ნუ გაპადოშდებით! ნუ გაკიკუვდებით! (წერილი ოპოზიციას)


მათე, 5,29: უკეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან,და უკეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე... რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი…

 

—————————————————————————————- 

არ მახსოვს,  რამე წერილი თუ მიმიწერია ნაციონალური მოძრაობისათვის… ან – მიშა სააკაშვილისადმი… თუ გამომითქვამს რაიმე სურვილი, თხოვნა (გარდა ერთისა!), რაიმეს გაუმჯობესებაში თანამონაწილეობის იდეა, ან – უფრო უკეთ გაკეთების კონკრეტული თუ თუნდაც თეორიული მოსაზრება…

ოპოზიციისადმი კი დამიწერია. და არა ერთხელ…

რა გრჯიდაო, მკითხავთ, ვინ გთხოვდა, ან რისი იმედი გქონდაო…

 

რა ვიცი, კაცი იმედით ცხოვრობს…

 

ნაციონალური მოძრაობისადმი არ მიწერა სწორედ იმედით აიხსნება, ანუ – აბსოლუტური უიმედობით, რამეთუ 2006-07 წლიდა და განსაკუთრებით – 2008 წლის სექტემბრიდან, ხოლო საბოლოოდ – 2009 წლის გაზაფხულიდან, დავრწმუნდი, რომ მათთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა, კედელზე ცერცვის შეყრაა და უფრო მეტიც – საკუთარი თავის, აზროვნების და მორალის უკიდურესი უპატივცემულობაა!

 

100-ჯერ მითქვამს და გავიმეორებ ნეტარი ავგუსტინეს მიერ ნათქვამ სიტყვებს – „რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?“ – არაფერი, უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება არის ავაზაკობის უაღრესად დახვეწილი მეთოდების მფლობელ ავაზაკთა ბანდა, რომელიც შორიდან მაცქერალ ქართული საზარბაზნე ხორცის მუშტრებს საფუძველს ააძლევს, რომ თქვან, – ჰო ვერაა მთლად დემოკრატიული, მაგრამ მთლად პირსისიხლიანი არააო! ამას ამბობენ ხელისუფლებაზე, რომელმაც გარყვნა ყველა და ყველაფერი, რაც მიიკარა და მიიზიდა…  ეს განსაკუთრებით იმ „ხელოვნებზე“ ითქმის, რომლებიც ხელისუფლების ნავში ჩასკუპდნენ… დააკვირდით, დასუქდნენ (ნუ, ახლა ვისაც გასახდომი ოპერაციები არ უკეთებია), დაჯიპდნენ, ლოსკი დაედოთ, მაგრამ ხელოვნება? ოვა ხელოვნება? – ჩკა…

 

ოპოზიციას დავუბრუნდეთ.

 

უბედური დედააო შვილმკვდარი დედა… უფრო უბედურიც მინახავს… დედას რომ ვაჟი ხელიდან წაუვა, განარკომანდება, გაჯიბგირდება, მერე ძარცვას მიჰყოფს ხეს, მერე – კაცის კვლას… ასეთ დედას, თუ შვილის იმპერატორის ტოგის ბრწყინვალება არ ჭრის თვალს, წესით უბედური ჰქვია… ჰოდა წარმოიდგინეთ, ამ უბედურ დედას ახლა ერთადერთი იმედი რომ უმცროს ქალიშვილზე აქვს, დაჰკანკალებს, ცდილობს, ბიჭისთვის დაკლებული ყურადღება ამას არ დააკლოს, მზე და მთვარე მასზე ამოსდის, ბედნიერია, რომ ხედავს, როგორი მზეთუნახავი და თან გამრჯე და ყურადღებიანი შვილი ეზრდება, როგორ ყველა შენატრის მის სილამაზეს, სინორჩეს, ჭკუას, სათნოებას და ადამინობას…

 

ჰოდა ეს ერთადერთი დარჩენილი იმედიც … გაუბოზდება…

 

ვინ არაკაცი იზამს ამ საქმეს?

ვინ იზამდა – სწორედ მისმა ვაჟკაცმა ჰქმნა ეს საქმე… რომ შეხედა, დედაჩემს ჩემი დანახვა არ უნდა და ჩემს დაზე მზე ამოსდისო, მასე არ უნდაო და ყველა ღონე იხმარა – საჩუქრები, დაპირებები, დათრობა, მუქარა…

 

აი, ალბათ, ასეთ დღეში ვართ ახლა…

 

ხელისუფლება – სწორედ ის ერთდროს იმედისმომცემი ვაჟკაცია (მერე „იმედის“ ჩამქრობად რომ მოგვევლინა), დღეს რომ საყოველთაო უზნეობის და გარეწრობის თითითსაჩვენებელ მაგალითად იქცა …

 

მზეთუნახავი გოგო – ოპოზიციის აქამდე ჯერ კიდევ სანდო ნაწილი (ბარემ არ იყო ასე უნაკლო და მზეთუნახავი, მაგრამ დედის თვალი ნაკლს ვერ ხედავს ხოლო ყველა ღირსებას – ლუპით ჭვრეტს)

 

დედა – კიდე – ქართული საზოგადოებაა… დაბეჩავებული, ჩაწიხლული და პირგამეხებული…

 

ჯერ კიდე ორი წლის წინ დავწერე, რომ ხელისუფლების პიარის მთავარი ლოზუნგი ომში დამარცხების და ეკონომიკური კრიზისის კვალობაზე გახდა უმარტივესი – “კარგით… მე – დამპალი ვარ, მაგრამ დაგიმტკიცებთ, რომ ყველა ჩემსავით დამპალია!“

არსენალში ბევრი საშუალებები აქვს – პირველ რიგში მოსყიდული ტელევიზიები და ურნალისტები, მერე დაპადოშებული და დაბაჭუკებული ერთდროსპარტიები ან ფსევდოპარტიები, დატერორებული და სულთმობრძავი ქართული ბიზნესი… ჯერ ერაყში და მერე ავღანეთში გასაგზავნი დარჩეული ვაჟკაცების მუდმივად მზარდი კონტიგენტი, უკანალის მომწმენდი და გამომწმენდი – გრინბერგ-ქვინლან-როსნერი, სექსპერტები,  მიშალიგენცია…, ასევე ბრაიზ-ტეფტული ჩიპლომატიური კორპუსი და რაც მთავარია, სრული ეკონომიკური სტაგნაციის და მეწარმეობის აბსოლუტური ნაცმოძრაობული მონოპოლიზაციის კვალობაზე მოსახლეობის და პოლიტიკური პარტიების ისეთ პირობებში ჩაყენება, რომ კიკუობის სურვილი და მზადყოფნის მასაშტაბები სულ უფრო იზრდება…

 

კი დავწერე დასაწყისში მორალური ციტატა, მაგრამ ამ წუთში ალბათ ვერ მოვახერხებ მილიონი თუმნით მოხიბლული კიკუობის დემორალიზებული კანდიდატების მორალიზაციას… უბრალოდ მინდა, მარტივი და გასაგები ენით ავუხსნა, რომ თუ ბატონები ბიზნესის კეთების პერსპექტივამ მოხიბლა, რომ ნამეტნავად სცდებიან, თუ ეგ ბოზნესი ბიზნესი ჰგონიათ… ყოველ შემთხვევაში, წამგებიანი ბიზნესი რომაა, იმის ჩვენებას ვაპირებ…

 

ძვირფასო მილიონის მოგების სურვილით აღჭურვილო ბატონებო და ქალბატონებო!

1.      როგორ გგონიათ, ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება ყოველდღე ახალ-ახალ მაქინაციებს და არნახულ ინოვაციებს იგონებს, რომ მოსახლეობის ჯიბიდან ამოცინცლული ფული მაქსიმალურად მოაგროვოს და თავისი საშინელებათა პატარა მაღაზიის პირდაპღებულ მონსტრ ყვავილს – პოლიციას ჩაახეთქოს, მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა თქვენ ამ მილიონს მართლა მოგცემენ? როდესმე, ალბათ მოგცემენ – პენსია რომ 100 დოლარი გახდება, მერე…

 

2.      ვთქვათ და მოგცეს… ქვეყანაში,  სადაც ინფლაციის მაჩვენებელი უკვე 16%-ს აცდა, ხორცი 240%-ით გაძვირდა, ხილი – 100%-ით, შაქარი – 35%, თქვენთვის ამ ფულის დარიგების საბოლოო შემდეგ ხლისუფლებას ხომ იმწამსვე გაუჩნდება იმის სურვილი, რომ თქვენი ეკონომიკური სიდუხჭირე აღადდგინოს და კიდევ უფრო მალე დაგიბრმავოთ თვალები – უკვე 100,000 ლარით, მერე 10,000-ით და ბოლოს ისევ იმ 3 თუმანზედ ჩამოგიყვანოთ, რომელიც კიკუს ფინანსურ მადას ძველ დონეზე დააბრუნებს? ამისთვის კი ორი მეთოდი არსებობს:

ა) ინფლაციის გაზრდა

ბ) თქვენთვის სოსო თოფურიძის მოგზავნა და … (გაუჭირდებათ?)

 

3.      და რაც მთავარია – თქვენ ახლა გაქვთ შანსი, რომ ერთიანობის პირობებში უკვე დასავლეთისთვისაც გვარიანად მოყირჭებული მიშა არქიტექტურის საფუძვლიანად შესასწავლად გაუშვათ, ხოლო ნაცმოძრაობა – თუ ვერ დაამარცხეთ, ისეთ მაჩვენებელზე ჩამოიყვანოთ, რომ მისი გავლენა მნიშვნელოვნად შეზღუდოთ და საკანონმდებლო მაკრატელი ხელიდან გააგდებინოთ… ამის მაგიერ რა გინდათ, რომ პარლამენტში ახალ პადოშად დაჯდეთ? ნუთუ ამ ადამიანის ისტორიამ მხოლოდ ის დაგანახათ, როგორი მანქანით დადის? ნუთუ მისგან განსხვავებით თქვენ მაინც ვერ ხვდებით, რომ იგი თავისი სურვილით ამოეწერა იქედან, სადაც ალიოშა ჯაფარიძის, მირონ ხერგიანის, გურამ თიკანაძის სახელებია? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მისი ნაგრამისათვის „პადოშოვიჩობა“ გადაფარავს იმ მანქანის და სხვა „ბენეფიტებს“, დღეს რომ დიდი დემოყრატი თავს იწონებს საახლობლოში? ნუთუ თქვენც გინდათ, რომ მასავით იკრუსუნოთ – დემოყრატია დაირღვა, რატომ მეც არ მიმამთხვიეთ შერონზეო?… რვიანში შემავალი სუბიექტებისათვის და ადამიანებისათვის პადოშობა მისაღები და სასურველი გახდა?.. იქნებ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენებზეც ოცნებობთ?

 

4.      მაგრამ თუ თქვენ მიშას გაუპრავბეთ საპარლამენტო არჩევნებს და გადაყლაპავთ (როგორც თავის დროზე გადაყლაპა დიდმა პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ აბსოლუტურად შეუფარავი ანკესი წყნეთის აგარაკის სახით!) ამ მილიონიან შეთავაზებას, ამით ხომ დაკარგავთ იმას, რაც მიშასგან განსხვავებთ – რომ ხალხს არ ეზარებით, რომ ხალხი ხვდება, რომ მას მიშა ატყავებს და არა თქვენ, რომ ხვალ თუ მიშა თქვენზე ფეხის შეწმენდას დაიწყებს, როგორც დიდი ხანია იწმინდავენ ფეხს არა მარტო პადოშაზე, დავითაიაზე და ჯონდიზე, არამედ – თავად ნაცმოძრაობის შიგნით – დავით ბაქრაძეზე, გიგი წერეთელზე და კობა ხაბაზზეც, რომ მაშინ საზოგადოება მწარედ გაიცინებს და ნიშნისმოგებით იტყვის – ეგრე მოგიხდებათო…

 

5.      დიდი მხატვრული შედევრია-თქო ვერ ვიტყვი,  მაგრამ ჩვენს რეალობასთან დაკავშირებით ზოგჯერ მახსენდება ფილმი: „მამაცი გული“. ბოლოს მაშინ  გამახსენდა, მასიური გამოსვლები რომ დაანონსეს ზოგიერთმა პარტიებმა… ვიძახდი, ჯერ ადრეა მეთქი… ახლა კი ის გამახსენდა, შოტლანდიელი გვაროვნები, თურმე მხოლოდ იმისთვის გამოდიოდნენ ინგლისის მეფესთან საბრძოლველად, რომ ჯარის დანახებით უკეთესი მამულები მიეღოთ… თუმცა ისიც გასახსენებელია, როგორ დაასრულეს საკუთარი ხალხის ინტერესების „მსახურება“ და ამ გაპადოშებას მათი კარიერის როგორი “შთამბეჭდავი” ფინალი მოჰყვა.

 

6.      დაბოლოს, შვილზე ფიქრი, მარტო ის არაა, რა ვუყიდოთ და სად მოვაწყოთ. შვილზე ფიქრი ისაა, როგორ გვარს დავუტოვებთ, რას იგრძნობს, როცა მამამისის სახელს გაიხსენებენ…

 

ასე რომ, ჯერ კიდევ არგათახსირებულო ოპოზიციის წევრებო – უმორჩილესად გთხოვთ, ნურც გაკიკუვდებით და ნურც გაპადოშდებით… ძალა ერთობაშია და ნუ გავუპრავებთ მიშას დაპრემიერებას…

 

დავარღვევ ტრადიციას და ნაცმოძრაობის კანონშემოქმედებით ჩიორებასც დავუსმევ კითხვას, რომელიც ია ანთაძემ დასვა ბლოგზე. თქვე ოჯახაშენებულებო (ქვეყნის ხარჯზე!)! – ეს განსხვავებული ნორმა რომ დაგიწესებიათ – თქვენიან და თქვენთან მომლაპარაკებელ კიკუ-პადოშებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევებში რომ ლამის 1 მილიონ ლარს ჰპირდებით და ვინც არ გაკიკუვდება, – იმათ მხოლოდ 50,000-ს, ეს ხომ წმინდა წყლის მოქრთამვაა! მოსყიდვის დაკანონებას ცდილობთ?? ამაზე პასუხის გაცემა შეგიძლიათ?

საინტერესოა, რომ ძველ რომში არჩევნების წინ აქტიურდებოდნენ ხმების შემსყიდველები, დადიოდნენ ეს ნაკლებპატივცემული და ძალიანაც ვერცნობილი ხალხი და სხვადასხვა გვარების და თემების ლიდერებს ურიგდებოდნენ, რამდენად გაყიდიდნენ ისინი საკუთარი 100, 500 თუ სულაც 3,000 ამამრჩევლის ხმას… თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ უფრო დემოკრატია იყო, თუნდაც ამ უმსგავსო ფორმით – რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკას სამართლიანობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, იმის შანსს მაინც ტოვებდა, რომ რომელიმე შეძლებული გვარი მიაფურთხებდა ამის შემომთავაზებელს, ხოლო სხვები მეტნაკლებად თანაბრად განაწილდებოდნენ ისეთ მდიდარ კანდიდატების “მხარდამჭერებად”, როგორებიც კრასუსი, პომპეუსი, თუ ცეზარი იყვნენ… ჩვენთან კი მხოლოდ ერთ კაცს აქვს ბოძებული (ვისგან, აი ეს მაინტერესებს) ხალხის ხმების ყიდვის უფლება და მხოლოდ პალიკო კუბლაშვილი დადის შავი პორტფელით, საიდანაც მაგიურად ხან ორ შეკვრა ფქვილს და მაკარონს იღებს, ხან – ოფისს – რუსთაველის გამზირზე, ხან კიდე მილიონს?

 

ვის უნდა მილიონი?

 

ფული არ ყარსო, ვესპასიანემ თქვა… კი, ყარს, ფული ბატონებო! არცერთი ძაღლის დანაფსამი ფული არ ყარს ისე მძაფრად, როგორც მიშას ფული! – ჩვენი დახოცილი ბიჭების სისხლია ზედ დაქცეული და მზეზე გახრწნილი… ეს ფული კიდეც ყარს და კიდეც წამლავს ყველას! სერიოზულად გაფრთხილდით, რამე ისეთს ნუ აიღებთ, თქვენ და თქვენი შთამომავლობა რომ ვერასოდეს ჩამოირეცხავს!

 

========

If your right eye causes you to sin, tear it out and throw it away! It is better to lose one of your members than to have your whole body thrown into hell. Mathew, 5,29

 

P.S. რამდენადაც საქართველოში არ ვარ და ტელევიზიებით გასულ ინფორმაციებს და გაზეთებსაც იმდენად ვერ ვეცნობი, ჯერ არ ჩავთვალე საჭიროდ, პერსონალურად რომელიმე პარტიის ან ლიდერის გვარები ვატრიალო და პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენო… ვნახოთ, ორშაბათიც გათენდება…

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s