როგორ შევცვალოთ ხელისუფლება-4 (პასუხის პასუხი ია ანთაძეს :)))


ია, დიდი მადლობა პასუხისათვის. ახლა შევეცდები, გიპასუხოთ. (სამწუხაროდ, გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა ჩემი ჰობი არაა და ამიტომ ისევ ახალი ნოუთის დაწერა მომიწია)

ქვეყანას დღეს მომავალი პოტენციური პირველი პირი არ ჰყავს. და მაინც ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო მზადაა პოლიტიკურად სერიოზული ცვლელებებისათვის, ვიდრე ეგვიპტე, ტუნისი და ლიბია. სადაც ოპოზიცია, თუნდაც თორთლაძის დონეზე, აღარაფერს ვამბობ თარგამაძეზე – პარლამენტში არ იყო და სადაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ან ციხეში იყო, ან – ემიგრაციაში.

სააკაშვილის პრობლემა არის ის, რომ განსხვავებით ალიევისაგან, ის პოლიტიკურ სტაბილურობასაც ვერ უზრუნველყოფს.

1) დამთავრდა მისი 4,5 მილიარდიანი კრედიტ-გრანტი და ამის მერე უკვე წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე მხოლოდ ვალის მომსახურების პროცენტი იქნება გადასახდელი. ამას ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ აიტანს.

2) არავითარი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არ არსებობს. და მოდით, სახეში შევხედოთ ფაქტს, რომ სანამ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად მაინც ნომერ პირველ მტრად აღიქვამს, აქ გიჟის მეტი სერიოზულ ინვესტიციას არ ჩადებს.ხოლო ქართველი ბიზნესმენები კარგად გრძნობენ, რომ სადაც არა სჯობს (ატყავებენ!), გაცლა სჯობს!

3) მალე სააკაშვილს მოუწევს პოლიციის შემცირებაზე წასვლა, რამდენადაც, პოლიციის ხელფასები თვიურად, სულ მცირე, 30 მილიონი ლარია. უკვე ძალიან მალე დაიწყება სახელმწიფო დაცვის კადრების შემცირებაც. ეს კი ისეთ პროცესებს გამოიწვევს პოლიციაში, რომლის პროგნოზირება ადვილია, მასშტაბის გათვლა კი – ძნელი. ის პოლიციელები, რომლებიც გუშინ ვეტერანებს ურტყამდნენ, ხვალ თავად აღმოჩნდებიან უმუშევრების როლში.

4) ამას ემატება ის, რომ სულ უფრო მეტი მაღალი რანგის პირი ”მოუტყდება” მიშას.

ნაცმოძრაობა ჯერ ახერხებს საიდუმლოდ შეინახოს გელა ბეჟუაშვილის ფაქტიურად გაქცევა ქვეყნიდან და ისიც, რომ ბეჟუაშვილმა საკმაოდ სერიოზული ინფორმაცია მიაწოდა ამერიკის სახ. დეპარტამენტს იმ მოსალდონელ ახალ ავანტიურებზე, რასაც სააკაშვილი გამუდმებით ხლართავს. მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ 2-3 ნიჭიერი და მოაზროვნე ადამიანი დატოვებს სააკაშვილის გუნდს.

რა თქმა უნდა, რეჟიმი შეეცდება, რომ გაბითურებული აკელა შეცვალოს და ახალი პრინცი მოიყვანოს. ყველაზე სავარაუდოდ, – გიგა ბოკერია, რომელსაც დღემდე უცხოეთში ნიჭიერი პრაგმატიკოსის რეპუტაცია აქვს. არაა გამორიცხული – ვანო მერაბიშვილი, რომელსაც ქვეყანაში ეფექტური მენეჯერის იმიჯი აქვს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არც ერთს და არც მეორეს დასავლეთი ახალ მასშტაბურ ინვესტიციებს არ მისცემს, ხოლო ქართული საზოგადოება და ბიზნესი კი არ მოტყუვდება, რომ ასეთი როქირება სინამდვილეში არის მიშას რეჟიმის შენარჩუნება მიშას ჩრდილში მოსვენებით და არავითარი შიდა სტაბილიზაცია და ბიზნესის აქტივაცია ამას არ მოჰყვება.

ამიტომ საკითხი ძირითადად ასე დგას – რეჟიმის წევრებს უნდათ შეინარჩუნონ ის აურაცხელი სიმდიდრე, რაც დააგროვეს და მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები. ამის შანსი არის მაშინ, თუ ისინი წავლენ სერიოზულ დათმობებზე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით და იმდენად ტრანსპარენტულს გახდიან პროცესს, რომ შესაძლებელი გახდება სულ ცოტა საპარლამენტო არჩევნებში მათი დამარცხების გაფორმება. მაგრამ უცნაური ლაფსუსია ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით მათ თავად მოიჭრეს ეს გზა, როცა შეიძლებოდა ქვყნის მთავარი მმართველი – პრეზიდენტი 2013-მდე ყოფილიყო ნაციონალი, ხოლო პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას არ ექნებოდა ფორმალური უმრავლესობა, თუმცა შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე დიდი ფრაქცია და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე ეთამაშა თავისი პოლიტიკური ინტერესების გატანაში. ამჟამად შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის პირველი პირი – პრემიერ მინისტრი – სწორედაც რომ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.

ამ ვარიანტზე ალასანიას და ბოკერიას შეთანხმება რეალურია და დარწმუნებული ვარ, გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს (ალასანია), ახალ მემარჯვენეებს, ქდმ-ს და ფორუმს საკმაოდ კარგი შანსები ექნებათ, რომ ჯამურად 50-60%-იც კი აიღონ.  

მაგრამ თავად ნაციონალურ მოძრაობაში ასეთ მიმართულებას მომხრეები უფრო ნაკლები ეყოლება, ვიდრე – მოწინააღმდეგეები. მოწინააღმდეგეები იქნებიან ისინიც, ვისაც კრიმინალური გზებით ურიცხვი ქონება აქვს დაგროვებული. და აქ, პირველ რიგში, სწორედ ბოკერიას ერთ-ერთი პოტენციური სპონსორი – კეზერაშვილი იგულისხმება. წინააღმდეგი იქნებიან ასევე ისინიც, ვინც ასეთ განაწილებაში საპარლამენტო სკამს დაკარგავს – წიკლაურები, ოჩიაურები, მალაშხიები და სხვა წვრილფეხობა, რომელთა ინტელექტუალური რესურსი ვერაფრით ახლოს მოვა მათ მყვირალა ურაპატრიოტობანასთან… თუმცა მათი ხმა მაინცდამინც არც ჩაითვლება მოსასმენად. მთავარი მაინც ისაა, რომ მერაბიშვილი გაცილებით მონდომებული იქნება, რომ საქმე ქუჩის აქციებისკენ წაიყვანოს. და შემდეგ ამ აქციების რუსეთთან კავშირის საბაბით მოახერხოს ოპოზიციის ნაწილის სერიოზული ნეიტრალიზაცია (90 დღე ციხეში მოთავსებით)

მაგრამ აი, აქ შემოდის მუბარაქის ფაქტორი!

ის რაც წარმოუდგენელი ჩანდა გუშინ, შეიძლება მოხდეს დღეს!

1. ფაქტია, რომ მერაბიშვილს ხალხის დახოცვას არავინ აპატიებს და იგი მაშინვე გაიზიარებს კადაფის ბედს, ხოლო რეზინის ჯოხების გამოყენება შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, თუ ისევ 100,000 კაცი გამოვა, თანაც განწყობილი ისე,რომ ფოთლების ჩამოვარდნა აღარ ჩაითვლება ჯოჯოხეთში მოხვედრის საფუძვლად, იმის გათვალისწინებით, რომ რეალურ ჯოჯოხეთს სწორედ ეს რეჟიმი გვიმზადებს!

2. მეორე მნიშვნელოვანი,რაც არაბულ რევოლუციებს თან ახლდა, არის ის, რომ მათ აშკარად დაგვანახეს – რევოლუციის წარმატებისთვის აუცილებელია პროტესტის გაშლა მთელი ქვეყნის მასშტაბით. როცა მთავრობას აღარ შეუძლია სერიოზული ძალების აქეთ-იქეთ გადასროლა. ამ მხრივ, ქართული პარტიის სერიოზული რეგიონალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპროტესტო მოძრაობის წარმატებისათვის.

3. დაბოლოს, არაბულმა რევოლუციებმა დაგვანახეს, რომ რაც არ უნდა ხმამაღლა იყვირონ დიქტატორებმა იმაზე, რომ მათი შეცვლის მერე ქვეყანა დაინგრევა და მითიურ-რეალური საფრთხე ამოხეთქავს, ამან არ აიძულა დასავლეთის ლიდერები, რომ მათთვის მხარი დაეჭირათ. ჰოდა, თუ მუბარაქსა და კადაფის,მათ  შემდეგ  რეგიონის პოტენციური ფანატიური ისლამიზაციის შიშითაც კი არ დაუჭირეს მხარი, ვითომ მიშას ყვირილი – ”რუსი მოდის! რუსი მოდის!” აიძულებს ამერიკელებს, რომ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ?

ამიტომ მგონია, რომ  მალე გამოჩნდება, რომ სააკაშვილის რეჟიმი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი, რომელიც თითქოს ურყევი იყო, სინამდვილეში, თიხის ფეხებზე დგას. თუ საბჭოთა კავშირი 2 წელიწადში დაიშალა, სააკაშვილის ”ერთი უკვდავი პარტიის” დაშლას მაქსიმუმ 2 კვარტალი დასჭირდეს.

იმედია, რომ ოპოზიცია მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფის ნაცვლად სწორედ ისე მოახდენს თავისი ნაბიჯების კოორდინაციას, როგორც ჩვენ ყველას დიდი ხანია გვსურს, რომ მოახდინონ.

თუ არადა, სამუდამოდ მართლა წავლენ ისტორიის სანაგვეზე – მიშასთან ერთად… და  ვაითუ – საქართველოსთან ერთად !

 ===========================

ია ანთაძე: დაგვიანებული პასუხი სოლომონს

Feb 27, 16:27

პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ ჩემს ბლოგს სერიოზული კომენტარით გამოეხმაურეთ. ამგვარი დისკუსია სასარგებლოა საზოგადოებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ბლოგისთვის.

რაც შეეხება საკითხს – ხელისუფლების შეცვლის ჰიბრიდულ მეთოდოლოგიას (ანუ პარალელურ შეტევას ორ ფრონტზე). თქვენ ბრძანებთ, რომ ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა ხელისუფლებასთან დიალოგის გზით უნდა ცადოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სხვა საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა; ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილმა უნდა ცადოს ხალხის მობილიზება საპროტესტო გამოსვლებისთვის. გზადაგზა გაირკვევა, რომელი ძალა, რომელი მიმართულება უფრო ქმედუნარიანია და ხალხიც მას გაჰყვება.

თუ გულისხმობთ, რომ ოპოზიციის ორივე ნაწილმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს, ჩემი აზრით, ეს ამჯერად შეუძლებელია. პოლიტიკაში ტაქტიკურ შეთანხმებებს წინ უსწრებს ერთი სტრატეგიული შეთანხმება – ვინ იქნება პრეზიდენტი (პრემიერმინისტრი). თანამშრომლობის ბევრი მცდელობა სწორედ იმის გამო ჩაშლილა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ამ ერთ – სტრატეგიულ – საკითხზე ვერ შეთანხმებულა. კოორდინირებული ქმედება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ძალთა სამომავალო ბალანსი პროცესის მონაწილე ყველა გუნდისთვის მისაღებია (თუნდაც, ბალანსი რომელიმე ეტაპზე).

დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ მოხერხდა შეთანხმება ამ სამომავლო ბალანსთან დაკავშირებით. ვინ იქნება ქვეყნის პირველი პირი? ბურჯანაძე? ალასანია? სუბარი? უსუფაშვილი? გამყრელიძე? გვარების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. მართალია, პოლიტიკოსები საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ჯერ სააკაშვილია მოსაშორებელი და შემდეგ, არჩევნებზე უნდა გაირკვეს, ვინ დაიკავებს ქვეყნის ამა თუ იმ პოსტს, მაგრამ ეს განმარტება გულუბრყვილო მოქალაქეებისთვის კეთდება. შედარებით გამოცდილება კი იციან, რომ სანამ პოლიტიკური ლიდერები მთავარზე არ შეთანხმებიან, კოორდინირებულ მოძრაობას არ/ვერ დაიწყებენ.

საკითხავია, ბოლო წლების განმავლობაში, როდის ხერხდებოდა ოპოზიციის დიდი ნაწილის გაერთიანება? ასეთი რამ მოხდა ერთხელ ასლან აბაშიძის ირგვლივ (1998–1999 წლებში) და მეორედ ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ – 2007–2008 წლებში. სწორედ ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა მაკოორდინირებელი ფიგურა, რაც მთლიანად განაპირობა მათმა რესურსმა (ავტორიტეტი, ფული, მათ უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება). სიცოცხლისუნარიანი კი არც ერთი გაერთიანება აღმოჩნდა და არც მეორე, რადგან ორივე ხელოვნურად იყო შეკოწიწებული და ხელისუფლების მხრიდან წნეხს ვერ გაუძლო.

დღევანდელ პოლიტიკურ ლიდერებს შორის არ არის ვინმე, ვისაც მაკოორდინირებელი რესურსი აღმოაჩნდებოდა – ან ავტორიტეტი, ან ფული, ან მის უკან მდგომი ძალების პოლიტიკური ნება, ან (მით უმეტეს) ყველაფერი ერთად. ამიტომაც ამბობენ ოპოზიციური ლიდერები გულწრფელად, რომ საზოგადოება აღარ უნდა ელოდოს მათ თავმოყრას რაიმე საერთო კოალიციაში. სინამდვილეში, ასეთი კოალიცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვა ახალი ფიგურა, საგანგებოდ ძლიერი რესურსით (მაგალითად, ლევან ვასაძე ან ვინმე სხვა, მისი მსგავსი). მე მოვლენების ამგვარ განვითარებას არ გამოვრიცხავ. თუმცა, დრო სულ უფრო ცოტა რჩება.

იმ შემთხვევაში, თუ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდება ახალი მაკოორდინირებელი ფიგურა, რჩება დიდი ალბათობა, რომ მოხდება სხვა რამ, რის შესახებაც ჩემს მოსაზრებას მორიგ ბლოგში დავწერ.

სულ ეს იყო, რაც ამჯერად თქვენი კომენტარის პასუხად მინდოდა, მეთქვა.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s