ამფეთქებლები და ნათელმხილველები


წუხელ ღამით თბილისში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. მარჯანიშვილთან (ჯავახიშვილის ქუჩაზე), 01:40-ზე ლეიბორისტების პარტიის ცენტრალურ ოფისთან და მუხიანში, 03:00-ზე მოქ. პიტნავას კუთვნილ მაღაზია-სარდაფთან.

 დღეს დილით, როგორც ინტერპრესნიუსმა გვამცნო, ვინმე მოქალაქ სანდუხაძემ ეს ორი აფეთქება ერთმანეთს დაუკავშირა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ორივე  აფეთქება ტროტილით უნდა მომხდარიყო.

ქვეყანაში, სადაც არსებობს შინაგან საქმეთა და უშიშროების მონსტრი სამინისტრო, აფეთქების სავარაუდო მიზეზებზე, ტროტილზე თუ არატროტილზე, მათ შორის კავშირზე განცხადებებს აკეთებს ბიუროკრატი (გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი, განათლებით ეკონომისტი სანდუხაძე), რომლის კომპეტენციაში ეს საკუთხები არც თანამდებობრივად და არც განათლების მხრივ არ შედის (მადლობა ია ანთაძის კომენტატორს, ბატონ ალექსანდრეს მუხიანიდან, რომელმაც სანდუხაძის CV მოიპოვა და ბლოგზეც განათავსა – www.tavisupleba.org).

რამეს ხომ არ გაგონებთ ეს აფეთქება?

უფრო სწორად, არა აფეთქება, არამედ კატასტროფის შემდეგ კატასტროფის ადგილზე სასწრაფოდ გაჩენილი სამეურნეო პირის მიერ ვითომ ღრმად “პროფესიონალური”, ხოლო სინამდვილეში სწორი ვერსიის მაგიერ ყალბ გზაზე დაყენებისთვის გამიზნული ვირეშმაკული კომენტარი?

მე მაგონებს.

ზუსტად ისევე, როგორც გიგი უგულავამ ჯიქიას ქუჩაზე რუსთავი2-ის კუთვნილი “ვარსკვლავების აკადემიის” შენობის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებზე თვალის შევლებისთანავე სასწრაფოდ და “ავტორიტეტულად” განაცხადა, აქ კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობდა და ეს რემონტი ამ ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდაო, ახლაც ასევე მეყსეულია პატივცემულ ეკონომისტ-გამგებელ სანდუხაძის მიერ ტროტილის კავშირის ლამის სიზმრად ნათელხილვა! რაც ძალიან საინტერესოა, ვეჭვობ, რომ სანდუხაძე დილით ჯავახიშვილის ქუჩაზე საერთოდ ყოფილიყო და როგორ ამოიცნო მსგავსება და კავშირი, უცნაურია. ალბათ კოლეგა გამგებელმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან გაუზიარა თავისი ტროტილოლოგიური მოსაზრებები.

როგორც მაინც ძალიან მალე გაიშიფრა მაშინ უგულავას ექსპერტობის რეალური მიზეზი – “არტიქსის” და მისი დამფუძნებლების კეზერაშვილის ცოლის და ბოკერიას ცოლისდის უმწიკვლო რეპუტაციების დაცვის სურვილი, ისევე მალე გაიშიფრება სანდუხაძის დილაუთენია ექსპერტობის მიზეზებიც. თუმცა, ეს გაშიფვრა, რა თქმა უნდა, არ მოხდება ე.წ. სამართალდამცველების, ანუ სინამდვილეში – სიყალბედამცვლების მხრიდან.

მე კი მანამდე ერთ ჰიპოთეზას შემოგთავაზებთ.

დავუშვათ, რომ ეს იყო ლეიბორისტების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი.

მე შეგნებულად არ ვსმჯელობ იმაზე, ვის შეიძლება აწყობდა ასეთი აქტი, მაგრამ პირველი აფეთქება რომ ალბათ ლეიბორისტების ოფისის ნგრევას და მესიჯის გაგზავნას ისახავდა მიზნად, ამ ვერსიის რეალობას, მგონი თავად სამართალდამცველები ვერ უარყოფენ.

მაგრამ 01:40-ზე განხორციელებულ სამესიჯო აფეთქებას ტრაგიკული მსხვერპლი მოჰყვა!

დარწმუნებული ვარ ეს ამფეთქებელთა მიზნებში არ შედიოდა.

და თუ მანამდე მათ დიახაც სურდათ არა მარტო ლეობორისტებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის მესიჯის გაგზავნა,  ახლა ალბათ მოუნდათ, პირიქით, ისეთი “კარწინკის” შექმნა, რომ ლეიბორისტების ოფისი აქ არც არაფერ შუაშია და უბრალოდ ვიღაც ტერორისტი დადის მთელ ქალაქში და რაღაც ობიექტებს გასართობად აფეთქებს.

ამ ვერსიის გასამყარებლად სწორედაც რომ მისწრებაა 03:00-ზე მომხდარი მეორე აფეთქება, სულ სხვაგან და უკვე არა პოლიტიკურ ობიექტზე, არამედ მაღაზიაზე დამიზნებით.

ეს ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ დილით არა ე.წ. სამართალდამცველებმა, არამედ ვინმე ეკონომისტ-გამგებელმა ვითომ საზოგადოების აზრი გაახმოვანოს ამ ორ აფეთქებას შორის კავშირს შორის.

დარწმუნებული ვარ, სულ მალე მეორე დილეტანტი გაახმოვანებს აზრს, რომ აფეთქება რეალურად ამ მაღაზიის მფლობელის დაშინებას ისახავდა მიზნად და ისიც “დადასტურდება”, რომ მაღაზიის მფლობელს ჯავახიშვილზე უნდა ჩაევლო ღამის 2 საათზე და სწორედ მის განადგურებას ისახავდა მიზნად ლეიბორისტების ოფისთან “შემთხვევით”  მომხდარი აფეთქება. ხოლო რადგან იქ ვერ ააფეთქეს, მერე მაღაზიაზე იყარეს ეჭვი.

ანდა, როგორც დროულად მიხვდა მიხეილ მაჭავარიანი, რომ ქართველი დეპუტატების მიერ ლისაბონის ნატოს სამიტის გარღვევის მერე პუტანკებთან გარღვევის ამბავი უეჭველად რუსეთის სპეცსამსახურების მოგონილი იქნებოდა და ეს ინგლისის მორნინგ სტარის სკკპ ცკ-ს მიერ დაფინანსებით ახსნა (თუმცა გაზეთი პორტუგალიური იყო და ინგლისურ გაზეთთან და სკკპ-სთან არაფერი აკავშირებდა), ახლაც ასევე დროულად მიხვდებიან, რომ თბილისში მდგომარეობის დაძაბვა სწორედაც რომ რუსეთის მიზეზით ხდებოდა, ხდება და მოხდება ყოველთვის.

საერთოდ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანას უშიშროების სამსახური არ ჰყავდეს, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ნებისმიერ უბედურებას ჩვენთან მხოლოდ ერთი მომწყობი და განმახორციელებელი ეყოლება – რუსეთი. ასე რომ გამოსაცნობი არაფერია. ხოლო პრევენციას მაინც ვერავინ ახერხებს. აგერ 6 შპიონი მფრინავი მთელი ომის განმავლობაში შპიონობდა და მფრინავობდა, ენვერი კიდე დილით პლაჟზე გამოდიოდა და საპნის ბუშტებს უშვებდა.    

ისე, ვინმეს ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა, ჩვენს ქვეყანაში რომელ ორგანიზაციას და ორგანიზაციის პირებს შეეძლოთ ასე ოპერატიულად – 1 საათის და 20 წუთის ინტერვალით – ორი სერიოზული ტერაქტი განეხორციელებინათ ერთმანეთისგან დაახლოებით 15 კმ-ის დაშორებით? არავისზე არ გაქვთ ეჭვი?

ეჰ, ისევ  ეკონომისტ სანდუხაძეს უნდა ვკითხო. თუ მითხრა, რომ რუსეთის სპეცმსამსახურებიო. მაშინ ნაღდად დავრწმუნდები მის ნატ-პინკერტონულ ტალანტში.  

მით უფრო, რომ ბატონ სანდუხაძის ბიოგრაფიაში არის ერთი ჩანაწერი, რომელიც მაფიქრებინებს, რომ იგი პროფესიულად თუ არა, ქსელური-სოციალური კავშირების წყალობით მაინც მთლად დილეტანტი არ უნდა იყოს:

–         2007 წლის 1 თებერვლიდან [მუშაობდა] სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში” დირექტორის მოადგილედ.

  



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s