საქართველოს ეკონომიკური სასწაული, ანუ „დუინგ ბიზნესს [დემნდ] იიზი!“


სააკაშვილის გუნდის უსასრულო ეფექტურობის ერთ-ერთ მაჩვენებლად „პოლიციის არაკორუმპირებულობის“, „წარმოუდგენელი აღმშენებლობის“, „ენერგიული საგანმანათლებლო რეფორმის“, „სასამართლო სისტემის კარდინალური რეფორმის“, „სასჯელაღსრულების სისტემის სრული რეფორმის“ გარდა ითვლება ე.წ. „ეკონომიკური სასწაული“. ამ “სასწაულის” მთავარ ინდიკატორებად მოჰყავთ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საერთო და 1 სულ მოსახლეზე გათვლილი მაჩვენებლები, ლარის კურსის სიმყარე, საქართველოში ბიზნესის დაწყების სიიოლე, ახლადრეგისტრირებული ბიზნეს კომპანიების რიცხვის მაღალი მაჩვენებლები და სხვა. მართლაც ამ ყველაფრის თვალის გადავლება ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმია და ქვეყანა ეკონომიკური რეფორმების ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც.

მაგრამ, მოდით, ცოტა უფრო ჩავუღრმავდეთ ამ „ეკონომიკური სასწაულის“ ციფრებს და ვნახოთ, რა დგას ხელისუფლების მიერ აფრიალებული და მრავალჯერ მედიაში შეკვეთილი და სარეკლამო სტატიებით გამყარებული პიარ-იმიჯის უკან… განსაკუთრებით, დავინტერესდეთ იმ ასპექტით, რა შეიცვალა თავად საქართველოს მოსახლეობისათვის, რომელიც წესით სწორედ ეკონომიკური რეფორმების გამო უნდა იყოს მთავრობის მადლიერი და ბედნიერი.

სხვათაშორის, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ჩემი ცოდნა აღნიშნულ სფეროში პროფესიონალების დონეზეა, მაგრამ მაინტერესებს, როგორ უპასუხებენ ჩემს მიერ დასმულ კითხვებსა და აქცენტებს სამთავრობო ექსპერტები.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ – Gross Domestic Product – GDP)

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებული ინდიკატორით – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტით. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სხვა ექსპერტები, თუ თვითნაბადი პოლიტიკოსები (ნუგზარ წიკლაური, ეკ ხერხეულიძე და სხვები) ხშირად იმეორებენ, რომ ეს მაჩვენებელი 2003-წლიდან 2011 წლამდე მნიშვნელოვნად – თითქმის 3-ჯერ გაიზარდა! მართლაც, თუ ავიღებთ ქვეყნის საერთო მშპ-ს, ან – 1 სულზე მშპ-ს წლიურ მაჩვენებელს, 2003 წელთან შედარებით ორივე ეს მაჩვენებელი უკვე 2010 წელს 2,86-ჯერ, ხოლო 2011 წელს, სავარაუდოდ, 3.25-ჯერ არის გაზრდილი!

სლაიდი 1)

მაგრამ იგივე მაჩვენებლები, თუ ლარებში ვიანგარიშებთ, ზრდის შედარებით ნაკლებ კოეფიციენტს აჩვენებს და ეს იმას უკავშირდება, რომ 2003-2004 წლებში დოლარის საშუალო კურსი ლართან მიმართებაში 2.15-2 იყო, ხოლო შემდეგ ლარი გაცილებით „გამყარდა“ და კურსი 1,8-1,65 დონეზე იყო (ხოლო 2008 წელს საერთოდ 1,47-საც კი მიაღწია!). ამიტომ თუ ვიანგარიშებთ მშპ ზრდის კოეფიციენტს ლარებში, იგი დოლართან (ნომინალურ კურსთან) შედარებით დაახლოებით 20-30%-ით ნაკლებია და შესაბამისად 2010/2003 წლებისთვის – 2.39-ს და 2011/2003 წლებისთვის, სავარაუდოდ – 2.49-ს შეადგენს.

სლაიდი 2)

მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო გახდება ამ ზრდის დინამიკის ნახვა, თუ გამოვიყენებთ იმ მაჩვენებელს, რომელსაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთაშორისო შეფასებისას უფრო სწორად თვლიან და რომელსაც GDP PPP (GDP Purchasing Power Parity) – ანუ  მშპ-ის მსყიდველობითი ძალის შეწონასწორების მაჩვენებელი ჰქვია. საქმე იმაშია, რომ დოლარის მსყიდველობით ძალა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ამიტომ ოფიციალურ სავალუტო კურსთან შედარებით მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია მომხმარებლის ფასების ინდექსი, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, რას ყიდულობს ერთი დოლარი ამ კონკრეტულ ქვეყანაში. და რაც უფრო განსხვავებულია ფასების დონე ამ კონკრეტულ ქვეყანასა და აშშ-ს შორის (თუ დოლარს ვიყენებთ მშპ დასაანგარიშებლად), მით უფრო მეტია GDP PPP  ნომინალური კურსით ნაანგარიშებ მშპ-ზე. მაგალითად, 2010 წელს, როცა საქართველოს ნომინალური მშპ 11,67 მლრდ დოლარი იყო, GDP PPP გაცილებით მეტი – 22.44 მლრდ დოლარის ექვივალენტი იყო, ისევე როგორც ერთ სულ მოსახლეზე წლიური GDP PPP (დაახლოებით 4900 დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატებოდა 1 სულზე ნომინალურ GDP-ს, რომელიც 2010 წელს მხოლოდ 2630 დოლარი იყო.

თითქოსდა უცნაურია, რომ საქართველოს მარადამაყი ხელისუფლება, მშპ-ის სწორედ ნომინალური მაჩვენებლებით ფიგურირებს, და არა PPP  მაჩვენებლით, რომელიც ლამის ორჯერ უფრო მეტია პირველზე. საქმე იმაშია, რომ ნიკა გილაური არსახარბიელო პრემიერ-მინისტრად შეიძლება მიმაჩნდეს, მაგრამ ცუდი ეკონომისტი ნამდვილად არ არის, და მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა ნომინალური მაჩვენებლით უფრო ჯდება „სასწაულებრივში“. ვიდრე PPP მაჩვენებლის გამოყენებისას, რომელიც – სამომხმარებლო ფასების გაცილებით დაბალი დონის გამო, თურმე,  2003 წელს არც ისე ცუდი იყო (2011 წლის მაჩვენებელი ჯერ არ ვიცი):

სლაიდი 3)   

მოკლედ იმავე 2003-2010 წლების პერიოდში, როცა საქართველოში 1 სულზე მოსული მშპ დოლარში 2,86-ჯერ გაიზარდა, ლარში ეს კოეფიციენტი 2,37 იყო, ხოლო მშპ-ის შეწონილი მაჩვენებლის GDP PPP გამოყენებით კი კიდევ უფრო ნაკლებ ზრდას – 1.86-ს ვაფიქსირებთ.

 

ინფლაცია  და  მოსახლეობის  მსყიდველობითი  უნარი

რა თქმა უნდა, მშპ-ის ეს განსხვავება ინფლაციას უკავშირდება. თუ გადავხედავთ საქართველოში ინფლაციის წლიურ მაჩვენებლებს თუნდაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური ციფრებიც კი (და მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იმისათვის, რომ ხელისუფლების მიერ მართული სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური ყველანაირ დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდებს მიმართავს, რომ ეს მაჩვენებელი, ისევე როგორ ნებისმიერი სხვა მათ მიერ დაანგარიშებული ინდექსი, ხელისუფლების პიარს მოარგოს და არა რეალობას), აშკარას ხდის, რომ 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ომისშემდგომ 2009 წელს, როდესაც მოსახლეობის მიერ სხვადასხვა გაზრდილი რისკებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო სერიოზულად შემცირდა ნებისმიერი სახის ხარჯები, რამაც სხვადასხვა მწარმოებლებს ფასების შემცირებისაკენ უბიძგა.

სლაიდი 4)

თუ ამ მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ ინფლაციის შედეგად 2010 წელს 2003 წელთან შედარებით ფულის მსყიდველობითი უნარი 62%-ით არის შემცირებული. ანუ, თუ რომელიმე პირი 2010 წელს 162 ლარ შემოსავალს იღებდა, ეს 2003 წლის ფასებით მხოლოდ 100 ლარის ექვივალენტია.

მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო უარესია, თუ ავიღებთ ფასების ზრდას კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე, რაც ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის გამიზნულად დანგრევისა და სასურსათო იმპორტზე ორიენტირებული სრულად მონოპოლიზირებული ეკონომიკის  პირობებში 2008-2011 წლებში სურსათზე ფასების კიდევ უფრო მეტ მატებაში აისახება, ვიდრე უბრალოდ ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით შეიძლება იყოს.

მაგალითად ავიღოთ ხორცზე ფასების ზრდა, რასაც მსოფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის გარდა საქართველოში გაცილ;ებით უფრო სერიოზული მიზეზი გააჩნია – ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ 2010-11 წლებში საქონლის სასაკლაოების მონოპოლიზაციის და თბილისში ხორცის შეტანის ხელოვნურად შეზღუდვის შედეგად ხორცის ფასების არნახული მომენტალური ზრდა, როცა 1-2 თვის განმავლობაშო 1 კგ დამუშავებული ხორცის ფასი 9-10 ლარიდან-დან ჯერ – 13 ლ, ხოლო 4-5 თვეში უკვე 16-17 ლარი გახდა. ამის გამო, თუ გავითვალისწინებთ რამდენი კგ ხორცის ყიდვა შეიძლება საქართველოში მშ-ის 1 თვის საშუალო რაოდენობით, 2003-2011 წლის დინამიკა სულ არ ჩანს ისეთ სასწაულად, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებას სურს რომ წარმოაჩინოს. პრაქტიკულად, 2011 წელს  მშპ-ის 1 სულზე მოსული საშუალო შემოსავლით საქართველოს მოქალაქეს ახლა 17%-ით  ნაკლები ხორცის შეძენა შეუძლია, ვიდრე 2003 წელს.

სლაიდი 5)

გარდა მშპ-ისა, მეორე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რითაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამაყობს, ეს არის გაზრდილი პენსიები.  და მართლაც, საქართველოში საშუალო პენსია 2003-2011 წლებში დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა! მაგრამ, თუ ზემოთხსენებულის მსგავსად, მოვახდენთ იმის გაანგარიშებას, თუ რამდენი კგ ხორცის ყიდვა შეეძლო ქართველო პენსიონერს 2003-2011 წლებში, სურათი კვლავ არასახრბიელო იქნება – ხორცის მსყიდველობითი უნარი რეფორმებამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 1.35-ჯერ გაიზარდა. ხოლო იმ პერიოდში, როცა კომუნალური გადასახადების და ტრანსპორტის ღირებულების ზრდა ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის ხელმოკლე ფენებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი პენსიონერი 2011 წელს ნამდვილად ვერ იყიდდა უფრო მეტ ხორცს, ვიდრე 2003 წელს:

სლაიდი 6)

ქართველი პენსიონერების მძიმე ხვედრს 2011 წ. სპეციალური ანგარიში მიუძღვნა სტოკჰოლმში მდებარე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (IWPR), რომელმაც ანგარიში მრავლისმტყველად დაასათაურა – „გაყიდული“ ქართველი პენსიონერები (http://iwpr.net/report-news/georgian-pensioners-betrayed). ანგარიშში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 2010 წელს 80-ლარიანი პენსიის მსყიდველობითი უნარი 2003 წლის ფასებით მხოლოდ 40-42 ლარი იქნებოდა და ის დიდი დაპირებები, რასაც სააკაშვილის მთავრობა პენსიონერებს აძლევდა, საპნის ბუშტივით გაქრა.

სურათი მსგავსი იქნება სხვა ძირითადი სასურსათო პროდუქტების (მაკარონი, ბურღული, ფქვილი, შაქარი), კომუნალური გადასახადების (დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება) ან სხვადასხვა სერვისის (ტრანსპორტი, ტელეფონები) გათვალისწინებით – მშპ-ს რეალურად ზრდის დიდ ნაწილს ფასების ზრდა აბათილებს და ჯამში საქართველოს მოსახლეობა ვერ გრძნობს იმ სიკეთეს, რასაც „ეკონომიკური ბუმი“ უნდა იძლეოდეს.

მიზეზი კი არის ის, რომ საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი, ისევე როგორც ნებისმიერი მატერიალური სიკეთე თუ სარგებელი, უთანაბროდ ნაწილდება. საქართველოს საზოგადოება ბოლო 20 წლის განმავლობაში ვერასოდეს დაიკვეხნიდა სოციალური თუ ეკონომიკური თანასწორობით  და 2005 წლიდან ეს უთანასწორობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
 

ეკონომიკური უთანასწორობა – ჯინის ინდექსი

მსოფლიოში ეკონომიკური თანასწორობის მაჩვენებლად 1912 წლიდან გამოიყენება იტალიელი მეცნიერის კორადო ჯინის მიერ მოწოდებული ჯინის ინდექსი (Gini Index), რომელიც ვარიაციულ სიხშირეთა განაწილების თანასწორობას განსაზღვრავს და თავად მეცნიერის მიხედვით – 0-დან 1-მდე შეიძლება იყოს. თუმცა სადღერისოდ მას ხშირად პროცენტების მსგავსად ითვლიან (0-დან 100-მდე). თუ ჯინის ინდექსი 0-ის ტოლია, ეს იდეალური თანასწორობაა, როდესაც საზოგადოებაში ყველას შემოსავლები თანაბარია, ხოლო თუ ჯინის ინდექსი 1-ის (ანუ, თანამედროვე მიდგომით – 100-ის) ტოლია, ეს ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებაში მხოლოდ ერთი პიროვნება იღებს მთელ შემოსავალს, ხოლო სხვებს არაფერი ერგებათ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია ჯინის ეკონომიკური ინდექსი, მით უფრო უთანასწოროდ ნაწილდება შემოსავლები ამ საზოგადოებაში და პირიქით – დაბალი ჯინის ინდექსის შემთხვევაში საზოგადოება თანასწორობისკენ მიისწრაფვის.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ჯინის ინდექსი (<25) სკანდინავიის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი) გააჩნიათ. შემდეგ ჯგუფში (25-29) შედიან კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ხოლო ყველაზე უარესი მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკის (>60) და სამხრეთ ამერიკის (55-59) ქვეყნებშია. საქართველოში ჯინის ინდექსი 2002 წლამდე 36-39-ს შორის მერყეობდა, ხოლო მას შემდეგ 40-ზე მეტია და აჭარბებს ყაზახეთის (26.7), ბელორუსიის (27.2), უკრაინის (27.5), სომხეთის  (30.9), ყირგიზეთის (33.4). აზერბაიჯანის (33.7), მოლდოვის (38),  თუმცა მცირედ უსწრებს რუსეთის (43,7) და თურქეთის (41.2) მაჩვენებლებს. „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის“ მიერ დაფინანსებული კვლევის ავტორების განცხადებით „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან“, ჯინის ინდექსი 40-ზე მეტი, ერთ სულზე შემოსავლების (მაგ. მშპ) დაბალ მაჩვენებელთან ერთად დამახასიათებელია ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის და  იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ ქვეყნებში საშუალო კლასი პრაქტიკულად არ არსებობს. www.media.ge/node/42500     www.presage.tv/?m=bp&AID=6976მართლაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში 2010 წელს ერთ სულზე GDP PPP 15612 დოლარს, ხოლო თურქეთში – 13577 დოლარს უდრიდა, მაშინ როცა საქართველოში 4882 დოლარი იყო, გასაგები ხდება, რომ თუნდაც შემოსავლების შედარებით უფრო უთანასწორო განაწილების პირობებში, დასახელებულ ქვეყნებში საშუალო კლასის ჩამოყალიბების შანსი 2-3-ჯერ მაღალია. საქართველოს ხელისუფლება ჯინის ინდექსის შესახებ ჯიუტად დუმს და 2008 წლის შემდეგ არც აქვეყნებს ამ მაჩვენებელს.

სხვათაშორის, საქართველოს ხელისუფლება საშუალო კლასის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლას შეიძლება თავის ერთ-ერთ „მიღწევადაც“ თვლიდეს. ცნობილია, რომ საშუალო კლასი არის სწორედ ის ძალა, რომელსაც რეალური რეფორმების აუცილებლობა ძალიან კარგად ესმის და ასეთი რეფორმების მოთხოვნების მთავარი გენერატორია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუნდაც ისეთი პოლიტიკურად სტაგნაციური რეჟიმის პირობებში, როგორც რუსეთშია, სადაც სწორედ საშუალო ფენის 30%-მდე გაზრდის შემდეგ გამოჩნდა იმის რეალური შანსი, რომ ელიტარული კორუფციის და კლანურობის წინააღმდეგ ბრძოლა თითქოსდა გამქრალ პოლიტიკურ ბატალიებს კვლავ გააღვივებს. სააკაშვილის რეჟიმმა კი ეს დროზე „გათვალა“, და საშუალო ფენა პრაქტიკულად გააქრო, რითაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შანსი ძალიან შეამცირა, მაგრამ ასევე შეამცირა საკუთარი არაპოპულარული რეჟიმისათვის ეკონომიკურად ოდნავ მაინც შეძლებული პოლიტიკური ოპონენტის გაჩენის შანსიც. www.presa.ge/new/?m=politics&AID=11547

 
უცხოური ინვესტიციები

ხელისუფლების ეკონომიკური პოლტიკის მუდმივი სამიზნე პიდაპირი უცხოური ინვესტირების მოზიდვაა. თუმცა, უკანასკნელ ხანებში, როდესაც ინვესტიციებზეა ლაპარაკი, არ კეთდება ანალიზი იმ გამოცხადებული მეგაპროექტებისა, რომლებიც შემდეგ უკვალოდ აორთქლდა, როგორც მაგალითად ეგვიპტური კომპანია „ფრეშის“ მიერ ქუთაისში 12 საწარმოს ტექნოლოგიების გადმოტანის და  1.2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციების გამოცხადება 2009 წელს, არაბული კომპანია “რაკიინ”-ის მიერ თბილისსა და მის შემოგარენში მასშტაბური მშენებლობების პროექტების პრეზენტაცია, ფოთის პორტის აღმშენებლობა და სხვა… თუ ამ პიარ-კომპანიებს გავიხსენებთ, აშკარაა, რომ სადღეისოდ დეკლარირებული მილიონობით ინვესტიციებიც არ ჩანს უეჭველად, მით უფრო, რომ ხშირად ამ „ინვესტიციების“ უკან არავითარი ინვესტირება არ არის და საქმე მხოლოდ უძრავი ქონების იაფად ხელში ჩაგდებით შემოიფარგლება. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ხშირად ამ „უცხოური ინვესტიციების“ სახელით  ქართული, და კერძოდ, ხელისუფლების ახლო წრეების ფული არის შეფუთული, რისი დეზავუირებაც, მაგალითად, მილიარდერ დონალდ ტრამპის მიერ მოხდა, როდესაც მან ფარდა ახადა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ “ტრამპის მიერ საქართველოში შთამბეჭდავ ინვესტიციებს”, და ღიად განაცხადა, რომ სინამდვილეში სწორედ ქართული მხარე უხდის მას ტრამპის სახელის გამოყენებისათვის! ანუ,  ვამბობთ „TRUMP“-ს და ვგულისხმობთ „ზარალას“! და მაინც, ყველა ამ სიაფანდობის მიუხედავად, ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს ქვეყნის შეგნით თუ გარეთ ვინმეს დარწმუნება, რომ მისი საინვესტიციო პოლიტიკა წარმატებულია. ამაზე ის ციფრებიც კი მეტყველებს, რომელსაც საქართველოს [დამოუკიდებლობის არმქონე და ძალზე საეჭვო რეპუტაციის] სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.

სლაიდი 7)

 

ექსპორტ-იმპორტი და უარყოფითი სალდოს ზრდა

საქართველოს ხელისუფლება ასევე ცდილობს არ გაამახვილოს ყურადღება ისეთ სერიოზულ პარამეტრზე, როგორიც საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოა. სხვათაშორის, არცთუ ისე იშვიათად, ხელისუფლება ლაპარაკობს ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებზე, მაგრამ საუბარი მხოლოდ ცალკეული პერიოდის ციფრებით შემოიფარგლება, ხოლო დინამიკაში მაჩვენებლების ანალიზს პროსახელისუფლებო ექსპერტები ცდილობენ თავი აარიდონ:

სლაიდი 8)  

როგორც ვხედავთ, ექსპორტის მზარდი ზრდის დინამიკა 2008 წელს დამთავრდა და მის შემდეგ 3 წელია საქართველოდან ექსპორტი უმნიშვნელოდ მერყეობს 2 მილიარდი დოლარის ირგვლივ, მაშინ როცა 2004-2008 წლებშივე იმპორტის აგრესიული ზრდის ფენომენი ომის გამო მხოლოდ 2009 წელს შეჩერდა დროებით, ხოლო შემდეგ ისევ თითქმის იმავე სწრაფი ტემპით ზრდა განაგრძო და 2011 წელს 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ისე, საინტერესოა ისიც, რა წარმოადგენს საქართველოდან ექსპორტის წამყვან კატეგორიებს. პირველ ადგილზე, რაც არ უნდა საკვირველი იყოს – ავტომობილებია (78 მლნ $), შემდეგ – თხილი და კაკალი ( 70 მლნ $), შავი ლითონების ჯართი (63, 6 მლნ $), სპილენძის მადნები (63 მლნ $), წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი…და მხოლოდ შემდეგ მოდის ის, რაც ადრე ტრადიციულად ქართული ექსპორტი იყო – სპირტიანი სასმელები – ღვინო და კონიაკი, მარგანეცი, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები. წინა წლებთან შედარებით შემცირებულია ოქროს ექსპორტი. საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით საქართველოს მთავარი საექსპორტო კატეგორია არა იაპონური ან ამერიკული მანქანები უნდა იყოს, არამედ გადიების და მომვლელების ექსპორტი საბერძნეთსა და იტალიაში, ხოლო – მუშახელისა – რუსეთსა და უკრაინაში.  ხოლო სერიოზულად თუ მივუდგებით, ამ სიაში ზრდის შესამჩნევი პოტენციალი მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს და მინერალურ წყალს აქვს, მაგრამ ახლო მომავალში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში ექსპორტი აღდგება. ასე რომ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება იმპორტირებულ სურსათზე, სავარაუდოდ არსებული ნეგატიური სავაჭრო სალდოს გამოსწორების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.

მართლაც, სურათი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ სწორედ სავაჭრო დეფიციტს დავაკვირდებით. 2011 წელს საქართველომ ამ მაჩვენებელში ახალი ბარიერი „დაიპყრო“ –  4 მილიარდ დოლარს გადაამეტა. ასეთია ამჟამად იმ ქვეყნის უარყოფითი სალდო, რომლის იმპორტი ექსპორტს სამჯერ აჭარბებს.

სლაიდი 9)

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ღიმილით დაამშვიდა მოსახლეობა „- ეს არაფერი, ხალხო, ეგ 4- მილიარდიანი დეფიციტი ჩვენს მყარზე მყარ საფინანსო მდგომარეობას ვერ შეარყევს, რადგან ყველაფერი ძალიან კომფორტულად იფარებაო“, და სულ ხელის თითებზე ჩამოთვალა ის 4 კომფორტული ბურჯი, რასაც უარყოფითი სალდოს გასანეიტრალებელი პლატფორმა ეფუძნება. ამ ბურჯებში იყო ისეთი  საყრდენებიც, როგორიცაა საქართველოს მთავრობის გრანტები და კრედიტები, და ასევე – ქართველ ემიგრანტთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები (ორივე – დაახლოებით 1-1 მილიარდი დოლარიაო)!

 

მიგრაციული  პროცესები – საიდან  ჩნდებიან  საარჩევნოდ „მკვდარი სულები“

გრანტებსა და კრედიტებს კიდევ დავუბრუნდებით, ხოლო ჯერ ეკნომიკური
ემიგრანტების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე ვისაუბროთ. საერთოდ, არ ვიცი, მსოფლიოს  ერთ-ერთ ყველაზე სწრაფადგანვითარებად ეკონომიკად შერაცხული ქვეყნის პრემიერი რატომ უნდა იყოს საზღვარგარეთ წასული მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების იმედად?! ეს ხომ აბათილებს იმ მოჩვენებით ენთუზიაზმს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 წელია საუბრობს საქართველოდან ემიგრაციის იმიგრაციით შეცვლაზე! – აბა, ემიგრანტების დიდი ნაწილი რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, მაშინ ხომ ეს 1 მილიარდიანი „ბურჯი“ უცებ გამოგვეცლება?!

თუმცა საქართველოს მსგავსად სხვა ქვეყნებშიც ხდება ემიგრანტების მიერ სერიოზული ფულადი გზავნილებით ქვეყნის ბიუჯეტის გაძლიერება. განსხვავება იმაშია, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი მშპ 7%-ს აჭარბებს, თანაც, საინტერესოა, რომ თანხის მიმღებთა ძალიან დიდ ნაწილს საბანკო ანგარიშიც კი არ გააჩნია და ამ თანხებიდან თითქმის არ ხდება თუნდაც ნაწილის ბიზნესში ინვესტირება. თუ 2000-2007 წლებში გადმორიცხული თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი საბინაო თუ საოფისე მშენებლობაში და ზოგჯერ – მცირე ბიზნესში იდებოდა, ახლა ეს თანხები, სწორედაც რომ, ოჯახების გადარჩენის ლამის ერთადერთი იმედია. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ 2007 წლამდე საქართველოში გადმორიცხვები უფრო მსხვილ თანხებად მოდიოდა – სავარაუდოდ, საშუალოდ წლიურად 2000-3000 დოლარის ტრანსფერი, ახლა, როცა ახლა გადმომრიცხველთა ოდენობის ზრდის პარალელურად ტრანსფერების მოცულობა შემცირდა – წლიურად საშუალოდ 800-1500 დოლარი თუ იქნება. ამ ყველაფერზე დარგის ექსპერტები ჩემზე კვალიფიციურად და უფრო დამაჯერებლად ისაუბრებდნენ, რომ არა სახელმწიფოს მიერ გასაიდუმლოებული და დამახინჯებული ციფრები, თუმცა ეს ტენდენციები სწორედ მათ მიერ გაჟღერდა ბოლო ხანებში:

www.radiotavisupleba.ge/content/article/24446981.html

რადგან ემიგრანტებზე ჩამოვარდა სიტყვა, მინდა შევეხო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არაერთხელ გახმოვანებულ ვითომდა „სასიკეთო ტენდენციებს“.

ჯერ ერთი, როგორც კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრების (CRRC) მიერ დანიის დევნილთა ცენტრის დაკვეთით მომზადებულ 2007 წლის ანგარიშში იყო აღნიშნული, საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ნეგატიური დემოგრაფიული ტენდენციების მხრივ და 2050 წელს მოსალოდნელია მოსახლეობის 2007 წლის მაჩვენებლის 28%-ით შემცირება! ამ მხრივ საქართველოს უსწრებდნენ მხოლოდ გაიანა (-40%), ბულგარეთი (-36%), უკრაინა          (-33%) და ოდნავ ჩამორჩებოდა რუსეთი (-24%). ანგარიშის ავტორებმა ასეთი ფრაზით ახსნეს 2007 წელს ქართველი საზოგადოების განწყობილება – „როგორც ემიგრაციიდან დაბრუნებულების, ასევე – ზოგადად საზოგადოების შეგრძნებაც ისეთია, რომ საქართველოდან ემიგრაცია არჩევანი კი არ არის, არამედ – აუცილებლობა“.

ამ დროს, თუ მიხეილ სააკაშვილს დავუჯერებთ, საქართველოში რე-იმიგრაცია განუხრელად იზრდება, და „ბოლო შვიდი წლის განმავლობაში განუხრელად მეტი ხალხი ბრუნდება, ვიდრე ქვეყნიდან მიდის“. ნოემბერში პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ თურმე საქართველო ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში – საიდანაც ხალხი კი არ გარბის, არამედ ბრუნდება! თუმცა ამის რეალობა მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ საქართველოში უმუშევრობა შემცირდებოდა და რეალური შემოსავლების დონე მოიმატებდა, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მონაცემები მეტყველებს, 2010 წელსაც კი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა (4100 მთხოვნელი, მაშინ როცა სომხეთისთვის ეს მაჩვენებელი 4000 იყო, ხოლო აზერბაიჯანისთვის – 1900). კიდევ უფრო მაღალ მონაცემს აქვეყნებს გაეროს ლტოლვილთა კომისარი (UNHCR) – ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის 4700 ქართველი მთხოვნელი. მაგრამ ლეგალურად თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა ზღვაში წვეთია მიგრანტთა იმ ოდენობასთან შედარებით, ვინც არალეგალურ ემიგრაციას ამჯობინებს. საფრანგეთის, ლიტვის, თურქეთის, საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის მონაცემებითაც საქართველო ამ ქვეყნებში არალეგალური მიგრანტების რიცხვით ამჟამადაც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციებზეა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის ბოლოს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრანტების რეადმისიის ხელშეკრულებას, პრობლემა მაინც სერიოზულია. საქმე იმაშია, რომ სამშობლოში დეპორტირებულ ქართველთა დიდი ნაწილი ამჯობინებს თავიდან დააგროვოს თანხები და ყველა საშუალებით კვლავ მიაღწიოს ევროკავშირის ან აშშ ვიზის მიღებას, ვიდრე დარჩეს სამშობლოში, სადაც მათ დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით მიზერული ანაზღაურების სამუშაოს შოვნაც კი უჭირთ. ასეთ დასკვნამდე მიდიან ის უცხოელი ექსპერტებიც, ვინც ამ პრობლემებს სწავლობს. http://www.eurasianet.org/node/62589

საქართველოს მთავრობა კი ოფიციალურ სტატისტიკას თავის სასარგებლოდ აყალბებს – ქვეყანაში დაბრუნებული ყოველი პირი, განსაკუთრებით, რეადმისიის/დეპორტირების შემთხვევა – საგანგებოდ აღირიცხება როგორც „სამშობლოში დაბრუნებული“, ხოლო ტურისტული ვიზებით ქვეყნიდან მასიური ემიგრაცია კი არ ფიქსირდება, იმ მიზეზით, რომ ეს ვითომ მხოლოდ „დროებითი გასვლაა“. ამ პოლიტიკით ხელისუფლება ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს:

ა) ამცირებს ქვეყნიდან დამანგრეველი ემიგრაციის რეალურ მაჩვენებლებს, რათა უტიფრად აცხადოს, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის;

ბ) ამომრჩეველთა სიისათვის ინახავს რეალურად ემიგრირებულ „მკვდარ სულებს“, რომლებიც ფასდაუდებელ როლს თამაშობენ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების დროს.

რეალურად არ არსებობს ქვეყნიდან მიგრაციის რაიმე სანდო სტატისტიკა, რადგან თავად მიგრანტები არ არიან დაინტერესებულნი საკუთარი მიზნების და მდგომარეობის დეკლარირებით. ხოლო ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურები – სტატისტიკის სამსახური და სახალხო რეესტრი – მუდამ სერიოზული კვლევებისათვის საჭირო რესურსების ნაკლებობას იმიზეზებენ.

 
უმუშევრობა

უმუშევრობის მაჩვენებელი საქართველოში ვარდების რევოლუციამდეც (უხშირესად)და მის შემდეგ (ყოველთვის) ორნიშნა ციფრით განისაზღვრებოდა. საინტერესო მხოლოდ ის არის, რამდენად რეალურია ეს მაჩვენებელი, რომელსაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის აქტიურ სამუშაო ძალის მიმართ დასაქმების მაჩვენებელს საკმაოდ უცნაური მეთოდიკით საზღვრავს.

ჯერ ერთი საკმაოდ საკამათოა ის, რომ 2003-2011 წლების პერიოდში საქართველოში აქტიური სამუშაო ძალის ოდენობა 2 მილიონი ადამიანით განისაზღვრება. ეს ურყევი ციფრი ისევე საკამათოა, როგორც ის, რომ საქართველოში მაშინაც 3.5 მილიონი ამომრჩეველი იყო, როცა მოსახლეობის ბოლო აღწერით 4,4 მილიონი ცხოვრობდა და თურმე ახლაც იმდენივეა, როცა სხვადასხვა მონაცემებით მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3,3-3,7 მილიონზე მეტი აღარ უნდა იყოს!

მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის ციფრი, რომელიც დასაქმების ინდექსის განსაზღვრისას მრიცხველში იწერება – ანუ ვინ ითვლება საქართველოში “დასაქმებულად”.

თურმე, საქართველოში დასაქმებულია 15-ზე მეტი წლის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც:

ა) გამოკითხვამდე ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (მერე რა თუ მანამდე 300 დღე არ მუშაობდა!). და ამ პირობას – მუშაობა – აკმაყოფილებს ნებისმიერი შემდეგი:

– თუნდაც 1 საათი მუშაობა (მთავარია ამაში ანაზღაურება ჰქონდეს, თუნდაც 1 ლარი!)

– შინამეურნეობაში ოჯახის სხვა წევრებს დახმარება(თუნდაც უსასყიდლოდ)

– სამსახურში გაფორმებულად ყოფნა (თუნდაც თუ სამსახურში არ უვლია და ხელფასს არ იღებს)

ბ) ან თვითდასაქმებულია, რომელიც:

– მუშაობს როგორც ინდივიდუალური მეწარმე

– მუშაობს შინამეურნეობაში – მაგალითად, სოფელში საკუთარ მიწის ნაკვეთზე, უვლის შინაურ ცხოველებს, და იღებს მატერიალურ ან ნატურით (!) ანაზღაურებას.

თუმცა არის ნიუანსები, რომელზეც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური და მისი წარმართველი ნეტარი ნაცპარტია ჯიუტად სდუმან.

მაგალითად,  ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დასაქმებულების დაანგარიშების დროს მხედველობაში არ იღებენ საპენსიო ასაკის პირების შინამეურნეობაში დასაქმებას!

აფრიკის და აზიის ღარიბი ქვეყნებშიც კი უმუშევრობის დაანგარიშებისას არ თვლიან დასაქმებულად ადამიანს, რომელიც ფორმალურად სამუშაოზე დაქირავებულია, მაგრამ რომლის დღიური შემოსავალი 2 ევროზე ნაკლებია (ერთ სულზე). ანუ, რომ გადმოვიანგარიშოთ – თვეში 135 ლარზე ნაკლებია. თან ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შეწონილი მაჩვენებელი (GDP PPP per capita) საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე (4900 დოლარი წელიწადში) გაცილებით ნაკლებია.

მარაზმია, დასაქმებულად ჩათვალო ადამიანი, რომელიც სოფელში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთს უვლის და მხოლოდ იმდენი სარჩო რჩება, რომ ოჯახი გამოკვებოს. რომელიც არ ჰყიდის თავის შრომის პროდუქტს (არ აქვს იმდენი, რომ გაყიდოს) და მოგება კი არა, არსებობა და ზამთრისთვის შეშის შოვნა ნატვრად ქცევია.

[უფრო დაწვრილებით ამ ფანტასტიურ მეთოდიკაზე და მის მარგალიტებზე შეგიძლიათ იხილოთ თქვენი მონა-მორჩილის ბლოგი – „დასაქმება! დასაქმება! დასაქმება!“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/11/20 ]

ასე რომ, თუ ამგვარად ვითომდასაქმებულთა რაოდენობას გამოვაკლებთ შინამეურნეობაში თვითდასაქმებულებს, რომელთაც პროდუქციის რეალიზიაცია არ უხდებათ, იმიტომ, რომ ეს პროდუქცია საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად სჭირდებათ, ან რომელთაც პროდუქციის რეალიზაციის შედეგად   დღეში 1 სულზე 1 ევროზე მეტი, ან ოჯახზე – 2 ევროზე მეტი არა აქვთ, უმუშევართა რეალური რაოდენობა საქართველოში, სავარაუდოდ,  35%-55% ფარგლებში უნდა იყოს. ეს კი მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ოცეულში (იემენი, ავღანეთი – 35-35%, ღაზის სექტორი –  37.8%, კენია, სვაზილენდი, კოსოვო – 40-40%, მოზამბიკი, ტაჯიკეთი – 60-60%, თურქმენეთი – 70%, ნაურუ – 90%, ზიმბაბვე – 97%) ყოფნას ნიშნავს. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ ეს რეალობა დამალოს და ახერხებს კიდეც, განსხვავებით მაკედონიის (უმუშევრობა – 32%), ბოსნია-ჰერცოგოვინის (29.2%) და თუნდაც, ესპანეთისაგან (22%), რაც მარტივად იმით აიხსნება, რომ ამ ქვეყნების ხელისუფალთ თავში აზრად არ მოსდით შინამეურნეობაში მშობლების დამხმარე 15 წლის ბავშვები ან ქალაქში კორპუსის წინ შემოღობილი მომცრო ბოსტნიდან რამდენიმე კგ კარტოფილის მომწევი პენსიონერები დასაქმებულ ადამიანებად გააფორმონ და საკუთარი ქვეყანა ხორვატიაზე ან ლატვიაზე (ორივეგან უმუშევრობა 16.2%-ია), ან ლიტვასა და ესტონეთზე (დაახლოებით 14%!)  უფრო დასაქმებულად გაასაღონ… ამ ციფრების გაცნობის შემდეგ – რომ თურმე საქართველოსა და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანას შორის უმუშევრობის მაჩვენებლის განსხვავება მხოლოდ 0-2% თუ ყოფილა, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რამდენად არარეალურია საქართველოს სტატისტიკის სამსახურის დავარცხნილი ციფრები! მართლაც რომ სტატისტიკა ხანდახან იმისთვის უფრო შეიძლება გამოდგეს, რომ გაიგო, რამდენად უნდა ენდო ამ სტატისტიკის დამწერ პირებს და მათ დამრიგებლებს!

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქსტატის დირექტორის ინტერვიუს რადიო «თავისუფლებასთან» ლაიტმოტივად ეს სიტყვები წაუძღვა – ”სტატისტიკის სამსახურებისადმი ნდობა მაღალი არსად არ არის”! ანუ იცის კაცმა, რომ  სამთავრობო ჯიბის სტატსამსახურს ელემენტარულად არავინ ენდობა და უნდა დაგვაჯეროს, რომ ყველგან ასეთივე უნდობლობაა და ასეთივე ჩალით არის დაფარული ყველა ქვეყანა! ტიპიური ნაცმოძრაობული თავისმართლების წესი – „მარტო ჩვენ კი არა, ყველა მიჰქარამს, ვაა!“ (ისე, ეს ზაზა ჭელიძე ყველაზე ნაკლებ დამნაშავეა ამ ოფიციალურ გაყალბებებში, მას ხომ ზევიდან აძლევენ დავალებებს – რა უნდა დაწეროს და როდის) www.radiotavisupleba.ge/content/article/24442845.html

„დუინგ ბიზნეს იიზი!“ –

საქართველოს ხელისუფლების სიამაყის კვინტესენციას მსოფლიო ბანკის სწორედ ეს ნომინაცია წარმოადგენს! მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიიოლით საქართველო 2006 წლის შემდეგ მუდამ ამ ნომინაციის ლიდერთა შორის გვევლინება. ანუ საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან იოლია – სახლიდან გაუსვლელადაც კი შეიძლება და განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისაგან ბიზნესის დასაწყებად საჭირო იურიდიული თუ სხვა წინაპირობებიც თუ ბარიერები გაცილებით გაადვილებულია  ან სულაც მოხსნილია! „დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!“

მაგრამ მოდით, ასე დავსვათ კითხვა, კარგი, ვთქვათ და დაიწყო ბიზნესი, მერე მისი აწყობისათვის საჭირო პირობები – კონკურენტული ბიზნეს გარემო, ხელმისაწვდომი საბანკო კრედიტი, მოქნილი საგადასახადო სისტემა ან სულაც ბიზნესის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე არსებული საგადასახადო შეღავათები – რამდენად ასევე „იიზი“-ა? ხომ არ ხდება ისე, რომ ადვილად დაწყებული ბიზნესი ასევე ადვილად იხურება, ხოლო ზოგჯერ სულაც ადვილად გადაიყლაპება ხოლმე სახელმწიფოს ერთგული მონოპოლიური ზვიგენების მიერ?

საქართველოს სატატისტიკის სამსახური და ეკონომიკის სამინისტრო დიდი გულმოდგინებით გვამცნობენ (და შემდეგ ხშირ-ხშირად გვახსენებენ!) ხოლმე, რამდენი ახალი საწარმო და კომპანია გაიხსნა ამა თუ იმ პერიოდში. მაგრამ რატომღაც არავინ აქვეყნებს ინფორმაციას იმ საწარმოებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში დაიხურა და გაკოტრდა!

მართალია, საქართველოში გაადვილებული კანონმდებლობის გამო ბიზნესმენებს არც აქვთ სტიმული, რომ წამგებიანი საწარმო დახურონ, და როგორც წესი, მხოლოდ ფუნქციონირების შეჩერება ხდება, მაგრამ იმის დათვლა ხომ მაინც ძალიან ადვილია საგადასახადო სამსახურებისათვის, რომელი საწარმო არის ფაქტიურად გაჩერებულ მდგომარეობაში! ამის ანგარიშგებაც არ ხდება. სავსებით გასაგები მიზეზების გამო – თუ, მაგალითად საანგარიშო პერიოდში 1000 ახალი საწარმო გაიხსნა, მაგრამ ამავდროულად 800 დაიხურა ან სულს ღაფავს, მართლაც ძნელი იქნება იმის ვარდისფერი „კარწინკის“ შექმნა, რომ საქართველოში „ეკონომიკური სასწაული“ გრძელდება!

ხოლო თუ ამას დავამატებთ იმ გაყვლეფილი და საპროცესო შეთანხმების გოლოგოთაზე ჯვარცმული ბიზნესმენების სიას, რომელთაც წარამატებული ბიზნესის დაწყების შემდეგ თავბედის წყევლა დაიწყეს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შეწერებისა და პროკურატურის მიერ უსაფუძვლო და შეთითხნილი ბრალდების წაყენების გამო ქვეყანას ხან აწყობილი ბიზნესები გადაუფორმეს, ანდა სულაც 112 მილიონი ლარი დაყაჭეს, თუ გავიხსენებთ სულაც თათა ვარდანაშვილის, ან ინგლისური კომპანია „თეიმზ სტილის“ მენეჯერის თავგადასავალს, აშკარა ხდება, რომ სააკაშვილის მთავრობის მიერ საქართველოს „ზღაპრულ ინვესტიციურ გარემოზე“ შეთხზული ბლეფი საპნის ბუშტივით გასკდა. და საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე უფრო იოლი ამ ბიზნესის დაკარგვა ან მომენტალური „ახევაა“, რაც უცხოელ ბიზნესმენებს – გაქცევისაკენ, ხოლო ქართველებს – ბიზნესის მიხურვისაკენ უბიძგებს. საქართველოს მთავრობა კი ვერ ხვდება, რომ როცა მეწველ ძროხას დაკლავ, მერე თბილი რძის და ჭყინტი ყველის იმედი არარეალური ხდება…

www.liberali.ge/biznes-klimati-da-koruptsiis-sat

www.banksandfinance.ge/banks/243-investorebi.html 

www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=11423&lang

 
საგარეო  ვალი

ახლა კი რაც შეეხება საგარეო ვალს, რომლის განუხრელი ზრდა ბოლო წლებში უცხოელი ექსპერტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

საინტერესო ისაა, რომ მთავრობა, რომელიც მშპ-ს უპირატესად დოლარებში აქვეყნებს ხოლმე, საგარეო ვალზე უფრო ლარებში ლაპარაკობს. მიზეზი აქაც იგივეა, რაც მშპ შემთხვევაში, ოღონდ პირუკუ – ლარის კურსის მკვეთრმა გამყარებამ 2004-2006 წლების  პერიოდში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ საგარეო ვალის შემცირების დინამიკა უფრო შთამბეჭდავად სწორედაც რომ ლარში გამოსახვისას  წარმოჩნდებოდა. ანუ, თუ 2006 წელს საგარეო ვალი დოლარში მხოლოდ 26%-ით შემცირდა, იგივე მაჩვენებლის ლარში შემცირება უკვე 40% იყო, რაც გრაფიკებზეც კარგად ჩანს.

სლაიდი 10)

სლაიდი 11)

სამწუხაროდ, 2007 წლიდან სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია შეუქცევადი გახდა და იგი 2006-2011 წლების პერიოდში ლარში 2.57-ჯერ, ხოლო დოლარში სულაც 2.69-ჯერ გაიზარდა.

აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზემოთაღნიშნული ციფრები მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების (მთავრობა + ეროვნული ბანკი) ვალს აღნიშნავს და საქართველოს სრული საგარეო ვალი 2-ჯერ უფრო მეტია – იგი 10.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და მხოლოდ ბოლო წლის მანძილზე თითქმის 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა!

როდესაც უარყოფითი სავაჭრო სალდოს კომფორტულად დაფარვაზე გვესაუბრებოდა, პრემიერ-მინისტრ გილაურს არ დავიწყებია ეხსენებინა საქართველოს მთავრობის გრანტები და კრედიტები. საერთოდ, საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად ახდენს ამ ტერმინებით მანიპულირებას და ხშირად ცდილობს, რომ აღებული კრედიტებიც ისეთივე დამსახურებულ საჩუქრად მოგვაჩვენოს, როგორც საგრანტო დახმარება, არადა ამ ორს შორის სერიოზული განსხვავებაა.

გრანტი მართლაც რომ ნაჩუქარ თანხას წარმოადგენს, რომლის უკან დაბრუნებას საქართველოს მთავრობას გრანტის მომცემი ორგანიზაციები არ სთხოვენ. სამაგიეროდ, გრანტს ჩვეულებრივ, საკმაოდ სერიოზული შეზღუდვები და პირობები ახლავს ხოლმე – მას ვერ დახარჯავ შენი სურვილის მიხედვით – აუცილებელია, სწორედ იმ მიმართულებით და ოდენობით დახარჯო, როგორც წინასწარ შეთანხმებული გეგმით არის განსაზღვრული და გეგმიდან გადახვევის შემთხვევაც მხოლოდ ახალი შეთანხებით შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, გრანტის საკმაო ნაწილი ხშირად სწორედ იმ ქვეყნის წარმომადგენელი იურიდიული და ფიზიკური პირების შრომის ანაზღაურებაა, რომელიც გრანტს იძლევა. ანუ, როდესაც 1 მილიონიანი საგრანტო პროექტი თანხმდება, ხშირად იქ დაახლოებით 20-50% გრანტის გამცემი ქვეყნ(ებ)ის წარმომადგენელი იურიდიული ან ფიზიკური პირების მომსახურების საფასურია, კიდევ 20-30% – ზედნადები ხარჯები და მხოლოდ დარჩენილი 20-60% შეიძლება იყოს ის ხარჯები, რაც საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას, აპარატურის შეძენას ან ადგილობრივი ადამიანური რესურსების ანაზღაურებისათვის იხარჯება.

კრედიტი კი შედარებით უფრო თავისუფლად შეიძლება მოიხმაროს მიმღებმა ქვეყანამ თუ ორგანიზაციამ, თუმცა დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტებიც თითქმის ისევე დეტალურად შეიძლება იყოს გაწერილი, როგორც გრანტები, ამიტომ სააკაშვილის მთავრობა ბოლო ხანებში უპირატესობას აძლევდა სწორედ უფრო მაღალპროცენტიან თავისუფალი კრედიტების აღებას, რათა თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად პრობლემები არ შექმნოდათ.

განსაკუთრებული გაღიზიანებას საქართველოს ხელისუფლებაში იწვევს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დახმარების ე.წ. მეორე კომპაქტი, რომლის საქართველოსთვის მინიჭება 2010 წლის ბოლოს გამოცხადდა, მაგრამ ჯერ ერთი, სააკაშვილის ხელისუფლების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი პირველ გრანტზე (395 მილიონ დოლარზე) ბევრად ნაკლები აღმოჩნდა (სავარაუდოდ ჯერ 200 მილიონი სახელდებოდა, შემდეგ 150) და თანაც, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ამაყად ამცნო საზოგადოებას – გრანტი დაგვიმტკიცესო, აშშ ელჩმა საკმაოდ ოპერატიულად პირში ჩალა გამოავლო საქართველოს მთავრობას და განაცხადა, გრანტის საბოლოდ დამტკიცება ჯერაც არ მომხდარა, საქართველოს მხარის მიერ წარმოდგენილი პროექტები უნდა განვიხილოთო. ხოლო მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა აშშ მთავრობას 60 მილიონი დოლარი სთხოვა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისათვის, სადაც 15% წილის მფლობელი დედამისი – პროფ. გიული ალასანიაა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ გრანტის გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გადასდო.

თუ დააკვირდებით სახელმწიფო საგარეო ვალის ($) ზრდის დინამიკას, აშკარა ხდება, რომ ვალის განსაკუთრებული ზრდა 2007 და 2008 წლებზე მოდის. 2007 წ. საქართველოს საგარეო ვალი წინა წელთან შედარებით 980 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო 2008 წელს კი – საერთოდ ფანტასტიური ციფრით – 1,24 მლრდ. დოლარით! რა თქმა უნდა, 2008 წელს ვალის გაზრდა მნიშვნელოვანწილად აგვისტოს ომს უკავშირდება, მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო კითხვა:

  1. რატომ მოხდა 2007 წელს საგარეო ვალის ასეთი მკვეთრი ზრდა და რა პროგრამებში დაიხარჯა აღებული სავალუტო სახსრები? ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან 2006-2007 წწ-ში სახელმწიფო სტრატეგიაში ხაზგასმით ეწერა – „საგარეო საფინანსო ვალდებულებების შემცირება“. – რა განსაკუთრებული მიზეზებით და რომელი სპეციალური გადაწყვეტილებით მოხდა სახელმწიფო სტრატეგიიდან გადახვევა?
  2. 2008 წელს სრულიად მოულოდნელად აპრილში საქართველოს მთავრობამ აიღო ნახევარი მილიარდი ევრობონდის სესხი. მიუხედავად სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების და ექსპერტების მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მრავალჯერ დასმული შეკითხვისა – „ომამდე 4 თვით ადრე რით იყო განპირობებული ასეთი საკმაოდ არასახარბიელო სესხის სასწრაფოდ აღება?“  ვერც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გურგენიძემ და ვერც მის შემცვლელად მოსულმა გილაურმა ვერ უპასუხეს დამაჯერებლად ამ  კითხვას. საგარეო საფინანსო ინსტიტუტები გასაგებად თვლიან იმ ფაქტს, რომ ომის შემდეგ ამ თანხების დიდი ნაწილი გაზრდილი საფინანსო რისკების და მოულოდნელად წარმოქმნილი ფორსმაჟორული მოთხოვნილებების (დახმარების, სახელფასო და ინფრასტრუქტურული ხარჯების) დასაკმაყოფილებლად დაიხარჯა, მაგრამ ვერავინ ვერ ხსნის, წინასწარმეტყველების რა ასეთი ნიჭი აღმოაჩნდა ლადო გურგენიძეს, რომ 2008 წლის აპრილში  4 თვის შემდეგ აღმოცენებული ფორსმაჟორული სიტუაციების განჭვრეტა შეძლო!
  3. დაბოლოს, როგორ აიხსნება 2008 წლის ლარის კურსის ზეგამყარება 1$=1.47 ლ დონეზე?

მაგრამ თუ 2011 წელში დავბრუნდებით და საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოს დაფარვის გილაურის “კომფორტული ოპტიმიზმის” ახსნას შევეცდებით, იძულებული გავხდებით, ვიფიქროთ, რომ პრემიერი ან ვერ ხედავს წინა წლებთან შედარებით საკრედიტო-საფინანსო სიტუაციის სერიოზულად დამძიმებულ სხვაობას, ან შეგნებულად ტყუის. რამდენადაც გილაური საკმაოდ ნორმალური ფინანსისტი მგონია, უფრო მეორე ვერსია მიმაჩნია სწორად.

საქმე იმაშია, რომ 2011 წლიდან საქართველოს საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრების ის ფაზა დაეწყო, როცა ყოველი შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა. 2012 წელს 250 მილიონი დოლარი ძველი კრედიტების ძირი თანხა, ხოლო კიდევ 50-100 მილიონი დოლარი – პროცენტები იქნება გადასახდელი. ამ პერიოდში რაიმე ახალი კრედიტის აღების შანსი ძალიან ნაკლებია – ქვეყანა, რომელსაც ძველი ვალები არ გაუსტუმრებია და რომლის ვალი მისი მშპ-ს 38% (ზოგიერთი მონაცემით კი – სულაც 47%-ს) შეადგენს, კრედიტორთათვის საეჭვო კლიენტად მიიჩნევა (არადა, ხელისუფლების მართლაც ძალიან პოზიტიური მიღწევა 2003-2006 წლებში ამ მაჩვენებლის 60%-დან 18%-მდე შემცირება იყო!). 2011 წ. აზიის განვითარების ბანკს ხელისუფლებამ 500 მილიონი დოლარის კრედიტი სთხოვა და მხოლოდ 80 მილიონი დოლარი მიიღო, ისიც დიდი ხვეწნის შემდეგ და საკმაოდ არასახარბიელო პირობებით.  მართალია, ხელისუფლებამ 2008 წლის ევრობონდების 2021 წლამდე გადავადებას მიაღწია, მაგრამ ამაშიც დიდად სასიხარულო არაფერია, რადგან ყოველი დამატებითი წელი ჩვენს ქვეყანას პროცენტის სახით კიდევ 35 მილიონი დოლარი უჯდება. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ ამ „მიღწევით“ კიდევ 175 მილიონი დოლარი ვალი აჰკიდა მომავალ თაობებს – ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს…

აქვე იმასაც დავამატებ, რომ გარდა უცხოური კრედიტების მოზიდვის შემცირებული შანსისა, სულ უფრო იზრდება ევროპის ქვეყნების ეკონომიკური სიძნელეების გამო იქ მომუშავე ქართველ  მიგრანტთა მიერ სამშობლოში გადმორიცხული თანხების (მეორე ბურჯის) მნიშვნელოვნად შემცირების რისკი.

 

დასკვნა:

  1. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეული პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებები ძირითადად 2004-2006 წლებს მიეკუთვნებოდა, ხოლო 2008 წლის შემდეგ ეკონომიკაში მიმდინარეობს ძირითადად ნეგატიური ხასიათის პროცესები, საგარეო ვალის და უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მკვეთრი ზრდის სახით, რასაც მაღალი ინფლაციისა და უმუშევრობის ფონზე თან ახლავს საინვესტიციო კლიმატის გაუარესება. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ მოვლენებს ებრძვის პოზიტიური ეკონომიკური ზრდის პოტიომკინური სოფლების სურათის ხატვითა, სტატისტიკური მონაცემების დამალვით/გაყალბებით და  „ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს!“ ტიპის რიტორიკულ-პროპაგანდისტული ფანფარონობით, რაც მოკლებულია გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას და ამ უკანასკნელის ჩანაცვლებას აბსოლუტური კრახისათვის განწირული ილუზიურ-იდეალისტური პროჟექტების („მეგაქალაქი ჭაობზე ლაზიკა“) სწრაფ-სწრაფი ცხობით ცდილობს.
  2. საქართველოს მთავრობამ გადაუხვია გადასახადების თანდათანობითი შემცირების სტრატეგიულ კურსს და მონოპოლისტურ-ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ფასების უკონტროლო ზრდისა და მოსახლეობის სასტიკი გატყავების მეთოდებით, ხოლო შემდეგ ამ ჯგუფებისაგან მიღებული „ატკატებით“ ცდილობს მრავალ ადგილზე გამსკდარი ეკონომიკური საბურავების „დალარტკვას“. ის მეთოდები, რომლითაც ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები ახდენენ ბიზნესის ტერორიზირებას და უკვე არა მარტო მსხვილი, არამედ საშუალო ბიზნესიდან თანხების მაქსიმალურად ამოქაჩვას, განწირულია მხოლოდ მოკლევადიანი შედეგისათვის და უპირველესი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში ბიზნესი სულს ღაფავს. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა ეკონომისტმა განაცხადა,

– დღეს საქართველოში ყველაზე სტრატეგიული ბიზნეს-გადაწყვეტილება ასე ჟღერს: „ჯობს თავად წყნარად დავხურო ბიზნესი, ვიდრე ვინერვიულო იმაზე, რამდენს წამართმევენ, ან – რას მომისჯიან!“

3. საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი გამოსავლად რჩება ყველა ჯერ კიდევ დარჩენილი ობიექტის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების უსწრაფესი (და ამდენად – არამომგებიანი) გაყიდვა და [მიუხედავად საბანკო პროცენტებისა] – საგარეო ვალების შემდგომი ზრდა. ორივე ეს კი გამოიწვევს საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტ გახლეჩას და ხელისუფლების მზარდ მარგინალიზაციას. სადღეისოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – ახალშობილთა ჩათვლით – მინიმუმ 2,700 დოლარის ექვივალენტი საგარეო ვალი გააჩნია და ამ ხელისუფლების ხელში ამ ვალის  შემცირების ზრდის შანსი 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ზრდისა – 99%! სულ რაღაც 15 წელიწადში ეს თანხა უკვე გაორმაგებული იქნება…

აი, ამას ეძახის საქართველოს ხელისუფლება «DOING BUSINESS EASY!» -ს.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s