იმპერატორული აღლუმი


საქართველოს იმპერატორის წინასაარჩევნო არსენალში ახალი მეთოდები მკვეთრი დეფიციტია.

სულ ბოლო მეთოდი, რაც მან დააპატენტა, იყო კონტროლის პალატის გადაკეთება ოპოზიციის ფინანსური გატყავების პალატად. რასაც დასჭირდა პალატის შტატში მდედრობითი გარეგნობის რობოკოპის იმპლემენტაცია, მთელი მსოფლიოს დასანახად გამართული მოქალაქეთა არნახული ტერორი, კანონმდებლობის შეცვლა და საბოლოოდ პალატისათვის სახელის შეცვლაც კი! ეფექტი – დაახლოებით წაგლეჯილი 10 მილიონი ლარი და მთელ მსოფლიოში მოთხრილი რეპუტაცია.

მეორე, ანალოგიური „ინოვაცია“ იყო ეროვნული ბანკის გადაქცევა პოლიტიკური ოპონენტების საბანკო დაყაჩაღების გამპარვებელ და სათვალთვალო კანტორად. ეფექტი – 200 მილიონი ახეული ლარი, საბანკო სექტორისადმი შერყეული რწმენა, ინვესტიციების შემცირება, ლონდონის ბირჟის პრემიერლისტინგში ძლივს მოხვედრილი საქართველოს ბანკის  აქციებისადმი ინტერესის სერიოზული კრახი და ისევ – მთელ მსოფლიოში მოთხრილი რეპუტაცია.

ნუ, იყო კიდევ რაღაც აბსოლუტურად გაფრენილი შებერვები – ჰოლოგრაფიული ადეიშვილი, ნიუ-ლაზიუკი, ჩეკების ლატარეა, უცხოეთიდან ექიმების მოზიდვა (ევროპაში უდიდესი 200-საწოლიანი კორეული კლინიკით და ლაგოდეხში მოზვავებული აზერბაიჯანელი პაციენტებით), და ა.შ. და ა.შ. ამის კრიტიკა საერთოდ დროის კარგვად მიმაჩნია, ამაზე უკვე მიშა თავხელიძესაც უჭირს ლაპარაკი…

ამიტომ, საქართველოს დაბოლებულ და გა-3D-ვებულ იმპერატორს სხვა არა დარჩენია რა, ძველ სკივრში დაობებული მეთოდების ქექვის იმედად იყოს… ქექავს, და რასაც ნახავს, ამოიღებს, შალის ნაჭრით აპრიალებს და ჩასჩურჩულებს: „მიშველე, ჩემო ნაქებო მეთოდო! გადამარჩინე და მე ვიცი შენი დაპატენტება და გაღმერთებაო!“

17 მაისს საქართველოს მოსახლეობამ იხილა ნაცმოძრაობის მიერ უკვე რამდენჯერმე აპრობირებული მეთოდი – სექსუალური უმცირესობების და რელიგიური მოღვაწეების დაპირისპირება…

მინდა გაგახსენოთ, რომ ეს მეთოდი, საკმაოდ წარმატებულად მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა 2010 წლის მაისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა „კავკასიის“პირდაპირ ეთერში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და სექსუალური უმცირესობების დამცველთა დაპირისპირება ვიხილეთ. რასაც მოჰყვა რამდენიმე მართლმადიდებელი ახალგაზრდის დაჭერა (დღემდე ციხეში არიან) და საზოგადოების ნაწილში უნდობლობის დათესვა ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ! მოგებული კი დარჩა მიხეილ სააკაშვილი, ნაცმოძრაობა და გიგი უგულავა, რომელთაც საზოგადოება გახლიჩეს და მღვრიე წყალში მერობის თევზი დაიჭირეს. ამაზე სტატიაც დავწერე მაშინ, რომელიც დღევანდელ დღეს საკმაოდ ეხმიანება:

https://solomonternaleli.wordpress.com/2010/05/05

ახლა?

ისევ არის არჩევნები – საკმაოდ მალე.

ისევ არის საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო კარგად ხედავს ნაცმოძრაობის ლიდერების ერთმნიშვნელოვან მოღალატეობას, უსინდისობას, კორუმპირებულობას, უტიფრობას და იმ კატასტროფას, რაც მათ ხელისუფლებაში დარჩენას მოჰყვება უეჭველად. წყალდიდობა თბილისში, დავითგარეჯის ჩუმად გასხვისების მცდელობა, მსხვილი კორუფუციული გარიგებები, ხელისუფლების მიერ მითვისებული აღმაშენებელი და ძველი თბილისი, ძალადობა ჟურნალისტებზე, ტოტალური კონტროლი და ტოტალური გატყავება…

დღეს არის ძალიან პოპულარული ოპოზიცია, არის ძალიან რეირტინგული ძალა – „ქართული ოცნება“, რომლის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, თითქმის  აღარავის სჯერა არც მიშას შეუცვლელობის, არც მისი ყალბი რეიტინგების… ხელისუფლება ყიდის ყველაფერს – პარლამენტს, რკინიგზას, მთელ აჭარას, დავით-გარეჯს, რომ სასწრაფოდ პოლიტიკური დივიდენდები და არჩევნების გასაყალბებლად საჭირო ფული მოიპოვოს… საქართველოს საგარეო ვალი 11 მილიარდ დოლარზე ავიდა… თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა 1 წელიწადში ბანკროტად გამოცხადდება…

ყველაფერი მზადაა იმისათვის, რომ მოხდეს ერის უდიდესი ნაწილის კონსოლიდაცია „ქართული ოცნების“ ირგვლივ.

ხელისუფლების ერთადერთი იმედი არის საზოგადოებაში შუღლის დათესვა და მის მრავალ ნაწილად გახლეჩა. სწორედ ამიტომ უნდათ დაუპირისპირონ სექსუალური უმცირესობა და მათი დამცველები (საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შემართებით ებრძვის) – მართლმადიდებლებს და საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც ასევე შემართულია მიხეილ სააკაშვილის ანტიეროვნული, ანტიადამიანური, ყველაფრის გამყიდველი და უნამუსო რეჟიმის მიმართ!

მერე დაიწყება ქალაქელების და სოფლელების, უმუშევრების და დასაქმებულების, მასწავლებლების და მოსწავლეების, სტუდენტების და ლექტორების, პაციენტების და ექიმების – დაპირისპირების მცდელობები!

„გაყავი და იბატონე!“ – აი, მიხეილ სააკაშვილის ლოზუნგი და იმედი!

სწორედ ამიტომ, პოლიციამ შეაგულიანა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომ მათ დაიცავდა, ხოლო არ გამოვრიცხავ, მათთვის შეურაცხყოფის მიმყენებელთა მხრიდანაც ზოგიერთი სპეციალური დავალებით მოქმედი პროვოკატორი ყოფილიყო! ბოლოს კი, სწორედ პოლიციელებმა დააკავეს ლგბტ მოძრაობის წარმომადგენლები და მათ მორალური და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

ხვალ, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოზიციები ძალიან შერყეულია დასავლეთში, რომლის წინააღმდეგ არსებობს Human Rigths Watch-ის და ევროკავშირის, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის და Amensty International–ის ძალიან კრიტიკული დასკვნები და მალე იქნება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო კრიტიკული – აშშ სახ. დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, უნდა წარსდგეს მსოფლიო საზოგადოების წინაშე და პასუხი აგოს იმ უკანონებებზე რაც ხდება მისი პოლიციის, სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, მედიაქოფაკების და სექსპერტების მიერ! და ამ დროს, როგორც ციური მანანა, ისე მოევლინა მას დღევანდელი შეჯახება თბილისის ცენტრში და მთელ მსოფლიო მედიასაშუალებებში გავრცელებული კადრები.

მიხეილ სააკაშვილი, სწორედ ამ კადრების იმედად, ისევ შეეცდება, დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ იგი არის დემოკრატიის თეთრი მტრედი და ქართული საზოგადოება – ჰომოფობიით დაბრმავებული, ბნელი და არატოლერანტული! რომ მისი და მისი პოლიციის გარეშე საქართველოში შუღლი და გაუტანლობა იფეთქებს! რომ სწორედ იგი არის ადამიანის უფლებების გარანტი საქართველოში!

ძმებო და დებო! იმის მიუხედავად, რას ფიქრობთ ერთმანეთზე და ერთმანეთის უფლებებზე –  ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები! და თუ გვინდა, რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ, ერთმანეთს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ იმ საშინელებას, რომელსაც ქვეყნის მოღალატე და გამყიდველი თახსირი ხელისუფლება ეწოდება! ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაივიწყებს ყველა იმ უბედურებას, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოუტანა, და დაიწყებს თავის თანამოქალაქეზე იერიშის მიტანას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მისგან განსხვავებულია – აზროვნებით, რწმენით, და ორიენტაციით, მომავალში ისევე დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს დაშლასა და სამშობლოს დაკარგვაზე, როგორც სააკაშვილის ავაზაკთა ბანდას.

ჩვენ უნდა გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი უთანხმოებანი და უნდა გავერთიანდეთ სწორედ კრიმინალური რეჟიმის საწინააღმდეგოდ!

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა არის ჩვენი მთავარი სატკივარი დღეს – ქართველი ხალხი არის დევნილი თავისი ქვეყნიდან იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც მზადაა ნებისმიერს მიჰყიდოს ჩვენი ქვეყანა და სურს მთლიანად დაცალოს საქართველო – საქართველოს მოქალაქეებისაგან. სწორედ ამიტომ უნდა ნაცმოძრაობას, მიიღონ აბსურდული ცვლილება, რომ საქართველოს არჩევნებში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს არამოქალაქეები – ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭონ ამ სტატუსის ღირს ადამიანს!

როდესაც ჩვენ გვტკივა ჩვენი ქუჩაში დაღუპული ახალგაზრდები, ჩვენი ომში დაღუპული ახალგაზრდები, ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი აოხრებული ბუნება, ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობა, ჩვენი დაქცეული სოფელი და ბარაკებში შეხიზნული ქალაქები, ჩვენი მიგრანტებად გაფანტული მილიონობით თანამემამულე, ჩვენი უდანაშაულოდ ციხეებში გამომწყვედული და ნაწამები მოქალაქეები… როდესაც ამდენი რამე გვტკივა, ნუთუ მოქალაქეთა ერთი მცირე ჯგუფის აღლუმის გამართვა არის ის „უზენაესი სატკივარი“, რასაც უნდა შეეწიროს სამოქალაქო ერთობა? ხოლო ყველაფერ ზემოთჩამოთვლილზე პასუხისმგებელი და პასუხის არგამცემი მთავრობა ისევ უნდა დარჩეს ჩვენს მოსისხლე ბატონად და უფლებაბოძებულ მოძალადედ? ნუთუ თქვენ,ჩაგრულო უმცირესობავ, თქვენი საკუთარი უფლებების გარდა, სხვა არავის შელახული და შერყვნილი უფლებები არ გაღელვებთ, რომ დღეს ამაზე გაგჩენიათ პროტესტი და ყველაფრის დამამცირებელ და გამყიდველ ხელისუფალთ შეკვრიხართ, ოღონდ კი ამ აღლუმის და საქვეყნოდ თავის გამოჩენის უფლება გიბოძოთ?

და მე ვეკითხები მეორე მხარესაც – თუ ქრისტიანობის დამცველი ხართ და ქრისტესმიერი სიყვარული არის თქვენი რწმენის საფუძველი, სად გაქრა ის მოწყალება და მიმტევებლობა, რომელიც უფალმა გვიქადაგა? ნუთუ ფიზიკური ძალადობა უნდა იყოს იარაღი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ჩვენგან განსხვავებულია? რამდენიმე ათეული ჩვენი რწმენის და ქცევის საჯაროდ უარმყოფელი ადამიანი თუ ჩვენს აგრესიამდე მისულ მრისხანებას იწვევს და არ ძალგიძთ მათ სიტყვით, რწმენით და გონების ძალით აჯობოთ, და თუ გეშინიათ, რომ ეს რამდენიმე ათეული გარყვნის მთელ ერს, განა ეს უფრო არ აკნინებს ჩვენი რწმენის ძალას, ვიდრე ამ რამდენიმე ათეული განდგომილის ეპატაჟური პროტესტი?

ახლა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება – 21 მაისს სამღვდელოება დავითგარეჯისკენ მსვლელობას აწყობს, მაშინ როცა ხელისუფლება იძახის, ვაითუ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა საზღვარზე გადამსვლელი დააპატიმრონო. იმავე 21 მაისს საქართველოს ლგბტ-აქტივისტები კი ახლა პარლამენტთან აპირებენ ჩაშლილი გეი-აღლუმის გაპროტესტებას. სააკაშვილი კი ამ დროს ჩიკაგოს ნატოს სამიტის ტრიბუნაზე იდგება მაპზე უკეთესის მოლოდინში… ან იმის მოლოდინში, რომ დასავლეთში იტყვიან – არა, ხომ ხედავთ, ეს კაცი რომ წამოვიდა, ნახეთ რა ხდება საქართველოში, სასწრაფოდ დავაბრუნოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგას ერთს უპყრია იქ სიტუაციის მართვის გასაღებიო…

ნუთუ ავუხდენთ ოცნებას საერთო ტრაგედიის დროს თამაშსა და საყიდლებზე წაბრძანებულ აცუნდრუკებულ „მმართველს“? ნუთუ ჩვენი სიბრმავით დავასხამთ წყალს იმ ჭეშმარიტი მაქციების წისქვილზე, რომელთა შესახებ ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“

ძალიან კარგად უნდა გავთვალოთ. ბეწვის ხიდზე გავდივართ…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s