“…არის ასეთი ქვეყანა! მას საქართველო ჰქვია!”


მოზეიმე, ოპტიმისტურად შემართული, გაჩახჩახებული, მოცეკვავე, მომღერალი, მტრისთვის თვალებში ნაცრის შემყრელი…
 
მართალია, ახლა ამ ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკით 1 მილიონი სიღარიბის გამო დახმარებას საჭიროებს, არაოფიციალური სტატისტიკით 1,5 მილიონი ქვეყნიდან გაჭირვების გამო გადახვეწილია, სამშობლოში დარჩენილთა ნახევარზე მეტს არ  აქვს ისეთი სამუშაო, რომელიც მის ოჯახს სიღარიბის ზღვარს ოდნავ მაინც ააცილებდა, მაგრამ მაინც – თუ მთავრობის ლაქია ტელევიზიების ომახიან განცხადებებს დავუჯერებთ, მთელი პლანეტის წინ ვართ, ეკონომიკა ზრდის ტემპით ჩინეთს უსწრებს, ჩვენი მინისტრი ყველაზე მდგრადია და ჩვენი პენსიონერების ყოფას ინგლისელები შენატრიან.
 
დავკარგეთ ტერიტორიები, დევნილები შეაგუეს იმ აზრს, რომ მათი ბედნიერების პიკი ვარდისფერი წეროვანია – დასაქმების, სასოფლო-საკარმიდამო ნაკვეთების და პერსპექტივის გარეშე… ხოლო ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა, თავიდან აქციეს დევნილებად, აყარეს დედაბუდიანად, პოლიციის ძალით, ჩაყარეს ავეჯის ფურგონებში, გადაასახლეს იქ, საიდანაც წეროვანი მართლაც სამოთხედ ჩანს… მინისტრმა სუბელიანმა, რომელიც სპეციალურად რუსთაველზე აბსოლუტურად ცარიელი საფულით დადის, ომახიანად განაცხადა – დამთავრდა თბილისის სასტუმროებსა და სახელმწიფო შენობებში ლტოლვილების დუხჭირი და დამამცირებელი ეპოპეა და დაიწყო მათი ბედნიერება და ნეტარება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზეო! და სად – ფოცხოეწერში, საიდანაც  ხალხი ადრე აიყარა და წამოვიდა და რომელსაც სრულ იდილიამდე მხოლოდ ცნობილი წარწერა აკლია – “Arbeit macht frei!” ალბათ იმიტომ, რომ იქ სამუშაოც არ არის, საკონცენტრაციო ბანაკებისაგან განსხვავებით…
შედეგი? – მთავრობის ლაქია ნაცოვიზიებში გამოდიან ლტოლვილები და ამბობენ – მადლობა მიშას, მადლობა კობას – ჩვენზე ზრუნვისთვის! მადლობა ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლისათვის!

 
სადაც გაიხედავ, უმუშევრობა ყოველდღე იზრდება! ყოველთვიურად ათასობით ადამიანი ჰკარგავს სამუშაოს! ათეულ ათასობით ადამიანი ქონებას აგირავებს, ბანკის ვალებიდან ვერ ამოდის და ყველაფერს გროშებად ყიდის და მერე საზღვარგარეთ გარბის!
შედეგი? – რაღაც ფუტურისტული ინდექსები, რომლებიც ”ამტკიცებენ”, რომ ქართული ეკონომიკა პირველ ადგილებზეა – ბიზნესის დაწყების სიიოლის მხრივ! ბიზნესის დაქცევის და გაპარტახების სიიოლის ქართულ ფენომენზე კრინტს არ ძრავენ სამთავრობო ურნალისტები…
 
ყოველ კვირას ათობით ბიზნესს – უკვე საშუალოსა და წვრილსაც – ატერორებენ! ნებისმიერი მოგონილი და შეთითხნილი მიზეზით აიძულებენ დათმონ წილები, ჩადებული ნარკოტიკების და იარაღის გამო გადაიხადონ უზარმაზარი თანხები, რაც მათ ბიზნესს აქცევს და გუშინდელ სამუშაოს მიმცემს აკოტრებს და მთელ მის თანამშრომელთა ჯგუფს უმუშევრად ტოვებს. საპროცესო შეთანხმებები! – აი, საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების ჩემპიონი!
შედეგი? ერთდროს სახელოვანი გამომძიებელი ჟურნალისტი გოგიჩაიშვილი უსუსური გადაცემებით გვიყვება, როგორ გაიზარდა შოკოლადის წარმოება და რა სერიოზული შანსი აქვს ქართული ლოკოკინების ბიზნესს მსოფლიოში…
 
დაიქცა ჯანდაცვა! გააპარტახეს და კაპიკებად გაჰყიდეს საავადმყოფოები, უმუშევრად დატოვეს და გამოყარეს ექიმები. ავადმყოფებს დაურიგეს 5-ლარიანი სადაზღვევო პოლისები, რაც ფიქცია იყო! გამოაცხადეს 100 საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ქაღალდზევე დარჩა! 100 საავადმყოფოდან ააშენეს ერთნახევარი! მერე გადასცეს საავადმყოფოები სადაზღვევო და ფარმაცევტულ კომპანიებს და ამაყად ხსნიან და ჭრიან ლენტებს იმ საავადმყოფოებში, სადაც ისეთი ფასებია, რომ საქართველოს მოსახლეობის 2/3-ს შანსი არ აქვს, იმკურნალოს!
შედეგი?  მთავრობის ლაქია ნაცოვიზიებში გამოჰყავთ ავამდყოფები, რომლებიც ამბობენ – მადლობა მიშას, რომ ასეთი გადასარევი საავადმყოფო აგვიშენა! ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ!
 
ომი რომ წავაგეთ – მოვიგეთო თქვეს!
პრეზიდენტმა ჰალსტუხი რომ ღეჭა, ასეა საჭირო – ჰალსტუხის ღეჭვა დემოკრატობის და რეფორმატორობის ნიშანიაო და საჭმელი ჰალსტუხები გამოუშვეს…
ომი რომ წავაგეთ, პრეზიდენტმა მილიარდიანი სასახლე აიშენა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”წაგებული ომის და დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე პრეზიდენტმა მილიარდიანი სასახლე აიშენა!”
ხორცი რომ 8-დან 18 ლარი გახდა, პრეზიდენტმა 100 მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება, ვთქვათ – ”ხორცის და სხვა პროდუქტების გაძვირების ხარჯზე პრეზიდენტმა 100 მილიონიანი თვითმფრინავი იყიდა!”
 
ლტოლვილებს რომ ასახლებდნენ, იმ პერიოდში ამაყად გვაჩვენებდნენ სამაგალითოდ მოსაწონებელ 20-მილიონიან ბლოკბასტერს  წაგებულ-მოგებულ ომაზე და ძვირფას-გასახლებულ ლტოლვილებზე. ამ პერიოდში გვეღირსა შერონ სტოუნის, რენე ჰარლინის, ენდი გარსიას, ენრიკე ეგლესიასის და სხვა სასიქადულო პირთა გამონათებები, რომლებსაც მთავრობის ლაქია ნაცოვიზიები ისე გვიჩვენებდნენ, როგორც სალბუნს ლტოლვილთა სულების მოუშუშებელ ჭრილობებზე.
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”ლტოლვილების გასახლების ხარჯზე მთავრობამ ლტოლვილების ბედზე აცრემლებული ვარსკვლავები აგულავა და იგულავა!”
ნაცოვიზიების თანახმად აშენდა ბედნიერების ოაზისი, რომელსაც შურით შეჰყურებენ ნიცა და დუბაი – 7-ვარსკვლავიანი ტურისტული მექა, მეგაპოლისად ქცეული მიკროსოფელი ანაკლია, რომელსაც არაფერი არაკლია! მაგრამ იქნებ სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ საცხოვრებელი ადგილებიდან ლტოლვილების მასიურად გამოსახლების და ამ ობიექტების გაყიდვის ხარჯზე მთავრობამ ააშენა ტურისტული მეგაპოლისი ანაკლია, რომელსაც სწორედ იმიტომაც არაფერი არ აკლია, რომ ლტოლვილებს ყველაფერი მოაკლეს!
 
საჯარო საბავშვო ბაღებში რომ გადასახადი დაწესდა, მთელმა მთავრობამ, პარლამენტმა და ზონდერებმა ლიტვაში 2 კვირა იგულავეს – ვითომდა კალათბურთის სიყვარულის მომიზეზებით… ბევრ ქალბატონს თვალწარმტაც მკერდზე გულწამტაცი პრეზიდენტის სურათი ჰქონდათ დაბეჭდილი, აბა სანიკიძის და ბოისას სურათებს ხომ არ დაიხატავდნენ (მით უფრო, რომ ერთი სწორედ ბოისას მეუღლე იყო, თურმე)!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღების წყალობით საქართველოს პრეზიდენტმოყვარულმა ელიტამ ლიტვაში ორკვირიანი ვოიაჟი ჩაატარა დასასვენებლად და კალათბურთელების მხარდასაჭერად!”
 
როდესაც თბილისში ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდა, მთავრობამ თავისი პირობა სკლეროზიანი მოხუცივით დაივიწყა და მგზავრობაც გაძვირდა!
ან, იქნებ, უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ”მგზავრობის გაძვირების ხარჯზე (როგორც ახალ, ასევე ძველ მიკროავტობუსებში!) მთავრობის მეგობრების მიერ თათარიახლის მზადების გვერდით თათარიახლად დარეგისტრირებულ 100-ლარიან კომპანიებს ახალი მიკროავტობუსების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ!”
 
ქვეყანაში, სადაც თავს დებენ დემოკრატიის პრინციპების ერთგულებაზე, პოლიცია გაფიცულ მუშებს ძალის გამოყენებით შლის, აკავებს და აიძულებს, რომ იმუშაონ! საქართველოს პოლიცია დგას ინდუსი მეწარმის ინტერესების სადარაჯოზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებს! იმიტომ, რომ ეს ინდუსი მეწარმე მერაბიშვილის და სააკაშვილის დაქირავებულია! მან უნდა გაამაგროს მითი საქართველოს ინვესტიციური კლიმატის ფანტასტიურობაზე! მან უნდა დაუბრუნოს ”ატკატები” საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მას გროშებად გადასცა საწარმო და ასე თავგამოდებით იცავს მის უკანონო წარმოებას მუშების კანონიერი მოთხოვნებისაგან!
 
ხოლო ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩვენ შვეიცარიაზე წინ ვართ! გვაქვს საუკეთესო თოვლი და ყველაზე მდგრადი ეკონომიკა! რომ ანაკლია მტრის ჯინაზე ნიცას და მონტე-კარლოს აჯობებს (ალბათ უფრო მშიერი ლტოლვილების ჯინაზე) და ანაკლიის ხიდი სოხუმამდე მივა! რომ ბიჭები გაუშვა (ლუარსაბ თათქარიძესავით) და მათ უყიდეს მისი დანაზოგიდან (რომელიც დეკლარირებული არ იყო) 30,000 ლარად ვენახი. რომ საქართველოს მოსახლეობაში მუსულმანი ქართველი მეტია,ვიდრე ქრისტიანი ქართველი… რომ მარტო დაფრინავს თვითმფრინავით (თუმცა ფრენა არ უსწავლია და მოწმობა არ აქვს) და ყველა აეროპორტს თავად გახსნის, რომ ზანგები არ ვართ და ვერ იგებს, მაშინ რატომ ვიქცევით ველურებივით… რომ ბავშვობიდან ოცნებობდა ლეგოს კუბიკებით დიდი სახლების აშენებაზე და როგორც იქნა აისრულა ოცნება… რომ მის მინისტრ ქალბატონს წვეტიანი კბილები აქვს და მაგარი კბენა იცის (თუმცა არ აზუსტებს, დრ. დოტზე უფრო მაგარი კბენა თუ არა), რომ მოვიდა დრო ციხეების მინისტრი გაათხოვოს (არაა გასაკვირი, ბევრი ჰყავს გათხოვებული და ხანუმობაში ხელი გაიწაფა), რომ ჯარისკაცი უფრო მაგარია, ვიდრე ბალერინა და ყელმოღერებული პოლიტიკოსი… რომ მისი უკვდავი პარტია 50 წელი იქნება მმართველი, რომ  არაფერი არაა იმაზე საზიზღარი, რომ მტრის წინაშე ხოხავდე და ხელს ულოკავდე… რომ მისთვის სკამი და თანამდებობა არაფერია!..
 
და ეს ხდება ქვეყანაში, რომლის ხალხის გაჭირვება და დაბეჩავება მისი მთავრობის გალაღების და გაქსუების პარალელურად კატასტროფული ტემპებით იზრდება…
 
არის ასეთი ქვეყანა – პარადოქსების ქვეყანა, რომლის მედია და  სტატისტიკა მხოლოდ პენსიის ზრდას ამჩნევს 14-დან 100 ლარამდე, ხოლო ხორცის ფასის ზრდას 4-დან 18 ლარამდე – ვერა! დენის გადასახადის ზრდას 4-დან 22 თეთრამდე – ვერა! ბენზინის ფასის ზრდას 0.8 ლარიდან 2.2 ლ-მდე – ვერა! და რაც მთავარია, ვერ ამჩნევს, რომ მინისტრების და პარლამენტარების  ხელფასები საშუალო პენსიონერის ხელფასზე 50-200-ჯერ მეტია… ვერა, ვერა და ვერა! უუუმ-დ’გრადესსს…
 
ქვეყანა დაქცევისკენ მიდის…
და რაც უფრო ახლოს არის კოლაფსი, მით უფრო მედგრად შორდება სამთავრობო პროპაგანდა – რეალობას…

მით უფრო უბერავს და უბერავს ჩვენი შებერილი პრეზიდენტი… მისი მოდელირებულ-ჰიპერბოლიზირებული ზღაპრების მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა… თუმცა ბარონი მიუნჰაუზენი ერთი კეთილი ფანტაზიორი იყო, რომელიც თავის ფანტაზიებს საკუთარი თავის და ნაცნობთა გასართობად იყენებდა და არა – მთელი მსოფლიოს გასაცურებლად და საკუთარი ხალხის დასამონებლად!

 
რაც უფრო მეტი გაჭირვებული და უსახსრო გვყავს, რაც უფრო მეტი უმუშევარი და მიუსაფარი ბავშვი, რაც მეტი ავადმყოფი კვდება ისე, რომ საავადმყოფოში წასვლის შანსი არ გააჩნია, – მით უფრო ხმამაღლა იცინის ქვეყნის მოზეიმე და მოპარპაშე მთავრობა!
სურს, რომ თავისი სიცილ-ხარხარით გაჭირვებულთა ოხვრა და კვნეს გადაფაროს…
 
ეს მხოლოდ ჭკუასუსტობის და უზნეობის სიცილია…
ჩვენ გვყავს უზნეო და ჭკუასუსტი მთავრობა, რომელმაც ქვეყანა სანახევროდ უკვე დააქცია და ახლა ერთადერთ გამოსავლად მის სრულ დაქცევას, დაქუცმაცებას და ნაწილ-ნაწილ გაყიდვას მიიჩნევს!

 

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s