ისევ წერილი… ისევ თხოვნა… ისევ ოპოზიციას…


მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხერხდება ამ ხელისუფლების (ამ კრიმინალი და უსინდისო ხელისუფლების!) არჩევნების გზით დამარცხება, უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელმა აქციამ აჩვენა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ:

1. ნინო ბურჯანაძემ ვერ მოახერხა სახალხო პოლიტიკოსად ჩამოყალიბება (რაც წარმოუდგენელია კიდეც. მას შეუძლია იყოს ჭკვიანი პოლიტიკოსი, მაგრამ არა სახალხო). და თუ კარგად დაფიქრდება, წესით ხელი უნდა აიღოს პირველი ვიოლინოს პარტიაზე და იფიქროს, როგორ მოთოკოს თავისი ამბიციები. დათანხმდეს იმას, რომ უბრალოდ დარჩეს ოპოზიციური სპექტრის სერიოზულ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პირველ ლიდერად. ბურჯანაძის პროგრამა მაქსიმუმი ამჟამად უნდა იყოს მის მიერ დაშვებული შეცდომების და სააკაშვილის დანაშაულებებში მონაწილეობის სრული მონანიება და მომზადება იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხელახლა დაწყება მთლად თავიდან არა, მაგრამ მნიშვნელოვნად ქვემოდან მოუწევს, და არა იმ ოლიმპიდან, სადაც იგი უკვე იყო.

2. ფორუმმა უნდა მოახერხოს გუბაზ სანიკიძის როლის ლიმიტირება. გუბაზ სანიკიძის მაქსიმალიზმი და ხშირად იმის მტკიცება, რომ ყველაფერი გათვლილია და გეგმა არის, მაშინ როცა მერე მტკიცდება, რომ გეგმა არ ყოფილა და გათვლა აცდენილი იყო, იმდენად თავად ბატონი გუბაზის იმიჯზე და პოპულარობაზე არ მოქმედებს (ვისაც იგი მოწონს, სწორედ მაქსიმალიზმის და მკვეთრი განცხადებების გამო და არა სწორი გათვლების და ზუსტი გეგმების გამო), რამდენადაც თავად ფორუმის – როგორც სერიოზული ძალის იმიჯზე. ფორუმმა 3 კვირის წინ არ იცოდა, რა უნდოდათ სახალხო კრების მონაწილეებს, მერე ერთი კვირის წინ უცებ ყველაფერი გაიგო და გაითავისა, და ახლა მიჭირს გავიგო, რისი გაგების საფუძველზე გახდნენ სახალხო კრების იდეის მხარდამჭერები.

3. დღევანდელი აქცია არ იყო წარუმატებელი.

ეს იყო იმის დადასტურება, რომ ხელისუფლების ქმედებებით სასოწარკვეთილი და აღშფოთებული ხალხის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამ ხალხს ჭირდება სწორი გეგმის მიწოდება. დღევანდელი აქციის წარმატება იქნებოდა სწორედ ამის დაფიქსირება და ზედმეტი მოლოდინისგან ხალხის გაბრუების აცილება. ასევე სერიოზული შეცდომაა ჩამოყვანილი ხალხის ქუჩაში დატოვება იმის ბრაზით, რომ უფრო მეტი ხალხი არ მოვიდა.

ვინც მოვიდა, იმას რას ვერჩით, ბატონო პოლიტიკოსებო?

კარგია, რომ აქციის გაბუტული ლიდერები უკან მობრუნდნენ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, არ წასულიყვნენ.

ხელისუფლებისგან დაბეჩავებულ და შეურაცხყოფილ ხალხს ოპოზიციისგან დაყვავება და ადამიანური თანადგომა ჭირდება. ორივე მხარემ – საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ დღეს დაუნდობელ მედროვეთა კლანის მოცილება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 

4. ეკონომიკური კრიზისი თავის საქმეს იზამს. ხალხს ჯერ გათბობის სეზონი არ დადგომია და ხელისუფლებამ უკვე ამდენი სადისტური დარტყმა მიაყენა. როცა ახალ წელს გაჩახჩახებული თბილისის ფონზე თბილისელების ძალიან დიდ ნაწილს გაუჭირდებათ თუნდაც ორიოდე დღით საკუთარ ოჯახში “მსოფლიოს #1 რეფორმატორი ქვეყნის” “ბედნიერი მოქალაქეების” იმიჯის შექმნა, მიტინგებზე გამომსვლელი სასოწარკვეთილი ხალხის რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ამ დროისთვის მაინც გაცილებით უფრო კარგი დაგეგმვა და გაცილებით უფრო სერიოზული მოთმინებაა საჭირო, მით უფრო, რომ ზამთარში ხანგრძლივი მიტინგები გამორიცხულია. საჭიროა სხვა ტაქტიკაზე გადასვლა – ხშირი და ხანმოკლე მიტინგები – შეიძლება გარკვეული პერიოდულობით, მაგალითად, – ყოველ პარასკევს 3 საათზე. მთავარია, ქართული სუფრისგან განსხვავებით ისინი არ იქცეს ერთიდაიმავე თანმიმდევრობის სადღეგრძელოების ოდნავ სახეცვლილ ვარიანტებად.

5. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლების წასვლა უფრო აქციების შედეგად წარმომიდგენია, ვიდრე საარჩევნო პროცესის დახვეწის შედეგად, უნდა ვაღიარო, დღეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პარტიების მიერ გამოვლენილი მუშაობის დაფიქრებული გეგმაც და მიღწეული შედეგებიც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე საპროტესტო ფლანგზე მიღწეული შედეგები ან იქ მიმდინარე მუშაობის გეგმების შესახებ წარმოდგენა. როგორც კრივში, ისე პოლიტიკაშიც, ხანდახან ზუსტი და საშუალო სიძლიერის დარტყმები უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი გადამწყვეტი დარტყმისთვის ხელსაყრელი მომენტის ძებნაში მთელი დროის გატარება.  ქართული პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი დაავადება არის ის, რომ ყველა მხედარმთავრობაზე ოცნებობს და არავის არ უნდა შეთანხმებული კოორდინირებული მუშაობის შესრულება – ფლანგების მომზადება იქნება ის, თუ შეთანხმებული უკანდახევის იმიტაცია. სწორედ ამჟამად შეიქმნა საუკეთესო სიტუაცია იმისთვის, რომ მოხდეს სინქრონული მუშაობით ამ რეჟიმის თანდათანაობითი (ან მყისიერი!) წარმატებული მოშორება.  

ამისათვის საჭიროა, რომ მოხდეს ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპის გააზრება და ტვინში ჩაჭედვა:

6. მთავარია, რომ ან საარჩევნო კოდექსზე მომუშავე რვიანმა, ან საპროტესტო მუხტის გაძლიერების ფრთამ აღიარონ, რომ მთავარი მტრის – ხელისუფლების გამარჯვების შემთხვევაში არცერთი მათგანი არამცთუ მოგებული არ დარჩება, არამედ საერთოდ საქართველოში ვერ დარჩება! ნელ-ნელა მათ ყველას (და პირველ რიგში – ნინო ბურჯანაძეს დცა მის ოჯახს!) ქვეყნიდან განდევნიან ან ფიზიკურად გაანადგურებენ! (ეს ეხება გიორგი თარგამაძესაც, რომელსაც ისევე მშვენივრად გადააგდებს ეს რეჟიმი, როგორც ერთდროს მისთვის უაღრესად საჭირო და სასარგებლო ბადრი პატარკაციშვილი გადააგდო და გაანადგურა).

და რაც მთავარია, თუ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ეს მთელი საქართველოს კრახი იქნება. მოხდება საქართველოს პოლიტიკური სინგაპურიზაცია (ეკონომიკურ სინგაპურიზაციას ერთი 20 წელი უნდა ვუცადოთ) – საქართველო დაიცლება ქართველი ხალხისაგან (მარტო ეთნიკურ ქართველებს არ ვგულისხმობ, არამედ საქართველოს ნორმალურ მოქალაქეებს, რომლებიც არც მაზოხისტები არიან, და არც სადისტები) და მათ ადგილზე ვიხილავთ ბურებს, ჩინელებს, ირანელებს, მასწავლებლებად დაპატიჟებულ გაურკვეველი ცოდნის და მისწრაფებების სუბიექტებს და ა.შ.

ამიტომ კი ნუ გაერთიანდებით, ბატონო ოპოზიციონერებო, არამედ იმოქმედეთ ისე, როგორც მოკავშირეები მოქმედებენ – აკეთეთ თქვენ თქვენი საქმე, ნუ მიაყენებთ შხამიან დარტყმებს ერთმანეთს, მოიფიქრეთ არა “გრანდიოზული”, არამედ გონივრული გეგმები და იცოდეთ, რომ ნებისმიერი ოპოზიციური მიმართულების წარმატება მეორე ოპოზიციური მხრის წარმატებაც იქნება, რადგან უზრუნველყოფს თავისუფალ  და სწორ საარჩევნო კოდექსს და სამართლიანობას. ამის გარანტი ბევრჯერ ცხვირწამტვრეული საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების დაუნდობელი ყურადღება და კონტროლი უნდა გახდეს!

საქართველოს სახელით და საქართველოს გადასარჩენად – სამშობლოში შვილების გაზრდის უფლების შესანარჩუნებლად – იმოქმედეთ ჭკვიანურად და არა ემოციით!

იმოქმედეთ იმაზე დაფიქრებით, რომ ეს შეიძლება თქვენი და ჩვენი ამ ჯერ კიდევ არსებული სამშობლოს ჯერ კიდევ ნახევრად თავისუფალი მოქალაქეების გადარჩენის უკანასკნელი შანსი იყოს!

და კიდევ, თუ შეატყობთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მმართველი ვირთხები (ეგეთი სულ ალბათ 50-100  იქნება) ჩასაძირავი გემიდან გაქცევას აპირებენ, წაიღონ, რასაც მოერევიან.

ოღონდ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დაგვიტოვონ.  თითოეული ქართველი, თუნდაც ის, ვინც ბოლო 7 წელი მიშას იმედად იყო და “მიშა მაგარიას” იძახოდა, ჩვენთვის ძვირფასია. თითქმის ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, გარდა სამშობლოს ღალატისა და უდანაშაულო კაცის განზრახ მკვლელობისა.

ჩვენ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელთაც დღეს საუბედუროდ მართავს და ხელმძღვანელობს კორუმპირებული და სულგაყიდული კრიმინალების ხროვა. მათ არ ერიდებათ ადამიანების მკვლელობა, მოსყიდვა, მოტყუება, დაშინება, დაყაჩაღება, საკუთრების წართმევა, გაძარცვა და დამცირება. მათ არ ერიდებათ ქვეყნის დაქუცმაცება, გასხვისება, გაყიდვა, უცხო ხალხის გადამთიელების მასიურად ჩამოსახლება, საკუთარი ბუნებრივი სიმდიდრეების გადაწვა, გაყიდვა, მითვისება და გავერანება. საკუთარი მოსახლეობის მიგრანტებად გადაქცევა, არჩევნების წინ დარიგებული სამათხოვრო გორშებით მოსყიდვა და დაპატიმრებით დაშინება, ქვეყნის ბეღლების და ხაზინის დაცარიელება და ციხეების ავსება, ქვეყნის პოლიციურ ციხედ გადაქცევა, ოღონდ – ზიზილ-პიპილოდ შეღებილ და ფსევდო-გამჭვირვალე ციხედ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მეთაური წაგებული ომის დარდს ჩვენს ხარჯზე დაქირავებული მასაჟისტის კბენებით იქარვებს, ხოლო მთავრობა – დიპლომატიურ “გარღვევას” – ჩვენს ხარჯზე დაქირავებული ბოზების სასტუმროში ჰარემული შერეკვით. ეს არის უკიდურესი მარაზმი და უკიდურესი ცინიზმი.

გვინდა ეს? გინდათ ეს? ვიმსახურებთ ამას? ნუთუ ამის წინააღმდეგ კოორდინირებულ თანაქმედებას ვერ მოახერხებთ, ისევ და ისევ თქვენი ამბიციების გამო?!

პასუხს მე არ გთხოვთ! თქვენი შვილები მოგთხოვენ, როდესმე.

Advertisements

One Comment on “ისევ წერილი… ისევ თხოვნა… ისევ ოპოზიციას…”

  1. nikolas ამბობს:

    Yvela sityvas xels vawer…!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s