ადრესი – კეთილშობილად შერაცხულ ცხენთა სწორუპოვარ რემას


ჰეი, პატრონის მიერ გამორჩეულნო, დაღდასმულნო და ერის სამსახურში მის მიერვე გამწესებულნო!

თქვენ, რომელთაც პატრონისადმი ძაღლური ერთგულება,  უძარღვო შუბლი და სამადლობელი თქარათქურის ტემპი გამოგარჩევთ!..

თქვენ, ვისაც გავაზე ამოკვეთილი გაქვთ მაგიური სიტყვები – “Partia Superior Quam Patria”, რაც გოთების ენაზე მოითარგმნება, როგორც “Partia, Partia, Uber Alles!..”

თქვენ, ვისაც უკან არ დაგიხევიათ ათას მამაცხენობაში, გაცხენებაში და სხვის მაგიერ პულტზე ხელის დაჭერაში…

თქვენ, ვისაც დაგიკრავთ ტაში და ტუში იმაზე, რასაც ვერცერთი Homo Sapiens და Homo Moralis არც იფიქრებდა და ვერც გაბედავდა…

თქვენ – გაიუს კალიგულას და ნერონ კლაუდიუსის,  დომიციან ფლავიუსის და ლუციუს კომოდუსის მემკვიდრეებო – პალიკუს, წუგზარიუს, აკოს სიდედრიუს, დარჩიუს, ელდარიუს, გიგიუს, მაჭავარიუს, გოგორიუს, ლაშიუს თოდრიუს, პადოშიუს,  გივიუს, რუსუდანიუს დექსუსიუს, ეკუნიუს ხერხიუს, შენც – ყოვლად გამომზეურებულო ყალმის დიდოსტატო გრეგ რიკიო – თარგამიუს დომკრატიუს… და სხვანო – კეისრის სამსახურში დამაშვრალნო და ნეტარნო, ულაყნო და ფაშატნო…

თქვენ, რომელთაც აღთქმული გაქვთ კეისრისაგან, რომ თქვენი ხორცისაგან ჩორიზო არასოდეს გაკეთდება და თქვენს ბოგაზე მუდამ ეყრება ქერი და ლარი…

–         ჩვენ – ქვევით მდგომნი, რომელთაც თქვენ „თავისუფალ და ბედნიერ, გაბრწყინებულ და დამოუკიდებელ ერს“ გვიწოდებთ სხვა ხალხთა ყურთა სასმენლად და ფლოქვთა თქვენთა სასოების ნიშნად  შესაერთებლად, ჩვენ, ვისი სახელითაც თქვენ მართავთ და ჭიხვინებთ, ჩვენ, ვის ხარჯზეც თქვენ ნთქავთ და განცხრომას ეძლევით…

–         ჩვენ მოგმართავთ თქვენ – სახელიანნო და კეთილშობილად შერაცხულნო ინციტატუსებო!

როგორც კეისრის მაცნეებმა გვამცნეს, აგიტეხიათ უკვე თავის კანტური პირველი კანონის ახალი დეკრეტით ისევ შესაცვლელად.

არა განაღვლებთ შვილთა ხვედრი, არცა სხვისთა და აწ უკვე – არცა თქვენთა…

არა ფიქრობდეთ ერის და ქვეყნის ბედზე – არცა უწინ და მეტად უფრო – დღესა…

არა გინდოდეთ ხსოვნა შვილთა და შვილიშვილთა, არამედ – კეისრის ფოჩიანი კამფეტების წუწვნა-ლოკვა და „პროფილში“ გაბრწყინება…

გადაგიწყვეტიათ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ უფსკრულისკენ…

გადაგიწყვეტიათ, რომ ეს ქვეყანა – მამული ჩვენი და დღეს, ვაგლახ –  საჯირითო თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეებისგან კი არ უნდა იმართებოდეს, არამედ – სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა მიერ.

არადა, ადრე დედის ძვლებს იფიცავდით ქვეყნის ცრუფიცზე… მითიურ და რეალურ მტრებს ემუქრებოდით – „სისხლს (სხვის სისხლს, რასაკვირველია!) და თავს (სხვისი შვილების თავებს, რასაკვირველია!) არ დავზოგავთ მამულის დასაცავადო“.

ახლა ატეხილხართ ახალი (ჰ)იდეით, რომელიც თრიაქის კვამლში ეწვია პატრონს და მის პროკონსულებს, მოგლანდებიათ ახალი საჯინიბოები, აბრეშუმის ჯიღები და ოქროს ნალები და დაუდგრომლად ჭიხვინებთ – პირველად ისტორიაში ყველა თანაბარი უნდა იყოს, ყველა უნდა გახდეს ჩვენი კეისარი თუ სენატორი, ყველას – სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ვისი მოქალაქეც არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ჩვენი მამულის მართვის კეისრითბოძებული უფლებაო!

ეს ქვეყანა თქვენით არ დაწყებულა და თქვენთან ერთად არ დამთავრდება, მაღალსჩაბმულნო ინციტატუსებო კალიგულასი!

გახსოვდეთ, ხელის ამწევი ხელს აწერს და ხელისმოწერა ხშირად  ბედისმოწერაა, ბედის ნებიერო თოხარიკებო!

გახსოვდეთ, სერგიუს კატალინადან სერგიუს ორჯონიკიძემდე დიდი მანძილი არცაა და თითოეული ადამიანი თავად წერს თავისი გვარის შადიმანობის ანდერძს, მარტოობის ას წელიწადს თუ შვილთაგან წყევლის ვარლამარავიძეულ ტრაქტატებს…

სანამ თითს დააჭერდეთ, კარგად დაფიქრდით, რაზე აჭერთ, და ვის უჭერთ მხარს… ჰიტლერი და სტალინი წარილტვნენ, ნაცების და კომუნისტების იმპერიები გაცამტვერდნენ  და თქვენნაირ ქინძებს მით უფრო მართებთ ბედის ტრიალზე ფიქრი…

ემანდ, ისეთ რამეს არ მოაწეროთ ხელი, რომელიც თქვენი საბრალდებო დასკვნა შეიძლება გახდეს და ვაითუ თქვენი გავების ხელუხლებლობის ფირმანიც ნაცრად აქციოს…

იმაზე იფიქრეთ, როცა კეისარი ჩამოლაბორანტდება, რას ეტყვით ხალხს…

ხალხს, რომელსაც დაბოლილი კეისრის ცხენების ბედნიერი ხვიხვინის გაგონება აღარ უნდა…

——————————————————

შენიშვნები:

ჩორიზო (Chorizo) – იბერიულად მომზადებული სანელებლიანი ძეხვი. როგორც წესი, ცხენის ხორცი მასში არ გამოიყენება. ცხენის ხორცის ძეხვს ქაზი ეწოდება.

ინციტატუს (Incitatus) – იმპერატორ კალიგულას საყვარელი ცხენი, რომელსაც მან, გადმოცემით, სენატორთა გამოსარჩევი მეწამული ტოგა გადააფარა და რომის სენატში შეიყვანა, ნიშნად იმისა, რომ მისი ცხენი სენატორის უფლებებით იყო აღჭურვილი.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s