დემოკრატიის შუქურა და უსაზღვრო ნდობის გაკვეთილები ვიკილიქსურ შუქჭრილში


ამ დღეებში გამოქვეყნებულ მასალებში განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება ერთი სტატია 1 დეკემბრის «ნიუ-იორკ ტაიმსიდან», რომელშიც, ალბათ სააკაშვილის ადმინისტრაციის ვარსკვლავები ისევ რუსეთის ხელს დაინახავენ.

სტატიის სათაური – Embracing Georgia, U.S. Misread Signs of Rifts http://www.nytimes.com/2010/12/02/world/europe/02wikileaks-georgia.html საქართველოსთან ჩახუტებულმა ამერიკამ რყევის სიგნალები სწორად ვერ შეაფასათარგმანი განთავსებულია გვერდზე www.foreignpress.ge 

სი. ჯეი. ჩივერსის ამ სტატიაში საკმაოდ მწარედ გაკრიტიკებულია აშშ დიპლომატები, რომლებმაც 2008 წლის კონფლიქტის წინ და უშუალოდ კონფლიქტის დროს ვერ მოახერხეს ამერიკის მთავრობისათვის უტყუარი და სანდო ინფორმაციის მიწოდება ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში აშშ დიპლომატებს (და გავბედავ დავასკვნა – ძირითადად და პირადად – ელჩს ჯონ ტეფტს) ინფორმაციის მხოლოდ ერთი წყარო გააჩნდათ – მიხეილ სააკაშვილი და მისი მინისტრები.

აი, რას წერს სი.ჯეი. ჩივერსი:  

«თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მის, სამხედრო საქმეში გამოუცდელ, მრჩეველების კარი თითქმის ყოველთვის ღია იყო და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებაც ჰქონდათ. რადგან ამ უკანასკნელთ საბჭოთა წარსულის მოცილებასა და რუსეთის რეგიონალური გავლენისადმი დაპირისპირებაში სწორედ აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ.»

«…ვაშინგტონი ზედმეტად ეყრდნობოდა თავად სააკაშვილის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მისი მოქმედებების შესახებ».

თუ «მეზობელ ქვეყნებში ამერიკელი დიპლომატები ხშირად ინარჩუნებდნენ პროფესიულ დისტანციას და კონფიდენციალურად აზუსტებდნენ საკუთარ ეჭვებს მასპინძელი ხელისუფლების გამო. ხოლო საქართველოში, როგორც სჩანს, დიპლომატებმა სკეპტიციზმი გვერდზე გადადეს და მნიშვნელოვანი სადავო მოვლენების შესახებ მხოლოდ ქართულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნენ.
2008 წლისთვის, იმ დროს, როდესაც რეგიონი ომისკენ მიექანებოდა, ამერიკელი დიპლომატები საქართველოს მთავრობის მიღმა არსებულ წყაროებს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, დიპლომატიურ დოკუმენტებში არც კი ახსენებდნენ და ვაშინგტონს ხშირად მოვლენების ოფიციალურ ქართულ ვერსიას გადამოწმების გარეშე აწვდიდნენ. რუსულ-ქართული ომის დაწყების წინ გადაცემულმა ბოლო შეტყობინებებმა დაადასტურა, რომ საელჩო, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მცდარ ინფორმაციებს ეყრდნობოდა.»

და ვინ იყვნენ ის პირები, ვინ აშშ საელჩოს და ბატონ ელჩს არასწორი ინფორმაციით ამარაგებდნენ?

ციტატა სტატიიდან:

«თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ 7 აგვისტოს ნაშუადღევს ელჩს განუცხადა, რომ ქართული ჯარი მზადყოფნაშია, მაგრამ არ არის საბრძოლო მდგომარეობაში» – აღნიშნულია ერთ-ერთ ცნობაში იმ დროს, როდესაც საქართველოს მძიმე სამხედრო აღჭურვილობა უკვე მიემართებოდა კონფლიქტური ზონისკენ.
ქუთელიას განცხადებებმა რეალური დროის გამოცდასაც კი ვერ გაუძლო. მხოლოდ ერთ დოკუმენტში იმ რამდენიმედან, რაც საელჩოს წარმომადგენლების ადგილზე ყოფნაზე მიანიშნებს, აღნიშნულია რომ «საელჩოს დამკვირვებლებმა გზატკეცილზე» შენიშნეს 30-მდე სამთავრობო ავტობუსი, «რომელთაც ფორმიანი მამაკაცები ჩრდილოეთის მიმართულებით გადაჰყავდა».
მაგრამ საელჩომ არასწორად წაიკითხა ეს ნიშნები და ვაშინგტონს განუცხადა, რომ მიუხედავად «ბევრი ცნობისა, რომელთა თანახმად ქართველებმა დაძრეს სამხედრო აღჭურვილობა და ძალები», საელჩოს «თავდაპირველი შთაბეჭდილებით», ქართველებმა მხოლოდ «გაამკაცრეს საბრძოლო მზადყოფნა», რათა «აჩვენონ საკუთარი სიმტკიცე».
«ფაქტიურად კი, 7 აგვისტოს ღამის 11:35 საქართველო იწყებდა მძიმე საარტილერიო და სარაკეტო შეტევას ცხინვალზე, სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე და ამით წყვეტდა ზავს, რომელიც თავადვე სულ რაღაც 5 საათით ადრე გამოაცხადა.»

აქვე დავძენთ, რომ ბატონი ქუთელია, რომელმაც აშშ საელჩოს კარგად აუხვია თვალები და დაუმალა რეალობა, ომის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად იქნა გაგზავნილი. ალბათ იმისთვის, რომ ოპერაცია «ნდობით დაბრმავება» ვაშინგტონშიც გაგრძელებულიყო. 
მაგრამ მარტო ბ. ქუთელია არ არის ნახსენები სი. ჯეი ჩივერსის სტატიაში.

ციტატა სტატიიდან:
«მომდევნო დილის კონფიდენციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუგზავნა ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს და განაცხადა, რომ «საქართველო ახლა აკონტროლებს სამხრეთ-ოსეთის უდიდეს ნაწილს, მათ შორის მის დედაქალაქსაც». დოკუმენტში შემდეგ ნათქვამია, რომ «სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ სურდა ამ ბრძოლაში ჩაბმა, მაგრამ ოსების მიერ იქნა პროვოცირებული და უნდა ეპასუხა, რათა დაეცვა საქართველოს მოქალაქეები და ტერიტორია».
იმის ნაცვლად, რომ ხაზი გაესვა არსებული გაურკვევლობისათვის, დოკუმენტი დასძენს – «ქვეყანაში არსებული [დიპლომატთა] გუნდისათვის ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება განამტკიცებს სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თავდაპირველად ომი ქართველებს განზრახული არ ჰქონდათ». შემდეგ მასში ნათქვამია – შეტევა დაიწყო «მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოსებმა ქართულ სოფლებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს».

ამ  კადნიერ განცხადებას საჯაროდ ექოსავით გაიმეორებენ ბუშის ადმინისტრაციაშიც, რომელიც მსოფლიო სცენაზე ძალიან უჭერდა მხარს საქართველოს. მაგრამ ამ ცნობების დასადასტურებლად, როგორც სჩანს ამერიკის საელჩოს 8 აგვისტოს «შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეთაურო პოსტის» გარდა, ადგილზე არც ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდა. დოკუმენტი არ იშველიებს საქართველოს მთავრობის გარეთ არსებული წყაროების ინფორმაციას. ამის ნაცვლად, წინა ღამის ქართული შეტევის გასამართლებლად, მოყვანილია ქართული სამთავრობო წყაროს, თემურ იაკობაშვილის სიტყვები. მან ამერიკის ელჩს უთხრა, რომ – «ოსები, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებისა, განაგრძობდნენ სროლას ქართული სოფლების მიმართულებით».
დოკუმენტი არ შეიცავდა მტკიცებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოსების თავდასხმის შესახებ და უგულვებელყოფდა ერთადერთ დამოუკიდებელ ინფორმაციას, რომელიც ცხინვალში ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (ეუთო-ს) სამხედრო დამკვირვებლებისგან მოდიოდა.
დამკვირვებლები, რომლებიც კონფლიქტური ზონის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ, არ იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ გაიგეს ან შენიშნეს ოსების საარტილერიო შეტევა ცხინვალზე ქართველების მიერ განხორციელებულ შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე. პირიქით, მათ ამერიკელ ოფიცერს შეატყობინეს, რომ «ცხინვალზე ქართველების შეტევა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, დაიწყო 7 აგვისტოს 22 საათსა და 35 წუთზე».
მაგრამ ამერიკული დიპლომატიური დოკუმენტი, ქართულ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, «ერთადერთ შესაძლებელ განმარტებად ყველა ამ მოვლენისა» აცხადებს სამხრეთ-ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის «გადაწყვეტილებას ვა-ბანკზე წასვლით საქართველოსთან კონფლიქტის სტიმულირება მოახდინოს და რუსეთის ჩარევის იმედით, საკუთარი თავი გადაირჩინოს».
მაგრამ ამ დროს ბ-ნი კოკოითი როდი იყო ის, ვისაც გადარჩენა სჭირდებოდა. 9 აგვისტოს, როდესაც საქართველოში რუსული ჯარი შეიჭრა, დიპლომატიურ შეტყობინებაში ნათქვამია: «პრეზიდენტმა სააკაშვილმა დილის სატელეფონო საუბარში ელჩს განუცხადა, რომ რუსები ცდილობენ საქართველოს ხელში ჩაგდებას და ახალი რეჟიმის დამყარებას».

ასე რომ ამერიკელი დიპლომატების ნდობით დაბრმავების ოპერაციაში ერთი სახელგანთქმული ტალეირანი – ბათუ ქუთელია,  შეცვალა მეორე – მისივე სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ – უფრო წონიანმა დიპლომატმა, რომელსაც სააკაშვილის მიერ ორგანიზებული და ნაჩალიჩარი ეგზიტ პოლების წარბშეუხრელად გამოცხადების მდიდარი გამოცდილებაც გააჩნია და სწორედ ეს წარბშეუხრელობა იქცა მისი პოლიტიკური კარიერის ზეაღსვლის საფუძვლად და ათვლის წერტილად.

ვერაფერს იტყვი – ვაშინგტონში ელჩად საქართველო წარმატებით აგზავნის მხოლოდ იმ პირებს, რომელიც ამერიკელი დიპლომატების გაცურების ნიჭით გამოირჩევიან! სტრატეგიული პარტნიორობაც ასეთი უნდა!

ციტატა სტატიიდან:

«ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობა გრძელდებოდა – მათ შორის იყო მსხვერპლის გაზვიადებაც და რუსების სამხედრო ქმედებების სააკაშვილისეული დახასიათებაც.
სააკაშვილის მთავრობა საჯაროდ აცხადებდა, რომ ცხინვალის დაბომბვები გამართლებული და ზუსტი იყო, მაგრამ ამერიკულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როდესაც რუსული საარტილერიო ცეცხლი ქართულ ქალაქ გორს დაუშინეს, სააკაშვილმა სამოქალაქო მოსახლეობისათვის მძიმე შეიარაღებით თავდასხმა უკვე სხვანაირად შეაფასა. მან რუსების შეტევას «წმინდა წყლის ტერორი უწოდა».
ამ მომენტისთვის დასავლეთი და რუსეთი ვერაფერზე შეთანხმდნენ, ხოლო ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ქართულმა არმიამ კრახი განიცადა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.»

მაგრამ თავი რომ დავანებოთ იმას, რა წარმატებით ახერხებდნენ აშშ-ში საქართველოს ახლანდელი და წინა ელჩები თბილისში მომუშავე ამერიკელი დიპლომატების თვალის ახვევას, ეს წერილი მაინც ომის დროს საქართველოში აშშ-ის #1 დიპლომატის – ელჩ ჯონ ტეფტისთვის სახეში ნასროლი ტალახია. რადგან სწორედ ელჩის მოვალეობაა დაბოლება სიმართლისგან გაარჩიოს. და ადგილობრივი რკინის თუ ტალახის კაცების რუპორად კი არ უნდა იქცეს, არამედ თავისი სახელმწიფოსთვის სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს იმაზე, რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მიავლინეს. მაგრამ თუ კარგად ავწონ-დავწონით, ელჩი ჯონ ტეფტი ამერიკაზე გაცილებით ერთგულად ემსახურა ბატონ სააკაშვილს და ვაშინგტონში სწორედ იმ ზღაპრებს ჰყვებოდა – მარნეულში სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებზე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არაკორექტულობაზე და მათი მხრიდან დემოკრატიის პრინციპების დარღვევაზე, რაც მიხეილ სააკაშვილს აწყობდა. ხშირად ძნელი გასარკვევი იყო, ელჩის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული რცევებით თუ ფინანსური დახმარება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა, თუ სააკაშვილის რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცებას და ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების სააკაშვილის პარტიის მიერ წარმატებით ათვისებას. ხოლო 2008 წელს არნახული საარჩევნო გაყალბების პირობებში იუ-ეს-აიდის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი დოლარის სამთავრობო ტელევიზიებისათვის სულელურ და არაფრისმომცემ საინფორმაციო ვიდეოკლიპებში გადახდა არაფერი იყო, თუ არა სააკაშვილის რეჟიმის სატელიტების გამოკვების პროგრამა.

«ნიუ-იორკ ტაიმსის» მიერ გამოქვეყნებული მასალები კიდევ ერთხელ სვამს კითხვებს საქართველოში მომსახურე ამერიკელი დიპლომატების პროფესიული და ეთიკური შესაბამისობის შესახებ. კარგ დიპლომატს ვერ ატყუებენ, თუ იგი თავად არ ტყუვდება, ხოლო ამერიკა წესით არაპროფესიონალი დიპლომატების შენახვის ფუფუნების უფლებას   თავს არ უნდა აძლევდეს.

ხოლო იმაზე, რამდენად უანგაროდ ხდებოდა  ასეთი თვალის მიხუჭვა და ბოლომდე სააკაშვილის ადეპტების ნდობა, ალბათ შესაბამისი სამსახურების მხრიდან ჩასატარებელი პროფესიული მოკვლევა უპასუხებს, რომელიც, თუ ალღო არ მღალატობს, ვიკილიქსის სკანდალიდან უახლოეს ხანებში ამერიკის დიპკორპუსს და მის ქართულ განშტოებას საფუძვლიანად შეარყევს.

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s