“ღმერთებს” სწყურიათ…


თუ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ბოლო ორი თვის სიახლეებს დავაკვირდებით, სახეზეა ორი თვალშისაცემი მოვლენა – პოლითეიზმი და სუპერაბსურდი.

პოლითეიზმი – ანუ მრავალღმერთიანობა ქართული პოლიტიკისათვის უცხო ხილია. ბოლო ოცი წელია ქართული პოლიტიკის „ღმერთები“, როგორც წესი, გარკვეული დროით მაინც, უკონკურენტონი იყვნენ… აი, პოლიდემონიზმი კი ნამდვილად იყო ჩვენში – დრო-და-დრო და ალაგ-ალაგ…

მართალია, საქართველოს ცის კაბადონზე უბადლო მიშას ჯერაც ისევ უკონკურენტო ხატება ზეობს, მაგრამ უკანასკნელ დროს მთელი რიგი ადრე რიგითი მოკვდავებიც ღვთიური უფლებებით, რეგალიებით და არნახულ-უსაზღვრო დისკრეციებით აღიჭურვნენ, და ზეკაცის/ზექალის სუპერნატურალური ნიმბით შეიმოსნენ. ანუ სახეზეა მეორე დონის ნაციონალური ღმერთების მომრავლება!

მაგალითად, კობა ხაბაზი, რომელმაც დაჭმუჭნულ ქაღალდზე დაჯღაბნილი ნაწერი ლამის ისევე საკრალური გახადა ნაციონალური მოძრაობისათვის, როგორც მოსეს ქვის ფილებზე ამოტვიფრული ღვთიური ათი მცნება იყო ჯერ ებრაელებისათვის, ხოლო შემდეგ – მთელი საქრისტიანოსათვის. მას მერე სულ ველი, რომ ხაბაზი მოსესავით მიგვატოვებს და სადმე მთაზე განმარტოვდება, მაგრამ, ეტყობა, კიდევ სხვა ნაგლეჯებით უნდა დაგვაჯილდოვოს ჩვენი მაღლისაგან…

მერე ამას მოჰყვა საერთოდ წარმოუდგენელი რამ – ღმერთად გამოცხადდა „საკანონმდებლო მაცნეს“ რედაქტორი! ადამიანი, რომლის სახელი და გვარი არც მანამდე ვიცოდით და არც ახლა ვიცით, აღიჭურვა იმ უფლებით, რომ ჩვენი ერის „სასიქადულო შვილების“ – „ნაციონალური სინდისის“ ტოგის მატარებლების ნააზრევი და ნამოქმედარი, მათ მიერ მრავალთვიანი დებატებით ნაჭირნახულევი კანონები – ანუ ქართველი ხალხის ცხოვრების წესი – თავისი ჭკუით თუ უჭკუობით მიჭრა-მოჭრას, გადაკეროს და გადააკეთოს! ის, რომ ჩვენი ნაცმოძრაობული კონსტიტუციის ორი დიდი ქურუმის – არათერძ ავთანდილის და დაბალი თენგიზის შემოქმედება ქართული ჩუჩხეს საწყისად გამოცხადდა, ამას შევეგუეთ. თანაც ერთმა ოფისი მიიღო, მეორემ ელჩობა და ეს ჩვეულებრივ მოკვდავურ გარიგებად – „დამიკვეთე – შეგიკერავ, შეგიკერავ – ჩამივერცხლე“-დ ჩაითვალა… ხოლო სრულიად უცნობი და უსახელო რედაქტორის ლამის გააპოლონებამ ძალიან განმაცვიფრა… ნამეტნავად!

ამას დაემატა ჩვენი ახლადგამომცხვარი ათენა პალადა – ნათია მოგელაძე (მოგველანდე!), რომელიც ერთპიროვნულად და ქალღმერთულად უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვინ არის პოლიტიკური პირი ან პოლიტიკური აქტივობის განმახორციელებელი სუბიექტი, ვინ არის ამ პირთან/სუბიექტთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირი, მოიძიოს ყველა ამ პირთა შესახებ (ყოველგვარი დამატებითი  სასამართლო ნებართვის გარეშე) ნებისმიერი ფინანსური, პოლიტიკური, პირადი, სენსიტიური თუ ჭორიკნულ-რეალტივური ინფორმაცია, თავადვე დაადგინოს, რომელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს დაუმტკიცდა ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტთან ამა თუ იმ სახის კავშირები, დაბოლოს – თავისი შეხედულებისამებრ – თავადვე აღკვეთოს, შეკვეცოს, შეაჩეროს ან სულაც გააუქმოს ყველა და ყველაფერი… ვუყურებ ამ ცისფერთვალება ვალკირიას და მხოლოდ იმაში მეპარება ეჭვი – ნამდვილად ათენა პალადაა, თუ ყინულის დედოფალი, რომელსაც ანგარიშების გაყინვასთან ერთად გულების და ერების გაყინვაც ხელეწიფება (რა თქმა უნდა, ისევ მაღალი გიულიას კეისრის დავალებით და მოწონებით!)?!

დაბოლოს, მოვესწარით იმას, რომ ერთი ჩვეულებრივი კოკის (თუმცა მერე დიდმეორე (მერის) დიდმეორედ ქცეულის!) მიერ ერთ ჩვეულებრივ დღეს დაფუძნებული ერთი 2008 წლის არჩევნებზე ლუსტრირებული nGnI -„ახალი თაობა – ახალი ღოთვერნობა“ – არც მეტი, არც ნაკლები,  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას და კონსტიტუციით დადგენილი არჩევნების ვადების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს!

მერე რა, რომ კონსტიტუციით – საკონსტიტუციო სასამართლო არ იხილავს იმას, რამდენად კონსტიტუციურია ის, რაც კონსტიტუტციაში წერია, არამედ მხოლოდ კანონების კონსტიტუტიციურობას სწავლობს!

მერე რა, რომ კონსტიტუციით არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი სარჩელის შეტანის უფლება აქვს მხოლოდ სამ სუბიექტს – საქართველოს პარლამენტს (დეპუტატთა ერთ მეხუთედს), საქართველოს ღვთიურ პრეზიდენტს, და საქართველოს სახალხო დამცველს! – დიდი კოკის დიდმა მემკვიდრემ მიშამ (დევდარიანმა) იცის, რომ თუ ადგები და დააბრეხვებ – ესეიგი, ითხოვ და მოგეცემა! საქართველოს აბსურდულ (უკვე სუპერაბსურდულ) – სახელმწიფოში სავსებით დასაშვებია, რომ ხვალ მიშა დევდარიანმა კი არ შეიკავოს თავი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ აბსურდული და იურიდიულად შეუძლებელი სარჩელის შეტანაზე, არამედ საქართველოს მაღლითკურთხეულმა პარლამენტმა ჩაასწორ-ჩააგვირისტოს კონსტიტუცია და ზემოთხსენებულ სამ სუბიექტს დაამატოს – „… და არასამთავრობო ორგანიზაციას“… ხოლო ვინმეს რომ რამე არ აერიოს, უფრო გამოკვეთილად და გასაგებად ჩასწეროს – «… და არასამთავრობო ორგანიზაციას nGnI-ის»… ან კიდევ უფრო ერთმნიშვნელოვნად – „და არასამთავრობო ორგანიზაციას nGnI-ის, თუ მისი კურსი და პოლიტიკური პლატფორმა ისეთი იქნება, მიშას (მაღალს) რომ გაუხარდება“… და თუ ეს ასე მოხდება, საქართველოში გვექნება კიდევ ერთი ახალი ღვთიური ორგანიზაცია და კიდევ ერთი მომცრო ღვთაება – მიშა II  (ნიუჯენერეიშენსკი!)

ახლა კი მოკლედ და გასაგებად ისეთ გაუგებარ რამეზე, როგორიცაა აბსურდი.

„აბსურდის“ განმარტებაში შემდეგი მცნებები მოვიძიე – უკიდურესად უაზრო მსჯელობა, სასაცილო, ან სისულელე

საქართველოს ნაცმოძრაობული საფაშო თავისი დეგრადაციული განვითარების იმ ფაზაშია შესული, როცა უბრალოდ აბსურდი კი არ მეფობს, არამედ – სუპერაბსურდი. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები სწორედ იმით გამოირჩევა, რომ მათ საერთოდ არ სცხია აზრის ნატამალი, კოშმარულად სასაცილოა და უბრალოდ სისულელე კი არაა, არამედ – არასაიდუმლო და ქაჯური სირობა.

რამდენიმე მაგალითი.

მიხეილ სააკაშვილი წავიდა ნანატრ (მონატრებულ!) თეთრ სახლში, სადაც მას 15 წუთიანი შეხვედრა და 6 წუთიანი ბრიფინგი ჰქონდა (თუმცა იყო კიდევ სადღაც ვაშინგტონურ მდელოზე, რომელიღაც უსახელოური სააგენტოებისათვის ჩატარებული სოლობრიფინგი თემაზე – „დედა, რა იყო ეს, ააა?!“). ამაზე დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ზუსტად 4 წელი, ერაყში და ავღანეთში გაგზავნილ-გაფართოებული კონტიგენტი, სამი სატელევიზიო მონსტრის და ერთი პაწაწუკა ბოღმიკო რეალტივის, დიდმეცხედრე თამარას „ტაბულას“, გიგის პრაიმტაიმის, სხვადასხვა დრონიჯიების და პრესაჯიების  ბიუჯეტი და ენერგია, ხუთი ამერიკული პი-არ- და ლობისტური  კომპანიებისათვის გადახდილი მილიონობით დოლარი, პრეზიდენტის 10-დღიანი მგზავრობა და კალიფორნიაში ჰიპებთან ჩატარებული ლექცია თემაზე, „როგორ მივაღწიეთ ჯენიფერ ენოსტონისნაირ მებაჟეებს და ვერა ქობალიასნაირ (მდ)გრადებს“…

სააკაშვილის ერთადერთი გულიდან ამოსული და არადამბოლებელი ფრაზა მთელი ამ 10 დღის განმავლობაში: „რჩევები კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად უნდა მივიღოთ“!

მერე ჩამოვიდა მიშა და … არც არაფერი. იმის მაგიერ, რომ გაემართა შეხვედრები და აეხსნა ერისთვის, კერძოდ, რა შეიტანა და რა გამოიტანა იმ ოვალური კაბინეტიდან, სადაც ახლა ვითომ ყველაზე მეტი გამოიტანა… აეხსნა,  მაინც რა უნდა ობამას საქართველოს არჩევნებიდან, რატომ ახსენებს დემოკრატიული და თავისუფალი უნდა იყოსო? რას ნიშნავდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის დადასტურება იმაზე, რომ ობამას ჰქონდა საუბარი სააკაშვილთან მისი გაპრემიერების შესაძლო ვარიანტზე?.. რა ურჩიეს, როდესაც განაცხადა, გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღოთო?.. რას ფიქრობს „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიით ერთაზროვან გაფრთხილებაზე… არაფერი ეს არ მოუყოლია ტრიუმფატორს! ტრაპიდან პირდაპირ ვერტმფრენზე გადახტა და დუშეთის საავადმყოფოს ეწვია, სადაც ახალშობილიც გაჩნდა… საკეისრო კვეთით, მაგრამ ხომ გაჩნდა და…

მერე კი ისევ ისე გაგრძელდა… თეთრიწყარო, გამგეობა, ბათუმი, ღარიბი ოჯახი,  ვაუჩერი, ციტატები ბნელეთის ძალებზე, რომლებიც თურმე მაღალ რაინდს ებრძვიან …

მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გაახსენდა ქვეყნის მთავარ მეუსაფრთხოეს და მთავარი იდეოლოგის თანამეცხედრეს –  ვიზიტმოზიარე გიგა ბოკერიას, რომ არ იქნებოდა ცუდი ხალხისთვის იმის მოყოლა – რა მოხდა ვაშინგტონში. და ეწვია სადიალოგოდ მაღლითკურთხეულ დავით პაიჭაძეს, რომელიც საკმარისად ზრდილია იმისთვის, რომ რაიმე უხერხულად არ იკითხოს და საკმარისად ჭკვიანი იმისთვის, რომ რაიმე იკითხოს. და იყო ტრადიციული „არასდროს აქამდე“, „პირველად მსოფლიოს ისტორიაში“, „სრულიად ახალ საფეხურზე ასვლა“, „სტრატეგიული პარტნიორების უმნიშვნელოვანესი შეხვედრა“, „თავისუფალი  ვაჭრობის აქამდე არნახული პერსპექტივები“… თუმცა გავიგე საკმაოდ საინტერესო რამ – რომ თურმე „ნატოს ჩიკაგოს შეხვედრა ჩვეულებრივი შეხვედრაა და მასზე გაფართოება არ იგეგმება!“ (ვახ, აქამდე იგეგმებოდა, გიგაჯან! რაო, შეგკრიჭეს ფანტაზიები, ძვირფასო?). ასევე ძალიან სერიოზული იყო გიგა, როცა „ვაშინგტონ პოსტსა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის სტატიაზე აგდებულად ლაპარაკობდა – არავითარი პოზიტიური მესიჯი არ იყო, და საერთოდ არასერიოზულია სარეკლამო ფართად შეძენილ გვერდზე სტატიის დაბეჭდვაო, მესმის სარედაქციო სტატია ყოფილიყოო! ჯერ ერთი, ბატონ გიგას ეტყობა დაავიწყდა, რა ნეტარებით იქნევდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ერთი წლის წინ „ფაინენშელ ტაიმსში“ სწორედ ეგეთივე სარეკლამო ფართზე დაბეჭდილ სტატიას მიხეილ სააკაშვილი და ნიშნისმოგებით იძახდა – ხედავთ, გვაღიარეს, როგორც ევროპაში ყველაზე უფრო კორუფციასთან მებრძოლიმ ქვეყანაო?! თუმცა ერთი წლის წინ ნათქვამის შეხსენებას რა აზრი აქვს, როცა ბოკერიას „ვაშინგტონ პოსტის“ სწორედაც რომ სარედაქციო სტატიის გახსენებაც არ უნდა.

ახლა კი განვიხილოთ რა ხდება – მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ფონზე საქართველოში ისევ გაძვირდა ბენზინი.

მსოფლიოში მართლაც რომ პირველად დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადების შემომღებმა მერმა თანამოქალაქეებს და კერძო ბიზნესებს მოუწოდა, რომ პატრიოტულად თავად დაასუფთავონ ქალაქი (აბა, სიმწრით წაგლეჯილი ფული თუ მართლა ქალაქის დასუფთავებასა და თოვლის გაწმენდაზე დახარჯა, მერე არჩევნების მოსაგებ ფულს ვინ ოხერი მიაშავებს?)

საქართველოს პარლამენტში საოცრებების სეზონი დაიწყო – თავისი საქმეებით ძლიერ ცნობილმა გია თორთლაძემ კინაღამ შვილივით ნაზარდი უძლიერესი ფრაქცია – „ძლიერი საქართველო“ დაკარგა! რადგან ფრაქციიდან დეპუტატი რომან მარსაგიშვილი წავიდა! თორთლაძეს გვერდში ამოუდგა ასევე ძლიეროპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა და დეპუტატი ასესხა! ასეთი რამ მართლაც იშვიათობაა – გამიგია ფულის სესხება, ადრე ყაბალახის და აზიაცკების სესეხებაც მოდიოდა იმერეთში, მანქანის სესხებაც აღარ არის იშვიათობა, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვისათვის საკარნავალოდ ფორმის სესხებაზე, მაგრამ დეპუტატის სესხება?

აი, რას წერს ამ პარლამენტარულ სუპერაბსურდზე პრესაგე-ტვ-ის ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე:

„… თორთლაძეს ქდმ-მ ათხოვა ერთი დეპუტატი. დიახ, ათხოვა, რადგან ქდმ-ს წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე იმ დღეს სააგენტოებთან პირდაპირ ამბობდა, რატი მაისურაძე იდეოლოგირად ჩვენთან დარჩება და პარტიის წევრი იქნებაო. ისე, ვეფხვაძეს ამ შემთხვევაში ორი უპატიებელი შეცდომა მოუვიდა და, წესით, უმრავლესობას ამაზე თვალი არ უნდა დაეხუჭა. პირველი, ეს არის ის, რომ პარლამენტის რეგლამენტი კრძალავს, რომელიმე პარტიის წევრი სხვა ფრაქციაში გაწევრიანდეს, თუ მის პარტიას პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. და მეორე, ფრაქციას ქმნიან თანამოაზრეები და, თუკი რატი მაისურაძე ქრისტიან-დემოკრატების თანამოაზრედ რჩება და ამ დროს თორთლაძის ფრაქციაში წევრიანდება, გამოდის, რომ თორთლაძეს და თარგამაძეს შორის არანაირი სხვაობა არ არის.“

მაგრამ ეს სუპერაბსურდი კიდევ უფრო შორს წავიდა. საქმე იმაშია, რომ სწორედ იმ დღეს ნაცმოძრაობამ ბევრჯერ ურჩობაში (= უსამართლო საკითხებზე ხმის მიცემიდან თავის არიდებაში და წინააღმდეგ ხმის მცემაშიც!) შემჩნეული ბეჟან ხურციძე თავისი რიგებიდან გარიცხა. სავარაუდოდ, პარლამენტში მეფე-მზის მიხეილ სააკაშვილის მობრწყინებისათვის ციკლოვკას და ლაქირებას პარკეტზე მეტად სწორედ დეპუტატებს უტარებენ და ხურციძე იმიტომ მოიშორეს, ემანდ საკუთარი რიგებიდან ჩამჭრელი კითხვა არ ჩაურტყას ნაობამარ ბაღანასო! ამ, თითქოსდა, სუფთა ნაცურ ნაბიჯს ისევ საწყალი პადოშასთვის აღმოაჩნდა მომაკვდინებელი ძალა – რადგან ამის პარალელურად უმცირესობისთვის ფრაქციის მინიმალური რაოდენობა გაიზარდა და მაისურაძის სესხებით „ძლიერი საქართველოსათვის“ შეყენებული წყალი ვერ დაშრა! უმრავლესობის ფრაქცია ისევ სასწრაფოდ შეიკრიბა (რა მძიმე დღე იყო, მგონი ომის დროს არ იკრიბებოდნენ ასე ხშირ-ხშირად! – თუ წითელ ხიდზე და მერე აზერბაიჯანულ სასტუმროს სასადილოში შეკრებას არ ჩავთვლით, რასაკვირველია!) – შეხვედრა დახურულ ფორმატში შედგა და ისეთი გასაიდუმლოებული იყო, რომ დარბაზიდან ტექნიკური პერსონალიც კი გამოუშვეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.   ნაცმოძრაობის ამ საიდუმლო სერობამ აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – უმრავლესობამ თორთლაძის ფრაქციაში დეპუტატი კურდღელაშვილი მიავლინა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტში როსტევანის არაბეთივით „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“!

ამ სუპერაბსურდს მარტივი ახსნა აქვს – მალე საქართველოს პარლამენტს მრავალ არენაზე – ვენეციის კომისიასთან, ევროსაბჭოს და ევროკავშირის, ეუთოს სტრუქტურებთან და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან მოუწევს იმის დადასტურება, რომ ჩვენთან ერთპარტიულობა არ არის, ამიტომ მათ ჰაერივით სჭირდებათ ხელის ოპოზიცია! თორემ სად ყოფილა და ვის გაუგია, უმრავლესობა უმცირესობის გადასარჩენად საგანგებო შეკრებებს მართავდეს და დეპუტატებს შამპანურივით აგზავნიდეს მეზობელ („მოწინააღმდეგე!“) მაგიდაზე? მაგრამ რა „ოპოზიციონერებიც“ არიან ქდმ თავისი გაზიხუთითეთრი ჭანტიურიათი და (ს)ექსპერტ სარჯველაძით, და პადოშა – თავისი ნაფტალინგაფერთხილი იაკობიძით და სუპერმიშისტი მაია ორჯონიკიძით და ლევან ჩოლოყაშვილით, ეხლა უკვე საბოლოოდ გამოჩნდა და გაიშიფრა, ათას მამაძაღლობაზე გადამხტარი (შევარდნაძის ყოფილი სახე, კსწაწი!) მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი რომ არა, ვნახავდით ხელმარჯვე ოსტატივით დაშლილ ალპინისტ-პოლიტიკოსს. მაგრამ  როგორც ადრე საკრედიტო შიმშილი დაუფარეს, ახლა – საფრაქციო დეფიციტიც შეუვსეს ნაციონალური პარლამენტარიზმის სიმბოლოს და სიამაყეს.

ნათია მოგელაძემ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შეისწავლა და  ორი კარდინალურად განსხვავებული დასკვნა დადო – რესპუბლიკურ ინსტიტუტს რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებასთან კავშირი „დაუმტკიცა“ (ბავშვობიდან გამახსენდა აბრევიატურა „რ.დ.გ.“ – „რისი დამტკიცებაც გვინდოდა“!) , ხოლო ზემოთხსნებულ ნაკოკარ „ახალ თაობა ახალ ინიციატივას“ საქალწულე აპკის ურღვევობის დამამტკიცებელი ფირმანი უბოძა! და ძალიან დროულადაც, რადგან მას მერე, რაც მიხეილ დევდარიანი არჩევნების მაისში გადმოტანის კონსტიტუციურ აუცილებლობაზე აჭიკჭიკდა,  მისი ორგანიზაციის ქალაწულობისა მხოლოდ სამ მიხეილს თუ სჯერათ – სააკაშვილს, მაჭავარიანს და თავხელიძეს! (თავად დევდარიანს რომ არ სჯერა, დარცხვენილ ღიმილზე და დახრილ თვალებზე ეტყობოდა!)

თავად ამ კონსტიტუციური მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის და არჩევნების ერთხელდასამუდამოდ კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების დაუძლეველ წყურვილზე, რომელიც „ახალ გენერატორებს“ თურმე დიდი ხანია ჰკლავთ და ახლა ვეღარ იოკებენ:

– არ გასულა მათი განცხადებიდან ორიოდ საათი და ცალკე დიდმა იურისტმა და ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური ორბურჯის ცალმა კალოშმა – პალიკო კუბლაშვილმა შეიცხადა – „ტიტუუ, რავა შეიძლება კონსტიტუციის არაკონსტიტუციურად ცნობაო?“ (გეგონება, ბოლო 8 წელია ამის მეტს რამეს აკეთებდეს, განსხვავებულს?!) და მერე დიდი კონსტიტუციონალისტი და კონსტიტუციის რეფორმის მამა ავთანდილ დემეტრაშვილი ამ გამყინვარების სეზონში ღილშეხსნილი თეთრი პერანგით (რას ნიშნავს კარგი ოფისი და კარგი გათბობა?!) ისე გამოვარდა და იბღავლა – რეფორმა არ დამინგრიოთო!, – ქართული ფოლკლორის დიდება – სიმღერა „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ“ გამახსენდა და თვალზე ცრემლი მომადგა, იმის წარმოდგენით, როგორ წარმოიდგინა, რომ თუ რეფორმა გაუქმდებოდა, მისი „ნაჯაფი“ ოფისიც და კაი ხელფასიც – ჩკა!.. და ალბათ იმ სომხითში ელჩსაც როგორი ოფლი შეუდგა „ჩკა“-ს პერსპექტივაზე?!

ეპილოგის ნაცვლად:

გაგეცინებათ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში თავად არ იციან – რას აპირებენ! არამცთუ არ იციან მინისტრებმა და პარლამენტარებმა, არამედ დიდ ხუთეულშიც კი არ იციან, მგონი! (ყოველ შემთხვევაში, არავის ეუბნებიან).

დღემდე სერიოზულად განიხილება ვარიანტი, რომ მიშა გახდეს პრემიერ-მინისტრი (რაც იყო კიდეც დემეტრაშვილის რეფორმის ამოსავალი და ჩამავალი წერტილებიც და ღერძიც, იდეაც და ჰაზრიც!), მაგრამ ობამასთან საუბრების შემდეგ ყველა ხვდება, რომ ამ ვარიანტის რისკები მაქსიმალურია – თუ ამომრჩეველმა ხმა არ მისცათ (და თავად უკვე 40%-ზეც თანახმა იქნებოდნენ), უცხოეთი არც თვალს დახუჭავს და არც გაჩუმდება – არც დასავლეთი, და არც დასავლეთისგან ბევრჯერ იმავე მიზეზით დანაცინი პუტინი…

განიხილება მეორე  ვარიანტიც – საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში, მიშა მაჟორიტარი დეპუტატი რომელიმე რაიონში (გრიგოლიას მიერ ნახსენები გლდანი საკმაოდ „რელევანტურია“ – რადგან იქ პოლციელთა და ჯარისკაცთა დიდი მასებია თავმოყრილი, თან მიშას იმედი აქვს, რომ კობა დავითაშვილს მოუგებს, მაგრამ ალბათ ნირი წაუხდება, თუ თინა ხიდაშელი ეყოლა კონკურენტად!), ივანიშვილს მოქალაქეობას აძლევენ ივლის-აგვისტოში, როცა მიშა პრეზიდენტობიდან გადადგება და სამივე ნაციონალური არხი გადაჰყავთ 7X24 რეჟიმში ამომრჩევლის ღია და დაუფარავ ზომბირებაზე. დასავლეთიდან ამ ვარიანტზე ალბათ ყველაზე მინიმალური წინააღმდეგობა იქნება, თუმცა, პატიოსან თამაშად ამას მაინც ვერავინ და არავინ ჩათვლის! არავინ იტყვის „მიშა მაგარია!“
არამედ – „მიშა მაგარი აფერისტია!“

დაბოლოს, ყველაზე შმაგი ვარიანტი (რომელიც სოფიო ხორგუანმა გაახმოვანა) – საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 5 მაისს! ნაცმოძრაობა იგებს რეგიონებს იმის ხარჯზე, რომ ივანიშვილი ვერ ასწრებს რეგიონებში პარტიული მუშაობის გაშლას და ტელევიზიის ამოქმედება („იგრიკას“ ტელევიზიის სადგური დაზიანებული ჩამოვიდა!) და ეცდება, ამით გადაფაროს თბილისსა და დიდ ქალაქებში გარანტირებული მარცხი. საპრეზიდენტო არჩევნებში არაა გამორიცხული, რომ ბაქრაძეს გიორგი თარგამაძემ მოუგოს – რაც დასავლეთისათვის გაგორებული კოჭი იქნება „- ა, ბატონო, ხომ მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლაო!“ თუმცა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარებული იქნება, დემეტრაშვილის რეფორმა ამოქმედდება და პრეზიდენტი ქაღალდის ვეფხვად იქცევა. ამ ვარიანტში მიხეილ სააკაშვილი, როგორც გადამდგარი პრეზიდენტი, და ერთი უბრალო ჯარისკაცი – სათავეში ჩაუდგება თავის საპარლამენტო ლაშქარს, აარიდებს თავს პუტინის ზუსტი ვარიანტის გამეორებას და ეცდება, არც მწვადი დაწვას და არც შამფური. ბაქრაძე ივანიშვილს მოქალაქეობას კი მიანიჭებს, მაგრამ მაქსიმალურად დაგვიანებით, რომ პარტიის სათავეში ხვედელიძის გვარი იყოს და არა – ივანიშვილისა… სააკაშვილისთვის ამ ვარიანტის მთავარი ნაკლი ისაა, რომ ის 99.9%-ით იანვარი-2008 წლის ოპერაციის გადამღერებაა და ახლა უკვე ყველაფერი გაშიფრულია!

სამივე ამ ვარიანტს აქვს თავისი ხიბლი სააკაშვილისათვის და ნაცმოძრაობისთვის და დიდი რისკებიც.

 ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ ამ სიტუაციაში ნაცმოძრაობის ბანდამ გადაწყვიტა, ის არჩევანი გააკეთოს, რასაც ოპოზიცია ყველაზე მეტად შეუშინდება და შეეწინააღმდეგება! ამიტომ ისინი, შესაძლებელია, სავსებით გამიზნულად, ამ სამივე ვარიანტს გაახმოვანებენ (თუმცა, არ დაადასტურებენ) და ივანიშვილის შტაბის რეაქციას დააკვირდებიან. ხოლო აირჩევენ იმ გზას, რაზეც მთავარი ოპონენტების მხრიდან ყველაზე უფრო მეტი უარყოფა ექნება…

რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი – კოკიობანა და კონსტიტუციურრეფორმობანა – რაიმე სხვა აქტივობის გადასაფარავად იყოს, მაგალითად – იმ ძალიან საჭირო სოლიდარობის აქციის – „ეს შენ გეხება!“, რომელიც მოქალაქეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს განუმარტავს ხელისუფლების მიერ დეკემბრის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების რისკებს და არაკონსტიტუციორობას! ასევე არაა გამორიცხული, რომ კონსტიტუციური სარჩელის 9-თვიანი მაქსიმალური ვადის მომიზეზებით საპარლამენტო არჩევნების ნოემბრის იქეთ გადაწევა სურდეთ მოლაპარაკე მარიონეტი “ღმერთების” მეკუკლეებს – ეგება ობამამ ვერ გაიმარჯვოს არჩევნებში და მერე გავჯეჯილდებითო!..

================================================

„ღმერთებს სწყურიათ“ – წერდა ანატოლ ფრანსი პირველი მსოფლიო ომის წინ საფრანგეთის დიდი რევოლუციის გმირების მიერ რევოლუციური იდეალებით დაწყებულ სისხლიან ტერორზე…

საქართველოში „ღმერთებს“ აბსურდი სწყურიათ…

იმედია, ანატოლ ფრანსის გმირებამდე ჩვენი „გმირები“ ვერ მივლენ…

თუმცა, გარანტიები არ  არის…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s