საქართველო თუ მიშა?


ჩემს ბლოგზე სხვადასხვა ტაგები მაქვს. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა ”მიხეილ სააკაშვილი” არის, ხოლო მესამეზე უცნაური მოკლე შეკითხვა – “საქართველო თუ მიშა”?

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფორმით ეს კითხვა მგონი მხოლოდ მეორედ დავსვი, ლამის თითოეულ ჩემს სტატიაში ეს კითხვა ფარულად არის… რადგან ჩემი რწმენით, 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ,  ”საქართველო და მიშა” მხოლოდ ძალადობის აღმნიშვნელ ანტაგონიზმების ხელოვნურად გადაჯაჭვული ტანდემია…

==================================================================

ავიღოთ ყველაზე მწარე და გახმაურებული კითხვა, რომელიც ნაცმოძრაობამ პატრიოტიზმის ლაკმუსის ტესტად აქცია, ოღონდ – სხვებისთვის…

ვინ დაიწყო ომი?

კონდოლიზა რაისი, ჯოშუა კუცერას მიერ მისი მემუარების შესახებ დაწერილი სტატიაში გაკეთებული დასკვნების შემდეგ, სადაც ავტორმა რაისის სიტყვებში სააკაშვილის მიერ ცხინვალზე შეტევის დაწყება კატასტროფულ შეცდომად და საომარი მოქმედებების დაწყებად შეაფასა, თავის მართლებას ცდილობს: ”აზრი, რომ მე ვადანაშაულებ ქართველებს ომის დაწყებაში, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს… არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია“.

ამ დროს კუცერას სტატიის მიხედვით რაისი თავისი მემუარებში No Higher Honor ამბობს: Saakashvili Let Russians Provoke Him Into Starting War. ანუ სააკაშვილმა რუსებს ომის დაწყების პროვოკაციაში მისი შეთრევის საშუალება მისცაო.

თუმცა დახვეწილი და შორეული დიპლომატის გარდა  ”სააკაშვილის” და ”ქართველების” ან ”სააკაშვილის” და ”საქართველოს”, ცნებების აღრევა უფრო ახლოდანაც გვხვდება. ნიჭიერი და მამაცი ახალგაზრდა ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი  ”ნეტგაზეთში” ციხეში ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის ნიკო მახარაძის გარდაცვალების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ასე ასათაურებს – ”მოქალაქის სიკვდილში დამნაშავე საქართველოა”. გასაგებია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსარჩელე მხარე სწორედ საქართველო იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, სტატიაში უფრო სწორი იქნება უნდა ეწეროს – ”დამნაშავე – საქართველოს დე-ფაქტო მთავრობაა”…

მგონი დროა მივხვდეთ და გავარჩიოთ – ”საქართველო” და ”სააკაშვილი”. ”ქართველები” და ”სააკაშვილი”.

საქართველო არ არის სააკაშვილი!

პატიმრების წამებაში, მათ გარდაცვალებაში, ხალხის გაღატაკებასა და გატყავებაში, პოლიციის პოლიტიზაციაში, სასამართლოს პროკურორიზაციაში, ბიზნესის დატერორებაში და ა.შ. დამნაშავე არის სააკაშვილი და არა – საქართველო.

რაისი სწორია იმაში, რომ სააკაშვილმა რუსებს ომის დაწყებაში მისი პროვოცირების საშუალება მისცა და ამავე დროს იგი იმაშიც მართლია, რომ  ომის დაწყებაში ქართველებს არ ადანაშაულებს, რადგან ”ქართველები” სხვაა და – სააკაშვილი სხვაა…

და ამით იმის დისკუტირება ან კონსტატირება კი არ მინდა, არის თუ არა სააკაშვილი გენეტიკურად ქართველი!

მე ეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. თუმცა ვერ ვხედავ იმასაც, რატომ უნდა იყოს თავისთავად ტაბუდადებული ამ საკითხის განხილვა და შეკითხვის დასმა. მე საერთოდ მგონია, რომ ნიკო მარი და მარჯორი უორდროპი არიან უდიდესი ქართველები, რისი თქმაც არ შემიძლია პავლე კუბლაშვილსა და ნუგზარ წიკლაურზე, მათი გენეტიკური მასალის მიუხედავად. მე იმის თქმა მინდა, რომ დღეს სააკაშვილის, კუბლაშვილის, წიკლაურის და ძმათა მათთა იდეალები და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის (დარწმუნებული ვარ – აბსოლუტური უმრავლესობის) ქმედებების და იდეალების აბსოლუტურად საწინააღმდეგოა!

ამიტომ, თუ ვეთანხმებით ტალიავინის კომისიის დასკვნას და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზლუციას, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ცხინვალზე საარტილერიო ცეცხლის გახსნით დაიწყო სააკაშვილმა [და მისმა ნაკანტუზიებმა გენერალმა ყურაშვილმა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა გამოაცხადა ამ მოქმედებების დაწყების მიზნად], ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ომი დაიწყო საქართველომ.

ვოლუნტარისტული, პარლამენტთან და საქართველოს ხალხთან შეუთანხმებელი ქმედებების შედეგად რამდენიმე ტვინგაცხელებულმა არამზადამ, რომლებმაც მანამდე 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო, ხოლო 21 მაისს – საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გზით მოახდინეს ხელისუფლების უზურპაცია და იქ სრულიად უკონტროლოდ მოკალათება, 2008 წლის 7 აგვისტოს დაარხეინებულებმა შეაბიჯეს ვლადიმერ პუტინის და რუსი სამხედროების მიერ დაგებულ ხაფანგში და გახსნეს ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, მათ შორის – გრადის გამოყენებითაც. ეს ყველაფერი ხდებოდა მათი ბრავადული გამოსვლების,  აღებული ოსური სოფლების რიხიანად ჩამოთვლის (მათ შორის, ახლაც მახსოვს, რომ ეფექტის მოსახდენად სააკაშვილი ”დიდ სოფლებს” ცალკე გამოჰყოფდა, გეგონებოდა, ჩინეთის გუანგდონგის პროვინციას იპყრობდა, სადაც სოფელი 1,000-დან 50,000-მდე მოსახლეც კი შეიძლება იყოს!), სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შოთა უტიაშვილის ტელეპოდიუმზე ტინგიცობის, ღამის ცაზე გრადების ელვის ტელეეკრანებზე ხშირად დემონსტრირების და მალე ოსების უკანასკნელი დარჩენილი პუნქტის – ჯავის აღების პერმანენტული ანონსირებით.

ეს დადასტურებულია ტალიავინის დასკვნით, და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით, რომელზეც ხელი აქვთ მოწერილი ნაცმოძრაობის იმ ნეობოლშევიკ პროპაგანდისტებსაც, რომლებიც ოპოზიციას ”ვინ დაიწყო ომი?”-ს თემაზე ხშირ-ხშირად ტესტირების გავლას სთავაზობენ! ის, რომ როკის გვირაბის გავლით რუსული ტანკების კოლონების შემოსვლას 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით და 8 აგვისტოს დილით ადგილი არ ჰქონია, დადასტურებულია ამერიკული და ევროპული კოსმოსური თვალყურის სისტემებითაც. და გოკა გაბაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, დავით დარჩიაშვილმა და სხვა პირწყლიანმა დემაგოგებმა ან საკუთარი ხელმოწერების დენონსირება მოახდინონ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ანდა დაყენდნენ და გესლიანი შეკითხვებს ოპოზიციისკენ ნუ ისვრიან გრადებივით… როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა ის გრადები, ისე დაუბრუნდებათ მათაც ყველა ეს შხამი და გესლი, რასაც ახლა განსაკუთრებით ძალუმად ანთხევენ…

ასე რომ, მე ყველას გთხოვთ, ვაღიაროთ:

  1. ომი დაიწყო სააკაშვილმა და მასთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა (ვინ ვის უვარდებოდა მუხლებში, ამას თავად დაფქვავენ ახლო მომავალში).
  1. ომის დაწყება ნამდვილად ინსპირირებული იყო რუსეთის მიერ,  მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლებოდა. როგორც ეს მანამდე ბევრჯერ მომხდარა, რომ არა სააკაშვილის და მისი გენერლების, მაგალითად, ლოჯისტიკის გენერალ უგულავას და თავდაცვის გუდერიანის გივი თარგამაძის არაადექვატური შეხედულებები რუსული არმიის პოტენციალზე, მათი ტანკების არნახულ დაჟანგულობაზე და პუტინის საოლიმპიადო პეკინში ჩარჩენის და მოთაფლული კულახმეტოვის ”სიტყვის ერთგულებაზე”.
  1. საქართველო სხვაა და სააკაშვილის ბანდა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი …
  1. ქართველების და საქართველოს ინტერესები დღეს აბსოლუტურად განსხვავდება სააკაშვილის და მისი ბანდის ინტერესებისაგან. დამთხვევა ჯერ კიდევ შეიძლება იყოს დასავლური ორიენტაციის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, მაგრამ იმდენად დიდია სააკაშვილის დისკრედიტაციის დონე, რომ თუკი იგი რაიმეს მიზნად დასახავს და მხარს უჭერს, ამით სწრაფი ტემპით ახდენს ამ იდეის, პიროვნების თუ მოვლენის დევალვაციას. ასე რომ, რაც მეტი იქნება სააკაშვილის მხრიდან ამ იდეების ”ერთგულებაზე” ფიცი, მით მეტია შანსი, რომ სულ უფრო მეტი ქართველი უარს იტყვის მათზე.
  1. ამიტომ ჩვენ სწორი ზღვარი უნდა გავავლოთ ყოველთვის სააკაშვილსა და საქართველოს, სააკაშვილსა და საქართველოს მოქალაქეებს, სააკაშვილსა და ხალხს შორის…
  1. დაბოლოს, იმისათვის, რომ ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების და სხვა სერიოზული დოკუმენტების ნეგატიური ძალა სააკაშვილიდან საქართველოზე არ გადმოვიდეს, აუცილებელია ჩვენი სერიოზული ძალისხმევა, რომ საქართველოს სხეულში ჩაბუდებული ეს ამაზრზენი ფითრი მალე მოვიშოროთ.
  1. თუ ამაში ნაციონალური მოძრაობის ელიტა თავად დაგვეხმარება – თავისი უგვანობის, კორუმპირებულობის, კანონის აბსოლუტური იგნორირების, პოლიტიკური მოწინააღმდეგების პოლიტიკური დევნის დემონსტრირების, კრიმინალური საქმეების შეთითხვნის, ბანკების სპეციალურად გაკოტრების, მოსახლეობაზე ტოტალური თვალთვალის გაათმაგების, პოლიტიკური ოპონენტების შეკრებების მაქსიმალურად დაბლოკვის – გზით, შეიძლება ამით თავიანთი პოლტიკური აუტოდაფე გადასწიონ, მაგრამ ხარისხობრივად დაამძიმონ.

სხვანაირად, არ გამოვა… მე უარს ვამბობ იმაზე, რომ სააკაშვილთან საერთო ღირებულებების მატარებლებად განმიხილოს ვინმემ. ვინც თვლით, რომ მასთან და მის დამქაშებთან ბევრი რამ საერთო გაქვთ (გარდა იმისა, რომ ერთსა და იგივეს წერთ გრაფაში ”მოქალაქეობა”), იფიქრეთ იმაზე, რა მასშტაბის დაპირისპირებაზე მიდიხართ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან, საკუთარ ისტორიასთან, საკუთარი ხალხის მომავალთან, საკუთარ შვილების მომავალთან (ადამიანურ მომავალზე ვლაპარაკობ და არა – მაძღარი მანქურთების მომავალზე!), საკუთარ სინდისთან (თუ რა თქმა უნდა ის არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოგწონდეთ მინისტრი, რომელიც 130,000 ლარიან მანქანას ყიდულობს, ქვეყანაში, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 1,000,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – ლამის ყოველი მესამე)…

საქართველოს გადარჩენის და აღორძინების გზა მიშას უარყოფაზე გადის. მიმართულება შეიძლება დარჩეს, ვექტორი – დაზუსტდეს, სასახლესაც ეშველება რამე და დაჭყლეტილი ბოთლის ქანდაკებაც არ იქნება ძნელი ასაღები… მთავარია, ეს 99,99%-იანი სიცრუე და 100%-იანი უსამართლობა დავძლიოთ. მთავარია, ქვეყანას არ მართავდეს ხელისუფლება, რომელიც სწორედ ხელისუფლების უზურპაციით და მოსახლეობაზე მზარდი ძალადობით ცდილობს თავისი ბატონობის სამუდამოდ დაბეტონებას…

 


4 Comments on “საქართველო თუ მიშა?”

  1. dodi says:

    dsalian momecona es frasa:saqartvelo sxvaa da saakashvili sxva,qartveloba da saqartvelo sxvaa da saakashvili sxva.getanxmebit namdvilad unda gaivlos sgvari saakashvilsa da qartvel xalxs shoris.

  2. lulu mariami says:

    როგორც ყოველთვის ჭკვიანი და მართალი!!!

  3. თერგდალეული says:

    “ახლა კი დროა სოლომან რომა” სიმართლე “ნახოს საქართველომა”. როგორც ყოველთვის ზუსტად და კარგად წერ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გიცნობ, არ გამიკითხავს ვინა ხარ, მაგრამ კარგია, რომ ხარ.ერთ მომენტს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება: კონდოლისა-ს შემდეგ მედვედევმა გააკეთა ასევე აბდაუბდა განცხადება, ესაო, ისაო, ომი რომ არა საქართველო ნატოში შეყავდათო(სხვებიცო ვითომ) და ა. შ.
    ვაანალიზებ რა ღია წყაროთა ინფორმაციას და ვამატებ რა კულუარულს(ნუ მკითხავთ საიდანო 🙂 ), ვასკვნი და სამსჯელოდ გამომაქვს: მედვედევმა ნატოს მიმართებაში სიმართლე თქვა. ამერიკელები (ინგლისის-დიდი ბრიტანეთი გავიხსენოთ კომუნისტების დროს და ვინმე ჰიუიტი) თვლიან, რომ აფხაზებს აქვთ გამოყოფის (დამოუკიდებლობის 🙂 ) უფლება და რადგან ყოველთრეფორმატორ მიშას სრული იდეალობისათვის დაბრუნებული ტერიტორიები ჭირდებოდა, ამერიკელები არაპირდაპირ დათანხმდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ოქრუაშვილის ინფორმაციას თუ სანდოდ მივიჩნევთ, ამ ტიპის ომზე წაქეზებასაც კი ქონდა ადგილი(მეთიუ ბრაიზა).შემდეგში, როგორც დიდ ბიუროკრატიულ იმპერიებში ხდება საბოლოო თანხმობა გაჯანჯლდა. უარი არა, მაგრამ არც თანხმობა. ამის კლასიკური მაგალითი იყო კონდოლისა-ს თურმე ომისწინა ვიზიტი. თავქარიანობამ (მიშასი) თავისი გაიტანა და მიშამ დაიწყო “გრადებით”. ამერიკელებს არ მოეწონათ, მაგრამ არც ეწყინათ(დადასტურება: პუტინ-ბუშის დიალოგი ოლიმპიადის გახსნაზე). შემდეგ პროცესები და შედეგები ცნობილია…
    დანასკვი:სამხრეთ ოსეთის ელვისებური “დაბრუნება ოკუპაციით” რუსეთის დაბნევა, პოზიციების საერთაშორისო ძალების ჩარევით შენარჩუნება და საქართველოს ასევე ელვისებურად ნატოში მიღება, რაც აფხაზეთზე ფაქტიურ უარს და ხალხის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე შეგუების დაწყებას გულისხმობდა( სოუსით “რაღაც ხომ გაკეთდა” – ანუ ცხინვალი დავიბრუნეთ). კოსოვოს პეცენდენტის მართვად წესად ქცევა შედეგით: რუსეთს აფხაზეთი(ფაქტიურად), საქართველოს ცხინვალი (იურიდიულადაც) და კოსოვოს საერთაშორისო ლეგალიზება. აი, ეს შეთქმულება გასცა მედვედევმა და არა ომის დაწყების და დამწყების წუთი, წამი, იარაღი, სახელი და გვარი.

  4. “ახლა კი დროა სოლომან რომა” სიმართლე “ნახოს საქართველომა”. როგორც ყოველთვის ზუსტად და კარგად წერ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გიცნობ, არ გამიკითხავს ვინა ხარ, მაგრამ კარგია, რომ ხარ.ერთ მომენტს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება: კონდოლისა-ს შემდეგ მედვედევმა გააკეთა ასევე აბდაუბდა განცხადება, ესაო, ისაო, ომი რომ არა საქართველო ნატოში შეყავდათო(სხვებიცო ვითომ) და ა. შ.
    ვაანალიზებ რა ღია წყაროთა ინფორმაციას და ვამატებ რა კულუარულს(ნუ მკითხავთ საიდანო 🙂 ), ვასკვნი და სამსჯელოდ გამომაქვს: მედვედევმა ნატოს მიმართებაში სიმართლე თქვა. ამერიკელები (ინგლისის-დიდი ბრიტანეთი გავიხსენოთ კომუნისტების დროს და ვინმე ჰიუიტი) თვლიან, რომ აფხაზებს აქვთ გამოყოფის (დამოუკიდებლობის 🙂 ) უფლება და რადგან ყოველთრეფორმატორ მიშას სრული იდეალობისათვის დაბრუნებული ტერიტორიები ჭირდებოდა, ამერიკელები არაპირდაპირ დათანხმდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. ოქრუაშვილის ინფორმაციას თუ სანდოდ მივიჩნევთ, ამ ტიპის ომზე წაქეზებასაც კი ქონდა ადგილი(მეთიუ ბრაიზა).შემდეგში, როგორც დიდ ბიუროკრატიულ იმპერიებში ხდება საბოლოო თანხმობა გაჯანჯლდა. უარი არა, მაგრამ არც თანხმობა. ამის კლასიკური მაგალითი იყო კონდოლისა-ს თურმე ომისწინა ვიზიტი. თავქარიანობამ (მიშასი) თავისი გაიტანა და მიშამ დაიწყო “გრადებით”. ამერიკელებს არ მოეწონათ, მაგრამ არც ეწყინათ(დადასტურება: პუტინ-ბუშის დიალოგი ოლიმპიადის გახსნაზე). შემდეგ პროცესები და შედეგები ცნობილია…
    დანასკვი:სამხრეთ ოსეთის ელვისებური “დაბრუნება ოკუპაციით” რუსეთის დაბნევა, პოზიციების საერთაშორისო ძალების ჩარევით შენარჩუნება და საქართველოს ასევე ელვისებურად ნატოში მიღება, რაც აფხაზეთზე ფაქტიურ უარს და ხალხის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე შეგუების დაწყებას გულისხმობდა( სოუსით “რაღაც ხომ გაკეთდა” – ანუ ცხინვალი დავიბრუნეთ). კოსოვოს პეცენდენტის მართვად წესად ქცევა შედეგით: რუსეთს აფხაზეთი(ფაქტიურად), საქართველოს ცხინვალი (იურიდიულადაც) და კოსოვოს საერთაშორისო ლეგალიზება. აი, ეს შეთქმულება გასცა მედვედევმა და არა ომის დაწყების და დამწყების წუთი, წამი, იარაღი, სახელი და გვარი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s