ახალი ყარაჩოხელები


ყარაჩოხელები ძველი თბილისის ჰამქრის სული და გული იყვნენ…
– წვრილი ხელოსნები, ოსტატები, რაინდული სულის ხალხი და თანაც უბნის ყოჩები და მუშტი-კრივში  გამორჩეული ხალხი. განსხვავებით კინტოსაგან, – ვაჭრობაზე თავშეკავებულნი და ჩხუბისგან  თავის არ შემკავებელნი.

„აბა, ერთი მუშტი-კრივში მნახე, ვინა ვააარ!..“

გიჟუას, ხარჩოს და სხვა გამოჩენილ ისტორიულად ცნობილ  ყარაჩოხელთა შესახებ ნაკლებად ვარ გათვითცნობიერებული.

ყველას გვახსოვს „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“-ში აკაკი  ხორავას მიერ შექმნილი გიჟუას ბრწყინვალე როლი, რომელმაც შემდეგ მულტფილმ „წუნა და  წრუწუნაში“  უკვე ფიცხელად „გადაინაცვლა“. ყარაჩოხელები,  იშვიათად მაგრამ, ქალებიც ყოფილან თურმე – ქამრიანი სონას შესახებ ბევრი ცნობაა შემონახული…

მაგრამ, ალბათ, ყველას გვსმენია უხერხული გამოთქმაც  – „უტრაკო ყარაჩოხელი“ :))

ეს იმ ადამიანის მეტაფორული ხატება იყო, სიტყვით და  დაქადნებით ძაანაც რომ ცდილობდა რაინდობას, მაგრამ გარკვეული ელემენტარული ნაკლის გამო  საქმე საქმეზედ რომ მიდგებოდა, უკანმოუხედავად გარბოდა, რათა შემდეგ ისევ ქადილით და ბაქიბუქობით ეჯერებინა გული. არა მგონია, ეს ფსიქოლოგიური ტიპაჟი თეძოების სივიწროვით/სითხელით ყოფილიყოს გამორჩეული, მაგრამ ქართულ იდიომატიკას ასეთი  ხატოვანი გამოთქმა კი შემორჩა…

ქართულ პოლიტიკაში ამ ბოლო დროს ყარაჩოხელების დიდი სიმრავლეა. მაგრამ ყარაჩოხელების განსაკუთრებით საინტერესო ახალი ტიპაჟი და გამოკვეთილი შტო ნამდვილად ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის, ხოლო მათი უდავო ლიდერი – ღირსი აკაკი ბობოხიძეა! რისი ღირსია ბობოხიძე, ეს უკვეც ცნობილია და მომავალი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამოაჩენს…

განსხვავებით ზემოთდასახელებული ფენომენისაგან, ვერავინ იტყვის, რომ დიდი სარდალი აკაკი ბობოხიძე (არ დაგავიწყდეთ, რაღაც დროით იგი საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი გახლდათ და შეიძლება რომელიმე ენციკლოპედიაში მისი არწივისებური პროფილი მარკიზ ლაფაიეტის, ნაპოლეონ ბონაპარტის ან დუაიტ ეიზენჰაუერის ფოტოების გვერდითაც ვიხილოთ!!) – როდესმე ჩხუბს გაქცევია!

პირიქით, ბატონებო!

აკაკი ბობოხიძე არის [პირდაპირ ეთერში ტრანსლირებული] მრავალრიცხვოვანი ჩხუბების და მუშტი-კრივების უზადო დამდგმელი და განმახორციელებელი!
ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ განსხვავებით ზემოთხსენებულ იმ ვაი-ყარაჩოხელებისაგან, რომლებიც ჩხუბის დაწყებისას „პლეტს იზავდნენ“
ხოლმე, ამ – კაკოია ბობოხიძის – ტიპაჟს ვუწოდო (საპირისპირობის კანონიდან გამომდინარე) ”ტრაკიანი”, ან უფრო უკეთ – „სქელტრაკა ყარაჩოხელები“.

სქელტრაკა ყარაჩოხელის მახასიათებლები:

  1. თავდასხმის წინასწარ დაგეგმვა და განხორციელება (ძირითადად პარლამენტში, ტელევიზიაში ან ისეთ ადგილზე, სადაც მრავალი დამსწრე და მომსწრე იქნება – ეფექტის მაქსიმალური ტირაჟირების მიზნით
  2. მოწინააღმდეგედ შედარებით სუსტი, ინტელიგენტური ტიპის პოლიტიკოსის ან ჟურნალისტის არჩევა, ხოლო უფრო სერიოზული
    მოწინააღმდეგის არსებობის შემთხვევაში (რიცხობრივი ან იარაღით – კასტეტით, მაგ.) უპირატესობის უზრუნველყოფა
  3. თავდასხმამდე დამატებითი ძალოვანი სტრუქტურების (პატრული, სპეცნაზი, დაცვის პოლიცია, ზონდერბრიგადის წევრები)
    გაფრთხილება და ახლო-მახლოს განთავსება (რა იცი, რა ხდება, ინტელიგენტი კია, მარა, ვაი-და – ხელი შემოგიბრუნა!)
  4. მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი თავდასხმა!
  5. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ გადაფურთხება და აწონილად თქმა (დაგდება): „როდესაც უსინდისოდ იქცევი, უნდა იცოდე, რომ კბილებში მიიღებ!“
  6. ეპიზოდის შემდეგ მიღებული ჯილდოს, პრემიის ან დაწინაურების შეფერება და მკერდის ისე გამოწევა, რომ თავად გიჟუას არ დაესიზმრებოდა…
  7. მუდმივად შეხსენება საზოგადოებისათვის, რომ „…წავიდა ის დრო, როცა ვიღაც-ვიღაცეებს შეიძლება პასუხი არ ეგოთ მათ უგვან გამონათქვამებსა და ქცევებზე…“

ალბათ, ყველას გაგახსენდათ ნაციონალური მოძრაობის და „იმედის“ ის „გმირები“, რომლებმაც ბოლო წლებში სქელტრაკა ყარაჩოხელობის შთამბეჭდავი ნიმუშებით დაგვამახსოვრეს თავი:

გიორგი არველაძე (კასტეტა),

ვახტანგ ბალავაძე,

დავით კირკიტაძე,

ძმები ახალაიები,

ზურაბ მელიქიშვილი,

კაკო ბობოხიძე!..

და, რა თქმა უნდა, სქელტრაკა ყარაჩოხელობის მამა  და მარჩენალი, საუკეთესო დამდგმელი და განმახორციელებელი, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავის დადგმებში საკუთარი სატანკო დანაყოფებიც და უცხო ჯარის ქვეითებიც კი ჩართო, ხოლო შინაურ პოლიტიკოსებს ხან „გამჩმახებლები“ ეძახა, ხოლო ხან – „ვაი, თქვენს პატრონს!“

თანაც ბატონი პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის სრული დაცვით დედაკაცებსაც ისევე გიჟუასავით უთაქებს ხოლმე, როგორც მამაკაცებს, და  თავისი ჭეშმარიტი პარიტეტულობით ამტკიცებს, რომ „კუნთი ლომისა სწორია, ძუს მოხვდეს, გინდა ხვადსაო!“

ახლა, რომ დავფიქრდი, გადავწყვიტე, რომ ეს გამოთქმა – „სქელტრაკა ყარაჩოხელები“, მოუხედავად იმისა, რომ ქართულ ისტორიულ-სოციალურ სლენგს  ეყრდნობა, რაღაც ორაზროვან-ანატომიურია და აჯობებს „სქელკუნთა
ყარაჩოხელით“ შევცვალო… მაგრამ თავიდან რომ ის არ მეთქვა, რაც ვთქვი, ხომ გაუგებარი იქნებოდა, ბატონებო და ქალბატონებო?

და საერთოდ, ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი სულ უფრო მეტად
ადგას გამოსლენგების გზას, ჩვენ ვითომ, „ისტორიულ-ზრდილობიანი ცრურწმენების“ გამო უნდა ჩამოვრჩეთ ამ ნეონაცურ ტრადიციას?! როგორც ვასიკო ოდიშვილი იტყოდა, „ოღონდ, ქვეყანა აღორძინდეს და, – სლენგზე უკანდამხევის … !“

=================================

მაგრამ ერთი კია: რომ არა მათ უკან მდგომი ახალი ცენტურიონები და ზონდერბრიგადები, ვითომ რაიმე სერიოზული სხვაობა იარსებებდა უტრაკო და სქელტრაკა ყარაჩოხელებს შორის?

ხომ აშკარაა, რომ ერთი ერთზე ისინი არამცთუ ლუკა კურტანიძესთან და სოსო ჯაჭვლიანთან, არამედ იმავე პეტრე მამრაძესთანაც ვერ გაბედავენ ჩხუბს, ზურგიდან (კუნთის მხრიდან) ზონდერ-მანქურთების მხარდაჭერის გარანტია რომ არ ჰქონდეთ!

ხომ აშკარაა, რომ მათი „ვაჟკაცობა“ და იმის მტკიცება, რომ „მტერს არ უნდა დაუწვე და ხელი არ უნდა აულოკო“ მათი „შინაგანი მე“-საგან ძალიან შორსაა!

ხომ გასაგებია, რომ როგორც უკვე ითქვა, თუ კაკოია ბობოხიძე მართლა ასეთ „აფექტში“ ვარდება იმის ხსენებაზე, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, მაშინ მას ტალიავინის კომისიის წევრებზე უნდა გამოეცადა თავისი კუნთური ძალა!

და ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოში ქურდული, ქუჩური გარჩევების დამთავრების, და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად მოვიდა?!!!

——————-

–    კუნთი არ გაგეფსკვნას, კაკო, კუნთი!..


3 Comments on “ახალი ყარაჩოხელები”

  1. mere vitom rao ! says:

    mouxdeba im idiots !

  2. მგონი ყარაჩოღელია და არა ყარაჩოხელი

  3. ყარაჩოღელს ან ყარაჩოხელს რა მნიშვნელობა აქვს ეგ ისე დაწერა ბატონმა ავტორმა თორემ სინამდვილეში ხომ ყველა სულ ოდნავ მოაზროვნე და არანაცთგამპრავებელი(ობიექტური) ადამიანი დამეთანხმება უცენზურო სიტყვისთვის წინასწარ ბოდიშს გიხდით და ეს ბობოხიძეების ნაირები სულ ერთიანად ჭუჭუჩოღლები არიან!!!

    პატივისცემით


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s