შუქუროვანი ტერორიზმი


 

კაცობრიობამ, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში გამოიმუშავა ადამიანთა, სოციალური ჯგუფების და სახელმწიფოების ურთიერთშორის დავების მოგვარების სხვადასხვა მეთოდები. ყველაზე ადრეულ (და ამიტომ ველურ) ფორმად  ომი ითვლება, ხოლო ყველაზე ცივილიზებულად და დემოკრატიულად – დემოკრატიული სასამართლო.

თუმცა დღემდე მსოფლიოში დავების გარჩევის ბევრი სხვა ფორმაც არსებობს. არის შემთხვევები, როდესაც მოდავეები ერთმანეთს მკლავს უწევენ, სირბილში ეჯიბრებიან, ან სულაც – წყევლიან და ელოდებიან – ვისი წყევლა უფრო ადრე უწევს კონკურენტს.

საქართველოში ახლო წარსულში ძალიან გავრცელებული მეთოდი იყო ქურდული გარჩევა. მოდავე მხარეებს რომელიმე ჯილა ქურდი მიჰყავდათ და ისიც კარგი მოსამართლესავით არჩევდა საქმეს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა. თუმცა „კასაცია“ – უფრო მაღალი რანგის ქურდის ჩართვით – ხანდახან მაინც ხდებოდა ხოლმე. არ იყო გამორიცხული, საქმეში კონკურენტი მხარეები საკუთარი ქურდებით მოსულიყვნენ და მაშინ პროცესი საკმაოდ დრამატულად ვითარდებოდა, რადგან თითოეული ქურდი უკვე არა მარტო საქმის შედეგს, არამედ თავის რეპუტაციასაც დებდა სასწორზე. ზოგჯერ ასეთი გარჩევები სისხლიანი შედეგით მთავრდებოდა და შემდეგ უკვე სპეციალური ქურდული „უზენაესი საბჭოს“ შეხვედრა ხდებოდა საჭირო არა საქმის, არამედ ქურდებში მტყუან-მართლის და ძალის გადამეტების დასადგენად…

რა თქმა უნდა, ქურდული გარჩევები არასამართლებრივი და კორუმპირებული საზოგადოების ხატება იყო და როდესაც სააკაშვილმა ამ სისტემას ბოლო მოუღო, ეს დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ვაღიარეთ ყველამ. მაგრამ, საუბედუროდ, სააკაშვილმა ერთი უკანონო და მახინჯი სისტემა მეორე – არანაკლებ მახინჯი და უკანონო სისტემით შეცვალა.

დღეს საქართველოში მოდური გახდა ე.წ. საპროცესო გარიგება, როდესაც კანონიერი ქურდის როლს პროკურატურა თამაშობს. იგი იმდენად იმით კი არ არის დაკავებული, რომ ბრალდებულის ბრალი დაამტკიცოს, (ხშირ შემთხვევებში ეს ბრალი აბსოლუტურად ყალბი საბუთებითაა შეთითხნილი), როგორც იმით, რომ დაშინებული და ზოგჯერ სპეციალური დავალების მქონე სახაზინო ადვოკატების მეშვეობით დაარწმუნოს ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები, რომ მათ უარი თქვან პროცესზე, აშინებენ რა საოცრად მძიმე საპროცესო კოდექსით და სასჯელის კატასტროფულად მძიმე მუხლებით, და გაუფორმოს მათ საპროცესო შეთანხმება! საპროცესო შეთანხმება იქცა თანამედროვე საქართველოს უსამართლო სასამართლოს უაღრესად მანკიერ მხარედ, რომელიც დაკავებულია არა სიმართლის დადგენით, არამედ იმის გაზომვით, რისი გადახდის საშუალება აქვს ბრალდებამისჯილს და მაქსიმალურად გაატყავოს იგი – ფაქტიურად აყიდინოს მას თავისი თავისუფლება! სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომ ხდება საქართველოში გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ისე იშვიათად – 0.04-0.06%-ში,  ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად „გავასწარით“ სტალინის სსრკ-ს და ჰიტლერის გერმანიას! სწორედ იმიტომ, რომ ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რომ მას შანსი არა აქვს, რომ კოდექსი საშინლად მძიმეა, რომ ადვოკატი ფაქტიურად პროკურატურის სურვილების გადმომცემია და მისგან დაცვას არ უნდა ელოდოს… დამეთანხმეთ, რომ ქურდულ სასამართლოშიც კი ასეთი 99.9%-იანი ცალმხრივობა არავის ჰქონდა – თავად ქურდული სამყაროს წარმომადგენლებიც კი ვერ იგებდნენ სადავო გარჩევებს ასეთი ფანტასტიური სიხშირით…

მაგრამ არის საქმის გარჩევის კიდევ უფრო უარესი მეთოდი – ტერორიზმი. მას მიმართავენ სხვადასხვა რანგის ყაჩაღები – მაგალითად სომალელი პირატები, ალ-კაიდა, ჰესბოლა… თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოც შეიძლება სერიოზულ ტერორისტულ აქტებს გეგმავდეს და ახორციელებდეს, რის ყველაზე ცნობილ მაგალითად თეირანში ამერიკის საელჩოს ცნობილი შტურმი და ამერიკელი დიპლომატების მძევლად აყვანა ითვლება, რაშიც სავარაუდოდ, ირანის დღევანდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადიც მონაწილეობდა. სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაგეგმა და განახორციელა მისი პოლიტიკური ოპონენტის, კბგ-ს ყოფილი ოფიცრის ლიტვინენკოს მკვლელობა რადიაქტიური პოლონიუმით. ეჭვს არ იწვევს, რომ 1988 წელს შოტლანდიაში, ლოკერბის თავზე ავიაკომპანია PanAm-ის თვითმფრინავის აფეთქების ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტის მუამარ კადაფის უშუალო მითითებით, ..

ახლა კი საქართველოში დავბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ  “გადაჭრა” საქართველოს ხელისუფლებამ ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის საქმე.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა.

1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა „საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია“, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო.  შესაბამისად, ისრაელელი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევეს. ამის შემდეგ კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე, როგორც საქართველოში, ასევე – საერთაშორისო არბიტრაჟში.

ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს ლონდონში. საარბიტრაჟო სასამართლომ კი ბიზნესმენთა სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა 2010 წელს და საქართველოს ხელისუფლებას 98 აშშ მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

ერთი შეხედვითვე ჩანს,  რომ საქართველოს მთავრობის თავდაპირველი კონტრაქტი რონი ფუქსის კომპანიასთან კაბალური იყო და სავარაუდოდ – ან აბსოლუტური უმეცრებით, ან, უფრო მეტად – კორუფციული სქემით იყო მოტივირებული. ამდენად, ჯერ კიდევ შევარდნაძის, ხოლო შემდეგ სააკაშვილის მთავრობას წესით თავად უნდა ეზრუნათ, რომ ეს იურიდიული კაზუსი მოეგვარებინათ – ან მოლაპარაკების გზით – გარკვეული კომპენსაციის გადახდით, რაც ნამდვილად არ იქნებოდა 110 მილიონი დოლარი, ან – შემხვედრი საჩივრის შეტანით. ნებისმიერი დემოკრატიული და კანონის პატივისმცემელი ხელისუფლება სწორედ ამ გზით წავიდოდა… მაგრამ არა – სააკაშვილის მთავრობა. და ეს არც არის გასაკვირი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა მაინც, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ხელისუფლება არც დემოკრატიულია და არც – კანონიერი!

მიხელ სააკაშვილის მთავრობამ, ჩემი აზრით, თავიდანვე საკმაოდ ორიგინალური სქემა მოიფიქრა, რომელსაც მძევლების აყვანის და შემდგომი განთავისუფლებისთვის დივიდენდების მიღების კომპონენტებით ზოგი რამ საერთო აქვს ირანულ ოპერაციასთან.

მას შემდეგ, რაც ქართულ მხარეს 2010 წელს ასტრონომიული თანხის გადახდა დაევალა, სახელმწიფომ თავად სცადა კომპენსაციაზე საუბრის დაწყება, მაგრამ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალამოცემული რონი ფუქსი და მისი ადვოკატი ზეევ ფრენკელი უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ კომპენსაციის მსურველები…

მაშინ საქართველოს ერთდროს დემოკრატიის შუქურად წოდებულმა პრეზიდენტმა (რომლის გარეშე საქართველოში შადრევანიც კი არ კეთდება და ძეგლიც არ იდგმება) – ქართული პროკურატურის მეთოდების, ზურაბ ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიით ფრთაშესხმულმა – გადაწყვიტა, რომ ისრაელის მოქალაქეების მიმართაც ისევე შეიძლება ტერორისტული მეთოდების გამოყენება, როგორც საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ და შემდეგი გეგმა იქნა შემუშავებული (აღნიშნული გეგმა, ჩემი მორიგი მოდელირებაა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იტყოდა – ძალიან მიახლოებული რეალობასთან):

  1. უშიშროების სამინისტროს ოპერატიული მუშაკი ავთანდილ ხარაიძე დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ. ქვეყანაში, სადაც პურის ცხობა საკმარისია ეკონომიკის მინისტრობისთვის, კარგი ოჯახიშვილობა – კულტურის მინისტრობისთვის, და ძლივსდამთავრებული საშუალო სკოლის დიპლომი – სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობისათვის, ასეთი საკადრო სვლა სრულიად შეუმჩნევლად დარჩა, გარკვეულ დრომდე მაინც…
  2. აღნიშნული ოპერატივნიკი, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ქსივით აღჭურვილი, გაგზავნილ იქნა სტამბულში ფუქსსა და ფრენკელთან მოლაპარაკებების  გასამართვად. მოლაპარაკებებმა გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, ბ-ნმა ხარაიძემ ამჯერად საოცარი გულუხვობა გამოიჩინა და მხოლოდ ის თხოვა ისრაელ ბიზნესმენებს, ჩვენ რომ ეგ თქვენი კუთვნილი 110 მილიონი დოლარი გადავიხადოთ, იქნებ ებრაელებისთვის ეგზომ საყვარელ ქვეყანაში, ტურიზმის მექად რომ გადაქცეულა, რამდენიმე მილიონი მაინც დატოვოთო…
  3. ფუქსმა და ფრენკელმა აღფრთოვანებულებმა განაცხადეს, 7 მილიონ დოლარს სიამოვნებით ჩავდებთ საქართველოს ეკონომიკაში, თუ ჩვენს შორის გარიგება შედგებაო… სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა ფატალური საფრთხის შემცველი ფუქსის და ფრენკელისთვის.  კრიჟანგობა რომ გამოეჩინათ და ეთქვათ – ნურას უკაცრავადო, ერთ ცენტსაც არ გავიღებთო – ქართული ციხის ეგზოტიკას ასცდებოდნენ…
  4. აღ ნიშნული სიტყვების ფონოგრამით აღჭურვილმა ოპერატიულმა-მინისტრმა სთხოვა პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოში ჩამოეტყუებინათ ფუქსი და ფრენკელი. ეტყობა, პრემიერ-მინისტრის წერილი სწორედ იმიტომ დასჭირდათ, რომ ებრაელ ბიზნესმენებს სიფრთხილის ნატამალი არ გასჩენოდათ.
  5. პრემიერ-მინისტრის მოპატიჟების წერილის მქონე ბიზნესმენებს – უკვე მალე ნანატრი თანხის მიღების მოლოდინით აჟიტირებულებს, სასტუმროში, მოლაპარაკებებზე მოულოდნელად შემოჭრილი გამოჩენილი კუდის და სოდის თანამშრომლების დანახვის შემდეგაც კი, როცა მათ უკვე მათი უფლებების საქართველოში  არაფრისმთქმელ სტანდარტულ ფრაზებს უკითხავდნენ, ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე და არ ჯეროდათ, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ ტიპური მახე დაუგო და 100 მილიონის მაგიერ ქართული ციხე ელოდათ.
  6. ციხეში გატარებული 13 თვის, ღორის ხორცის მენიუს და წამლების მიუწოდებლობის პირობებში განვითარებული ინფარქტის ფონზე ფუქსი და ფრენკელი დარწმუნდნენ (მიშამ და მისმა იუსტიციიის და სასჯელაღსრულების სისტემამ დაარწმუნეს!), რომ 7 წლით ქართული ციხის თავიდან აცილებისთვის ლამის უკვე დაკანონებული 110 მილიონი დოლარი (ან დიდი ნაწილი მაინც) უნდა დაეთმოთ.
  7. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ფუქსი და ფრენკელი მიიღებენ არა 110 მილიონს, არამედ ამ თანხის მხოლოდ 1/3-ს, ხოლო საქართველოს მთავრობა დაიტოვებს 70 მილიონ დოლარს.
  8. ფაქტიურად,  ფუქსმა და ფრენკელმა გადაიხადეს ყველაზე დიდი გადასახადი საპროცესო გარიგებისათვის – 2010 წელს საქართველოს პროკურატურამ 14,000 ბრალდებულისაგან მთლიანობაში 112 მილიონი ლარი ამოიღო , ხოლო მხოლოდ ამ ერთი „ოქროს გარიგებით“ – ამაზე მეტი თანხა!
  9. სააკაშვილისმ პრესს-სპიკერმა ამაყად განაცხადა, რომ ეს ჰუმანური აქტი, რომელიც განპირობებული იყო ჩვენი ჰუმანისტი პრეზიდენტის მიერ დამნაშავეთა ასაკისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის ამავდროულად საქართველოს ეკონომიკის დიდი გამარჯვება! აქვე ამაყად იყო გაცხადებული, რომ [ლამის ერთწლიანი პაუზის შემდეგ] საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე ეწვევა უახლოეს ერთ კვირაში ისრაელს ოფიციალური ვიზიტით!

გამოდის, რომ საქართველომ – საქართველოს მოქალაქეებმა – მაინც წააგეს ის 110 მილიონი დოლარი, რადგან იმ 70 მილიონს, რასაც ვითომ საქართველოს ბიუჯეტში უნდა ველოდოთ, სინამდვილეში მმართველი პარტია მომავალი არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებს! გულახდილად გეტყვით, მეც და საქართველოს ბევრ ნორმალურ მოქალაქესაც ამ პერსპექტივას, ალბათ გვერჩივნა, ისევ ფუქსი და ფრენკელი გაგვემდიდრებინა, რადგან თუ გაიმარჯვა სააკაშვილმა(დაგვიფაროს ღმერთმა ამისგან!), ის ყოველ წელს მილიარდობით დოლარს წააგლეჯს საქართველოს ხალხს!

მივმართავ ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს შემდეგი კითხვით – თქვენ არ ემორჩილებით ტერორისტების მოთხოვნებს,  როგორ გგონიათ, დემოკრატიის ექსშუქურა ტერორისტისათვის გადახდილი 70 მილიონი დოლარი მის მადას არ გაზრდის? გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოიგონა მეთოდი, რომლის მეშვეობით იგი მომავალშიც მოახერხებს თქვენი მოქალაქეების დატერორებას.

და კიდევ, ბატონ ფუქსს და ბ-ნ ფრენკელს მინდა ბოდიში მოვუხადო იმ მწარე დღეებისათვის, რაც მათ საქართველოში გაატარეს, მივულოცო განთავისუფლება და სერიოზული თანხის მიღება, და მინდა ვუთხრა, რომ ამ მათთვის უკვე დასრულებული პატიმრობისთვის მათი „შემწყალებლის“ მადლობელი კი არ უნდა იყონ, არამედ მისი პოლიტიკური ოპონენტის – ბატონ ბიძინა ივანიშვილის! რომ არა ივანიშვილის, როგორც ძლიერი და პოპულარული ფიგურის გამოჩენა საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, და თვითგადარჩენის გამძაფრებული ინსტიქტი, მიხეილ სააკაშვილი არავითარ შემთხვევაში არ შეარჩენდა მათ იმ 30 მილიონ დოლარს და კიდევ მრავალ ახალ წელს შეახვედრებდა ქართული საახალწლო ფეირვერკის მაცქერალთ – თუ მათი საკნების გისოსებიანი სარკმელებში ავლაბრის ცა ჩანდა…

P.S. ძაან მაგარი იქნება, ისრაელმა ვაშაძე რომ აიყვანოს მძევლად და 70 მილიონი დოლარი მოგვთხოვოს!

არ გადაიხდის მიშა!

ვაშაძეში?

700 ლარსაც არ გადაიხდის, ნიძლავს დავდებ! 🙂

—————————————-

(მომზადდა თ. კუპრეიშვილის სტატიის მასალების გამოყენებით – “70 მილიონად შეწყალებული ბიზნესმენები”    http://netgazeti.ge/GE/82/News/7257/.htm )


2 Comments on “შუქუროვანი ტერორიზმი”

  1. შეიძლება იქეთ მისცეს ფული, მგონი უკვე ყელში ამოუვიდა. ვერონიკა რა ვერ “გაქაჩავს”?, ინგლისური და პურის ცხობა იცის(ჭირდება?🙂 )

  2. spamwriters says:

    კარგი რამეა ხო იცი🙂 კარგად იკითხება. ჩვენ კი იმედია არჩევნების მერე დანძრეული არ გვექნება.
    რაც სეეხება ებრაელ ბიზნესმენებს მაგრად ტეხავს და არა მარტო იმიტომ რომ კრიმინალია. ისტორიულად ებრაელ ტნოსთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, საქართველოში ბევრი ცხოვრობდნენ და ახლაც არიან. ტეხავს, მაგრად ტეხავს ასე მოიქცე.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s