საკანონმდებლო ჭრა-კერვის მაგისტრები ვარდისფერ საქართველოში


 „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“

(ნეტარი ავგუსტინე)

ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს, ორი მოსმენით უკვე მიღებულია და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე საბოლოოდ დამტკიცდება.

ამ ინიციატივების გაჟღერებას ექსპერტების საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები მოჰყვა, რადგან ამ წესების დანერგვა კიდევ უფრო ზრდის იმ ფინანსურ დისბალანსს, რაც სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბოლო 8 წელია, არსებობს, აწესებს ან ზრდის იურიდიულ პასუხისმგებლობას საარჩევნო დარღვევებზე, თან ისეთი ბუნდოვანი ფორმით, რაც სასამართლოს (და რეალობაში – პროკურატურას) ორმაგი ინტერპრეტაციისა და კანონის მთელი სიმკაცრის მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღდეგეების მიმართ გამოყენების საშუალებას აძლევს, და რეალურად დაფინანსების გარეშე ტოვებს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მაგრამ მე უფრო შორს წავიდოდი და ასე ვიტყვი, ამ საკანონმდებლო ინიციატივებით მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მმართველმა ბანდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი ძალიან შორს არიან იმისგან, რასაც დემოკრატია ჰქვია და უკვე გადაკვეთეს უკანარდაბრუნების ის წერტილი, რაც ერთპარტიულ დიქტატურად იწოდება. ის, რომ ამ დიქტატურაში მათ ფასადს შეულამაზებენ სხვადასხვა ჯიშის (უჯიშო!) სატელიტური ჯიბის პარტიები, საქმის არსს არ ცვლის.

საქართველოს დღევანდელი ვაი-ხელისუფლების modus vivendi  ცნობილია: „მე! მხოლოდ მე! და ყოველთვის მხოლოდ მე! არავინ ჩემს გარდა! არაფერი ჩემს გარდა!  და არასოდეს ჩემს გარდა!“

მიხეილ სააკაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებით (რეალურად კი კანონმდებლობის პრინციპების ცინიკური ჭრა-კერვით საკუთარ ტანზე და სურვილებზე მოსარგებად) ეუბნება მთელ მსოფლიოს: „აქა ვზივარ და თუ სადმე გადავჯდები, მხოლოდ იქ, სადაც კიდევ უფრო მეტი უფლებები მექნება მე, და არავითარი უფლებები – იმათ, ვინც მე ხელზე არ მეამბორება.“

======================================

განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები:

კანონპროექტის თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალებათ.

ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში საერთო ჯამში მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება.

 მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში.

თუ ეს ყველაფერი სადმე ფინეთში, ან ჩეხეთში მოხდებოდა, ამას შეიძლება დიდად არ შეეცვალა პოლიტიკურ ძალთა წონასწორობა. თუ რინგზე ორივე მოწინააღმდეგე ხელთათმანებს იცვამს, ეს ცუდი არაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფერი ამ ხელთათმანებს წინასწარ ამოწმებს, რადგან შეიძლება ერთ მათგანს შიგ კასტეტი ჰქონდეს ჩაკერებული. ჩვენთან კი ხომ გვახსოვს, ვინ არის კასტეტის დიდი მოყვარული?! და იმაში ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველოში „რეფერი“ (სასამართლო/პროკურატურა/პოლიცია/სახელისუფლებო მედია) თავად დაიწყებს ხელისუფლების ხელთათმანში კასტეტის დროულად ჩაკერებას?

ქვეყანაში, სადაც პროკურატურამ ერთი წლის განმავლობაში საპროცესო გარიგებების მეშვეობით 112 მილიონი ლარი ამოიღო და სადაც რამდენიმე ათეული ათასი პრობაციონერია, ვინმეს ეჭვი უნდა ეპარებოდეს, რომელ პარტიას დააფინანსებენ შედარებით შეძლებული ფიზიკური პირები, რომელთაც მალე ათასი მოგონილი საბაბით პროკურატურაში დაიბარებენ?

ქვეყანაში, სადაც ცნობილი პროფესორი და პატიოსანი ადამიანი, ბიზნესმენი ომარ ქუცნაშვილი ხელისუფლებამ რამდენიმე წლით ციხეში მხოლოდ იმიტომ გამოკეტა, რომ მან გაბედა და წინასაარჩევნო  სამთავრობო რეკეტის დამორჩილებაზე უარი განაცხადა, ვინმეს – ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოს, Human Rights Watch-ს, Freedom House-ს, Transparency International-ს, USAID-ს, Millenium Challenge Corportation-ს, ამერიკელ თუ ევროპელ დიპლომატებს, დაბოლოს – ვენეციის კომისიის შეშფოთებულ წევრებს – ეჭვი ეპარებათ, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს გაუჭირდება წინ აღუდგეს მოძალადე მმართველი პარტიის და მისი მოძალადე ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნას საარჩევნო ხარკის გადახდაზე?

და იმ ქვეყანაში, სადაც გატყავებული და მთლიანად ხელისუფლებიდან „დაკრიშული“ ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში 100%-ით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ ჯიბის პარტიებს აფინანსებს, ვინმეს ეჭვი შეაქვს, ვის მისცემენ ბანკები სესხს?

ჩემი დასკვნა – დღეს საქართველოში იურიდიული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის სრულ აკრძალვას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფინანსური ორგანიზაციების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, რომ ახალმა ოპოზიციურმა ძალამ ლეგალური ფინანსები ვერ მოიპოვოს. სამაგიეროდ, ნაცმოძრაობის დამფინანსებელ ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს უკვე ჩამოართვეს პირობა ( მამა უცხონდათ და რას გაბედავდნენ), რომ ისინი, ახლა უკვე როგორც ფიზიკური პირები, დააფინანსებენ მმართველ პარტიას და (ზოგ შემთხვევაში) – მის სატელიტებსაც.

———————————————————————————–

კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი  შეზღუდვებით, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ რომ მოამზადოს რაღაც დასკვნა და ეს დასკვნა პოლიტიკურმა პარტიამ გამოიყენოს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ იგივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც პოლიტიკური პარტიის მიმართ წესდება.

ანუ,  რაიმე  საკითხზე მომზადებული დასკვნის რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ „გამოყენების ფაქტის“ დადასტურების შემთხვევაში, ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეღარ დააფინანსებენ იურიდიული პირები, ისინი ვეღარ აიღებენ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან!! ეს მუხლი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გაბედონ და არ დადონ დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების შედეგები, სადაც მმართველ პარტიას არ ექნება აბსოლუტური ლიდერის და ერის სათაყვანებელი პარტიის სტატუსი!

ასევე, ეს შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსთან ან – პოლიტიკოსის ოჯახის წევრთანაც კი, რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ეს მუხლები იმდენად ბუნდოვანია, რომ ხელისუფლებას ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს.

რას ნიშნავს „რაიმე ფორმით არის კავშირში პოლიტიკოსის ოჯახის წევრთან“? თუ მაგალითად პირი არის მშობელი, რომლის ბავშვი თინა ხიდაშელის ბავშვთან ერთად სკოლაში სწავლობს, ამ მშობელს რაიმე ფორმით უკვე კავშირი აქვს პოლიტიკოსის ოჯახის წევრთან? და თუ ამ პირმა რაიმე პოლიტიკური ხასიათის სტატია ან კვლევა გამოაქვეყნა, მას შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმა მოუწიოს? მაგრამ იგივე, რა თქმა უნდა, არაფრით მოხდება, თუ თამარა ჩერგოლეიშვილის „ტაბულა“ რომელიმე არასამთავრობო გრანტს აიღებს! მაშინ ვის გაახსენდება, რომ ქალბატონი თამარა „გარკვეული ფორმით კავშირშია“ გარკვეულ პოლიტიკოსებთან და თავად არის “გარკვეული პოლიტიკოსის” თანამეცხედრე?! და ისე, ვინ ჩაითვლება „ოჯახის წევრად“? (აკო მინაშვილის სუპერაქტიური სიდედრი, ალბათ, არა!)

აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც (დავანებოთ თავი იმ სამიოდე საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართველ პარლამენტარს, ვისაც იმაზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა დაუგროვდათ, ვიდრე ფრანკლინი, ჯეფერსონი, რობესპიერი და მარატი ერთად ინატრებდნენ) რეალობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რუხი კარდინლის და მისი თანამშრომლების უძილო ღამეების შედეგია (ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის დღიდან იუსტიციის სამინისტრო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზეა გადასული), ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: – ხელისუფლებამ საბოლოოდ  მოაშთოს NGO-ების ის ერთადერთი სექტორი, რომელსაც, დიდი სურვილისა და ათობით პროსამთავრობო „არასამთავრობოების“ წარმატებული ინკუბაციის მიუხედავად, ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებით კი , – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ჰუმან რაითსის“ და გაეროს საქართველოს ოფისები და მათთან მოთანამშრომლე ენჯეოები, სამოქალაქო კვლევების ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ასევე ის ახალი ორგანიზაციები და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრები, რაც შეიძლებოდა აღმოცენებულიყო არჩევნების წინ. რომ დააშინოს და უხელფასობის, უმუშევრობის, უიმედობის განცდა შეუქმნას ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ხელისუფლების ფეხისნაბანი წყლით არ აპირებს სახის დაბანას. სწორედ ამას ემსახურება რეალურად ეს ინიციატივები, თორემ გიგი უგულავას და დავით კირკიტაძის ძმაკაც კოკი იონათამიშვილის მიერ გამოჩეკილ „ახალი თაობა – ახალ ინიციატივას“ და ალიკა რონდელის ენეჯეო-ს რომ არავინ დაუთვლის ნაციონალური პოლიტიკოსებისთვის მიწოდებული დასკვნების სიმრავლეს, ან რომ ლევან თარხნიშვილის მეუღლის ხელიხელსაგოგმანები „ბი-სი-ჯი“, და ან სააკაშვილის ყოვლადწმინდა Greenberg-Queenlan-Rossner არ მოჰყვებიან სახელისუფლებო ინკვიზიციის ბრჭყალებში, ეს ვინმეს ეეჭვება? ნუ, შეიძლება ვენეციის კომისიის წევრებს ეეჭვებოდეთ… ისიც, ალბათ, მაშინ, თუ ისინი საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ შორიდან – სან მარკოს გუმბათიდან აკვირდებიან!

————————————————————————————-

პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკო-ს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.

თითქოს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელი სამთავრობო ცერბერი იქნება დაგეშილი ოპოზიციის წინააღმდეგ, და მაინც ყოვლისშემძლე კონტროლის პალატა გაცილებით მრისხანედ ჟღერს. ისე, დღემდე მას სწორედაც რომ ხელისუფლების, და არა პარტიების, შემოწმება ევალებოდა და მაინც არასოდეს შეუწუხებია თავი იმ მრავალი მილიონის გადამოწმებით, რაც სახელისუფლებო სტრუქტურების ბიუჯეტიდან ნაცმოძრაობის საარჩევნო მიზნების მისაღწევად იხარჯებოდა. არც ის გაურკვევია, დეკლარირებული შემოწირულობების გარდა, კიდევ რამდენი და საიდან იხარჯებოდა, რატომ ხდებოდა საარჩევნო წლებში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტის არაკონტროლირებადი ზრდა. არც იმ საკითხით დაინტერესებულა, რატომ და როგორ იფარებოდა სხვადასხვა ტელევიზიების ხარჯები ბიუჯეტიდან. ახლა კი კონტროლის პალატამ ახალი დირექტივა მიიღო და რატომღაც არ მჯერა, რომ თავის მსახვრალ მზერას ნაციონალური მოძრაობის აქტივებს მიაპყრობს და არა მხოლოდ – „ქართული ოცნებისა“. ალბათ, უპრიანი იქნება ამ ორგანოს სახელი გადაერქვას და „ოპოზიციის გაკონტროლების პალატა“ ეწოდოს. კიდევ უფრო ზუსტად – “არაკონტროლირებადი ოპოზიციის გაკონტროლების პალატა”!

———————————————————————————–

პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა. ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.

ალბათ გახსოვთ ასეთი დიდი მეცნიერი – კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. ამ დიდმა მეც-ხნიერმა თავი დასდო, მეორე თავდადებულთან – თენგიზ შარმანაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის ისეთ ძირეულ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ყოვლისშემძლე პრეზიდენტი მომავალში გერმანიის პრეზიდენტივით დეკორატიულ ფიგურად იქცევა, ხოლო საქართველოს ტექნიკური (და საფერფლეების სამიზნე!) პრემიერ-მინისტრი – უძლევამოსილეს პერსონად! რა თქმა უნდა, იმის იმედი არც უნდა ჰქონოდათ ჩვენს მეც-ნივრებს, რომ მათი შრომის შედეგს პრეზიდენტი დააფასებდა – კაცს (ანუ მის თანამდებობას) ხომ ყველანაირი შიგანი და ატრიბუტი გამოაცალეს! ხოლო მომავალში პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, ეს ხომ აბსოლუტურად უცნობია ჩვენს სინამდვილეში :)), რომ იმის მადლიერების იმედზე ყოფილიყვნენ! ასე რომ, ამ შეხმატკბილებულ და უანგარო წყვილს მათი დაუღალავი შრომის საფასურად არამცთუ – „პარკერის“ კალამი, არც – იების თაიგული და არც ტვიქსის „ტკბილი წყვილი“ რგებიათ, სხვა მატერიალურ ფასეულობებზე რომ არ ვთქვათ რამე… ეს კი იყო, ერთმა აშშ საელჩოს ყოფილი შენობა გაირტყა ოფისად და მრავალათასლარიანი სამარადისო ხელფასი – თავისთვის და თავისი ოფისის ბედნიერი თანამშრომლებისათვის, მეორე კიდე – მოძმე სომხეთში გაუშვეს ელჩად ჭაპანსაწყვეტად… მაგრამ, აბა, ეს რა მოსატანია… თან, ორივე ეს გადაწყვეტილება ხომ პრეზიდენტმა გააფორმა და ის, როგორც მოგახსენეთ, ძალიან გაღიზიანებული იყო ამ დუეტის საქმიანობით – „უფლებებს უზღუდავენ ჩემს მემკვიდრესო“, იძახდა, მაგრამ რას იზამდა, ვარდისფრადდემოკრატიულ და ზეციურ საქართველოში ხომ პრეზიდენტი მუდმივად უფლებრივად დაჩაგრულია! :))

იყო, რა თქმა უნდა, სხვა დასამახსოვრებელი ფაქტები – როგორ დაფარა უცებ ერთმა პატრიოტმა ალპინისტმა მარადიული კრედიტები და როგორ გადაარჩინა თავისი იარაღის კოლექცია, როგორ იქცა ხუთი ენჯეოშნიკი 5 სახელ-ოვან მინისტრად (აქედან ორი – მეტად საეჭვო არჩევნების შედეგების ეგზიტ-პოლებით სწორად „გამოცნობისათვის“), როგორი კოსმიური სიჩქარით იწრთობოდა სახელისუფლებო პირების ცოლების, მამების, ბიძების და სიდედრ-სიმამრების ბიზნესი – (სხვების) კორუფციასთან დაუზოგავი ბრძოლის ქარცეცხლიან წლებში, ისიც, როგორი ფანტასტიური ვილები და კონდოები აიშენეს მოკლე ხანში ჩვენმა ანტიკორუფციონერმა რევოლუციონერებმა საკუთარი რევოლუციური ღვაწლის დასაფასებლად და უკვდასაყოფად… მაგრამ რაც მართალი – მართალია, შოკოლადის „ბამბანერკა“, „კანიაკი“ და „დუხი“ აღარავის აუღია და ვინაც აიღო, კიდეც ახეხენეს ვირის აბანო – მთელი მსოფლიოს დასაბრმავებლად!

ტაში  [სხვების] კორუფციასთან მებრძოლ ჩვენს სახელოვან ელიტას!! მით უფრო ტაში, რომ ეს გამოძიებული და დასჯილი არ არის! რა ფენომენალური ხელოვნებაა სხვის ჯიბეში უკანონო გროშების ჩხრეკის, როცა საკუთარი მილიონები და მილიარდები მზეზე ბრწყინავს!

———————————————————

პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარის ტოლია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს. საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად კი დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.

ეს მუხლი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია!

ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტის 16% (ანუ 1 მილიარდ დოლარზე მეტი!) „სხვა ხარჯებად“ არის გაწერილი, სადაც თავდაცვის სამინისტროს ისე მიუმატეს ერთ დღეში ასი მილიონი, რომ არც არავის უკითხავს და არც არავინ უპასუხებდა, „რაში?“, „რატომ?“ და „როგორ?“, და სადაც დიდი ეჭვი არსებობს, რომ ხელისუფლების საარჩევნო ხარჯები სწორედ ამ გასაიდუმლოებული მილიარდის დიდი ნაწილი იქნება, თუ რომელიმე პარტია (დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ ნაცმოძრაობა) თავისი მრავალრიცხვოვანი ფიზიკური პირების (და მათზე ფიზიკური, ქიმიური, მედიკამენტური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების) მეშვეობით მოახერხებს და 54 მილიონ ლარსაც კი მოაგროვებს, წარმოგიდგენიათ, როგორი ყიჟინა და ჟრიამული ატყდება, როცა კასტეტმოყვარული და შუბლშეუხრელი პეტო ცისკარიშვილი მოოქროვილ ლანგარზე დააწყობს იმ ზედმეტ მილიონს და ქვეყნის ბიუჯეტის გაუმჭვირვალე სკივრში საზეიმოდ ჩააჩხრიალებს?! ამას რომ წარმოვიდგენ, სიხარულის კურცხალი მდის, სულ მთლად გადარეული ვარ!!!

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებების პოზიციების გასამყარებლად ვენეციის კომისიის იმ დასკვნას იშველიებს, რომელიც ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ხელისუფლებამ პროექტში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც ვენეციის კომისიამ დასკვნა მიიღო. ამიტომაც ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ ეს ახალი ცვლილებები არის თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინება, ძნელი სათქმელია. არადა, კანონპროექტში პირველი მოსმენის წინ შეტანილი ცვლილებებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ეხება იმას, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ანუ, თუ ვინმემ განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა, ის და მისი ოჯახის წევრები უკვე ოფიციალურად ჩაითვლებიან (ნაცმოძრაობის ქურუმების მხრიდან) „პერსონა ნონ გრატებად“ – მათ არც გრანტებს მისცემენ და შეიძლება ბავშვები არც სახელისუფლებო ნაძვის ხეზე დაუშვან. აბა, ვინ გაიგონა, ხელისუფლება იმ ბავშვებს ჩუქნიდეს კამფეტებს, ვისი მშობლებიც ოპოზიციონერებია?!

ძალიან მაინტერესებს, ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემომტანი პირის აზრით, ეს შეზღუდვები თუ გავრცელდება პროსახელისუფლებო პერსონებთან, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძესთან, გია ჭანტურიასთან ან გია ნოდიასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირებზე, მაგალითად მძღოლებზე, რეფერენტებზე, მდივნებზე?.. თუ ვერც წარმოუდგენიათ ამ კანონინიციატორებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღარ იყვნენ ხელისუფლებაში და ამ გაზონისმჭრელმა კანონებმა მათ თავებზე გადაიაროს? თუმცა, ამას როგორ წარმოიდგენენ? გაწყდა ხალხი წელში ამდენი ღამისთევით სწორედ იმიტომ, რომ ეს – მთავრობაში ვინმე  სხვისი მოსვლა – არასოდეს განხორციელდეს საქართველოში!

————————————————————————–

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, ადმინისტრაციული სახდელების დადება, დამატებით გამოიწვევს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას.

კანონპროექტში ისიც არის ნათქვამი, რომ პარტიებს ფულადი სახსრების დაპირებასთან ერთად მომსახურების დაპირებაც ეკრძალებათ. კერძოდ, აკრძალული ქმედებების ჩამონათვალს დაემატა მოქალაქეების დაინტერესება მომსახურების მიწოდებით ან მომსახურების დაპირებით.

კანონპროექტში მითითებულია, რომ მომსახურებასთან დაკავშირებული აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ დაპირებაზე, რომელიც საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას უკავშირდება. ანუ მთავრობას შეუძლია დაჰპირდეს მოსახლეობას დასაქმებას, ხოლო ოპოზიციურ კანდიდატებს ეს მოსყიდვად ჩაეთვლებათ!

—————————————-

ასე რომ, გიგი უგულავას არ ეკრძალება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენიდან უკვე რამდენიმე კვირაში სატრანსპორტო ბარათებზე 5-ლარიანი ვაუჩერების დარიგება, რამაც თბილისის ბიუჯეტში დაახლოებით 5-მილიონიანი მოულოდნელი ხარჯი გააჩინა.

ასე რომ, პრეზიდენტს არ ეკრძალება მიწის მფლობელებისათვის 30-ლარიანი ბიზნეს ვაუჩერების დაპირება, რაც სავარაუდოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 24 მილიონი ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი იქნება და რაც აბსოლუტური მარაზმია, რადგან ადამიანებს, რომელთაც რამდენიმე ათასი კვადრატული მიწის დამუშავება უწევთ, 30 ლარი აბსოლუტურად ვერავითარ ხელშესახებ დახმარებას ვერ გაუწევს ბიზნესის კუთხით, და ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო მოქრთამვაა.

ასე რომ, საკანონმდებლო ინიციატივა ხელს აფარებს პრეზიდენტს, რომელიც ამ დღეებში დაჰპირდა 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომ სახელმწიფო მათ უფასოდ ჩაუსვამთ კბილებს! თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივით შთაგონებულ ამ პროექტს, რომელსაც სააკაშვილის მიერ „გაღიმებული საქართველო“ ეწოდა, წარმოუდგენელი წინასაარჩევნი აფიორის სუნი უსდის. სავარაუდოდ, საქართველოში 800,000 პენსიონერია, ხოლო 50 წელს გადაცილებულთა რაოდენობა 1 მილიონზე ბევრად მეტია! მაშინაც კი, თუ მათთვის კბილების ჩასმის საშუალო თანხად მხოლოდ 100 ლარს ავიღებთ (რაც მხოლოდ 2 კბილის ჩასმის ფასია), გამოდის რომ სახელმწიფომ ამ პროგრამაზე სულ ცოტა, ნახევარი მილიარდი ლარი უნდა დახარჯოს! და ეს ლაპარაკია იმ ქვეყანაზე, სადაც მილიონნახევარი უმწეოა, და სადაც დაპირებული 100 დოლარიანი პენსია უკვე მესამე წელია იგვიანებს! თანაც ამ პროგრამის განხორციელება ალბათ მთელი სტომატოლოგიური არმიის დასაქმების პირობებშიც კი, რამდენიმე წელს გაიწელება. ანუ, ამის არც რესურსი არ არსებობს. სავარუდოდ, არჩევნების წინ მხოლოდ რამდენიმე ათეული პენსიონერის ჩასმული კბილები იქნება ის დიდი ბლეფი, რასაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობა კომუნიზმივით აუხდენელ საპნის ბუშტად გაგვიბერავს და საარჩევნო უბნებზე ხუთიანის შემოხაზვას დაუკავშირებს ამ ილუზიების „რეალობად“ ქცევას, ხოლო არჩევნების მოგების შემთხვევაში ისევე დაივიწყებს, როგორც „ერთიან და გამთლიანებულ საქართველოს“, „აფხაზეთი ჩემი სახლია!“-ს, „სახლებში ღირსეულ დაბრუნებას უახლოეს წელიწადში“, საქართველოს სიღარიბის გარეშე!“, საყოველთაო დასაქმებას, 100-დოლარიან პენსიას, საყოველთაო 5-ლარიან დაზღვევას, 100 ახალ საავადმყოფოს და ბევრ სხვა ზღაპრებს, რომელიც წინასაარჩევნო ღუმელებში იმიტომ ცხვება, რომ მერე ნაცმოძრაობის უძირო სარდაფში საუკუნოდ დავიწყებულ ხმიადად იქცეს…

და ეს  გულუხვი და ბლეფი განცხადებები –  თურმე წინასაარჩევნო მოსყიდვა არ არის!

——————————————————–

ცვლილებები იქნება შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსშიც“.

სისხლის სამართლის კოდექსისმოქმედი რედაქციით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა.

ასევე, აკრძალულია უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით. ეს ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

აქვე შევნიშნავ, რომ ამ – უკვე დიდი ხანია მოქმედი – კანონების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილიც, გიგი უგულავაც, გუბერნატორებიც, მინისტრებიც და გამგებლებიც სწორედ არჩევნების წინ მასიურად ტელევიზორების, ინდაურების, ავეჯის, კომპიუტერების და სხვა საქონლის დარიგებით იყვნენ დაკავებულნი, საარჩევნო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა სახურავების გადახურვის, ლიფტების რემონტის და განსაკუთრებით – სახლმმართველობის თავმჯდომარეთა სახელფასო დაფინანსება, ამ უკანასკნელებთან ეწყობოდა შეხვედრები რესტორნებში და სხვადასხვა ხასიათის გასართობი ღონის- და ღვინის-ძიებები… არავის, არცერთ პროკურორს, კონტროლის პალატის არცერთ რიგით თუ ხელმძღვანელ პირს, საამაყო რეფორმირებული პოლიციის არცერთ კორადო კატანის და, რაც მთავარია, თავად ჩვენი კონსტიტუციის ბურჯს, გარანტს და, შეთავსებით, მთავარ თერძს – არ გასჩენიათ იმის სურვილი, რომ ეს კანონმდებლობაში დაფიქსირებული თავისუფლების აღკვეთა, ერთი-ორჯერ – დემონსტრაციულად მაინც, გამოეყენებინათ!

———————————————————–

ცვლილებების პროექტით კი, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება. აგრეთვე, პარტიას ეკრძალება მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით. თუ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვები მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებდა, კანონპროექტით, ასეთი ქმედებები პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად, ნებისმიერ დროს ჩაეთვლება.

გარდა ამისა, მკაცრდება სასჯელის ზომაც და თუ აქამდე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის სასჯელი ერთწლიანი პატიმრობა იყო, კანონპროექტით სასჯელი 3 წლამდე იზრდება, თუმცა, ჩნდება ჯარიმის ალტერნატივაც. ხოლო იურიდიულ პირებს ამ ქმედებებისთვის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ. კანონპროექტში მითითებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება პარტიის კამპანიის აქსესუარებისმაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების – გადაცემა.

ამასთან, მკაცრდება სანქციები პარტიის მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღებისთვისაც. აქამდე მოქმედი კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემწორულობის მიღებაზე დაწესებული იყო 1000-დან 5,0000 ლარამდე ჯარიმა. აღნიშნული ნორმა უქმდება და მის მაგივრად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს ახალი მუხლი ემატება. ახალი მუხლი კანონპროექტში პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს გაჩნდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვა გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისათვის აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.

აღნიშნული პასუხისმგებლობები შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. მაშინ, როდესაც საარჩევნო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა მხოლოდ 2 წელია.

მხოლოდ ერთ კატასტროფულ და აბსურდულ შესაძლებლობას განვიხილავ, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს. ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ სერიოზულად აფინანსებს მრავალი გაჭირვებული ადამიანის უცხოეთში მკურნალობის ხარჯებს – განსაკუთრებით – სიმსივნეებით და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობისას! და რა გამოდის, ახლა ასეთი დაფინანსების გამო როგორც მას, ასევე თავად ამ დაფინანსების მიმღებ პირს 3 წლით პატიმრობის საფრთხე დაემქურება! ეს ამორალური ხელისუფლება, რომელიც პრეზიდენტის ფავორტიკის კაბაზე ასეულ ათასობით დოლარს, ქანდაკებებზე –  მილიონებს, ხოლო სასახლეზე – მილიარდს ხარჯავს, და რომელსაც არ ახსენდება და თავისი ჰედონიზმის დაკმაყოფილების შემდეგ “არ რჩება” სახსრები ამ ადამიანთა მკურნალობაზე, ახლა ივანიშვილს მორალურ დილემას უყენებს – ან დაანებებ პოლიტიკოსობას თავს, ან მე არ მოგცემ მორალურ ფუფუნებას, რომ ქველმოქმედი იყო და ხალხს დაეხმარო! ხოლო ავადმყოფებს ეუბნება – ან დაიხოცეთ, ან დაგიჭირავთ ჩემი ოპონენტის ფულის აღებისათვის! ხალხი, ვინც ასეთი მახე მოიფიქრა, რას იმსახურებს, გეკითხებით მე თქვენ!.. 😦

ისედაც გრძელ სტატიაში აღარ დავიწყებ იმის მტკიცებას, რაც აშკარაა: უსამართლო ქვეყანაში, სადაც ყველა კანონი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოსაყენებლად იწერება და სასამართლო მხოლოდ ხელისუფლების მონოპოლიის გამამტკიცებელ უსამართლობის სანოტარო კანტორად ქცეულა, ეს ცვლილებებიც, რომლებიც, პოლიტიკაში არჩევნებზე ორიენტირებული ძლიერი ოპონენტის გაჩენის შემდეგ მიიღო შეფუცხუნებულმა და ფერნაცვალმა ნაცმოძრაობამ, არის იმის კლასიკური ნიმუში, რასაც ფრანკოსეული ორმაგი სტანდარტების პირობებში საკანონმდებლო ნორმების გამკაცრება ისახავს მიზნად – „ლიბერალიზმი – ჩემი ერთგული ლაქიებისათვის, კანონის მთელი სიმკაცრე – ჩემი ოპონენტებისათვის.“

————————————————————————————–

ბოლოთქმა: შევარდნაძის დროს უნივერსიტეტებს ავტონომია ებოძათ და რექტორის არჩევნებზე განათლების ან დარგობრივი სამინისტრო აღარ აგზავნიდა თავის ემისარს, რომელსაც პროფესორთათვის უზენაესი გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა. ეს ფუნქცია უნივერსიტეტების თუ ე.წ. რექტორის საბჭოებს გადაეცათ. მაშინ, შევარდნაძის დროის გაქნილმა კორუმპირებულმა ფუნქციონერებმა, თავიანთი რექტორობა რომ სამუდამოდ ექციათ, სასწავლო დაწესებულებების მათ მიერვე შედგენილ დებულებებში დაიწყეს იმის ჩაწერა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო რექტორი და ამ პირობებს საკუთარ მონაცემებს ერთი-ერთზე არგებდნენ. მაგალითად, ერთ უნივერსიტეტში დებულებაში ეწერა, რომ რექტორი უნდა ყოფილიყო კათედრის გამგე მინიმუმ 12 წლის საპროფესორო სტაჟით (რადგან რექტორს ჰქონდა ამდენი, ხოლო მთავარ კონკურენტს – მხოლოდ 10 წელი), მეორეგან – რომ უნდა ყოფილიყო უცხოეთის მინიმუმ ორი აკადემიის საპატიო წევრი!.. სხვაგან – რომ უნდა ემუშავა აღნიშნულ დაწესებულებაში მინიმუმ 20 წელი!.. ერთმა ენამახვილმა პროფესორმა თქვა თავის რექტორზე, ბარემ ჩაწეროს ამ დალოცვილმა დებულებაში, რომ რექტორი 190 სმ-ზე დაბალი არ უნდა იყოს და სახეზე ხალი უნდა ჰქონდესო!

სხვათაშორის, სააკაშვილის „რეფორმატორობა“ იმაშიც გამომჟღავნდა, რომ მან ისევ ზევიდან დაიწყო სარექტორო კანდიდატების დანიშვნა, რომლის გამხელა ძველებურად დარგობრივი მზე-მინისტრების პრეროგატივად იქცა, რითაც „დემოკრატიის შუქურამ“ განათლებაში კომუნისტური ვერტიკალი აღადგინა.

ხოლო  მმართველი პარტია, საკუთარი მმართველობის განსამტკიცებლად, ახლა უკვე იმაზე მიდის, რომ სხვების არჩევის შანსი ნულამდე დაჰყავს. თუ სერიოზული კონკურენტი ფინანსურად ძლიერია, ალბათ კონსტიტუციაში გარკვეული დროით ჩაიწერება, რომ კანდიდატს რაღაც რაოდენობაზე მეტი ქონება არ უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ – პირიქით – ღარიბი იქნება, მაშინ მინიმალურ ქონებრივ ცენზს დააწესებენ საკმაოდ მაღალ დონეზე. როცა  საქართველოში ახალდაბრუნებულ ადამიანზე მიდგა საქმე, ადგილზე მაცხოვრებლობის ცენზი შემოიღეს. თუ პირიქით, ოპონენტ კანდიდატს საქართველოს მხოლოდ ერთ ქალაქში ექნა მთელი ცხოვრება გატარებული, მაშინ ამას ჩაწერენ დაწუნების კრიტერიუმად! და კონსტიტუციას ხომ რამდენჯერაც უნდათ ისე ცვლიან! რეფერენდუმი იყო ჩატარებული 2003 წელს, რომ პარლამენტართა ოდენობა 150-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და – „ეგ რეფერენდუმი სავალდებულო არააო!“, რამდენიმე თვე ენა გაიქაფეს უმრავლესობის საკანონმდებლო თერძებმა, ხოლო როცა, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, წამში შეატრიალეს კეხი და – „რატომ უნდა შეგვეცვალა ხალხის მიერ დადგენილი ნორმაო?!“, ისე უტიფრად გამოაცხადეს, თართის და ორაგულის „არჩევის“ უბადლო დიდოსტატ ლუარსაბ თათქარიძესაც შეშურდებოდა…

უკანასკნელი საკანონმდებლო ინიციატივები, ცვლილებები საარჩევნო კანონში, მიტინგების და მანიფესტაციების შესახებ რეგულირებებში, ახალი და გააფთრებული შეტევები მედიის თავისუფლებაზე – უკვე ჟურნალ-გაზეთების გავრცელების არნახული შეზღუდვებით და დაბლოკვით, დაბოლოს, თავად ხელისუფლებიდან გამოსული ინფორმაცია (ადრე – არაგაცხადებული და ამჟამად უკვე – ხელისუფლების მოჟღურტულე მახარობლის – თამაზ დიასამიძის პირით) ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა არჩევნების შემოდგომიდან გაზაფხულზე გადმოტანა. ჩემი ინფორმაციით თარიღიც უკვე შერჩეულია (იხ. სტატია – „5/5 და გემი მიცურავს“ https://solomonternaleli.wordpress.com/2011/12/17)

საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია უკვე იქცა პირწავარდნილ ავაზაკთა ბანდად, რომლის ერთადერთ მიზნად ახლა იმის საკანონმდებლო განმტკიცება ქცეულა, რომ არავინ მოახერხოს მათი ხელისუფლებაში ყოფნის ფუფუნების ხელყოფა. ქვეყანაში, სადაც არ არის სამართალი, სადაც სამართალს ადეიშვილის პროკურატურა, კუბლაშვილის სასამართლო, მერაბიშვილის პოლიცია, უგულავას/მერაბიშვილის/არველაძის/ჭანტურიას მედია, სააკაშვილის ხელისმლოკავი „ესენივინარიან?“ პოლიტჭიაყელა კანონმდებლები ჰქმნიან, ვშიშობ, ეს უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დემოკრატიის ყველანაირ ფასადზეც კი უარის თქმა და საბოლოდ ავტოკრატიის დამყარება გადაწყვიტა. „სინგაპურიზაცია სრული ტემპით!“ – აი, ევროკავშირზე ყასიდად ორიენტირებული ნეობოლშევიკების ლოზუნგი, რომელსაც მალე სახალხოდ გამოაცხადებენ.

ნუთუ ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი წინაპრების ძვლებს, ჩვენს ენას, რწმენას და მამულს, და ჩვენს ოცნებას თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოზე ამ „საკანონმდებლო ზინგერების“ ამორალურ და უპრინციპო ნაკრებს დავუთმობთ, რომელთაც ქვეყანა – ნინიას ბაღი, სააკაშვილი – ნინია, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია და კანონები – მათ მიერ მუდმივად თავის თავზე მოსარგებად უნიჭოდ გადასაკეთებელი შარვალ-კოსტუმი ჰგონიათ?!

ყველანი, ვისაც მონობა და მონათმფლობელობა არ გვსურს, უნდა გავერთიანდეთ!!!

თუ იქ, სადაც ათასი კაცის შეკრება გაუგონარი მიღწევა იყო, ახლა 100,000 კაცი გამოდის, დავიჯერო, ჩვენ ავიტანთ ჩვენი არჩევნის მერამდენე უკვე გაყალბებას და სახლში დავრჩებით? უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის! მთელი მსოფლიო ნახავს, ვის უნდა პატიოსანი არჩევნები და ვის – არჩევნების მოპარვა! და განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, დღეს მმართველი კლანის საერთაშორისო რეიტინგი  0-ის ტოლია და აბსოლუტურ ნულამდეც დავა, თუ ისინი არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან.

ადამიანმა, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი ისტორიული დოკუმენტის – ამერიკის კონსტიტუციის – შექმნაში მიიღო მონაწილეობა და რომელიც კანონის უზენაესობის რეალური დამცველი იყო (და რომელსაც პრორუსულ პოლიტიკოსობას, ალბათ, ვერ დააბრალებენ), ძალიან სერიოზული ლოზუნგი დაგვიტოვა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ:

(ავტორი მადლობას უხდის ჟურნალისტ თეონა ხარაბაძეს, რომლის presage.tv-ზე გამოქვეყნებული წერილის მასალები საკანონმდებლო ინიციატივებზე  – ტექსტში Italic-ით – გამოყენებული იქნა სტატიის მომზადებისას)

Advertisements

2 Comments on “საკანონმდებლო ჭრა-კერვის მაგისტრები ვარდისფერ საქართველოში”

  1. Alrauna ამბობს:

    უფ, ამომწურავი და ყველაფრის მთქმელია….მაგრამ, აბა შეიცვლება რამე ამით ვითომ? 😦

  2. პაატა ამბობს:

    კანონიერი შემოსავლების განკარგვის კონტროლი ყოფლად დაუშვებელია.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s