მინაშვილის და პალიკო კუბლაშვილის მსგავსი „მოღვაწეების“ და მიხეილ სააკაშვილის მსგავსი „დემოკრატების“ მხრიდან.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/204618-jon-basi-must-charry-s-principis-ukan-dgas-mizani-romelic-mediis-khelmisatsvdomobis-problemis-dadzlevas-guliskhmobs.html

გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში საპარლამენტო უმრავლესობის წევრ აკაკი მინაშვილს აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის განცხადების კარგად წაკითხვას ურჩევს. როგორც ლაშა ტუღუშმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჯონ ბასი სწორედ საქართველოში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა. “ბასის განცხადებაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ მოსახლეობას განსხვავებულ მაუწყებლობაზე ხელი არ მიუწვდება და სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მას შევთავაზეთ. მინაშვილს და ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ძალიან უნდათ, რომ საზოგადოება შეიყავნონ შეცდომაში, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ”, – განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, იმდენად ნათელია ბასის განცხადება, რომ ასეთი მიდგომით საზოგადოებისთვის ტვინის არევა ვერ მოხდება. “ჩვენ ვიზიარებთ ბასის პათოსს, ვემხრობით მის განცხადებას და მოხარულები ვართ, რომ აშშ-ის ელჩი ასევე იზიარებს იმ მიდგომებს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არის ინიცირებული პარლამენტში და ეს მიდგომები მისთვისაც ძალიან ნათელი იყო”, – აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, ის მიდგომა, რომელიც “ეს შენ გეხებას” წევრების მხრიდან გაჟღერდა, ხელს შეუწყობს მედიაპლურალისტური გარემოს დამკვიდრებას და განვითარებას ქვეყანაში. “ეს არის ჩვენი მიზანი და როგორი ბუნდოვანი და დამაბნეველი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენ ამ მიზანს მაინც მივაღწევთ” ,- განაცხადა ტუღუშმა.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s