ბოლოს შეჰყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი…


 

მამა: ვაი მე, შვილო!..

შვილი: მამა!

მამა: ვაი მე, უბედურს… ვაი მე, ორჯერ მკვდარს!.. და ვაი დედაშენს, შვილო, რომ ჩემზე მეტად უნდა იტანჯოს, უბედური ეგა…

შვილი: როდის აღარ მეტკინება, მამა?

მამა: იყუჩე, შვილო. მალე დაისვენებ… ვაი მე, გაძაღლებულს, რომ შენს ადგილზე არ ვიყავი! ვაი მე, ჩაძაღლებულს, რომ ადრე არ ჩავძაღლდი და ამ დღეს მოვესწარი!.. ვაი მე, თავსლაფდასხმულს, რომ წინ ვერ გადაგეფარე! ვაი მე, ბრმას, რომ ეს სატანები დროზე ვერ ამოვიცანი და ვერ აგარიდე! ვაი მე, საცოდავს, რომ მეგონა, ღმერთი დაგიცავდა!

შვილი: დედა რას შვება, მამი?

მამა: უბედური დედაშენი… როგორ ეგონა, რომ ტკბილი სიბერე ექნებოდა!.. უბედური… რატომ გადაურჩა ოპერაციას?!. ხომ დაგხვდებოდა ახლა აქ და მოგეფერებოდა ისე, მე რომ ვერ შევძლებ, ჩემო ბიჭო… ჩემო პატარავ!.. თავსაც ვერ მოიკლავს ეგ საცოდავი და როგორ უნდა იცოცხლოს აწი? რა დავუშავეთ ვინმეს, რომ ეს გვიქნეს? რა ცოდვა გვქონდა, შვილო, რომ ასე გაწამეს და გაგიმეტეს?..

შვილი: მამი, როგორ ცხელოდა იქ, თითქოს ცეცხლი მეკიდა… ჯერ არ ვიყავი მკვდარი… არ… ვერ ვხვდები, ახლა კი ვარ მკვდარი?

მამა: მკვდარი ხარ, მამა მოგიკვდეს, შვილო!.. თუმცა მოგიკვდი, უკვე!!! ესღა შევძელი, მე ლაჩარმა და უბადრუკმა, ესღა შევძელი, რომ შენი კუბოს აწევას და სახლიდან გატანას აქ გამოვექეცი!..

შვილი: ბნელა, მამა.. თუ მე ვეღარ ვხედავ ვერაფერს?..

მამა: ბნელა, შვილო! ბნელა!.. სამი დღეა, ბნელა და სატანები ზეიმობენ შენი და შენნაირების დახოცვას და ხალხზე გამარჯვებას! მღერიან და თავს იწონებენ დაღვრილი სისხლით, ეშმაკის მსახურები…

შვილი: როგორ მწყურია, მამა… თითქოს ცეცხლი გადამეყლაპოს, ისე ვიწვი… გარედან და შიგნიდან…

მამა: ვაი მე, ქვად გადაქცეულს, რომ სისხლიც აღარ გამომივა ვენებიდან, რომ ჩემი სისხლით მაინც გაგისველო ტუჩები… როგორ მიყვარდი, შვილო… და რამდენი ხანია არ მოგფერებივარ ისე, როგორც მინდოდა! როგორ შორიდან მზერით გეფერებოდი და იმედი მქონდა, რომ შვილიშვილებზე მაინც ვიჯერებდი გულს მონატრებული ალერსით… რა შტერი ვიყავი, რომ არ გკოცნიდი ხშირად და თავზე ხელის გადასმას გაკმარებდი – ბიჭს არ სჭირდება ზედმეტი მოფერება-თქო… როგორ ბოროტად გადამიხადა განგებამ ჩემი სიბრიყვე… სადღა იქნება შვილიშვილები? და შენც სად იქნებო, შვილო?.. ჩემო პატარავ…

შვილი: მცივა, მამა. ჯერ სულ ვიწვოდი და ახლა შემცივდა…

მამა: კარგია შვილო… მალე დაისვენებ, ჩემო სიცოცხლევ და ჩემო სიკვდილო!.. როგორ ჩამაკვდი ხელში კინაღამ ერთხელ, ბავშვობაში რომ სახურავიდან გადმოხტი და მარგილს დაეცი… როგორ ამოუსუნთქავად მიგარბენინებდი აღმართზე… გულზე მყავდი მიკრული და შენს სისხლს ვგრძნობდი, მუცელთან როგორ მისველებდა პერანგს. როგორ ვთხოვდი ღმერთს, – ოღონდ ახლა გადამირჩინე, ოღონდ ახლა გადამირჩინე-მეთქი!.. როგორ ვირბინე, არ ვიცი… რატომ ორივე არ მოვკვდით მაშინ, თუ მაინც ეს გვეწერა, ჩვენ უბედურებს?!..მაშინ იმ აღმართზე და მერეც, საოპერაციოს წინ რომ ვკანკალებდი, ხომ უკვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ  არ გადარჩებოდი!.. რატომ მაშინ წამართვა სიკვდილმა შენი თავი, შვილო, როცა ამას ვერ წარმოვიდგენდი?!. ვაი მე, ბებერ უტვინოს, როგორ არ წამოგყევი იმ ღამით… როგორ დაგიჯერე, – შენი ადგილი იქ არ არისო, რომ მითხარი!! კაცი იყავი, შვილო და კაცურად წახვედი… ვაი მე, ქალაჩუნას, რომ ფანჯარაში ვიყურებოდი ორი დღე და ტელეფონს დავცქეროდი წამდაუწუმ, ახლა დარეკავს ჩემი ოქრო ბიჭი და მეტყვის – ”როგორ ხარ, მამა?” … რატომ არ წამოვედი, მე აბდალი… შენგან ჩუმად ხომ შემეძლო წამოსვლა, შორიდან რომ დავმდგარიყავი და შენთვის მეყურებინა!.. ჩემი ადგილი იყო, სწორედ ჩემი, იქ! და აქაც სწორედ ჩემი ადგილია!!! შენ აქ რა გინდა, შვილო? ვინ იცხოვრებს შენი ცხოვრებით? ვინ მოეფერება შენს საყვარელ გოგოს? ვინ გაუჩენს შვილს, შენი რომ უნდა ყოფილიყო? ვინ იქნება შენს ადგილზე და რა იქნება ეს ქვეყანა, უშენოდ, შვილო! იმ ღამითაც რომ შენს გვერდზე ვყოფილიყავი, იქნებ მე მომკვდარიყავი და შენ გადარჩენილიყავი, შვილო! იქნებ შევხვეწნოდი შენს ჯალათებს, მე მომკალით და მე დამაგდეთ-მეთქი ხელებშეკრული!… მაგათ ხომ პრემიას მაინც აძლევენ, იმის მიუხედავად, ახალგაზრდას სცემენ, თუ მოხუცს? ან იქნებ ერთისთვის მაინც ამომეგლიჯა კბილებით გული და შენ ამ დროს გაქცეულიყავ… თუმცა გული მაგათ სად ჰქონდათ, შვილო…

შვილი: თითქოს ტკივილმა მიკლო, მამა… შენი ხმა… აღარ მესმის ისე…

 

მამა: აააააააააააააააააააა! 

 

მამა: წყეულიმც იყავ, ჩემი ბიჭის მკვლელო! ღმერთო, ძლიერო… დაადგინე ცოდვილი მასზედა და ეშმაკი დადევინ – მარჯუენით მისდა. იყვნენ დღენი მისნი მცირე და გასაგებელნი მისნი სხვამან მიიღონ. იყავნ შვილნი მისნი ობოლ და ცოლი მისი ქვრივ… აღიძრნედ და გარდაიცვალნენ შვილნი…

 

შვილი: არ გინდა, მამა!.. ხელი მომეცი!.. სად ხარ, მამა?..

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s