არასტანისლავსკური ზეამოცანა – ფიქრები გიგა ზედანიას ბლოგზე http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2311045.html


ბატონი გიგას ბლოგმა მაფიქრებინა, რომ ნამდვილად საჭიროა ეგვიპტის რევოლუციის ქართულ სინამდვილეზე შესაძლო გავლენის ანალიზი, ოღონდ არა ასეთი ცალმხრივი – “რატომ არ!”, არამედ იმისაც, – “რატომ – კი!”

ბატონ გიგას მცდელობისთვის მადლობას მოვახსენებ და მინდა ვურჩიო, დავით ზურაბიშვილის ბლოგს გაეცნოს www.kalmasoba.com-ზე.

 

მე კი შევეცდები ზოგიერთ მის არგუმენტებს გამოვეხმაურო. ჩემი კომენტარები კვადრატულ ფრჩხილებში ჩავსვი და გავამუქე.

===========================================================

ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ საქართველოში ზოგიერთს გაუჩნდა აზრი, რომ როგორც პირველმა მისცა ბიძგი მეორეს, ასევე შესაძლებელია, ორივემ ერთად გამოიწვიოს მესამე რევოლუცია – ახლა უკვე საქართველოში. შევეცდები ვაჩვენო, რომ ეს აზრი მცდარია.

[გასაგებია, რომ ეს სტანისლავსკის სისტემის არა და, ნაცმოძრაობული სისტემის ზეამოაცანა არის].

დავიწყოთ პირველი პირებით. იმისათვის, რომ მსგავსი რევოლუციები მოხდეს, ავტოკრატი პრეზიდენტებიც ერთმანეთს უნდა ჰგავდნენ.

[„უნდა ჰგავდნენ“ არ ნიშნავს – „იდენტურები უნდა იყვნენ“]

 

ბენ ალი – დაბ. 1936 წელს, ტუნისის პრეზიდენტი 1987-იდან 2011 წლამდე;

ჰოსნი მუბარაქი, დაბ. 1928 წელს, ეგვიპტის პრეზიდენტი 1981-იდან 2011 წლამდე;

მიხეილ სააკაშვილი, დაბ. 1967 წელს, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლიდან.

ხომ ხედავთ ფუნდამენტურ განსხვავებებს?

[ნუ, თუ მარტო ასაკი და პრეზიდენტობის ხანგრძლივობაა “ფუნდამენტური”, მაშინ დაგვიდასტურებია, რომ ვაცლავ ჰაველსა და მიშა სააკაშვილს შორისაც ფუნდამენტური განსხვავებაა… იქნება ზოდიაქოს ნიშნებზეც გვემსჯელა?]

 

თუმცაღა ერთი ანალოგია საქართველოდან კი შემიძლია შემოგთავაზოთ:

ედუარდ შევარდნაძე, დაბ. 1927 წელს, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, სახელმწიფოს მეთაური და პრეზიდენტი 1972-იდან 2003 წლამდე.

რისი თქმა მინდა, მგონი, ცხადია: თუ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები რამეს ჰგავს, ეს ჩვენი წარსულია, კერძოდ 2003 წლის ნოემბრის რევოლუცია და არა – ჩვენი მომავალი.

[ეს არის მიხეილ სააკაშვილის ერთი სერიოზული “უტკა” – რომ რადგან ის ახალგაზრდაა, 5 ენა იცის და კოლუმბიის უნივერსიტეტში და სტრასბურგში არის განათლებული, ამიტომ პრინციპულად შეუძლებელია, ის კორუმპირებული და ავტოკრატი იყოს! ბატონო გიგა, ხომ არ დაგისახელოთ ახალგაზრდა ავტოკრატთა კოჰორტა, რომელთაც განათლება ინგლისსა და ამერიკაში აქვთ მიღებული? კიმ ჩენ ირის ვაჟით ხომ არ დავიწყოთ?]

მაგრამ მხოლოდ პირველი პირებით ნუ შემოვიფარგლებით. ვნახოთ, კონკრეტულად ვინ დაუპირისპირდა კონკრეტულად ბენ ალისა და მუბარაქს.

ახალგაზრდები. ორივე ახალგაზრდების მიერ მოწყობილი რევოლუცია იყო. და აი, დემოგრაფიული მონაცემებიც:

ეგვიპტეში მოსახლეობის საშუალო ასაკი 24 წელია.

ტუნისში მოსახლეობის საშუალო ასაკი 29 წელია.

ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ახალგაზრდების ჯანყს მოხუცი ავტოკრატების წინააღმდეგ. ახალგაზრდებისა, რომლებსაც უნდოდათ მეტი ადგილი, ვიდრე მათ უფროსი თაობის ადამიანები აძლევდნენ.

[ანუ გამოდის, რომ ეიჯიზმის ნიშნით მოსახლეობის დაყოფა ცალმხრივად მომგებიანია მაშინ, როდესაც არაპროფესიონალი და აცუნდრუკებული მთავრობა სწორედ ახალგაზრდობის ყველაზე აცუნდრუკებული და ლოიალური ნაწილის თანამდებობებით მოსყიდვას ახერხებს?]

საქართველოში მოსახლეობის საშუალო ასაკი 38 წელია. ჩვენ არ ვართ ისეთი ახალგაზრდები, როგორც ტუნისსა და ეგვიპტეში.

მეტიც, ახალგაზრდების რევოლუცია საქართველოში უკვე მოხდა. და ახალგაზრდების აქტიურმა ნაწილმა თავისი ადგილი ამ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იპოვა.

[„აქტიური“ ნიშნავს რას? აქტიური მიშნავს გამოცდილების არმქონეს? არაპროფესიონალს? პარტიულად ლოიალურს? მენეჯმენტის გამოცდილების არმქონეს? მხოლოდ ინგლისურის მცოდნეს? რით არიან „გამორჩეულნი“ ვერა ქობალია, ლადო ვარძელაშვილი, ბაკურ კვეზერელი, კობა სუბელიანი? და რამდენი %-ია ახალგაზრდების საერთო ნაწილში ის ახალგაზრდები, რომელთაც თავისი თავი მიშას ნავში იპოვნეს? ის ნაწილი არ დაგითვლიათ, ვინაც ბოლო ერთოი წლის განმავლობაში სამსახური დაკარგა? თავად ვარ ჩაბმული ახალგაზრდათა განათლებაში და შემიძლია საკუთარი დაკვირვება მოგახსნოთ – სამაგისტრო პროგრამებში ჩაბმული ახალგაზრდების თუ 50% იყო სააკაშვილის მხარდამჭერი 2006-2007 წლებში, ამჟამად მხოლოდ 10% თუ ახდენს ნაცმოძრაობისადმი თავისი სიმპათიების გამოხატვას, მაშინ, როცა საწინააღმდეგო განწყობები 20%-დან-60-70%-მდე გაიზარდა!]

 

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ა) ყველა ახალგაზრდამ ოპოვა საკუთარი ადგილი. მეტიც, იმასაც კი ვივარაუდებდი, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას ამასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს. მაგრამ რევოლუციას არა უმრავლესობა, არამედ სწორედ აქტიური უმცირესობა სჭირდება, რომელიც დღესდღეობით სულაც არაა დაინტერესებული, სუფთა დაფიდან დაიწყოს ცხოვრება.

ეს არც იმას ნიშნავს, რომ ბ) სხვა ასაკის წარმომადგენლები არიან კმაყოფილები – როგორც 2009 წლის არშემდგარი რევოლუციიდან გვახსოვს, საპროტესტო აქციების მონაწილეთა ძირითადი ასაკი 50-60 წელი იყო, ხოლო მათი რიცხვი – საგრძნობლად დიდი.

ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში, ტუნისისა და ეგვიპტისგან განსხვავებით, ახალგაზრდების აქტიურ ნაწილს ქუჩაში გამოსვლა და ბრძოლა არ აინტერესებს. არ დავიწყებ იმის შეფასებას, კარგია ეს, თუ ცუდი. უბრალოდ, ვითარების აღწერას ვცდილობ.

[ბატონო გიგა, იყავით ბოლომდე გულწრფელი და თქვით, რომ ეგ კარგია! რომ ოცნებობს თქვენი ხელისუფალი იმაზე, რათა საქართველოში ახალგაზრდობა კაზინოებში და ნარკოტიკებში ჩამხრჩვალი იყოს, შაკირაზე, კუტუნიოზე და კახა ცისკარიძეზე ჯაზავდეს და არც კი ახსოვდეს სიტყვა “პოლიტიკა”… ხოლო, ის რომ ახალგაზრდობა პასიურია, ეგ სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება, რადგან საქართველოში ახალგაზრდათა მხოლოდ 20-30% თუ არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და იმის კვალობაზე, რამდენად იგემებენ მათ ოჯახები ხელისუფლების საგადასახადო და პოლიციურ ხუნდებს, ისინიც მიხვდებიან, რამდენად “ოქროა” ის ყველაფერი, რაც ბრწყინავს]

ტუნისსა და ეგვიპტეში რევოლუციის გადამდებობა დაკავშირებული იყო კიდევ ერთ ფაქტორთან, რაც ჩვენ, 2003 წლის „რუსთავი 2-ისა“ და 2007 წლის „იმედის“ მომსწრეებს, არ უნდა გაგვიკვირდეს – საქმე ეხება მედიას. ეგვიპტეს, იემენსა და ალჟირს ტუნისის ალი იმიტომ გადაედო, რომ ამ ალს „ალ ჯაზირა“ აღვივებდა – საერთო არაბული მაუწყებლობა. საქართველოში კი ახლო აღმოსავლეთის რევოლუციების ელიტის გარდა არც არავინ ადევნებს თვალს. სულ სხვა იქნებოდა, ასეთი ტიპის რევოლუცია რუსეთში რომ მომხდარიყო – ამ შემთხვევაში ნამდვილად შეიძლებოდა გავლენებზე ფიქრი, რადგან ჩვენ რუსულ საინფორმაციო სივრცეში ყურებამდე ვართ ჩაფლული.

[ფეისბუქი და ტვიტერი? ალ ჯაზირა კი იყო დაბლოკილი უკვე მე-4 დღიდან ეგვიპტეში… მართალია, მიშასგან კია მოსალოდნელი, რომ საერთოდ დენს გამორთავს მთელს ქვეყანაში, მაგრამ აკი ობამამ და კლინტონმა გააფრთხილეს ავტორიტარები, ეგ არ გიშველკითო? მერე რომ ავტომატურად ამერიკის დახმარებებს დაკარგავს?

გამოდის, რომ თქვენ და ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების სტაბილურობაზე ოცნებობთ! ლუკაშენკოს რომ უჭერდა მხარს სააკაშვილი, კი ვიცოდით, მაგრამ პუტინის გადავარდნაც თუ თქვენი შეშფოთების მიზეზადს შეიძლება იქცეს, მაგას ვერ წარმოვიდგენდი! და ისე, რასა ნიშნავს – რუსულ საინფორმაციო სივრცეში ყურებამდე ჩაფვლა? ხომ წარმატებით გამოვრთეთ ომის შემდსეგ რუსული საინფორმაციო არხები და აგერ რუსული სიმღერებიც ხომ დავამარცხეთ სარესტორნო სივრცეში?]

ტუნის-ეგვიპტის რევოლუციის საქართველოზე გადმოდებას მხოლოდ ისეთი ადამიანი თუ ინატრებს, რომელსაც ყველა სხვა იმედი გადაწურული და ილაჯი წართმეული აქვს და ცვლილებას Deus ex machina-დან ელის. მარტივი არგუმენტი: როგორც ვარდებისა და ნარინჯისფერმა რევოლუციებმა ვერ მოახდინეს ვერანაირი გავლენა ტუნისსა და ეგვიპტეზე 2003-2004 წლებში, ისევე ვერ მოახდენენ გავლენას ჩვენზე ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციები. ან რა უცხო გავლენა გვჭირდება? რევოლუციური სიტუაცია რომ იდგეს ჩვენს ქვეყანაში, განა ჩვენი საკუთარი რევოლუციის გამოცდილება არ გვაქვს, სხვების მაგალითებს რომ არ დავუწყოთ ძებნა? ვინმეს რევოლუციის მოხდენა რომ შეეძლოს,მისთვის 2003 წლის ნიმუში უფრო ახლო არ იქნებოდა, ვიდრე ეგზოტიკური, მაგრამ შორეული ტუნისისა და ეგვიპტის მოვლენები?

[ნუ, ახლა ყველა თქვენსავით წარმატებული და ილაჯმოცემული ხომ ვერ იქნება?!

გეოპოლიტიკაში ცვლილებები გარკვეულ პლასტებად ხორციელდება. ამჟამად ეს ტექტონიკური პლასტი ჩვენს სამხრეთით გადის და აშკარად არაბულ-აზიური ხასიათი აქვს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველო არც ისე ევროპული ქვეყანაა, რომ მისთვის აზიური მთლიანად უცხო იყოს. ნუ შეედრებით უკრაინას, სადაც იუშენკოს ელიტარული კორუფცია და პოლიციის პოლიტიზაცია არ მისულა ქართულ დონემდე, რომელსაც სწორედაც რომ ეგვიპტური მასშტაბი ახასიათებს. და ისე, თუ რუქას დახედავთ, არა მგონია, ვერ მიხვდეთ, რომ საქართველოსთვის ეგვიპტე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე კიევი. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავრობა და მის დაკრიშული კომპანიები სწორედ ეგვიპტიდან ეწევიან ხახვის იმპორტს :)]

 

ჩემი დასკვნა ასეთი იქნება: პრინციპში სულაც არაა გამორიცხული, რომ ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მოხდეს ამბოხი, რევოლუცია, ან სამოქალაქო ომი (თუმცა ამის ნიშნები დღესდღეობით ნამდვილად არ ჩანს). ოღონდ ამ ყოველივეს ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებთან იმდენივე ექნება საერთო, რამდენიც „დიდი ოქტომბრის“ რევოლუციასთან: მხოლოდ და მხოლოდ სახელი.

ბოლო პუნქტი: ზოგიერთი იმედოვნებს, რომ ტუნისისა და ეგვიპტის რევოლუციების შემდეგ აშშ-ის პოზიცია პროდასავლური ავტორიტარული რეჟიმების მიმართ რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტები ამბობდნენ, ამ რეჟიმების მმართველები ძაღლიშვილები არიან, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილებიო, ახლა აღარ იტყვიან და სააკაშვილის „პირსისხლიანი“ ხელისუფლებაც დაემხობა.

ისევ და ისევ მცდარი აზრია. აშშ-ის ხელისუფლება ნამდვილად იტყვის უარს სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერაზე, თუ მის წინააღმდეგ საქართველოს აქტიური მოქალაქეების უმრავლესობა გამოვა (ოღონდ არავის ეგონოს, რომ, რამდენი არ დაიძახებს, დღეს რუსთაველზე „მთელი ქართველი ერი“ შეგროვდაო, იმდენჯერ დაუჯერებენ).

[აი ამაში კი გეთანხმებით, რომ მთავარი ქართველი მოქალაქეების პროტესტია და მერე აშშ მთავრობაც ისევე უარს იტყვის სააკაშვილის მხარდაჭერაზე, როგორც მუბარაქზე თქვა უარი. თუმცა არა მგონია, იმის ილუზია გქონდეთ, რომ ეგვიპტეში იყო „მთელი ეგვიპტელი ერი“ ქუჩაში – ეგვიპტეში 80 მილიონი ცხოვრობს, ხოლო ყველაზე მასიური გამოსვლების დღესაც კი 4 მილიონი თუ  იყო საპროტესტო მიტინგებზე, რაც მხოლოდ 5%. ანუ 4 მილიონიანი საქართველოსთვი 5%-იანი მასშტაბი სულ რაღაც 200,000 კაცია – ეგ კი არა მგონია, ვერ შევძლოთ]

მაგრამ ეს ყველა ჩვენგანმა აქამდეც მშვენივრად იცოდა.

ხოლო თუ მოსახლეობის აზრი ორად იქნება გაყოფილი – ზოგი ხელისუფლებისკენ, ზოგიც ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ახლაა – ტყუილად ჰგონია მავან წარუმატებელ პოლიტიკოსს, რომ ჰილარი კლინტონი გადმოდგება და ქართველ ერს ჯანყისკენ მოუწოდებს.

[ეგვიპტეშიც ეგრე იყო. ოღონდ მუბარაქისთვის სამწუხაროდ, მისი მომხრეები, რომელთა შორის ყოველ მესამეს პოლიციის მოწმობა ჰქონდა ჯიბეში, 10-ჯერ კი არა, 20-ჯერ ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე მუბარაქის მოწინააღმდეგეები. ალბათ, ჩვენთანაც იგივე პროპორცია იქნება დაცული…]

[საერთოდ კი, ბატონო გიგა, თქვენი ერთი ბლოგიდან მეორემდე ლამის 2-3 თვე გადის ხოლმე. ახლა კი, ისე სწრაფად (მე-4 დღეს!) მოაყოლეთ ახალი ბლოგი, რომ ეჭვი გამიჩნდა, რომ წინა ბლოგი – „დაჩეხილები“ -და იქ გაჟღერებული ჩვენი სულთნის მხატვრულ-სკულპტურული გემოვნების მსუბუქი კრიტიკა არ მოგიწონეს ავლაბრის ცეკაში და “ზაკაზიც” მოგცეს – სტანისლავსკის – არადა, ნაცმოძრაობული ზეამოცანა, რომელიც თქვენ სწრაფად – კი, მაგრამ, ჩვეული ნიჭით – ვერ შეასრულეთ

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s