ხარება(7 აპრილი)… ბზობა(8 აპრილი)… ჯვარცმა(9 აპრილი)…


ხარება(7 აპრილი)… ბზობა(8 აპრილი)… ჯვარცმა(9 აპრილი)…

წლევანდელ წელს მართლაც საკრალურად მიეწყო ერთმანეთს ეს სამი დღე…

ქართველი ხალხის ბოლო 23 წლის ისტორიის ნაკვალევი სწორედ ამ წრეზე სიარულში გამოსახულა: ხარება… ბზობა… ჯვარცმა…

გამაერთიანებელი კი ჩვენთვის ჯვარცმის სწორი დღე – 9 აპრილია – ყველაზე ტრაგიკული და იმავდროულად ყველაზე გაბრწყინებული დღე. დღე, სადაც ერთმანეთს შეეყარა სიკვდილი და სიცოცხლე, თავზეხელაღებული თავგანწირვა და თავზეხელაღებული მოუთმენლობა, რწმენა და ურწმუნოება, სიმართლე და პატივმოყვარეობა, სიბრძნე და ქარაფშუტობა, იმედი და უილაჯობა, დამარცხება და გამარჯვება…თუ უფრო მეტად – გამარჯვების მოლოდინი… რადგან როცა მარცხდები, გამარჯვების მოლოდინია მაცოცხლებელი იმედის წყარო, თუმცა არავის უთქვამს, რომ გამარჯვება იოლად მოვა… უეჭველად მოვა… ან – როდის მოვა…

ორი რამ არის მძიმე ამ ჩაკეტილ წრეზე სიარულში.

ერთი ის, რომ ხალხი პოლიტიკურ მესიას ელოდება, ხოლო აქამდე ყოველი მესიად მოსული კი ცრუ მესია აღმოჩნდა მერე. 

და მეორე ის, რომ არა და არ დადგა ამ ჩაკეტილი წრის გამრღვევი და ამაღლების წრფედ გარდამქმნელი მთავარი და უმაღლესი მეოთხე საფეხური – აღდგომა.

სწორედ ამიტომ ამ 23 წლის განმავლობაში ეს წრე მრავალჯერ გავიარეთ და ყოველთვის ჩვენთვის მწარე  საბოლოო წერტილი ისევ ჯვარცმაა… ისევ იმედგაცრუება და ისევ ღალატი… ისევ ხელისუფლების საიდუმლო სერობა, სადაც 12-დან ხშირად 11 იუდაა და მხოლოდ ერთი ერთგული… და ისიც – პეტრე… სულმდაბლობის ჟამს და არა – გაძლიერებული…

არადა, ხომ გვახარეს უხსოვარი დროიდან. როგორც ქალწულ მარიამს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა უფლის ძის – ქრისტეს მის მუცლად ყოფნა და მომავალი ხსნა კაცობრიობისა – „გიხაროდეს! მომადლებულო! შენთან არს უფალი!“ კურთხეული ხარ შენ დედათა შორის!“ (ლუკ.1,28). ასევე ჩვენც ხომ გვახარეს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ! განა ეს არ არის ქართველი ხალხის საუკუნო იმედის დასაბამი? ერი, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია, განა შეიძლება, არ გადარჩეს? სწორედ ამიტომ, ხარება დღე – 7 აპრილი – არის ჩვენი საუკუნო დ სანუკვარი იმედის საუფლო. რაც არ უნდა გვიჭირდეს, როგორც არ უნდა გვშიოდეს და რამდენადაც არ უნდა მძლავრობდეს მტერი – ჩვენ შეუცდომლად და უეჭველად გვჯერა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – ივერია – გაბრწყინდება…

მაგრამ იქნებ სწორედ ამ ცოდნის სიტყვასიტყვით პოლიტიკურ რეალობაში გადმოტანის სურვილი – და ეს მანდატი – „ღვთისმშობლის წილხვედრობა“ – გვიღებს ბოლოს? იქნებ სწორედ ამით გვინდა, საკუთარი მცონარობა და სიზარმაცე, მრავალთა ცხოვრების წესად დარგული „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი“, საკუთარი პატივმოყვარეობა და ცოდვები – გადავფაროთ და ინდულგენციად სწორედ ეს „სერტიფიკატი“ დავირჭოთ მკერდზე – „ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ავოიეეე!.. გაიწიეთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მოდის!!“ მერე რა, რომ მეზობლის და მოკეთის გაჭირვება ბევრს ფეხებზე გვკიდია… მერე რა, რომ ხშირად გვიან ვდგებით და საქმეს უგერგილოდ და სხვათაშორის ვაკეთებთ… მერე რა, რომ მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის გვემეტება საუკეთესო და მხოლოდ საკუთარი თავი მიგვაჩნია ყველა სიკეთის ღირსად… ეს „ცნობა“ ხომ გვაქვს მაგრად ჩაკერებული გულისჯიბეში – „ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ…“, სადაც – ხარება, იქ – ჩვენ! სადაც – ჩვენ, იქ – ხარება! 

და რადგან ეს ვიცით, სულ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ მესიაც მოვა ჩვენთან… აკი უფლის კვართი ჩვენთან არის. და რადგან უფალი უნდა მოვიდეს, სად წავა, თუ არა იმ ქვეყანაში, რომელიც ლეგენდის თანახმად თავისთვის ჰქონდა გადანახული და მერე ჩვენ გვიბოძა? სად წავა უფალი, თუ არა თავის დედულეთში – ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში?

სწორედაც ქართველებისთვის სიმბოლური იყო წლევანდელი წელი, როცა ხარებას მაშინვე ბზობა მოჰყვა! ჩვენთან ხომ ყოველთვის მზად არიან ბზობისათვის… და მოუთმენლობის გამო ალალად გვინდა, რომ ხარებიდან უფლის შემობრძანებამდე 33 წელი კი არა, მაქსიმუმ – ერთი დღე იყოს.

ამიტომაც ბევრჯერ შევხვდით „მესიას“ ბოლო 23 წლის განმავლობაში… როდესაც ძალიან გინდა, რომ მხსნელი მოვიდეს, საკმარისია ვინმე გამოჩნდეს, კეთილსახიერი, და თუნდაც ვირზე არ იჯდეს, და კარგად არც იცნობდე (ან შეიძლება კარგად კი იცნობ, მაგრამ ბრმად გჯერა, რომ გამოსწორდა), მაინც საკმარისია, რომ იმად ჩათვალო, ვისაც მოუთმენლად ელი…

„დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მოსდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!“  (მათ. 21,8-9)

ჩვენთანაც დიდძალი ხალხი გამოდიოდა და ვყვიროდით „ოსანას“ – ანუ უფრო სწორად „გაუმარჯოს!“ ვყვიროდით… „ზვიადი! ზვიადი!“ ბაბუ! ბაბუ!“ „მიშა! მიშა!“…ხან ულვაშს ვადარებდით უფლისას, ხან – ცეცხლოვანი თვალების ელვარებას, ხან – ჭაღარა გვეგონა ღვთიური, და ხან – ახალგაზრდული მგზნებარება და სიკისკასე!

ერთმა არ გაგვიმართლა? რა მოხდა მერე, 180 გრადუსით შემობრუნება ჩვენ არ გვიჭირდა! მეორეც არ გამოდგა? ზურგისაკენ – ისევ!.. ბზაც, პალმის რტოც და დაფნის გვირგვინებიც ხომ ბლომად გვქონდა გადანახული… დაჩოქება არ გვიჭირდა, ხელზე კოცნა და ზღვაში ფეხზე მიმთხვევა…

არადა, ახლა რომ გახედო უკან, რატომ ვიყავით ასე აცუნდრუკებულები? რამ დაგვაბრმავა და აგვამჩატა? რატომ დავიჯერეთ, რომ უფალსა და პოლიტიკოსებს შორის პარალელები უნდა გვეძებნა? რატომ ვერ ვხვდებით დღემდე, რომ „კეისარს კეისრისა უნდა მივაგოთ და უფალს – უფლისა“? და როგორ, ხალხო, როგორ გვეგონა, რომ ქურდი, ბანდიტი, უსინდისო, გადარეული, ან გიჟი ვერაგი – მოგვიტანდნენ ამქვეყნიურ ცხონებას და მიგვაახლოებდნენ ბედნიერებასთან? რატომ ვერ დავიჯერეთ და დავისწავლეთ – „საქმემან შენმან ( და არ მხოლოდ სიტყვამან!) გამოგაჩინოს შენ!“?

და სწორედ ამიტომ ვართ ისევ ამ წრეზე ტრიალში, სწორედ ამიტომ 1989 წლის შემდეგ, მიუხედავად ქაღალდზე დაწერილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა, სულ 9 აპრილია ჩვენთან და სულ ჯვარცმაა.

განა დღევანდელი ჩვენი ყოფა ჯვარცმა არ არის?

განა ის მილიონნახევარი ადამიანი, რომელიც სამშობლოდან გადახვეწილია და საკუთარი შვილების უნახავად შორს უცხოეთში წლობით დამაშვრალი დედები განა ჯვარცმულნი არ არიან? განა ათასობით ადამიანი, რომელნიც კაზინოებს დააჩვიეს, ან მოტყუებით კრედიტი ააღებინეს, მერე სახლ-კარი გაუყიდეს და ბომჟად აქციეს, ჯვარცმულნი არ არიან? და განა ათეულათასობით უსამართლოდ ციხეში ჩაყრილი ადამიანი ჯვარცმული არ არის? განა ის „ძალოვნები“, რომელებიც სხვა ადამიანთა წვალებით, გატყავებით და დაშინებით იხვეჭენ საარსებო პურს და „სახელს“, სატანის მსახურებაში არ ატარებენ დღეებს თვისას? განა ზეპურ უმეცართა და უტიფართა ზეობა, და დაცინვა მშრომელ და გაჭირვებულ ადამიანთა საცოდაობაზე – განა ეს ყველაფერი ის არ არის, რის წინააღმდეგაც ქრისტე მოგვიწოდებდა?

განა ჩვენი ქვეყანა დღეს მართლა „დამოუკიდებელია“? თუ ყველასაგან, ყველაფრისგან და, პირველ რიგში, ზნეობისგან და მორალისგან დამოუკიდებელ ახვართა ხელშია ჩავარდნილი? განა ქვეყანა, სადაც რამდენიმე ათეული ნაბიჭვარი მილიონობით ადამიანის დაბრმავებით, დაყრუებით, დამუნჯებით და გატყავებით იხვეჭს მილიონებს, „დამოუკიდებლად“ და „წარმატებულად“ უნდა ჩაითვალოს? განა ქვეყანა, სადაც ამქვეყნიური წარმატების მისაღწევად ბოზობის, ფორსობის და არაკაცობის გზებია დაკანონებული (და ლამის – ერთადერთი) და სადაც კანონს უსამართლობის დაცვის ფუნქცია უკისრია, განა ეს ქვეყანა აღდგომისკენ მიმავალს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ჰგავს? განა ამისთვის დაიხოცნენ 9 აპრილის გმირები?

რა უნდა ყოფილიყო იმაზე მეტი ცინიზმი და ერის წმინდა სახელების შებილწვა, როგორც 9 აპრილის დღეს, 9 აპრილის ადგილზე, 9 აპრილის მონაწილე ადამიანთა შეურაცხყოფა ყველაფრის მკადრებელი არაკაცისაგან, რომელსაც „მასტერა“ ჰქვია… „მასტერების“ და „მაიმუნების“ საპარპაშო ამფითეატრი ვერ ჰგავს ღვთისმშობლის წილხვედრ და გაბრწყინებისათვის მზადმყოფ ივერიას…

განა რა უნდა იყოს იმაზე დამამცირებელი, რომ მთელ საქართველოს ტყეებსა და მდინარეებს ჰყიდიან და ქართველ ადამიანს საკუთარი სამშობლოს ტყეებსა და ჭალებში შესვლა აუკრძალეს? ან რა უნდა იყოს იმაზე მწარე, რომ თბილისთან დაღუპულ გმირ ქართველ იუნკერთა სახსენებლად მთელი ხელისუფლება მჭმუნვარე სახეებით თითლიბაზობს, ხოლო ბათუმთან დაღუპულ გმირ ქართველ იუნკერთა დაღუპვის ადგილზე ქართველი ხალხის მოძულის – სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთს აღმართავენ…

განა რა უნდა იყოს 9 აპრილის ცნების მეტად შეურაცხმყოფელი, ვიდრე სწორედ 9 აპრილის ტრაგედიის ადგილზე ქართველი ხალხის ფეხქვეშ გადება და ხოცვა-ჟლეტა -ქართველებადწოდებულთაგან… საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?.. განა რა უნდა იყოს იმაზე საზარელი, როგორც „ღვთისმოსავი“ ხელისუფლების მიერ ბანდიტების ციხეებიდან გამოშვება პატიოსან ადამიანთა დასაშინებლად და დასამონებლად?.. 

—————————————————————

ისევ ჯვარცმაში ვართ…

და როგორც ეწამა უფალი ჩვენი, ისე ეწამება დღეს ჩვენი ხალხი. ალბათ, სწორედ ამაში და ამით ვართ – ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა!

როგორც უყურებდა მარიამი საკუთარი შვილის ხორცის გვემას, როგორც ღვარად ჩამოდიოდა მის თვალწინ მისი პირმშოს სისხლი, ისე უყურებდა საქართველოც, როგორ დაგვიხოცეს რჩეული ვაჟკაცები ომში, როგორ არ გამოქონდათ მათი გვამები, სანამ სამღვდელოებამ ეს არ იკისრა, მერე როგორ ჩაყარეს თხრილში და ბულდოზერებით გადაასწორეს მიწა სასწრაფოდ – ამ ომის გამჩაღებელმა ჰეროდეებმა.

როგორც გულმკვდარი მარტო ტიროდა მარიამი ჯვარზე გაკრულ საკუთარ შვილს, ისე მარტო და ჩუმად ტირიან დღეს საქართველოში ავღანეთიდან ჩამოსვენებულ და  ჩუმად დამარხულ გმირ შვილებს ოჯახები… ისევ ისმის ომახიანად  ქართველი ხალხის შვილებზე ავაზაკთა მიერ მოთხოვნილი – „ჯვარს აცუე ეგე!“ და ისევ ისე, როდესაც რომელიმე ბარაბა მართლმსაჯულებას შემთხვევით ხელში უვარდება, ეს „მსაჯულება“ ყველაფერს აკეთებს, რომ პილატესავით ხელი დაიბანოს და ხელისუფლების ერთგული ავაზაკი სასწრაფოდ გაანთავისუფლოს…

და ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, საქართველოს  რეალობაში – პოლიტიკურ მესიას ველოდებით… სინამდვილეში კი, თუ ვინმე ჩამოჰგავს მესიას ჩვენს ქვეყანაში –  ეს უბრალო, პატიოსანი, სიკეთის მქმნელი და მშრომელი ქართველი ხალხია, რომელიც ჯერ გარე და მერე შიგა მწვალებლებმა ჯვარს აცვეს და რომლის წამებული სხეული 23 წელია სისხლისაგან იშრიტება. ხოლო ჯვარცმის ქვეშ ხელისუფლებად წოდებულნი, ალქიმიკოსი ქვაბავაზაკნი დგანან და ამ სისხლიდან ოქროს იღებენ სიცილ-ხარხარში…  ხალხი, რომელიც 9 აპრილს დაუფიქრებლად და გმირულად თავგანწირვით ეკვეთა მტერს, რომლის დამარცხების შანსი არ ჰქონდა, ახლა მორჩილად და ჩუმად იტანს, როცა პოლიცის განყოფილებიდან ან ციხიდან ნაწამები მამის ან შვილის გვამს მიუტანენ სახლში…

ჯვარცმა გრძელდება…

მაგრამ უფლის სულიერი მორჩილება და თავმდაბლობა არ გულისხმობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ავაზაკთათვის და მტარვალთათვის თავის დაღუნვას და მორჩილებას…  უფლის სიყვარული არ გამოიხატება მდუმარებაში, როცა შენს გვერდით ადამიანებს კლავენ და უსამართლოდ ატყვევებენ, მერე აწამებენ… მოთმინება საკუთარი გაჭირვებისა არ ნიშნავს, შენი მოყვასის და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის ტანჯვის ჩუმად ცქერას და უდრტვინველად ატანას… მით უფრო უკეთურებაა განცხრომა და ნეტარება, როცა ყველაფერში უსამართლობა ბატონობს… ამ დროს გაჩუმება, არა მგონია, იყოს ღვთისნიერი საქციელი.

ეს გზა ტაძრამდე ნამდვილად ვერ მიგვიყვანს… რადგან თუ ასე მოვიქცევით, ჩვენს სახლებს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და ჩვენს ტაძრებსაც სწორედ ეს ყველაფრით მოვაჭრე და ყველაფრის გამყიდველი უსულო ავაზაკები დაეპატრონებიან.

==========================================================================

დღეს რელიგიური დღესასწაულია უდიდესი.

აღდგომა უფლისა ჩვენისა, მაცხოვრისა – იესო ქრისტე ნაზარეველისა.

ქრისტე აღსდგა!!!

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

ქრისტე აღდგა! მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლებით, რომლითაც ქრისტემ გაგვათავისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს(გალატ. 5,1)

==========================================================================

http://www.presage.tv/?m=society&AID=11619  ?m=society&AID=11619

სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-სა

Advertisements

One Comment on “ხარება(7 აპრილი)… ბზობა(8 აპრილი)… ჯვარცმა(9 აპრილი)…”

  1. Author ამბობს:

    ჭეშმარიტად აღსდგა!
    გილოცავთ, ჭეშმარიტო მამულიშვილო. მომავალ აღდგომას გაცილებით მშვიდი პათოსით დაწერილი თქვენი პოსტები გვენახოს 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s