”ბურები გადაარჩენს საქართველოს!”?


ბურები (ჰოლანდიურად ”ბურ” – გლეხს, ფერმერს ნიშნავს) მე-17 საუკუნიდან ”აღმოსავლეთ ინდოეთის ჰოლანდიური კომპანიის” მიერ დაარსებული ადმინისტრაციის ფარგლებში დასახლდნენ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ორი თავისუფალი დასახლება – ორანჟის თავისუფალი შტატი და ტრანსვაალი – შექმნეს და იქ დიდი მამულები ჰქონდათ, რომელშიც იაფი მონური შრომის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკმაოდ წარმატებული სოფლის მეურნეობა შექმნეს. ბურების ძირითადი ნაწილი ჰოლანდიელები იყვნენ, თუმცა იქ სახლობდნენ ასევე გერმანელი, სკანდინავი, პორტუგალელი, ბერძენი, პოლონელი, შოტლანდიელი, ირლანდიელი და ინგლისელი მიგრანტებიც. ბურები პროტესტანტები (კალვინისტები) არიან. მე-19 საუკუნეში დიდი ბრიტანეთის იმპერიამ, რომელშიც შედიოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დღევანდელი ტერიტორიაც, დაუშვა იქ ე.წ. თავისუფალი მიწების პრაქტიკა და ბურები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ.

მაგრამ 1880 წლისთვის თავისუფალი მიწების სტატუსი გაუქმდა. ბურები აჯანყდნენ და ე.წ. ინგლის-ბურების I ომი (1998-81) მათი გამარჯვებით და ტრანსვაალის დამოუკიდებლობის აღიარებით დამთავრდა. მაგრამ ინგლისელებმა დიდი რაოდენობით ჯარების კონცენტრაციის შემდეგ 1899-1902 წწ. ინგლის-ბურების II ომში დაამარცხეს ბურები და გააუქმეს მათი დამოუკიდებლობა. თუმცა ფორმალურად შეზღუდული დამოუკიდებლობა კოლონიებისთვისაც დაწესდა და ამ კოლონიებმა სამხრეთ აფრიკის  კავშირი შექმნეს. 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მე-20 საუკუნის ბოლოს აპარტეიდის დამარცხების და ქვეყნის სათავეში შავკანიანი უმრავლესობის მოსვლის შემდეგ ბური ფერმები ხშირად გამხდარან კრიმინალური თავდასხმების (ხოლო ზოგის აზრით -ეთნოციდის) სამიზნე. რამდენიმე ასეული ფერმერი იქნა მოკლული, გაძარცვული და იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ფერმა. განსაკუთრებით დიდი გამოძახილი მოჰყვა 2010 წ. აპრილში თეთრკანიანი ბური ლიდერის იუჯინ ტერ ბლანშეს მკვლელობას შავკანიანების მიერ.

  

 სამხრეთ აფრიკის მთავრობის მიწების ახალი რეფორმა ბურების შეშფოთების მიზეზია და ისინი სულ უფრო დაუცველად გრძნობენ თავს. ისინი იძულებულნი არიან გასამხედროებული ჯგუფები შექმნან თავის დასაცავად, რადგან სამხრეთ აფრიკის პოლიცია ვერ ახერხებს მათ ეფექტურად დაცვას.

შეიქმნა ბურების გადასახლების რამდენიმე გეგმა, სადაც სამიზნე ტერიტორიებად ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია განიხილება. მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში ბურების გადასახლება სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება. 

2010 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორების საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაიამ აფრიკაში ვიზიტით ყოფნისას ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა.

მემორანდუმის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი არის შეთავაზება, რომელიც ეხება ბური ფერმერების ბიზნესის გადმოტანას საქართველოში. 40 000 ბური ფერმერის სახელით საქართველოში ჩამოვიდა ბურ ფერმერთა დელეგაცია, რომელთაც დაათვალიერეს მიწები და გაეცნენ საქართველოს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ტრადიციებს და პირობებს. ბურებს მოეწონათ საქართველოში მეღვინეობის განვითარების ტრადიციები (სამხრეთაფრიკული ღვინოები, განსაკუთრებით, კაბერნეს და მერლოს ტიპის, ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მსოფლიოს ღვინის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ). საინტერესოა, რომ ბურებს დაცვის გარანტიები მისცა და საქართველოს პოლიციის ეფექტურობა პირადად გააცნო შინაგან საქმეთა მინისტრმა და სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალმა ვანო მერაბიშვილმა. ბურების მცირე ჯგუფმა დაათვალიერა მიწები ქართლში (რუსთავის და მცხეთის რაიონები), კახეთში და შირაქში. შირაქში უკვე განსაზღვრულია ბურებისათვის გადასაცემი მიწის გამოსასყიდი ფასი – 40 ლარი 1 ჰექტარ მიწაზე. აღსანიშნავია, რომ იმავე მიწის შეძენის მსურველ საქართველოს მოქალაქეს მინიმუმ 600 ლარის (15-ჯერ ძვირი ფასის!!) გადახდა მოუწევს!

 რა შეიძლება იყოს დადებითი და უარყოფითი ამ ”არაჩვეულებრივ მიგრაციაში”, როგორც ამ პროექტს ინგლისურ გაზეთ ”ინდეპენდენტის” კორესპონდენტი უწოდებს:

 დადებითი ფაქტორები:

1)      ბურებს ნამდვილად გააჩნიათ საკმაოდ მდიდარი და მრავალწლიანი ფერმერული გამოცდილება, და მათი ეს გამოცდილება – მეღვინეობაში, განსაკუთრებით,  შეიძლება ნამდვილად დადებითად წაადგეს საქართველოში ყურძნის ჯიშების სელექციას ან რომელიმე ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვას.

2)      არაა გამორიცხული, რომ ბურების პრობლემების გადაჭრისათვის როგორც მათმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე სამხრეთ აფრიკის და უფრომეტად – ნიდერლანდების მთავრობამ – საგრანტო დახმარება გამოჰყონ (თუმცა სავარაუდოდ ეს დახმარება, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, თავად ბურებს გადაეცემათ და არა – საქართველოს). არსებობს მოსაზრება, რომ ბურების ჩამოსახლების პროექტი საქართველოს პირველი ლედის პირადი ინიციატივაა.

3)      საქართველოს მიმართ ევროპის და დასავლური სამყაროს დაინტერესება გაიზრდება – საქართველო კარგა ხნით მოხვდება საინფორმაციო საშუალებების მხედველობის ველში, როგორც უაღრესად არაორდინალური საიმიგრაციო პროექტის ლაბორატორია

4)      თუ ბურები საქართველოში დასახლდებიან და მოქალაქეობას მიიღებენ, ამით საქართველოს მოსახლეობის ოდენობა გაიზრდება და მოსახლეობის, როგორც შრომისუნარიანი და გადახდისუნარიანი ნაწილის, ასევე – ჯარში გასაწვევი ნაწილის პროცენტული ზრდა მოხდება, რაც თანამედროვე სამყაროში პოზიტიურ დემოგრაფიულ ფაქტორად ითვლება.

მაგრამ, მოდით, ახლა უარყოფით ფაქტორებზე ვილაპარაკოთ:

  1. საქართველო, განსხვავებით კანადისა და ავსტრალიისაგან,არ მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც დიდი ტერიტორიები აუთვისებელია. ამიტომ, ასეთ ქვეყანაში დიდი ოდენობით არამკვიდრი მოსახლეობის იმიგრაცია უეჭველად გამოიწვევს დაპირისპირებას ახლადჩამოსულ და მკვიდრ მოსახლეობას შორის. განსაკუთრებით, თუ ახლადჩამოსახლებული მოსახლეობა ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავდება მკვიდრისაგან და, მით უფრო, როცა ეს ხდება ეკონომიკური კრიზისის ფონზე.
  2. აბსოლუტურად მიუღებელია ფაქტი, როდესაც ქართული მიწის გასხვისება უცხოელებზე ხდება უფრო იაფად, ვიდრე მკვიდრ მოსახლეობაზე! ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რაშიც ბევრი სხვა და მეც, ვადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მას სურს მკვიდრი მოსახლეობის ქვეყნიდან გარეკვა – პოლიტიკური მიზეზების გამო – რამდენადაც ხედავს, რომ მისი რეიტინგი ამ მოსახლეობაში მკვეთრად დაცემულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი საშუალებით ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ხელი ააღებინოს საკუთარ სამშობლოზე და მოახდინოს მათი დეპორტაციის ფინანსური მოტივირება. აღსანიშნავია, რომ ბურებისათვის შერჩეულ მიწების საკმაო ნაწილი უკვე არის საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში, რაც ან შეცდომაა, ან გამიზნული ტაქტიკა, რომ ამ ადამიანებს (ისევე როგორც ადლიასა და ანაკლიაში) თავიანთ საკუთრებაზე იძულებით ათქმევინონ უარი.
  3. ბურების ჩამოსახლებას აშკარად ცუდი პოლიტიკური სუნი ასდის. საქართველოს მთავრობა უკვე ცდილობს დასავლეთის თვალში პოლიტიკური ქულების დაწერას. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ავანტიურისტი პრეზიდენტის მენტალიტეტში ბურების ჩამოსახლებას (ისევე, როგორც უცხოელიმასწავლებლების დივიზიის ჩამოყვანას) გარკვეული ანტირუსული ცოცხალი ფარის მნიშვნელობა ენიჭებოდეს – ლოგიკით, თუ რუსეთი ისევ დაგვარტყამს, საფრთხის ქვეშ დადგებიან უცხოელი მოქალაქეები და უცხოეთის მთავრობები უფრო აქტიურად დაგვიცავენ – ”ეგებ ნატოს ჯარები შემოიყვანონ!” ასეთი ”ლოგიკა” აბსურდულია ნორმალური პოლიტიკოსისთვის, მაგრამ არა სააკაშვილის ტიპის ”ემოციური” მმართველისათვის, რომელმაც 2008 წლის 12 აგვისტოს ”სარკო-ზეიმზე” ხალხის მასიური კონცენტრირება და უცხოელი ლიდერების ჩამოყვანა სწორედაც რომ თავისი უსაფრთხოების გარანტირების მიზნითაც განახორციელა.
  4. პოლიტიკური მოტივი იმაშიც იქნება გამოყენებული, რომ კახეთის, შირაქის და ქართლის მოსახლეობის პროტესტული განწყობილების ნიველირება მოახდინოს არჩევნებზე. სავარაუდოდ, ბურების ლიდერებთან ნაცმოძრაობა გააფორმებს საიდუმლო მემორანდუმს, რომლითაც განისაზღვრება, რომ სწორედ არსებული მთავრობა არის პასუხისმგებელი ბურების დაცვის უზრუნველყოფაზე, რაც ბურ მოსახლეობას უბიძგებს, რომ მათ ყოველთვის ნაცმოძრაობას მისცენ საკუთარი ხმები.
  5. ზემოთხსენებული ”თავდაცვის მოტივი” შეიძლება საფუძვლად იქცეს საქართველოშიც ბურების თავდაცვითი ჯგუფების ჩამოყალიბებისათვის. სამხრეთ აფრიკაში არსებული რეალობის გათვალისწინებით ბური ფერმერები შეგუებულნი არიან, რომ საკუთარი თავის და მეურნებობის დაცვა მათივე მიერ ჩამოყალიბებული თავდაცვითი სახალხო რაზმების  საშუალებით უწევთ. ამ ნიადაგზე ბასიშვილის ზონდერბრიგადებს მალე ხელისუფლებამ შეიძლება ბურების ზონდერბრიგადაც ამოუყენოს  გვერდში, რაც საერთოდ კატასტროფულს გახდის ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლეობასა და ბურებს შორის.
  6. ბურების თითეულ ოჯახს სავარაუდოდ 10-20-ჯერ ან სულაც მრავალათასჯერ მეტი ფინანსური კაპიტალი ექნება მეურნეობის გასამართვად, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობას. ამიტომ ჩამოსახლებიდან სულ რაღაც 2—3 წელიწადში, როგორც ტექნოლოგიური აღჭურვის მხრივ, ასევე დამატებითი მუშახელის დაქირავების პოტენციალის მხრივ ბურების მეურნეობები მშრალ ანგარიშზე დაამარცხებენ ადგილობრივ ფერმერებს და მსხვილ მეურნეობებსაც, რაც კიდევ ერთხელ მისცემს საფუძველს ნაცმოძრაობას, ამტკიცოს ყალბი თეზისი, რომ ”ქართველები – ზარმაცები და უნიათოები, ხოლო ბურები მუყაითები და კარგი ორგანიზატორები არიან”. დაახლოებით 5 წელიწადში ბურების მფლობელობაში არსებული მიწების რაოდენობა გაორმაგდება და შეიძლება გაათმაგდეს კიდეც, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გაუძლებს არათანაბარ კონკურენციას იაფად მიჰყიდის  მათ მიწებს, ხოლო თავად მოჯამაგირედ დაუდგება, თუ მონებად არა, როგორც ეს სამხრეთ აფრიკაში იყო. ამ ეტაპზე მოსალოდნელია, რომ ბურების იმიგრაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან მსოფლიო თვალნათლივ დაინახავს, რომ საქართველო სასათბურე პირობებს უქმნის იმიგრანტ უცხოელებს და ძალად დენის ქვეყნიდან თავის მკვიდრ მოსახლეობას. მხოლოდ ზარმაცი და უნიათო უცხოელი თუ არ ისარგებლებს ასეთი ”შემოთავაზებით”.  
  7. კომპაქტურად ბურების ჩასახლება და მათი მწარე გამოცდილება სამხრეთ აფრიკაში შესაძლებელს გახდის, რომ მათ თავიდანვე იფიქრონ დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გაფორმებაზე. ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაში ბურების შეტანილი წვლილის განუხრელი ზრდის კვალობაზე ისინი მოითხოვენ და, სავარაუდოდ, მიიღებენ კიდეც საკმაოდ ფართო ავტონომიას.
  8. დაბოლოს, 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, რომლის საფუძველზე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველების რეაბილიტაციის, რეპატრიაციის და ინტეგრაციისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, კანონპროექტის მიღების საკითხმა ნაკლებად პრიორიტეტული თემების რიგში გადაინაცვლა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვლადებულება რიგი მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არასრული სახით. კანონი მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველია და მასში არ არის შეტანილი მუხლები რეპატრიაციის პროცესისა და სარეაბილიტაციოს ცენტრების დაფინანსების შესახებ. კანონი ამავდროულად ქმნის ბიუროკრატიულ სიძნელეებს, რაც აფერხებს პროცესის მიმდინარეობას.  ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საქართველოს მთავრობის განცხადებებით მაჰმადიან მესხთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის არც საჭირო თანხა არსებობდა, არც შესაბამისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში. ამჟამად, როცა საქართველოს მთავრობა ყველასათვის მოულოდნელად ”დროულად და გამართლებულად” თვლის საქართველოსთვის აბსოლუტურად უცხო მოსახლეობის – ბურების მასობრივ ჩამოსახლებას და კომპაქტურ ჩასახლებას, საოცრად ”ნაივური” (გია ბარამიძის ოქროს ტერმინი) ან გულმავიწყი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ ვერ გაითვალისწინოს, რომ როგორც ევროპის საბჭო, ასევე ეუთო (და ორივე ორგანიზაციაში – რუსეთი და თურქეთი პირველ რიგში) და ასევე თურქი მესხების რეპატრიაციის კავშირი სავსებით სამართლიანად შეახსენებენ და მოსთხოვენ კიდეც საქართველოს მთავრობას, რომ მან სწორედაც რომ უსწრაფესად და სწორედაც რომ კომპაქტურად ჩამოასახლოს ისტორიულ სამშობლოში არაკანონიერად გადასახლებული თურქი მესხები. ასე რომ, იმავე კვირაში, როგორც კი ბურების ჩამოსახლებაზე გადაწყვეტილებას გააფორმებს, საქართველოს  მთავრობას მოუწევს მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება თურქი მესხების რეპატრიაციაზეც. და თანაც, აბსოლუტურად ლოგიკურად – განსხვავებით ბურებისაგან, თურქ მესხებს იმ 40 ლარსაც ვერ გამოართმევს ჰექტარ მიწაში. ხოლო თურქი მესხების მასობრივი, არაეტაპობრივი და კომპაქტური ჩამოსახლება (მით უფრო – თუ სამცხე-ჯავახეთში მოხდა ეს) რა ახალ პრობლემებს და გამოწვევებს გამოიწვევს, ამაზე დასაფიქრებლად საქართველოს დიდ უშიშროების საბჭოს დიდ მდივანს – გიგა ბოკერიას ალბათ არ სცალია – მას ხომ რუსეთის #1 მტრად ოფიციალურად აღიარების #1 ისტორიული ამოცანის შტურვალზე უდევს მარჯვენა…

http://www.independent.co.uk/news/world/europe/boer-farmers-head-for-new-home-in-georgia-2128794.html



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s