[ჯერ კიდევ] ჰალსტუხიანი მეამბოხე (კომენტარი ია ანთაძის ბლოგზე ”მეამბოხე პრეზიდენტი”)


ია ანთაძემ რადიო “თავისუფლების” ბლოგზე ძალიან საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა – „მეამბოხე პრეზიდენტი“ http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/24549161.html

სააკაშვილის მართლაც, ბუნებით მეამბოხეა, რომელსაც ზომიერი და მშვიდი ევოლუციური განვითარება ორგანულად ჭირივით ეზარება. მისი სტიქიაა ამბოხი. აკი, უძახოდა კიდეც ოპოზიციას – “არ ვარგიხართ, თორემ მე რომ თქვენ ადგილზე ვიყო, 3 თვეში გადავაგდებდი ამ მთავრობასო” (ანუ, – ჩემისთანა წუწკი ქოფაკის  გადმოგდებას რა უნდაო?!)… პრეზიდენტობის დროს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ პრეზიდენტებს ამბოხის შეზღუდული რესურსი აქვთ… თუმცა, „გული გულობდეს და…“

ასე რომ, მიშასგან ამბოხის მზადება ყოველთვის მოსალოდნელია, და გაჭირვების ჟამს – მით უფრო. მაგრამ ამბოხიც არის და ამბოხიც… ბლადს (არაბელადან) დავეთანხმები, რომ ამჯერად მიშას ამბოხისათვის საკმაოდ შეზღუდული რესურსები აქვს.

1) გამჟღავნებული რეალობა და სახელგატეხილი საინფორმაციოპიარ რესურსები. სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ქართული მილტფილმის გმირის – მშიშარა და ბაქია თაგუნას მდგომარეობას. გულკეთილი ჯადოქარი თაგუნას უძლეველ ვეფხვად აქცევს, რომელიც ომახიანად მღერის: „აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზავ! ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ, ყლაპს ვუზამ, ას ლიტრა რკინას დავღეჭავ კევივითა და ყლაპს ვუზამ“… ამ სიმღერების უკან მდგარი რეალობა უკვე ყველამ გაიგო…  განმუხურის რეჟისორულად უნაკლოდ დადგმული მკერდითმიწოლის სპექტაკლის შემდეგ ხომ იყო გორის «let’s move away» სპრინტი და მიწაზე გორაობის ყველასთვისცნობილი რეალობა, ინტერნეტში კი, თუ მიხეილ სააკაშვილის სურათს მოიძიებ, პირველი, რაც ამოდის, ეს არის წითელი ჰალსტუხის ღეჭვაში გართული თვალებდაქაჩული მიშას სახება, რომლითაც იგი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში… და რაც არ უნდა ომახიანად ილაპარაკოს სააკაშვილმა იმაზე, რომ მტერი ვერ დააჩოქებს, რომ მტერს არ გაექცევა და მტერს ხელს არ აულოკავს – ეს ყველაფერი იყო! დაიჩოქა, გაიქცა და აულოკა… და სიამოვნებით აულოკავდა კიდევ მრავალჯერ, რომ არა ის პათოლოგიური აუტანლობა, რომელიც მის დამჩოქებელს მისდამი გააჩნია… ამას თან ერთვის ის, რომ თუ ადრე მიხეილ სააკაშვილის ხელიდან ნაკვები გოშიავიზიები, ასე თუ ისე, მედია საშუალებებად ითვლებოდნენ, დღეს არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს 100%-ით პროპაგანდისტული მანქანებია, რომელთა „დამოუკიდებლობა“, „მიუკერძოებლობა“ და „პროფესიონალიზმი“ იმდენად ცნობილია, რომ უცხოელი დიპლომატები გაყალბების თავიდან ასაცილებლად ან საერთოდ თავს არიდებენ მათთან რაიმეს კომენტირებას (მარტო სიცოცხლეგამწარებული ჯეიმს აპატურაის აზრი რუსთავი2-ზე რად ღირს!), ან თავის გამოსვლებზე წინასწარმომზადებულ ქართულ სუბტიტრებს დებენ, რომ გამორიცხონ მოსალოდნელი (უცილობელი!) გაყალბება.

2) ჩარეცხილი დემოკრატიული იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ის, ხარ თუ არა ამბოხებული, არამედ ის, რამდენად დემოკრატიულ იმიჯი გაგაჩნია ამბოხებამდე. დღეს სააკაშვილის დემოკრატიულობის მითი ეყრდნობა მხოლოდ იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ უნდათ ღიად აღიარონ, რომ აშკარად ავტოკრატ მმართველს, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის არაერთხელ ჩამწიხლავს, პირწავარდნილ დემაგოგს და საერთოდ შლეგ პიროვნებას შეალიეს მხარდაჭერის ამდენი წელი და მრავალმილიარდიანი დახმარება. ამ სიტუაციაში, ასეთი ადამიანის მიერ დაწყებული ამბოხი ძალიან ემსგავსება კადაფის მიერ დაწყებულ რევოლუციურ ამბოხს. რაც არ უნდა აფრქვიოს მან პატრიოტული ლოზუნგები და რაც არ უნდა ამართლოს სოფლებში მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება, ამას ის ეფექტი აქვს, რაც მატყუარა მწყემსის მიერ მეშვიდეჯერ ატეხილ ყვირილს „მგელი, მგელიო!“.

3) ოპონენტების ახალი, მძიმე სპექტრი. სააკაშვილი ვერ ბედავს ამბოხის ახალი ადრესატების ღიად მინიშნებას. იმის მაგიერ, რომ ლუკაშენკოსავით პირდაპირ დაარტყას დასავლელ დემოკრატებს და მათი ელჩები პერსონა ნონ გრატებად გამოაცხადოს, იგი თავად ხმას არ იღებს და ყოველგვარი უკვე გაჟღერებული თუ მომავალი უკმაყოფილობები – ამერიკის ელჩის განცხადებებით, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფრიდომ ჰაუსის ანგარიშებით, ან არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებული კრიტიკული ფაქტებით – მეორე და მესამეხარისხოვანი პირების მიერ იყო და იქნება გახმოვანებული… ამისთვის ეყოლება დაგეშილი ბობოხიძე, წიკლაური, თორთლაძე, ბალავაძე, ხაბაზი და სხვა წვრილფეხობა… საქმე იმაშია, რომ ლუკაშენკოსაგან განსხვავებით, რომელიც მუდამ ორ პოლუსს (ევროკავშირსდა და რუსეთს) შორის დარბის და სარფიან კუშსაც ორივე მხრიდან ახერხებს და იღებს, მიშას რუსეთთან მისასვლელი კარი ოფიციალურად დაკეტილი აქვს პუტინის მიერ. პუტინი ალბათ არც იქნება წინააღმდეგი ნაცმოძრაობის რომელიმე სხვა ლიდერს დაელაპარაკოს – უგულავას, მერაბიშვილს, ან (განსაკუთრებით!) – ჩანგალსიმუს ბაქრაძეს, მაგრამ სააკაშვილი მას ხელისარჩამოსართმევთა კასტაში ჰყავს გამწესებული და სავარაუდოდ, ამ სტატუსს არც მოუხსნის. ამიტომ სააკაშვილისგან დასავლეთის ღიად კრიტიკა წარმოუდგენელი სიგიჟე იქნებოდა. მან მანამდე მეორე, ახალი პატრონი უნდა იპოვოს. სავარაუდოდ, ამ როლზე ერდოღანის იმედი აქვს, მაგრამ მწარედ ცდება, თუ ფიქრობს, რომ ერდოღანი ჭაჭამფრქვევი კოშკის და ერთი მეჩეთის ფასად ან დასავლეთს გააწბილებს და ან – პუტინს… თუმცა, მიშა ფსონად აჭარასაც ჩავა, თუ დასჭირდა…

4) პოლიტიკურეკონომიკური ქანქარა. სააკაშვილისთვის ძალიან რთული დილემაა, არ იცის, რა უფრო დიდი პრობლემა იქნება მისთვის – ეკონომიკა თუ პოლიტიკა. პოლიტიკურად მას მართლაც აწყობს დაძაბულობის, ხიფათის, „მტერი გვიტევს!“ „ყველანი სამშობლოს დასაცავად!“ სიტუაციების იმიტირება-გათამაშება და ამბოხის დაწყება. მაგრამ ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს იმ სტაბილურ-იდილიური მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური ბუმის სურათს, რომელიც სააკაშვილს არანაკლებ სჭირდება, რომ ძალიან გაჭირვებული ფინანსური მდგომარეობა გამოასწოროს და საკუთარ ზონდერებს და პოლიციას „ერთგულების“ გრადუსი არ დაუგდოს! ის საყოველთაო აუქციონი, რაც მთავრობას გამოცხადებული აქვს, ყველაფერზე ახალი გადასახადების შემოღების და ძველების გაზრდის ტოტალური ეპიდემია ხომ სწორედ ფინანსურ გაპარტახების გამოა გავრცელებული! ჰოდა, როგორ გინდა, თან პარლამენტის და ქალაქის საკრებულოს შენობები ამზადო გასაყიდად, თან 4 მილიონ ტურისტს ეპატიჟებოდე, თან ლაზიკის ინვესტორებს აგროვებდე გამწარებული, და თან ომახიანად აცხადებდე – ჩვენი მამაკაცების 100% რეზერვში ეწერება და მტერს საკადრის პასუხს გასცემსო? რომელი სულელი დაიჯერებს რუსი ტურისტების საქართველოში მოზღავების მითს, თუ სწორედ რუსებისაგან აგრესიის გამო დღედაღამ საჭირო სიფხიზლეზე დღედაღამ გაუთავებლად ლაპარაკობ და ახალი საომარი ტექნიკის ისეთ გამალებულ პრეზენტაციებს აწყობ კვირაში ერთხელ, რომ საჩვენებელი მილიტარიზაციის ტემპებით მალე რუსეთს, ირანს, ჩინეთს და ისრაელს, ერთად აღებულებს გადავასწრებთ! ასე რომ, მიშა როცა თავისი რეჟიმის პოლიტიკურ გადარჩენაზე ზრუნავს, უნდა თუ არ უნდა, ეკონომიკურად ძირავს საკუთარ ნავს!

5) ამბოხის ვადა. დაბოლოს, არის ერთი რამ, რაშიც ცოტათი ვერ დავეთანხმები ბლადის ანალიზს. სააკაშვილი იმდენად „არჩევნების მეორე დღისთვის“ არ ემზადება, რამდენადაც არჩევნების წინა დღეებისთვის! მთელი ეს „მიშურა“ – ფსევდორეზერვი, იარაღის დარიგება, ციხეებიდან სახიფათო კრიმინალების გამოშვება და რეზერვის სათავეში ჩაყენება, ახალაიების და სხვათა ზონდერების მობილიზება, ფინანსური ტერორი, კაბელური ტერორი, მედია ტერორი, და სხვა „ფსიხიჩესკი“ შეტევები – სწორედაც რომ არჩევნებამდე, ძირითადად, ქართული საზოგადოების, ასევე მიუკერძოებელი დამკვირვებლების („აქ სად მოდიხართ? არ იცით, ჩვენთან რა შეიძლება მოხდეს?!“) დაშინების მცდელობა უფროა, ვიდრე რეალურად სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა. რადგან სააკაშვილს თუ არა, ამ სახიფათო თამაშებში მონაწილე სხვა პირებს მაინც, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ როგორც კი ისინი ამ დონის ავანტიურაზე წავლენ (უკვე მეორედ), ამით საკუთარ თავს ყველანაირად კანონგარეშე დააყენებენ. მთელი ეს ბრავადა და აქა-იქ ნაყიდ-ნანათხოვარ-გადაღებილი საომარი ტექნიკის თითო-ოროლა ნიმუშის დემონსტრირებით ჰაერით დაბერილი კუნთების თამაში, და იმის იმედზე ყოფნა, რომ კახეთში თუ სამეგრელოში იარაღდარიგებული მოსახლეობა ამ იარაღით მიხეილ სააკაშვილის ნულოვანი რეიტინგის მქონე რეჟიმს დაიცავს თავისი მეზობლებისაგან, არის ის, რასაც ინგლისურის ნაკლებად მცოდნე ხალხიც კი გასაგებ სიტყვას არქმევს – boolshit!… მიხეილ „უშიშარის“ (თუ – გამოუშუშარის) ოცნება ისაა, რომ მოწინააღმდეგე ოპონენტებს სათითაოდ შეაშინებს და არჩევნებამდე უკან დაახევინებს. მას არ აქვს იმის ილუზია, რომ ძველებურად ვინმეს საიდუმლო მოლაპარაკებებზე დააბოლებს, არც იმის, – რომ რაიონებში ისე გააყალბებს, რომ თბილისი და დიდი ქალაქები გადაფაროს, არც იმის, რომ ნავარო გადაარჩენს, და არც იმის, რომ რამდენიმე ასეული ზონდერი მთელ საქართველოს ტყვედ აიყვანს… ახლა ყველაფერი იმაზეა – პირველი ვინ დაახამხამებს…

მიხეილ სააკაშვილი არეკილი გარეკილი კია, მაგრამ იმდენი ტვინი შიგადაშიგ კი შერჩენია, რომ კადაფის ხვედრს ბენ ალის ხვედრი ამჯობინოს, ბოლო მომენტში. მით უფრო, რომ არჩევნებამდე კადაფის და მუბარაქის  პლეადას, ალბათ, ბაშარ ასადიც მიემატება… სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ არჩევნების წინა დღეები იქნება ყველაზე მძიმე. აი, როდის იქნება მასიური დაშინება და ტერორი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე არ წავიდეს! მრავალი ჩვენთაგანის სახლებში ჩუმჩუმად მოვლენ სიდამპლის გაბრწყინების ორდენის კავალრები – პაგონიანი და უპაგონო შარიკოვები და შმონდერები, სიდედრიონები და სახლმმართველობის გოშიები, და შეეცდებიან მათრახით და თაფლაკვერით დაგვარწმუნონ, რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი იმას, ვინც 8 წელია სისხლს გვწოვს და სამშობლოს ნაწილ-ნაწილ გვიყიდის… შეეცდებიან, დაგვაშინონ ჩვენი შვილების მომავლით (ვითომ ამათ ხელში ვინმეს მომავალი გაგვაჩნდეს), ჩვენი კარიერის დამსხვრევით (თორემ ხომ ისეთი კარიერა გვაქვს მათი წყალობით რომ…), ჩვენი საკუთრების წართმევით (თუ ჭკვიანად იქნებით, ცოტა უფრო გვიან წაგართმევთო…)… აი, როდის გველის მთავარი გამოცდა… თუ ამ ფსიქიურ შეტევას მშვიდად გავუძლებთ (ბოლო ბოლო, ვუთხრათ, რომ მათ მივცემთ ხმას და მერე ისე გადავაგდოთ, როგორც თვითონ გვაგდებემ ეს 8 წელია!) და თუ არჩევნებს მთელი ხალხი ( და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები) ღირსეულად ჩავატარებთ, ყველა მივალთ ჩვენს უბნებზე და უარს ვეტყვით ნაცმოძრაბის ტერორს, არჩევნების მეორე დღეს მიშა იქნებ არც ვიხილოთ…

P.S. მძიმე და კატასტროფული ვარიანტები

არის, რა თქმა უნდა, იმის შანსი, რომ არჩევნების წაგების შემდეგ მიშამ აჭარაში გამაგრება და თურქი ასკერებით მხარდაჭერილი ვანდეის ჩამოყალიბება სცადოს, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ვანდეამ დიდხანს გაძლოს. თურქეთის მმართველებმა შეიძლება მხარი დაუჭირონ გიულის ბიჭს, მაგრამ უცხო ქვეყნის შინაურ საქმეებში სერიოზულად ჯარით ჩარევას, სავარაუდოდ, მოერიდებიან.

სერიოზული ხიფათი (ძალიან მცირე შანსით, მაგრამ მაინც) მხოლოდ ერთია. – თუ სააკაშვილის აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმის კარტის სათავისოდ გათამაშებას რუსეთი და თურქეთი ერთობლივად შეეცდებიან. ეს უაღრესად საშიში სცენარი სააკაშვილის „ერთგულ სტრატეგებს“, ალბათ, მართლაც აქვთ მომზადებული (ისევე, როგორც კულახმეტოვის „გვერდზე გადგომის“ ოსტატურად დაგებული ხაფანგი), თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბოლო მომენტში – საკუთარი ტყავის გადარჩენის შიშით – უკან დაიხევენ.

კატასტროფული სცენარი კი ასეთია:

მიხეილ სააკაშვილის მიერ მომზადებული რეზერვი (დათო შენგელიას ექს-პარტიზნები) გალის რაიონში პროვოკაციას იწყებს. პრეზიდენტი ამ დროს ბათუმში რაიმე მორიგ კონცერტს ატარებს. აფხაზები და რუსები ანაკლიისკენ იწყებენ გადმოადგილებას. საქართველოს უშიშარი პრეზიდენტი მგზნებარე სიტყვით მიმართავს მთელ მსოფლიოს და რუსეთს მორიგ ნიღაბს ახევს სიფათიდან. სანამ მსოფლიო გაოგნებული ფიქრობს, რამდენჯერ, როგორ (ან რატომ?) – უნდა გადაარჩინოს ეს ნაკვები პროვოკატორი, რუსები სამეგრელოს იკავებენ და ფოთისაკენ მიიწევენ. ამის საპირწონედ კი (ყარსის ხელშეკრულების მომიზეზებით და მოძმე საქართველოს „ლეგიტიმური“ მთავრობის თხოვნით!) თურქეთის ჯარები აჭარას იკავებენ…

ამ მორიგ ხაფანგში შეგრიალებით მოგებულნი რჩებიან – რუსები (რომლებიც უკვე არა მარტო თბილისთან, არამედ ქუთაისთანაც იქნებიან ორმოცდაათიოდე კილომეტრში), თურქები (რომლებიც, როგორც ადრე რუსები,, დიდი ხნით შეინარჩუნებენ „მშვიდობისმყოფელის“ სტატუსს და აჭარის ოსმანიზაციას მართლაც შეუქცევადს გახდიან) და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოს ნიშნს მოუგებს, „ხომ გიძახდით – რუსეთი დაგვესხმებაო!“. მოგებულნი შეიძლება დარჩნენ ამერიკელი რესპუბლიკელებიც, რომელთაც არჩევნებზე ობამას დამარცხების რეალური შანსი გაუჩნდებათ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ამბოხისმოყვარული პროვოკატორის – მიხეილ სააკაშვილის – ამ ვარიანტით დაინტერესებას.

წაგებული მხარეები: ყველაზე კატასტროფულად – საქართველო! შედარებით ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მაინც – ამერიკა და ევროკავშირი.

რა თქმა უნდა, ეს მოდელირებაამაგრამ, როგორც ერთი დიდისტრატეგიიტყოდა, – „ძალიან მიახლოებული სინამდვილესთან



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s