ვაჰ, სოფელო!..


სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.

იგი აფხაზეთის არაღიარებული (ვანუატუს და ნაურუს თუ არ ჩავთვლით) რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო.

ვუთანაგრძნობ აფხაზ ხალხს და მისი ოჯახს და ახლობლებს ბატონი ბაღაფშის გარდაცვალების გამო.

მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია და ენერგიის და მადის ნაკლებობას არ უჩივის. იგი  აღიარებული და ნაწილობრივ ანექსირებული საქართველოს პრეზიდენტია.

მიხეილ სააკაშვილმა მოიარა ევროპა და ამერიკა, განათლდა კოლუმბიის და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ევროსაბჭოს სტაჟორი იყო, იურისტი კაცია, ამერიკაში იურიდიულ კანტორაში ნამუშევარი. ცნობილი ფილოსოფოსის ანდრე გლუქსმანის და ცნობილი მფრინავ-პოლიტიკოსის ჯონ მაკკეინის ძმაკაცია და გლუქსმანის შვილი მასზე წიგნებს წერს. ბავშვობაში საბნის ქვეშ შემძვრალი კრის დე ბურგის არვიცოდი-და თურმე აკრძალულ „ლედი ინ რედს“ უსმენდა და დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდა… მერე, როცა დრომ მოიტანა და სსრკ კგბ-ს დაქვემდებარებულ სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა და სპეცლიმიტით და კგბ-სვე გენერალ ბიძამისის რეკომენდაციით  კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში მოეწყო, მაშინაც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა, ოღონდ, მხოლოდ ისეთ საქართველოზე, სადაც თავად იქნებოდა პრეზიდენტი და სადაც თავის ჭკუაზე დაალაგებდა, ააშენებდა, და შეღებავდა ყველაფერს… ბატონი სააკაშვილი ყოველთვის ხაზს უსვამს თავის პროდასავლელობას, რომ მისი ამოცანაა საქართველო გაიყვანოს დასავლურ ორბიტაზე, შეიყვანოს ნატოში (ალბათ – სეატოშიც! თუკი სინგაპურზე მიდგა საქმე) და  ევროკავშირში… გახადოს წარმატებული, მდიდარი და კეთილდღეობის ნავსაყუდელი ქვეყანა, „გაერთიანებული და გაძლიერებული ევროპული ქვეყანა“, „კავკასიის შვეიცარია“,  „კავკასიური სინგაპური“, „ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“, „ყველაზე არაკორუმპირებული პოლიციით მზეამოსული“ და ა.შ… სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჩამოთვლილი სულ უფრო გვშორდება (სინგაპურის და პოლიციური/პოლიციით-მზეამოსული სახელმწიფოს გარდა),  მირაჟივით… ეტყობა იმიტომ, რომ იქეთ არ მიგვათრევს ბატონი სააკაშვილი, თუმცა თვითონ ჰგონია, რომ არასაკმარისად სწრაფად და ენერგიულად მიგვათრევს… მეტი ტრაქტორი და ბულდოზერია, ალბათ, საჭირო, რომ ქვეყანა შედგეს… ან, – კიდევ უფრო მეტად შეგვდგეს… ამიტომ ბატონი სააკაშვილი ტყავიდან ძვრება – ყველაგან სადაც ომია, ქართველებს აგზავნის ნატოს და ევროკავშირის მოქალაქეების მაგიერ, რათა მერე ამ ქვეყნების ლიდერებმა ყველაფერზე, მის ყველანარ უმსგავსობაზე თვალი დახუჭონ… ყველას ექაჩება საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად და არწმუნებს, რომ საერთოდ არაფერს გადაახდევინებს… უფასო ყველის ამბავია…

სერგეი ბაღაფში ნამდვილად არ იყო დასავლური ორიენტაციის პიროვნება. პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე მისი მთავარი დასაყრდენი არა დასავლური დემოკრატიები, არამედ სწორედაც რომ რუსეთის იმპერია იყო. ბატონი ბაღაფშის ამოცანა იყო აფხაზეთის დამოუკიდებლობის განმტკიცება და აფხაზეთის აღიარების პროცესისი შეუქცევადად გადაქცევა (თუ – ბოლომდე მიყვანა არა). ამ მხრივ, ბატონი ბაღაფში სააკაშვილზე უფრო მოკრძალებულ ამოცანას ისახავდა და ამიტომ მეტსაც მიაღწია. ტერიტორიები რაც ჰქონდა, იმაზე მეტი დატოვა (ბატონმა სააკაშვილმა ამისთვის კარგი „პლაცდარმი“ შეუქმნა კოდორის ხეობისთვის „ზემო აფხაზეთის“ სახელის დამკვიდრებით)… რომ მოვიდა, არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა და ახლა უკვე 5-ია. მართალია, აქედან ზოგიერთი ისეთია, სადაც აფხაზეთი კი არა, ალბათ რუსეთიც არ იციან, მაინცდამაინც. და მაინც, დარწმუნებული ვარ, რომ ბაღაფში დღეს აფხაზი ხალხისთვის უფრო წარმატებული და პოპულარული პოლიტიკოსია, ვიდრე სააკაშვილი – ქართველებისათვის.

თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ საბოლოოდ ის პოლიტიკა, რასაც ბაღაფში მემკვიდრეობით ატარებდა, აფხაზ ხალხს ბედნიერებამდე მიიყვანს! მაგრამ განა სააკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის გვირაბში ქართველებისთვის სინათლე ჩანს? ან პერსპექტივის განცდა მაინც არის?

სერგეი ბაღაფშის მთავარი მხარდამჭერი რუსეთის იმპერია კია, მაგრამ ეს თავიდან სულაც არ იყო ასე! პირიქით, რუსეთი ისე აქტიურად უჭერდა მხარს ბაღაფშის ოპონენტს და პუტინის თანამესანგრეს, კგბ-ს კრეატურას რაულ ხაჯიმბას, რომ ბაღაფშის გამარჯვების შემდეგ კარგა ხანს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადეს. ხოლო მერე აიძულეს, რომ ხაჯიმბა, რომლის მომხრეები ბაღაფშის მომხრეებს იარაღით უპირისპირდებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტად აეყვანა…  

ბაღაფშის პოლიტიკურ კარიერაში სიძნელეები სწორედ მაშინ დაიწყო, როცა თითქოს მისთვის რუსეთის უპირობო მხარდაჭერის ოქროს ხანა დადგა. გავრცელებული ხმებით, რუსეთი სწორედ აფხაზეთიდან აპირებდა საქართველოსთან ომის პროვოცირებას, საზღვარზე აფხაზურ-ქართული შენაერთების დაპირისპირების და შემდეგ მსხვერპლის და „აფხაზეთზე თავდასხმის გამო პასუხის“ საბაბით სამეგრელოში შეჭრით (უკვე რუსული დივიზიებით) და სწორედ ბაღაფში იყო ის ადამიანი, რომელიც ამ გეგმებს შეეწინააღმდეგა. არა მგონია, ეს საქართველოს და ქართველების სიყვარულით მოსვლოდა, მაგრამ თუ ეს მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებით და საკუთარი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა, მაშინაც კი ამ ნაბიჯის სიბრძნე აშკარაა ისტორიული პერსპექტივაში. შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო გრანდიოზულ „ოსურ ხაფანგში“ თავგამეტებით ისკუპა, აფხაზეთის ტერიტორიიდან ბაღაფშს ისევ არ შემოუყვანია აფხაზური ნაწილები – თავისი ხალხის მსხვერპლსაც მოერიდა და თავის რეპუტაციასაც. საინტერესოა, მის ადგილზე ბატონი სააკაშვილი რას იზამდა? მგონი, მხოლოდ რიტორიკული კითხვაა, რადგან ბატონ სააკაშვილს არც თავისი ხალხის მსხვერპლი ადარდებს (გაიხსენეთ – „ჯარისკაცი იმის ჯარისკაცია, რომ უნდა დაიღუპოს!“) და არც იმის პრობლემა არ აქვს, რომ რეპუტაცია გაყალბებებით და დადგმული სპექტაკლებით (ხურჩის ცნობილი სპექტაკლი, განმუხურის კომედია, სერიალები ენვერ-კოჭოიაზე…) „გაამშვენიეროს“…

ბაღაფშისთვის კი  შემდეგი პრობლემები კი სულ უფრო მწვავე ხდებოდა. რუსეთი სულ უფრო ცინიკურად ითხოვდა „ვალების“ დაბრუნებას. როგორც ამბობენ, долг платежом красен! 2008 წლის აგვისტოს მერე საქართველოს მთავრობამ რუსეთის სახალხოდ აგრესორად ანათემისა და ეგზალტირებული კრულვის ფონზე დაჩქარებული ტემპებით გააგრძელა ჩუმად რუსეთისთვის ენერგეტიკული და სხვა ობიექტების მიყიდვა-დათმობა. ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ენგურჰესის გასხვისების მოლაპარაკებები იყო, რომელსაც გილაურის მთავრობა ვეღარ უარყოფს, მაგრამ კატეგორიულად არ ამხელს, რა ხდება. კულუარული ინფორმაციების თანახმად, შეთანხმებას ხელი აფხაზების ხისტმა პოზიციამ შეუშალა – მათ უარი თქვეს ენგურჰესის მათ მხარეზე დარჩენილი ნაწილის სამმართავი პუნქტის რუსეთისთვის გადაცემაზე. ამის შემდეგ რუსეთს მის კმაყოფაზე მყოფი აფხაზეთისაგან სულ უფრო უჭირს იმ დათმობების მიღება, რასაც იგი იოლად მოელოდა. ერთადერთი, რაც ბაღაფშმა იოლად დათმო, ეს სამთავრობო აგარაკები იყო, რომელთა გავერანებული მდგომარეობიდან აღდგენის რესურსი აფხაზეთს არ გააჩნდა. რკინიგზა იქნებოდა ეს, აფხაზეთიდან ქვიშა-ღორღის გატანა, აფხაზეთში კვალიფიციური სამუშაო ძალის შემოყვანის მიზეზით ათეულათასობით კაზაკის და მათი ოჯახების ჩამოსახლება, აეროპორტის გადაცემა თუ, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის და სასაზღვრო ტეროტორიების გადაცემა, ბაღაფშის მთავრობა ძალიან ძნელად ან სულაც არ თმობდა ამ ყველაფერს, რითაც რუსეთის მთავრობის შენიღბულ, მაგრამ მაინც საგრძნობ გაღიზიანებას იწვევდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რუსეთმა რომ მიშას დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნოს და მერე იმაზე ჩუმად სამჯერ მეტი მოთხოვოს, ბატონი მიხეილი რაიმეზე უარს ეტყვის? ასე მგონია, ჩერქეზების გენოციდის აღიარება კი არა, სულაც ავღანეთიდან გამოიყვანს ჩვენს ანტიტერორისტულ შენაერთებს და დაღესტანში და ინგუშეთში საპატრულოდ გაუგზავნის რუსეთის პრეზიდენტს!

სერგეი ბაღაფშზე რუსეთიდან წარმოებული წნეხის მასშტაბის რეალურად შეფასებას ამჯერად, ალბათ,  ვერავინ შეძლებს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს საკმაოდ ძლიერი წნეხი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა ხასიათზე იქნებოდნენ პუტინ-მედვედევი, როცა მათი სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური მილიარდებიანი დახმარებების წყალობით უცებ დამოუკიდებლად ქცეული აფხაზეთი როგორ იწყებდა ევროკავშირისკენ იმედის თვალით ყურებას და „ჩვენ თანახმა არ ვართ!“ განცხადებებით პასუხს მადააშლილი სუზერენის მიერ ტერიტორიების და სხვა სიმდიდრეების მიტაცების მცდელობებზე.

ბაღაფში საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა დიპლომატიურ თამაშს. მისი პასუხი რუსეთის მტაცებლურ მოთხოვნებზე მოზომილი და დამთმობი იყო. მაგრამ მერე უცებ მიმდინარე  საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ  ხდებოდა „შემთხვევით“ ინფორმაციის გაჟონვა და  აფხაზი ხალხის მხრიდან საკმაოდ ხმაურიანი საპროტესტო მუხტის გამოხატვა. ამის მერე ბაღაფშს „არაფერი რჩებოდა“ იმის გარდა, რომ რომ რუსეთისთვის დათმობები ან მომავლისთვის გადაედო, ან უარეყო, ან – ისეთ მინიმუმზე დაეყვანა, რომ რუსი პატრონებიც მთლად არ მოემდურებინა და აფხაზი საზოგადოებაც დაეშოშმინებინა. ამ მხრივ, სერგეი ბაღაფშის პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კრედოსაგან, რომელიც ორიოდ სიტყვით ასე შეიძლება გამოიხატოს -„ არავითარი დათმობა – ხალხს!“

მაგრამ  რუსი მმართველების სულ უფრო ცუდად შეფარული გაღიზიანების და ლავროვის მოხშირებული ვიზიტების ფონზე ბოლო ორი წლის განმავლობაში საინტერესო პოზიცია გამოიკვეთა: ბაღაფშის ყველაზე აგრესიული კრიტიკა და აფხაზი ხალხის ინტერესების ღალატში და რუსებისთვის აფხაზეთის სიმდიდრეების გადაცემაში დადანაშაულების  ყველაზე მწარე ბრალდებების ავტორად იქცა ადრე ყველაზე პრორუსული აფხაზი პოლიტიკოსი რაულ ხაჯიმბა! პოლიტიკაში ოღონდ მეტოქე დაასუსტო და მართლაც ყველაფერი მოსულა, მაგრამ… რაულ ხაჯინბას მთავარი მინუსი წინა საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მისი პრორუსულობა იქცა… ამის მერე ხაჯიმბამ რუსი პატრონებისგან დისტანცირება დაიწყო და თუ ადრე პროქართულობას აბრალებდა ბაღაფშს და ანქვაბს, ახლა სწორდაც რომ პრორუსულობის ბრალდებებით იწყო მათი მეთოდურად დაძირვა!

სავლეს პავლედ ქცევის ეს საინტერესო პროცესი მხოლოდ შირმა იქნებოდა, რომ არა სერგეი ბაღაფშის უეცარი მოსკოვური გარდაცვალება, რომელმაც მე ჯერ კიდევ 20-იან წლებში მარშალ ფრუნზეს მოსკოვში ბრმა ნაწლავის საოპერაციოდ ჩასვლა და „მოულოდნელი“ სიკვდილი გამახსენა. უცნაური ის იყო, რომ ბაღაფშის ოპერაციიდან მეორე დღეს რატომღაც არავის უხსენებია სიმსივნე და მეტასტაზები, ხოლო შემდეგ, როცა მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, მიუხედავად ბრავადული განცხადებებისა (საშიში არაფერიაო, რომელიც ტიპიურად „პრავდის“ სტილში იყო და უკუღმა უნდა წაგეკითხა!) მესამე დღეს ბაღაფში მოულოდნელად გარდაიცვალა…  ის, რომ გვამი მაშინვე კი არ გადაასვენეს სოხუმში, არამედ რამდენიმე დღით მოსკოვში  დატოვეს „პანაშვიდის გადასახდელად“ კვალის ჩაფარცხვის ოპერაციას ჰგავდა…

საინტერესო კი ის არის, რომ თუ ამჟამად ბაღაფშის მმართველობის დროს მომხდარი საიდუმლო გარიგებების „გახსნა“ დაიწყო, ამით მოგებული სწორედ ის ყველაზე „მამხილებელი“ ოპონენტი  აღმოჩნდება, რომელიც გარდაცვლილს აფხაზი ხალხის ინტერესების ღალატში დებდა ბრალს, თუმცა თავად ვისი და რისი დამცველია, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ჰოდა, საპრეზიდენტო ვადის დამთავრებამდე ბაღაფშის ასეთი მოულოდნელი წასვლა სწორედ ხაჯიმბას და მის ფარულ (თითქოს „დაპირისპირებულ“!) მფარველებს უხსნის ხელებს, რომ სავსებით მოსალოდნელი ორი შედარებით პროდასავლელი და პრაგმატიკოსი ლიდერიდან (შამბა და ანქვაბი, ამ უკანასკნელს ბოლო 3 წელიწადში სამი ტერორისტული აქტი მოუწეყვეს!) კი არ გაკეთდეს არჩევანი, არამედ – „აფხაზი ხალხის უფლებების გმირულად დამცველ“  რაულ ხაჯიმბაზე, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს ისევე ლამაზად და უხმაუროდ გადააბარებს რუსეთს, როგორც ამას საქართველოში რუსეთთან მუდამ მეომარი და რუსეთისთვის ყველაფრის მიმყიდველ-დამთმობი მიხეილ სააკაშვილი ახერხებს…

სერგეი ბაღაფში კავკასიური ტრადიციების მიმდევარი ადამიანი გახლდათ და საკუთარი ხალხის ცემა-ტყეპით და, დაშინებით, ნულოვანი ტოლერანტულობით თავი არ გამოუჩენია. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მისი მმართველობა კორუფციისაგან თავისუფალი იყო, მაგრამ ამ მხრივ, რომ მიხეილ სააკაშვილს და ედუარდ კოკოითს ძალიან „ჩამორჩებოდა“, აშკარაა.

ამ წერილში განზრახ არ შევეხე სერგეი ბაღაფშის დამოკიდებულებას აფხაზეთის ქართულ მოსახლეობასთან. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ იგი ამ მოსახლებისათვის მისაღები და მოსაწონი პოლიტიკოსი იყო. მის დროს  გალის მოსახლეობა ოფიციალურად გაფორმდა, როგორც აფხაზეთის აბსოლუტურად უუფლებო და დისკრიმინირებული საზოგადოება, ქართველების ათობით და ალბათ, ასობითაც დაყაჩაღების და მკვლელობის ფაქტები უხშირესად გამოუძიებელი რჩებოდა. მაგრამ ჩემი მიზანი ამჯერად არ ყოფილა სერგეი ბაღაფშის ქართველ მოსახლეობასთან დამოკიდებულების ანალიზი. ამჯერად, მე მსურდა  იმაზე დაფიქრება, თუ როგორ მოხდა, რომ არადემოკრატიული  რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სერგეი ბაღაფში უფრო ახერხებდა თავისი ხალხის (აფხაზების) ინტერესების დაცვას და არაკონფლიქტური მმართველობის წარმოებას, ვიდრე დემოკრატიული დასავლეთის მიერ ერთ დროს „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხული მიხეილ სააკაშვილი ქართველი ხალხის ინტერესების „დაცვას“!  მე მგონი, სანამ აფხაზებს ისეთი ლიდერები ეყოლებათ, როგორც მათთვის (sic!) სერგეი ბაღაფში იყო, ხოლო ქართველებს ისეთი, – როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არავითარი პერსპექტივა არ არსებობს იმისთვის, რომ აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ! იმ საქართველოში, რომელიც თავის მოსახლეობას ამორალურად და ცინიკურად, საშინელი ძალადობის გამოყენებით უსწორდება, ყველანაირად ამცირებს და ატყავებს! მგონი, პირიქით, არაა გამორიცხული, რომ 2010 წელს ქართული ხელისუფლების მიერ დაწყებული ლტოლვილების დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან მასიური და უკანონო, ღირსების შემლახავი „დეპორტაციის“ შემთხვევებმა საპირისპირო პროცესებს დაუდოს საწყისი – ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში აფხაზი დე-ფაქტო ლიდერების მმართველობის ქვეშ, რადგან რუსული/საბჭოთა ლოზუნგი „Бей своих, чтоб чужие боялись!“ სამწუხაროდ, სწორედ სააკაშვილის „ქართულმა“ სახელმწიფომ გადმოიღო, რომელსაც ქართული არაფერი შერჩა, ლამის, ჰიმნის გარდა!

რა თქმა უნდა, არგუმენტები არ მაქვს, ვილაპარაკო, რომ სერგეი ბაღაფშის უეცარი გარდაცვალება რუსეთის ხელისუფლების მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ყოველივე დაფარული გაცხადდების… ეს სწორედ რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დროს გახდება ცხადი. და თუ ჩემი ვარაუდი სწორია, მაშინ კიდევ ერთი საინტერესო საკითხი დგება დღის წესრიგში – რატომ უნდა ეზრუნა რუსეთს თავისი „მოკავშირის“ – სერგეი ბაღაფშის თავიდან მოშორებაზე და  რატომ იტანს უდრტვინველად „მოსისხლე მტრის“ მიხეილ სააკაშვილის ბაქიბუქს და კიტრის პწკალით ჩხვლეტებს? იმიტომ ხომ არა, რომ სწორედ სერგეი ბაღაფში იყო ის ადამიანი, ვინც საკმაოდ დახვეწილად არ აძლევდა რუსეთს აფხაზეთში თავისი ინტერესების სრულად გატარების შესაძლებლობას, ხოლო მიხეილ სააკაშვილის გამყიდველი, უნიათო და რეგვენი ხელისუფლებლება კი სწორედაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?!

აფხაზ ხალხს ვუსურვებ არ დაეკარგოთ დემოკრატიის შენარჩუნების ჟინი!

მხოლოდ ეს იქნება იმის გარანტია, რომ მომავალი პრეზიდენტი გარდაცვლილზე უკეთესი თუ არა, უარესი არ იქნება…

 

P.S. სერგეი ბაღაფში წარმოშობით ლაზი იყო და ცოლი ქართველი ჰყავდა.

რამდენადაც გამიგია, კარგი მეოჯახე და მამა იყო.

ჩვენი – აფხაზების და ქართველების – ბედის სიმწარე და უკუღმართობაა ეს, რომ ეს ადამიანი თავისი და მეუღლის სამშობლოს – საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა ლამის მთელი თავისი სიცოცხლე და, ნებით თუ ინერციით, ის გზა გააგრძელა, რომელიც ორივე ჩვენი ხალხის მომავლისათვის კატასტროფული შეიძლება იყოს… მაგრამ ვაღიაროთ, ამაში ჩვენი – საქართველოს მოქალაქეების წვლილიცაა, და, განსაკუთრებით, საქართველოს ბოლო ორი ხელისუფლების – უდიდესი ბრალია.

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s