ვავა, კოჭოია, ვავა… (ფიქრები ქართულ შიშროებაზე)


ნაწყვეტი ირაკლი სესიაშვილის ინტერვიუდან:

კითხვა: “თუ არა რუსეთს, მაშინ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა – თვითონ ქართველ სამართალდამცავებს, თუ ვინმე სხვას?”

ი.ს.: “– ამ ვერსიას გამოვრიცხავ – საქართველოს ხელისუფლებას თუ დაუდგინდა, რომ ორგანიზება გაუწია ტერორისტულ აქტს ამერიკის საელჩოსთან, ჩათვალეთ, რომ სააკაშვილი ამერიკის მხრიდან სანაგვე ყუთისთვისაა გამზადებული. საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ გარისკავდა. ალბათ, სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე, რადგან, ამგვარ ვითარებაში ამერიკული მხარე გამოძიებაში აუცილებლად ჩაერთვებოდა.”

“ალბათ სულელი უნდა იყო”, მომეწონა. ძალიან მომეწონა…

სწორედ ამიტომ, ამ ვერსიას არ გამოვრიცხავდი. სულელების მეტი რაა ჩვენს მთავრობაში!

უბრალოდ, ზოგი მათგანი ამას აფიშირებას უკეთებს, ზოგი დამალვას ამჯობინებს და ზოგჯერ ახერხებენ კიდეც, ურნალისტების დახმარებით (ეს ბატონ ირაკლის არ ეხება).

მით უფრო, რომ ვერავითარი ლოგიკით ვერ იხსნება ლეიბორისტების ოფისთან აფეთქების შემდეგ ე.წ. კოჭოიას რაზმი რატომ უნდა გაქანებულიყო მუხიანში  1 საათში მაღაზიის ასაფეთქებლად.

ასევე უცნაურია, თუ ჩატარებული აფეთქებების მთავარი მიზანი გაფრთხილება და დაშინება იყო, მაშინ რატომ გამოატანეს “სუმკით” ტერორისტ არქანიას ულურსმნო ჰექსოგენის ნაღმებთან ერთად ლურსმნიანებიც, რაც მსხვერპლს თითქმის უეჭველს ხდის. ვინც არქანიას აღიარება ვნახეთ, ალბათ,ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ეს ადამიანი ისეთი “პროფესიონალია”, ამ ორი ტიპის ნაღმს შორის განსხვავებას ძნელად თუ აღმოაჩენს. კაცი რომ საელჩოს კედელს და სასაფლაოს კედელს ვერ ანსხვავებს, იმას ვინ ანდობს ასეთ ოპერაციებს, არ ვიცი.

ჩემი აზრით ამ აფეთქებების ნაწილის უკან შეიძლება მართლაც იდგნენ რუსული სპეცსამსახურები (ხიდის აფეთქება, მაგალითად, საკმაო ეჭვის საფუძველს იძლევა, ისევე როგორც სადგურის აფეთქებები), და მაიორი ბორისოვიც შეიძლება სავსებით რეალური პირია ფსბ-ში ან გრუ-ში. მაგრამ თუკი ეს ასეა, მაინც ძალიან არადამაჯერებლად მიმაჩნია იმ ამღიარებელთა აღიარებები, რომლებიც ასე სახელდახელოდ გვაჩვენეს “ვანო პიქჩერზ”-ის პროდუსერებმა.

ხოლო რუსეთის მიერ საქართველოში ამჟამად აშშ საელჩოს აფეთქების მცდელობა თუ მართლაც რუსი ოფიცრების დაგეგმილია, ასე მგონია, იმ რუს ოფიცერს სწორედ რომ თავისივე მთავრობა გადასცემს ამერიკელებს იმის მომიზეზებით, რომ იგი კონტროლიდან გამოვიდა, რათა ძლივს აწყობილი “პერეზაგრუზკა” “პერეგრუზკად” არ ექცეთ.

აი, გადასცემენ თუ არა ამერიკელებს ან დაუშვებენ თუ არა მათ გამოძიებაზე ქართველი სპეცსამსახურები, რომ კოჭოიას მოჯაჰედების დაკითხვა სიცრუის დეტექტორზე მოხდეს, ამის თაობაზე სერიოზული ეჭვები გამაჩნია. 

ჩემი ვერსია (აბსოლუტურად ვაცნობიერებ, რომ დილეტანტის ვერსიაა, და ვთხოვ არადილეტანტებს, ბ-ნ კაპიტანს – ია ანთაძის ბლოგიდან, მაგალითად, შემისწორონ ან სულაც განმაქიქონ 🙂

არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიურ კრიზისში საქართველოს პი-არ-მთავრობას ბევრი მიზეზის გამო აწყობს, რომ არა მარტო საკუთარი მოსახლეობა, არამედ უცხოეთის საზოგადოებაც და თუ მოახერხა – დასავლეთის პოლიტიკოსებიც მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ჰყავდეს. “მგელი, მგელის!” ძახილი თუ დიდი ხნის განმავლობაში ეფექტის შემცირებას იწვევს, აუცილებელი ხდება მგლის იმიტაცია.

აშშ საელჩოსთან აფეთქება დროში დაემთხვა საქართველოსთვის მზის სამხრეთიდან ამოსვლის მცდელობას. ირანისკენ გაძლიერებული რევერანსების ფონზე, როცა მთავრობის ყურმოჭრილი და თავმოჭრილი პოლიტოლოგები ერთხმად ალაპარაკდნენ ირანის, როგორც დიდი მეზობლის, რესურსების უფრო მასშტაბური გამოყენების აუცილებლობაზე, დაიწყო ლაპარაკი ვიზების გაუქმებაზე, საკონსულოს გახსნაზე (რაც მალე კიდეც ასრულდა). ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ხელისარჩამომრთმევი ობამასადმი ნიშნის მოგების (teasing-ს რომ ეტყვიან ინგლისელები) ნიშანი იყო.

– ჭკვაზე მოდი, ბარაკ, ჩამომართვი ხელი და შემხვდი, თორემ აგერაა აჰმადინეჯადიო, აგზავნიდა მიშიკო სასოწარკვეთილ, მაგრამ ამაყ დეპეშებს ვაშინგტონში. ჰოდა, როცა შეხედეს, რომ თიზინგმა არ გაჭრა, მერე უფრო აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ.

ბომბის აფეთქება სისულელე იქნებოდაო.

კი მაგრამ, ცხინვალის დაბომბვა გრადებით და იმის დაჯერება, რომ რუსეთი სირცხვილალეწილი გაჩუმდებოდა და არაფერს იზამდა, უფრო დიდი სისულელე არ იყო? თუ მერე დაჭკვიანდნენ? ვითომ?

როგორ ჰგონია ბატონ ირაკლის, აშშ-სათვის ადვილი იქნება იმის აღიარება, რომ ისეთ ადამიანს დაუჭირეს მხარი, რომელმაც ჯერ მათი შეთრევა სცადა მესამე მსოფლიო ომში და ახლა მათი საელჩოების კედლებზე ბომბების მონტაჟითაა გართული?

რა თქმა უნდა, ქართული მთავრობა ამას საუკეთესო სურვილებით აღჭურვილი აკეთებს – უნდათ, მერამდენედ უკვე, რუსეთს ნიღაბი ჩამოძრონ. ერთხელ უნდოდათ, რომ აგრესორის სახეზე აფარებული ნიღაბი ჩამოეძროთ და მოახერხეს. შედეგი – მსოფლიო ამ აგრესიას, დე-ფაქტო შეეგუა, დე-იურე – არა. ახლა უნდა ტერორისტის საახეზე აფარებული ნიღაბი ჩამოადღლიზონ და შედეგი ალბათ მსგავსი იქნება, რუსეთი იტყვის, მაინც მაბრალებენ და რატომაც არაო… ჰოდა, ამასაც შეეგუება მსოფლიო დე-ფაქტო…

რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ამერიკამ ისე ადვილად დაიჯეროს კოჭოიას ოინბაზობები, როგორც თავის დროზე გიჟი არუთინოვის ტერორისტობა დაიჯერეს (დაიჯერეს, კი? ბუშმა დაიჯერა ალბათ, გულწრფელი კაცი იყო საწყალი და თვალებში ჩახედვით აფასებდა მტერ-მოყვარეს, თორემ კისინჯერი, ოლბრაიტი ან კლინტონი ან დაიჯერებდნენ და ან არა…) თუ იმის არ შეეშინდა მიშიკოს, რომ პუტინის მსგავსი ყველაფერზეწამსვლელი ცივსისხლიანი ცხინვალის დაბომბვის – ანუ საქვეყნოდ სახეში გაწნილი სილის სანაცვლოდ – მის განადგურებას შეეცდებოდა, ვითომ იმის უნდა შეშინებოდა, რომ გაცილებით უფრო დემოკრატიული ქვეყნის გაცილებით უფრო ლიბერალ პრეზიდენტ ობამას ამ ფარული ჟესტით – საელჩოს კედლის აფეთქებით ისე გამოიყვანდა წყობიდან, რომ მაშინვე მე-6 ფლოტს გამოაგზავნიდნენ ალი და ნინოს ქანდაკების წყობიდან გამოსაყვანად?

რაც შეეხება, იმას, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

შეიძლება ბორისოვი მართლა გეგმავდა და გეგმავს აფეთქებებს. სისულელე ის იქნებოდა, ვიფიქროთ, რომ რუსეთი გულხელდაკრეფილი ზის. და შეიძლება ერთ კი არა, 10 და 100 კოჭოიას აქვს მიღებული სხვადასხვა რანგის დავალებები. საკუთარ მოსახლეობას რომ ფეხებზე დაიკიდებ და წადი და ფოცხოში ბალახი მოძოვეო, განუცხადებ თავის მოკვლაზე გამზადებულ ადამიანს, რა გარანტია უნდა გქონდეს, რომ გალში დარჩენილი ქართველები საქართველოს მთავრობის იმედად არიან დარჩენილი. არაა გამორიცხული, რომ ბორისოვის მიერ მართლაც დაქირავებული არქანია და სხვები სულ სხვა მასშტაბის საქმეზე გასკვანჩეს ჩვენმა სწორუპოვარმა ენვერელებმა (მიკვირს ისე, რატომ 6 წელი არ შეინახეს. 6 წელიწადში კოჭოია და არქანია სერიოზულ ტერორისტებად ჩამოყალიბდებოდნენ და მათი აღიარებებიც სხვა ფასს შეიძენდა) და მერე სწორედ რომ იმის ანალოგიური მუქარით, რაც არქანიას მიერ ბორისოვზე გახმაურდა (ოჯახს ამომიწყვიტავენო), აიძულეს თავის თავზე ისიც აეღო, რაც არქანიას შეიძლება აზრად არ მოსვლია. ხოლო იარაღის და ნაღმების დალაგება და ჩალაგება – გინდა ბინაში და გინდა ბავშვის საწოლქვეშ – როგორ ხდება, ეს ხომ ვიცით და გვინახავს!

საშინელებაა ეს, რომ იმის მაგიერ, რომ ჩემი მთავრობის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების გვერდით ვიყო ამ ძნელბედობის ჟამს, სულ ასეთი ფიქრები მომდის თავში, როგორ გვიყენებენ თავიანთი მზაკვრული გეგმების ჩვენს ტვინებში ჩასანერგად და თავისი რეჟიმის, როგორც გასაპრემიერებელი მონარქი ბრძანებს “უკვდავ პარტიად” გადასაქცევად.  მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვინც მართლა ფიქრობდა, რომ ვარდების რევოლუციის მერე საქართველო დემოკრატიის სამაგალითო ქვეყნად ჩამოყალიბდებოდა. არადა პლუტოკრატიის და ავტოკრატიის პოტიომკინურ სოფლად იქცა, სადაც მთავრობის მთავარ ამოცანად ხალხის დამონება, გატყავება, დაშინება და სულაც ემიგრაცია გამხდარა! 

უბედურება ისაა, რომ ჩემი ეჭვები სამშობლოს გამყიდველის ან გიჟის ილუზიები კი არ არის, როგორც ამას მთავრობის ხელიდან გამოკვებილი ჩემი ოპონენტები  შეეცდებიან ახსნან, არამედ იმ ერთი  რიგითი ქართველის დაკვირვებები და განზოგადებები, რომელიც მთელი ჩვენი ბოლო 7 წლის გამოცდილებას ემყარება – რას გვპირდებიან და რას აკეთებენ, და როგორ აკეთებენ. რა ვქნა და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მთავრობა ქვეყნის მთავრობაა და არა საკუთარი ჯიბის და ქვენა ინსტიქტების მონა ავაზაკთა ბანდა, რომლისთვისაც ჯარიც, პოლიციაც, სასამართლოც და უშიშროებაც მხოლოდ საკუთარი მბრძანებლობის უზრუნველყოფის მექანიზმებია და არა ქვეყნის და მოქალაქეების დაცვის და გადარჩენისა.

და რომ თუ მე პატრიოტიზმი სხვა რამ მგონია, და არა ტვინების გადამხარშველ პიონერბანაკებში “ლიდერი ყოველთვის მართალია!”-ს ბღავილი და რობერტ სტურუა და ჭაბუა ამირეჯიბი, სოზარ სუბარი და ნინელი ჭანკვეტაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ვახტანგ ხმალაძე მგონია ნამდვილი პატრიოტები და არა კობა ხაბაზი, ნუგზარ წიკლაური, ვერა ქობალია და ეკა ხერხეულიძე, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვცდები… მომავალი განსჯის ვინ არის პატრიოტი და ვინ პატრინოტის პატრონტაშში ჩატენილი გილზა, თან (ტვინ)ცარიელი…

ერთ რამეში მაინც არ ვცდები – ეჭვის შეტანის უფლება მაქვს!

მე მაქვს განსხვავებული აზრის უფლება!

რადგან სწორედ ეს – განსხვავებული აზრის უფლება განასხვავებს თავისუფალ ადამიანს იმ არსებისგან, რომელიც ყოველთვის ლიდერის აზრს ელოდება და ამიტომ მონაა, გინდაც ფილოსოფოსი იყოს ბექგრაუნდით და ხელფასით…

ხოლო თუ ვინმეზე კილოგრამობით დაწყობილი ნაღმები და ლამაზად დაპაკეტებული ჰექსოგენი დიდ ეფექტს ახდენს და ქართული უშიშროების საგალობლის აღვლენის სურვილს აღძრავს, ვურჩევ ჰოლივუდის ბლოკბასტერებით გაერთონ, “ვანო ფიქჩერზ”-სზე უფრო დამაჯერებელი ნამდვილად არის.

Advertisements


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s