უარყოფის უარყოფის კანონის ინტერპრეტაცია ქართულ პოლიტიკურ გან[გამო]ვითარებაში (გამოხმაურება ია ანთაძის ბლოგზე “ავთანდილის ანდერძი”)


 

გამოხმაურება ია ანთაძის ბლოგზე ”ავთანდილის ანდერძი” (www.radiotavisupleba.ge/content/blog/24318964.html)

————————-

სალამი იანეთს!

 

სალამი ია! და დიდი მადლობა ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ!

 

ბლოგი ძალიან მომეწონა! გამახსენდა მეორე გამორჩეული ბლოგი – ”ზღვისრეთის მბრძენებელი”.

 

გამოგიტყდებით, ვერასოდეს წარმოვიდგენ ხოლმე ”ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფიურ-რომანტიული ქარგიდან როგორ შეიძლება ასეთი ცოცხალი ძაფების გავლება დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებთან და მოხბილული ვკითხულობ თქვენი და ვასილ მაღლაფერიძის რუსთველის გმირების ცხოვრებასთან პარალელებით დატვირთულ აქტუალურ სტატიებს ქართულ პოლიტიკაზე…

 

მე პირადად,მგონია, რომ ”მამების მკვლელობა” ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში (განსხვავებით მე-19 საუკუნის ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ქარტეხილებისაგან) საკმაოდ რიტუალური და ფორმალურია.

 

ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც მამის გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა იწყება, ხდება იმის დიფერენცირება, რა იქნება დემონსტრირებულად გადაგდებული სანაგვეზე და რა იქნება შენარჩუნებული.

უბედურება იმაშია, რომ უმეტესწილად  ნეგატიური ტიპის ბიუროკრატიული  პრინციპების შენარჩუნება ხდება.

 

მართალია, ზვიად გამსახურდიამ უარყო შევარდნაძე, როგორც მამა – პრინციპში, მკრეხელობააო, იტყვიან, ზვიად გამსახურდიასთვის შევარდნაძის მამად ხსენებაო, -უფრო დასაშვებია ზვიადისთვის შევარდნაძის მამის მეგობრად მოხსენიება. ამიტომ მგონია, რომ ზვიად გამსახურდიას მხრიდან შევარდნაძის სახელის წაშლა სამი მომენტით იყო განპირობებული – 1) კომუნისტურ სისტემაზე შურისძიება 2) პირადი შურისძიება დაპატიმრების გამო და 3) თავისი მამისათვის იმ დამღის მოცილება, რასაც ზვიად გამსახურდიას უქმნიდა კონსტანტინეს მიერ შევარდნაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა. მაგრამ დღეს, ალბათ არ ღირს ამაზე გავაგრძელო.

 

მთავარი ის მგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისდა სავალალოდ, უცვლელი დატოვა კომუნისტური რეჟიმის ტენდენციები და მანკიერი წესები.

გარკვეულწილად, სოციალურ ჭრილში ზვიად გამსახურდიას მიერ გატარებული სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები იყო საკმაოდ ტლანქი ვარიანტი ლექსისა – ”ძირს – ნიკოლოზ, მაღლა – მუშა!” გამსახურდიას ცვლილებები სახელმწიფო აპარატის მხრივ იყო ბიუროკრატიის პოზიტიური მუშაობისუნარიანობის დანგრევა, ხოლო ბიუროკრატიის ნეგატიური ტენდენციების – კლანურობის, ადგილობრივი ლიდერების არაარჩევითობის, ცენტრალიზებული დანიშვნების, ლოიალობის და ერთგულების უპირველეს ნიშნებად წარმოჩენის, სიმართლის ცენზურის, განსხვავებული აზრის აუტანლობის, ნეპოტიზმის და ლიდერისათვის გუნდრუკის კმევის და მაამებლობის -მიღება. რამდენადაც ქართველი ხალხის ენერგია და პატრიოტული სულისკვეთება ზვიად გამსახურდიას დროს მკვეთრად გაიზარდა, იმდენადვე მოხდა ამ პოზიტიური ტენდენციების ნიველირება იმ მკვეთრად უარყოფითი შედეგით, რაც არასწორმა საკადრო პოლიტიკამ, გაუწონასწორებელმა საგარეო პოლიტიკამ, ქვეყნის მართვის მექანიზმების დანგრევამ და შემცვლელი სტრუქტურების მოუმზადებლობამ გამოიწვია. ამიტომ, მე  ვერ დავეთანხმები აზრს, რომ გამსახურდიამ შევარდნაძისაგან ყველაფერი დაამსხვრია და არაფერი გადმოიღო. მართლაც ბევრი რამ შეცვალა, პირველ რიგში საგარეო ვექტორი და ნაციონალური თვითმყოფადობის როლი, მაგრამ გადმოიღო ადგილებზე საკუთარი ხალხის დანიშვნის წესი – პრეფექტები (სახელი არ ცვლის არსს), კორუმპირებული სასამართლო სისტემა, კლანურობა და ოპოზიციური აზრის გაუთვალისწინებლობის ჩვევა.

 

შევარდნაძის მობრუნება, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ და იყო, ჩემის აზრით, საქართველოში ჯერ კიდევ ერთადერთი შემთხვევა ”შვილის მკვლელობისა” – უძღები შვილისა, რომელმაც მაფიოზური ”მამის” ავტორიტეტი ფეხქვეშ გათელა და აუმხედრდა. ნამდვილად აბსოლუტურად უსუსური იყო შევარდნაძის მცდელობა, რომ 1991 წლის პუტჩი ”სახალხო რევოლუციად” გამოეცხადებინა, მაგრამ ისიც ძნელი დასაჯერებელია, გამსახურდიას იმ დროისათვის საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, პუტჩისტები ასეთი უმნიშვნელო სამხედრო ძალით მოეხერხებინათ ძალაუფლების ხელში აღება.

 

შევარდნაძის ”მობრუნების” შედეგად მანკიერი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი 1995 წლისათვის, როგორც იქნა, აღდგა, მაგრამ დაიკარგა ის ენთუზიაზმი და სულისკვეთება, რაც გამსახურდიას დროს – ყოველ შემთხვევაში – პირველ ხანებში – საზოგადოებაში არსებობდა. თავისთავად მამის (წარმავალის) ”გამარჯვება” აჯანყებულ შვილზე (მომავალზე) ისტორიული განვითარების ლოგიკის წინააღმდეგია და საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს.

ეს კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ საზოგადოებამ მალე დაინახა, რომ შევარდნაძე ვერც ეკონომიკურ სასწაულს მოახდენდა და არც კორუფციის და კლანურობის პრინციპებზე იტყოდა უარს. ამჯერადაც მხოლოდ გარსი იქნა მოცილებული – შეიცვალა ზედნაშენი, ხოლო მანკიერი ფუნდამენტი – უსამართლო სასამართლოები, ადგილზე არჩევნების მაგიერ – დანიშნული გუბერნატორები და მერები, გაყალბებული არჩევნები, ნეპოტიზმი, დაკრიშული ბიზნესი, ყალბი პათოსი და მაამებლობის და გუნდრუკის კმევის ჩვევები – ისევ დარჩა.  უბრალოდ, ზევით ისევ ”ნიკოლოზები” მოექცნენ, ქვევით – ”მუშები”…

 

სააკაშვილის მიერ შევარდნაძის ”მკვლელობა” უფრო თეატრალიზებული იყო. საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, პიროვნება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შევარდნაძის რეჟიმის ერთ-ერთი ახალგაზრდა ბურჯი იყო და პრეზიდენტის სეხნია შვილით ამაყობდა, პრეზიდენტის დაუძინებელ ”მტრად” იქცა – ხალხის ინტერესების დაცვის სახელით. სინამდვილეში კი – საკუთარი იდეა-ფიქსების, თეინეჯერულ-კულტურიუგენდული პროჟექტების და კომპლექსების განხორციელების და საკუთარი ეგოს და უაღრესად ქვენა ინსტიქტების დაკმაყოფილების მიზნით. ამ ”ნოვატორებმა” ვარდით შემოაბიჯეს, ხოლო რეალურად თავიანთი ფიქრების ავგიას თავლებიდან წამოღებული ტონობით სიბინძურე დაახვავეს! ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე ამორალური, ყველაზე არაპროფესიონალური და ყველაზე გამყიდველი მთავრობა, რომელიც საკმაოდ საშიშია, რადგან უკვე ყველაფერზე წამსვლელია! მათ მოახერხეს და ერთდროულად ჩარეცხეს როგორც ზვიადისტები, ისე – შევარდნაძისტები, ესენი არიან კოსმოპოლიტი-ანტიდემოკრატები, მათ მოიტანეს რომის იმპერიის გახრწნის პერიოდის ჰედონიზმი და სისატიკე, მათ დაამკვიდრეს პრინციპი – ”აქლემის ქურდი ნემსის ქურდს უნდა ასამართლებდეს, ხოლო კაცის მკვლელი – ორივეს!”

სამაგიეროდ, სახელმწიფო აპარატი ძალიან გაძლიერდა, ოღონდ, აბსოლუტურად არაჰუმანური და სუპერკლანური გახდა… შეიცვალა ზედნაშენი, ხოლო მანკიერი ფუნდამენტი – უსამართლო სასამართლოები, მოსყიდული მედია, ადგილზე არჩევნების მაგიერ – დანიშნული გუბერნატორები და გამგებლები, გაყალბების უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ნეპოტიზმი, ბიზნესის საყოველთაო დაკრიშვა, საზოგადოების ტოტალური კონტროლი, ყალბი პათოსი და მაამებლობის და გუნდრუკის კმევის ჩვევები უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 200-მდე პარლამენტარში არ არსებობს, ალბათ, ერთიც კი, რომელიც ქართველი კალიგულას მიერ ცხენის გაპარლამენტარებას ტაშს არ დაუკრავს! რადგანაც მათ შორისაც ბევრია ფარული თუ აშკარა ულაყი და ფაშატი…

 

ისე კი, მამის (თუ შვილის) ”მკვლელობები” შედარებით უფრო დამანგრეველი მგონია, ვიდრე ”მამის გაღმერთება”. რადგან ”მამის გაღმერთების” შემთხვევაში განვითარება კი ნელდება, და ჭაობი მკვიდრდება, მაგრამ რადგან გაღმერთება ხელოვნურია, ბოლოს ”ღმერთი” ბუნებრივი სიკვდილით კვდება და მის ადგილს შვილი იკავებს (სამწუხაროდ, ეს შვილი, კორდელია არ იქნება, ალბათ!)

 

ხოლო მამის მკვლელობის შემთხვევაში ვექტორი 180 გრადუსით იცვლება, ბიუროკრატია – ლამის 100%-ით. ბიზნესები თავიდან გადანაწილდება, ინვესტორები თავმოჭრილი ქათმებივით კრიახებენ, ინფლაცია კატასტროფულ ტემპს აღწევს და ქვეყანა იმდენად კატასტროფულ ტორტმანს იწყებს, რომ გამოუვალია სერიოზული კატაკლიზმები, საბოლოო ჯამში ქვეყანა უფრო სერიოზულად ზარალდება. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ტიპის ლიდერებს, რომლებიც რევოლუციის პოზიტიურ შედეგებს (სახალხო ენერგიის მოზღვავება, ენთუზიაზმი, ამტანობის მატება და ქვეყნისათვის საკუთარი  (და არა მხოლოდ – სხვისი!) კეთილდღეობის მსხვერპლად მიტანა) საზოგადოების საკეთილდღეოდ მოიხმარენ და არა საკუთარი სასახლეების, ავტოპარკების და მასაჟისტების და მინისტრ-ჰარემების მოსამრავლებლად.

 

რა თქმა უნდა, კარგია ავთანდილის ანდერძის მსგავსი ქმედება, როცა ზრდასრული შვილი თავისი ქმედების განსახორციელებლად სხვაგან მიდის და მამისგან მიღებული გამოცდილების, სიბრძნის და საკუთარი ცოდნის ჰარმონიულად გამოყენებით იმ საქმეს ემსახურება, რომელიც შემდგომში მის სახელს და სიქველეს გაამდიდრებს და უკან დასაბრუნებელ გზას გაუხსნის, შინ დაბრუნებულს გაღატაკებულს და ცოდვებით დატვირთულს არ ექნება სალუღლუღო, – ”მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენდა”…

 

მართლაც, რა უცნაურია, რომ ჩვენ რვანახევარი საუკუნის წინ მოვძებნეთ თაობათა ცოდნის გადაბარების და მამისგან გარიდების (არც-გაფეტიშების და არც-მოკვლის) ეს საუკეთესო ფორმულა, მაგრამ მხოლოდ ბალტიისპირელებმა შეძლეს მისი რეალიზება. ლიტვა რომ ავიღოთ, როგორი განსხვავებული პიროვნებები იყვნენ ბრაზაუსკასი, ლანდსბერგისი, პრუნსკენე, ადამკუსი, გრიბაუსკაიტე… რატომ ვერ გაიმეტეს მათ ერთმანეთი ან უღვთო გაღმერთებისათვის, ან – რიტუალური მკვლელობისათვის? როგორ მოახერხეს, რომ თან ეკრიტიკებინათ ერთმანეთი და თან არ დაენგრიათ ჯერ კიდევ მყიფე სტრუქტურები და ლიტვის სახელმწიფობრიობის გემის შტურვალი მნიშვნელოვანი ზიგზაგების გარეშე ეტარებინათ მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში? რატომ ჯერდებოდნენ ისინი მეორეკაცობას? საიდან იცოდნენ, რომ ნორმალური პოლიტიკოსობა სჯობს სულსწრაფ პრეზიდენტობას? რატომ არ ააგეს თავიანთი მოღვაწეობა იმაზე, რომ ეგინებინათ წინამორბედი და ხალხისთვის მალიმალ თავმომწონედ ეკითხათ – ”აბა, სარკეო, მართალი მითხარი – ხომ ვჯობივარ ჩემს წინამორბედს, ხომ უფრო კარგად გივლი, ხომ უფრო ლაღად ხარჯავ ჩემგან მომატებულ [და მაინც – მიზერულ] პენსიასო”? რატომ ხდება ის, რომ ქვეყანა, სადაც მილიარდჯერ უფრო ხშირად ისმება სამშობლოს სადღეგრძელო, ყოველთვის ისეთ ხელმძღვანელს ირჩევს, რომელიც სამშობლოს მხოლოდ სადღეგრძელოსას და   კამერის წინ ”ეერთგულება”? სად მიდის ავთანდილის სიბრძნე და რატომ გვრჩება მხოლოდ ის ორი დამაქცევარი გზა – ან ოსანა ვუმღეროთ და ან გადავაგდოთ?

 

P.S. ვერ ვიხსენებ, ვინ თქვა… მგონი, სიგუამ… ერთხელ ვუთხარი ზვიადს, ჩამოვიყვანოთ ედუარდი, მაგის გამოცდილების მქონე კაცს ხანდახან რჩევა ვკითხოთ, ეგებ რამე სასარგებლო გვითხრას, რუსეთთანაც უფრო მოგვარიგებს და ამერიკაც უფრო დაუგდებს ყურსო. გავოცდი, ცოტა ხნის სიჩუმის მერე მითხრა, მე არ ვარ წინააღმდეგი, თუ ჩამოვა და მრჩევლობას დაჯერდება, კი ბატონოო… მაგრამ ცოტა ხანი რომ გავიდა, უცებ შეცვალა აზრი – მაგის სახელი არ გამაგონოთო!.. ავთანდილი არავის ახსოვდა მაშინ…

 

მეორედ, 1993 წლის სოხუმის ალყის დროს იყო შანსი, რომ ედუარდი გაცლოდა, ან ზვიადს ეთქვა ქობალიასთვის – წადი, მიეხმარე, სოხუმში საქართველო იღუპებაო… არც მაშინ გახსენებია ვინმეს ავთანდილის ანდერძი…

 

2007 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შანსი – გაცლოდა ქვეყანას, რამდენიმე წელი დალოდებოდა, რა მოხდებოდა უმისოდ ქართულ პოლიტიკაში და დიდი შანსი ჰქონდა, 4 წლის მერე ისევ დაბრუნებულიყო თეთრ რაშზე – ომის არწამგები, გორის ქუჩებში არგაფორთხებული, ჰალსტუხის დაუღეჭავად და ქართველი ხალხისთვის რადიონოვის სტატუსის გარეშე…

 

მაგრამ… სად – ავთანდილი და სად – მიშა?!

 

და ახლა, დღევანდელ ბაკქანალიას რომ ვუყურებ, ჟამიანობის ლხინს… გუმანით ვხვდები, რომ ამ უნაკლო მამის ”გაღმერთებას” ახალი რიტუალურ-თეატრალური მკვლელობა მოჰყვება… ეგ არ ვიცი მხოლოდ, ბრუტუსი ვინ იქნება…

 

და ისევ ვფიქრობ იმაზე, რაც აკა მორჩილაძის წიგნის და ია ანთაძის იგივე სახელის მქონე ბლოგის წაკითხვის მერე ვიფიქრე – ან ჩვენ ძაან გადავგვარდით ავთანდილის შემდეგ… ან ავთანდილი მართლა არაბი იყო…. ხოლო ”ვეფხისტყაოსანი” – არაბთა  სიბრძნეზე და მამის მემკვიდრეობის არგაფეტიშება/შენახვა/გამდიდრების მათეულ გზაზე გენიოსის მიერ ამოთქმული ქართველი ხალხის ნატვრა-ოცნება…

 

”ნუთუ ყოველივე ეს?..”

 


One Comment on “უარყოფის უარყოფის კანონის ინტერპრეტაცია ქართულ პოლიტიკურ გან[გამო]ვითარებაში (გამოხმაურება ია ანთაძის ბლოგზე “ავთანდილის ანდერძი”)”

  1. ია ანთაძე says:

    ალოო, ხომ მშვიდობაა თქვენსკენ?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s