რის ფასად?


ეს ადამიანი, რომელიც სკოლიდან 14 წლის ასაკში გარიცხეს და სერიოზული განათლება არ მიუღია, შემდგომში თავისი ამბიციურობის, მესიანური მენტალიტეტის, ფსიქოლოგიის, სამხედრო საქმის და პოლიტიკის საოცარი ცოდნით (ზოგიერთის აზრით – მიხვედრილობით და ფანტასტიური ალღოს წყალობით) გამოირჩეოდა, რამაც მის თავბრუდამხვევ კარიერას შეუწყო ხელი.

მან მოახერხა თავისი გაცილებით სერიოზული და განსწავლული პოლიტიკური ოპონენტების მაქსიმალურად სწრაფი ნეიტრალიზაცია.  ქარიზმატული ორატორობის და პროპაგანდის დიდოსტატური უნარ-ჩვევების წყალობით, არჩევიდან ყველაზე მალე თავისი ხალხის ყველაზე პოპულარული ლიდერი გახდა. ის იყო ერის მესია.

მან მოახდინა საზოგადოებაში დედის როლის იდეალიზაცია: ”ქალის სამყარო უნდა იყოს მისი ქმარი, მისი ბავშვები, მისი ოჯახი და მისი სახლი”. დააწესა გმირი დედის ორდენი – 4 და მეტი შვილის აღზრდისათვის. ქალების სახლში გაგზავნით მოახერხა მაღალი უმუშევრობის მკვეთრი შემცირება.

მოახდინა ქვეყნის არქიტექტურის უმაგალითო შემოტრიალება და ინფრასტრუქტურის [გზების, რკინიგზის, აეროპორტების და პორტების] არნახული განვითარება.

შემოიღო სახალხო ავტომობილის კონცეფცია და ავტოწარმოებას სათავეში ჩაუყენა ბრწყინვალე გენიოსი.

მან მოახდინა ერის დისციპლინიზაცია. ჯარიმების და მკაცრი სასჯელის (ზოგ შემთხვევებში – სიკცდილით დასჯის გზითაც კი) მან მოახერხა დანაშაულის მკვეთრი შემცირება, კრიმინალური ელემენტების განადგურების და განდევნის მეშვეობით – საზოგადოებაში უსაფრთხოების და დაცულობის შეგრძნების ზრდა. ხოლო გადასახადების ამოღების ზრდით მოახდინა ქვეყნის ბიუჯეტის და სახელმწიფოს სოციალური დაცვის (მათ შორის – საპენსიო) სისტემის განმტკიცება.  

მილიტარიზაციის და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით მოახერხა 4 წელიწადში უმუშევრობის შემცირება 6-ჯერ! მთლიანი ეროვნული პროდუქცია და ერთ სულზე შემოსავალი გაორმაგდა, ხოლო კომპანიების საერთო მოგებამ 28-ჯერ მოიმატა!

მან მიაღწია ფანტასტიურ საგარეო წარმატებებს, როდესაც მისი აღიარებული მტრებიც და კრიტიკოსებიც მასთან ხელშეკრულებებს აფორმებდნენ. ქვეყნის მილიტარიზაციის წყალობით მან მოახერხა შედარებით სუსტი ახლო მეზობლების დაშინება და უმტკივნეულო ანექსია, ხოლო ამის შემდეგ გამოჩენილი ახალი ენერგეტიკული და ინდუსტრიული რესურსების სწრაფი გამოყენებით შექმნა  არმია და ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით კატასტროფული მარცხი აგემა იმ დიდ სახელმწიფოებსაც, რომლებიც თავიდან მას ანგარიშში არ აგდებდნენ.

მან მიიღო დამცირებული, განადგურებული, ტერიტორიებწართმეული ქვეყანა და სულ რაღაც 7 წელიწადში აქცია იგი მსოფლიოს უდიდეს იმპერიად, იმდეგაცრუებული და დეპრესიაში მყოფი ერი – მსოფლიოს მპყრობელად და ისტორიაში შევიდა, როგორც დაჩოქილი ქვეყნის აღმაფრენის ყველაზე დაუჯერებელი მაგალითი.

მან მოახერხა სახელმწიფოს არნახული კონტროლის აპარატის შექმნა, როდესაც თითოეული ადამიანის ფიქრი და შეხედულებები კონტროლდებოდა, ადამიანებზე პროპაგანდის უძლიერესი მანქანა ახერხებდა იმას, რომ მათ ეფიქრათ ის და ეფიქრათ ისე, როგორც ეს მანქანა ეუბნებოდა. ამავდროულად ხდებოდა რეჟიმთან შეუთავსებადი პიროვნებების იდენტიფიკაცია, დაშინება, ”გამოსწორება”, ნეიტრალიზაცია ან განადგურება.

მან შემოიღო ერის სიწმინდის თეორია, როდესაც ნებისმიერი გადახრა მის მიერ დაწესებული ნორმიდან -ანატომიური, ფიზიოლოგიური, რასობრივი, სექსუალური, რელიგიური, პოლიტიკური, ფილოსოფიური თუ მენტალური (ფსიქიატრიული დაავადებები) – იყო ამ ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ სახელმწიფო ტერორის გამომჟღავნების და ამ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ნეიტრალიზაციისა ან განადგურების საფუძველი, რასაც რეჟიმის მხრიდან ჰქონდა იდეოლოგიური და სამართლებრივი გამართლება.

ერის ლიდერის პირდაპირი მითითებებით და დიზაინით 11-დან 14 მილიონამდე ადამიანი იქნა განადგურებული საკონცენტრაციო ბანაკებში. გაზის კამერებში სიკვდილის შემდეგ ადამიანებს აძრობდნენ კბილებს, ატყავებდნენ, ტყავისგან ჩანთებს და ხელთათმანებს კერავდნენ, ხოლო ცხიმს საპნად ხარშავდნენ. ქვეყნის ინტელექტუალთა  25-30%-მდე იქნა დაპატიმრებული, ექსტრადირებული ან სიკვდილით დასჯილი.

საბოლოოდ კი ”მესიის” თვითმკვლელობიდან რამდენიმე დღეში ქვეყანა დამარცხდა მსოფლიო ომში და 50 წლის განმავლობაში გახლეჩილი იყო ჯერ – 4, ხოლო შემდეგ – 2 ნაწილად.  აღმოსავლეთ ტერიტორიების დაახლოებით 30% სამუდამოდ იქნა დაკარგული. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეების 70% დროებით ან მუდმივად იქნა გატანილი ქვეყნიდან. დაახლოებით 1,5 მილიონი ქალი იქნა გაუპატიურებული მოწინააღმდეგე არმიის ჯარისკაცების მიერ. ზოგიერთი დიდი ქალაქის შენობების და ინფრასტრუქტურის 80%-მდე იქნა განადგურებული მოწინააღმდეგის მხრიდან დაბომბვების შედეგად.  

ამიტომ, როდესაც რომელიმე სათნო ბავშვის სურათს ნახავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:

ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?

ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?

P.S.

1) დნმ ანალიზით დამტკიცებულია, რომ ადოლფ ჰიტლერს, ნაწილობრივ მაინც, ებრაული და აფრიკული წარმომავლობა ჰქონდა [Hall, Allan. “DNA tests reveal ‘Hitler was descended from the Jews and Africans he hated'”. dailymail.co.uk. http://www.dailymail.co.uk/news/worldnews/article-1305414/Hitler-descended-Jews-Africans-DNA-tests-reveal.html. ]

2) ბავშვობაში ჰიტლერს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან და მიწებებული იყო დედაზე.

3) არის მტკიცებულებები, რომ ჰიტლერი ნარკომანიის კონკრეტული ტიპით იყო შეპყრობილი – ამფეტამინდამოკიდებული იყო. ფიქრობენ, რომ 1942 წლიდან დაწყებულმა ამ პრობლემამ სერიოზული როლი ითამაშა იმ ხისტ სამხედრო გადაწყვეტილებებში (უკანდახევის სრული გამორიცხვა), რამაც ჰიტლერი და III რეიხი კატასტროფამდე მიიყვანა.  

P.P.S.

”თუ თქვენ ხალხს ატყუებთ, და ეს ტყუილი საკმარისად დიდია, და ამ დიდ ტყუილს დიდხანს იმეორებთ და იმეორებთ, – ბოლოს და ბოლოს ხალხი ამას იჯერებს.
მაგრამ ტყუილის შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ სახელმწიფო იცავს ხალხს ამ ტყუილის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შედეგებისაგან.
ამდენად, სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამოიყენოს მთელი თავისი ძალები, რათა აღმოფხვრას და დათრგუნოს სხვაგვარად მოაზროვნეობა [დისიდენტობა], რადგან სიმართლე ტყუილის სასიკვდილო მტერია. და აქედან გამოდინარეობს, რომ სიმართლე სახელმწიფოს უდიდესი მტერიცაა!
იოზეფ გებელსი, მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი

“If you tell a lie big enough and keep repeating it, people will eventually come to believe it. The lie can be maintained only for such time as the State can shield the people from the political, economic and/or military consequences of the lie. It thus becomes vitally important for the State to use all of its powers to repress dissent, for the truth is the mortal enemy of the lie, and thus by extension, the truth is the greatest enemy of the State.”

 Joseph Goebbels, IIIrd Reich Propaganda Minister

 

 

 

ამ ადამიანმა ბავშვობაში ყვავილი გადაიტანა, რაც იმ დროს თითქმის ყოველთვის სიკვდილს უდრიდა. 12 წლისა ეტლით ავარიის გამო ცალი ხელით დაინვალიდდა.  სემინარიაში კარგ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ უფულობის გამო გარიცხულ იქნა, თუმცა შემდგომში პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ ათეიზმის გამოიქნა გარიცხული. ნიჭი იმაშიც ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში მის მიერ დაწერილი ლექსი დაბეჭდა იმ ადამიანმა, რომელიც მაშინ ქართველი ხალხის მამად ითვლებოდა, და რომელიც შემდგომ ახალგაზრდა პოეტის მომავალმა მეგობრებმა მხეცურად მოკლეს.

ამ ადამიანმა გამოიარა საშინელი გამოცდები, და იქცა უმკაცრეს მმართველად, რომელიც ფოლადის ხელით მართავდა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანას 30 წლის განმავლობაში. იმპერიის განაპირას დაბადებულმა უბრალო მეჩექმის შვილმა, რომელსაც არასრული განათლება ჰქონდა მიღებული, გაიარა გზა ბანკის მძარცველიდან და ტერორისტიდან პარტიის ლიდერამდე და სამხედრო გენერლამდე, გზიდან ჩამოიშორა მასწავლებლები და მეგობრები, შექმნა ახალი ტიპის პარტია, ახალი ტიპის რწმენა, ახალი ტიპის ადამიანები და ახალი ტიპის მსოფლიოში უდიდესი ქვეყანა. როგორც მისმა ყველაზე მწარე კრიტიკოსმა შემდეგ მის ნეკროლოგში მოწიწებით აღნიშნა, მან ჩაიბარა ქვეყანა, რომლის მთავარ იარაღს გუთანი წარმოადგენდა და დატოვა იგი შეიარაღებული ატომური ბომბით.  

არავის არასდროს არ მოუხდენია დიდი ქვეყნის ისეთი მასშტაბის აღმასვლა სრული ქაოსიდან და გაპარტახებიდან ფანტასტიურ აღმოჩენებამდე და პროგრესამდე ტექნიკის სხვადასხვა სფეროში, როგორც მას. მას ჰქონდა ტექნოლოგიური ნიჭის მქონე პიროვნებების შენიშვნის და გამორჩევის ბრწყინვალე უნარი და საოცრად სწორად ახდენდა პრიორიტეტული ამოცანების ამოცნობას და სტრატეგიის დასახვას.

მან რკინის ხელით მოახერხა ერთმანეთთან ფანტასტიურად დაპირისპირებული ადამიანების, კლანების, ერების და ქვეყნების შედუღაბება და რაც ამ დუღაბში ვერ ჩაეტია, გულცივად ამოთხარა და მოისროლა – ადამიანებიც (მეგობრებიც და ნათესავებიც), კლანებიც (საკუთარი პარტიული მოკავშირეებიც), ერებიც და ქვეყნებიც. მას ჰქონდა თავისი ხედვა იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ეს გიგანტუტი ქვეყანა და არავინ ისე ახლოს არ მისულა თავისი ხშირად ავადმყოფური ოცნებების რეალიზაციაში, როგორც სწორედ ის.

მან მოიგო ომი, რომლის მსგავსი იშვიათად ვინმეს გადაურჩენია, არამცთუ მოუგია. ნაპოლეონის დამარცხებაზე უფრო აღმატებული გამარჯვება მოიპოვა მან, რამდენადაც მონსტრი უფრო დიდი და ცოფიანი იყო, ხოლო მის გამარჯვება – უფრო დიადი და შორსმიმავალი შედეგების მქონე. მისი ქვეყანა ომის შემდეგ მსოფლიოს ერთი მეექვსედი იყო, ხოლო მისი იმპერია – ერთი მესამედი.

მან შექმნა უფრო დიდი, ვიდრე დიდი ქვეყანა. მან შექმნა დიდი რელიგია, რომლის ქურუმად თავისი თავი აქცია. მეტიც, მისი სიკვდილის შემდეგაც კი გარკვეული დროის განმავლობაში, ის ამ რელიგიის ქურუმად რჩებოდა. მისი ფანტასტიური შედეგები ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის, სამხედრო და პოლიტიკური მონაპოვრების განვრცობაში იმდენად შთამბეჭდავია და მიღწეულია იმდენად მწირი საწყისი დონიდან, რომ კიდევ დიდხანს დარჩება ამ ქვეყნის მმართველებისთვის საოცნებო და სათაყვანებელ იდეალად, რომლის შედეგებს მიეტოლებიან და გულბოღმიანად შეშურდებათ აწმყოშიც და მომავალშიც.   ვერ კი გაუტოლდებიან ერთი მარტივი მიზეზის გამო – იგი შეუდარებელი ასკეტი იყო, ერთი კიტელით და ორი წყვილი ჩექმით ცხოვრობდა. ამაზე კი კურშეველის და მონტე-კარლოს მოყვარულ ნაბობებს გართულება აქვთ, ”დომ პერიონიონში” ბანაობის გარეშე ცხოვრება უჭირთ სათუთებს.

 

ის იყო დიდი ადამიანი და … უდიდესი ტირანი.

მან გაანადგურა 10-დან 20 მილიონამდე ადამიანი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ციფრი 40 მილიონიც კი უნდა იყოს.

მან გაანადგურა თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, თავისი მეგობრები და თანამებრძოლები, თავისი ერი და თავისი ქვეყანა. როდესაც უახლოესმა თანამებრძოლმა – მისივე ერის და სისხლის კაცმა, რომელმაც მასთან ერთად დაიპყრო საკუთარი პატარა ქვეყანა და სისხლმოწყურებული იმპერიის ხახაში მოისროლა – მას დახმარება და დაცვა სთხოვა, როცა მის დასაჭერად მივიდნენ, მან ცივად უპასუხა – აბა რა გითხრა, ხვალ იქნებ ჩემს დასაჭერადაც მოვიდნენო. მან თვითმკვლეობამდე მიიყვანა ცოლი და შემდეგ დაბოღმილმა ყველაფერი იღონა, რომ ყველა მის პარტიულ მეგობარს ცოლი გადასახლებაში ეხილა. საკუთარი შვილის ტყვედ ჩავარდნა ღალატის ტოლფასად ჩათვალა – არასდროს ერთი სიტყვაც კი არ შეუთვლია და ისიც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მილიონობით ადამიანი იქნა გადასახლებული და შეთითხნილი ბრალდებებით განადგურებულები – ხშირად ელემენტარული სასამართლო პროცედურული ნორმების გარეშე, ხოლო თითქმის ყოველთვის – ამ ფორმალური ნორმების ფიქტიური აღსრულების ფონზე. ყველაზე ჭკვიანი და პატიოსანი ადამიანები, როგორც წესი, განწირულები იყვნენ დასახვრეტად და ბოლოს მის გვერდით მხოლოდ შურიანი კარიერისტები დარჩნენ. ერთგულების მომშორებლის ბედი მარტოობაში ხროტინით სიკვდილი აღმოჩნდა.

მიუხედავად ქვეყნის შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევებისა, სისტემა, რომელიც მან შექმნა, ეკონომიკურად საჭურისი იყო, რადგან მონურ შრომას ემყარებოდა და ინიციატივის და კერძო საკუთრების წაუხალისებლობის გამო განწირული იყო საბოლოო მარცხისათვის. ამიტომაც ქვეყნებმა, რომელიც მან დაამარცხა და დაანაწევრა, უკვე 20-25 წელიწადში გადაასწრეს თავის დამმარცხებელ გიგანტს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. ახალი რელიგია ყველაზე უდღეური აღმოჩნდა ყველა რელიგიას შორის. ახალი იმპერია ხუხულასავით დაიშალა და მას დედამიწის მეექვსედის დაშლაც მოჰყვა. ახალი ადამიანის ყალბი სილუეტიც  მალე აორთქლდა და ყველა ის მანკიერი თვისებები ძალუმად გამოამჟღავნა, რასაც თითქოს ის უნდა დაპირისპირებოდა.  

ძალადობაზე დამყარებული იმპერიამ 70 წელი გაძლო. ყველა ის ”შედევრები”, რაც ვითომ საუკუნოდ უნდა შენახულიყო – სასაცილო და მახინჯი კარიკატურები აღმოჩნდა, ხოლო ყველა ის ნამდვილი შედევრი, რასაც იგი ებრძოდა და ანადგურებდა, ისევე როგორც ყველა მის მიერ განადგურებული მოაზროვნის და ხელოვნის სახელი დღესაც ცოცხლობს და სწორედ ეს საგანძური ითვლება იმ სასტიკი და დაუნდობელი ხანის მედლის რეალურად პოზიტიურ მხარედ.

დღეს მის პატარა სამშობლოში მისი სახელის მქრქალი აჩრდილიღა არსებობს. თითქმის ყველა მიხვდა, რომ მთელი თავისი სიცოცხლე მას თავის სამშობლოზე არც უფიქრია, ხოლო რაც უფიქრია და მოუფიქრებია, ნეტა საერთოდ არც ეფიქრა. მის მშობლიურ ქალაქში ძეგლებთან მებრძოლმა ღორმუცელა, ამბიციურმა,  გრძელმა ქონდრისკაცებმა მისი ბოლო ძეგლის დამხობით სცადეს თავიანთი მინატურული რეპუტაციის ამაღლება – აქაოდა, რა მაგრები ვართ, დიქტატორის ძეგლებს ვებრძვითო!..

როგორც აკაკის ღამურას, არც მის შექმნილ იმპერიაში ერგო აღიარებული დიდება – ამოთხრიან, მერე ჩუმად განადიდებენ, მერე ისევ ამოთხრიან, მერე ისევ განადიდებენ. მაინც იქ უფრო უყვართ, და არცაა ეს გასაკვირი – იმათი იყო, იმათთვის იბრძოდა, იმათ მიუტანა ხელის გულზე თავისი მარგალიტივით ცრემლადქცეული ქვეყანა.  

 

ამიტომ, როდესაც რომელიმე ნიჭიერი ბავშვის დაწერილ ლექსს წაიკითხავთ და ბრავადული პროპაგანდისტები მოგიყვებიან მის მიერ განხორციელებული ფანტასტიური რეფორმების, არნახული ეკონომიკური წარმატებების, მოგებული ომების, დაუჯერებელი მიღწევების და ხალხის მხრიდან უზომო სიყვარულის შესახებ, უეჭველად ჰკითხეთ ამ მოჭიკჭიკე მოლაღურებს:

ა) რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი?

ბ) როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი?

 P.S.

1. ბოლო დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით სტალინი დაიბადა 21 დეკემბერს – ანუ წლის ყველაზე ხანგრძლივ ღამეს. თუმცა ბოლო წლებში გამოჩენილი ზოგიერთი ავტორის მონაცემებით იგი ძველი სტილით 5 დეკემბერს (ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს) არის დაბადებული. სტალინის ალბათ ყველაზე უფრო ზუსტი ისტორიოგრაფი – სიმონ სიბაგ მონტეფიორე ამტკიცებს, რომ სტალინის დაბადების არამცთუ თარიღი, არამედ წელიც კი – 1879 – ფიქციაა, რომელიც თავად სტალინმა თავის მდივანს ყველა ოფიციალურ წყაროებში შეაცვლევინა 1925 წელს. 1920 წლამდე კი იგი თავად ყველგან 1878 წელს უთითებდა. მონტეფიორეს აზრით ყველაზე სარწმუნო თარიღია 1878 წლის 6 დეკემბერი (ანუ, ახალი სტილით 19 დეკემბერი).

2. სტალინის მშობლებს 1875 და 1876 წლებში დაბადებული ორი პირველი ვაჟი მალევე დაეღუპათ. ორივე მათგანის ნათლია ოჯახის ახლობელი, მდიდარი ვაჭარი და  გორის ჩემპიონი ჭიდაობაში – იაკობ ეგნატაშვილი იყო. მესამე შვილზე ბესო ჯუღაშვილმა ეგნატაშვილს არ თხოვა ნათლობა – მაგას ცუდი ფეხი ჰქონიაო. მიუხედავად ამისა, სტალინიც და კეკეც ეგნატაშვილს ”ნათლია კობას” ეძახდნენ.

3. სხვადასხვა წყაროები ეჭვობენ, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი არ იყო სტალინის ნამდვილი მამა. ყველაზე ხშირად მკვლევარები სწორედ კობა ეგნატაშვილს მოიაზრებდნენ სტალინის მამად. გენეტიკური ანალიზი არ არსებობს.

4. ბესო ჯუღაშვილი ალკოჰოლიზმის მსხვერპლი გახდა. ოჯახური ძალადობის ხშირი ეპიზოდების გამო, სტალინს მამა არ უყვარდა და დედის დაცვას ცდილობდა. დედა სოსოს სემინარიისთვის ამზადებდა, საიდანაც მამამ იძულებით გამოიყვანა შვილი, რომელიც უნდოდა მასავით მეჩექმე გამოეყვანა და თბილისში ფეხსაცმლის ფაბრიკაშიც კი წაიყვანა 10 წლის სოსო. მაგრამ მალე ბესოს ავადმყოფობამ დარია ხელი და სოსო ისევ დაუბრუნდა სემინარიას.

5. თავის წერილებში დედისადმი სტალინი ლამის მეთოდურად იმეორებს სიტყვებს – ”ძვირფასო დედა, იცოცხლე ათასი წელი”. 1937 წლის მაისში დაწერილ ბოლო წერილშიც ეს ფრაზა მეორდება. იქვე მინიშნებულია, რომ სტალინი წამლებს აგზავნიდა. 13 მაისს კეკე გაცივებულა. ამდენად, სავარაუდოდ, წერილი მაისის ბოლოსაა დაწერილი და შეიძლება ვერც ჩამოუსწრო დედას, რომელიც 4 ივნისს გარდაიცვალა. სტალინი დასაფლავებაზე არ ჩამოსულა. დედისათვის გამოგზავნილ გვირგვინზე ასეთი წარწერა იყო ქართულ და რუსულ ენებზე: ”ძვირფას და საყვარელ დედას მისი შვილ იოსებ ჯუღაშვილისაგან (სტალინისაგან)”

P.P.S.

ხალხისთვის საკმარისია იცოდნენ, რომ არჩევნები ჩატარდა. მთავარი ისინი კი არ არაა, ვინც ხმას აძლევს – ისინი არაფერს წყვეტენ. მთავარი ისაა,  ხმებს ვინ ითვლის!
It is enough that the people know there was an election. The people who cast the votes decide nothing. The people who count the votes decide everything.
იოსებ სტალინი
Joseph Stalin (Dzhughashvili) 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s