ჯუნგლების ქრონიკები


 

დაბადების დღისთვის ტირანმა ლომმა თავისი ტირანული სამეფოს გაკეთილშობილება გადაწყვიტა.

მისი მორიგი 5-პუნქტიანი დეკრეტით ტყეში ასწლოვანი ხეები ამოიძირკვა და პეკინიდან გამოწერილი ხელოვნური პალმები ჩაირგო. პალმები ნეონით იყო განათებული და მათზე დაჯდომის მსურველ ჩიტებს 12- ვოლტიან დენს ურტყამდა, დასკინტლიანების თავიდან ასაცილებლად. ჩიტების უმრავლესობა არ კვდებოდა.

მეორე რაც ლომმა ბრძანა იყო ის, რომ ჩიტები და მხეცები ტყეში ჩაჩქანებით (კასკებით) უნდა გადაადგილებულიყვნენ, რათა ხეებიდან ქოქოსის და სხვა საგნების ვარდნით გამოწვეული ტრავმატიზმის შემთხვევები შემცირებულიყო. წესის დარღვევისთვის დამრღვევს პირველად 10 კურდღლით აჯარიმებდნენ, ხოლო მეორედ – ლომის სადილად ან ვახშმად აქცევდნენ, იმის თავისუფლად არჩევით – ტყემალში ჩაწვებოდა, ქინძმარში, თუ კეტჩუპში. ამავდროულად მკაცრად იყო განსაზღვრული, რომ ჩაჩქანს (კასკას) ცხოველის კისერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეფარა, რამეთუ ლომს ასეთი ცხოველის ან ფრინველის მონადირებაში სერიოზული პრობლემები არ შექმნოდა.

მესამე პუნქტი ტელევიზიების და გაზეთების მონოპოლიზაციას ეხებოდა. ყველა ასე თუ ისე თავისუფალი ტელეარხი დაიხურა და გადაეცათ ლომის ერთგულ ვეზირებს ან მათ სიდედრებს. ახალ ამბებში დარჩა მხოლოდ ორი სექცია – ა) სასიამოვნო ამბების და ბ) უსიამოვნო არაპოლიტიკური ამბების. შეიქმნა ერთი ოპოზიციური მიკროარხი, რომელიც უდაბნოში აჩვენებდა ღამის 03:00-დან 05:00-მდე და 4 ნაციონალური არხი ოპოზიციონერთა მოთხრის სეირიზაციისათვის. სხვა ქვეყნების არხების და გაზეთების გაცნობისთვის დაწესდა ჯარიმა – 200 კურდღლის ოდენობით, ხოლო ნაციონალური არხების ყურებისთვის თავის არიდებაზე – 100 კურდღლის ოდენობით.

მეოთხე პუნქტი. ცხოველებს მიეცათ უფლება, რომ არ გამოეყენებინათ ელექტროენერგია, თუ ისინი საშუალოდ გამოსაყენებელი ელექტროენერგიის 50%-ს გადაიხდიდნენ. გაცხადდა ამ ინოვაციის მსოფლიო მასშტაბით პიონერულობა და არნახულობა-გაუგონლობა.

მეხუთე, ტყეში გაიხსნა ლომის ტუალეტები, სადაც მოსაქმების ფასი ორი კურდღელით განისაზღვრა, ხოლო დათვალიერების – 0.5 კურდღლით. დაწესდა  სავალდებულო ტუალეტ-დათვალიერებების მინიმუმი – კვირაში ერთჯერ.

დაბოლოს, ცალკე გამოცემული სინიდისის სპეციფიური უზენაესობის დეკრეტით შეიქმნა სინიდისის საბჭო, სადაც წევრებად ყოვლად უსინდისო ფილოსოფოსები – ტურა, აფთარი, ძლოკვი და სვავი დაამტკიცეს. მათ მთავარ ფუნქციას შეადგენდა:

–         ოჯახური ძალადობის გამოკვლევა (ყველა ოჯახში დამონტაჟებული ვიდეოთვლების ყოველთვიური ანალიზით)

–         სასკოლო ძალადობის გამოკვლევა (ყველა მოსწავლის და მასწავლებლის სხეულში ჩამონტაჟებული მიკროჩიპების მასალების ყოველკვირეული ანალიზით)

–         ოპოზიციის მხრიდან სანდო ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური, სიტყვიერი თუ მზერითი ძალადობის  ფაქტების ყოველდღიური ანალიზი

–         რელიგიის მხრიდან ლიბერალური თავისუფლბების და აღვირთავისუფლებების შელახვის მცდელობებზე რეაგირება და რელიგიური ბიუჯეტის ხარჯის სისტემატური ანალიზი.

–         მეფე-ლომის მიერ განხორციელებული და ჯერარგანხორციელებული ცვლილებების, მოფიქრებული და დაუფიქრებელი რეფორმების, აშენებული, დანგრეული და ასაშენებელი ობიექტების ქებათა-ქება და სინიდისის თავისუფლების გამოხატულებად დასახვა.

ამ ცვლილებებით კმაყოფილმა ლომმა 5-საათიანი ფეირვერკი, მრავალჯერად რწყევამდე მისული ნადიმი და საოპერო სამკუთხედში სამეფო გაბრწყინების ფესტივალი ბრძანა – სამაგიდო სამინისტრო მუცლის ცეკვებითა და ვირტუალური მდგრადი განვითარებების დემონსტრირებით.

337-ჯერ შეჩვენდა მეზობელი იმპერიის დაუნდობელი, ტირანული რეჟიმი არადემოკრატიულობისა და ლომის სამეფო ბედნიერებაში ხელის შეშლისათვის.

ბალახისმჭამელ და თვინიერ ცხოველებს აცნობეს საახალწლოდ ბუნაგების ნგრევის, სამსახურებიდან დათხოვის და სანადირო სეზონის გახსნის მოახლოებული ბედნიერების შესახებ…

(ჯუნგლების ქრონიკები. გაბრწყინებიდან წელი მერვე, ომის მოგებიდან და მტრისთვის ნიღბჩამოგლეჯიდან – მესამე)

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s