აბსურდის გენიალიზაციის მცდელობები [აბსურდის ამარა დარჩენილ ნაცმოძრაობაში და მის დეზავუირებულ სატელიტებში]


საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ ნომინაციით შევიდა გინესის წიგნის  საპატიო გრაფაში – „პირველად მსოფლიოში“.

პირველად მსოფლიოში (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე!) საქართველოს მიშკურთხეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი რანგის პირი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე -შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის (ევროკავშირის და, სავარაუდოდ, ასევე  – აშშ-ის) მოქალაქე, რომელიც არის დაბადებული საქართველოში, მიაღწია 21 წელს და 10 წელი მაინც იცხოვრა საქართველოში.

ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ხინჯად ჩაუთვალეს ის, რომ იგი ნატურალიზაციის განაცხადის შეტანის მომენტში ჯერ კიდევ იყო სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე შეტანილი ჰქონდა განაცხადი ამ მოქალაქეობის დატოვებაზე, ფორმალური და ყურით მოთრეული მიზეზით უარი უთხრეს ნატურალიზაციაზე!

სწორედ აქ არის აბსურდი.

სუპერაბსურდი!

თან ისეთი მასშტაბის სუპერაბსურდი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ჯერ არავის გაუგონია და ვერავის მოუგონია!

არა, არის შემთხვევები, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ორი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები პარიტეტულ საფუძველზე ერთი ქვეყნიდან – მეორის, და პირიქით, არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ საქმე პასიურ საარჩევნო უფლებას ეხება და არა – სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრად, ან, მით უფრო, უმაღლესი რანგის პირად არჩევის უფლებას!

ის, რომ ნაცმოძრაობის ბონზებს კარგად ესმით, რა ნეხვშიც ჩადგეს ფეხი ივანიშვილისთვი მოქალაქეობაზე უარის თქმით, იმითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კანონის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო რეესტრი ამ გადაწყვეტილების მიღებისას! მეტიც, არამცთუ სააკაშვილმა არ გამოსცა განკარგულება ამ გადაწყვეტილებაზე, რაც მას კანონით ეკისრება, არამედ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს არც რეესტრის უფროსი ვაშაძე. მხოლოდ მის მოადგილეს, ვინმე გიორგი გაბრიელაშვილს გაახმოვანებინეს ეს აბორტის მსხვერპლი გადაწყვეტილება…

სამაგიეროდ, ახლა მოძებნეს დიადი გამოსავალი – კონსტიტუციის ახალი ჭრა-კერვა!

„ამით ყველა ბარიერი იხსნებაო!“ – ტრადიციულად ღიმილით განაცხადა ქვეყნის ოფიციალურად მეორე პირმა და ევროპის 200-ეულის ინტელექტუალმა დავით ბაქრაძემ.

„გიჟი თავისუფალიაო!“ – ამბობენ ჩვენს ხელისუფლებაზე, უკვე არა მარტო იმერეთში…

ფორმალური მიზეზით – კანონს ვერ დავარღვევთო! – არ მისცეს მოქალაქეობა და მერე გადაწყვიტეს  ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გადაკეთება, რაც თავისთავად მრავალი კანონის ცვლილების აუცილებლობას იწვევს! ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე იყოო და ნატურალიზაციას როგორ მოვახდენდით, დაუშვებელიაო, და ევროკავშირის ყველა საქართველოში დაბადებული მოქალაქისთვის დაუშვეს ფორმალურად საქართველოს უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლება! ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდაო და იმიტომ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა კი ევროკავშირის და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ათასობით ადამიანს, ისე, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა არ ექნებათ – აძლევენ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალურ შანსს!

ქვეშიდან გამოძრომა ჰქვია ამას!

საფრანგეთის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი და რუსეთის მოქალაქეობა რომ დაეტოვებინა, მაშინ რას იზამდით, მაშინ რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემდით სრულმასშტაბიან საარჩევნო უფლებასო? – ჰკითხა პალიკო კუბლაშვილს ეკა ბერიძემ „პირდაპირ საუბარში“ და მანამ არ მოეშვა, სანამ პალიკომ არ აღიარა, არ ვიციო… აქვე სხვა ძალიან სერიოზული კითხვები დასვა ჟურნალისტმა – რა დააშავეს თურქეთში მაცხოვრებელმა საქართველოში დაბადებულებმა, ან – სომხეთში ან – აზერბაიჯანშიო? თუ ის შენიშნა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ივანიშვილის მიერ საფრანგეთის საკონსულოდან მოტანილ წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აპოსტილირება აკლდა და ეს ხარვეზი 3 დღეში გაასწორებინა, ის რატომ ვერ შენიშნა მაშინვე, რომ მომმართველი პირი თურმე “არასწორი გზით” მიდიოდაო? 3 თვე რატომ ალოდინეს იმის მოსასმენად, “არასწორი გზით” მოგვმართეო?

ამავე გადაცემის მეორე ნაწილში ბატონ ვასილ მაღლაფერიძის თქვა, ამ აბსურდით ხელისუფლებამ ერთ დღეს გაბედა და უარი უთხრა ივანიშვილს, თქვენი გულისთვის კანონს ვერ დავარღვევო, ხოლო 24 საათში არამცთუ “კანონი დაარღვია”, მთელი კონსტიტუციის  გადასინჯვა და გადასწორება დაიწყო, თან აბსოლუტურად უპრეცედენტო ფორმითო. ბატონი ვასიკო ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლებამ აშკარა გახადა საკუთარი გაფარჩაკება და რომ ეს რაუნდი ივანიშვილის წინაშე მათი საბოლოო კაპიტულაციის ტოლფასია, როცა უარი თქვეს ნოკდაუნის აღიარებაზე, მაგრამ, თავისდა უნებლიედ, აღიარეს სრული ნოკაუტი, მაგრამ მე ამ აზრს სრულად და ბოლომდე ვერ დავეთანხმები.

უფრო სწორედ, ლოგიკის ჭრილში და ფსიქოლოგიური ფენომენის გათვალისწინებით – “მიშამ გაბედა, მაგრამ მაინც შეეშინდა და ბოლოს მაინც ვერ გაბედა” – სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ  ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, საკმაოდ სერიოზულად გამოხატული უნარი, რომ თავისთვის ძალიან წამგებიან ნაბიჯებშიც კი,  კრიტიკულ და კატასტროფულ სიტუაციებში აღმოჩენისას, მონახოს თავისთვის მომგებიანი პოზიციები და თითქოს დათმობების უკან შენიღბოს ის უკეთურობანი, რომელთაც თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ შენიღბვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მახსოვს რეგიონული მედიისათვის დავალიანებების ჩამოწერის კამპანია, რომელიც ვითომ ყოყმანის შემდეგ ხელისუფლებამ გულმოწყალედ მიიღო და როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი 30 მილიონის უდიდესი ნაწილი შემდეგ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი არხის  დავალიანებების (და პრემიების) დაფინანსებას მოხმარდა!

ამიტომ შევეცდები, გავთვალო ის პოტენციური საფრთხეები, რითაც ხელისუფლება ამ, ერთმნიშვნელოვანად სუპერაბსურდის, უკვე „გაგენიალურობას“ შეეცდება.  და ამით იქნებ მივხვდეთ, ხომ არ არის ივანიშვილისთვის შეთავაზებული გზა, როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, „მაპზე უკეთესი“!

1)      ყველაზე მარტივი საფრთხე – პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩაბმის და საარჩევნო პროცესის დაგვიანება! ხელისუფლება ლამისაა ტყავში გაძვრეს, ისე ცდილობს, რომ ნებისმიერი თვე და კვირა, კი არა, რამდენიმე დღით მაინც გადადოს ის მომენტი, როცა ივანიშვილს სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებები მიეცემა. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც ადვილად „დათანხმდა“ ნაციონალური უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატების ამ „ინიციატივას“ (ორივე ამ ძალას როგორ ამოდის მზე ივანიშვილის „ქართულ ოცნებაზე“, ხომ ცნობილია, და ის ფაქტი, რომ თარგამაძეს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ პალიკო და მისი რაზმი უკვე თანახმა იყო, ძალიან მრავლისმეტყველია!), იმდენად გაჯანჯლებული იქნება თავად პროცესი. იქნება ძალიან ჩაკირკიტებული პოზიციები, მოსმენების გადადებები, პარლამენტი ქუთაისში გადავა,  და ვინ იცის, იქნებ შვებულებაშიც გავიდნენ დასიცხული დეპუტატები… მე პირადად, ასე მგონია, რომ ეს ძალიან რეალური საფრთხეა – ყველა უცხოურ ორგანიზაციას და მეგობარ სახელმწიფოებს სააკაშვილი განუცხადებს – მეტი რა გინდათ, თქვე დალოცვილებო, თქვენი ეჭვების მოსახსნელად ასეთ გაუგონარ ნაბიჯზე – კონსტიტუციის ცვლილებაზეც კი წავედით და ხომ იცით, არაა ეს ადვილი საქმეო! და იქეთ დაამუნათებენ, თქვენ რომ დაგეწყოთ კონსტიტუციის ცვლილება (გეგონება, ვინმემ დააძალა!), ხომ არ იჩქარებდით და ძაან რუდუნებით მიუდგებოთ ამ საპასუხიმგებლო საქმესო! არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე განსწავლულმა პარლამენტარმა (კობა ხაბაზის „იმედი მაქვს“ ძალიან და კიდევ მეტად გია თორთლაძის, რადგან ასეთი “ოპოზიციის” ხელის გასვრა უხდება ძაან ასეთი გასვრილი იდეების გახმოვანებას) რეფერენდუმის იდეაც კი წამოაყენოს, რაც სრულიად ლოგიკურია. აბა, ნიდერლანდებში ან საფრანგეთში ვინმე აბსურდისტებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის  ქვეყნის უმაღლეს პირებად არჩევის უფლების მინიჭება რომ გაეხმოვანებინათ, ეს ამბავი ჩაივლიდა რეფერენდუმის გარეშე? არა, ბატონო, თქვენ პალიკოები ხომ არ ბრძანდებით! ჰოდა, აბა რა გაგიკვირდათ, დამაშვრალმა პალიკომაც რომ აღაპყროს თვალების ზეცისკენ – რა ვქნათ, ბატონებო, ოპოზიციონერი დეპუტატი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი პადოშა თორთლაძე აყენებს საკითხს და როგორ არ დავნიშნოთ რეფერენდუმიო? ასე რომ – ხაფანგი #1 – დრო! ამერიკის ელჩმა აღნიშნა, უნდა იქნეს მიღწეული თანასწორი პირობები არჩევნებში მონაწილეთათვის, და ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად! ჩემი აზრით, ნაცმოძრაობის გათვლა არის სწორედ ის, რომ პროცესი ივნის-ივლისამდე გაჭიმოს და სწორედ ამიტომ განაცხადეს დღეს უცხოეთიდან დამკვირვებლების მოწვევის ინიცირებაზე… სიფხიზლის მოდუნებაზე თამაშობენ ჩვენი შულერები.

2)       მეორე და უფრო სერიოზული საფრთხე – მორალური ხაფანგი + სხვა სატელიტების გამოყვანა ავანსცენაზე. მართალია, ნაცმოძრაობამ ასე ადვილად „დათმო“ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის  უფლების მიცემა, მაგრამ არ დათმო მოქალაქეობა და არა მგონია, ეს მარტო სააკაშვილის კაპრიზს (წართმეულის უკან დაბრუნება, ისიც ივანიშვილის ქადილის ფონზე – სისუსტეში არ ჩამეთვალოსო!) უკავშირდება. როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებების ეტაპი  გავლილი იქნება, ნაცმოძრაობის ხელშემწყობი პიარ-კამპანიის მთელი აქცენტი გადანაცვლდება იმაზე, როგორი სახიფათოა სხვა ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს თანამდებობზე მოსვლის პერსპექტივა! რომ ასეთი ადამიანი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის და კანონების მორჩილია მხოლოდ და შეიძლება გადამწყვეტ მომენტში სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაზე მაღლა! მართალია, ნაცმოძრაობაც და პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები, როგორც ამ ინიციატივის მამები და მამინაცვლები (რომელი – ვინ, თავად გადაწყვიტეთ), ამ კამპანიის წინა ფლანგზე ვერ იქნებიან, მაგრამ აგერ არ არიან რეზერვში გადანახული მემარჯვენეები, რომელთა მხრიდან ივანიშვილზე დარტყმა არავის გაუკვირდება? აგერ არ არის პან გიმალაისკი თორთლაძე, რომელიც პატრიოტული აქტის ზეავტორია და რომლის პატრიოტული სიფრთხილე არავის გააკვირვებს? ბოლომდე მოხსნის გუდას თავს ბატონი შალვა ნათელაშვილი და კიდევ ერთხელ გააჭენებს ანტიამერიკულ და ახლა უკვე ანტიევროკავშირულ ულაყებს ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლეთიდან მართულობის დაბრალებით… დაბოლოს, აგერ არ არიან უძველესი პარტიის ლიდერები ბაჭუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე? და თქვენ რა გგონიათ, უცხოეთში გადანახულ მანანა არჩვაძეს, ღვინოში ჩამბალ ლოთ ქობალიას და ზოგიერთ სხვა „ეროვნულს“ ვერ დააძრობს საიდუმლო რეზერვიდან მიხეილ სააკაშვილი? აქვე შეიძლება ვიხილოთ ზოგიერთი სასწრაფოდ შეწყალებული პირიც და მათ მიერ საარჩევნოდ გამომცხვარი ახალი სატელიტებიც… ისევე, როგორც ზოგიერთი ე.წ. „ოპოზიციური“ გაზეთები… სწორედ ისინი დაიწყებენ გნიასს და შექმნიან „უცხო ქვეყნებიდან მართული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ფრონტს“. კალისტრატესნაირი მამაოების იმედიც უნდა ჰქონდეს მათგან თაფლნაჭამ ხელისუფალს… თანაც თუ აქამდე რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები ხშირად ახსენებდნენ  ხელისუფლებას მის მიერ თავის სასარგებლოდ კონსტიტუციის ხშირ ჭრა-კერვას, ახლა უკვე ხელისუფლება დაუბრუნებს საყვედურით ხურდას – თქვენს გამო დაგვჭირდა ასეთ მძიმე ნაბიჯზე წასვლაო!..

3)      საფრთხე მესამე – „მინი/ფსევდო-ივანიშვილების კულტივაცია“. მაქვს ინფორმაცია, რომ დიასპორასთან მუშაობის სამინისტრომ (პირადად პაპუნა დავითაიამ) უკვე მიიღო დირექტივები საზღვარგარეთ მაცხოვრებელი მეტნაკლებ შეძლებული ქართველების ნაცმოძრაობაში რეკრუტირებისათვის.  სააკაშვილს საქართველოში უკვე არ დარჩა მეტნაკლებად პოპულარული ადამიანი, რომელსაც იგი პარლამენტში წარადგენს და ეს ადამიანი არჩევნებს (მაჟორიტარულ ოლქში) მოიგებს… მაგისთვის გადაინახეს ანდრია ურუშაძეო, ითქვა… გაწიე, ერთი!.. ანდრია ურუშაძის მოგებული არჩევნების იმედზე იყოს ჩემი მტერი! თუ წინა არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დარაზმულმა ბიზნესმენებმა მართლაც მოახერხეს რეგიონებში და თბილისის ზოგ რაიონშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვა, დღეს არც ფრიდონ თოდუა, არც თემურ კოხოძე, და ვერც, მით უფრო,  სხვა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები – რუსუდან კერვალიშვილი, მაგალითად,  მოახერხებენ არჩევნების მოგებას. ამ „ღვთისმოსავ“ ქალბატონს, საერთოდ, შეიძლება სულ ღერა-ღერა დააწიწკნონ „ისი-პარის“ სალონში სათითაოდ აფუებული თმები მის მიერ გადაგდებულმა ბინების პატრონებმა… ამიტომ, დასაშვებია, სააკაშვილმა ჩამოიყვანოს რამდენიმე ათეული უცხოელი ქართველი და მათ პარლამენტის არჩევნების მოგების ფასად მთელი ქვეყანა დაუნაწილოს. ასე რომ,  კი გვგონია, რომ თარგამაძის მიერ აწეული ეს „ტოპკა“ ინიციატივა ნაცმოძრაობამ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პრობლემის მეტნაკლებად უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად დაგეგმა, მაგრამ, ვინ იცის… იქნებ არც იყოს მარტო ერთ კაცზე გათვლილი! დღეს მსოფლიოში ბევრი ცნობილი ქართველია მიმოფანტული და ზოგიერთი, იქნებ, დათანხმდეს კიდეც აბსოლუტურად დისკრედიტირებული რეჟიმის „სარფიან წინადადებას“…

4)      საფრთხე #4 – „ყრმათა ღაღადი“… არ უნდა დაგვავწყდეს, რომ „ივანიშვილის აქტით“ კონსტიტუციაში საკმაოდ უგვანო შესწორება შედის – 21 წლის მოქალაქეებს ეძლევათ პარლამენტარის ადგილის დაკავების უფლება! დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო უმრავლესობა მიაფუჩეჩებს ამ „პრეთარგამაძეული“  ინიციატივის განხილვის აუცილებლობას, რაც არ უნდა დავუშვათ! საერთოდ, რაც დრო გადის, სააკაშვილი თავადაც უფრო ემსგავსება უწლოვან ბავშვებს და სწორედ უწლოვანებზე გადის მისი ავანგარდი. თუ აქამდე 25-35 წლის ახალგაზრდები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენი, ახლა ეს თამასა კიდევ უფრო დაიწევს და 15-25 წლიან თითქმის თინეიჯერებზე გავა. დიდი შანსია, რომ მინისტრებად შაშკინის და რურუას ასაკის ხალხი უკვე ბებრებად ჩაითვალოს.  წინა პლანზე გამოვლენ ნინო ლაპიაშვილის მსგავსი ნორჩი დაქოქილები, რომელთაც მორალური ავტორიტეტად გურამ რჩეულიშვილი და ოთარ ჭილაძე კი არა, სავარაუდოდ, თამარა ჩერგოლეიშვილი მიაჩნიათ და რობოკოპივით წამში 60 ტყვია-სიტყვას ისვრიან წრეზე… თუ დღევანდელი პარლამენტის სახეები არიან პალიკო კუბლაშვილი და აკო მინაშვილი, დიდი შანსია, რომ მომავალი პარლამენტის სახე გახდეს უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და ზონდერჯგუფის ლიდერი ბექა ახლოური… სწორედ ახლოურების, ლაპიაშვილების და კიდევ უფრო უწლოვანთა პარლამენტს ამზადებს მიხეილ სააკაშვილი. 21-წლიანებს შორის ხომ მრავლად მოიძებნება ისეთი, ვინც გაიზარდა „ლიდერი ყოველთვის მართალია!“  სულისკვეთებით!… ია ანთაძის ბლოგზე კომენტარების წერა ახალი დაწყებული მქონდა, როცა გავიხსენე დიდი ჰუმანისტის, ბავშვებისთვის თავგანწირული გმირი მასწავლებლის და მწერლის იანუშ კორჩაკის წიგნი „მეფე მათიუშ პირველი“ და სააკაშვილის ხელისუფლებას სწორედ მორალური იმპერატივების არმქონე ბავშვების ხელისუფლების საზარელი ბედი ვუწინასწარმეტყველე… საუბედუროდ, ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის…

5)      საფრთხე #5. ორმაგი საფრთხე დიპლომატიურ ფრონტზე – აქამდე, გარეგნულად „დუნე“ პოლიტიკური კამპანიის მიუხედავად,  გრადუსი და უცხოელების დაინტერესებაც საქართველოს არჩევნებით მატულობდა. ახლა, შეიძლება უცხოელებმა ჩათვალონ, რომ მიშა “მორჯულდა” (2008 წლის მაისშიც ასე ჩათვალეს კონდოლიზა რაისმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა) და ნაკლები ყურადღება დაუთმონ საქართველოს საარჩევნო გარემოს. სააკაშვილი ამას უეჭველად გამოიყენებს რეგიონებში ხალხის უფრო შენიღბული, მაგრამ გაძლიერებული დაშინებისათვის და მედია-კონტროლის გასაძლიერებლად. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის მასიური წნეხი, რომელიც უკვე მოდის რეგიონულ მედიაზე (ძირავენ და კონკურენტი „გაუჩინეს“ გორში ტვ „თრიალეთს“, ხელში ჩაიგდეს გურიის ტელევიზია, ფაქტიურად „ობიექტივით“ ჩაანაცვლეს ბათუმში „ტვ-25“, სულ უფრო არნახულ წნეხს მიმართავენ კაბელურ არხ “გლობალ-ტვ”-სთან დაკავშირებით, უკვე 50,000-ით დააჯარიმეს მაგთი (მაშინ როცა ბილაინს და ჯეოსელს გაფრთხილება აკმარეს!) და ძალიან უნდათ რაიმე სანქციები დაუწესონ მაგთისატს… სააკაშვილმა იცის, რომ ვერაფერი ვერ უშველის, როგორც კი რეგიონებში მართალი სიტყვა (ტელევიზია!) გავა… ამიტომ, აუცილებელია ამ პროცესების მუდმივად ინტენსიური გაშუქება – სტუდია „მონიტორის“ და GNS-ის ყველა ფილმის მეყსეულად ინდა იდებოდეს სუბტიტრებით იუთუბზე და გადიოდეს ყველა დიპლომატიური და არასამთავრობო არხით. თუმცა არის მეორე, საპირისპირო საფრთხე – თუ დიპლომატებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ – ქართველებს ჩვენი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მათი ხელებით გვინდა, ეს მათ ენთუზიაზმს გაანელებს… მზა რეცეპტები არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს. საჭიროა სცილას და ქარიბდას შორის ვირტუოზული გავლა…

6)      რადგან კონსტიტუციის ჭრა-კერვის საბაბი იგდო ხელთ, სააკაშვილი უეჭველად რაიმე  კიდევ უფრო ქონიან დუმას მიითლის! არ გაგიკვირდეთ, თუ ეს იქნება კონსტიტუციური რეფორმის კიდევ ახალი (ჯერ კიდევ მიჩუმათებული) მოდიფიცირება, რომლითაც მთელი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრიდან ახლა უკვე პლარლამენტის თავმჯდომარეზე შეიძლება გადმოვიდეს! ეს ხომ ფორმალურად პუტინის გზის არგამეორება იქნება და სააკაშვილს უფლებას მისცემს ამტკიცოს, რომ მან ზედმიწევნით შეასრულა ობამას და დასავლელი პარტნიორების გზავნილი – არც მესამედ პრეზიდენტობა ინება, და არც პუტინის გზას გაჰყვა!.. სააკაშვილს თავად უნდოდა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და ამისთვის 21-წლიან ყრმათა მომიზეზება ვერ იყო მთლად გამართული არგუმენტი, ახლა კი განგებამ (“მიხვედრილი” გიორგი თარგამაძის სახით, უკვე მერამდენედ) აჩუქა შანსი, რომ თავისი საქმე (Cosa Nostra) სხვისთვის უფლებების მინიჭებით გადაფაროს! არა ნამდვილად დაუფასდება გიორგი თარგამაძეს ეს „პადაჩა“!  თუ ადრე ვინმეს ეეჭვებოდა, ვინ იქნება 2013 წელს მიშასთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატი, ალბათ უკვე ბევრი ჩვენთაგანისთვის, თარგამაძის ამ სოლო გარღვევის შემდეგ, ყველაფერი ნათელია. სწორედ ეს იმედისმომცემი ახალგაზრდა (ჰ)ოპოზიციონერი, რომელსაც უწინასწარმეტყველა კიდეც სააკაშვილმა მის ადგილზე დაჯდომა, დაჯდება კიდეც. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ჩემი საყვარელი მწერალი იტყოდა: „…იმიტომ, რომ ავტორმა ასე ინება! – და რატომ ინება? იმიტომ, რომ აღწერა!“

7)      დაბოლოს, ისევ ის პირველი არგუმენტი – დრო! ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის არმინიჭების გამო დარჩა დღეს თითქოს მივიწყებული, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საფრთხე. მას, როგორც საფრანგეთის/ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში უვიზოდ ყოფნის დრო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დღიდან – 2011 წ. 7 ოქტომბრიდან – 360 დღით აქვს შემოსაზღვრული. თუ არჩევნები, დავუშვათ, 2012 წ. 14 ოქტომბერს დაინიშნება (მცხეთობა დღეა! – ერთ-ერთი აბსურდულად “კანდიდატი დღე”, რომელიც უკვე თქვენმა მონა-მორჩილმა, ვიწინასწარმეტყველე), მანამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი „კანონმორჩილი“ ხელისუფლება ივანიშვილს ქვეყნის დატოვებას მოსთხოვს, რაც მის მხარდამჭერთა განწყობაზე უეჭველად იმოქმედებს!

ისე, თუ უცხოეთის მოქალაქეს პრემიერ-მინისტრად ვირჩევთ, იქნებ უვიზოდ პრემიერ-მინისტრობის უფლებაც მიგვეცა, რომ რომელიმე გაბრიელაშვილის  მოთხოვნით მერე პირდაპირ სამთავრობო სხდომიდან დეპორტი არ გაუკეთონ!

P.S. წეღან თარგამაძე ვახსენე, გიორგი…

2009 წელს გიორგი თარგამაძე რადიო “თავისუფლების” ია ანთაძის ბლოგზე ინტერაქტიულ საუბარში გვეწვია და როგორც სხვა იანეთელებისაგან, ისე ჩემგანაც მრავალი მწარე მუჯლუგუნი მოხვდა. მის მერე, შეძლებისდაგვარად თავს ვიკავებდი, და თუ  რატომ, ეს ჩემი იმ კითხვიდან გახდება თქვენთვის ცხადი, რომელიც მე იანეთში დავუსვი… საბოლოო პასუხი კი სწორედ გუშინ და სწორედ იმ „სატოპკე“ ინიციატივით მივიღე… როგორც ჩანს, წილი საბოლოოდ ნაყარია…

————————————————————————–

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი

15.11.2009

კითხვა გიორგი თარგამაძეს

როსელინის აქვს ფანტასტიური ფილმი – „გენერალი დელა როვერე“. აფერისტი და ქურდი გრიმალდი გესტაპოს დავალებით შედის ციხეში წინააღმდეგობის გმირის, გერმანელების მიერ უკვე ჩუმად დახვრეტილი გენერალ დელა როვერეს სახელით, რომ წინააღმდეგობის სხვა უცნობ ლიდერებს დაუახლოვდეს და გასცეს. მაგრამ ის საყოველთაო თაყვანისცემა და სიყვარული, რომელსაც გრიმალდი/“დელა როვერეპატიმრებისგან გრძნობს, მასში საოცარ კათარზისს ახდენს და იგი არამცთუ უარს ამბობს გესტაპოსთან თანამშრომლობაზე, არამედ აბსოლუტურად განწმენდილი მთელი ციხის აპლოდისმენტების ქვეშ უშიშრად მიდის სიკვდილის შესახვედრად...
2006-07
წლებში თქვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გმირი იყავით. 2008 წლის მაისში კი პარლამენტარის სკამზე გაცვალეთ გმირობა. თქვენ, მშობლებისაგან იმ რწმენით გაზრდილს, რომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა – სიკვდილი სახელოვანი“, არ გენატრებათ ის დრო, როცა მთელი საქართველო გენერალ დელა როვერესავით ტაშს გიკრავდათ?

————————————————————————————

ჩემთვის უკვე მნიშვნელობა არ აქვს, რა მიპასუხა გიორგი თარგამაძემ. ენას ძვალი არ აქვსო, და პოლიტიკოსის ენას – მით უფრო… ხოლო ნიჭიერი და სააკაშვილის ხელში „დავაჟკაცებული“ ფსევდოოპოზიციონერისას – საერთოდ! ფაქტი სახეზეა. დღეს სწორედ გიორგი თარგამაძე იქცა სააკაშვილის ასბოლუტურად გაფარჩაკებული და სუპერაბსურდული, სამარცხვინო ხელისუფლების „პალოჩკა-ვირუჩალოჩკად“! სწორედ მან (უკვე მერამდენედ) მოწმინდა მარადმოუწმინდავი ცხვირი მიხეილ სააკაშვილს და პასუხისმგებლობა დროებით აარიდა. და რამდენადაც გიორგის ამბიციურობაში ეჭვი არ მეპარება, სრული დარწმუნებით ვამბობ – მან ამ მხსნელი მაშველი რგოლის გადაგდებისათვის 2013 წელს პრეზიდენტად გაქაჩვის გარანტია მიიღო… (რას მიიღებს სინამდვილეში – ეს სხვა ამბავია…)

ჩვენი გრიმალდი – გრიმალდიდ დარჩა, საბოლოოდ და უკანმოუხედავად.

მისგან ციტირებული „სიკვდილი სახელოვანი“ კი – ისეთივე გაცვეთილ პროფანციად, როგორც სააკაშვილის სასახლის პორტალზე ამოკვეთილი რუსთაველის მეორე უკვდავი აფორიზმი…

აბა, შენ იცი, გიორგი! :((

როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იტყოდნენ – „არ ააცდინო, ასუნტა!“

ხოლო თუ უფრო ეროვნულად გამოვხატავდით – „მიეცი, ამეთვისტო, მიეცი!“

Advertisements

One Comment on “აბსურდის გენიალიზაციის მცდელობები [აბსურდის ამარა დარჩენილ ნაცმოძრაობაში და მის დეზავუირებულ სატელიტებში]”

  1. beso ამბობს:

    კარგი კაცი ხარ სოლომონ!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s