როგორ იხრწნებოდა „ფოლადი“. (დეგრადაციის ანატომია) ნაწილი I: License to Kill – მკვლელობის ლიცენზია


მკვლელობა დანაშაულია.

დედამიწაზე არსებული ქვეყნებიდან ჩემთვის უცნობია რომელიმე, სადაც მკვლელობა დანაშაული არ იყოს, მიუხედავად იმისა, ეს ქვეყნები დემოკრატიულია, თუ პირსისხლიანი რეჟიმები.

მსოფლიოს საკანონმდებლო კოდექსების უმრავლესობა განიხილავს ადამიანის მკვლელობას, როგორც უმაღლესი ხარისხის დანაშაულს და მისთვის შესაბამისად მაღალი ხარისხის სასჯელია გათვალისწინებული. განსხვავება დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის ძირითადად იმაშია, რამდენად მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკური ხელისუფლება მკვლელობის გამოყენებასა საკუთარ ღონისძიებათა არსენალში. რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა, მით უფრო მიუღებელია მისთვის მკვლელობის, როგორც მოქმედების მეთოდის გამოყენება და პირიქით, რაც  უფრო პირსისხლიანია რეჟიმი, მით უფრო ადვილად მიდის იგი მკვლელობაზე. ყველაზე მეტად ავტოკრატიული რეჟიმები სწორედ ამ პრინციპს ქადაგებენ – „მე ჩირადაც არ მიღირს ვინმეს მკვლელობა, მაგრამ წამსაც არ ვაცოცხლებ იმას, ვინც მკვლელობას ჩემი ნებართვის გარეშე ჩაიდენს!“. ტიპიური პირსისხლიანი რეჟიმის ყველაზე თვალნათელი მახასიათებელი სწორედ მკვლელობაზე ლიცენზიის ერთპიროვნული მონოპოლიაა, რომელსაც იგი მოწყალებით უბოძებს თავის სატრაპებს – „მოჰკალი ათი ჩემთვის და შეგიძლია მეთერთმეტე მოჰკლა შენთვის!“. ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დეგრადაცია სწორედ იმ გახმაურებული მკვლელობების მაგალითზე ჩანს ყველაზე მკვეთრად, რაც მათ შეუკვეთეს, ჩაიდინეს და მიაჩუმათეს.

მე ვეცდები ეს მკვლელობები დავალაგო არა ქრონოლოგიურ, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, „აღმავლობით“ ჯაჭვში, რათა რეჟიმის გახრწნის საფეხურები უფრო ნათლად გამოჩნდეს. რა თქმა უნდა, ჩემი შეხედულებები სუბიექტურია, და ვიღაცას, მაგ. ხელოვნიშვილ ხათუნა ოჩიაურს, (რომელსაც „სამარცხვინო ქალად“ – არა, მაგრამ „სამარცხვინო ადამიანად“ ნამდვილად ვთვლი) პირიქით, ეს საფეხურები „დიდი გზის ეტაპებად“ ეჩვენება. ასე  ფიქრის  მის უსაზღვრო თავისუფლებას მე ვერ შევზღუდავ… უბრალოდ ჩემი აზრი მაქვს იმ ხალხზე, ვინც ასე ფიქრობს.

აი, ნაცმოძრაობის თავიდანვე დამპალი „ფოლადის“ სრული ეროზიის ეტაპები, ჩემი ინტერპრეტაციით.

====================================================================

1. აფრასიძეების ოჯახის განადგურების ოპერაცია (2004 წ. 24 მარტი)

ამ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით სპეციალურმა შენაერთებმა, რომელშიც გია გულუას ბატალიონის რამდენიმე ასეული ადამიანი შედიოდა, ვერტმფრენების გამოყენებით ალყა შემოარტყა და იერიში მიიტანა სოფ. ეცერზე, სადაც იმყოფებოდნენ მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებებში ეჭვმიტანილი რეციდივისტები, აფრასიძეების  კრიმინალური  კლანის წევრები ევგენი აფრასიძე და მისი შვილები ომეხ და გოჩა აფრასიძეები. ევგენი და ომეხ აფრასიძე ლიკვიდირებულ იქნენ. ამასთან არსებობს მოწმეთა ჩვენება, რომ აფრასიძეები ცოცხლად ტყვედ აიყვანეს, ხელფეხი შეუკრეს და მერე დახვრიტეს.  ძალის მასიური გამოყენება და მთელ სოფელში კონტრტერორისტული ოპერაციის განხორციელება, როდესაც ვერტმფრენების გამოყენებისას (ერთი მათგანი სერიოზულად დაზიანდა) ორივე მხრიდან მოსალოდნელი იყო დიდი მსხვერპლი, გამაოგნებელი იყო ქართული საზოგადოებისათვის. ბევრი ადამიანი, მათ შორის კონტრტერორისტული საქმიანობის სპეციალისტებიც, მიიჩნევდნენ, რომ აფრასიძეების განადგურება უფრო ლოკალური ოპერაციით და სულაც სოფლის გარეთ იყო შესაძლებელი.  მაგრამ, ჩემი აზრით, სწორედ გამაოგნებელი მასშტაბები და განსაკუთრებული სისასტიკე (ადგილზე ლიკვიდაცია ნაცვლად ტყვედ აყვანისა და გასამართლებისა!) წარმოადგენდა ამ ოპერაციის  მთავარ მიზანს. ამ მეთოდით ხელისუფლებამ მესიჯი გაუგზავნა მთელ საზოგადოებას – „სადაც სვანებს ამას ვუკეთებთ, იცოდეთ, თუ დაგვჭირდა, ყველას გაგანადგურებთ!“ სამწუხაროდ, ბევრმა მაშინ მხოლოდ სახელმწიფოს მოძლიერებით განცდილი სიხარული და კრიმინალური კლანის მოშორებით განცდილი შვება იგრძნო. და ძალიან ცოტა დაფიქრდა იმაზე, რომ ეს დემონსტრაციული მკვლელობა ის პირველი ეშვი იყო, რაც კრიმინალურ დრაკონთან მებრძოლ „მზეჭაბუკს“ თავად ამოუვიდა! ეს იყო თავიანთ მოქალაქეებზე, თუნდაც კრიმინალებზე, პირველი „შედგომა“.

ამ ოპერაციაში ყველაზე საინტერესო გიორგი ბარამიძის როლია. ბუნჩულა, მუდამ ხალისიანი ბარამიძე (რომელსაც მე „ბუკვალურა“ დავარქვი „მოფერებით“) რატომღაც ვერ მყავდა წარმოდგენილი შინაგან საქმეთა მინისტრის როლზე. მისი ფაქტურის შესაფერ პოროსის მარმარილოდ უფრო ისეთი ადგილი მიმაჩნდა, როგორიც ბოლოსდაბოლოს უკავია კიდეც (თუმცა, რას აკეთებს, რო?). სამაგიეროდ, მიშამ წარმოიდგინა  ქვეყნის მთავარ პოლიციელად და შეიძლება იმ ფარულ ვნებებს მისცა გასაქანი, რაც პირმთვარიან და  მუდამ მომღიმარ ინტელექტუალ ბარამიძეს ფარულად ჰქონდა. ვინ იცის, მასაც ბავშვობაში მიშასავით აწვალებდნენ უბნის ყოჩები და ისიც ნატრობდა იმ დღეს, როცა, მათზე თუ არა სხვებზე მაინც, შურისძიების საშუალება მიეცემოდა… ჰოდა, როცა ხუთოსანი რემბოს ან ტერმინატორის იმიჯის მორგებას იწყებს, ეს საკმაოდ  სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს, რადგან ნამდვილი რემბოსაგან განსხვავებით მას „ტორმუზები“ ნაკლებად უჭერს! შეიძლება არც კი ჰქონდეს „ტორმუზები“…

ბარამიძეს შეიძლება ოპერაციის ხელმძღვანელობა აპატიონ სვანებმა (ფაქტია, რომ აფრასიძეების კლანი მათ უმრავლესობას სისხლს წოვდა და ატერორებდა), მაგრამ სისხლიანი ფინალის შემდეგ გაცემულ ბრძანებას – „კუბდარი მომართვითო“ – ალბათ, არასოდეს დაუვიწყებენ. ამ მონათმფლობელური ჟესტით გიორგი ბარამიძემ ელემენტარულ ადამიანობას აქცია ზურგი, როცა ჯერ კიდევ თბილი ცხედრების ფონზე ამ ცხედრების ნათესავებს და მეზობლებს სუფრის გამართვა აიძულა… ამან ის ბარბაროსული „წესი“ გაგვახსენა, როცა ომში გამარჯვებული ტომის ლიდერი დამარცხებულს თვალს დათხრიდა, ცოლს გააუპატიურებდა და  ნადიმს იწყობდა. როგორ განსხვავდება ეს ბარბაროსული საქციელი მიცვალებული მკვდრისადმი იმ დამოკიდებულებისაგან, რასაც ჩვენი მასწავლებლები ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ განსაკუთრებული აქცენტირებით გვინერგავდნენ… მაგრამ ნაციონალურ მთავრობას „ალუდა ქეთელაური“, და ალბათ ვაჟა-ფშაველა, საერთოდ, „გადმონაშთად“ მიაჩნია…

სხვათაშორის, შემდგომში, აფრასიძეების საძვალის გათხრის და იქ კახი კალაძის ძმის – ლევან კალაძის ვითომდა ნეშტის „აღმოჩენა“ ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა იყო – ჯერ ერთი, უნდოდათ, ამ „საქმის გახსნით“ წარმატებული ნატ პინკერტონების იმიჯი შეექმნათ, და პიროვნულად კახი კალაძის გული მოეგოთ,  რათა მერე „პატრიოტული ინვესტირების“ ნაციონალურ ხაფანგში შემოეტყუებინათ. და თან საზოგადოებისათვის,  რომელმაც ძირითადად ჩუმად, მაგრამ მაინც, ასე თუ ისე,  საგრძნობად გამოხატა სისხლიანი ოპერაციით უკმაყოფილება და სვანების (მოსახლეობის და არა მხოლოდ – კრიმინალების) დაშინების მცდელობაც მინუსში ჩაუთვალა საკაშვილს, დაეყვედრებინათ – ხომ ხედავთ, რა მონსტრებზე აგიჩვილდათ გული, თქვე უგუნურებოო?!. თუმცა უნდა ითქვას, რომ „ვანო პიქჩერზის“ ეს ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი საკმაოდ უნიათო გამოდგა და მალევე დადგინდა, რომ თითქოს-და ლევან კალაძის ძვლები, სულ ცოტა 50 წლის წინ იყო დამარხული! ისე, დღეს რომ მომხდარიყო ეს სპექტაკლი, მე ეჭვი მეპარება, რომ სიმართლე გაგვეგო… :(( დღეს ხელისუფლება გაცილებით უფრო ფანტასტიურ და თეთრი ძაფით ნაკერ ტყუილებს გვაყლაპებს და საზოგადების ნაცტელევიზიებით თვალახვეული ნაწილი ამას ყლაპავს…

რამდენიმე წლის შემდეგ, ომის წაგების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შერყეული მაგარ-იმიჯის აღსადგენად გამაოგნებელი აღიარებითი ჩვენება მისცა მთელ მსოფლიოს ტელევიზორით – თავმომწონე ღიმილით დემოკრატიის შუქურყოფილმა განაცხადა, რომ სწორედ მან გასცა აფრასიძეების ადგილზე განადგურების ბრძანება! ამით მან აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული აფრასიძეების საქმის სასამართლო გამოძიებით და სამართლიანი სასჯელის მისჯით! რომ საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა საკუთარი მოქალაქეების სიკვდილით დასჯის ბრძანება ერთპიროვნულად გასცა! ამით ამერიკაში „განათლებულმა“ იურისტმა (Sic!) სააკაშვილმა ყველას გაგვიმეორა ლუი XIV-ის სიტყვები – „სახელმწიფო – ეს მე ვარ!“. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა „ექს-შუქურა“ მიშასა და აბსოლუტური მონარქ ლუი მე-14-ს შორის?  მე მგონი, მხოლოდ ის, რომ ლუი მე-14 პარიკს ატარებდა და უფრო წარმატებული მხედართმთავარი იყო, ხოლო ადამიანებისადმი დამოკიდებულებაში სხვაობა მიზერულია…

====================================================================

2. ზურა ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა (2006 წ. 2 მაისი)

თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედნიდან 500 მეტრში და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ავტოტრაფიკის წერტილში, მაშინ ჩოგბურთის კორტებთან (სადაც ყოველთვის უამრავი მშობლები და ბავშვები მოძრაობდნენ) განხორციელებული პოლიციური დევნის და ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციის ოპერაცია ფანტასტიურად მაჩვენებელია იმის, როგორ ყოველთვის ფეხებზე ჰკიდია ამ ხელისუფლებას ადამიანების უსაფრთხოება, უფლებები და მათ შორის ყველაზე უწმინდესი – სიცოცხლის უფლება.

თუ ზემოთხსენებულ აფრასიძეების საქმეში ხელისუფლებამ ის ადამიანები დახოცა, რომელთა კრიმინალური საქმიანობა ეჭვს არ იწვევდა, ამჟამად პოლიციამ მასიური ცეცხლის გახსნით მანქანაში ჩახოცა ორი ახალგაზრდა, რომელთაც მაქსიმუმ, თუ პოლიციის ჩანაწერებს ვენდობით, ქურდობის მხოლოდ განზრახვა თუ ჰქონდათ! ამით, საქართველოს ძლევამოსილმა და პრეზიდენტისაგან შეგულიანებულმა („ნულოვანი ტოლერანტულობა!“ „ადგილზე ლიკვიდაცია!“ „ყველანი ციხეში!“პოლიციამ ყველას გამოგვიცხადა – არამცთუ დანაშაულის ჩადენის, არამედ დანაშაულის დაგეგმვის შემთხვევაშიც ჩვენ უფლება გვაქვს ადგილზე გავანადგუროთ პოტენციური (Sic!)  დამნაშავეო!

პოლიციის მთავარი არგუმენტი, რატომ მოახდინეს მათ ახალგაზრდების დახოცვა, იყო ის, რომ პირველი ცეცხლი მანქანიდან გაიხსნა! თუნდაც ეს ასე ყოფილიყო, გაუგებარია, რატომ უნდა დაწყებულიყო ახალგაზრდების დევნა (მით უფრო, თუ პოლიციამ იცოდა, რომ მათ იარაღი ჰქონდათ!) ქალაქის ცენტრში – ამ ოპერაციის დროს მხოლოდ შემთხვევით მოხდა, რომ ვინმე გამვლელი არ დაიღუპა! თუმცა სოზარ სუბარის დიდი მეცადინეობის წყალობით, მოგვიანებით ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მანქანიდან ცეცხლი საერთოდ არ ყოფილა წარმოებული! ახალგაზრდები ისე დახოცეს, რომ მათ არამცთუ პირველებს, არამედ საერთოდაც არ გაუსვრიათ!

განსხვავებით სვანეთში ჩატარებული ოპერაციისაგან, ხელისუფლებამ ეს მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა თბილისის ცენტრში! ისე, რომ უამრავი თვითმხილველი შეესწრო. ოპერაციას თან ახლდა მასირებული მედია-მხარდაჭერა – განსხვავებით სხვა შემთხვევებისაგან (განსაკუთრებით – როინ შავაძის, გია კრიალაშვილის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობები) სამთავრობო არხებმა ეს სპეცოპერაცია დღის მთავარ თემად აქციეს. დავალება აშკარა იყო – თბილისელებს უთხრეს – ჩვენ მარტო სვანეთში არ ვხოცავთ დამნაშავეებს, თუ დაგვჭირდა, სწორედ თქვენ თვალწინ და სწორედ დღისით-მზისით დავხოცავთ. მერე რა, რომ გაცილებით უფრო ადვილი და ნაკლებ სისხლიანი იქნებოდა პოტენციურ დამნაშავეთა აყვანა სწორედ დანაშაულის ადგილზე, თუ პოლიციამ იცოდა, სად და რომელიც ბინის გასაქურდად მიდიოდნენ ისინი.  მთავარი სწორედ ეს მესიჯი იყო – „ყველას დაგხოცავთ!“

…ვაზაგაშვილის და ხუბულოვის მკვლელები არამცთუ არ დაუსჯიათ, არამედ დააჯილდოვეს და დააწინაურეს. ეს საქმე ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლოშია გადაცემული.

====================================================================

3. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა (2006 წ. 28 იანვარი)

არ ვაპირებ ამ ცნობილ საქმეზე დაწვრილებით შევჩერდე. მოკლედ კი ყველამ ვიცით, რომ  იმ საღამოს სანდრო გირგვლიანი ბარ შარდენში შეხვდა თავის მეგობარ გოგონას, რომელიც შსს მაღალჩინოსნის ვასილ სანოძის დაბადების დღის სუფრაზე იყო, სადაც ასევე იმყოფებოდნენ შსს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი მეგობრები (!) – პოლიციის მაღალჩინოსნები დათა ახალაია, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი. გირგვლიანს არ მოეწონა ის საზოგადოება, ვისთანაც მისი მეგობარი გოგონა სუფრას უჯდა და საკმაოდ ხმამაღლა უთხრა, – ამათთან (სავარაუდოდ – „ამ ძაღლებთან“) რა გინდაო?.. ამის შემდეგ მან თავის მეგობართან ერთად ბარი დატოვა, მაგრამ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ ვერ აიტანეს ასეთი შეურაცხყოფა, გამოიძახეს პოლიციელთა სადამსჯელო ბრიგადა, რომელმაც სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ლევან ბუხაიძე უკანონოდ დააკავეს, აიყვანეს ოქროყანის სასაფლაოზე და სასტიკად სცემეს. პოლიციელებმა გირგვლიანი წამებით მოკლეს… მაგრამ სააკაშვილის ჯიბის სასამართლომ „დაადგინა“, რომ თურმე გირგვლიანი ნაწამები კი არ იყო, არამედ, სავარაუდოდ, თავდამსხმელებს გაექცა, ეკლიან მავთულხლართებს გამოედო, დავარდა, რაღაც ბასრ საგანზე მიიღო მრავლობითი ჭრილობები და სისხლის დაკარგვის და გადაცივების გამო გარდაიცვალა!! „გამოძიების“ შედეგად ადამიანის უკანონო დაკავებაში და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალი დაედოთ და გაასამართლეს პოლიციელები – გერონტი (გია) ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე. მიუხედვად იმისა, რომ პროცესზე ლევან ბუხაიძემ ოლეგ მელნიკოვიც ამოიცნო, როგორც სადისტური წამების ყველაზე აქტიური პირი და ხელმძღვანელი, ამ უკანასკნელს ბრალი არ წარუყენეს, სასამართლომ უარი თქვა მოესმინა სატელეფონო ზარების ჩანაწერები, არ მოინდომა ყურადღებით და მთლიანად ენახა ოქროყანის გზაზე სათვალთვალო ვიდეოკამერების იმ ღამის ვიდეოჩანაწერები, არ დააზუსტა, ვის ეკუთვნოდა სამთავრობო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მკვლელობის მონაწილეთა მიერ იმ ღამით უამრავი ზარი განხორციელდა და საიდანაც ისინი, სავარაუდოდ, სამოქმედო ინსტრუქციებს იღებდნენ. დამნაშავეებს უფლებამოსილების გადამეტების (სანდრო გირგვლიანის უკანონოდ დაკავების და სასაფლაოზე აყვანის და ფიზიკური შეურაცხყოფის) ბრალდებით მინიმალური  სასჯელი 7-7 წელი შეუფარდეს, შემდეგ ამინისტიით გაუნახევრეს და პრატიკულად ამ ნახევრის მოხდამდეც კი, საქართველოს „ჰუმანისტი“ პრეზიდენტის მიერ (რომელიც მკვლელობის მცდელობის აშკარად შეთითხნილი ბრალდებით გასამართლებულ 13 წლის გვანცა ყუფარაძეს მუდამ უარს ეუბნება ამინისტიაზე!) – ციხიდან გამოუშვეს!! თან ისე, რომ ეს შეწყალება საქართველოს პატრიარქის თხოვნას დააბრალეს, რაც უარყოფილ იქნა საპატრიარქოს მიერ.

2011 წ. 26 აპრილს ადამიანის უფლებების სტრასბურგის სასამართლომ განიხილა გირგვლიანის ოჯახის სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ განახორციელა და, მეტიც, დაარღვია ეფექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულების უფლება. სასამართლოს დასკვნა არის ვერდიქტი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც თავს დემოკრატიულად ასაღებს, ხოლო სინამდვილეში ტიპიური პოლიციური რეჟიმია. ამიტომაც ყველაზე ხშირად ადამიანის უფლებათა  სასამართლოს დასკვნაში გამოყენებულია ტერმინი – „სასამართლო გაოგნებულია“! მართლაც, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, სადაც თავის დროზე სააკაშვილი სტაჟირებას გადიოდა და თავისი „ცხოვრების სიყვარულს“ შეხვდა, გაოგნებულია იმით, რომ … საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, პროკურატურა, მოსამართლეები, იუსტიციის მინისტრის მოადგილე (ასევე დავამატებდი – მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე/დღევანდელი უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი ბანოვანი მეუღოლე!), და თავად პრეზიდენტი – ანუ მთელი სახელმწიფო მანქანა …როგორ  „ყველა ერთად, შეხმატკბილებულად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.

თუ აფრასიძეები კრიმინალები იყვნენ, ხოლო ვაზაგაშვილზე და ხუბულოვზე სახელმწიფომ პოტენციური დამნაშავეების იარლიყის მიკვრა სცადა, სანდრო გირგვლიანის ბრალი მხოლოდ ის იყო, რომ მან სახელმწიფო ბობოლებს, სააკაშვილის მიერ აღზევებულ უტიფარ „ძალოვნებს“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც, მათ იგი სადისტურად აწამეს და მოკლეს! აბსოლუტურად ვეთანხმები სოზარ სუბარს, რომ გირგვლიანის საქმე იქცა ლაკმუსის ქაღალდად და ტესტად, რომელსაც სააკაშვილის ფურთხით და ზიზილ-პიპილოებით ნაგებმა „დემოკრატიის“ ხუხულამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა! ის, რომ რეჟიმი დღემდე წარმატებით ახორციელებს თავის სადამსჯელო ფუნქციებს, ვერ ჩაითვლება მისი სიმაგრის და უძლეველობის გარანტიად. სინამდვილეში სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმემ დაანახა მთელს საქართველოს (და მადლობა ამისთვის იმდროინდელ „იმედს“, რომელიც მაშინ ჭეშმარიტად მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი სიფხიზლის სადარაჯოზე მდგომი ჟურნალისტიკის მაგალითი იყი და არა დღვენადელი „ავლაბრის ტურფა“), რომ ეს ვითომ პროდასავლელი დემოკრატიული სისტემა მზად არის სადისტურად მოკლას ადამიანი და რაც მთავარია, არ დასაჯოს ამისთვის მკვლელები! სანდრო გირგვლიანის საქმის ჩაფარცხვა და მკვლელების შეწყალება უნდა გამხდარიყო ყველა პატიოსანი ადამიანისა და დასავლური მთავრობებისათვის იმის ინდიკატორი, რომ პრეზიდენტი, რომელიც დამნაშავეებს იფარავს და სამართალს აბრმავებს, ან ავადაა, ან თავად არის კრიმინალი! სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ბევრი ჩვენთაგანი, დროზე ვერ მივხვდით, რომ ეს მთავრობა, მორალურად უკვე არამცთუ ჩამოიშალა, არამედ გაიხრწნა და საშიში ინფექციის წყაროდ იქცა…

ამ საქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა, რომ გვერდზე დადგომოდა ჩვენი დროის ყველაზე დიდ მებრძოლს – ქალბატონ ირინა ენუქიძეს. მე პირადად ჩემს სირცხვილად მიმაჩნია, რომ ძალიან პასიური ვიყავი და მჯეროდა, რომ სააკაშვილი ამ გაკვეთილიდან სათანადო დასკვნებს გააკეთებდა და უახლოეს ხანებში (საკუთარი იმიჯის გადასარჩენად) მერაბიშვილს და იმ პირებს, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და ჩაიდინა, უხმაუროდ და ნელ-ნელა (შევარდნაძის დაბალანსების სტილში) ჩამოიშორებდა… რომ დასავლური მთავრობებიც უფრო მეტად იაქტიურებდნენ  და აიძულებდნენ სააკაშვილს უარი ეთქვა მერაბიშვილზე… სამწუხაროდ, ერთი „გაკვეთილი“, რაც რეჟიმმა გირგვლიანის საქმიდან გამოიტანა, იყო ის, რომ მათ შერჩათ და შერჩათ იმიტომ, რომ ომერტა მაფიოზურად დაიცვეს!  ხოლო მეორე ის, რომ იმისათვის, რათა ასეთი „ჩავარდნები“ აეცილებინათ, მათ … ერთადერთი დარჩენილი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია და მისი მფლობელი თავიდან უნდა მოეცილებინათ!!!

======================================================================

4. ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა (2004 წ. 23 ნოემბერი)

ეს მკვლელობა ქრონოლოგიურად გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე სხვა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ იგი არ იქცა საზოგადოების გაფრთხილების ისეთ მკვეთრ სიგნალად, როგორც გირგვლიანის ან თუნდაც გამცემლიძის მკვლელობები. მნიშვნელოვანწილად, ეს იმ დროს ქართული საზოგადოების “მიშაფილიით” სავალალო დაბრმავებას უკავშირდება.

ვარდების რევოლუციის პირველ წლისთავზე დიდუბის ეკლესიის მახლობლად საპატრულო პოლიციამ სცადა ავტომანქანის გაჩერება. ახალგაზრდებმა მანქანა გააჩერეს, მაგრამ პოლიციელმა 19 წლის ახალგაზრდას – ბუტა რობაქიძეს ესროლა და მოკლა. ამის შემდეგ პოლიციელებმა სცადეს ნივთმტკიცებათა არნახული ფაბრიკაცია – თბილისის პოლიციის უფროსმა ზურაბ მიქაძემ პოლიციის განყოფილებიდან შემთხვევის ადგილზე მიიტანა ავტომატები, ხოლო შსს დაქირავებულმა ურნალისტმა და გარეწარმა გურამ დონაძემ გადაიღო ფოტოები, როდესაც ეს იარაღი ავტომანქანაში და მოკლულის გვამის გვერდზე იყო დაწყობილი. ამ ხნის განმავლობაში პოლიცია შემთხვევის ადგილზე არავის უშვებდა, ხოლო მოკლულის მეგობრები ჰყავდათ მიწაზე დაწვენილი და მათზე მიდიოდა არნახული მუქარა, რომ მათ ეღიარებინათ მანქანაში იარაღის არსებობობის და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის „ფაქტი“! ახალგაზრდების და მათი ოჯახების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა ზეწოლას და გარდცვლილი რობაქიძე არ შერაცხეს ტერორისტად და კრიმინალად. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად პოლიციელთა მიერ დადგმული სპეტქაკლი აშკარა გახდა, პოლიციელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ როდესაც გასროლა მოახდინა, მას მოეჩვენა, რომ რობაქიძე შეიარაღებული იყო, მაგრამ შემდეგ დარწმუნდა, რომ ახალგაზრდას იარაღი არ ჰქონდა. მკვლელს – პოლიციელ გიორგი ბაშალეიშვილს სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა.

სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები განვითარებულ დემოკრატიებშიც ხდება. პრობლემა აქ ძირითადად ისაა, რომ ნორმალურ ქვეყანაში არამარტო მკვლელობის ჩამდენი  პოლიციელის პასუხისგების საკითხი დადგებოდა, არამედ იმ პირებისა, – მიქაძე, დონაძე და დანარჩენი პოლიციელები, რომლებიც საქმის რეალობის გაყალბებას ცდილობდნენ. როგორც ჩემმა ნაცნობმა უცხოელმა იურისტმა მითხარ, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა მოწმეებზე და მათ ოჯახებზე სერიოზულ და ხანგრძლივ ზეწოლას და ნივთმტკიცებათა სერიოზულ ფაბრიკაციის მცდელობას, ამ შემთხვევაში ამერიკული მართლმსაჯულება, სავარაუდოდ, გაცილებით უფრო მეტ სასჯელს  დააკისრებდა პოლიციელებს ამ ქმედებებისათვის, ვიდრე ქართულმა სასამართლომ ბაშალეიშვილს უდანანაშაულო პირის მკვლელობისთვის მიუსაჯა.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიება არნახულად ნელა მიდიოდა და პროცესი დასრულდა 2006 წლის 16 აგვისტოს – ანუ დანაშაულის ჩადენიდან 20 თვის შემდეგ! არ გამოვრიცხავ, რომ პროცესის შედეგებზე (იმაზე, რომ ბაშალეიშვილმა ბრალეულობა აღიარა და მას 4 წელი მაინც მიუსაჯეს) გავლენა მოახდინა იმ ძლიერმა რეზონანსმა, რაც სწორედ ამ დროს გირგვლიანის მკვლელობის გამოძიებას ჰქონდა!

======================================================================

5. გიორგი გამცემლიძის მკვლელობა (2008 წ. 8 მაისი)

31 წლის გიორგი გამცემლიძის მანქანა ღამით გააჩერა ორმა პოლიციელმა. გამცემლიძემ, რომელსაც, შემდგომში პოლიციელთა მტკიცებით, მანქანაში იარაღი ჰქონდა, ჯერ მანქანით გაქცევა სცადა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მანქანა ბორდიურზე ავარდა და გაჩერდა, მანქანიდან გადმოხტა და ისე სცადა გაქცევა. პოლიციელი ვახტანგ აბუაშვილი გაეკიდა გაქცეულს,  ესროლა და ადგილზე მოკლა. მოწმეების ჩვენებით აბუაშვილს არ მოუხდენია გაქცეულის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ სროლას აპირებდა და მისი პირველივე ნასროლი დამიზნებითი და სასიკვდილო (კისრის არეში) აღმოჩნდა. ისევე, როგორც რობაქიძის შემთხვევაში, აქაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან მოკლულის ახლოს იარაღის დადების მცდელობას. აღნიშნული დაინახეს იქ მაცხოვრებელმა პირებმა, რომელმაც ჩვენება მისცეს, რომ სწორედ პოლიციელმა დადო ახლომდებარე სხვენის თავზე  იარაღი და რომ გაქცეულ გამცემლიძეს ხელში იარაღი არ ჰქონია. სხვათაშორის, თავად პოლიციელი აბუაშვილი თავიდან ამას აღიარებდა, რომ მას არ დაუნახავს გამცემლიძის ხელში იარაღი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ჩვენება „მოულოდნელად“ შეცვალეს, რამდენადაც ორივე მათგანზე პროკურატურამ (თუ საგადასახადომ?) სასწრაფოდ საქმე აღძრა მოგონილი ბრალდებებით), ორივემ შეცვალა ჩვენება. ამდენად, გამოძიება „მივიდა“ დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელის მიერ იარაღის გამართლებულ გამოყენებას და სასჯელის ზომად მხოლოდ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა! და ეს იმ ქვეყანაში, სადაც 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა 35-ლარიანი ფიცრის მომპარავ 65 წლის ლტოლვილ მოხუცს, ხოლო 9-წლიანი პატიმრობა – გოჭის მომპარავ ახალგაზრდას!   აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი თავად იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და გარემოს დაცვის იმდროინდელი მინისტრის ნათესავი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მკვეთრად დადგა პოლიციელის მხარეზე, რითაც ყველას შეგვახსენა, რომ სწორედ პოლიციელი, სწორედ სახელმწიფოს მხრიდან იარაღით აღჭურვილი ადამიანი არის ყოველთვის დაუსჯელი და მას ყველაფერი ეპატიება. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ პოლიციელებმა იცოდნენ, სანამ ისინი რეჟიმის ერთგულნი არიან, მათ არაფერი ემუქრებათ. მე იმასაც კი ვუშვებ, რომ თავად პოლიციელი აბუაშვილი შეგუებული იყო იმ ფაქტს, რომ ადამიანის მკვლელობისათვის სამართლიანი სასჯელი ელოდა. მაგრამ ის მოსამართლეებმა და პროკურატურამ „გაამხნევეს“ და თავიდან მიცემული აღიარებითი ჩვენება შეაცვლევინეს. სახელმწიფომ ამ საქმის გამოძიებისას იმდენად კონკრეტული ვახტანგ აბუაშვილი კი არ დაიცვა, არამედ დაიცვა საკუთარი  იმიჯი და მოწმეების სრულიად აშკარად და „დროულად“ დაშინებით და საქმის აშკარა გაყალბებით ყველას ცინიკურად განგვიცხადა, რომ გირგვლიანის საქმეში მის მიერ „დაშვებული შეცდომა“, როცა აღიარა, რომ პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს და ამით თავისი „რეპუტაცია შელახა“, აღარ განმეორდებოდა!!! განსხვავებით გირგვლიანის მკვლელობის განმახორციელებელი და დამკვეთი მაღალჩინოსნებისგან, ვახტანგ აბუაშვილი არ იყო პოლიტიკურად ჟღერადი ფიგურა. ასევე არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მელნიკოვის, სანოძის, ახალაიას და ალანიას მსგავსად მას რაიმე პოლიტიკურ მკვლელობაში შეიძლებოდა ჰქონოდა ხელი გასვრილი… და მაინც, სახელმწიფო მას მთასავით გვერდით დაუდგა და დაგვარწმუნა, რომ არცერთი პოლიციელი არ იქნება დასჯილი, თუნდაც ნაცმოძრაობის წევრის მკვლელობის გამო.

კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი – 2004 წელს ბუტა რობაქიძის მეგობრები ვერ აიძულეს, რომ გარეწარი დონაძის მიერ დადგმული სპექტაკლის სცენარი მიეღოთ და გარდაცვლილი უდანაშაულო ბიჭი ლამის ტერორისტად შეერაცხათ. 2008 წელს რეჟიმმა უკვე წარმატებით დააშინა ის ორი მოწმე, რომელიც თავდაპირველად სიმართლის აღდგენას და დაცვას თავისი ინიციატივით ცდილობდნენ… დღეს, სამწუხაროდ უკვე ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ რიგითი მოქალაქე გაბედავს და რეჟიმის ძალადობრივი ქმედების დანახულ ფაქტს ამ რეჟიმის ერთგულ სასამართლოში განაცხადებს :((

================================================================

6. როინ შავაძის და გია კრიალაშვილის მკვლელობები (2008 წ 16 აგვისტო, 2009 წ. 21 მაისი)

ეს ორი მკვლელობა წარმოადგენს სააკაშვილის მხრიდან სამხედრო პირების ლიკვიდაციის ამაზრზენ ნიმუშს. ორივე მათგანი საკმაოდ გამორჩეული სამხედრო იყო, მიღებული ჰქონდათ როგორც საქართველოს, ასევე აშშ სარდლობის ჯილდოები, მათი სამხედრო გამოცდილება ეჭვს არ იწვევდა. როინ შავაძეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვაზე წაუყენეს ბრალი (თუმცა აქტიურად გაავრცელეს ხმები, რომ იგი აგვისტოს ომში მოღალატე იყო), ხოლო გია კრიალაშვილს ბრალი დასდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებაში.

არცერთი ეს ბრალდება არ დასტურდება.

როინ შავაძის უამრავი ტყვიით დაცხრილული და წარმოუდგენლად ნაწამები ცხედარი აბსოლუტურად შოკირებულ მეუღლეს პროზექტურაში ანახეს და უთხრეს, რომ იგი ბათუმის ტრასის გვერდით მინდორში ნახეს, ხოლო შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ მან ბათუმიდან თბილისამდე ბადრაგით ტრანსპორტირებისას გაქცევა სცადა და ამ დროს იქნა ლიკვიდირებული. ჯერ ერთი, უცნაურია, იმ დაზიანებების მქონე შავაძეს (გვამზე მთელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი!), როგორ უნდა მოეხერხებინა ბადრაგიანი სპეცავტომობილიდან გაქცევა. მეორეც, საინტერესოა, რამდენად გამართლებულია ნარკოტიკების შენახვაზე ბრალდებული პირის გაქცევისას მისი ადგილზე ჩაცხრილვა. დაბოლოს, ფაქტია, რომ რამდენიმე ათეული სასიკვდილო ჭრილობიდან ყველა ტყვია გვამს წინიდან აქვს მოხვედრილი, რაც გაქცევისას ლიკვიდაციის ვერსიას საბოლოოდ აბსურდულს ხდის.

კრიალაშვილის გვამი კი სპეციალურად დადგმული სპექტაკლის და სროლების შემდეგ მიკროავტობუსიდან ტრასაზე დააგდეს. არსებობს ეჭვი, რომ მისი ლიკვიდაცია სულ სხვაგან რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რის შემდეგ გვამი პროზექტურაში მიიტანეს, იქ სპექტაკლისათვის „მოამზადეს“ და შემდეგ ტრასაზე გადმოაგდეს. საინტერესოა, რომ ამ ფაქტს პირველად მრავალი მოწმე ჰყავდა (რომლებიც მრავალმა ჩვენთაგანმა ტელევიზიით იხილა), რომ გასროლები სწორედ მიაკროავტობუსიდან ხდებოდა, საიდანაც მერე გვამი გადმოაგდეს. სამწუხაროდ, როგორც ეს ბოლო წლებში ხდება, სასმართლო მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების ჩვენებებს ითვალისწინებს და აბსოლუტურ აქსიომად და შეურყვნელ სიმართლედ იღებს, სხვა ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც გამოძიების ვერსიას ყირაზე აყენებს, მიშურ-ქართულ ჯიბის სასამართლოს კატეგორიულად არ აინტერესებს. ისიც ფაქტია, რომ მოწმეთა უმრავლესობა რამდენიმე დღეში თავის პირველად ვერსიას ცვლის და ქართულ ვაი-სასამართლოს, გასაგები მიზეზების გამო არც იმის დადგენა არ აინტერესებს, ხომ არ მოხდა მათზე ზეწოლა. ქართულ ვაი-სასამართლოს, რომელსაც ბრალდებულის გამამართლებელი გადაწყვეტილება შემთხვევათა მხოლოდ დაახლოებით 1%-ში გამოაქვს, მხოლოდ ის აინტერესებს, რით გაახაროს რეჟიმის გული!

დასაშვებია, რომ როინ შავაძე, გარდა მაღალპროფესიონალი სამხედრო პირისა, პატრიოტი ადამიანი იყო და აღშფოთებული და გაოგნებული იყო ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიბეცით, სილაჩრით და უთაობით, რასაც ორდღენახევარიან (და არა „5-დღიან“, როგორც 5-იანზე დაცენტრილი ნაცმოძრაობის ლიდერები გვინერგავენ!) ომში კატასტროფული შედეგი მოჰყვა. მაგრამ დავუშვათ, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო! მით უფრო გასაკვირი არ არის, რომ „ენვერული თავგადასავლების“ სერიალის დამდგმელი ხელისუფლება მის არა დაკითხვას და  აღიარებითი ჩვენებების მიღებით ჯაშუშურ ჯაჭვზე გასვლას, არამედ – დაკავებიდან რამდენიმე საათში ლიკვიდაციას ახდენს??? ეს ხომ მაშინვე სწორედ იმ ვარაუდს ამყარებს, რომ შავაძემ რაღაც ისეთი იცოდა და არც მალავდა, რის გამოც სასწრაფოდ თავიდან მოიშორეს?!

რამდენად თეთრი ძაფებით არის ნაკერი 2009 წლის 5 მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმე, ამას სტუდია მონიტორის (www.monitori.ge) ჟურნალისტური გამოძიება „ამბოხი“ გვიჩვენებს.

გია კრიალაშვილის ლიკვიდაციის გარდა, ამ საქმეზე კობა ოთანაძე და კობა კობალაძეც დააკავეს. მათ წინააღმდეგ ერთადერთი „არგუმენტი“ (თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მრისხანე კითხვას – „ვინ დაქოქა ტანკები?“) იყო საეჭვო სუბიექტის – მურმან ღვალაძის აღიარებითი ჩვენებები. კობა კობალაძე შემდგომში, მიუხედავად სააკაშვილის მიერ ტელევიზორში გაცემული „სანქციისა“ – „ეგ გარეწარი კობალაძე ადრე იყო დასაჭერიო!“, რაც „კონსტიტუციური გარანტის“ და „დემოკრატიის ბურჯის“ მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის წარმოუდგენელი დარღვევაა, გაანთავისუფლეს, თუმცა გმირ გენერალს იარაღის ტარების ბრალდება წაუყენეს და ციხეში გატარებული ორი თვე ასე „დაუკანონეს“!

დავუშვათ, რომ გია კრიალაშვილი მართლაც იყო მითიური ამბოხის ორგანიზატორი. დავუშვათ, მას მართლაც ჰქონდა ამბოხის რუს მეკავშირეებთან შეთანხმებული გეგმა. განა მით უფრო უცნაური და ალოგიკური არ არის, რომ ასეთ ადამიანს, რომელიც სიმართლის დამდგენი გამოძიებისათვის ოქროს ზოდი უნდა გამხდარიყო, დაკავებისას კლავენ? ამით ხომ სიმართლის დადგენის და უცხოეთის სხვა აგენტების და პროცესის წარმმართველების გამოვლენის შანსი ისპობა?! ამიტომ ლოგიკურად შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორც შავაძის, ისე ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლება არა – სიმართლის დადგენით, არამედ, სიმართლის დამალვით  იყო მაქსიმალურად დაინტერესებული! თან ისეთი დამალვით, რომელსაც მომავალშიც ნაკლებ სავარაუდოა, ფარდა აეხადოს.

ჩემს მიერ მოყვანილ მკვლელობათა ჯაჭვში ამ მკვლელობებს რამდენიმე საინტერესო მახასიათებელი აქვს:

ა. ხელისუფლებამ ორივე შემთხვევაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისების გადაფარვა სცადა უკვე არა მარტო პიარ აქციებით, ავტობუსების აფეთქებით, ყალბი ტერორისტული აქტებით და შპიონებით, არამედ უკვე ადამიანთა გამიზნული და სადისტური ლიკვიდაციითაც!!! არ დაგვავიწყდეს, რომ როინ შავაძე მოკლეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ სამარცხვინოდ წააგო ომი, გასროლის გარეშე ჩააბარა რუსეთს კოდორის ხეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამხედრო პლაცდარმი იყო, გააფორმა დღემდე საზოგადოებისაგან დამალული კაპიტულაციის აქტი რუსეთთან და ეს იყო პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო მიხვდა, თუ რა დონის სუპერავანტურისტთან ჰქონდათ საქმე სააკაშვილის სახით. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ მუხროვანის „ამბოხის“ საქმე შეკერეს და გია კრიალაშვილი მოკლეს 2009 წლის მასიური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო მიხვდა, თუ რაოდენ არაპოპულარული იყო სააკაშვილის რეჟიმი ქართველ ხალხში და სააკაშვილმა ისევ ნაცად მაშველ რგოლს – რუსეთის აგრესიას და რუსული შეთქმულების მირაჟს მოუხმო. მკვლელობა განხორციელდა 26 მაისის სტადიონის მასიურ შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ეს მოვლენა ან ჩაეშალათ და ან გადაეფარათ.

ბ.   სააკაშვილის მთავრობამ სპეციალურად შეარჩია სამხედრო პირები, რომელთაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება და უშიშარი ხალხის სახელი ჰქონდათ. ლაჩარი ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სერიოზული დარტყმა მიაყენონ სწორედ მამაცებს. სააკაშვილის მხრიდან შავაძის და კრიალაშვილის ლიკვიდაცია იყო საზოგადოებისთვის გაგზავნილი საზარელი მუქარის შემცველი – „ჩვენ დავხოცავთ ყველას – მიუხედავად მათი სიმამაცისა, წოდებისა და ცხოვრების გზისა! და დავხოცავთ მაშინ და ისე, როგორც დაგვჭირდება!“

გ. ეს მკვლელობები იქცა სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ჯარის მიმართ დამოკიდებულების მკვეთრი შემობრუნების მაჩვენებელი. ადრე ჯარი იყო თავმოწონების და სიამაყის სიმბოლო, ახლა ჯარი იქცა იმ ინსტიტუტად, რომელსაც ცდილობენ გადააბრალონ ომში დამარცხება, აქციონ განტევების ვაცად, გააკონტროლონ ახალაიურ-კომისრული შანტაჟით, ძალად აკიდებული საბანკო კრედიტებით და საბოლოოდ გადააქციონ ქართველი ხალხის არა – დაცვის არამედ, – დაშინების ინსტრუმენტად. ქართულმა სახელმწიფომ დაგვანახა, რომ პოლიციისაგან განსხვავებით, ჯარისკაცობა არ არის იმუნიტეტის მატარებელი, პირიქით. ჯარისკაცი არის ის, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი შინ და გარეთ ადვილად გაწირავს!

====================================================================

7. ნიკა კვინტრიძის და სულიკო ასათიანის მკვლელობა

2011 წლის 26 მაისის სისხლიანი აღლუმი, რომელსაც ფეისბუქზე მოსწრებულად „ძაღლუმი“ დაერქვა, იქცა სააკაშვილის რეჟიმის პირსისხლიანობის კიდევ ერთ დასტურად. რეჟიმის ძალოვნებმა, სპეცნაზმა და ზონდერბრიგადების წევრებმა დაამტკიცეს, რომ ისინი სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოლიციის – თანამედროვე გესტაპოს – ღირსი მანქურთები არიან, რომელთაც შეუძლიათ „წარმატებით“ სცემონ და აწამონ მოხუცები და ბავშვები, მოკლან  მამაკაცები, მორალური შეურაცხყოფა მიაყენონ აქციის მონაწილეებს (მათ შორის ცნობილ სახეებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ არაკაცებისათვის არ არიან ცნობადი, მათთვის ცნობადობის ზღვარი გია თორთლაძეზე და კობა ხაბაზზე გადის). ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს კიდევ „ახალი“ გვამები – 4 თუ 8… არის საკმაოდ ავტორიტეტული პირების (უფლებადამცველი მანანა კობახიძე, იურისტი თამარ კორძაია) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სპეცნაზმა დარბევის ღამეს რუსთაველის კინოთეატრში გააუპატიურა ქალები, ხოლო კუდის თანამშრომლებმა, ცნობილი სადისტის „მაიმუნას“ მეთაურობით (რომელიც გასამართლებული იყო ახალგაზრდა ქალის სადისტური გაუპატიურების გამო, მაგრამ მერე სამსახურში აღადგინეს და რომან შავაძის სადისტურ მკვლეობაში მთავარი როლი ითამაშა), ბათუმში რეზინის ჯოხების და ხელჯოხების გამოყენებით გააუპატიურეს კაცები… 40-მდე ადამიანი დღემდე დაკარგულთა სიაში რჩება და არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი მართლაც გარდაცვლილი იყოს და მათი გვამები ან ვერასდროს ვნახოთ, ან აქციის ადგილიდან – საკმაოდ შორს, რაც პოლიციას და ნაცმოძრაობის ლიდერებს მხრების აჩეჩვის  საფუძველს მისცემს… სხვათაშორის, ჩემი დამოკიდებულება 26 მაისში მონაწილე პოლიტიკური ლიდერებისადმი გამოვხატე სტატიაში „2011 წ. 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის დღე“ და სულაც არ ვფიქრობ, რომ აქციის კატასტროფულ შედეგებზე მისმა ორგანიზატორებმა პასუხი არ უნდა აგონ. მაგრამ ამ აქციის შედეგად აშკარაა, რომ სააკაშვილმა საბოლოოდ გადააბიჯა ყველა ზღვარს და მისი პოლიტიკური მმართველობის დასასრული ვერაფრით ვერ იქნეს მშვიდობიანი. სააკაშვილის რეჟიმი არის ისევე ანტიჰუმანური, როგორც ლუკაშენკოს და მუბარაქის რეჟიმები და იგი უნდა გასამართლდეს! ყოველი დღე მისი მმართველობისა იქნება მეტი ტყუილის, მეტი ამორალობის, მეტი ცრემლის და მეტი სისხლის საწინდარი. მიხეილ სააკაშვილს, ძალიანაც რომ უნდოდეს, პირადად უკვე გავლილი აქვს ვერდაბრუნების წერტილი…

მაგრამ მე მაინც მინდა შევჩერდე ამ ორი ცხედრის ამბავზე. აშკარაა, რომ ეს არის ყველაზე უფრო მასშტაბური და სისხლიანი სპექტაკლი, რაც ნერონ სააკაშვილს აქამდე დაუდგამს. ასევე აშკარაა, რომ რეჟიმი, რომელიც 2003-2009 წლებში „ნულოვან ტოლერანტულობას“ თავის სამოქმედო პროგრამად აცხადებდა, რომელმაც ამ წლებში 69 ადამიანი (ნათია მიქიაშვილის ფილმი „მერაბიშვილის ანატომია“) ქუჩაში პინოჩეტის და ფრანკოს რეჟიმების ანალოგიურად დახვრიტა და იშვიათი გამონაკლისის გარდა მაინცდამაინც არ ცდილობდა ამაზე თავი ემართლებინა, ახლა უკვე ვერაა მოტორზე, იცის რა რომ რეპუტაციის სიმაგრეში სერიოზყული ხარვეზები აქვს, რომელსაც შერონ სტოუნი თუ ეშველის და ამიტომ გვამების შელამაზებაზე გადავიდა. ხელფეხშეკრული გვამები  სახურავებზე არ დადიან და დენის სადენებს ხელს არ ჰკიდებენ. ქალაქის ცენტრში ერთსართულიანი მაღაზიის თუნუქის სახურავზე მაისის თვეში დაგდებული ორი გვამის მიტინიგის დაშლიდან მხოლოდ 48 საათის შემდეგ „აღმოჩენა“ მხოლოდ ბრმების და დებულების ქალაქში თუ შეიძლება. დაბოლოს აშკარაა, რომ  ნიკა კვინტრიძე ხელფეხშეკრული გადაღებულია იმ ღამით და როგორ მოხვდა ხელფეხშეკრული ადამიანი ორი დღის შემდეგ მკვდარი მაღაზიის თავზე, ამას ალბათ როდესმე მოყვება რომელიმე პოლიციელი, ის ვინც თავისი აღიარებითი ჩვენებით თავის თავს აარიდებს სასჯელს და მაშინვე გაიმეტებს ამ სადისტური ანგარიშსწორების და სპექტაკლის თანამონაწილეებს, როცა სააკაშვილის რეჟიმს აგონია დაეწყება.

სულიკო ასათიანი იყო ადამიანი, რომელიც სააკაშვილის სურათს ჯიბით ატარებდა. სულიკო ასათიანის შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში სწორედ სააკაშვილის ავანტურისტული სიბეცის წყალობით დაიღუპა. სულიკო ასათიანმა ჯერ დაღუპული შვილის გმირობის მედალი მიიღო მიწაზე ნახოხები მხედართმთავრის ხელიდან, ხოლო 2011 წლის 26 მაისის ღამეს სიკვდილიც ამ ადამიანის ხელიდან მიიღო, ისევე როგორც უკვე ცხედრად ქცეულმა – დენის დარტყმა – სავარაუდოდ შსს საამმართველოს სარდაფში, რომელიც დღეს ისევე შეიძლება იყოს გვამების საწყობი, როგორც ამას ჰუმანისტი ვარდოვნები კახა თარგამაძის პერიოდზე ჰყვებოდნენ.

================================================================

რა იქნება ხვალ?

რეჟიმი წინ მიდის, რეჟიმი ისევე ვერ ჩერდება, როგორც ველოსიპედისტი, რომელიც თოკზე მიდის, მისი გადარჩენა მხოლოდ მოძრაობაა. საუბედუროდ ამ მოძრაობას ახალ-ახალი მსხვერპლი მოჰყვება…

ერთი გვამი შეიძლება ბურჯანაძის ესკორტს დააბრალო, ორი – დენის დარტყმას მარკეტ „ციცის“ სახურავზე, სამი-ოთხი – წყალდიდობას და მეწყერს, 6-12-ს ავტობუსის გადავარდნა გააპრავებს, 50-ს ალბათ თვითმფრინავის კატასტროფა დაჭირდება… 200-ზე მეტი?…

200-ზე მეტის წამალი – კატინია. მერე, თუ სამარხს როდესმე გათხრიან, საჭიროა რომ იქ დროულად ჩაიდოს რაიმე რუსული ნივთმტკიცება… მაგალითად, რომელიმე რუსული სიგარეტის ბიჩოკები, რაც გივი თარგამაძის იდეურ შვილებს საშუალებას მისცემს ამტკიცონ, რომ ეს ქართველი ხალხის ჯალათებმა ჩაიდინეს! კატინშიც ხომ ასე იყო, ათეულობით წელი საბჭოთა პროპაგანდა სწორედ ამას ამტკიცებდა…

და არც იქნებიან, ფორმალურად მაინც, გივი თარგამაძის იდეური შვილები მტყუანნი… რამეთუ ეს ყველაფერი, მართლაც ქართველი ხალხის ჯალათების მიერ ხდება…

P.S. მე განგებ არ შევეხე არ თავში პოლიტიკურ მკვლელობებს – ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, ბადრი პატარკაციშვილის – „აუხსნელ“ სიკვდილს. ეს გაცილებით უფრო რთული თემაა. ერთი რამ შემიძლია მხოლოდ ახლა ვთქვა. მაშინაც კი, თუ ზურაბ ჟვანია სააკაშვილის ბრძანებით არ მოუკლავთ და მხოლოდ შემთხვევითი, საბედისწერო სიკვდილის მსხვერპლია, ის მაინც, რა ტაბუ დაედო მისი სიკვდილის გამოძიებას, და როგორ მიაყოლეს მას რამდენიმე ადამიანი, განსაკუთრებით – ლევან სამხარაული, მაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს სიკვდილი გახდა სააკაშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. რადგან როდესაც მასწავლებელზე მოსაკლავად ხელს აღმართავ, ან მისი სიკვდილის ნამდვილ მიზეზს დამალავ, ამის მერე ან თავად ხდები მონსტრი, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, ან სხვები გაქცევენ მონსტრად, მათ ხელში ხომ უბრალო მექანიკური სათამაშო ხარ…

=======================================

P.P.S.  ამ სიტყვების დაწერიდან გავიდა 9 თვე და რეჟიმის ლუსტრაცია ნელა, მაგრამ მაინც მიდის – უკვე საერთაშორისო არენაზე. და იმის პარალელურად, რომ მთელი მსოფლიო სულ უფრო მეტ პარალელს ნახულობს საკაშვილსა და პუტინს შორის, რომ სულ უფრო მეტი ავტორიტეტული საერთაშორისო  უფლებადამცველი ორგანიზაცია აქვეყნებს არასახარბიელო ანგარიშებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის, პატიმართა და დაკავებულთა წამების და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც – სააკაშვილის სასამართლოს მიერ არჩევითი სამართლის გამოყენებისა და პოლიტიზირებული პროცესების შესახებ, სულ უფრო გამაოგნებელი ხდება სააკაშვილის მანქურთი ძალოვნების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ტერორის და ძალადობის მასშტაბები. 2012 წ. 28 თებერვალს – პარლამენტში სააკაშვილის მორიგი უტიფარი და ყალბი ანგარიშის წარდგენის დღეს – ხაშურის პოლიციაში მიიყვანეს ქურდობაში ეჭვმიტანილი (ადრე ქურდობისთვის ნასამართლევი) ქვიშხეთელი სოლომონ ქიმერიძე, რომელიც არც იყო გატარებული პოლიციის მიერ, როგორც ეჭვმიტანილი და დაკავებული, ქიმერიძის გვამი იმავე დღის შუადღეზე სახლში მიიტანეს მრავლობითი დაზიანებებით, რომელთა ხასიათის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი პოლიციაში წამებით მოკლეს! პოლიციის განცხადებით, “სოსო ქიმერიძე მესამე სართულიდან მეორეზე ჩამოყვანისას კიბის უჯრედიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა”! პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი 47 წლის ადამიანის გარდაცვალებაზე შსს არამცთუ მოკვლევას არ აწარმოებს, არამედ საკუთარი ზონდერების და ნაცმოძრაობის აქტივისტების მეშვეობით დააშინა ოჯახის წევრები და დაბლოკა პანაშვიდზე ჩასული საზოგადოების წევრების, ოპოზიციონერების და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ოჯახის წევრებთან შეხვედრა! ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბის სახელმწიფო კრიმინალი და ტერორი! მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ მართული ნაციონალური მოძრაობა არის კრიმინალური ბანდა, რომელიც უნდა გასამართლდეს საზოგადოების წინაშე ჩადენილი მრავლობითი უმძიმესი დანაშაულებების ორგანიზების, განხორციელების და ამ დანაშაულებათა საშუალებით ქართველი ხალხის მასობრივი ტერორის ბრალდებით.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s