დასაფერფლად გამზადებული პრეზიდენტის ღაღადი მისგან უცებ შეყვარებულ ქართველ ხალხს


Image

მეგობრებო! თანამოქალაქეებო! ძმებო და დებო! ჩვენი სახელოვანი არმიისა და ფლოტის მებრძოლებო! თქვენი ბელადი მოგმართავთ თქვენ, – ჩემო საყვარლებო, უძვირფასესებო და სულზე უტკბესებო!

სულ უფრო ახლოვდება საქართველოსათვის გადამწყვეტი ბრძოლის დღე! ვერაგი მტერი, რომელმაც ვერც დაგვამარცხა და ვერც დაგვაჩოქა, რომელსაც არც შევუშინდით და არც გავექეცით, სულ უფრო მეტად ცდილობს ჩვენს ყელზე ყულფის შემოჭერას, მაგრამ მე გპირდებით, რომ არასოდეს არ შეგელევით და არ მოგატოვებთ! ყოველთვის უსურვაზივით ვიქნები ჩახვეული ჩემს ქვეყანაზე, რომელიც ჩემს დეკლარაციაში შევიტანე და ჩემს ხალხზე, რომელსაც ასე თავდადებით ვმსახურებ და სანთელივით ვიწვი!

და დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რა ძლიერია ჩვენი სახელმწიფო! როგორი ბედნიერია ჩვენი ხალხი, რომლის განვითარების უსწრაფეს ტემპებს და აღმშენებლობის გრანდიოზულ მასშტაბებს შურით შესცქერიან მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოები! არასოდეს დავითისა და თამარის შემდეგ არ გვღირსებია ასეთი ელვისებური ტემპით განვითარება! არ შექმნილა არქიტექტურის და ხელოვნების ამდენი სწორუპოვარი ძეგლი, არ ჩამოსულა საქართველოში მსოფლიო ოპერისა და სცენის ამდენი ვარსკვლავი!

ან როგორია ჩვენი მიღწევები სამხედრო დარგში?!

მე ხანდახან მადარებენ ალექსანდრე მაკედონელს და ვფიქრობ, ეს ცოტა გადაჭარბებულია! არაა სწორი ჩემი შედარება იმ მხედართმთავართან, რომელიც თავის ბუნებით დამპყრობელი იყო! მე უფრო ჰანიბალის სტილის მთავარსარდალი ვარ, – ვიბრძვი უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ და ჩემი ხალხის მხრიდან უდიდესი ნდობა და სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ჩემი ნიჭით დავამარცხო გოლიათი! ჰანიბალმაც კი წააგო ერთი ბრძოლა, მაგრამ ბოლოს გაიმარჯვა და ამის შედეგად რომის იმპერია სულ მალე დაიშალა! მეოთხე რომად წოდებულ იმპერიასაც ეს ბედი ელის! ჩვენ მალე ისევ შევერკინებით მას და იგი ხუხულასავით დაიშლება!  ჩვენ დავიწყებთ სოხუმის განთავისუფლებას ქუთაისიდან, ცხინვალის განთავისუფლებას – გორიდან, ხოლო შემდეგ სოხუმიდან უკვე სოჭის და ნოვოროსიისკის განთავისუფლებასაც მოვახერხებთ! საქართველოს საზღვარი ყირიმამდე მივა და ჩვენ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს!

ამის განცხადების საფუძველს მაძლევს ის გიგანტური ნაბიჯები, რაც სულ რაღაც ორ-სამ  წელიწადში ჩვენმა სამხედრო მრეწველობამ გადადგა. რამდენიმე კვირის ინტერვალით მე თქვენ გაჩვენეთ საქართველოში დამზადებული ჯავშანმანქანები – „დიდგორი“ და „ლაზიკა“, უპილოტო საფრენი აპარატი „უსახელოური“, მალე წარმოგიდგენთ სტრატეგიულ ბომბდამშენს „ბე(ბო)-1“-ს და ბალისტიკურ რაკეტას „მს-გრანდ“-ს. ალბათ, მომავალში ჩვენს ეპოქას ასე დაახასიათებს თანამედროვეობის რომელიმე დიდი პოლიტიკოსი: „მან ჩაიბარა გუთნიანი საქართველო და დატოვა იგი ატომური ბომბით შეიარაღებული!“ დიახ, ჩემო ძვირფასებო, არც ეს დრო არის შორს! მომეცით მე ორი… სამი… ოთხი წელი… და ჩვენ ბირთვული არსენალიც გვექნება და რიონიდან გიბრალტარამდე ჩვენი ჩარტერული ატომური კრეისერები, ავიამზიდები და წყალქვეშა ნავებიც იმოძრავებენ!

ჩვენ ავაშენებთ ყველაზე დიდ ქალაქებს! ჩვენთან არს ტრამპი! – მსოფლიოს უდიდესი აღმშენებელი, რომელიც გაოცებული და ენაჩავარდნილი დადის ბათუმის და სიღნაღის ქუჩებში და აცხადებს, რომ მას აღმშენებლობის მსგავსი ტემპები ჯერ არ უნახავს! არამცთუ ბათუმსა და ლაზიკაში, არამედ გონიოსა და მახინჯაურშიც ჩვენ ავაშენებთ 20-, 40-, 60- სართულიან სასტუმროებსა და კაზინოებს, საცხოვრებელი ბინებიც ასევე მაღალი და ლაღი იქნება. საერთოდ, არც იქნება არავითარი “მახინჯაური” – ჩვენ მას “ლამაზაურს” დავარქმევთ! ამ ცათამბჯენების ბინადრები მანქანების ნაცვლად ვერტმფრენებზე გადაჯდებიან, ხოლო პლიაჟზე პირდაპირ დელტაპლანით დაეშვებიან! აი, როგორი თამამი გეგმები მაქვს მე და მინდა, რომ თქვენც ჩემსავით უშრეტი ფანტაზია გაგიღვივოთ! მინდა, რომ ჩემი თვალებით შეხედოთ მომავალს და გჯეროდეთ! არ აქვს მნიშვნელობა იმას, როდის იქნება ეს ყველაფერი! დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ უკვე იქა ხართ – ბედნიერ და ზეციურ საქართველოში! მაშინაც კი, როდესაც თქვენ გძინავთ, მე თქვენთვის ამ ბედნიერ მომავალს ვაშენებ! გჯეროდეთ და გწამდეთ ჩემი, ჩემო ძვირფასებო! ამყევით მე ამ გიჟურ ფანტაზიებში და მერე თავადაც მიხვდებით, რომ როცა ცხოვრებას მომავლის თვალით უყურებ, პატარა პრობლემები უკვე გავიწყდება ადამიანს!  იცხოვრეთ ხვალინდელი დღით! იცხოვრეთ მომავალი საუკუნით, სადაც თქვენ ყველაზე ბედნიერები და ლაღები იქნებით! კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ დაა…

რამდენი რამ გვაქვს დაგეგმილი თქვენთვის – ბარსელონაზე უფრო გრანდიოზული ბათუმი და ნახევარმილიონიანი გატიკა-ლაზიკა! განათებული უშბა და მიწისქვეშა ავტობანებით ურთიერთდაკავშირებული  სვანური კოშკები! ხელოვნური კუნძული ურეკთან და ხელოვნური ზღვა უშგულში! სიღნაღი, სადაც სიყვარული 24X7 რეჟიმში იქნება ჩართული და წყალქვეშა კაზინოების ქსელი „ვარდისფერი აკვანი“ ბაზალეთში! მილიონიანი წყალტუბო – ახალი WellVille, რომლის  აეროპორტიდან დღეში 500 საერთაშორისო რეისი შესრულდება! ყვარელი და გურჯაანი, სადაც ვისკის და ჯინის ქარხნები გაიხსნება! პალმებით თავმომწონე საგარეჯო, საქართველოს ყველა კურორტში აღმართული ჭაჭა-თაუერები და კუნილინგუს-თერაპიის ცენტრები! ხოლო თბილისს ისეთი ბედი მოვუმზადეთ, რომ არც კი  დაგესიზმრებოდათ – თბილისი იქნება სამხრეთ კავკასიის ფედერაციის დედაქალაქი – ყველა აზერბაიჯანელის დედაქალაქი, ყველა სომხის დედაქალაქი!.. მაცადეთ კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ დაა…

მე მინდა ორიოდ სიტყვით უფრო სერიოზულად შევეხო სიყვარულს და სექსს. და შევეხო ამჯერად, პატრიოტული და ბიზნეს-პერსპექტივის კუთხიდან.

სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ქართველი მამაკაცები სექსუალურ პრაქტიკას გადიოდნენ რუსეთში და ეს ძალიან ცუდი ფენომენი იყო! ჯერ ერთი, ეს იყო სექსი აგრესორთან და იგი აკნინებდა ქართველი ერის ეროვნულ თვითშეგნებას! იმის მაგიერ, რომ დღედაღამ გვეფიქრა რუსეთისგან გამოყოფაზე, ჩვენ მუდამ საწინააღმდეგოზე ვფიქრობდით. ალბათ, გახსოვთ ჭიჭიკიას ცნობილი გამონათქვამი: „ვის უნდა გამოვეყო, ამას (ნატაშას) უნდა გამოვეყოო?“ ძალიან პატივს ვცემ ბუბა კიკაბიძეს, და მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, ამ სახელოვანმა და სასიქადულო მოღვაწემ პარლამენტარობაზეც იფიქროს, მაგრამ გულახდილად უნდა გავნაცხადო, (და ვიცი, რომ ბუბა ამას მაპატიებს), – მიმინოს როლი, სადაც იგი ლარისა ივანოვნასთან ურთიერთობაზე ოცნებობდა, ქართველი ხალხისათვის ძალიან დამამცირებელი იყო! და თანაც ეს იყო ეკონომიკურად ძალიან წამგებიანი! საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით მანეთი გადადიოდა რუსეთის და რუსეთის იმპერიის ქალბატონების ხელჩანთებში და საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ყვავილების, სუნამოების, ტანსაცმლის თუ ბინების სახით! ეს – „სექსი აგრესორთან“ იყო წამგებიანი მორალურადაც და ეკონომიურადაც! და ვისაც გაუკვირდა ქსენია სობჩაკთან და ქსენია სოკოლოვასთან ჩემი არნახული თავშეკავება, მინდა პირდაპირ ვუთხრა, რომ ეს სწორედ ჩემი პატრიოტული და ეროვნული თვითშეგნების ნაყოფი იყო, თორემ სამშობლოს ერთგულებაზე რომ არ მეფიქრა, მაგათ კვნესას ბათუმიდან პეტერბურგში გაიგონებდნენ!

და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს?

ნაციონალური მოძრაობის ბრძნული და პატრიოტული გადაწყვეტილებით „სექსი აგრესორთან“ შეცვალა „სექსმა სტრატეგიულ მოკავშირესთან“! ამის განსახიერება არის ბათუმში ალის და ნინოს დიდებული ქანდაკება, ხოლო უფრო გასაგებად თუ გინდათ, გაიარეთ საღამოს ბათუმის, ქობულეთის, შეკვეთილის პლაჟებზე, შეიხედეთ  რესტორნებში და ბარებში, დისკოტეკებსა და სტრიპტიზ-კლუბებში და თქვენ ნახავთ უამრავ ბედნიერ წყვილს, რომლებიც რამდენიმე საათში თავისი ეროტიული ექსტაზით კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნების – საქართველოს და თურქეთის – სტრატეგიულ პარტნიორობას! და თანაც, განსხვავებით ძველი – ეკონომიკურად წამგებიანი მოდელისა, ახლა ქვეყნიდან ფული კი არ გადის, პირიქით, – საქართველოს ბიუჯეტში  ნიაღვარივით მოედინება! თითოეული სექსუალური აქტი, თითოეული ორგაზმი სამშობლოს სამსახურში და თანამოქალაქეების დასაქმებაშია ინვესტირებული! ამიტომ არის ეს – ჩვენს მიერ მოწოდებული მოდელი სიყვარულისა – „სექსი სტრატეგიულ პარტნიორთან“ – მორალურადაც პატრიოტული და ეკონომიკურადაც მომგებიანი. მინდა გითხრათ, რომ მალე ჩვენი საგადასახადო სამსახური GPRS-სალარო აპარატებით შეაიარაღებს ჩვენი სექსუალური ინდუსტრიის თვალწარმტაც მუშაკებს და ბიუჯეტში შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება! სადაც არ უნდა მოხდეს სექსთან ასო-ცირებული ტრანსაქცია, მაშინვე მომგებიანი ჩეკიც ამოირტყმება! მეტიც, ყოველთვიურად ფინანსთა სამინისტრო წარმატებული ინდმეწარმის სიგელებსა და პრიზებს გადასცემს მათ, ვინც თავი გამოიჩინა, ხოლო ყველაზე ნიჭიერთათვის საზღვარგარეთ ტრენინგ-ტურებსაც ვგეგმავთ!

და კიდევ ერთი ასპექტი, რასაც არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა. სიყვარულის ამ ახალი მოდელით ჩვენ გენდერული ბალანსი აღვადგინეთ! ადრე  სექსი ძირითადად ქართველი მამაკაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ჩვენმა ქალებმაც გაუგეს გემო სექს-ინდუსტრიას! ამით კიდევ ერთი გიგანტური ნაბიჯი გადავდგით დაკაბალებული ქართველი ქალის განთავისუფლებისაკენ. დღეს ყოველ ქართველ გოგონას თავისუფლად შეუძლია აირჩიოს პარტნიორი და თავად განსაზღვროს თავისი ბედი თუ ტარიფი! და ეს ბედნიერება მე ისე მივანიჭე ქართველ ქალებს, რომ არასოდეს არ დამიყვედრებია! მომავალშიც ვეცდები, გავამართლო ჩემი ქალი ამომრჩევლების იმედები და მოლოდინი!

მე აღარ შევჩერდები იმ წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, რომლებზეც დღეს შანხაიდან სან-ფრანცისკომდე ლაპარაკობენ! ქართული პოლიცია, რომელიც სულ რაღაც 4 წელიწადში მოქალაქეების ტყვიით დახოცვიდან უფრო თანამედროვე მეთოდებზე გადავიდა და IRI-ს ბეჭედდასმულ 87%-იან ნდობას იმსახურებს! ქართული სკოლა, სადაც მალე კომპიუტერი სრულად ჩაანაცვლებს დაფასაც და მასწავლებელსაც, ხოლო მანდატური – დირექტორს და სასწავლო ნაწილს! ქართული მედიცინა, რომელიც სულ უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს და სწორედ ამ (ფარამაცევტული და სადაზღვევო ბიზნესის) მწვერვალებიდან ამაყად გადმოსცქერის ჩვენს მოსახლეობას! ქართული სასამართლოები, სადაც პროცესი ისეა ოპტიმიზირებული, რომ ჩვენ მალე ვირტუალური პროცესების ჩატარებას დავიწყებთ, როცა პატიმრის მიყვანა სასამართლოში არც იქნება საჭირო და სერიოზული ხარჯები დაიზოგება! ქართული სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც ყველა ბედნიერია იმ შემოსავლებით, რასაც ციხეებში გამოიმუშავებენ და იმ სამედიცინო დახმარებით, რასაც მათ აღმოუჩენენ! ქართული მედია, რომელსაც უმწვავესი შეკითხვები უჩნდება სწორედ იმ ხალხის მიმართ, ვის მიმართაც ჩვენ ყოველთვის გვექნება უმწვავესი რეაქცია, მთავარია, შეკითხვები დროულად იქნას დასმული!

საგანგებოდ მინდა შევჩერდე საქართველოში პატიმრების რიცხვის ზრდაზე, რასაც ორი მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ირგვლივ ყველა და ყველაფერი კორუფციულ სქემებში იყო ჩართული ჩვენ დავიწყეთ დაჭერები. დავიჭერეთ მილიონების მპარავი ქურდები, მერე ისინი, ვინ ასულ ათასებს  იპარავდნენ, მერე ათასლარიანებს მოვდექით, მერე ასი ლარის ქურდებიც დავიჭირეთ… რაც უფრო მეტ ხალხს ვიჭერდით, მით უფრო მეტად ივსებოდა ციხეები, მაგრამ ჩვენ გამოსავალს მივაგენით. ჩვენ ხალხს შევთავაზეთ სასჯელის გამოსასყიდის სისტემა – საპროცესო გარიგებები! დამიჯერეთ, რომ არა გარიგებების ეს სისტემა, დღეს საქართველოს ციხეებში 26,000 კი არა, – 260,000 პატიმარი იქნებოდა! ამიტომ ვინც სასჯელაღსრულების სისტემის არასრულყოფილებაზე ლაპარაკობს, ჩვენს მდგომარეობაშიც უნდა შემოვიდეს! ჩვენ ამ პრობაციონერებისაგან გადახდილი თანხებით ვაშენებთ ახალ ციხეებს! ასე რომ, როდესაც 100,000 ადამიანს საპროცესო გარიგებას ვუდებთ, ამით ჩვენ 10,000-მდე ახალი პატიმრის ადგილს ვაშენებთ. ფაქტიურად ჩვენ შევქმენით ერთგვარი „პერპეტუმ მობილე“ – ვიჭერთ ხალხს, მათ დიდ ნაწილს (ვისაც გადახდა შეუძლია) ფულს ვახდევინებთ და ვუშვებთ, შემოსული ფულით ვაშენებთ ახალ ციხეებს და შეგვიძლია მეტი ახალი ხალხი დავიჭიროთ, ხოლო ახალი პრობაციონერების ხარჯზე – კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები… წამგებიანი ბიზნესიდან ზურა ადეიშვილმა და ხათუნა კალმახელიძემ ციხე აქციეს ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ბურჯად! თანაც პრობაციონერები ძალიან დისციპლინირებული ხალხია და ათასჯერ დაფიქრდებიან, სანამ არასწორ ნაბიჯს გადადგამენ, განსაკუთრებით – არჩევნებზე… პრობლემა მხოლოდ იმაშია, ციხეები ისე კომფორტული გახდა, რომ ზარმაცი ხალხის ნაწილი უკვე სპეციალურად ჩადის წვრილმან დანაშაულს, რათა კომფორტულ ქართულ ციხეში მოხვდეს, რომელიც დღეს საბჭოთა კავშირის დროინდელ სანატორიუმს შეიძლება შევადაროთ – საცხოვრებელი პირობებითაც და საკვების ხარისხითაც. გარწმუნებთ, მალე მოვა დრო, რომ ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილს ნებაყოფლობით ენდომება ციხეში ჩაჯდომა და თავისი ფინანსური თუ სამედიცინო პრობლემების მოგვარებაზე ტვირთის სახელმწიფოსათვის გადაბარება.  ამასაც მოვაგვარებთ…  კიდევ ორი… სამი… ოთხი წელი მაცადეთ და…

წელს კი, სიურპრიზი გავქვს! მალე ძალიან ბევრ ადამიანს გამოვუშვებთ ციხეებიდან! ნარკომანები და ნარკოტიკის გამსაღებლები, რომლებსაც კიდევ მრავალი წელი უნდა ეხეხათ ჩვენი ციხეების ულამაზესი იმპორტული მეტლახი, მალე სახლებში დაბრუნდებიან! და იცით, რა უნდა გითხრათ? ეს ადამიანები ხომ ახლა უფრო დააფასებენ თავისუფლების ფასს?! განა რა იყო მათი ცხოვრება, სანამ ციხეში მოხვდებოდნენ! ისინი გემოს ვერ ატანდნენ ცხოვრებას! ახლა კი მათთვის ახლობლებთან გატარებული თოთოეული წამი გაცილებით ლამაზი და დასაფასებელი გახდა, მხოლოდ ციხის შემდეგ შეიგრძნობენ ისინი ჩვენი სამშობლოს ბუნებისა და ხალხის სილამაზეს! როგორც ქართველი პოეტი მაიაკოვსკი ამბობდა, ბევრს კარგავს ის, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ციხეში არ მჯდარაო. ამიტომ, ალბათ არ იქნება ცუდი, თუ ჩვენ პერიოდულად ცხოვრების ციკლთა ამ მონაცვლეობას და კონტრასტით გამოწვეულ ბედნიერებას არ მოვაკლებთ ვაჟკაც ქართველ ხალხს! როგორც დიდი გოგლა ლეონიძე ამბობდა – ”ციხის საკნიდან ფეხშიშველი თუ არ გამოდი, რაა მამული?”

რაც შეეხება „ნულოვან ტოლერანტულობას“, ეს ჩვენი მარადიული დევიზია და უნდა დარჩეს… ზოგიერთი ჩვენი ცინიკოსი კრიტიკოსები ლაპარაკობს, რომ 1 ლარის ქურდი, ან ადამიანი, რომელმაც 1 ლარსი მზესუმზირა ჩეკის გარეშე გაყიდა, არ უნდა მიდიოდეს ციხეში! ვერ დაგეთანხმებით! ამით დაირღვევა სამართლის უნივერსალურობის და პროპორციულობის ფუძემდებელი ქვაკუთხედი… ჩვენ, მაგალითად, როდესაც სიმბოლურ ფასად ვინმე დამსახურებულ ადამიანს ქონებას გადავცემთ, ვალდებულნი ვართ, სახელმწიფო ინტერესები არ დავივიწყოთ და ბიუჯეტში 1 ლარი გადავახდევინოთ… მაგალითად, პროფესორმა გიული ალასანიამ ახლახანს 1 ლარი გადაიხადა ბათუმში რაღაც პატარა შენობის ფასად… ჰოდა, თუ მე მშობელ და გამზრდელ დედას არ ვპატიობ 1 ლარს, როგორ შეგიძლიათ, მომიწოდოთ, რომ ვინმეს ვაპატიო და 1 ლარის ქურდი არ დავიჭირო?! ეს ხომ ჩემი მშობელი დედის დამცირება და უსამართლობა გამოვიდოდა?

მაგრამ აღარ გვინდა – ციხეებზე, ჯარიმებზე და სასამართლოზე ლაპარაკი. დავუბრუნდეთ იმას, რაც გვახარებს და გვახალისებს – აგერ პარლამენტის შენობა გაიხსნება 26 მაისს, როგორც დაგპირდით… მართალია, მთლიანად ვერ გაიხსნება, მაგრამ რაღაც ხომ გაიხსნება?! განა დაგპირდით, მთლიანად გავსხნით მეთქი? მთავარია ლენტის გასაჭრელის ექვივალენტური ფართი დამთავრდეს და უხუცესი პარლამენტარის – გიგი წერეთლის ფონზე ფოტო გადავიღოთ! მთავარია, ჩვენმა ხალხმა არ დაკარგოს პერსპექტივის განცდა! რაღაცა ხომ კეთდება!.. აგერ გავხსენით კოლხური შადრევანი. ბოროტი ენები ამბობენ, რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდაო… კიდეც რომ დამჯდარიყო… რამდენიმე ათეული მილიონი ლარიც რომ დამჯდარიყო!.. განა რამე შეედრება ბავშვების ბედნიერ თვალებს, როცა ისინი ოქროს ჯიხვის და ოქროს ირმის რქებს ეფერებიან? ასეთი ბავშვი ხომ მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს მთავრობის მიერ მოგვრილ ამ დაუვიწყარ ნეტარებას!.. მას ხომ ვერავინ დააჯერებს, რომ ხელისუფლება მასზე არ ზრუნავს!..

საერთოდ, მე გარკვეულობა მიყვარს და ინტენსიურად ვმუშაობ, რომ უპასუხოდ არცერთი კითხვა არ დარჩეს (ნუ, გარდა იმ კითხვებისა, რომელსაც პროვოკატორები სვამენ და რომელზეც პასუხი ჩვენს დამცირებად მიმაჩნია). ამიტომ, დღედაღამ გასწორებული მაქვს, რომ საქართველოს ყველა კუთხეს ჩემი ხელი დავატყო – სად ძეგლი აღვმართო, სად – სტელა, სად ესტაკადა და სად შადრევანი… ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ იგი და მისი ინტერესები ჩემთვის ძალიან ძვირფასია! ყველას ექნება ახლოს რაიმე ისეთი, რასაც შეხედავს და სულ რომ კვდებოდეს, მაინც მადლიერი აღმოთქვამს – „აი, ეს მიშამ გააკეთა! მადლობა, შენ, ღმერთო, რომ ამას მომასწარი!“ აი, ასეთ საქართველოზე ვოცნებობდი მარად და არაფერს დავიშურებ, რომ სწორედ ასეთ საქართველოში გაცხოვროთ!

და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითოეული ქალაქი და სოფელი ჩემად მიმაჩნია, ისიც გავარკვიე უკვე, სად მინდა, ჩემი ფერფლი მიმოფანტონ – ანაკლიის თავზედ! ამ პროცედურის დეტალებზე ახლა ვმუშაობთ, როდესაც სცენარი მზად იქნება, იგი პლატინის ზარდახშაში ჩაიკეტება და საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტში ჩაბეტონდება… მთავარია, ყველამ იცოდეს, რომ გეგმა არის! ჩვენ ხომ სპონტანურად არაფერს ვაკეთებთ…

რამდენი არნახული ინოვაცია მოვიგონეთ და ხორცი შევასხით! განა რომელიმე ქვეყანას, სადაც ჩვენნაირი ხელფასი და პენსიაა, მოუფიქრებია ლაზიკის მსგავსი გიგანტური მშენებლობის დაწყება? განა სად აშენებენ ასე უკანმოუხედვად ამდენ ჰესებს ერთდროულად? განა სად არის დაგეგმილი 500 კილომეტრიან ქვეყანაში 12 სამოქალაქო აეროპორტის აშენება? განა სად მოიფიქრეს ჩეკების გათამაშებით ერის გაბედნიერება? განა ვინმეს შეუთავაზებია მოსისხლე მტრისთვის არა თავისი სული, ან თავი, არამედ ის, რაც კიდევ უფრო ძვირფასია?

მითხარით, რა დაგპირდეთ, და დაუფიქრებლად დაგპირდებით!!!

ნუ გადადებთ თქვენი სურვილების ჩემთვის გამოგზავნას! შემოდით ჩემს ფეისბუქის გვერდზე, დამილაიქეთ და ჩაუთქვით სურვილი, რომელიც ჩემთვის ბრძანების ტოლფასია! უთხარით თქვენს ახლობლებს, ნუ ერიდებათ ჩემთან ურთიერთობის! მე თქვენი პრეზიდენტი კი არა, თქვენი მეგობარი ვარ, თქვენი გულის მესაიდუმლე! თქვენი სოციალური მოძღვარი! გამიზიარეთ, რა გინდათ და თქვენს ოცნებებს ჩემს ოცნებებად და დაპირებებად ვაქცევ! წლის ბოლომდე არ არის არავითარი თემა, რომელსაც ვერ და არ დაგპირდებით!

და როგორც ამბობდა ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლი დიდი მოღვაწე – მარტინ ლუთერ კინგი – „აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“ ბევრი ვეძებე და დავასკვენი, რომ სწორედ ეს ადამიანი არის ჩემი იდეალი და სწორედ ეს სიტყვებია ჩემი ცხოვრების კრედო! აქა ვდგევარ მე, ერის ლიდერად თქვენგან შერაცხული და სხვაგვარად არ ძალმიძს! და მჯერა, რომ თქვენც არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე! მე მზად ვართ თქვენ მარად გემსახუროთ და თქვენც გატყობთ მზაობას, რომ მარად მიიღოთ ჩემი მოკრძალებული სამსახური და თქვენთვის თავდადება!

(შენიშვნა – ციტირებები მოყვანილია გამოსვლის  ჩანაწერის მიხედვით)

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s