გილოცავთ ახალ წელს!


ძვირფასო მეგობრებო!

თქვენ, ვისაც სამშობლო, სიმართლე, სიკეთე, წინაპრები, მშობლები და ბავშვები მხოლოდ სუფრაზე არ გიყვართ – გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ძველ წელს წაეღოს იმედგაცრუება და გულგატეხილობა, ახალს კი მოეტანოს გამარჯვებები, წარმატებები, მრავალი სიხარული, წინსვლა და იმედი, რომ ეს ქვეყანა (ყველა დამპალი მედროვის ჯინაზე) გადარჩება და სინამდვილეში (და არა პლაკატებზე და კლიპებში მხოლოდ) მართლა აყვავდება!

ახალ წელს ვულოცავ ლტოლვილებს, რომლებსაც ხელისუფლება ყველაზე ხშირად და უღვთოდ ატყუებს!

2003 წელს დაპირებული მალე ერთიანი საქართველო, 2006 წელს დაპირებული ცხინვალის დაბრუნება, 2006 წელს ”განთავისუფლებული და შემოერთებული” ზემო აფხაზეთი, 2008-ში დაპირებული ზემო აფხაზეთის ბედნიერების  ქვემოზე გავრცელება და ფანჯრებიდან თბილისის ზღვის ხედის სოხუმში და ბიჭვინთის ზღვის ხედზე შეცვლა… 2008 წლის დამარცხებით გამარჯვების და ნიღაბჩამოგლეჯით გა-ნატო-ების დაპირება… და მის შემდეგ იმის დაპირება, რისი ახდენის დაჯერების ახსნა შეუძლებელია…! – რამდენჯერ უნდა მოგატყუონ, ძვირფასო, პატიოსანო და საბრალო ხალხო? რამდენჯერ უნდა მისცეთ ხმა ამ სიცრუის სიმბოლოს და მის სატრაპებს, რომლებიც თქვენს ფულს გპარავენ,  მუდმივად გამცირებენ და თქვენს ხარჯზე სივდებიან და უფრო საზარელი ტყუილების მოგონებებში იწაფებიან… ხომ ხედავთ, რომ ახლა უკვე თქვენს მიერ არჩეული ხელისუფლება, თქვენი ძვირფასი მერი და თქვენი ძვირფასი კალათბურთელი დეპუტატი გიპირებენ თბილისიდან აყრას და გაყრას!

ახალ წელს გილოცავთ! გისურვებთ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც აღარც და ვეღარც მოგატყუებთ!

ახალ წელს ვულცავ პენსიონერებს!

გისურვებთ, რომ დიდი ხნის წინს დაპირებული 100-დოლარიანი პენსია მოგსწრებოდეთ 2011 წელს, თუმცა ამის იმედი ამ მთავრობის ხელში ნულის ტოლია! ისეთ ჯანმრთელობას გისურვებთ, დაჩაგრულო ხალხო, რომ ამ ხელისუფლების გაბუნძულებაზე სახალხო ზეიმში თქვენი ცეკვა და მოლხენა გვეხილოს! თქვენი ღვაწლის დამფასებელ – სამართლიან მთავრობას მოეხერხებინოს თქვენი მძიმე ხვედრის შემსუბუქება და თქვენს თვალებში იმედის დაბრუნება.

ახალ წელს ვულოცავ გარე მოვაჭრეებს!

ვუსურვებ, რომ მათ მიერ რჩეულმა მთავრობამ, რომელიც არჩევნებამდე ფიქსირებულ გადასახადს ჰპირებოდა და არჩევნების მერე სახლებში ”დააფიქსირა” და მათ დასვენებაზე ”იზრუნა”, მოახერხოს იქნებ და სამუშაო გამოუძებნოს, ბევრი მათგანი ხომ მშვენიერი ხელობის პატრონია და ბავშვობიდან არ გამოჰყოლია  გარევაჭრობის სურვილი!

ახალ წელს ვულოცავ მათ,  ვინც ქვეყნის გარეთაა წასული თავის გადასარჩენად, ოჯახების გამოსაკვებად და თავისი ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის არდასაჭკნობად!

რაც დრო გადის, თქვენ მეტი ხართ, და ჩვენ – აქ დარჩენილები – ალბათ უმცირესობა გავხდებით მალე. სადაც ხართ, სადაც გენატრებათ თქვენი საქართველო და თქვენი საყვარელი ხალხი – იქ გაგიმარჯოთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მაგრამ ვისურვებ, ისე წაღმა დატრიალებულიყოს ჩვენი ქვეყნის ბორბალი, მალე საკუთარი სურვილით დაბრუნებულიყავით სამშობლოში და ერთად გვეშენებინოს ბედნიერი ქვეყანა ჩვენი მომავალი თაობებისთვის! განსაკუთრებით ვულოცავ ახალ წელს პოლიტიკურ დევნილებს – ვახტანგ კომახიძეს, ბიძინა გიორგობიანს, ირაკლი ოქრუაშვილს! მალე და მშვიდობით დაბრუნებულიყავით!

ახალ წელს ვულოცავ მას, ვისაც ჯანის სიმრთელე ენატრება – ავადმყოფებს და ინვალიდებს!

ყველგან ძნელია ავადობა, მაგრამ ჩვენთან მით უფრო. აქ ხომ რამდენიმე საათში თირკმლით დაავადებულთათვის დიალიზი, დიაბეტიანებისათვის – ინსულინი და ყველაზე გაჭირვებულთათვის – სასწრაფო დახმარებაც კი მალე კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება. ღმერთმა და წმინდა ნიკოლოზმა აღგიდგინოთ ჯანი. ვისურვებ, არა ბიუჯეტში ჯანდაცვის თანხების გაზრდას მხოლოდ, არამედ იმას, რომ თითოეული ლარი უფრო სამართლიანად და ეფექტურად გამოიყენებოდეს სნეულთა დასახმარებლად. მაგრამ ეს ხომ უთაობით ვერ გაკეთდება – ასე რომ ჯანდაცვას დაკარგული თავის პოვნას ვუსურვებ, ქვეყნის მსგავსად.

ახალ წელს ვულოცავ პატიმრებს!

საქართველო პატიმრების რაოდენობით 100,000 სულ მოსახლეზე მსოფლიოში მესამე ადგილზე ყოფილა! ჯანმრთელობას და საზოგადოების სრულუფლებიან და პასუხისმგებლობით აღჭურვილ წევრად მალე დაბრუნებას ვუსურვებ ყველა პატიმარს, ხოლო უსწრაფესად განთავისუფლებას – ყველა უკანონო პატიმარს და პოლიტპატიმარს – გვანცა ყუფარაძეს, მერაბ რატიშვილს, ვახტანგ სუბელიანს, ვალერიან ჭილაშვილს და სხვებს. მალე გვენახოს მათი საკნების ბინადრებად გაცილებით ნამდვილად ”დამსახურებული” ხალხი.   

ახალ წელს ვულოცავ, მათ, ვინაც 2010 წელს სამსახური და სარჩო დაკარგა!

იმედის არდაკარგვას, ბედის სასიკეთოდ შეტრიალებას, და ოჯახის კარგად ყოფნას გისურვებთ! ღმერთმა 2011-ში სიუხვის კალთა დაგაბერტყოთ თქვენ და ყველა გაჭირვებულ ადამიანს!

ახალ წელს ვულოცავ ომის ვეტერანებს!

კიდევ ერთხელ მთავრობისაგან გადაგდებულთ და ცინიკური მოპყრობის მსხვერპლთ! დღეს  თქვენ იმ მოედანზე შიმშილობთ, სადაც მშიშარა და უტვინო სარდალმა მილიონებგადაყრილი ფალოსის სიმბოლო აღმართა ვითომდაც გმირების პატივსაცემად, მაგრამ თქვენთან ერთი უმნიშვნელო ჩინოვნიკის გამოგზავნაც კი არ ინება და დავიწყებით კიდევ უფრო დაგამცირათ! ახალ წელს მოეტანოს თქვენთვის დამცირების ნაცვლად ღირსეული დაფასება – მორალურიც და მატერიალურიც, ვისურვებ, რომ საქართველოში უსულო და უგვანო ძეგლებზე მეტად ადამიანებს აფასებდნენ და გმირს გმირი ერქვას, ხოლო ლაჩარს – ლაჩარი. თქვენ გაგიმარჯოთ!

დაბოლოს, ახალ წელს ვულოცავ მათ, ვინც 2010 წელს ახლობელი და საყვარელი ადამიანი დაკარგა! დაე, ახალმა წელმა ნაწილობრივ მოუშუშოს მათ ეს მძიმე ჭრილობა, ხშირად სამუდამო ტკივილად რომ რჩება…

 

რასაკვირველია, ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ გავიხსენე, არის კიდევ დაჩაგრული, მიუსაფარი და ბავშვივით ელის ახალწლის ღამის სასწაულს დანგრეული იმედების შესაკოწიწებლად. რა თქმა უნდა, ყველა მათგანის უბედობაში ხელისუფლების ხელი უშუალოდ არ ურევია და მაინც, ყველა მათგანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ეს მთავრობა, რომელიც დღევანდელ ღამეს 25 მილიონს იმაში ხარჯავს, რომ მთელს მსოფლიოს ორიოდ საათით გაბედნიერებული და გაცინებული საქართველოს ”კარწინკა” აჩვენოს, არის ჩვენი ბედკრული ყოფის ძირითადი ”შემოქმედი” და რომ არ არსებობს ხელოვნური ბედნიერება, როცა კარდონზე დახატული პროფილის უკან მილიონების მძიმე ხვედრია მიჩუმათებული!

არ არსებობს ბედნიერება, რომელიც უსამართლობაზეა დაფუძნებული!

ამიტომ, უპირველესად, სიმართლის და სამართლის წელს გისურვებთ, მეგობრებო!!!

საქართველოს – ყვავ-ყორნებ-დასეულ დაჭრილ არწივს – ვულოცავ ახალ 2011 წელს და ბედნიერებას ვუსურვებ!

 

გაიხარეთ!!!

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s