ცუგცვანგის პირას


თამაშების თეორიაში არის ერთი ძალიან საინტერესო სიტუაციური პოზიცია,რომელსაც ”ცუგცვანგს” უწოდებენ. ის გამოიყენება იმ სიტუაციის აღსანიშნავად, როდესაც მოთამაშის პოზიცია უკეთესი იქნებოდა,  მისი სვლა რომ არ იყოს. ანუ, ის სიამოვნებით დათმობდა თავის სვლას, რადგან მისი ნებისმიერი სვლა მის პოზიციას აუარესებს. თუ მანამდე მოსაგები პოზიცია ჰქონდა, ახლა მხოლოდ ფრეს მიაღწევს, ხოლო ფრის შესაძლებლობიდან შეიძლება წაგებამდე ჩამოქვეითდეს.

ყველაზე საინტერესო კი ორმაგი ცუგცვანგია, როცა ორივე მოთამაშის სვლა მისთვის წამგებიანია და ორივე არჩევს, რომ თავისი სვლის ჯერი დათმოს…

ქართულ პოლიტიკაში ცუგცვანგების სეზონი დაიწყო და მომენტის სიმწვავე იმაშია, რომ ჭადრაკიდან განსხვავებით, პოლიტიკაში ცუგცვანგი პატით (იძულებითი ფრით) ვერ დამთავრდება. პირიქით, მას მდგომარეობის ესკალაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თავიდანვე ვიტყვი – ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა (ძირითადად მაინც) ძალიან მომწონს.

საერთოდ, მემარცხენეების არ მწამს და მიმაჩნია, რომ კომუნისტური სოფლების შენება ადამიანების ფსიქოლოგიის ისეთ ცვლილებებს მოითხოვს, რომ დღეს უტოპიაა.

მაგრამ ვაღიარებ,  დღეს გაჩანაგებულ, ცალკე – გარეშე მტრისგან და განსაკუთრებით კი, – საზოგადოების კისერზე შემომჯდარი წურბელა კრიმინალი ხელისუფლებისაგან გაწამებულ და დაუცველ საქართველოს მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის სახით ლამის ერთადერთი ისეთი დიდი ქველმოქმედი და მოამაგე ჰყავს, რომ ჩემი და ნებისმიერი შედარებით უკეთეს პირობებში მყოფი ადამიანისაგან იმის ქადაგება – მარადიული ქველმოქმედება დახმარების მიმღებ ხალხს აზარმაცებს და მომთხოვნელობის მადას უზრდის, იმის ნაცვლად რომ თევზაობა ისწავლონ და თავად ირჩინონ თავი-მეთქი – ალბათ, ცინიკური დემაგოგია იქნება.

დღეს საქართველოს ყველა რაიონს რომ თავისი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდეს, საქართველოს უზნეო ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებოდა მისი ხრიკებით და ძალადობით გაღატაკებული მოსახლეობის ისე დამონება და დაშინება, როგორც, სამწუხაროდ, ეს არის.

1 d4 Nf6

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოეძებნება მისი კრიტიკოსები.

ბადრი პატარკაციშვილის პრეზიდენტობის ამბიციის დროს სხვებივით მეც ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, პატარკაციშვილს მხარი დაეჭირა რომელიმე პარტიისთვის და არ მიეცა მთავრობისათვის პირადად მასზე სერიოზული დარტყმის მიტანის შესაძლებლობა. და ყველაზე სერიოზული დარტყმა ფსიქოლოგიური იყო. მაკიაველის, გებელსის, ბერიას და ვიშინსკის მეთოდებზე გამოზრდილმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ძალიან გამოცდილი და გაწონასწორებული ბიზნესმენი სონი კორლეონეს მსგავსად აფექტის მდგომარეობაში ჩაეგდო და ის ეთქმევინებინა, რაც პოლიტიკურად – ყველა კონტექსტის და ისტორიული რაკურსის გათვალისწინებით – წამგებიანად ჟღერდა: უკანასკნელ ცენტამდე დავხარჯავ ჩემს ქონებას ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებადო!

ასე მგონია, ბიძინა ივანიშვილი 2008 წელს – ბადრი პატარკაციშვილთან ერთად თუ მის გარეშეც – ხელისუფლებისთვის გაცილებით ძლიერი ოპონენტი იქნებოდა და არა  ფინანსების გამო, არამედ იმის გამო, რომ ასეთ ფსიქოლოგიურ მახეში არ გაებმებოდა.

მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ ხელისუფლება მისთვისაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ გამოცდებს მოამზადებს და ეს გამოცდები ძალიან სწორ პრევენციას და რეაგირებას მოითხოვს. შევარდნაძის რჩევა – დაცვა გააძლიეროსო, იმ ადამიანის რჩევაა, რომელიც ამათ ზნეს კარგად იცნობს და, ამდენად, ძალიან საყურადღებოა!

მეორე შეცდომა, რაც ბადრი პატარკაციშვილს მოუვიდა, იყო ის სუსტი ორგანიზაციული ჯგუფი, რომელიც მას მხარს უმაგრებდა. რაც არ უნდა გავიმეოროთ ჭეშმარიტება, რომ ნონა გაფრინდაშვილი სუფთა და პატივსაცემი პიროვნებაა, ხოლო გიორგი თარგამაძე – ეშმაკი და მრავალჯერ გაყიდული პოლიტიკოსი, თუ გიორგი თარგამაძის დონის პოლიტიკურ ინტრიგებში გამოცდილი და პოლიტიკური ხრიკების შემფასებელი რამდენიმე პიროვნება არ გყავს გუნდში, ძალიან ძნელია სააკაშვილის გუნდს დაუპირისპირდე. რამდენადაც მწირია ნაცმოძრაობის ლიდერების ფანტაზია, თუკი საქმე ხალხისთვის სიკეთის კეთებას ეხება, იმდენად ფანტასმაგორიულად ”შემოქმედებითი” ხდებიან, როგორც კი რაიმე სიდამპლეს იგონებენ!

სამწუხაროდ, აქ კი უნდა ვაღიარო, რომ დღემდე ბიძინა ივანიშვილის ”ქართუ ჯგუფის” მიერ გაკეთებული უამრავი განცხადება მხოლოდ იმის საფუძველს მაძლევდა, სახტად დავრჩენილიყავი, რატომ უნდა ჰყოლოდა ამ მასშტაბის ფინანსისტს ასეთი სუსტი ანალიტიკოსები, რომელთა არგუმენტაცია და თავდასხმებზე პასუხები  საკმაოდ უნიათო და მოსაბეზრებელი იყო.”ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელის მერაბიშვილის აგენტობის შესახებ განცხადებებმა ნაწილობრივ გასაგები გახადა ამ უნიათობის ”მიზეზი” და იმედია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და მისი გუნდის დაკომპლექტება გაცილებით უკეთესი იქნება იმაზე, როგორც “ქართუ ჯგუფი” იყო დაკომპლექტებული, ან როგორც – ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი.

2 c4 e6

მიშასთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში  წასვლაზე უარესი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ყოფილიყო – ჰააგის ტრიბუნალის საბრალდებო დასკვნა.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ მიშა ისეთი გახდა, დანა კრიჭას არ უხსნის. არ ვიცი, დააკვირდით თუ არა, რამდენი შეცდომა დაუშვა სარკოზობაზე გამოსვლისას, როდესაც მან ჩვეულებას გადაუხვია და დაბეჭდილ ტექსტს ლამის სიტყვა-სიტყვა კითხულობდა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილს გამომგონებლობას ვერ დაუკარგავ და დარწმუნებული ვარ, მას რამდენიმე საშუალება ექნება უკვე (რომელთაგან ზოგი – შეიძლება წლების წინ ჩაფიქრებული), როგორ უპასუხოს ამ მისთვის კატასტროფულ საფრთხეს.

3 Nf3 b6

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პოლიტიკაში მოდის და დაამთხვია იგი სარკოზობის აბსოლუტურად უგვან ”დღესასწაულს”. არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დარჩათ დასავლეთში, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აბსოლუტურად სწორად შეაფასა ის, რაც თბილისში მერიის თხოვნით უქმე დღედ გამოცხადებულ 7 ოქტომბერს ხდებოდა – ბრეჟნევის რეინკარნაცია! სარკო-მზეობა და აცუნდრუკება!. უდიდეს ბლეფს, რომ საქართველო თურმე ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების საქმეში საფრანგეთმა ”იშვილა”, მხოლოდ ვაი-დიპლომატ ნინო კალანდაძის ზემოვლენილი ჩვილი თუ დაიჯერებს, რადგან არავის ისე არ დაუბლოკია საქართველოს გზა ნატოში, როგორც საფრანგეთს. და დარწმუნებული ვარ, დღეს ევროკავშირზეც ეგრე იქნება –  საპენსიოდ გამზადებული ნიკოლია სარკოზი არასდროს იზამს იმას, რაც რუსეთს სერიოზულად გაამწარებს.

ამის პარალელურად კი ადამიანმა, რომელიც დღემდე ჩრდილში იდგა, ათასობით ადამიანს ეხმარებოდა, თეატრებს და ბიბლიოთეკებს, ეკლესიებსა და მუზეუმებს აშენებდა, საქართველოს გადასარჩენად იმ რეჟიმთან დაპირისპირება გვამცნო, რომელიც აქამდე ყველა მსგავსი სითამამის გამომჩენი ან გადაასახლა, ან დაიჭირა, ან გაანადგურა.

აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიეღო? – დიახ! დღეს უკვე გვიანია? – არა!

4 g3 Bb7

თავისუფლების მოედანზე 50,000 ადამიანი 7 ოქტომბერს იძულებით მირეკა ხელისუფლებამ… რაიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი და გამგეობებიდან და სკოლებიდან დაბარებული ”აღმზრდელები” ჩვენი დროის ბრეჟნევიადის სპექტაკლში სტატისტებად დააყენეს…

რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გაიგო, ყოველგვარი იძულების გარეშე იმედმოცემული კითხულობდა ამ განცხადებას და საკუთარ ახლობლებს აცნობდა.

7 ოქტომბერს ივანიშვილმა სააკაშვილს სერიოზული ალიყური გააწნა.

ალიყურის სერიოზულობას მომენტის სწორი შერჩევა და 5,5 მილიარდი დოლარი ამყარებდა.

როდესაც სტალინს უთხრეს, რომის პაპი სსრკ-ს დაუპირისპირდაო, სტალინმა ცინიკურად იკითხა – რამდენი დივიზია ჰყავს რომის პაპსო? მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს ფულში ზომავს და მისთვის ივანიშვილის 5,5 მილიარდს დაახლოებით 100 დივიზიის წონა მაინც აქვს…

5 Bg2 Be7

სწორედ ამიტომ 7 ოქტომბრამდე რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ივანიშვილი გაპოლიტიკოსების შესახებ მისმა პრეს-ცენტრმა განაცხადა,  პროსახელისუფლებო (ს)ექსპერტების მთავარი გამოსვლის თემა შემდეგი იყო: – რა იცით, რომ ივანიშვილი მიშას თამაშს არ თამაშობს?

მელას რაც ესიზმრებოდაო… ამაზეა ნათქვამი…

არ აუხდათ ოცნება…

6 Nc3 O-O

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მაგარმიშას ხელთათმანი ესროლა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არაფერი ისე არ უნდოდა, როგორც ბიზნესმენ გელაშვილის დასასჯელად გაგზავნილი ნიღბიანი ზონდერჯგუფის გაგზავნა, მაგრამ გარდა მაგიური 5,5 მილიარდისა, არის კიდევ ორი ფაქტორი, რაც მიშას სერიოზულად აშინებს:

ერთი ის, რომ მიშამ, კარგად იცის, როგორ მოიყვანეს და ალბათ ხვდება, როგორ წაიყვანენ…

მიშას მოყვანის დროს შევარდნაძისთვის ბევრი პიროვნების, განსაკუთრებით – აშშ ადმინისტრაციის და ჯეიმს ბეიკერის მხრიდან ”მიტოვება” მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო. შევარდნაძე, პირიქით, ელოდა, რომ მეგობარი ჯიმი ”ავარდნილ” ახალგაზრდებს ჭკუას დაარიგებდა

მიშასთვის ივანიშვილის გაპოლიტიკოსება არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა – კაცმა ამდენი იწვალა, საპრემიერო სკამი მოირგო, ქრისტიან-დემოკრატების შემდეგ აქამდე აქტიურად მებრძოლი “ახალი მემარჯვენეებიც” მშვენივრად გადაიბირა (სულ რაღაც ერთი ჭირიანი მილიონის  და რამდენიმე დამატებითი საპარლამენტო ადგილის დაპირებით), ბურჯანაძის ქმარი ძებნაში გამოაცხადა, რვიანის შემდეგ ექვსიანიც დაშალა, არც სანდრო გირგვლიანის საქმის და არც 26 მაისის რეალურად გამოძიებას არ აპირებს (სიაფანდ გამოძიებებს არ ვთვლი)… და აი, ასეთ დროს…

მიშა უდავოდ ფიქრობს – ვინ იცის, იქნებ ამერიკელებმა იცოდნენ კიდეც… თავად მან რომ არ იცოდა, ეს რისი ბრალი იყო – იმის, რომ ივანიშვილია ასეთი მოხერხებული, თუ იმის, რომ ამერიკელებმა სხვაზე დადეს ფსონი?

7 O-O d5

მეორე სერიოზული ფაქტორი, ისაა, რომ მიშა ჩაშვებულია!  შუქურა კი არა, მაგარი გაბანძებული მასტია, რომელსაც უბრალოდ იმიტომ არ უძახიან ბანძს, გამყალბებელს და კრიმინალს, რომ არ უნდათ საქართველოში კიდევ ერთხელ იხილონ გადაყენებები და არასტაბილურობა…

ჰოდა, როცა ყველამ იცის შენი ბანძობის ამბავი, უკვე შენი მრავალჯერ მოყოლილი ბანძი ზღაპრებისაც არავის ჯერა… შეიძლება ერთხელ დაუძახო მილიარდერს (მილიონერებსაც) ”რუსეთის აგენტი” და მაშინვე დაგიჯერონ, მაგრამ როცა ამას მეათედ აკეთებ!.. თან მეათედჯერვე – ზუსტად ერთნაირად:  ”არ გახსოვდა”, რომ ეს კაცი რუსეთში გამდიდრდა, სანამ შენ გაფინანსებდა, გიშენებდა ობიექტებს, და… უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი განგიდგა! მისი ფულის ”პუტინური წარმომავლობის” შესახებ არ ფიქრობდი, როცა ხელს არ გიშლიდა, პირიქით… და უცებ ”გაგახსენდა”, როგორც კი   შენი ოპონენტი გახდა!

მრისხანედ გამოდიან ხელისუფლების მოსამართი თოჯინები და გულზე მჯიღის ცემით თვალებს აბრიალებენ – “რუსეთში გაკეთებული ფულით”… “არ მოვუშვებთ!..”

“ვერ იბოგინებს რუსული კაპიტალი… არ გაგივათ!..”

ბატონო ბოცო წიკლაურო და უდიდესო კანონშემოქმედო, ლაშავ თოდრიავ – კახა ბენდუქიძე, მა რა ჩემი ფეხები ”ქართველი” ბიზნესმენია?  ფული სად იშოვა ბენდუქიძემ? და დიდმა ჰოლივუდის ბაბოჩკიანმა პროდიუსერმა – კობა დე ლაურენტის-ნაყოფიამ სად მოაგროვა კაპიტალი? და საერთოდ ვინ არის რუსი ოლიგარქი გენერალოვი და ვისი ძმაკაცობით ჩაიგდო ხელში ”მადნეული”, ქართული ოქრო და ქართული სპილენძი?

ნუ ახლა, რომელიღაც საშუალოსტატისტიკური ჟუჟუნა ჯერ კიდევ შეიძლება დაკეროს ამ რუსული კაპიტალით გამძღარი ხელისუფლების მხრიდან ”რუსული კაპიტალის აუტანლობამ”,  მაგრამ უკვე დიდი უმრავლესობა ხვდება, რომ ხელისუფლება, რომლისთვისაც ფული აბსოლუტურად არ ყარს, სანამ ეს ფული მათ ჯიბეში მიჩხრიალებს, საოცრად ”აზიზი” და ”აღშფოთებული” მაშინ ხდება, თუ ფულის ნაკადმა მიმართულება იცვალა…

8 Ne5 c6

როცა 7 ოქტომბერს ივანიშვილმა პიონერული ფიცივით გამოაცხადა რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქედ დავრჩებიო, ორმა ურთიერთგამომრიცხავმა აზრმა გამიელვა თავში -

- ხომ არ ჩქარობს ჩაბარებას? (განსაკუთრებით – ფრანგული პასპორტის ჩაბარებას)

- ხომ არ დააგვიანა ჩაბარება?

მიშას ვაშამ არ დააყოვნა და მარადმოზეიმე რეესტრთუხუცესმა ვაშაძემ უკვე ”დაახლოებით 9-10 ოქტომბერს” (ეს ძალიან მომწონს, რომ ასეთ აწყობილ ქვეყანაში ვერ გაირკვა, ზუსტად როდის მოხდა ყველაზე მდიდარი ქართველის განპასპორტება და პანიკოვსკის რანგში გადაყვანა!) უპატაკა პარტიას და მთავრობას – მთავარი საფრთხე ლიკვიდირებულია, პასპორტი ანულირებულია და კენჭის ყრას კი არა, ვინმესთვის ფულის მიცემასაც ვეღარ მოახერხებს აწიო!

სვლა იმდენად ელვისებური და დამანგრეველი იყო, რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო – ამ სიდამპლეთუხუცესებს სიდამპლეების ჩაფიქრების, მოფიქრების და რეალიზების ჯოჯოხეთური პოტენციალი აქვთ – ამაში მართლა მაგრები არიან!

9 cxd5 cxd5

მაგრამ ყველა მედალს აქვს თავისი მეორე მხარე!

მიშას მიერ განხორციელებულმა პასპორტის აორთქლებამ – ჩემი მოცემული იყო და მევე წაგართმევო – რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები შეუქმნა (კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ფორმალურად ვერ შეედავნენ იმაში, რომ კანონის ფორმულირება – ”საქართველოს მოქალაქე, მის მიერ მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას” ძალიან სერიოზული არგუმენტია – ასეთი ყველაფრის მკადრებელი იურისპრუდენციის სისტემის ქვეყანაში), იმდენად ისიც აშკარაა, რომ რეჟიმის ეს სვლა, თავისი ბრწყინვალების გარდა, რეჟიმის განწირული ფართხალის ნიშანიცაა… რამდენიმე ასპექტის გამო:

1) რეჟიმი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა დაგვიმალა საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, თორემ მაშინვე შევუწყვეტდით საქართველოს მოქალაქეობასაცო!

დავიჯერო, საქართველოს ყოვლისმცოდნე იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ყველას შემოსავლებს ელექტრონული სისტემით მისხალ-მისხალ ითვლის და მერე მდიდარ გასატყავებლებს ზუსტად იმდენს აჭრის, რომ მთლად სისხლისგან არ დაიცალონ, და რომელიც ამავე დროს ქვეყნის მოქალაქეთა აღრიცხვის ბაზის – რეესტრის – მეპატრონეცაა, არ იცის და 5 წელია ვერ იგებს / გამოეპარა, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, რომლის კაპიტალი საქართველოს წლიურ ბიუჯეტზე მეტია, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა?

2) დავიჯერო, მილიარდერის გაფრანგება გამოეპარა პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ მეგობარს და ჟამთაღმწერელს, საფრანგეთის მოქალაქეს რაფაელ გლუქსმანს და მის თანამეცხედრედ აღვლენილ შსს მინისტრის მოადგილეს, უსათნოესს ეკა  ზღულაძეს?

3) დავიჯერო   საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის არცერთ სხვა პირს არ აქვს მიღებული უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით?

ამ ასპექტში ძალიან მაინტერესებს ბესო ჯუღელი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ირაკლი ჩუბინიშვილი, აშშ-ში საქართველოს ამჟამინდელი ელჩი, ისრაელის მოქალაქის ალექსა ფრენკელის მეუღლე,  დიდი ინტეგრატორი თემურ იაკობაშვილი (გამიგია, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია).

ნუ, დიდი ორპატრიოტის -  საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ამბები – როგორ ევნო და ეწამა რუსეთის პასპორტის ჩაბარებაზე ომგადატანილი კაცი – ყველაფერი ვიცით… რეესტრს (სადაც უფროსი ასევე ვაშაძეა) ვაშაძის ორპასპორტიანობა ისევ ”გამოეპარა”.

10 Bf4 a6

ბიძინა ივანიშვილმა რუბიკონი მაშინ გადალახა, როცა 7 ოქტომბერს სააკაშვილს გამოუცხადა, მოვდივარ და დამიხვდიო!

სააკაშვილმა კი მაშინ ჰყარა წილი, როცა ივანიშვილს მოქალაქეობა გააუქმა – ამით ფაქტიურად აღიარა – ამ კაცის მომგები მე არ ვარ და ნებისმიერი მეთოდით უნდა მოვიშორო, რომ საარჩევნო ყუთებთან ამის სახელი არ გაჭაჭანდესო…

11 Rc1 b5

წილი ნაყარია და მდგომარეობა პროგრესულად და გეომეტრიული სიჩქარით დაიძაბება… საქმე იმაშია, რომ ნერონის და მილიარდერი მოქალაქის ბრძოლაში ფრე და უკანდახევა გამორიცხულია.

12 Qb3 Nc6

მიშას სიძლიერე მითიურია.

ადამიანი, რომელსაც რეალურად ქვეყნის მოსახლეობის ალბათ მეხუთედიც კი არ უჭერს მხარს, რომელმაც ქვეყანა გააღატაკა და დაშლის პროცესი გააღრმავა  და რომელსაც იმის ამბიცია აქვს, რომ აღმაშენებელია, მხოლოდ მითოსით შეიძლება იყოს მაგარი.

საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ მისმა კარის მასხრებმა მისი ლაჩრობის დამადასტურებელი ობიექტური სტიგმები – ჰალსტუხი, გაქცევა, პანიკური შიში – ფეტიშიზაციის ობიექტებად აქციეს და საჭმელი ჰალსტუხის გამოშვება დაიწყეს!

მაგრამ მითიური სიძლიერე მოჩვენებითია და მითის მუდმივი გამეორების გარეშე შეიძლება ხუხულასავით დაინგრეს. ასეთ დროს საკმარისია ხალხმა დაინახოს, რომ თურმე არსებობს ადამიანი, რომელსაც მიშასი არ ეშინია, რომ ჯერ იწყება პატარკაციშვილ-ოქრუაშვილის სინდრომი (”ნახეთ, მაგასაც როგორ მოიშორებენ!”), რომელიც მითის გაუმაგრებლობის შემთხვევაში სწორედ მითის დანგრევას იწყებს – ”ერთი უყურე! ვერ იშორებენ! მაგრები კი არა, ეშინიათ ამისი!”)

13 Nxc6 Bxc6

ასე რომ  დრო ივანიშვილზე თამაშობს. თითოეული დღე, როცა მიშა გროგშია და ხმას არ იღებს (ტურების კნავილი არ ითვლება), ხალხის ცნობიერებაში იმ საკნების პერიოდის მიშას აბრუნებს, რომელსაც სასახლის ეზოში სტაფილოებს უყრიდნენ და რომელიც თვეობით მოკვეთილი იყო თბილისიდან.

თუმცა ისიც აშკარაა, რომ თუ ივანიშვილი მხოლოდ ეპისტოლეებით განაგრძობს ხალხთან კონტაქტს, მალე ხალხს იმის ეჭვი გაუჩნდება, საერთოდ არსებობს თუ არა რაინდი და თუ არსებობს, მართლა პარიზში ხომ არაა (დამიჯერეთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, თუმცა რაინდობის სიგელები არასდროს გამომიქვეყნებია :))

14 h3 Qd7

ივანიშვილის საკმაოდ ზუსტი დარტყმები:

- სააკაშვილის სატელიტი გაყიდული ოპოზიციის ჩამოთვლა, და მკაცრად გამიჯვნა. გამოგიტყდებით, ლევან გაჩეჩილაძეზე და სობარ სუბარზე გული მწყდება, ხოლო ეროსი კიწმარიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან შესაძლო სარგებელი გადასაგდებად არ მემეტება… არ დაგიმალავთ, გამიკვირდა, თუ სააკაშვილის გვერდით მყოფებს – არამცთუ პალიკო კუბლაშვილს და მისი რანგის ოფოფების, არამედ მერაბიშვილის და ადეიშვილის მასშტაბის ბელზებელების  გამოსწორების  იმედი აქვს ივანიშვილს, ეს კიწმარიშვილი და ოქრუაშვილი რა გახდნენ ასეთუ გამოუსწორებლები? მაგრამ, იმედია, ივანიშვილს რაიმე არგუმენტები აქვს საამისოდ… ანდა, თუ არ აქვს, პოლიტიკაში ყველაფრის მოტრიალება შეიძლება,..

რაც შეეხება სატელიტებს – მართლაც მარაზმი იყო ის სიტუაცია, როცა უცხოელები ჯერ სახელისუფლებო უმრავლესობას ხვდებოდნენ და მერე იმ მასშტაბის ”ოპოზიციას”, როგორიცაა მიშმადიდებელი მაია ორჯონიკიძიანი და ლევან ჩოლოყაშვილიანი გია თორთლაძის პადოშ-დემოკრატიული პარტია; პარტია ”მე თვითონ”-ს ლიდერი თვითონ პაატა დავითაია და, განსაკუთრებით, – სულიკოსავით კორუფციის მაძიებელი და ვერმპოვნელი, ერთდროს ეროვნულ-დემოკრატიული გურამ ჩახვაძე და მისი ოფისზეშეყვარებული ბაჭუკი ქარდავა! ამ ფონზე გაცილებით სერიოზული ქრისტიან-დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეებისაგან  ზარალიც გაცილებით სერიოზულია, რადგან სააკაშვილის იმიჯის სერიოზულად გამათეთრებელი სწორედ ეგენი არიან…  აქვე იმაში დავეთანხმები ივანიშვილს, რომ ამ პარტიებში ალბათ არის ერთეული პატიოსანი ხალხი, რომელთაც მართლა შეიძლება სჯეროდეთ, რომ გამწვანებული დავით გამყრელიძე ქუთაისიდან გაანთავისუფლებს საქართველოს, და ან რომ ”5-10-უფასო” გია (გაზი) ჭანტურია გიორგი თარგამაძემ სამერო კანდიდატად თავად გამოჩეკა და არა – მიხეილ მაჭავარიანის შეგონებით, ხოლო ინგა გრიგოლია საკუთარი ინტუიციით და ფინანსებით გაგრიალდა ლონდონში სასწავლებლად და არა – ვანო მერაბიშვილის კურთხევით… მე პირადად ახვლედიანი და ანიკაშვილი მესიმპატიურებიან… მაგდა – განსაკუთრებით :)) ადრე ფიქრია ჩიხრაძეს და მანანა ნაჭყებიასაც პატივს ვცემდი, მაგრამ ფიქრიამ ისეთი დემაგოგიის მასტერკლასი აჩვენა “მაესტროს” ეთერში, რომ ხმა ჩამივარდა…

15 Kh2 Nh5

რესპუბლიკელების და ალასანიას მოზიდვას ორი სერიოზული პლიუსი აქვს – რესპუბლიკელებს ნამდვილად ყველაზე სერიოზული ინტელექტუალური რესურსი აქვთ და ორივეს ერთად – განსაკუთრებით, ალასანიას – ამერიკულ  ისტებლიშმენტზე გასვლის გზები… სააკაშვილის მთავარი არგუმენტი და დარტყმის მთავარი მიმართულება ხომ ყოველთვის ეგ იქნება – ”ივანიშვილი – რუსული პროექტი”… ჰოდა, ახლა ”ივანიშვილი, რესპუბლიკელები და ალასანია – რუსული პროექტია!” ძაან ფანტასმაგორიულად ჟღერს და მიშას დარტყმას პირს უბლაგვებს! მიშასთვის უკეთეს შემთხვევაში ეს ”რუსულ-ამერიკულ პროექტად” შეიძლება მონათლოს. მაგრამ არის კი ”რუსულ-ამერიკული პროექტი” მიშასთვის უკეთესი შემთხვევა? თუ, პირიქით, ყველაზე საშიში ვარიანტია – დაჯდნენ ამერიკელები და რუსები და მოითათბირეს, როგორ მოეშორებინათ ყელში ამოსული ნაგიჟარი…

(სინამდვილეში მე არ მგონია, რომ ასე იყოს, მაგრამ მიშას თუ ეგონება, მით უკეთესი…)

16 Bd2 f5

რა რესურსი აქვს მიშას?

ცეცხლის გაჩენა მთაწმინდის ფერდობზე ივანიშვილის სახლის მახლობლად შემთხვევითი არ მგონია და ალბათ, ნერვული სისტემის შემოწმებაა. არაა გამორიცხული, მიშას კუდმა და სოდმა იგივე ღამით გაიმეორონ, მეტი ეფექტის მოსახდენად. რეალურ საფრთხემდე საქმე, არა მგონია, მივიდეს. უბრალოდ, მიშამ კარგად იცის, რომ მისნაირი ჩამოლაბორანტებული რეპუტაციის დროს მოწინააღმდეგის განადგურება კი არა, დაშინება უნდა სცადოს.

რამდენიმე გაცვეთილი ხერხი,რომელსაც მიშა ალბათ გამოიყენებს

-         ზეწოლა ბიზნესზე – “ქართუ ბანკის” შემოწმება საგადასახადოს მიერ;

-         ზეწოლა ოჯახზე – თვალთვალი, კუდის და სოდის მანქანების გამოჩენილად დაყენება ოქროყანის გზაზე, ივანიშვილის სახლის ზემოთ ვერტმფრენების გადაფრენები და ა.შ;

-         კომპრომატების ომი… დაწყების ნიშანი ის იქნება, რომ ხათუნა გოგორიშვილი ”ბორის ივანაშვილის” ხსენებას დაიწყებს, ხოლო მიშა საკუთარი პირით კი არა, სწორედ სატელიტ-პარტიების პირით დაიწყებს იმის მოყოლას, როგორ საშინელ დღეში აგდებდა ივანიშვილი ბადრი პატარკაციშვილს… შეიძლება ეს საპატიო მისია დავით გამყრელიძეს დაეკისროს, რადგან პატარკაციშვილს ოჯახს პირდაპირ აქვს გაცხადებული – გიორგი თარგამაძემ გვიღალატაო და მის დღევანდელ დაგესვლას ნაკლები ეფექტი ჰქონდა. არა მგონია, თარგამაძემ ის დაამტკიცოს, რომ მასზე მეტად ბიძინამ მოუკლა გული ბადრის!

-         კომპრომატების ომში ხელისუფლება აქტიურად ჩართავს ზვიადისტებს… შეიძლება ნაფტალინიდან მრავალჯერდავიწყებულ-გახსენებული მანანა არჩვაძეც კი ამოიღონ. თუ არადა, აგერ არაა თმაქოჩორა ქორი თემურ ქორიძე? კოკოც თურმე ჯერ არ წაკოკოებულა ჟენევაში სამეტროლოგიოდ… ჰოდა, იქნება იმის უსასრულო ფანტაზიები, როგორ აფინანსებდა კიტოვანს და იოსელიანს მილიარდერი ივანიშვილი!

-         ”მაესტროზეც” და ”კავკასიაზეც” გაიზრდება ზეწოლა! ”კვირის პალიტრას” განუახლებენ იმ დაუსრულებელ შემოწმებას…

-         ალბათ საჩხერესა და ჭორვილაზეც მიიტანენ შეტევას – დენს გათიშავენ, საავადმყოფოს წყალს გამოურთავენ… ეცდებიან იქაური ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყვანონ ტელევიზიაში…

17 Qd1 b4

მაგრამ ზეწოლის ეს ხერხები უკვე ნაცნობია და ძირითადად იმის განცდას გააძლიერებს, რომ მურტალოს მეთოდები დაუძველდა.

ცაიტნოტში ყოფნა და იმის გააზრება, რომ უმოქმედობა დამღუპველია, იმის საწინდარი იქნება, რომ მიშა იცანცარებს და მეტ შეცდომას დაუშვებს

18 Nb1 Bb5

ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ კედელთან მიმწყვდეული ტურების და აფთრების ხროვა გამოუსვლელობისაგან ბევრ რამეზე წამსვლელია.

ყველაზე მეტად მაინც სხვა (ახლობელ) პირებზე ზეწოლას ეცდებიან. ამიტომ შევარდნაძის რჩევას – დაცვა გააძლიერეო, ალბათ ერთი დაზუსტება უნდა – ყველა იმ ადამიანის დაცვა, ვინც ბიძინასთვის ახლობელია.

ერთი რამ მინდა ვთქვა – სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ რაზეც წამსველილია, მის მიმართაც შეიძლება იგივეზე წავიდნენ… მხოლოდ მაშინ, თუ ის და მისი შანტრაბა ამას გაისიგრძეგანებს, შეიძლება  იმედი გვქონდეს, რომ სისულელეს არ ჩაიდენს! თუმცა ამის გარანტია არ არსებობს, რადგან მისი სტიქია – სწორედ სისულელეების ჩადენაა!

19 Rg1 Bd6

არ ვიცი, ღირს თუ არა ვილაპარაკო იმაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია. პრინციპში უკვე ითქვა და მეც ვეთანხმები – ჟურნალისტებთან ასეთ ტონში ლაპარაკი მიუღებელია. და მე რომ ჟურნალისტებს და ურნალისტებს სერიოზულად ვანსხვავებ, მგონი, ამაში ეჭვის შეტანა ძნელია. ურნალისტები მე პირადად, აბსოლუტურად ნამუსაყრილ კასტად მიმაჩნია, რომელთაც დარწმუნებული ვარ, სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომ საზოგადოებასთან თანაცხოვრება შეძლონ…

არც სოსო ცინცაძის და რამაზ საყვარელიძის ერთ ქვაბში მოხარშვა მგონია სწორი, არც დავით აქუბარდიას ასე ქება-განქიქება და არც მაესტროს ასე ”გიყიდი-ვიყიდის” ანონსირება…

არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ია ანთაძეს არაფერი სჭირს არც ჩემი დასაცავი და არც ბიძინა ივანიშვილის ხელწამოსაკრავი. ია ანთაძე ქართული ჟურნალისტიკის სინდისია, პროფესიონალიზმის დონეა და იმაში ეჭვის შეტანა, რომ ის თურმე მიშას საქმეს აკეთებს, უბრალოდ უხერხულია. რადგან მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ბატონი ბიძინა ქალბატონ იას ნაწერებს და ინტერვიუებს ცუდად იცნობს და მისი ზოგიერთი გამოსვლა მხოლოდ გადმოცემით იცის… იქნებ იმავე გაგა ჩრდილელის გადმოცემით? ია ანთაძე არასოდეს იტყოდა, მიშა სააკაშვილი პროდასავლელი, დემოკრატი  და ლიბერალიაო… ის, რომ თავად დასავლეთი განიხილავს მას ასეთად, ესაა ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემა!

ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს არც მოლოდინი და არც სურვილი, რომ ის ყველამ მესიად აღიქვას და მისდამი კითხვები გაუქრეთ. მთავარია, რომ იასავით და ჩემსავით, ქვეყნის დიდმა უმრავლესობამ ის მიშასთან შედარებით გაცილებით უკეთესად აღიქვან და იმ ადამიანად – რომელიც სააკაშვილის ქვეყნისთვის დამღუპველ კრიმინალური ბანდის თარეშს ბოლოს მოუღებს.

20 e4 fxe4

ყველაზე რთული საკითხი, რამაც ზოგიერთი ადამიანის ძალზე ემოციური გამწარება და გაწიწმატება გამოიწვია:-მერაბიშვილისთვის, ადეიშვილისთვის და სხვა ნაკლები მასშტაბის მიშისტი კრიმინალებისთვის ნიჭიერი ორგანიზატორების წოდების მინიჭება და სათანამშრომლოდ ხელის გაწოდება.

ვაღიარებ, ჩემთვის ასეთი პოზიცია მიუღებელია!

იმასაც აქვე ვაღიარებ, დღეს, როცა მე ჩირგვში ვზივარ და ჩემი ვირტუალური მეგობრების იმაში დარწმუნებაც არ შემიძლია, რომ სულაც მერაბიშვილის აგენტი არ ვარ, და როცა მე არაფერს ვრისკავ,  - ასეთ სერიოზულ საკითხზე ადამიანს, რომელმაც ქვეყნის გადასარჩენად სერიოზულ რისკზე წასვლა გადაწყვიტა და ძალიან სერიოზულად სასწორზე შეაგდო თავისი და თავისი ოჯახის ბედი – მე არავითარი (!) მორალური უფლება არ მაქვს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემი აზრი თავზე მოვახვიო! ის მიდის ომში და მან უნდა გადაწყვიტოს, ამ ომში ვის და როგორ დაუპირისპირდება. ფასი – სამშობლოს გადარჩენა – ძალიან მაღალია და იქნებ ძალიან სერიოზულ დათმობებზე მოგვიწიოს წასვლა, იმისთვის, რომ სამშობლო გადარჩეს და არ დაიქცეს! ამიტომ, მართალი გითხრათ, ვერ ვამართლებ ლამის ისტერიკამდე მისულ ამ შეძახილებს და მუხრუჭებს…

21 Qxh5 Rxf2

გაგა ჩრდილელი მარტო არ იქნებოდა…

თუ იყო კიდეც, დარწმუნებული ვარ ”სანიმუშო ორგანიზატორი” ვანო დღეს ახალი ჩრდილელების მოძებნითაა დაკავებული და მიშა ამაში დაუფიქრებლად ჩადებს ხალხის ძარცვით შეძენილი ქონების ძალიან დიდ პროცენტს, რომ მომავალშიც ჰქონდეს ხალხის ძარცვის შეუზღუდავი უფლება…

22 Qg5 Raf8

როდესაც ვახსენე ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებზეც რეჟიმმა შეიძლება ირიბი შეტევები მიიტანოს ივანიშვილის პოზიციების შესასუსტებლად, ალბათ აქ არც ეკლესია და მისი წინამძღოლი უნდა გამოირიცხოს…

23 Kh1 R8f5

დავით ზურაბიშვილის სიტყვები, რომელთაც 100%ით ვიზიარებ:

”რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის პერსონის, მისი საქმიანობის თუ პირველი განცხადებების მიმართ. ერთი რამ ცხადზე უცხადესია – არსებულ სიტუაციაში მისი გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე არის ხელისუფლების დაბალანსებისა და შეცვლის პრაქტიკულად ერთადერთი შანსი.

გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს აქვს პატრიოტისა და ქველმოქმედის რეპუტაცია, პლუს დიდი ფინანსური რესურსი, მას თავისუფლად შეუძლია სააკაშვილის ხელისუფლების საპირწონე ძალის ჩამოყალიბება, რაც არის ცალსახად კარგი და არა უბრალოდ კარგი, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე.”

24 Qe3 Bd3

ალბათ, ახლა ჩემი ქვეყნის ე.წ. ”უშიშროების საბჭო”, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის მთავარ საშიშროებად ქცეულა, თავის სატრაპებს, ვირთხებს, აფთრებს და ტურებს რაზმავს და აგულიანებს, რომ ოღონდაც რეჟიმი გადაარჩინონ და მათ მისცემენ მეტ ფულს და მეტ წარჩინებას…

ჩვენი – და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ამოცანაა, შევაგნებინოთ ამ ხალხს, რომ ისინი რეჟიმის ტურები, ვირთხები, აფთრები და სატრაპები კი არ არიან, არამედ დაბადებით არიან ჩვენი ქვეყნის შვილები, საქართველოს შვილები, და რომ მათი რეალური ბედნიერება ხალხის გატყავებაში აღებული ფული და ჯილდო კი არაა, არამედ ის, რომ მათ შვილებსაც და შვილიშვილებსაც ამ მიწაზე ბედნიერად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ,

ხოლო ეს რეჟიმი ამ შანსის დაკვლას სწორედ მათი ხელით აპირებს.

About these ads

8 Comments on “ცუგცვანგის პირას”

  1. რა ვქნა, ისევ გეთანხმები!
    (ზოგიერთები სულ ჩამჩიჩინებენ, სოლომონის, როგორც ია ანთაძის ალტერ ეგოთი ხარ მონუსხულიო)

  2. Janri Kachia says:

    ჯერჯერობით ყოველვე სწორია და კარგად მიდის, თუმცა, ალბათ საქმემ უნდა ითამაშოს მთავარი როლი და არა განცხადებებმა. თუ უახლოე დღეებში მედიასივრცის (ტელედა რადიო!!) საკითხი არ გადაწყდა და არ დაიწყო მაუწყებლობა, მდაბიოთა ხრიკებს რა გამოლევს, თანაც ჩიხში შესულ და შერეკილ! ბევრი რამ იყო მოსალოდნელი მაგრამ გრძელ გზაზე, ეს კი ამოკლებს მანძილებს და მოითხოვს სრულ მობილიზებას.

  3. ბესო ხომერიკი says:

    სოლომონ მაგარი ხარ!

  4. თიკო says:

    ძირითადად გეთანხმებით. და რაც მთავარია, აქამდეც ვეჭვობდი და ახლა მგონი გონება გამეხსნა ვინც ხართ. სინამდვილეში პრინციპში ჩირგვში არ ზიხართ. ერთერთი მათგანი ხართ, ვისაც ამ ხელისუფლების მოსვლაში წვლილი მიუძღვის. ვინც დროშებს აფრიალებდით იქ, მაშინ.თუმცა, განა გსაყვედურობთ. ბევრნი იყავით. რატომღაც მაშინ ვერ იჩენდით დიდი განჭვრეტის და წინასწარმეტყველების ნიჭს. :) ცუდი რამე არ გეგონოთ. მე თქვენი მეგობარი ვარ. ოღონდ, მე ეგ ცოდვა არ მადევს … მიდით, გამოისყიდეთ. :)))

  5. jimi says:

    sagol

  6. burzugnela says:

    kargia simaprtlea, da bizinamac unda daachkaros xalxtan gamosvla da pirispir gamocndes sazogadoebastan, rom is survili da imedi rac agizra ershi ar chacxres da ar gaicelos mishas da misi damkashebis sasargeblod…ise ki zaan chkviani avtoris dacerili statiaa…maladec

  7. ბადრი წიქორაძე says:

    მხოლოდ ორ რამეში ვერ დაგეთანხმები ბატონო სოლომონ: ჟურნალისტები და მედიაგამოცემები ”კოლექტიური პატრიარქი” არ არიან, რომ მათი გაკრიტიკება არ შეიძლებოდეს. ია ანთაძე, ”კავკასია” და ”მაესტრო” ზუსტად იმას იმსახურებენ რაც მათზე ითქვა და ეს ყველაზე უკეთესად წერილის გამოქვეყნების შემდეგ მათმა ქმედებებმა დაადასტურეს.
    ასევე თქვენ არ გაგითვალისწინებიათ თუ რამდენად საიმედო მოკავშირეები შეიძლება აღმოჩნდნენ ”რესპები” და ”თავისუფალი დემოკრატები”

  8. Lu says:

    sul mainteresebda es Zuhgzwang ras nishnavs. jer ar camikitxavs da exla shevudgebi )))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 149 other followers