აქა ამბავი მონსტრ ქარტიაზე ჯვაროსნული ჟანადარკული ლაშქრობისა


მოკლედ, ქალბატონმა ნათია ახალაიამ და ბატონმა ანდრო ჭილაიამ ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყვეს.

 

ფაქტიურად, ეს ჯვაროსნული ლაშქრობა ნათია კობერიძის და გიორგი კაპანაძის, და – ერის გადამრჩენლის, ყველაზე რეიტინგული კომპანიის უქუსლო აქილევსის – ლაშა ხარაზიშვილის დასაცავად იყო განზრახული, მაგრამ ამის თქმა უხერხულია და ამიტომ გამოყენებული იქნა პადოშას მეთოდი – გამოცხადდა, რომ ყველა პატიოსანი ჟურნალისტის დაჩაგვრის წინააღმდეგ არის ამაღლებული ეს ხმა… აი, მაგალითად, ეკა კვესიტაძე – ანგელოზივით დაუცველი ქალბატონი, ან – ფეხშიშველი ნანუკა ჟორჟოლიანი რომ დაჩაგროს ვინმემ (ჰმ!) და მათ დაბალანსებულობაში (ჰჰჰჰჰჰმმმმმ!!!) რომ ეჭვი შეიტანოს!..

 

მაგრამ ქალბატონ ნათია დ’არკს და მის ჰიდალგოს მოუნდათ, რომ  არა მარტო დაეცვათ საბრალო ჟურნალისტები, რომლებიც ისედაც ირყევიან ქართაგან (მიშათაგან, ვანოთაგან, და სხვათაგან) ძლიერთა, ვითარცა ლერწამნი ( და თან ზოგიერთმა კიდეც მოასწრო ლერწმის შაქრის სერიოზული მარაგების გაკეთება დროულად, გალინა ბრეჟნევასავით), არამედ ეს მაქსიმალური ხმაურით გაეკეთებინათ.

 

ამიტომ, ქარტიის ყრილობამდე ზუსტად 18 საათით ადრე გაზეთ ”რეზონანსში” (!) გამოვიდა და მერე ფეისბუქზეც, ბატონ ანდრო ჭილაიას მიერ გავრცელდა სტატია – ”რა იხარშება ე.წ. ქარტიის ქვაბში?” http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=172953032747323&id=100000280976960&notif_t=like#!/note.php?note_id=10150094298157941&id=557597243

 

 

სტატიის ავტორი, ქალბატონი ნათია ახალაია, სწორედ რომ მილა იოვოვიჩის გმირივით შეაბჯრულა და უდრეკად იცავს ქართველი ჟურნალისტის მიშათბოძებულ უფლებას – წეროს ისე, როგორც უნდა (მიშას!), იმაზე, რაც უნდა (ვანოს!) და აიღოს ის ძღვენი, რაც ეთიკურად მიაჩნია (გიგის!)!

 

და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ვინმემ ამაში დაგვაცენზუროს! არამცთუ სახენიღბიანმა უსახელოურმა სოლომონ თერნალელმა (ეგ საერთოდ ვინ აგდია, ეგ მშიშარა! ეგ რას მოვა უშიშარ დავით პაიჭაძესა ან უპრინციპულესს დოდოშკა… (აქ დამერხა! სკლეროზ… თუმცა რა სკლეროზ – დოდოშკა ერთადერთთან!), არამედ თუნდაც ამ ქარტიამ, ამ ცენზურის დამნერგავმა ცერბერებმა, ამ ბოლშევიკ-კომუნისტებმა!

ამ ”პრავდა-იზვესტიის” გადმონაშთებმა!

და რა თქმა უნდა – ია ანთაძემ! (მაგას არ ეღირსა ჭანტურიას და ვეშაპიძის პრემიები, მაგ ოხერს, როგორც გაგვიმწარა სიცოცხლე და არ შეგვარგო ლაივში ტანტალი!)

 

მაგრამ აქ მთავრდება პოემა (არ ვიცი – ჟანა დ’არკზე, თუ წამებულ ნათია კობერიძეზე) და იწყება პროზა -მოსაწყენი და იურიდიული…

საქმე ისაა, რომ

1)      ია ანთაძე არაა ქარტიის საბჭოს წევრი

2)      ია ანთაძემ , ლამის ერთი თვის წინ (ჯერ კიდევ წინა წელს – 28.12.2010) დაწერილ ბლოგში ”ნარმა… მიტკალი… რა გინდა – მითხარი…” არა ფართლეულზე, არამედ სწორედ ქარტიაზე ილაპარაკა, იმ როლზე რაც ქარტიამ შეიძლება შეასრულოს, და იმ კითხვებზე, რაც ამ როლის ორ სხვადასხვა ინტერპრეტაციის მიმართ საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს…

3)      ეს არის ია ანთაძის ხსენებული სტატიის ბოლო აბზაცები და ამის წამკითხავს, აბსოლუტურად არ უნდა გასჩენოდა ის პასკვილურ-ცილისმწამებლური ირონიული კითხვები, რაც ქალბატონ ნათია ახალაიას სტატიაში კი არ გაჩნდა, არამედ ჩამოთოვა და დაბარდნა:

”კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქარტია შეიქმნა, როგორც ნებაყოფლობითი გაერთიანება. საბჭოს მანდატის გაფართოება კი ერთგვარი ძალადობა იქნება იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც არ ცნობენ ქარტიას.

დასაშვებია თუ არა საზოგადოების მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე, რათა ისინი გახდნენ ანგარიშვალდებულნი; თუ ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია? აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, ჟურნალისტს სიმართლის თქმა მოსთხოვოს; თუ მხოლოდ ჟურნალისტის საქმეა, რა ხარისხის ინფორმაციას გაავრცელებს? – სწორედ ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყდეს საზოგადოების მონაწილეობით. ორივე გადაწყვეტილება – საბჭოს ამჟამინდელი მანდატის შენარჩუნება ან გაფართოება – გადაარჩენს ქარტიას, როგორც სტანდარტის დამკვიდრების პროცესს, თუკი ეს ნამდვილად იქნება საზოგადოების ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი.

ქარტიის ყრილობა კი დაეთანხმება იმას, რასაც საზოგადოება აირჩევს. ეს ერთადერთია, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.”

 

4)      ქალბატონ ნათია ახალაიას, თუ ჰქონდა (და ეს მისი სრული უფლებაა,როგორც მოქალაქის და როგორც ჟურნალისტის) კითხვები ია ანთაძის მიმართ, მას შეეძლო (და უნდა!) –

  1. ან უნდა ეტვირთა მძიმე ტვირთი და 28 დეკემბრის მერე საცივის და გოჭის გარდა, ია ანთაძის ბლოგისთვისაც უნდა შეევლო თვალი,
  2. ან – თუ ისეთი უბირია, რომ არც ბლოგი იცის, არც ფეისბუქი (ჰუჰ, აბა ვნახოთ როდის გახსნა ”ექაუნთი”?),სადაც იას კედელზე და მრავალ სხვათა კედელზე არის იას სტატიის ლინკები და განხილვაც, რომელმაც უკვე 1100 კომენტარს გადააჭარბა, მაგრამ ქ-ნი ია სპეციალურად არ ცვლის ახალი ბლოგით, რათა ქარტიის ყრილობამდე ყველას ჰქონდეს შანსი სტატიასაც გაეცნოს და თავისი აზრიც გამოთქვას, რასაც ია, ყველგან სთხოვს საზოგადოებას – ბლოგზე და ინტერვიუებშიც!
  3. ან – ეს ოხერი ფეისბუქი არ იცის, ბლოგი არ იცის, ტელეფონის ნომრის აკრება მაინც არ იცის? – დაერეკა ჟ. დ’არკს იასთვის და ეკითხა, რატომაა, რომ ჟურნალისტების დამონებას, დაჩაგვრას და დაცენზურება-დაკომპლექსებას უჭერთ მხარსო? და იაც ეტყოდა, რომ არ უჭერს (ხოლო თუ მე დამიწერდა კედელზე,რატომ ვუჭერ, მეც ვეტყოდი,მაგრამ მე ვინ მაღირსებს მილა იოვოვიჩის სტუმრობას კედელზე… მე საწყალ უსახელოურს… ქალბატონი ჟ. დ’არკი ია ანთაძეს ისე სვრის ტალახში, რომ ვითომც არაფერიო – ეტყობა ჟურნალისტური სოლიდარობის სურვილით…

მაგრამ მოდი დავანებოთ თავი პირადად ქ-ნ ია ანთაძის ლაფში ამოთხვრის ენერგიულ სურვილს, რაც ადამიანურად გასაგებია (თუმცა არა მოსაწონი) – შური, ბატონო, შური… ის შური, რაც მოდელირებული ქრონიკის სულისკვეთების მქონე ურნალისტებს ყოველთვის ექნებათ პატიოსანი ჟურნალისტების მიმართ, ისევე როგორც ჩვენს სუშისკენ მოჩქარე მხედართმთავარს შურს ომის მოშიმშილე ვაჟკაცი ვეტერანების. შური არს მწუხარებაი სხუისა სიკეთესა ზედა… თან ისიც გავიხსენოთ, რომ ია ანთაძემ რამდენიმე დღის წინ მაესტროზე ”არგუმენტებში” ერთი სახელოვანი კაცის საპრეზიდენტო ამბიციებზე ილაპარაკა და ეს სურვილები ალბათ გაამძაფრა…

 

მაგრამ რაღა დღეს – 22 იანვრის საღამოს, როცა ქარტიის მეორე ყრილობამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება?

რატომ და იმიტომ, რომ ქალბტონი ჟ. დ.არკისა და მისი ფეისბუკელი იმპროვიზირებული იმპრესარიოს სურვილი (და მჯერა – დავალებაც!) სწორედ ორმაგი დარტყმა იყო – არა მარტო იაზე, ქრამედ ქარტიაზე და სწორედაც რომ უფრო ქარტიაზე – რომ საშინლად დაძაბონ ხვალ სიტუაცია, რომ ქარტიის საბჭო წარმოაჩინონ კორუმპირებულ მოძალადე მონსტრად, რომელიც უკვე არა მარტო ამ ქარტიის აცახცახებულ წევრებს, არამედ პატიოსან და ქარტიის გარეთ ათასობით სხვა ჟურნალისტსაც (მათო შორისრამდენიმე ასეულ – სახელმწიფოს არჩამოშლის სადარაჯოზე მომუშავეთაც) შეიძლება გადაწვდეს!

 

და ხომ შეიძლება, რომ მათ არ მოუნდეთ ეთიკის ჩარჩოების დარღვევა, თუ გიგის და მიშას გადმოგდებული 30 ვერცხლის ჩხრიალს რომელიმე პატიოსანი ორგანიზაციის შეფასებისგან მორიდება გადაწონის??? მერე რა ეშველებათ მიშას და გიგის? ისედაც არა აქვთ ის 30 ვერცხლი და უნდათ, რომ 1-2 წელი ”პოსლეზე” ამუშაონ ურნალისტები და ახლა კიდევ ეს უნდათ, რომ  ქართაგან ძლიერთა მერყევ ლერწმებს მეორე მხრიდან თუნდაც ნიავმა დაუბეროს???

 

მიშა ვერ იტანს კონკურენციას!

მას, იმ  მამისმკვლელ იმპერატორ კომოდუსივით მხოლოდ მაშინ შეუძლია საბრძოლველად გასვლა, როცა მეტოქეს წინასწარ ზურგში დაჭრის.

მხოლოდ მაშინ ”იცავს” ჟურნალისტებს, როცა წინასწარ ნაყიდი ჰყავს და იცის, რომ მათ სხვა დაფინანსების წყარო ვერ ექნებათ.

მხოლოდ მაშინ არის გულადი, როცა ქალებს და ბავშვებს ასახლებს სატვირთო ფურგონებით და ომის ვეტერანებს ურტყამს მოძალადე უფორმო ზონდერბრიგადებით …

და როცა იცის, რომ ამას დაუსჯელობის ძალით გაზულუქებული ურნალისტები არავითარ შემთხვევაში   არავის არ აჩვენებენ, არც გადაიღებენ – ფართოდ დახუჭული თვალებით!.. რადგან ისინი აღარც არიან ჟურნალისტები… ისინი მოხითხითე/მოტირალი ჯოკრებია, ოღონდ არა კარტის, არამედ – მეფის კარის ჯოკრები, რომელთაც მოჯოკვრა არ შეუძლიათ, მარტო ტინგიცი და ტუტუცობანა…

 

ჰოდა ამიტომ – სწორედ დღეს.

მაშინ, როცა ვერაფერს ვერსად ვეღარ გაუკეთებ კომენტარს… სწორედ იქ, საიდანაც არ ელი… და სწორედ ისე (დაბრალებით), რომ შეიძლება ენა ჩაგივარდეს და არც მიხვიდე იმ ყრილობაზე…

 

და მერე, როცა ეს ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრინციპში უმრავლესობას უნდა – მართალი გითხრათ, კობა ჭუმბურიძე,  მანანა იაშვილი, თორნიკე თევზაძე და თქვენი მონა-მორჩილი აშკარა უმცირესობაში ვართ, მგონი – უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ ქარტიის გარეთ დარჩენილი ჟურნალისტები (აქვე დავამატებ, რომ ქარტიის გარეთ მრავალი პატიოსანი ჟურნალისტიცაა, რომელთა წინაშე ბოდიშს ვიხდი, თუ უნებლიეთ დავტოვე შთაბეჭდილება, რომ ისინი ყველა ჰეკლბერი ფინივით წყალწაღებულნი მგონია! თუ აქ ვინმეა ჰეკლბერი ფინი, სწორედ თავად გახლავართ!) – რომ ისინი არ იყვნენ ქარტიის მიერ გასარჩევი და დასაძრახი,მიუხედავად იმის, რომ საზოგადოების მხრიდან (!) მრავალი ურნალისტი არამცთუ დასაძრახი, არამედ -დასანძრ(ახ)ია!

ჰოდა, როცა ეს ყველაფერი მოხდება, გამოვლენ კამერების წინაშე ჩვენი კასტორი და პოლუქსი, ჩვენი ზიტა და შიამი, ჩვენი ბეტმენა და რობინა, ჩვენი ჟდარკი და მისი იმპრესარიო და იტყვიან, რომ სწორედ მათმა სტატიამ, ამ პაწაწა დავითიანმა შურდულმა დაამარცხა მონსტრი გოლიაფფი, რომელიც საცოდავ ლერწამისტებს საუკუნო შიშს და მონობას უქადდა! ბრრრ….

 

აი, ბატონებო და ქალბატონებო – რისი და ვისი დაბადების მოწმენი გავხდით ჩვენ დღეს! (და ჩაესვენა ლაშა ხარაზიშვილის ჩემპიონობის ვარსკვლავი). ახალი ვარსკვლავი ამოდის სულ რამდენიმე საათში – ახალი… ახალაია… ჭილაია…

ზეახალის დაბადება!

 

მაგრამ არის ერთი პოზიტიური მარცვალი, რომელიც, გაგეცინებათ და მეც მეხება… მთელმა ამ სამარცხვინო უტიფრობამ, რომლის მაგალითს ქვემოთ წარმოგიდგენთ, მე ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

 

რომ ვასილ მაღლაფერიძე მართალია!

 

რომ არ შეიძლება იმ ხალხს, ვინც ქარტიაშია, ეს ხალხი გავუტოლოთ და ვაიძულოთ, რომ იქ ძალად შევიდნენ!!!

რომ არ გვინდა ჩვენ ქარტია, როგორც თავის დროზე კომპარტია იყო, მერე – მოქკავშირი, მერე – ნაცმოძრაობა! სადაც ხალხი იმიტომ შედიოდა, რომ პუწიოვკა ჰქონოდა, ხალადელნიკ ”როზენლევ”, აგარაკი – წყნეთში და სპა და ნომერი – ”რედისონ ბლუში” …

რომ ალეკო ელისაშვილსთვის კი არაა პრობლემა, რომ მას, ძალიან პატიოსან ჟურნალისტს – ქარტიამ ერთხელ მიუთითა, არამედ ის იქნება პრობლემა, თუ იმ ქვაბში მოიხრაკება, სადაც იმედის მოდელირებული ქრონიკის ბოდიშისარმომხდელი ნებიერი და გაღმაშემდაველები ურნალისტები იბინადრებენ! თანაბარი უფლებებით, რომ ისინიც უკვე ქარტიელები არიან (რა თქმა უნდა -პირველ მიქარვამდე! არა, ბიჭო, და ალეკოსავით მაგას მოითმენენ, რომ რაღაც ქარტიამ!.. ტი შტოო?!)

 

ასე რომ მე – ერთი უცნობი, უსახელო, ადამიანი, რომელმაც არც ჟურნალიზმის საფუძვლები ვიცი და არც ჟურნალისტური ეთიკა, მაგრამ, როგორც ანეგდოტშია  ”სპინნიმ მოზგომ” ვგრძნობ სილამაზესაც და სიმახინჯესაც, ახლა იმას მივხვდი, რომ უმჯობესია ცოტა და კარგი, ვიდრე წყლით გაზავებული ღვინო ან ბენზინი და – ძალად შემორეკილებით გაზავებული ქარტია…

 

მადლობა ყველას, რომ სერიოზულად დამაფიქრეთ… კარგი იქნება, თუ მარტო მე არ დავრჩები ამ ამბავში მოგებული…

 

P.S. არის ერთი მტკივნეული დარტყმა, რაც ამ სტატიამ მომაყენა, მაგრამ იმ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ამჟამად არაფერს ვეტყვი…ალბათ თავად მეტყვიან… თუ იქაც ჩემმა უსახელოურობამ არ გადაწონა…

——-

ეს კი ჟურნალისტიკის საფუძვლები – და რა არის სტანდარტი და ეთიკა…

 

 

<span>ია ანთაძე –</span>

ძვირფასო ნათია, ორი მოკლე რჩევა მაქვს თქვენთვის.

1. სტატიის დაწერამდე თუ არა, ახლა მაინც წაიკითხეთ ჩემი ბლოგი “რადიო თავისუფლების” ვებგვერდზე, რომელიც ზუსტად ქარტიის საბჭოს მანდატს ეხება. http://www.radiotavisupleba.ge/content/blog/2260836.h…tml

2. 899 562517 – ჩაინიშნეთ ჩემი ტელეფონი და სანამ საჯაროდ დასვამდეთ შეკითხვებს ჩემთან დაკავშირებით, დამირეკეთ და, მკითხაობის ნაცვლად, ჩემი პოზიცია გააცანით თქვენი გაზეთის მკითხველებს.

დიდი მადლობა წინასწარ.

 

<span>ნათია ახალაია</span> – ია,მე გამიჩნდა კითხვები და სწორედ ამიტომ დავსვი ისინი სტატიაში.ვფიქრობ,ეს კითხვები სრულიად ლეგიტიმური იყო.როგორც ჩანს,ბლოგის სისტემატური მკითხველი არ ვარ.ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამას ჩემს დანაშაულად ნამდვილად არ მივიჩნევ.გმადლობთ ლინკისთვის.იმედი მაქვს, რადგან იგი მომაწოდეთ,მასში ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებთნ დაკავშირებით თქვენს პოზიციას გავიგებ.

 

<span>ია ანთაძე</span> – ნათია, დაწერთ ხვალ, რომ მე წინააღმდეგი ვარ ნებაყოფლობითობის პრინციპის დარღვევის? აბა, როგორ გაიგონ თქვენი გაზეთის მკითხველებმა ჩემი პოზიცია?

 

<span>ნათია ახალაია </span>– ია,მე ხომ საავტორო სტატია დავწერე. დავსვი კითხვები და გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები. ვფიქრობ,რედაქტორს უნდა მიმართოთ. მე კი, ამაღამ თუ ვერა, ხვალ ბლოგზე თქვენს პუბლიკაციას გავეცნობი. მაინტერესებს.

<span>ია ანთაძე </span>- ეს როგორ? შეგეძლოთ, ჩემთვის გეკითხათ, არ მკითხეთ, ეჭვი გააჩინეთ, აღმოჩნდა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა და ახლა მე უნდა მივმართო რედაქტორს? მე კი მივმართავ, მაგრამ სად არის თქვენი პროფესიული ეთიკა?

 

<span>ნათია ახალაია </span>- ია,უკაცრავად,მაგრამ მეტს ვერაფერს დავამატებ.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s