გამომზეურება


ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: ”საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის!”, რომელიც მან ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს უძღვნა, ყველას გვახსოვს.

 

შევარდნაძეს დაუფასდა და პოლიტბიუროს წევრობას გამოჰკრა ხელი ჩრდილოურ მზისქვეშეთში. მაგრამ  მერე,როცა მის შეძახილს – ”ნასტუპაეტ დიქტატურა!” – ყური არ უგდეს, სამშობლოს დაუბრუნდა იმისთვის, რომ ახალი ასტრონომიული ცვლილებები მოეხდინა პოლიტიკაში და ნელ-ნელა მზის ამოსვლის პუნქტი ჩრდილოეთიდან ჩრდილო-დასავლეთით – კოლუმბიის ფედერალურ ოლქში  გადაეტანა. 

და მაინც, გულმა უგრძნო, რომ იმ ერთხელ მიქარულისთვის მეორე არ უნდა დაემატებინა და ისე ჩაი-მწყურვალი წავიდა, ”საქართველოსთვის მზე ვაშინგტონიდან ამოდისო”, ხმამაღლა მაინც, არ უთქვამს…

 

მერე მოვიდნენ ახალგაზრდა რეფორმატორები… და ისეთი რიხით დაიწყეს ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სამოთხის შენება (თავისთვის, რასაკვირველია!), რომ მზის ამოსვლის ცენტრიდან გადმოხედეს და… დემოკრატიის მთავარი შუქურის სიგელი უბოძეს…

 

გაანათა, მარა, რა გაანათა ამ ქვეყანაში!!!

 

ხომ ყველაზე ძვირი ელექტროდენის ქვეყანა იყო, – მაინც – ყველაზე განათებულ და სინათლის ქალაქად იქცა…

[ან, პირიქით, რადგან ყველაზე განათებულად იქცა, ამიტომაც შუქურვარსკვლავებმა დენის ტარიფი დენით ტერორად აქციეს. დენის ეკონომიას ხომ ის აკეთებს, ვინც იხდის. ხოლო, ვისაც უხდიან და ამდიდრებენ, იმას რა ენაღვლება?! ”მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავსო?”, კოსტაია ჟორჟოლიანი რომ იძახოდა ”დაკარგულ სამოთხეში”, ისეა ზუსტად! რაც უფრო განათებულია თბილისი, მით უფრო ღატაკდება ხალხი და მით უფრო მდიდრდებიან ”რაო ეეს- თელასთან” წილში ჩამჯდარი ვითომდა ”ამერიკათუმეები”]

 

ადუღდა ცხოვრება, ავშენდით… სინათლეს ვხედავდით იქაც და უფრო მეტად სწორედ იქაც – სადაც სიბნელე იყო! იმედი გვქონდა, რომ ზეგ საღამოს სოჭს და საინგილოს  დავიბრუნებდით და ხვალ დილით – სოხუმს და როკის გვირაბს… ამას თავისთავად მოჰყვებოდა ლანგრები ზედ დაწყობილი ოშკით, ხახულით, ტრაბზონით და ნოვორასიისკით…

 

მაგრამ მერე რაღაც მოხდა…

რაღაც გაიბზარა გალაქტიკაში და მზემ ისეთი უცნაური მოძრაობები განახორციელა, ჯორდანო ბრუნო რომ გაცოცხლებულიყო, გაოცებული და შერცხვენილი თავად ისკუპებდა ჭიაკოკონაში.

 

ჯერ იყო და შუქურა დაიბზარა და იმერეთში რომ იტყვიან – ”ლამფოჩკამ პარპალი დეიწყო”… მგელზე ნადირობა აიკრძალა საქართველოში – გიგი თევზაძის თხოვნით და, სამაგიეროდ, კაცზე ულიცენზიო ნადირობის უვადო სეზონი გაიხსნა…

 

მერე იყო და დღისით მზისით ისეთი გაყალბება და უნამუსობა დაიწყო, ადრე ღამით თუ იკადრებდა ვინმე უჯიშო…

 

დაბოლოს, ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ საოცრად მოვიგეთ ომი!

ისე მწარედ მოვიგეთ, რომ მსოფლიოს მთელი პრეზიდენტობა შუქურას უთევდა ღამეს! ბიძინა კვერნაძის საოცრად ზუსტი მეტაფორა – ”ამაღამ ვინ გვითევს?” იყო ქართველების  ამ ”ძლევაი სატირალის” ზუსტი ალეგორია.

ჩვენ კი ვიდექით და გვიხაროდა, რომ სხვებისგან განსხვავებით, მოგებას ვხედავდით იქ, სადაც საჩვენო ნაცრისფერი კატაც კი არ ჭაჭანებდა…

 

ჰოდა, სწორედ ამის შემდეგ დაფიქსირდა მზის ანომალიები…

 

ჯერ იყო და მზე სამხრეთიდან – აზერბაიჯანიდან ამოვიდა. ხოლო მერე, საერთოდ, ეტყობა, Frequent Flyer-ზე მილები დააგროვა ბლომად და და ერთ კვირას რომ სტამბოლიდან ამოდიოდა,მეორე კვირას – თეირანიდან…

 

ჩრდილოეთის და დასავლეთის მზეობების მერე ძლივს მიეჩვია ქართველი ხალხი ასეთ სამხრეთულ განთიადებს და მარტო ის გვაწუხებდა, ნეტა ნატო რავაა უჩვენოდო და…

 

უცებ, ადგა მზე და ისევ აღმოსავლეთით გადასახლდა…

 

ოღონდ ”ვისოლის” გაძვირებული ავიაბენზინი იაპონიამდე არ ეყო, ეტყობა, და – სინგაპურიდან დაიწყო ამოსვლა…

ამას მოჰყვა საქართველოს პოლიტიკაში დიდ თურქობაზე უფრო ძლევამოსილი ”დიდი სინგაპურობა!”

– სად არის ყველაზე კარგი ცხოვრება? – სინგაპურში! ყველაზე თავისუფალი ბიზნესი? – სინგაპურში! ყველაზე მაგარი სოფლის მეურნეობა? – სინგაპურში! ყველაზე მდგრადი პარტია? – სინგაპურში! ყველაზე დიდი კუანი? – სინგაპურში! სად გრძნობს შუქურა თავს ყველაზე კარგად? – ნუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სინგაპურში!!!

 

ჯერ მონელებული არ გვქონდა ის ფაქტი, რომ ევროპელები საქართველოდან იყვნენ თურმე წასულები და აღმოჩნდა, რომ ჩვენ თავად სინგაპურში ვიყავით წასასვლელები… ან, ჩვენ თუ არ წავალთ სინგაპურში, სინგაპური, როგორც ბედნიერების ნავსაყუდელი, თავად მოვა ჩვენთან – და დარჩება, როგორც სამუდამო გამიშება/გაკუანებით მზიური გაბრწყინების ნაცური ოცნების რეალიზაცია.

 

მაგრამ მზიური ანომალიები ამით არ დამთავრებულა. მეტიც! ყოველ სისხამ დილით, როდესაც ამინდი.გე-ს მიაწყდებით, აწი ის კი არ უნდა გაინტერესებდეთ, რამდენი გრადუსი იქნება დღეს, როგორც ის, – მზე საიდან ამოდის!

ეს ვექტორი ყოველდღე იცვლება! გუშინ რომ ირანიდან ამოდიოდა, დღეს ერდოღანმა გამოგვიგზავნა, ხვალ ალბათ ისევ სინგაპურული მზე დააცხუნებს, ხოლო ზეგ სულაც ჩილე ან პერუ იქნება პროგრამაში. ყველაზე საინტერესო ის ვარიანტებია, როცა ორი მზე ერთდროულად ამოდის – ევროკავშირული და სინგაპურული! ან – ამერიკული და ირანული!!! ხომ მაგარია?! გაორებული ობამურ-აჰმადინეჯადური მზე! ასევე გასაოცარია სომხურ-აზერბაიჯანული მზის მცხუნვარება – ვინ ვის აჯობებს საქართველოს გაცისკროვნებაში! უფრო სწორად, საქართველოს სწორუპოვარ ხელისუფლებას ვისი სული(ფული!) უფრო სურს და რამდენად ჩქარა იცვლება აზერბაიჯანული მზე სომხურით!

სულ იმის მოლოდინი მაქვს, როდის ამოვა საქართველოს ცაზე ყველაზე უფრო რეალური (საქართველოს მთავრობისთვის) ბელორუსიული მზე და მერე რამდენი ხანი დაჭირდება იმის გარკვევას, რომ ეს მზე სინამდვილეში რუსულია! ანუ, როდის დაამთავრებს მიხეილ სააკაშვილი 8 წლის წინ დაწყებული ჯადოსნური ჩაის სმას და მიხვდება, რომ წრე შეიკრა და მისი მზე ისევ იქედან ამოდის, საიდანაც მისი მოდელი ამოვიდა (ბიძამისის ხელით მორთმეული, ”მეჟდუ პროჩიმ”!)!

 

რაც მთავარია, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მზეთამზეობა საქართველოს ბედნიერების გარანტიაა!

 

დაიღალა ხალხი, ბატონებო! დაიღალა!

 

როგორ უნდა დაჯდეთ ისე, რომ ცალი საჯდომი ბრიუსელში გედოთ და ცალი – ინდოეთის ოკეანეში სველდებოდეს?  სად კუანობა და სად რობერტ შუმანობა? თუ ეს შუმანობა კი არა, მარტივი შამანობაა?

 

აგერ ახლა, სარკოზი ჩამოდის!

 

გასაგებია, რომ სარკოზი ისტორიული ფიგურაა და ის რომ არა, შეიძლება ჩვენი მზე ისეთი დაჩრდილული ყოფილიყო, რომ თვალი აგვერიდებინა – რა იცი, რა ოხრობა იქნებოდა ხეზე დაკიდებული…

ამიტომ სარკოზი საფრანგეთშია სარკოზი, თორემ ჩვენთვის სწორედაც რომ სარკო-მზეა!

 

ამიტომაც სამზადისი განსაკუთრებულია: თბილისში ხარაჩოები აღმართეს, თბილისის საკრებულო თავიდან გადალესეს და გადაღებეს. წმინდა გიორგი მოაპარკეტეს (ლაქს იმედია, არ წაუსვებენ), სცენა დადგეს, როგორც მითხრეს სცენასთან ახლოს ლუქს-ბიოტუალეტიც იქნება. მთელი ეს ტრიბუნა ისეთი სპეცორგმინით გადაიხურება, რომ ნებისმიერი არუთინოვის ნატყორცნ ლიმონკას კი არა, შვარცნეგერის ბაზუკას გაუძლებს. ალბათ, სარკოზის წინ ინდივიდუალური მინიტელევიზორი დამონტაჟდება, საიდანაც სარკო-მზე სამშობიაროდ გამზადებულ კარლა ბრუნის მიესიყვარულება და კარლაც უკეთ იმშობიარებს, თავისი რაინდის საყოველთაო დიდების შემყურე! მე მაგალითად, იმის მომხრეც ვარ, რომ მშობიარობა დიდ ეკრანზე ვაჩვენოთ, რათა ეს დიდი ეკრანი მთელი მსოფლიოს სააგენტოებმა პირდაპირ ეთერში აჩვენონ! ხუმრობაა? თბილისში თავისუფლების მოედანზე თავისუფლების სულის და ქანდაკების სამშობლოს პირველი პრინცი იბადება! ესეც ახალი მზის ამოსვლა იქნება ჩვენი შუქურისტანისთვის და მიშა და სანდრა მონათლავენ ბავშვს! სახელად ალბათ ნიკოლოზს დაარქმევენ! ხოლო გოგო თუ იქნება – ვერას!

 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ სარკოზობის დღე-სასწაულს ჩვენმა ხელისუფლებამ და მისმა  ტანადმა თბილისობის დღესასწაულის გადმოტანა ”დაამთხვია”! თბილისობა ყოველთვის ოქტომბრის ბოლო კვირას იყო, მაგრამ ახლა გაახსენდათ ჩვენს ასტრონომ-მეტროლოგებს, რომ ოქტომბრის 7-ში ტემპერატურა უკეთესია და გადმოიტანეს! ეტყობა, კოკომ დაიკაკანა ჟენევიდან – მეტროლოგიის ფარშევანგმა!

თუმცა უფრო მარტივი ახსნა ისაა, რომ, ბუშობისგან განსხვავებით, სარკოზობას ნაკლებად მიეტანებოდა ხალხი! და ვაითუ სარკო-მზეობას აუდიტორია დაკლებოდა! ახლა კი, თბილისობა დილით მწვადის სუნით და ჩურჩხელებით გამოიტყუებენ სახლებიდან დედაბუდიანად და… ჰოპ!.. ისე გადაკეტავენ ქუჩებს, როგორც მორეკილ ნადირს მარეკები და სხვა რა გზა ექნება 20-ლარიან ხორცს მონატრებულ და წმინდა გიორგის სცენასთან მირეკილ ქართველობას, თუ არა ტაში უკრას იმას, ვინც ჩვენი მთავრობა ჩამოშლას გადაარჩინა და ჩვენი ”მადლი” საუკუნოდ (თფუი, ეშმაკს!) მოისხა!

 

ჰაი, დედასა!..

ოღონდ პაწა პეწი დაგვიბრუნოს და ორიოდ წუთით მსოფლიო ეკრანებზე გაგვაელვოს და, თბილისობას კი არა, შობა-ახალ წელს არ გადმოიტანდნენ 7 ოქტომბერს, როო!!

 =========== 

ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა  და ედუარდმა ლიფტიანი ტუალეტი გაუხერხა ტრიბუნის ქვეშ, მაშინ ვინმე იფიქრებდა, რომ ამ მსოფლიო რეკორდს ასე მალე მოხსნიდნენ?

 

წინ მიდის ცხოვრება!

 Here come the Suns!

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s