თავს არ მოიკლავს ქართველი, არა…


ჩვენი საზოგადოება არის თვითმკვლელობის და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის (შესაძლო რევოლუციის) მძიმე არჩევნის ზღვარზე.

საქართველოს ყველაზე დიდი მტერი არის რუსეთის იმპერია!

მაგრამ ქართველი ხალხის ყველაზე ახლო და პირველი მტერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. რომელმაც ისე დაასუსტა და გახლიჩა ქართული საზოგადოება, რომ გარდა უკვე დაკარგული ტერიტორიებისა, ყოველდღე იზრდება რისკი, რომ ქვეყნის სრულ დანაწევრება და ტერიტორიების მითვისება მოხდება არა მარტო რუსეთის, არამედ – სხვა მეზობლების მიერაც. 

ნაცურ რეჟიმს, განსხვავებით პუტინისგან, არ დასჭირდა მაინცდამაინც წელში შევარდნა და ნიღბის იძულებითი ახდა. თავისით ჩამოიხსნა ნიღაბი და თავისი უტიფარი, მოძალადე და ერის მოძულე სახე მთელი ”ეშხით” დაგვანახა.

ჯერ გააჩუმა და დაანგრია თავისუფალი მედია…

მერე ტანზე ხალათივით მოირგო კონსტიტუცია… პარლამენტი აქცია პირისფარეშად და საკუთარი უკანონო გადაწყვეტილების დამამტკიცებელ სანოტარო კანტორად, რომელსაც არასდროს უჩნდება სურვილი ხალხის ინტერესები დაიცვას…

მერე შეცვალა: მოსამართლეები – ლაქიებით, პროკურორები – მგელძაღლებით, ადვოკატები – მაჭანკლებით, სასამართლო – საყასბოთი…

სადაც წაასწრო, დაუნდობლად დახოცა ახალგაზრდები და თავმომწონედ მჯიღი ირტყა მკერდში – ნახეთ, რა მაგარი ვარო!.. ”ქვეყანა, რომელიც შედგა”, იდიოტი პოლიტიკანის მიერ საზოგადოების უსამართლო ცემის და დამცირების, დამოუკიდებელი არხის დარბევის ეს გამართლება იქცა საბოლოო წყალგამყოფად მანამდე დეკლარირებულ დემოკრატიულ სამოთხესა და მის შემდეგ სულ უფრო ნათლად გამოკვეთილ ავტოკრატიული რეჟიმის ჭუჭყიანი საცვლების გამომზეურების ესტაფეტას შორის.  

სააკაშვილის რეჟიმმა დაანგრია უნივერსიტეტები, ხელები ააწევინა პროფესორებს და გამოყარა, მოსპო მეცნიერება, განათლება ხელში ჩაუგდო ჯერ გამოლოტოტრონებულ, გადირექტორებულ ტურებს, ხოლო შემდეგ, – სახელდახელოდ გამოწურთნილ მანდა-ტურებს, რომლებმაც შარიკოვობაში და მანქურთობაში აჯობეს ასე-თუ ისე დიპლომირებულ დირექტორებს და ახლა ნელ-ნელა ანაცვლებენ კიდეც…

ყველას წაართვეს ბიზნესები, ჯერ – დიდი, მერე – საშუალო, მერე ბუტკებიც (და თავისი ბუტკები ჩადგეს -მილიონერების ბუტკები!)… მალე, ქალაქში ”ლატოკებით” სიგარეტის, ხაჭაპურის და მზესუმზირის გაყიდვასაც, ალბათ, უგულავას მიერ დანიშნული სუბიექტები დაიწყებენ… რომ არავის, გარდა მათი მონებისა, ჰქოდეს არსებობის და გადარჩენის უფლება

ხალხი გამოყარეს საცხოვრებელი ადგილებიდან – ჯერ, ლტოლვილები ”ივერიიდან”, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა სახლი, მერე – ვისაც კარგ ადგილზე ჰქონდა თავშესაფარი, მერე – ლტოლვილები საერთოდ თბილისიდან და ქალაქებიდან, რომ ”მიშსამოთხეში” ჩამოსულ ტურისტს ქვეყნის რეალური სახე არ დაენახა … მალე, ალბათ, მოვა იმათი გატყავების დროც, ვისაც უბრალოდ ჭერი აქვს… სადმე… რანაირიმე… 

მთავრობის წევრებმა იყიდეს მარშრუტკები და ბორდელები, მთავრობის წევრების და ძალოვნების ცოლებმა იყიდეს ტელევიზიები, მოდა და ჟურნალები. პრეზიდენტის დედა არის სპრუტ-უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ცოლი – მისის ჯანდაცვა. პრეზიდენტის ფავორიტკები არიან მინისტრები და მინისტრობის გზა პირდაპირ გადიდის გოგოს კალთამადლიანობაზე და  ბიჭის პირმოთნეობაზე, რასაც პლუტოკრატებმა ”მერიტოკრატია” შეარქვეს …

ამ ყველაფერს იცავს პოლიტიკური პოლიცია – ეს-ესი (სოდი) და გესტაპო (კუდი),  რომელსაც ”კონსტიტუციური უსაფრთხოების” კი არა, დაფრთხობის და დაჩმორების დეპარტამენტი (”დდდდ” ანუ ”4დ”) უნდა ერქვას… ეს მოძალადე ძალოვნების ბერიასეული მეთოდებით შექმნილი ურჩხული ყველგან გვისმენს და გვიდარაჯებს, ურტყამს ქალებს და ვეტერანებს, ნაცისტური მეთოდებით ყრის საცხოვრებლიდან და დახურული ვაგონებით ახდენს ლტოლვილების გადასახლებას…

ქვეყანა დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაყიდეს. და აცუნდრუკებით და სიბეცით ხაფანგშიშემხტარებმა ომი წააგეს… წააგეს მასთან და ყველა სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს სწორედ მას, ვისგანაც, ვითომდა, გვიცავენ და გვპირდებიან, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაგვიცავენ (ჩვენს სისხლის წვეთებზე და ლიტრებზეა ლაპარაკი, თორემ საკუთარს ძაანაც უფრთხილდებიან!)…

ხალხი იმ ზომამდე გაამწარეს, რომ თუ ადამიანი მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევაზე ფიქრობს და არა – თვითმკვლელობაზე, ეს უკვე უკეთესი ვარიანტია…

იმდენჯერ მოგვატყუეს და იმდენჯერ მოისყიდეს დაბეჩავებული ადამიანები არჩევნებზე 10 და 20-ლარად, რომ არჩევნების უკვე არავის სჯერა. ”არჩევნები”, ”დემოკრატია” და ”თავისუფლება” აბსოლუტურად ცარიელ და დამცინავ სიტყვებად აქცია მიშამ. ”არჩევნები”, როცა მიხეილ მაჭავარიანის და პალიკო კუბლაშვილის მიერ ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი და რამდენიმე (ადეიშვილის, ვაშაძის, ხარატიშვილის და ბილოს – მერაბიშვილის) დონეზე – სუპერგაყალბებული… არჩევნები, რომლის გაყალბებაში მობილიზებულია სახლმმართველობების მდედრიონი და მძევლებად ქცეული პატიმრების და ნარკომანების დატერორებული ოჯახები…

”დემოკრატია”, სადაც არც სასამართლო, არც პოლიცია, არც მედია – არ იცავს ადამიანს… პირიქით, აშინებს, ატყავებს, დღედაღამ უსმენს, ატყუებს და მუდამ შოკში და სიბნელეში ამყოფებს…

”თავისუფლება”? სულით მონების, ფლიდების და გაიძვერების ”თავისუფლება”, რომ თავი მოიწონონ თავისი მონობით, ფლიდობით და გაიძვერობით მიღწეული ჯიპებით და ზიზლ-პიპილოებით… სისხლიანი რევოლუციის ჩრდილში ეგვიპტური ვოიაჟებით და ”სამოთხის ვაშლობით” თუ ქლიავობით…

გზები, რომელიც დააგეს (მალე, მაგრამ უხარისხოდ და გაცილებით ძვირად, ვიდრე რეალურად დაჯდებოდა)… სახლები, რომლებიც ლტოლვილებს აუშენეს (გარედან რომ მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან – ბალახამოსული და ნესტიანი – ბინადარს)… შადრევენები, რომლებიც ზამთარშიც მთელი დატვირთვით მუშაობენ ჩვენი ჯიბეებიდან გადახდილი ფულით… შენობები, რომელთაც გარედან მინის საფარველი ააკრეს, რომ ისევ გარედან მნახველი მონუსხოს, ხოლო შიგნით არსებული სიდუხჭირე, ნაგავი და დანგრეული ინფრასტრუქტურა დაფაროს… პოტიომკინის თარგზე აშენებული ქვეყანა, რომელიც ყასიდად თითქოს იმავე პოტიომკინის დატოვებულ მსგავს ქვეყანას უპირისპირდება, სინამდვილეში კი ყველაფერს სწორედ ამ იმპერიის მიბაძვით აკეთებს…

გამოსავალი თითქოს არ არის…

ყველამ იცის, რომ მიშა არის მონსტრი – ნაცმოძრაობის წურბელა ისე დაგვსევია, რომ შანსს არ გვიტოვებს… ყველაფერი მათია…

ერთი ჩემი ნაცნობს დედის წამლისთვის ფული სჭირდება. წამლები მიშასია! პირდაპირ – არა, მაგრამ დღეს რომ წამლები საქართველოში 100-300%ით უფრო ძვირია, ვიდრე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და დაახლოებით 20-50%-ით უფრო ძვირი, ვიდრე ამსტერდამში და ჩიკაგოში, ეს ვისი დამსახურებაა? მიშასი და ნაცმოძრაობის! რადგან მათ ჯერ შექმნეს ეს სამთავიანი გველეშაპი-კარტელი და მერე თან ათეულ მილიონობით საარჩევნო ხარკი დაუწესეს, რომელსაც ეს კომპანიები რითი ამოიღებენ? – სწორედ მაღალი ფასით… გარდა ამისა, საავადმყოფოებიც ამ მონსტრებს აჩუქეს, რომ მათ არა მარტო მაღალი ფასებით გვწოვონ სისხლი, არამედ თავიანთი დამპალი და უვარგისი წამლები ძალისძალადაც შემოგვასაღონ! ხელისუფლება ტაშს უკრავს – თავად ხომ არ მკურნალობენ აქ! ქალაქის მერი ვენაში ამშობიარებს ცოლს და საბერძნეთში იკეთებს მენისკის ოპერაციას! სულ ფეხებზე არ ჰკიდია, აქაურ ჯანდაცვაში რა ხდება?.. რა უნდა ქნას ჩემმა ნაცნობმა? ან დედა უნდა გაიმეტოს, ან სახლი გაყიდოს, ან ამ დამპალი რეჟიმის სამსახურში ჩადგეს და პატიოსნებაზე და ადამიანობაზე უარი თქვას… იქცეს სწორედ ისეთ მანქურთად, ვისაც ებრძვის მუხლჩაუხრელად…

მეორე ჩემს ნაცნობს 4000 ლარის ვალის გამო მალე სახლს გაუყიდიან… მაღაზია ჰქონდა მის ცოლს, ერთ დღეს საგადასახადო მიადგა და აბსოლუტურად უმიზეზოდ მაღაზია დაულუქა. მხოლოდ მაშინ ახსნეს ლუქი, როცა ამ ქალმა ”ბრალეულობა” აღიარა და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. ამის შემდეგ წელში ვეღარ გაიმართნენ და სახლი დააგირავეს. ბიზნესი მაინც ვერ გადაარჩინეს. ახლა მალე შეიძლება უბინაოდაც დარჩნენ.

მესამე ნაცნობი კაცი ოჯახიანად დღე-დღე დეპორტს ელოდება საბერძნეთიდან. არადა, ამ რეადმისიის ხელშეკრულების დადებამდე იქ გაჰქონდა თავი და მშობლებსაც უგზავნიდა ყოველთვიურად 200-300 ევროს. რომ ჩამოვლენ, მშობლებს უნდა შეეხიზნონ პატარა ბინაში, რადგან წასვლისას თავისი ბინა გაყიდეს, რომ ვიზა მიეღოთ და სალონიკში ბინა ექირავებინათ.

თუ სადმე რამეს იყიდი, მიშას და ნაცმოძრაობას აძლიერებ!

ბენზინს რომ ისხამ – მიშასია… ვითომ მარტო ”ვისოლი”? ”სოკარშიც” აქვს მიშას ძმას სერიოზული წილი და თან ყველა კომპანიას რომ ფანტასტიურად მაღალი ფასი აქვს დაწესებული ბენზინზე (ბექა კემულარიას მიერ ჩატარებული ანგარიშით – საშუალოდ 40 თეთრით მეტი, ვიდრე უნდა ღირდეს 1 ლ ბენზინი). ეს განსხვავება სწორედ ნაცმოძრაობის ურჩხულის გამოსაკვებადაა… ადრე წყალთან ჯდებოდა ურჩხული, ახლა – ბენზინის შლანგთან… რაც მეტს ჩავასხამთ ბენზინს, მით მეტად გავაძლიერებთ დრაკონს და მით უფრო მეტ ზონდერს, პოლიციელს, გესტაპოელს და მანდატურს დაიქირავებს რეჟიმი, მეტ რეზინის ტყვიას და ცრემლსადენ გაზს იყიდის ჩვენს დასამორჩილებლად.

დენიც მიშასი და ნაცმოძრაობისაა. თუ საზღვარგარეთ ჩვენი ელექტროენერგია 2 ცენტად (დაახლოებით 3.5 თეთრად) იყიდება, ხოლო ჩვენთვის – 17, 5 თეთრად, როგორ ფიქრობთ, ვის აპეტიტს ხმარდება ეს კოლოსალური (500%-იანი) განსხვავება?

განადგურებულმა და მომსპარმა სოფლის მეურნეობამ ქვეყანა ნებისმიერი იმ საკვები პროდუქტის იმპორტიორად აქცია, რომელსაც სულ რაღაც 5-8 წლის წინ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმარისს აწარმოებდა. თან ეს პროდუქტი ხშირად მოწამლული და გენმოდიფიცირებულია (იხ. სტუდია ”მონიტორის” ფილმები და თქვენი მონა-მორჩილის სტატია ”გენოციდი ბედნიერების სახელით”). გარემო რომ დაბინძურებულია და მოწამლული, ამაზე სდუმან და გვიმალავენ.

საკვები პროდუქტიც მიშასია და ნაცმოძრაობის. ნანა ლეჟავას ფილმმა მშვენივრად დაგვანახა, ვინ დგას სახელდახელოდ მთელ ქალაქში მისივე განკარგულების საწინააღმდეგოდ ჩაბუტკებული ”ნუგეშის” უკან… პიარშჩიკი – მერი უგულავა, მფლობელი – დეპუტატი გეგენავა და მისი ამფსონები… ეს ახლადმოვლენილი ”ნუგეშმაისტერები” დღეს ყველა მაღაზიას უძვირებენ მონოპოლიზირებული კვების პროდუქტების შესაყიდ ფასებს, რათა ჩვენ სხვაგან კი არა, სწორედ ”ნუგეშში” ვიყიდოთ ყველაფერი, 2-5 თეთრით იაფად. სამაგიეროდ, როცა ყველა მცირე ზომის სასურსათო მაღაზიას და ბაზრობებსაც დაძირავენ, და კიდევ მრავალ ათას ოჯახურ ბიზნესს დაანგრევენ, ”ნუგეშის” მილიონერი მეპატრონეები უკვე უკონკურენტო ბაზრის სრულ ბატონ-პატრონებად იქცევიან და მილიარდერები გახდებიან, ხოლო ამ თანხების დიდ ნაწილს ნაცმოძრაობის აფთრებს ჩაახეთქებენ მათი ამოუყორავი მუცლების ამოსაყორად…

ნაცმოძრაობის და პირადად გიგი უგულავასია ”სითი-პარკი”. საკმარისია, სადმე 10 წუთით გააჩეროთ მანქანა და მისი მოტაცება ისე ოპერატიულად ხდება, რომ ვფიქრობ, ”სითი-პარკი”  რომ მოსკოვში გადაესროლათ, მათი მოტაცებული პუტინ-მედვედევი უკვე ორთაჭალაში იჯდებოდნენ! 70 ლარის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხვდები, რომ კიდევ უფრო გაამყარე რეჟიმი… სამართალი არ არსებობს აქაც. სადაც თქვენს მანქანას წაიყვანენ,იქ ნაცმოძრაობის წევრებს ჯარიმის გარეშე ერთი ზარით დაუბრუნებენ, თავად გამიგია ერთი მოტრაბახე ”გაბრწყინებულისაგან”…

მიშა და ნაცმოძრაობა ყველა გზას გვიჭრიან… წყალზე და დასუფთავებაზე ხომ გაზარდეს გადასახადი, მალე გაზზეც გაზრდიან. ბენზინი უეჭველად გაძვირდება… არაა გამორიცხული, ისევ შემოიღონ ერთხელ ნაცადი ისტორიული უბნების გადასახადი და ბოლოს – ჰაერზეც დაგვიწესებენ მოსაკრებელს… არ გეხუმრებით… რაც მეტად გაუჭირდებათ, ყველაფერზე წამსვლელნი არიან, ტრეფიკინგის ჩათვლით…

გჯერათ, რომ მერაბიშვილი მართლაც 2700 ლარზე ცხოვრობს? მაშ ვინ აკონტროლებს ნარკობიზნესს, ტონობით ნარკოტიკის ტრანზიტს, რომელსაც საქართველოში ვერასდროს იჭერენ (137 გ ყოფილა თურმე მათი ”პროფესიონალიზმის” მწვერვალი), ხოლო უკრაინაში და თურქეთში საქართველოდან გასულს – ცენტნერობით! არ გაგიგიათ, რამდენ ასეულ ადამიანს სპეციალურად იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ მერე საპროცესო გარიგებთ აახიონ ათასები და ასეთი ”ნოვატორული” ხერხით აავსონ ქვეყნის დაცარიელებული ხაზინა, რომელიც მერე ისევ ამ ბობოლების თვალუწვდენელ ხელფასებსა და პრემიებში იხარჯება!..

მინისტრები, რომელთა ხელფასი და რეგულარული პრემია თურმე ასობით პენსიონერის შემოსავალს აჭარბებს! – აი, სააკაშვილის რეჟიმის გამჭვირვალობა და დემოკრატიულობა…  

რეჟიმს მოსახლეობისათვის და ბიზნესისათვის შეწერილი და წართმეული ფულით კი (გარდა თავისი ჰედონისტური მადისა) მხოლოდ ერთი ძირითადი საპატივცემულო ორგანოს დაპურება სურს  – პოლიციის! და ყველა იმ ადამიანს, პენსიონერს, გაჭირვებულს, ინვალიდს და ლტოლვილს, რომელსაც იმდენი ფული არ გააჩნია, რომ მისი გატყავებით სულ ცოტა ერთი პოლიციელის/კუდელის/სოდელის/ზონდერის გაბედნიერება იქნეს შესაძლებელი, ნაცმოძრაობა მუქთამჭამელად განიხილავს და ყველანაირად ცდილობს, რომ ამ ქვეყნიდან გაისტუმროს – ან გარეთ, ან – მიწაში… სამაგიეროდ – მიწა ფულიანი ბურებისთვის უნდათ, რომლებიც მათ ხმასაც მისცემენ და მანქურთების გამოსაკვებ ფულსაც…

ქართველი ერი დღეს გაბრიელის დღეშია, ცნობილ კინოფილმ ”ლონდრეში” უილაჯობისაგან ყულფში თავის გაყოფა რომ გადაუწყვეტია  და  გაქსუებული წურბელები რომ აქეზებენ, – მიდი, რაღას უცდი? თუ ქურდობა, კაცის კვლა და მრუშობა არ შეგიძლია, შენი ადგილი სწორედაც რომ ზეცაშიაო!.. საყვარელი გოგო კი ეხვეწება, – არ დაუჯერო! გატყუებენ, გაბრიელ, გატყუებენო…  

გაბრიელს სხვა აღვიძებს სწორედ იმ მომენტში, როცა სკამს ფეხი უნდა გაჰკრას…

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად არაქრისტიანულია და მძიმე ცოდვაა თვითმკვლელობა… არ ვარ მე ისეთი ქრისტიანი, სხვას ნატაციები ვუკითხო…

მეტსაც ვიტყვი, გინდათ მკრეხელობად ჩამომართვით, და გინდათ, სასოწარკვეთად (მოდერნული საზოგადოების მკვლევარი ფილოსოფოსი გიგა ზედანია არის მაგის დიდოსტატი – მთავრობის არამოტრფიალეებში სასოწარკვეთის შემჩნევისა) – დღეს მიტევების დღეა და უფრო იშვიათად, ვიდრე ადრე, მაგრამ აქა-იქ ვნახე ჩემი მეგობრების ქრისტიანული თხოვნა – მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთო!

ვინც ნაციონალური მოძრაობის ღია თუ ფარულ სამსახურში დგას და ქართველი ხალხის სისხლი წოვით აუწყვია ”ლაივში” გრიალი, არავის არაფერს არ გთხოვთ და არც ვინანიებ, თუ ვინმეს რამეს ნერვებს გიშლით! მიტევების თხოვნას კი არა, დახმარების ხელის გამოწვდენასაც არ ვიფიქრებ თქვენდამი, სანამ ისე დაბეჩავებულებს არ გნახავთ,როგორც თქვენ ხალხი დააბეჩავეთ!

არ ხართ თქვენ ის სუბიექტები, ვისაც ჩვენ პატიება უნდა გთხოვოთ! ძალიანაც – პირიქით!..

და არც თავის მოკვლას ვაპირებ…

არ ვაპირებ იქამდე მოცდას, რომ ჩემიანები და ჩემნაირები შიმშილით და უსახლკაროდ იღუპებოდნენ.

ბრძოლას ვაპირებ – ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის.

იმისთვის, რომ სადაც მე მიცხოვრია, და ჩემს წინაპრებს, ის ქვეყანა, ქალაქები და სოფლები თქვენისთანა მედროვე ქვეყნისგამყიდველებმა მართლა ბურისტანად არ აქციონ… რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ ჰქონდეთ გასაქცევი თქვენებრ უსინდისო მძარცველების და მათი გამოკვებილი მანქურთების გამოისობით…

ძალიან მშვიდობიანი ადამიანი ვარ და 2010 წ. მაისში ძალიან ვეხვეწე ყველას – არ გვინდა არაფერი,  არჩევნების მეტი მეთქი… ბევრი დამცინოდა მერე ჩემი გულუბრყვილობის გამო…

თქვენ ხომ არჩევნებზე ლაპარაკი მხოლოდ დროის მოსაგებად და ხალხის გასაბითურებლად გინდათ…

ასე რომ ჩემი და ჩემისთანების ”გარადიკალება” თქვენი დამსახურებაა…

აგერ მოვა 9-10 მარტიც და ვიცი, რასაც იზამთ, პალიკოების ჯილაგო…  გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ საარჩევნო გარემოზე ან ნებისმიერ თემაზე თქვენთან მოლაპარაკება წყლის ნაყვაა…

გაგეცინებათ ალბათ, ბრძოლას რომ ვიქადნები, ჩემი ანონიმური ავატარის პატრონი…

კი ბატონო, იცინეთ… იცინეთ, სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ… ნურც იმას დაიჯერებთ, რომ ჩემსავით ბევრი გრძნობს და არ ვიქნები მარტო…

მარტო, იქნებ, თქვენ დარჩეთ მუბარაქივით…

ისე, ჩალაგებული თუ არ გაქვთ ნაძარცვი, არ იქნება ცუდი აზრი… მუბარაქის შვილმა 97 ჩემოდანი კი ჩაატენა თვითმფრინავში, მაგრამ იმდენი დარჩენია კიდევ, თურმე, საცოდავს!..

”არ მარადის ეშვათ – მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით!”…

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s