მოსალოდნელი უბედურება


იაპონელ ხალხს დაატყდა უბედურება… საშინელი, შემაძრწუნებელი, გამაოგნებელი ტრაგედია…

ვუყურებ ამ კადრებს და მიჭირს იმის წარმოდგენა, რა ხდება იქ ადგილზე. – სათამაშოებივით აცურებული უშველებელი გემები, სახლები და მანქანები, ნაფოტებივით მიმოყრილი გადამცემი ხაზების ბოძები და დიდი ხეები… სტიქია, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ანგრევს, წყლის ქვეშ დამარხული სოფლები და ქალაქები, გაუჩინარებული მატარებლები და … ხალხი… ათობით… ასობით… ათასობით… ალბათ, ათეულათასობით… თუ მეტი არა…

იაპონელთათვის დასაბამიდან მიწისძვრა ის უჩინარი მონსტრი გამხდარა, რომელიც ყოველთვის მათ სახლში ცხოვრობს და ერთადერთი გზა მის მოულოდნელ გამძვინვარებასთან გამკლავებისა, არის იმის ცოდნა რა შეიძლება დაუპირისპირო.  იაპონიის ათობით მთავრობები დიდი ხანია ამზადებენ ქვეყანას და ხალხს ამ უბედურებისთვის… შენობების კონსტრუქციები და მასალები იხვეწება, ყოველწლიურად ტარდება ნაციონალურ მასშტაბის ერთიანი სავალდებულო წვრთნები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მიწიძვრას, რომელშიც დაწყებითი კლასების ბავშვებიც მონაწილეობენ. დეტალურად არის გაწერილი და განაწილებული ევაკუაციის გეგმები, სარეზერვო და სამეოქალაქო თავდაცვის სამსახურები, საინფორმაციო ქსელის ალტერნატივები და ა.შ…

შედეგი არის.

1923 წლის 1 სექტემბერს კანტოს დიდი დამანგრეველი მიწისძვრა რიხტერის შკალით 8.3 მაგნიტუდის იყო. ტოკიოსთან და იოკოჰამასთან ეპიცენტრის სიახლოვის გამო იგი კატასტროფული მსხვერპლით დასრულდა – 142,000 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგული. მსხვერპლის მთავარი მიზეზი იყო მეგაპოლისში შუადღეზე, ლანჩის დროს და საკმაოდ ცხელ ამინდში წარმოქმნილი ათასობით ხანძრის კერა, რომელსაც დაემატა მიწისძვრის შემდეგ გრიგალისმაგვარი ქარი, რამაც მთელი ტოკიო 48 საათით უშველებელ ალმოდებულ ჯოჯოხეთად აქცია. ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო ტანსაცმლის საწყობში, რომელსაც სახლებდანგრეულმა ხალხმა მიაშურა, ხანძარს ერთდროულად 38,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა! ამის შემდეგ იაპონიაში დაახლოებით მსგავსი სიმძლავრის 20-მდე მიწისძვრა მოხდა, მაგრამ ასეთი მასიური  მსხვერპლი არ ყოფილა. 60-იან წლებში იაპონიის მთავრობამ 1 სექტემბერი კატასტროფისათვის მზადყოფნის ეროვნულ დღედ გამოაცხადა.

1995 წლის 17 იანვარს კობეს (ჰანშინის დიდი) მიწისძვრა ნაკლები ძალის (6.8-7.3 მაგნიტუდის) იყო, მაგრამ რამდენადაც ისევ დიდ ქალაქთან ახლოს მოხდა, მსხვერპლი 6,300-ზე მეტი იყო. ეპიცენტრში დაინგრა შენობათა დაახლოებით 20% და დიდი რაოდენობით სატრანსპორტო ხიდები (მათ შორის – სარკინიგზო ხიდები). იაპონიის მთავრობა მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, რადგან განსხვავებით კალიფორნიის მსგავსი მასშტაბის მიწისძვრებისაგან, მსხვერპლიც და ნგრევაც უდაოდ უფრო დიდი იყო, რამდენიმე სერიოზული მიზეზის გამო: მრავალსართულიანი სახლები ძალიან ახლოს იდგა ერთმანეთთან და დომინოს ექფეტით ბევრი მათგანი ახლომდებარე მეზობელმა გადმოწოლილმა შენობამ დაანგრია. ასევე ხიდებს საყრდენებთან არ ჰქონდა რეზინის ბალიშები, რომელიც ამორტიზატორის როლს ასრულებს. არ არსებობდა წყლის და საკვების ავარიული მიწოდების კარგად გათვლილი გეგმა…  ყველა ეს ცვლილება ამერიკელებმა 60-80-იან წლებში მოახდინეს, ხოლო იაპონელები დროს ჩამორჩნენ და სერიოზული ფასი გადაიხადეს – როგორც ხალხის დანაკარგის, ისე – ეკონომიკური ზარალის მხრივ -კობეს მიწისძვრა დღემდე რჩებოდა გინესის რეკორდსმენად, როგორც ყველაზე ძვირი კატასტროფა – 102 მილიარდი დოლარი! სწორედ კობეს მიწისძვრა იქცა იაპონიის მთავრობის სერიოზულ გამომღვიძებლად: შეიცვალა მშენებლობის ნორმები, გარემონტდა და გადაკეთდა ძალიან ბევრი ხიდი. 17 იანვარი გამოცხადდა კატასტროფის პროფილაქტიკის და მოხალისეობის ეროვნულ დღედ, ხოლო 15-21 იანვარი – კატასტროფის პროფილაქტიკისა და მოხალისეობის ეროვნულ კვირეულად. ამის შემდეგ სამთავრობო ღონისძიებების გარდა,  იაპონიის ანტიკატასტროფულ ღონისძიებებში სერიოზულ ადგილს სწორედ სამოქალაქო სექტორის აქტიური და კოორდინირებული მუშაობა იკავებს. შედეგმაც არ დააყოვნა. 1998 წლიდან დღემდე იაპონიაში 13 მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო კობეს მიწისძვრაზე ოდნავ უფრო სუსტი, ხოლო დანარჩენები – მსგავსი ან მეტი სიმძლავრისა, მიუხედავად ამისა, 13-ვეს მხოლოდ უმნიშვნელო მსხვერპლი (0-40 დაღუპული) და ნგრევა მოჰყვა.

და ახლა – ეს უბედურება, 2011 წ. 11 მარტის სენდაის მიწისძვრა და ცუნამი, რომელიც იაპონიაში აღიარებულია, როგორც ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი შეიძლება 100-ზე მეტი არ იყოს, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის მთავარი დამანგრეველი ფაქტორი მას მოყოლილი ცუნამი იყო… რამდენადაც ეპიცენტრი სანაპიროდან მხოლოდ 140 კილომეტრში იყო, ხოლო ცუნამის გავრცელების სიჩქარე თვითმფრინავის სიჩქარეს უტოლდება (500-1000 კმ/სთ) ადვილი გამოსათვლელია, რომ ოკეანისპირა მოსახლეობას მიწისძვრის შემდეგომი გაფრთხილებიდან  მხოლოდ ათიოდე წუთი ჰქონდა, რომ საშიში ზონა დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ კოშმარულ ვიდეოკადრებზე ადამიანები თითქმის არ ჩანან, გასაგებია, რომ ყველა ამას ვერ მოასწრებდა… ახლავე შეიძლება ითქვას, რომ სანაპირო ზოლში ცუნამის საწინააღმდეგო და ტალღისმჭრელ კონსტრუქციებზე დაფიქრება იქნება საჭირო და ატომური ელექტროსადგურების ოკეანესთან ასე ახლოს განლაგებაც გაუმართლებელი რისკის შემცველია.

მაგრამ არის რამდენიმე სოციალური ასპექტი, რომელიც ჩემთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სუფთა ტექნიკური საკითხები.

მიწისძვრის დროს მთელია იაპონია – ხალხი, მთავრობა, ჯარი, მაშველები, პოლიცია და ისევ საზოგადოება – მოხალისეები – ერთად დგანან. იაპონიის მთავრობა განზემდგარი არ უყურებს ამ ტრაგედიას და უშუალოდ ადგილზე ეცნობა მოვლენებს. მიუხედავად განმეორებითი სერიოზული ბიძგების არსებობისა, და იმისიც, რომ ისინი საკმაოდ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, არაა შენიშნული მთავრობის წევრების მასიური მიგრაცია ქვეყნიდან. ხალხიც შესაბამისად არაა პანიკაში, მიწისძვრის დღესვე ყველა საინფორმაციო საშუალების ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ იაპონელთა მობილიზება, თავის ხელში აყვანის პოტენციალი და საზოგადოებაში შეშფოთების კი, მაგრამ პანიკის – არარსებობა იყო ყველაზე გამაოგნებელი – თავად იმ საშინელ კადრებზე მეტად.      

ძალიან მეცოდება ის ხალხი, ვინც დაიღუპა და იმათზეც შემტკივა გული, ვინც საკუთარი თავისთვის რისკის ფასად ჩადიან კატასტროფის ადგილებში, როგორც მოხალისეები… ხოლო ზოგი, როგორც მოხალისეც და საკუთარი ნათესავების მონახვის იმედითაც. წარმოუდგენლად შოკისმომგვრელი უნდა იყოს ადგილზე ამის ნახვა – როგორ გადაიარა ოკეანის ათმეტრიანმა ტალღამ და წალეკა მთელი ქალაქები… რამდენი სათამაშო, ბავშვის ფეხსაცმელი და სხვა სანუკვარი ნივთი არის აზელილი ამ კოშმარულ ნაგავსაყრელში, რამდენი გამქრალი ადამიანის უკანასკნელი სუნთქვა…  გამიჭირდა იმ კადრების ნახვა, როგორ გამოჰყავთ მაშველებს ხელში ატატებული ბავშვები და მოხუცები… როგორ უტყვი და ცრელმგამშრალია მათი თვალები… სწორედ ეს სიჩუმე მკლავდა და მოწიწებას იწვევდა ჩემში. ვუყურებ ამ ხალხს და ვხვდები მათ დიდ შინაგან სიმდიდრეს, რომელსაც თაობები საუკუნეებია გადასცემენ  ერთმანეთს…

და უცებ გამახსენდა ასევე უტყვი და დრამატული თვალები – ბავშვის და მოხუცის, რომელიც ოთხი დღის წინ ვნახე… ოღონდ ქართველების…

”სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)” -ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ირაკლი ფანიაშვილის ბრწყინვალე ნამუშევარი, რომელიც ვებ-გვერდზე www.kalmasoba.com განათავსა ბატონმა ვასილ მაღლაფერიძემ – მადლობა მას. მადლობა ყველას – შვეიცარიის დახმარების სააგენტოს, პირველ რიგში და ფილმის ავტორებს და მსახიობებს ამ ბრწყინვალე ნამუშევრისთვის, რომელმაც მე პირადად იტალიური ნეორეალიზმის შედევრები გამახსენა…

ვიცი, ბევრი დამიწუნებს იაპონიის ტრაგედიასთან ამ პარალელს!

ვიცი, ”ტაბულელი” სნობების ტუჩაბზუების არამოკრძალებული ხიბლი:

-”ამას” ხომ სხვანაირად არ შეუძლია?

– ”მოვიდა და დამძიმდა ჰაერი…”, 

– ”საიდან – სად?”…

– ”იმის მაგიერ, რომ იაპონელებს უთანაგრძნოს…”

აი, დარდი…

რამდენი გაქსუებული ლიბერტარიანელი ”ბიზნესმენი”, რომელიც წაგებული ომის მერე თავდაცვის მინისტრიდან უცხო ქვეყნის მილიონერად იქცევა და მონოპოლიზირებული ლატარეებით ლტოლვილებისაგან ამოქაჩული ფულით მინისტრების ცოლების ჟურნალებს აფინანსებს… რამდენი პოლიციელის ცოლი თავისი ქმრის მიერ მოკლულის ქვრივისათვის ახეულ ტელევიზიაში ფეხშიშველა სატანტალო სტუდიას გახსნის და იქედან თავის ქმარს სიყვარულის მესიჯებს უგზავნის სახალხო ფორმატში… და რამდენი ურნალისტი ან (ს)ექსპერტი ხალხს ჭკუას არიგებს და ”ანათლებს”, რომ არსად ისეთი გონიერი და ეთიკური, ხალხზე და სოფლის მეურნეობაზე მზრუნველი და მოდერნიზებული მთავრობა არ ჰყავს, როგორც ჩვენს გაბრწყნებულ ნიუ-ვასიუკიში… მოკლედ, იმღერეთ, სამოთხის კომშებო, ”ლაივში” აცანცარეთ თქვენი ქვენა ”ინტელექტი”…

მე ჩემსას მაინც ვიტყვი: – არის საერთო!

საერთო არის ის დიდი ტრავმა, რაც იაპონელებმა ერთ დღეს მიიღეს და ჩვენ უკვე 20 წელია, გვგუდავს… საერთო არის ის დეპრესია, რასაც ადამიანი გრძნობს, როცა ხედავს, რომ ყველა მხრიდან უბედურებამ ყელში ხელი მოუჭირა და გუშინდელი მოყვარე (იქ – ზღვა, აქ – სამშობლო) დღეს განადგურებით გემუქრება… საერთო არის ის უბრალო ხალხი, რომელიც ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზე დგას, გინდა – განმუხურში და გინდა – ფუჯიშიმას ატომურ ელექტროსადგურის სიახლოვეს… საერთო არის ადამიანთა სევდა, როცა შენი ახლობელი ამქვეყნიდან მოულოდნელად მიდის და ვერ ხვდები, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ასე… საერთო არის ბავშვის ტკივილი, რომელსაც ის მონტონურად ჰყვება და იმის განცდა, რომ ეს ტკივილი მას სამუდამოდ გაჰყვება… 

და არის განსხვავებაც!..

განსხვავება არის იმაში, როგორ ერთად დგას იაპონელი ხალხი და როგორ გახლეჩილი არის ქართული საზოგადოება!..

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონიის მთავრობას ერთი წუთით არ მოსდის აზრად ხალხს დაემალოს, უცხოელი პიარ-კომპანიების მოყაროს ქვეყანაში და მილიონები უხადოს, რომ კარგი იმიჯი გაიკეთოს…

განსხვავება არის იმაში, რომ წაგებული ომის შემდეგ ჩვენი მთავრობა ხელფასებს იზრდის, საკუთარი მშობლების სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნავს და მრავალმილიონიან (ხოლო პრეზიდენტი – მილიარდიან) სასახლეს იშენებს.

იაპონიაში მთავრობას ასეთი მასშტაბის ტრაგედია არ სჭირდება ხალხის გასაერთიანებლად და არ ოცნებობს, ნეტა ერთი მიწისძვრა მოხდეს, რომ რეიტინგი ამოვქაჩოო!..

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონიის მთავრობა არ აპირებს საზეიმო შოუ ჩაატაროს ქუჩაში ერთად დგომით და მთელ მსოფლიოს ”პაკაზუხურად” დაანახოს ”ერთიანობა”! ან – ”ბარაკ! ბარაკ!” აყვირებინოს ხალხს მთავარ მოედანზე, წინასწარ ყვირილ-ვარჯიშის ჩატარებით…

განსხვავება არის იმაში, რომ იაპონელი ხალხი კონცერტს კი არ ატარებს, სანამ სადმე შეიძლება ხალხი იღუპებოდეს, არამედ სწორედ იქეთ მიიჩქარის უბედურებაში ჩავარდნილთა საშველად და პოლიტიკოსები არ ყვირიან – ”აბა, კამერა დამიმიზნეთ – ნახოს ყველამ, რომ სენდაიში მივდივარ!”

და არის კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე სერიოზული განსხვავება…

თუ მოხდა მოუხდენელი და წარმოუდგენელი სასწაული და… დღევანდელი დღიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რომელიმე ხელისუფლებასთან ორგაზმულად გადაჭდობილმა იაპონურმა ნაციონალურმა ტელეარხმა ხალხის ჭკუაზე მოსაყვანად და ”დასატესტად” აჩვენა მიწისძვრის და ცუნამის მოდელირებული კადრები – როგორ ინგრევა ქალაქები, იწვის ნავთობტერმინალები, ფეთქდება ატომური ელექტროსადგური, როგორ მოაქვს ოკეანის მრავალკილომეტრიან ტალღის კედელს ნგრევა, რომელიც ჩუმად შემოდის იაპონიის მიწაზე… როგორ დაფრინავს ტრაგედიის ზევით სამთავრობო ვერტმფრენი, როგორ აგროვებენ მაშველებს მთელ მსოფლიოში, როგორ ეცემა ტოკიოს ბირჟა და როგორ დგანან იაპონელები პურის და ბრინჯის გრძელ რიგებში… როგორ გარბის ოპოზიცია და აფორმებს მოღალატეობრივ პაქტს ჩინეთის საელჩოში და თხოვს ჩინეთის მთავრობას, დაიკავონ იაპონიის საზღვაო დაცვის ობიექტები და ამერიკის ჯარების მიერ მიტოვებული ოკინავას სამხედრო ბაზა… დიქტორი კი შეშფოთებული ”ფეისით” კითხულობს ახალი ამბების საინფორმაციო სამსახურის ტექსტს:

 – ”ამ წუთებში ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ იაპონიის სამეფო ოჯახის წევრები ცუნამმა შთანთქა,  ხოლო პრემიერ-მინისტრი 30-სართულიანი სასტუმროს ჩამონგრევისას ნამნგრევებში მოჰყვა… მისი მობილური ტელეფონი ზარებს არ პასუხობს… ჩვენ თქვენთან ერთად ვრჩებით… იმ იმედით, რომ იაპონელი ხალხს ვერც სტიქია და ვერც პოლიტიკანების ღალატი ვერ დაამარცხებს…”

თუ აჩვენა ეს ყველაფერი გაუფრთხილებლად… აჩვენა იმიტომ, რომ ეს, როგორც ”გადარჩენილი” პრემიერ-მინისტრი მერე იტყვის – ”ძალიან მიახლოებული იყო რეალობასთან! ეს მართლაც შეიძლება მოხდეს!! ყოველ წუთს ჩვენ ამ საფრთხის წინაშე ვდგევართ!”…

არ ვიცი, თქვენ რას იტყვით, მაგრამ მე ასე მგონია, რომ თუ ეს ასე მოხდა, მაშინ თავისი მოთმინებით და ზრდილობით ცნობილი იაპონელები გვერდზე გადადებენ ამ უნარ-ჩვევებს და ტოშირო მიფუნესა და ტაკეში კიტანოს გმირების მსგავსად ან მარტო, ან ათასობით სხვა იაპონელთან ერთად ჭკუას მოუტრიალებენ ამ  მოდელირებული ქრონიკის ნამუსგარეცხილ ურნალისტებს და (ს)ექსპერტებს, ხოლო მერე თავისი ერთიანობით და პუნქტუალობით, ეტიკეტით და ზრდილობით ცნობილ იაპონიაში მთავრობის რეზიდენციისკენაც დაიძრებიან ერთი-ორი არაეთიკური არაფორმალური ქრონიკის ისტორიაში ჩასაწერად…

რადგან თუ ხალხთან არ დგეხარ, თუ ხალხი მხოლოდ სისხლის და ფულის მოსაწოვად გინდა, მხოლოდ როგორც საზარბაზნე ხორცი და არჩევნებზე საყიდი და დასაშინებელი ცხვრის ფარა… მაშინ ამ ხალხსაც სრული უფლება აქვს ისე მოგექცეს, როგორც – მგელს, დამპყრობს და მოძალადეს… და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეროვნული კუთვნილება ერის დაჩმორების და გათახსირების საფუძველს იძლევა…

თუმცა მე ხომ იაპონიაზე ვლაპარაკობ…

სადაც მთავრობას და მინისტრებს არ ჭირდებათ იმის ძახილი, რომ უნდა გადადგნენ…

და სადაც სულ ერთი წლის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავიც კი მოიკლა, როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ იაპონელი ხალხის თვალში ნდობის დაკარგვა მისთვის აუტანელი ტვირთი აღმოჩნდა… დავიჯერო, კვეზერელზე უფრო მეტად ჰქონდა ნდობა დაკარგული?😦

ამიტომ, როცა იაპონიის ტრაგედიას ვუყურებ, ძალიან მიჭირს ამ კადრების ყურება… მაგრამ უფრო მეტად იმის დაჯერება მიჭირს, რომ იაპონელი ხალხი და მის მიერ არჩეული მთავრობა ვერ მოახერხებენ ამ უმძიმესი კრიზისის დაძლევას.

ხოლო როცა ჩვენს ნაცოვიზიებს შევავლებ თვალს, იმის დაჯერება მიჭირს, რომ ისინი და მე ერთი ხალხის, ერთი ქვეყნის, შვილები ვართ! და იმის დაჯერებაც, რომ ამ მთავრობის არჩამოშლა სწორედ იმ მომთმენი ხალხის დამსახურებაა, რომელსაც ისინი სისხლს წოვენ და სარჩოს ართმევენ…  

სანამ ისინი მოდელირებული ქრონიკით გვკვებავენ და სანამ ჩვენს ამას ვიტანთ, ჩვენ ყოველთვის იაპონელებზე უფრო მძიმე დღეში ვიქნებით, რადგან მათ წარმატების უფრო მეტი შანსი აქვთ, როგორც თვალახილულებს, არაყრუ-მუნჯებს და როგორც რეალურ დემოკრატიას, და არა – გატრამპებულ შოუს…

ნახეთ ეს ორი სურათი… ერთი ბავშვი, რომელსაც მისი მთავრობა შველის გაჭირვებაში, და მეორე, რომელსაც მისი მთავრობა დამწვარზე მდუღარეს ასხამს…  

და ნახეთ ”სერგო გოთორანი”, ადამიანებო…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s