ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივანს, ქალბატონ ჰილარი როდჰემ კლინტონს


ძვირფასო ქალბატონო ჰილარი,

ჩვენ ბევრჯერ გვსმენია ამერიკის ადმინისტრაციის ლამის ყოველი ოფიციალური პირისაგან განცხადება, რომ საქართველოში 2012 და 2013 წლის არჩევნების დემოკრატიულად და ტრანსპარენტულად ჩატარებას და ძალაუფლების ოფიციალურ გადაცემას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულობის ლიგიტიმაციისათვის, ასევე – თავად ქვეყნის ნატოსა და სხვა ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო თქვენს მიერ ამ ცოტა ხნის წინ ბათუმში სტუმრობისას ამ განცხადების ხელმეორედ საჯაროდ დადასტურება.

კარგად მესმის, რომ დიპლომატიური ეტიკეტი პოლიტიკური მანევრირების, ქვეტექსტების და ღმერთმა-ჰქნას-და-იქნებ-გამოვიდეს იმედების საკმაოდ რთული (მაგრამ საჭირო)  ნაზავია… ეს შეიძლება კიდევ უფრო რთული და კიდევ უფრო საჭიროც კი იყოს, როცა საქმე პოლიტიკურ პარტნიორს ეხება. ისიც კარგად მესმის, რომ ნატო-ს ISAF ოპერაციებში მონაწილეობამ, სხვა პოლიტიკური მომენტებმა და თავად სააკაშვილის მიერ დასავლური დემოკრატიის პრინციპების ფასადურად ათვისებულმა უნარ-ჩვევებმა ხელი შეუწყო ამ პიროვნების ამერიკის პოლიტიკურ მოკავშირედ აღქმას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არ არის დასავლური დემოკრატიული ფასეულობების მოზიარე და, ამდენად, რეალობაში აშშ ადმინისტრაციის ისეთივე „მოკავშირედ“ თუ გამოდგება, როცა ანასტასიო (ტაჩო) სომოსა იყო ფრანკლინ რუზველტისათვის.  ეს „ალიანსი“ კი რა „დიდებულად“ დამთავრდა და როგორი შედეგები მოუტანა მან ნიკარაგუელ ხალხსაც, და – გრძელვადიან პერსპექტივაში – აშშ-ნიკარაგუის ურთიერთობებსაც, კარგადაა ცნობილი. და ვერ წამომიდგენია თანამედროვე ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც იგივეს ისურვებდა ამერიკულ-ქართული ურთიერთობების განვითარების მხრივ. შეიძლება ეს ჩემი გულუბრყვილობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ ადმინისტრაციისათვის დემოკრატიული ფასეულობების და პრინციპების ერთგულება უფრო მაღლა დგას, ვიდრე დიპლომატიური ეტიკეტი და რეალპოლიტიკის წესები.

ბ-ნი სააკაშვილი, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად ეშვება ქვევით 2008 წლის შემდეგ, წარმოადგენს ჭირვეულ ბავშვს (“L’Enfant terrible”) დასავლური დიპლომატიისთვისაც და – კიდევ უფრო მეტად და უფრო სავალალოდ – ქართული საზოგადოებისათვისაც. მისი ვარსკვლავის კაშკაშა ამობრწყინება და მკვეთრი ვარდნა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს უკონტროლო ძალაუფლებამ თუნდაც საკმაოდ იმედისმომცემი პოლიტიკოსი. სააკაშვილის დაცემა უცილობელი შედეგია 2008 წლის გაყალბებული არჩევნების „მოგებისა“, რომელიც მნიშვნელოვანწილად, ან – მთლიანადაც კი, იყო შედეგი დასავლელი ლიდერების მიერ მის მიმართ ავანსად გაცემული მცდარი მხარდაჭერისა, რომელიც სააკაშვილის მიერ დამსახურებული ნდობის ყველანაირ კრედიტს ცდებოდა. არჩევნების პროცესში დასავლელი ლიდერების ნაადრევი მილოცვები და არჩევნების „დემოკრატიის ტრიუმფად“ შერაცხვა იმ დროს, როცა ჯერ კიდევ ხმების დათვლაც კი არ იყო დამთავრებული, გახდა სააკაშვილის მიერ 2008 წლის არჩევნების (ჯერ საპრეზიდენტო და შემდეგ – საპარლამენტო) „მოგების“ ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორი. მაგრამ ამავე დროს სწორედ ამან გამოურეცხა საფუძველი სააკაშვილის გამარჯვების  ლეგიტიმაციას. საარჩევნო გადაცდენები და დარღვევები მას შემდეგ ბევრჯერ გახდა სხვადასხვა  – OSCE ODIHR, ევროსაბჭოს თუ აშშ სახ. დეპარტამენტის  – ანგარიშებში სინანულის (სამწუხაროდ –  ნაგვიანები სინანულის) მიზეზი:

„საერთაშორის დამკვირვებლების აზრით, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები უმრავლეს შემთხვევაში შეესაბამებოდა ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებას. თუმცა, იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის დაშინების და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართოდგავრცელებული მცდელობები, ხმათა არასწორი დათვლა და დაჯამება, და ხარვეზები საჩივრებისა და განაცხადების განხილვის პროცესში.  ეს და სხვა პრობლემები ასევე ლაქად დააჩნდა 2008 წლის მაისის არჩევნებსაც, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა არათანაბარ და საერთაშორისო სტანდარტებთან არასრული შესაბამისობის არჩევნებად ჩათვალეს.“ (აშშ სახ. დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ)   

ნება მიბოძეთ, ეჭვი შევიტანო 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს დემოკრატიული არჩევნების სულისკვეთებასთან შესაბამისობაში, რადგან სწორედ ეუთოს საბოლოო ანგარიშში წერია, რომ ამ არჩევნებში, სადაც მეორე ტურის არ-საჭიროება ხმათა მხოლოდ 3%-მა გადაწყვეტა, დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნების 19%-ზე (!) ხმების ჩათვლა ჩაითვალა ცუდად ან ძალიან ცუდად!

ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ იყო რუსეთის მიერ ეშმაკურად დაგებული ხაფანგი სამხრეთ ოსეთში, რომელშიც ბ-ნმა სააკაშვილმა თავქუდმოგლეჯილმა შეალაჯა მიუხედავად აშშ ადმინისტრაციის მხრიდან მრავალი გაფრთხილებისა… და ამის შემდეგ ბ-ნი სააკაშვილი სულ უფრო ქვევით ვარდება და როგორც თავად, ასევე მისი მთავრობაც, სულ უფრო დისტანცირდება დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპებისაგან. სადღეისოდ ის წარმოადგენს უცნაურ და საკმაოდ საშიშ შემთხვევას – ძალიან მცირე დოზით დრ. ჯეკილს და საკმაოდ „უხვად მომადლებულ“ მრ. ჰაიდს. აშკარაა, რომ პერიოდულად ამ ნაზავის დრ. ჯეკილად გარდასაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა ამერიკის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის გვერდით ყოფნა. თუმცა, როგორც კი „მონიტორინგის პროცესი“ სრულდება, გავეშებული მრ. ჰაიდი იმწამსვე თავს იშვებს და ისეთი ენერგიით და სისწრაფით ცდილობს ბოროტების ქმნის გაშვებული შესაძლობლების  ამოქაჩვას, რომ მაჰმუდ აჰმადინეჯადს და უგო ჩავესსაც კი შეშურდებოდათ!

თქვენს ვიზიტამდე ახლად გახსნილმა ოპოზიციურმა სატელევიზიო მე-9 არხმა თბილისის მასშტაბით მაუწყებლობის შანსი მიიღო, მაგრამ ეს მხოლოდ 2 დღე გაგრძელდა და თქვენი გამგზავრებისთანავე შეწყდა… ის „დარღვევა“, რაც საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „აღმოაჩინა“, ამას იგი მანამდე წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდა სხვა – პროსახელისუფლებო ან გასართობი – არხების მიმართ, მაგრამ ახლა უცებ მაუწყებლობის ამ სახით გავრცელება საოცარ კრიმინალად და რაღაც მითიური ბიზნეს გარემოს საოცრად შემავიწროებელ ასპექტად იქნა შერაცხული.

თქვენს ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე მე-9 ტელეარხმა, როგორც იქნა, 6 თვის წვალების შემდეგ მოახერხა საჭირო აპარატურის აღდგენა იმ კონდიციამდე, რომ ეთერში გასულიყო. 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა სახელმწიფო ტერორი ამ კომპანიის მიმართ, როცა საბაჟოზე უცხოეთიდან შემოსული ტექნიკური აღჭურვილობა უაზროდ დიდ ხანს ჩერდებოდა, ხოლო შემდეგ საბაჟოდან დაზიანებულ და უვარგის მდომარეობაში გამოდიოდა. დაზიანება რომ სწორედ ქართული საბაჟოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს დადასტურებული იქნა უცხოელი ექსპერტების მიერ და ასახულია სახ. დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ბოლო ანგარიშში. სამწუხაროდ, როგორც კი თქვენ წაბრძანდით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეს ტერორისტული პრაქტიკა ოპოზიციური ტელეარხის მიმართ ისევ განახლდა!

სილქნეტი – საკაბელო და ციფრული ტელევიზიის კომპანია, რომელიც რეგიონებში მაღალსიჩარიანი ინტერნეტის მიწოდების პრაქტიკული მონოპოლისტია, ჯიუტად და ურცხვად უარს ეუბნება ინტერნეტის მომსახურების მიწოდებაზე რეგიონებში „ქართული ოცნების“ ოფისებს. ხოლო საქართველოს კომუნიკაციათა მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ იმჩნევს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების ამ ფუძემდებლური პრინციპის დარღევას. კომისიის თავმჯდომარე და ბიზნეს-ოლიგარქი ირაკლი ჩიქოვანი ხომ სწორედ ისინი არიან, ვინაც გლობალ ტვ-ს და ტვ-9-ს ნორმალური მაუწყებლობის საშუალებას არ აძლევს. გასაგებია, რომ სააკაშვილთან ასოცირებული და „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ დამჩაგვრელი ოფშორული „სილქნეტი“ კომუნიკაციების კომისიისა და მისი შეფისთვის ბუნებრივი მოკავშირეა და მის ყველა უმსგავსოებაზე ინდულგენცია წინასწარაა გაცემული.

თქვენს ვიზიტამდე სააკაშვილის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ოპოზიისთვის მხარდამჭერი სპორტსმენი, ძიუდოს ჩემპიონი ამბაკო ავალიანი მოატაცებინა თავის უკანონო ზონდერბრიგადას და 2 საათის განმავლობაში უკანონოდ დაპატიმრებული ჰყავდათ! ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, ცინიკური ზეწოლა და დაშინება – აი, რა იარაღს იყენებს სააკაშვილის სანაქებო მაფიოზი მინისტრი, რომელმაც ასე განუცხადა მოტაცებულ სპორტსმენს, ყველას ვინც ივანიშვილის მხარეზე გადავიდა, დავიჭერთ და ელექტროშოკით ვაწამებთო! ოღონდ ჯერ არჩევნები მოვიგოთ და მერე ამერიკელები რომ აღარ დაგვაკვირდებიან, მერე განახებთ სეირსო!  – ამას ამბობს 2008 წლის აგვისტოს ომში კურდღელივით დამფრთხალი და რუსი გენერლებისთვის მძღოლად დამდგარი მხდალი, რომელსაც ახლა მაფიოზი მაჩოს ნიღაბი აუფარებია და  თანამოქალაქეების დაშინებით უნდა საკუთარი სკამის და კრიმინალური სტატუსის შენარჩუნება.

საქართველო სულ უფრო ემსგავსება ჯორჯ ორუელის ფანტასმაგორიულ სახელმწიფოს მინი-მოდელს – „დიდი ძმის“ მიერ მუდმივად დაკვირვების და მოსმენის საფრთხის ქვეშ მყოფი საზოგადოების მენტალიტეტი… პოლიცია ყველგან და ყოველთვის… საკუთარი არჩევნის გამოხატვის საფასურად ნებისმიერი სახის დაშინება (უპირველეს ყოვლისა – სამუშაოს დაკარგვა, ან სულაც – ციხეში მოხვედრა), ხელისუფლების გებელსური პროპაგანდის მანქანად ქცეული ნაციონალური მედია… სასამართლოები, სადაც აღლუმი პროკურატურას მიჰყავს… 30,000-მდე პატიმარი… ასეულათასობით პრობაციონერი, რომელთაც შეთითხნილი და აბსურდული ბრალდებების გამო იძულებული გახადეს საპროცესო გარიგებაზე ხელი მოეწერათ და   ბიუჯეტის სასარგებლოდ ფული გადაეხადათ, რითაც მართლმსაჯულება „მომგებიანი ბიზნესის“ რელსებზე გადაიყვანეს… ბიზნესის 90%-ის სამთავრობო წრეების მიერ გაკონტროლება, არაკონოტროლირებადი და ფარული ელიტური კორუფცია… სულ უფრო მეტად გაუმჭვირვალე სამთავრობო ხარჯები, რომლებიც სახელისუფლებო ნუვორიშული ფანტაზიების და ფუტურისტული მეგა-პროექტების განსახორციელებლად იხარჯება, იმ ქვეყანაში, სადაც 1,5 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს და 2 მილიონზე მეტს საერთოდ დაზღვევა არ  გააჩნია…

იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცათ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციათა და 12 პარტიის მიერ მხარდაჭერილ კამპანიაზე – „აუცილებლად ჩართე! აუცილებლად შესთავაზე!“, რომელიც დაავალებდა საკაბელო და სატელიტურ მაუწყებელ კომპანიებს აუცილებლად ჩაერთოთ თავის პროგრამებში ნებისმიერი ლიცენზირებული ქართული სატელევიზიო არხი, ხოლო სატელევიზიო არხებს ასევე დაავალდებულებდა, შეეთავაზებინათ ნებისმიერი მაუწყებლისთვის და საკომუნიკაციო არხისათვის საკუთარი ტელეპროგრამები, რითაც დამთავრდებოდა საქართველოს რეგიონებში (სადაც მოსახლეობის 75% ცხოვრობს) სამთავრობო პროპაგანდის 8-წლიანი მონოპოლიური ბატონობის ერა – ბ-ნი სააკაშვილის მთავრობამ ბოროტების იმპერიის მსგავსად საპასუხო დარტყმა განახორციელა მაშინვე, რაც თქვენ  საქართველო დატოვეთ. კონტროლის პალატის და სასამართლოს მიერ კოსმოსური სისწრაფით მიტანილი იქნა იერიში გლობალ ტვ-ის სამაუწყებლო კომპანიაზე, რომელიც დაავალდებულეს, შეწყვიტოს სატელიტური ანტენების განთავსება და უკვე მოახდინოს დამონტაჟებული 11,000 ანტენის დემონტაჟი!, რითაც საქართველოს მოსახლეობის 75% ისევ დაბრმავებული და დაყრუებული დარჩება სამთავრობო პროპაგანდის ამარა. ჩაიდინა რა ეს, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად და ნათლად განუცხადა საქართველოს მოსახლეობას: „თქვენ არ გაქვთ უფლება უყუროთ და უსმინოთ იმას, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ! თქვენ უნდა უყუროთ და უსმინოთ მხოლოდ ჩვენს პროპაგანდას და სიცურეს! ჩვენ არ დავუშვებთ, რომ თქვენ ინფორმირებულ ელექტორატად იქცეთ, რადგან მერე ჩვენ გაგვიჭირდება თქვენით მანიპულაცია!“

„ომი მშვიდობაა! თავისუფლება მონობაა! უცოდინრობა ძალაა!“ (ჯ. ორუელი)

ეს არის ის, რასაც თქვენ ბ-ნ სააკაშვილს ასწავლით?

სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს,  რომ თქვენ მხარს უბამთ სააკაშვილს მის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში – და განსაკუთრებით ბ-ნი სააკაშვილის ოცნებაა, რომ მათ ასე იფიქრონ! როცა თქვენი წასვლისთანავე მისი მარიონეტი მოსამართლეები ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას აცხადებენ, ამით ბ-ნი სააკაშვილი ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს – „მე ქ-ნმა კლინტონმა მომცა ლიცენზია, რომ ის გავაკეთო, რასაც სწორად ჩავთვლი! ამერიკელმა პოლიტიკოსებმა დამარწმუნეს, რომ ჩემი ძალაუფლება იმის გარანტიაა, რომ ქართველი ხალხის აზრი ფეხებზე დავიკიდო! ამერიკის ადმინისტრაცია მიმაგრებს მე ზურგს და თქვენთვისვე აჯობებს, ფრთხილად იყვეთ, თორემ!…“

ა.წ. 12 ივნისს საქართველოს უსამართლო სასამართლომ (რომელმაც სუნთქვისშემკრელ 99.7%-ს მიაღწია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის და პროკურატურის უპირობოდ დამორჩილების საქმეში)  სააკაშვილის კონკურენტი მომავალ არჩევნებზე, – ბ-ნი ივანიშვილი, აბსურდული და ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე დააჯარიმა ასტრონომიული თანხით – 148 მილიონი ლარით (91 მილიონი დოლარით!)! ეს გადაწყვეტილება მარიონეტმა მოსამართლემ სულ რაღაც 15 წუთში მიიღო, ისე, რომ დაცვის მხარეს არც კი მოუსმინა! მანამდე კი ივანიშვილის მხარეს მხოლოდ 2 დღე მიეცა 600-გვერდიანი საბრალდებო დასკვნის გასაცნობად, რომელიც ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით არის სრული სიგიჟე, ფანტაზია და ფსიქოპათია ფაქტების ნაცვლად. ბ-ნ ივანიშვილს მხოლოდ 7 დღე მისცეს იმისათვის, რომ ეს თანხა გადაიხადოს, თუ არადა ქართული „მართლმსაჯულება“ მას საქართველოში და საზღვარგარეთ ქონების დაყადაღებით ემუქრება.

და ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის მხრიდან აღფრთოვანების და ტაშისკვრის ფონზე – ამ მედია-საშუალებების ურნალისტი „ჟურნალისტები“ მონაწილეობდნენ ქუთაისში ოპოზიციური მასობრივი მიტინგის დროს დადგმულ ფალსიფიცირებულ სპექტაკლებში, როცა ცდილობდნენ მოსახლეობის დაჯერებას, რომ ქართული ოცნების ოპოზიციური მოძრაობის წევრები მოსახლეობისათვის მაცივრების, სარეცხი მანქანების და სხვა საჩუქრების გადაცემას და ამით მოსახლეობის მოსყიდვას ახდენდნენ. თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ იმ ოჯახმა, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა ქრთამის სახით საჩუქრების მიღება დააბრალა, სინამდვილეში თავად შეიძინა ელექტროტექნიკა, ხოლო რუსთავი2-ის „მოწმის“ როლში სააკაშვილის პარტიის აქტივისტი იყო გამოყენებული! ეს არ არის ჟურნალიზმი! ეს უკვე პროპაგანდაც აღარ არის! ეს არის პოლიტიკურ ფაბრიკაციაში მონაწილეობა, რომლისთვისაც, ალბათ, ეს ურნალისტები ხელფასს და წოდებებს შსს-ში იღებენ.

სანამ თქვენ საქართველოში ჩამობრძანდებოდით, 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე 120,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა  ქართული ოცნების გაერთიანებული ოპოზიციური ბლოკის და მისი ლიდერის მხარდასაჭერად. ახლა, 10 ივნისს მსგავსი დიდი მასა – 30,000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ბ-ნმა ივანიშვილმა ამ მიტინგზე კვლავ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გზა და ამავე დროს ბევრ იმედისმომცემ ცვლილებებს დაჰპირდა მოსახლეობას – მრეწველობის აღორძინებას, 1-მილიარდიანი ფონდის ჩამოყალიბებას სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად, თანამედროვე დონის  საუნივერსიტეტო ქალაქს უახლესი ტიპის ბიზნეს-ინკუბატორებით, და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანდათანობით რეინტეგრაციას დემოკრატიულ, თავისუფალ კონკურენციაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებელი ხელისუფლების მქონე განახლებულ საქართველოში.

მეორე მხარეს კი – თბილისის მერ გიგი უგულავასთან დაახლოებულმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობამ აუკრძალა თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებს რადიოს მოსმენა(!), რადგან ისინი უპირატესად სწორედ ოპოზიციურ (უფრო ზუსტად  – მთავრობის მიერ არაკონტროლირებულ) რადიოარხებს უსმენდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მძღოლი, რომელმაც ეს აკრძალვა დაარღვია, სამუშაოდან გაანთავისუფლეს.

ბ-ნი სააკაშვილის ყველაფერზე კვერის დამკვრელმა სანოტარო კანტორამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უძახიან, 12 ივნისს, 101 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და სტრატეგიული გეგმა შავი ზღვის სანაპიროს ჭაობიან ზოლში ქალაქ ლაზიკის აშენების შესახებ. ეს ფუტურისტული ქალაქი-მირაჟი, რომელიც ბ-ნ სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფია, 2022 წელს, მისი აზრით, 500,000 მოსახლეობით საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი უნდა გახდეს. არავითარი დაფინანსების წყაროები და მასშტაბები არ ყოფილა გაცხადებული ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ.

დაბოლოს, მინდა მოგილოცოთ, ქ-ნო კლინტონ, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა ბათუმში გიმასპინძლათ და თავის მეორე იდეა-ფიქსი – ქუთაისის ახალი პარლამენტის შენობა არ დაგათვალიერებინათ, რომელიც სულ რაღაც 7 თვეში დაჩქარებული ტემპებით და სააკაშვილის დაჟინებული მუქარის ფონზე შენდებოდა (…თუ ქუთაისის პარლამენტი 26 მაისს ვერ გაიხსნება, რამაზ ნიკოლაიშვილს, ალბათ, ინფარქტი დაემართება, ხოლო ბევრი ადამიანი, ვისაც ამასთან შეხება აქვს, სამუშაოს დაკარგავს, – აცხადებდა 5 მაისს სააკაშვილი). დაუმთავრებელი, თუმცა ახლადგახსნილი შენობის ფლიგელი გახსნიდან ორ კვირაში – 7 ივნისს ჩამოინგრა, რასაც სულ მცირე ერთი მუშის სიკვდილი მოჰყვა. ამაზე სულმოკლე სააკაშვილმა სასწრაფოდ ასეთი კომენტარი გააკეთა – სულ ვრეკავდი და ვაფრთხილებდი რამაზ ნიკოლაიშვილს, რამაზ, მიხედე უსაფრთხოებას!..  ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ პოლიციამ კატასტროფის მოხდენისთანავე დაბლოკა ნგრევის ადგილზე ჟურნალისტთა მისვლის შესაძლებლობა მანამ, სანამ მთელი ჩამონგრეული სამშენებლო ნაგავი არ გაწმინდეს (სააკაშვილმა იცრუა, რომ ვითომ ხარაჩო ჩამოინგრა და ამიტომ იყო დაბლოკილი ჟურნალისტების იქ მისვლა). ასევე რამდენიმე დღე ქუთაისის ყველა საავადმყოფოში არ უშვებდნენ ჟურნალისტებს, სანამ იქ მიყვანილი ყველა დაშავებული არ გამოწერეს, ან სხვაგან გადაიყვანეს. აი, სწორედ ამიტომ თვლის ბ-ნი სააკაშვილი თავისუფალ, არაკონტროლირებად მედიას თავისი რეჟიმის ძლიერების უპირველეს მტრად.

==============================================================================

თქვენ ძლევამოსილი ქვეყნის სახელმწიფო მდივანი ბრძანდებით და მე – საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე.

რა თქმა უნდა, სრული უფლება გაქვთ, დრო არ დახარჯოთ ჩემი მოსაზრებების გაცნობაზე. მით უფრო, ვიცი, რა დაკავებული ბრძანდებით ახლა, როცა მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდა.

მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს სახელს და თქვენს ქვეყანას ზედმეტად  არ დაუკავშირებთ იმ ადამიანს, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის და კანონის უზენაესობის ფუძემდებელი პრინციპების ყველა ასპექტის სირცხვილს წარმოადგენს, რაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაიზრდება და აშკარა გახდება უახლოეს მომავალში.

ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჩუმებულია სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „1984“-ში, მაგრამ ჩვენ ბრმები არ ვართ! ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი – ეს იგივე პუტინი-2-ია. სააკაშვილს არ შეუძლია, ძალაუფლებას განეშოროს! ის ძალაუფლების მანიაკია და ეს მანია მას აიძულებს რეალობის ფალსიფიცირება მოახდინოს!

იმედი მაქვს, არ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რომ მანიაკს ამ ილუზორულ დაღმართში სიარულში ხელი შეაშველოთ.

 

პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი

ბლოგერი

https://solomonternaleli.wordpress.com



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s