მე ბოდიშს გიხდით!


ეს წერილი გეძღვნებათ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა შვილებს!

თქვენ ჯერ ვერ მოგმართავთ წოდებით – «ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს». რადგან იურიდიულად თქვენ ჯერ არ ხართ მოქალაქეები – ასაკის გამო.

მაგრამ თქვენ დღეს დგამთ პირველ ნაბიჯებს იმისკენ, რომ თქვენ მოქალაქეები გახდეთ! რომ საერთოდ გეღირსოთ მოქალაქეობა! რომ ეს ქვეყანა იყოს თანაბარი უფლებებით აღჭურვილი თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი, სამართლიანი ქვეყანა! ჩვენი უბედობის გამო ხდება ის, რომ სწორედ თქვენ, ახალგაზრდები, გამოუცდელები, მოუმზადებლები, ბევრ რამეში ჯერ გაუთვითცნობიერებლები – აღმოჩნდით სამოქალაქო უფლებების დასაცავად ბრძოლის წინა ხაზზე, იმ ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც თქვენ გიპირისპირდებათ გარეგნულად ზიზილ-პიპილო, მაგრამ შინაგანად მახინჯი და ძირმომპალი უასამართლო რეჟიმის ძალადობრივი მანქანა, რომელიც ყოველგვარი დანდობის გარეშე ცდილობს ყველაფრის და ყველას გადათელვას, დაშინებას, დაჩოქებას და ჩარეცხვას! ახლა თქვენი ჯერი დადგა!

მე ბოდიშს გიხდით!

მე ბოდიშს გიხდით ჩემი სახელით და თუ ამის უფლება მაქვს – თქვენი მამების და ბაბუების თაობის სახელით! იმის გამო, რომ თქვენ გიხდებათ ამ უსამართლობასთან დაპირისპირება შიშველი ხელებით. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რომ თქვენთვის აგვერიდებინა ეს უთანასწორო ბრძოლა.

ჩვენ – ჩვენს თაობას – არ გვეყო ძალა, ჭკუა, შორსმჭვრეტელობა, სოლიდარობა და, რაც მთავარია – თავისუფლების და სამშობლოს რეალური სიყვარული, რომ თავი გაგვეწირა, მაგრამ გაგვეწირა ბრძნულად და არა უგუნურად, რომ არ შეგვშინებოდა,  არ შეგვშინებოდა საქმით, რომ უკან არ დაგვეხია, უკან არ დაგვეხია უსამართლობასთან ჭიდილში, და დროზე შევჩერებულიყავით, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებისთვის პატივმოყვარეობის დათმობას ეხებოდა. ამიტომ ვართ დღეს იქ, სადაც ვართ – ნაგავში და წუმპეში, რომელსაც ეს მთავრობა ვარდის ფურცლებით და ოქროსფერი შადრევნებით ალამაზებს, სადაც ადამიანების განადგურება ადამიანების დამცირებამ შეცვალა, ხოლო ტერორისტული ხელისუფლება ტერორისტულ ხელისუფლებად დარჩა, უფრო ლამაზად მოლაპარაკე და უფრო უკეთესად მატყუარა ხელისუფლებად.

როდესაც თქვენი ხნის ვიყავი, ვცხოვრობდი ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად აღიარებული მატყუარა, მოძალადე და მონსტრი იყო. სადაც ადამიანის ფასი ჭანჭიკის ფასი იყო, სადაც ოფიციალურად იკრძალებოდა საკუთარი აზრის გამოთქმა, სინდისის და რწმენის თავისუფლება, შეკრებების და მიტინგების თავისუფლება, იკრძალებოდა უცხოელებთან  შეხვედრა და საუბარი, სახელმწიფოს და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ რაიმე კრიტიკული აზრის გამოთქმა, სადაც ადამიანების მოსმენა და პირადი მიმოწერის საიდუმლოების არარსებობა ისევე ნორმად ითვლებოდა, როგორც ახლობლების დასმენა – სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურად, ხოლო ფსიქიატრია ადამიანების დაშინების და რეჟიმის მიერ დამორჩილების ან გათელვის მანქანის ინსტრუმენტის როლს ასრულებდა. უმრავლესობას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ოჯახებში, რომ სახელმწიფო სიცრეუზეა დამყარებული, რომ სახელმწიფოსთან უთანაბრო ჭიდილში გადარჩენის ერთადერთი შანსი მისი მოტყუებაა, თავის მოჩვენება ლოიალურად, მორჩილად და სინამდვილეში იმის კეთება, რაც ადამიანობაა და იმაზე უარის თქმა, რაც ჩათლახობაა. ანუ – რბილი წინააღმდეგობის ტაქტიკას.

უბედურება ისაა, რომ ახლა სულ უფრო მეტად ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ბოლო 6 წელია, ჩვენ უკან მივდივართ. კი არ მივდივართ – უკვე მივექანებით. უკან – ტოტალიტარული სახელმწიფოსაკენ. და ის, რისი უფლებაც ჩვენ გუშინ გვქონდა, დღეს უკვე არ გვაქვს, ხოლო თუ დღეს საკუთარ ოჯახში მაინც შეგვიძლია სიმართლის თქმა, ხვალ უკვე იქაც მოგვიგზავნიან მანდატურებს და მსტოვრებს, მოგვისმენენ და დაგვასმენენ – სახელმწიფოს სახელით, ბედნიერების სახელით, საქართველოს სახელით.

ჩემმა თაობამ ვერ მოახერხა ათწლეულობით სულში ჩანერგილი მონობის წვეთ-წვეთად გამოწურვა. ჩვენ გვეგონა, რომ თავისუფლები ვიყავით, მაგრამ არ ვართ. ჩვენ გვეგონა, რომ 9 აპრილმა გაგვანთავისუფლა, მაგრამ სამწუხაროდ – არა, რადგან არ არსებობს წამიერი განთავისუფლება, თუ მეორე დღეს ისევ იმ ცხოვრებით ვცხოვრობთ, ისევ იმ კორუფციულობის და უპასუხისმგებლობის ჭაობში ვეფლობით, თუ ისევ სხვის იმედზე, – ჯადოსნური განთავისუფლების იმედზე – ვრჩებით. ჩვენ გვგონია, რომ მოვა  გმირი და გვიშველის, მაგრამ ვერავინ ვერ გვიშველის, სანამ ჩვენ არ ვუშველით საკუთარ თავს. ვერავინ მოგვანიჭებს თავისუფლებას, საკუთარი თავის გარდა. და რომ არ შეიძლება ადამიანს ღმერთი სწამდეს და სატანის მსახურებს უხრიდეს თავს. თავისუფლების მონიჭების პროცესი ყოველდღიური, უსასრულო პროცესია. ყოველდღე აბარებ ტესტს – რა გინდა – მონობა თუ თავისუფლება? რა გინდა, მაძღარი მონობა, თუ არაგარანტირებული სარჩო თავისუფლებაში? რაზე ხარ თანახმა, მაძღარ ბოზობაზე, თუ ნახევრადმშიერ, მაგრამ თავისუფალ ადამიანობაზე, როცა სხვაც პატივს გცემს და თავადაც – არა იმის გამო, ვისი რა ხარ (ვინმეს შვილი, თუ ვინმეს ცოლი) – არამედ იმიტომ, რომ თავისუფალი და ძლიერი ადამიანი ხარ, ძლიერი თავისუფლებით, პატიოსანი სხვისი თავისუფლების პატივისცემით და დაცული სამართლიანობით,  კანონით – დაცული.

არ ვიცი, რამდენ თქვენგანს წაუკითხავს «ერთი დღე ივან დენისოვიჩის ცხოვრებიდან», ან ვარლამ შალამოვის მოთხრობები. არ ვიცი, რამდენი თქვენთაგანი ხვდება, რა სერიოზულ ბრძოლაში ჩაებით დღეს. არ ვიცი, რამდენს გესმით, რომ თქვენს წინააღმდეგ მონების და მანქურთების ორგანიზებული ბანდაა, რომელთაც ქვეყნის დაჩოქება, დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ გაყიდვა აქვთ მიზნად. რომელთა ოცნებაა, ყველა ნორმალური და მოაზროვნე ადამიანი ან იყიდონ, ან გააძევონ და აქ უტვინო ლაქიების და ჩამოსახლებული მხარდამჭერების სინგაპურული – არადემოკრატიული – საზოგადოება შექმნან

ეს არ არის ბრძოლა რვა გამოცდის ჩაბარება-არ ჩაბარებაზე. ეს არ არის ბრძოლა ატესტატზე ან უნივერსიტეტში მოხვედრაზე.

ეს არის ბრძოლა იმაზე, ვინ და როგორები იქნებით თქვენ ცხოვრებაში – თავისუფლები, რომლებსაც ამ თავისუფლებას ადვილად ვერ დაგათმობინებენ, თუ შეშინებულები (ჩვენი თაობის მსგავსად), რომლებსაც ნელ-ნელა (სინამდვილეში კი – ძალიან ჩქარა) ყველაფერს დაგათმობინებენ – უფლებას, რომ მიტინგებზე იკრიბებოდეთ; უფლებას, რომ საკუთარი აზრის გამოთქმა შეგეძლოთ; უფლებას, რომ მთავრობას აკრიტიკებდეთ; უფლებას, რომ ნამდვილ არჩევნებში მონაწილეობდეთ; უფლებას, რომ სამართლიანი სასამართლო გქონდეთ; უფლებას, რომ გქონდეთ ჯანმრთელობის დაცვის და განათლების საშუალება; უფლებას, რომ თავად ირჩევდეთ საკუთარ მომავალს; უფლებას, რომ იყოთ თავის-უფალი; უფლებას, რომ იყოთ მოქალაქეები… საკუთარი სამშობლოს მოქალაქეები, და არა ლტოლვილები სხვა ქვეყნების საემიგრაციო ბანაკებში, თუნდაც – მაძღარი ლტოლვილები…

მე არ მაქვს თქვენთვის მზა პასუხები – რა სჯობს და როგორ. მე ვიცი, რომ თუ ბრძოლას აირჩევთ, ეს არ იქნება ადვილი. პირიქით, ეს იქნება ძალიან ძნელი და ბევრი ტკივილი შეიძლება შეგხვდეთ. წარმატების ერთადერთი პირობა კი ის იქნება, თუ ერთად დადგებით, ერთმანეთს მხარს მისცემთ და ჭეშმარიტი სოლიდარობის ფასი გეცოდინებათ.

ხოლო თუ დაშლას აირჩევთ, ეს გაცილებით ადვილი იქნება ახლა და გაცილებით მძიმე – მერე, რადგან მერე უკვე ყველაფერს თქვენს მაგიერ გადაწყვეტენ, მერე თქვენი მომავალი სულ უფრო უკანმავალი გახდება და ერთ დღეს მიხვდებით, რომ მომავალი არც არის, რადგან მომავალი თავისუფალი ადამიანების ხვედრია, თქვენ კი ამაზე ჩვენსავით – წინა თაობებივით – უარი თქვით.

მცირე საყვედურიც მინდა გითხრათ – როდესაც პრეზიდენტი ბუჩქებში გასართობად გეპატიჟებოდათ, შაკირათი და ქულიოთი “გიმასპინძლდებოდათ”, 5-იანით დამშვენებულ მაისურებს გირიგებდათ, კოკა-კოლებით და მაკბურგერებით ანაზღაურებდა თქვენს მიერ ნაყვირებ «მიშა მაგარიას!» და იძახოდა, რომ სწორედ თქვენი გაგების იმედი აქვს «თავგასიებული» და «პახმელიაზე მყოფი» ოპოზიციის წინააღმდეგ, ხოლო თქვენთანატოლები ამაზე იცინიან და არ აინტერესებთ, როცა სხვებს «რეცხავენ» და ურტყამენ, ქონებას ართმევენ და ციხეებში ამწესებენ, ურტყამენ, ნარკოტიკებს უდებენ ჯიბეში და სამსახურებიდან აგდებენ, როცა არ ფიქრობთ, რომ ამათ რომ მოუვლიან, მერე თქვენი თაობის უფლებებსაც ფეხქვეშ გათელავენ, რომ კოკა-კოლა და ჰამბურგერი არ შეიძლება სხვისი ჩაგვრაზე თვალის დახუჭვის მიზეზი გახდეს, რომ ატრაქციონები და “ჯეობარები” ვერ იქნება ქვეყნის აღორძინების და გამთლიანების პირობა, რომ როცა უსწავლელობით და უსაქმურობით ფონს ადვილად გავლას გპირდებოდნენ, ეს ამბავიც ისევე ვირებად ტრანსფორმაციით დამთავრდებოდა, როგორც პინოქიოს და მისი ძმაკაცების «ბედნიერი ცხოვრება» დამთავრდა… რომ ქვეყნის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს მშიშარა და უპასუხისმგებლო  ადამიანი… და რომ ასეთი ადამიანის დანაპირები «ბედნიერების» მხოლოდ მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომელთაც ბედნიერება მხოლოდ მორთმეული უნდათ, ყოველგვარი პირადი შრომის, დროის, ენერგიის, თუ მსხვერპლის გარეშე…

თუმცა თქვენი შეცდომა გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი შეცდომები და უმოქმედობა. საიდან დაინახავდით იმას, რასაც გაცილებით გამოცდილი ხალხი ვერ ხედავდა და არ უნდოდა, რომ დაეჯერებინათ. თქვენ გუშინ და გუშინწინ ბავშვები იყავით და ძალიან ძნელია ბავშვს საყვედური უთხრა, მატყუარა ადამიანის მხრიდან გამოწოდებულ ტკბილეულსკენ რატომ გაიშვირე ხელიო.  

ჩვენ ვერ შევძელით თქვენთვის აგვერიდებინა ეს დღევანდელი დღე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ოპოზიციას და საზოგადოებას შორის ისეთი ხიდი გაგვედო და ბრძოლის ისეთი მეთოდი მოგვეძებნა, რომ ეს პირშავი, უტვინო და უსინდისო მთავრობა ქვეყნის ზურგზე მედიდურად მომჯდარ სისხლისმწოველ  მაჯლაჯუნად არ ქცეულიყო.

ჩვენ ვერ ვივარგეთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, ყველაფერი გამოვასწოროთ. დარწმუნებიული ვარ, რომ სულ მალე მოვა დრო, როცა ჩვენ ამ ურჩხულს დავანახებთ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია გაერთიანება მონობის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მეექვსედის მფლობელი უმდიდრესი რესურსების ქვეყანა იყო იყო და პირველმა გაუშვა კოსმოსში რაკეტა, საბოლოო ჯამში მხოლოდ 70 წელი გაძლო, რადგან ვერ დააფასა ყველაზე მთავარი რესურსი – ადამიანები! და რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო – მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა – არ არსებობს ტყუილი, რომელიც მარადიულად გაძლებს (http://www.youtube.com/watch?v=130J-FdZDtY&feature=related)  ხოლო ტყუილზე აშენებული საზოგადოება და ქვეყანა, რაც არ უნდა დიდი იყოს და მონოლითური ჩანდეს, სინამდვილეში მაინც გიგანტური, მაგრამ დაფეხვილი ხუხულაა და იშლება, რადგან მხოლოდ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება არის შემოქმედი, და ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის პირობა. ჩვენი საცოდავი ქვეყანა უკვე დღეს ეკონომიურად დაკაბალებულია – 8 მილიარდი დოლარის ვალი გვაქვს და ეს ის ვალია, რომლითაც ჩვენი შერეკილი მთავრობა სასახლეებს, უადგილო ხიდებს მახინჯ ძეგლებს აშენებს, და რომელთა გადახდას თქვენ დაგაკისრებთ სულ მალე.

ჩვენგან განსხვავებით თქვენ შეიძლება არ დაგჭირდეთ წვეთ-წვეთად მონის გამოდევნა სხეულიდან და სულიდან. თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე გახდეთ თავისუფლები, თუ ამას ჩათვლით პრიორიტეტად და არ გაცვლით ზიზილ-პიპილოებიან “სამოთხეზე”, რომელსაც უღვთო ხალხი წამდაუწუმ გპირდებათ. არ იქნება ადვილი თქვენს ასაკში თავისუფლებისთვის ღწვის მძიმე გზაზე შედგომა, მაგრამ თუ თქვენ ამას ახლა არ ცდით, მერე დიდხანს მოგიწევთ მოცდა მეორე ცდამდე. და ამ დროის განმავლობაში თქვენ ვაითუ ისევე გაგიჯდეთ მონობა სულში, როგორც ჩვენ.

თქვენ ადამიანები ხართ! და ამ მთავრობას, რომელიც ცდილობს მთელი მსოფლიო მოატყუოს და თავი დემოკრატიულად აჩვენოს, ძალიან ეშინია თქვენი, რადგან კარგად იცის, რომ ბავშვებისთვის ყველაზე ძნელია იმის დამალვა, რომ მეფე შიშველია.

მე არ ვიცი, რით დაიმსახურეთ თქვენ, რომ თქვენთან შეხვედრის და დალაპარაკების ელემენტარული სურვილის გაჩენის გარეშე ამ მთავრობამ მაშინვე ოროსნების იარლიყი მოგაკერათ. დარმწუნებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ სწავლაში ან მხოლოდ ოროსნები, ან მხოლოდ ხუთოსნები. მაგრამ თქვენ დღეს საზოგადოებრივი უფლებებისთვის ბრძოლაში ხართ ისეთივე ხუთოსნები, როგორებიც იყვნენ თქვენი თანატოლები – თქვენი მამები და დედები 1979 წელს, როცა დედა-ენა დაიცვეს და 1989 წელს, როცა სამშობლო დაიცვეს.

მე ბოდიშს გიხდით, რომ მიუხედავად იმ ნათელი და ბედნიერი წამებისა, ჩვენ დიდხანს არ გაგვყვა თავისუფლებისთვის ბრძოლის კი არა, – თავისუფლად ცხოვრების დაუძლეველი სურვილი! რომ მოვტყუვდით, როცა ეს სიტყვაკაზმული კარიერისტების ხელისუფლება მოვიყვანეთ და უკონტროლოდ ვაჩუქეთ ჩვენი ქვეყნის ჩვენდა უკითხავად მართვის უფლება. მათ კი ჩვენ თანდათან გაგვრიყეს, ყველაფერი წაგვართვეს, ბოლოს პირიც აგვიკრეს და ახლა თქვენც უნდათ აგიკრან პირი. ყოველ ჩვენს მარცხზე, დუმილზე და უმოქმედობაზე, ყოველ ახალ უკანდახევაზე ისინი ურჩხულივით ძლიერდებიან, რადგან ჩვენი შიშია მათი ძლიერების წყარო და როგორც კი დაინახავენ, რომ არ გვეშინია, მაშინვე გამოჩნდება თავად როგორი მშიშარა ტურები არიან.

თავისუფლებას გისურვებთ!

და თქვენს მშობლებს მოგვეცით უფლება და პატივი, თქვენს გვერდზე დავდგეთ!


5 Comments on “მე ბოდიშს გიხდით!”

  1. dakarguli says:

    ჩვენ ყველაფერს მოვერევით… მადლობა 9 აპრილისთვის… მადლობა იმისთვის, რომ ბრძოლა დაიწყეთ. მადლობა ამ წერილისთვის… ყველაფერი კარგად იქნება….

  2. […] ეს წერილი გეძღვნებათ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა შვილებს! თქვენ ჯერ ვერ მოგმართავთ წოდებით – «ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებს». რადგან იურიდიულად თქვენ ჯერ არ ხართ მოქალაქეები – ასაკის გამო. მაგრამ თქვენ დღეს დგამთ პირველ ნაბიჯებს იმისკენ, რომ თქვენ მოქალაქეები გახდეთ! რომ საერთოდ გეღირსოთ მოქალაქეობა! რომ ეს ქვეყანა იყოს თანაბარი უფლებებით აღჭურვილი თავისუფალი მოქალაქეების თავისუფალი, სამართლიანი ქვეყანა! ჩვენი უბედობის გამო ხდება ის, რ … Read More […]

  3. m.g. says:

    shesanishnavi cerilia.

  4. natia121 says:

    პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ უმრავლესობას არ მიემხრეთ, მე ერთერთი აქტივისტი ვარ ამ მიტინგისა და რაც მთავარია არა ოროსანი, თუ მომცემენ სკოლის დამთავრების საშუალებას ალბათ ოქროს მედალს მივიღებ თუმცა ამაშიც ეჭვი მეპარება უკვე, გული ყველაზე მეტად იმიტომ მწყდება რომ ამ ასაკში წავაწყდი მსგავსი დონის უსამართლობას, არანაირი თავისუფალი სიტყვა არანაირი აზრი, რაღაცნაირად ეს ყველაფერი “დათა თუთაშხიაში” მოსე ზამთარაძის ნაამბობს მაგონებს, ვერ წარმოდივდგენდი და არც მეგონა რომ ჩვენგან დაშტამპული, დაჩარჩოებული და დაჩაჩანაკებული თაობის გაზრდა სურდათ,მე იქ არ წავსულვარ გამოცდების მოსახსნელად თუ უნდათ კიდვე ამდენი დაუმატებიათ,პროტესტის გამოსახატავად მივედი, იმ პროტესტისა მე პირადად შვიდი ნოემბრიდან რომ ჩამიგუბდა სულში, მაგრამ სამწუხაროდ თითქმის სავალალო შედეგები მოჰყვა ჩემს მომიტინგეობას, არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ მეტი ამ მომართვაზე, ანაც თუ მაქვს საერთოდ პასუხის უფლება. მე ხომ მეორე დღეს დაშინებული მივუჯექი ჩემს მერხს, და მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა, სხვებისაგან განსხვავებულმა შექების ნაცვლად ასეთი რამ გვითხრა “ძალიან მშიშარა და უთავმოყვარეო ბავშვები ხართო”, ხოდა გპირდებით რომ მონის ჯილაგი ვერ გაშლის ჩვენს სულში ფრთებს იმიტომ რომ თქვენნაირი და ჩემი მასწავლებისნაირი ადამიანი გავრიგებენ ჭკუას 🙂

  5. ... says:

    ubralod, didi madloba am postisatvis!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s