შიშველი ხუთოსანი


 

–         „ჰიზ ჰაინესს, პრეზიდენტ ოფ ჯორჯია,  – მისტერ მიკჰეილ სააკაშვილი!“

ჰუ იზ მრ. სააკაშვილი?

ბატონი სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უზადოდ ფლობს კრიზისებიდან გამოძვრომის და გადარჩენის ხელოვნებას და, ალბათ ამიტომ, არც ერიდება კრიზისული სიტუაციების შექმნას.

მეტიც, თუ იმას შევისწავლით – რას აკეთებს ამჟამად ბატონი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი კრიზისებს სპეციალურად ქმნის. სავარაუდოდ, მან მშვენივრად იცის, რომ გაწონასწორებულ სიტუაციაში ქვეყნის და სიტუაციის მართვის ძალიან შეზღუდული ცოდნა და თანდათანობითი, მაგრამ მდგრადი წარმატების მიღწევის ლამის ნულოვანი გამოცდილება გააჩნია. და პირიქით, კრიზისებიდან იგი უფრო უკეთეს შედეგს იღებს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგეები. თუნდაც წაგებულმა ომმა პირადად მას გარკვეული დივიდენდები მოუტანა.  პრეზიდენტმა სააკაშვილმა წაგებულის და ლამის წამებულის მანტია უკეთ მოირგო, ვიდრე მისმა მოწინააღმდეგეებმა შეძლეს პრეზიდენტის მიერ წასაგებად განწირული ომის – აბსოლუტურად ავანტურისტული და კატასტროფული ნაბიჯის და ამ ნაბიჯს მოყოლილი ტრაგედიის – გამოყენება მისი დამნაშავე ხელისუფლების გადასაყენებლად. ამან ბატონ მიხეილს ფრთები შეასხა და დაბადა ისტერიულ-ისტორიული ფორმულა – „დამარცხება – გამარჯვებაა!“ როდესაც ჩვენ ამ ფორმულის გაგება გვიჭირს, უნდა გავიჭირვოთ და დავინახოთ, რომ ბატონი მიხეილი არად აგდებს იმ „რაღაც ორი რაიონის“ დაკარგვას და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის ლტოლვილად ქცევას, არც იმ დაღუპულ 500-ზე მეტ ადამიანს, რადგან პირადად მას ბევრი არაფერი დაუკარგავს! პირიქით, სწორედ მაგ დროს აიშენა არნახული მასშტაბის სასახლე, ჩაიტარა სამკურნალო მასაჟის კურსები, ბევრი იმოგზაურა ეგზოტიკურ ქვეყნებში, გაზარდა ქვეყანაში მისი რეჟიმისადმი მოლაქუცე პიროვნებების პროცენტული რაოდენობა, გასვრილი ხერხებით, მაგრამ „პირწმინდად მოიგო“  ადგილობრივი არჩევნები და აიმაღლა გრინბერ-ქვინლან-როსნერის და აი-ერ-აის რეიტინგები. სწორედ ამიტომ მასაც და მისი მთავრობის წევრებსაც (ვანო მერაბიშვილს, მაგალითად) გაცილებით მწარედ ახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა მათი ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ვიდრე 2008 წლის 8 აგვისტო, როცა საქართველოს არსებობა კი იდგა კითხვის ქვეშ, მაგრამ არსებული მძიმე კრიზისის გამო შიდა ოპონენტებმაც და მსოფლიო საზოგადოებამაც მათ ფეხი არ დააჭირა და „ხელისუფლება არ ჩამოიშალა“ (მეორე ეგოისტურ-ისტერიულ-ისტორიული ფრაზა). გასაგებია, რომ ეს ბატონი ისე გრძნობს კრიზისებში თავს, როგორც თევზი წყალში და იხტიანდრული ინსტიქტით სულ არ იქნებოდა წინაღმდეგი,  რომ ქვეყანა წყლით (კრიზისებით) იყოს დაფარული.

და მაინც რას აკეთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილი, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ იგი კრიზისების გენერატორად იქცა?

1.      მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები ურჩევენ ბატონ მიხეილ სააკაშვილს არ გაამწვავოს და პირიქით, ოდნავ მაინც დაალაგოს უკიდურესად ნეგატიური ურთიერთობა რუსეთის ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი ამოცანაა, როცა ეს ხელისუფლება არ ცნობს ბატონ მიხეილს, პოლიტიკურ გვამად მიაჩნია იგი, ამბობს, რომ ურთიერთობა მაშინ დალაგდება, როცა სააკაშვილი აღარ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და რუსეთის დე-ფაქტო ლიდერსაც სულაც არ ეტყობა, რომ გაუარა მისი ერთი ადგილით დაკიდების სურვილმა. პრეზიდენტი სააკაშვილი, უცხოელ პოლიტიკოსთა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ურთიერთობის სიმწვავის განელების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამს:

–         აცხადებს, რომ კავკასია ერთია, არ არსებობს ჩრდილო და სამხრეთ კავკასია და აღადგენს თბილისის, როგორც კავკასიის ცენტრის იდეას. გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეძლონ ჩრდილოკავკასიელებმა (ანუ ფაქტიურად ახდენს რუსეთის მოქალაქეებიდან კავკასიელების გამოყოფას და პრივილეგირებას);   პარლამენტში იწყებს კავკასიის ხალხთა გენოციდის საკითხის შესწავლას. ანუ იწყებს ფართომასშტაბიან ინიციატივას „კავკასია რუსეთი არაა!“.

–         უბრალოდ კი არ იჭერს რუს მზვერავებს, არამედ მათი გამოაშკარავებით გამოდის რუსეთში „მზვერავის დღეს“ და აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვა ცუდ დღეშია, საბოლოდ ჩაფლავდა და დროა, ქართველებთან გაიარონ ტრენინგები. და მაშინ, როცა ჯაშუშების დაკავების შემდეგ არც ისე დიდი დროა გასული და მაინცდამაინც არც დოკუმენტები გამოჩენილა მათ საქმიანობაზე (რუსთავი-2ის კინოფილმი დოკუმენტი კი არა, პიარია და სწორედაც რომ დოკუმენტების პიარით ჩანაცვლების სურვილზე მიუთითებს), უცებ იწყებს ლაპარაკს ჯაშუშების შესაძლო ექსტრადიციის თაობაზე, რაც იმის განცდას ქმნის, რომ სწორედ ექსტრადიცია და ამით მისაღები შესაძლო დივიდენდები უფრო აინტერესებს, ვიდრე რუსი ჯაშუშების მიერ მიყენებული ზარალის იდენტიფიცირება და საქმის სერიოზული გამოძიება.

–         ხშირად ახსენებს პუტინს, რომ ის ყველაფერში ბაძავს, „მოყვარულ ავტოპილოტს“ უძახის და კითხულობს, – ნეტავ სანამ მე გავჩნდებოდი, ვის ბაძავდაო, „ხუმრობს“ მის და ბერლუსკონის ურთიერთობებზე…

2.      ამწვავებს ურთიერთობებს დასავლელ ლიდერებთან. კერძოდ იმით, რომ ახდენს დემონსტრაციულ დაახლოებას ირანთან, აწესებს ამ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს, გვახარებს, რომ ათასობით ირანელი სტუმარი ჩამოვა უახლოეს ხანებში, ხსნის ირანის საკონსულოს ბათუმში, და რაც მთავარია, იწონებს ირანის ატომური ენერგეტიკის პროგრამას და ამ პროგრამის საკითხებში ბრაზილიის და თურქეთის (დასავლურისაგან განსხვავებულ) მიდგომას. და ეს იმ ფონზე, როცა ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს და რუსეთიც კი იძულებულია ირანთან მრავალმილიარდიანი თანამშრომლობა შეკვეცოს. ამის ყველაფრის დემონსტრირებით, თანაც ამერიკის კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარუმატებლობიდან რამდენიმე დღეში, სააკაშვილი ხელთათმანს ესვრის ობამას და ამაყად მიანიშნებს, რომ მისი პერსონისთვის დროის და ყურადღების არდათმობა ამერიკელ ლიდერს „ძვირად დაუჯდება“. ამავე კონტექსტში ჯდება ევროპელ ლიდერებისადმი (სარკოზი, ბერლუსკონი) ბოლო დროს გაკეთებული ცინიკური განცხადებები. ბატონი მიხეილი თავს თავის ტაფაში გრძნობს, ქილიკობს, ძველბიჭურადაც კი. მარტო მისი ის განცხადება რად ღირს, რომ ბერლუსკონის და პუტინს „ძალიან ახლო, ლამის ინტიმური ურთიერთობები აკავშირებთ“!

3.      ამწვავებს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ეუთოს და მისი არჩევნების მონიტორინგის განყოფილების, ტრანსპარენსი ინტერნეშენალ, ჰუმან რაითს უოთჩ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების  იგნორირება და იმის განცხადება, რომ „ჩვენ ყველას მოვუსმენთ, მაგრამ თავად ვიცით, რა სჯობს“  ხელისუფლების ახალ ტაქტიკად იქცა, რომელიც ფორმით ნამდვილად სჯობს შიდა ოპოზიციასთან მიმართებაში ღიად დეკლარირებულ ცინიკურ ლოზუნგს „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!“, მაგრამ შინაარსით დიდად განსხვავებულიც  არ არის. უცხოური ორგანიზაციების მხრიდან ხელისუფლების ქმედებების გაშიფვრით მზარდი იმედგაცრუების ფონზე მეტწილად ქართული საზოგადოების მასიური გამოშტერების იარაღად იქცა ხელისუფლების დაკვეთით და ხელისუფლების კარის პიარშჩიკების მიერ ჩატარებული და ბოლო ხმაზე გახმაურებული გრანდიოზული გამოკითხვები (ნეტა რისთვის? არჩევნებამდე ხომ 2 წელია!)  თავისი ფანტასტიკური შედეგებით – მთელი ქართველი ხალხი თურმე ერთადერთ იმედად და სასოდ მიიჩნევს ნაციონალურ მოძრაობას და მის გაცისკროვნებულ ლიდერს! დენ სიაო პინს არ ჰქონია ასეთი რეიტინგები, მგონი, – მაო ძე დუნს და კიმ ირ სენსაც! რა თქმა უნდა, ქართველ ადამიანს, ბოლო წლების უსამართლობის და მედიადაბრმავების შემყურეს, რომ ვიდეოკამერის ფონზე ჰკითხავ, – მიშა მოგწონს თუ არაო? გიჟი უნდა იყო და გადამთიელი, რომ 90%-ით „გარანტირებული პასუხი“ ვერ გამოიცნო.

4.      ხელისუფლება კიდევ უფრო ამწვავებს და ცინიზმით ავსებს ქვეყნის შიგნით ოპოზიციასთან ურთიერთობებს. ახალი პოლიციის კანონი, რომლითაც პოლიციის „გონივრული ეჭვი“ ყოვლისშემძლე ხელკეტი ხდება ნებისმიერ ოპოზიციონერის და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის წინააღმდეგ, ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის და პოლიტიზირებული პოლიციის პირობებში სააკაშვილის და ნაცმოძრაობის უვადო და ულიმიტო მმართველობის გარანტიაა. სასამართლოს, მედიის და ბიზნესის სრული კონტროლი და უსამართლობა. ოპოზიციონერების დაშინების და დაპატიმრებების ახალი ტალღა, რომელიც რეალობაში ყოველთვის მოჰყვება ახალი დემოკრატიული ტალღების სიტყვიერ გამოცხადებას, როგორც ძველი ოპონენტების – ეროვნული ფორუმის და ლეიბორისტების მიმართ, ასევე და განსაკუთრებით – ახლადშექმნილი ქართული პარტიის მიმართ, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში ამ პარტიის ხუთი წევრის მიმართ უპრეცედენტო დაშინების კამპანია იქნა განხორციელებული. თანაც ისეთი ცინიზმით, რომ ოთხასამდე ლარის დანაკლისი ერთ ნავთობკომპანიაში, სადაც ოპოზიციის ყველაზე უფრო უმწიკვლო ლიდერის ძმა მუშაობდა,  „ათეულ მილიონობით ლარის“ ზარალად მოინათლა, რაც მისი ორი თვით წინასწარი დაპატიმრების აშკარად თეთრი ძაფებით ნაკერი საბაბი გახდა. ცინიზმის კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაგალითი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟისორული და აქტიორული ტალანტების გამოყენებით დადგმული ტელესპექტაკლი მისი მთავრობის ყველა დროის ყველაზე ოდიოზური წევრის  ბატონი კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“, სადაც სტუდენტებთან შეხვედრა უცნაური ისტორიული „აღმოჩენების“ (რომ თემურ ლენგი თურმე წყალტუბოს აბაზანების მისაღებად იპყრობდა საქართველოს) და ნოვატორული ინოვაციების (დიზელის ეკონომიის და რუსეთის ეკონომიკისთვის დარტყმის მიყენების სურვილით მთავრობის ელექტრომობილებზე გადასმის „ხარჯ-ეფექტური და ეკოლოგიური“ იდეა) გარდა, ოპოზიციის მიმართ უტიფარი დაცინვის სესიად იქცა. ოპოზიციონერების მიმართ ნახმარი ეპითეტები, „თავგასიებული“ და „პახმელიაზე მყოფი“ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რამდენად „მაგარია მიშა“, ხოლო მის მიერ შემოთავაზებული ტესტი იმის თაობაზე, თუ რამდენად ოპერატიულად ახდენს ქართული მედია ოპოზიციური „სუბიექტ“ კუკავას დილის 8 საათიანი აზრების გახმოვანებას 15 საათზე, დემაგოგიის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს იმ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციისთვის ნაციონალურ მასშტაბის არხების ტელეეთერის დროის მხოლოდ 5-10% იხარჯება და მათი უმეტესობა – აზრების დამახინჯებული გადმოცემით ან დაუფარავი კრიტიკით არის „შევსებული“. აპოგეა იყო 2007 წლის 7 ნოემბრის ხალხზე სახელმწიფო ძალადობის „სანიმუშო ოპერაციად“ გამოცხადება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმის განცხადება, რომ გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილი ფსბ-ს გენერლებთან ერთად გეგმავდა 7 ნოემბრის გადატრიალებას და რომ ჩვენმა პოლიციამ იმ დღეს „ქვეყანა გადაარჩინა და მადლობის ღირსია“ (თუნდაც აკრძალული იარაღის გამოყენების და დამოუკიდებელი მედიის სამაგალითო დარბევის გამო!).

5.      არჩევნებისწინა მურაბა- და თაფლწასმული დაპირებების შემდეგ საზოგადოების ლამის ნებისმიერი ფენის მკვეთრი და არნახული შევიწროება, დამცირება, დაშინება და უფლებრივი თუ ქონებრივი დისკრიმინაციის გამწვავება – ლტოლვილების არაადამიანური და დამამცირებელი გასახლება, გარემოვაჭრეების ასევე არაადამიანური აყრა (არჩევნების წინ მიცემული ინდულგენციების დაპირების შემდეგ), მონოპოლიზირებული პროდუქტების მკვეთრი გაძვირება, და განსაკუთრებით, ხორცის გადამუშავების საკუთარ ხელში მონოპოლიზებით ამ სფეროდან მრავალი კონკურენტის გაგდება, საავადმყოფოების მასიური გაყიდვა და პერსონალის შემცირება, ექიმების დაჭერები, უცხოელი ე.წ. „მასწავლებლების“ (სინამდვილეში – არაკვალიფიცირებული და არასერტიფიცირებული მოხალისეების, ზოგჯერ სულაც საეჭვო „ღირსებების“ მქონე პიროვნებების) მასიური ჩამოყვანა  (საშუალოდ თითო მასწავლებელზე წელიწადში 10,000 ლარის ხარჯვით) და ამის ფონზე  ადგილობრივი მასწავლებლების მასიური სამუშაოდან უმიზეზოდ დათხოვნა, მოსწავლეებისთვის ადრეგამოუცხადებელი საატესტატო გამოცდების მოულოდნელი დანიშვნა და „ოროსნების რევოლუციის“ შაშკინისგან იგნორირების ბრავადული დაპირება, ბიზნესისთვის ახლახანს შეპირებული პრეფერენციების „აორთქლება“ და საშუალო და უკვე წვრილ ბიზნესზე ფანტასმოგორიული მეთოდებით ზეწოლა და ბეგარის შეწერა, ყვითელი ავტობუსების მოულოდნელი გაუქმება და მგზავრების და მძღოლების ინტერესების პრობლემების ჩირად არ ჩაგდება, სამარშრუტო ხაზების მითვისების გეგმის დასახვა და სულ ახლახანს თავის მიერვე დასამარებული ტრამვაის უცებ „შეყვარება“, შედარებით შეძლებული ჯიპ/ვიპ-მფლობელების, კაზინოების მეპატრონეების და სხვა პოტენციური „თავისიანების“ გამოწურვაც… – ამით ხელისუფლება ყველას, უკვე ყველას გვეუბნება – „ფეხებზე მკიდიხართ, ყველას ჩაგრეცხავთ, ვინც აქამდე გადამირჩით!“ და საქართველოში ათეულათასობით ბურების ჩამოყვანის გეგმის გამხელით „გვაბედნიერებს“!

 

და რა არის ეს?

გარდა ამ უცნაური ქცევის ადამიანის გაცნობიერებულ/ქვეცნობიერი სურვილისა, რომ კრიზისი და აფექტები ჯობს შედარებით გაწონასწორებულ მმართველობას, რამე სხვა, ცოტათი მაინც რაციონალური ხომ არ იმალება – ამ ყველას და ყველაფრისადმი დაპირისპირებაში?

შევეცდები, ჩემი აზრი მოგახსენოთ.

ხელისუფლება (და აქ სულ არ ვგულისხმობ მხოლოდ ექსცენტრიულ პრეზიდენტს, არამედ მის ეგოცენტრულ, მაგრამ შედარებით პრაგმატულ გარემოცვასაც) ნერვიულობს!

მიუხედავად მთელი მისი „წარმატებებისა“! მიუხედავად „ბრწყინვალედ მოგებული“ ადგილობრივი არჩევნებისა, მიუხედავად „ბეჭებზე დადებული“ და ვერგაერთიანებული ოპოზიციისა, მიუხედავად ირანის, ბელორუსიის და უკრაინის მხრიდან მოულოდნელი დახმარებისა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაც მოირგეს და ბიზნესიც და ნაციონალური მედიაც ენაამოგლეჯილ მარიონეტებად აქციეს…

ყველაფერ ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ თავად ძალიან კარგად იცის მიშას „სიმაგრეც“ და თავისი რეალური „წონაც“, და ყველაზე კარგად ის იცის, რა მაგრად აქვს ბიუჯეტის შევსების საქმე. ინვესტიციების შემოსვლის ივლისში გამოცხადებული „შედეგი“ რომ ორ თვეში 100 მილიონი დოლარით „შემსუბუქდა“ და 140 მილიონი დოლარის „შემომტანი“ ეგვიპტე რომ ინვესტორი ქვეყნების სიიდან საერთოდ გაქრა, ანდა დიდი პომპეზურობით გაცხადებული „რაკია“-ს და „რაკიინის“ ინვესტიციები და საქართველოს მერვე საოცრება – ფოთის პორტი და მისი თეზ-ი რომ ოქროს თევზის მოტანილი სრასასახლესავით გაუჩინარდა და გასაყიდად იქნება მალე გამოტანილი, ამ „სარკის“ მოტყუება მსოფლიო ბანკის ადვილად თვალახვეული რეიტინგებით ვერ ხერხდება. ეგრე ბურატინოსაც „მაგარ და გარანტირებულ“ ბიზნესზე პატიჟებდნენ მელა ალისა და კატა ბაზილიო დურაქების ქვეყანაში! მანდაც ბიზნესის დაწყება ასევე ძალიან გაადვილებული იყო – მთავარი იყო კარგად ჩაგემარხა ოქროები და ცოტა მოგერწყო, დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო… მელიას და კატის ტექნიკის, რაც ჩვენში „შუაღამის ნოტარიუსების“ გააფთრებულ  მუშაობაში გამოიხატება…

ნერვიულობას სხვა მიზეზიც აქვს და ეს შიდა და გარე ოპოზიციის გაერთიანებას უკავშირდება, თანაც ხელისუფლებისათვის ძალიან მგრძნობიარე საკითხში – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

ძალიან ეცადა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლისთვის დაემტკიცებინა, მე ვარ და ჩემი ნაბადიო,  საუკეთესო საარჩევნო კანონი მივიღეთ, საუკეთესო კაცი ავირჩიეთ ცესკოს თავმჯდომარედ, საუკეთესო დამკვირებლები გვყავდა უბნებზე, ღმერთი-რჯული, მხოლოდ ისაა მიზეზი, რომ ქართველებს არაფრით არ უნდათ სხვისი არჩევა, ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში ვერ იმარჯვებს ეს საცოდავი ოპოზიცია, თორემ მე ძალიანაც მინდაო, მაგრამ…

როგორც ხანდახან ხდება, „მეტის მეტი – რეტის რეტიო“, ისე მოუვიდა ჰიზ ჰაინესსს…

არავინ სერიოზულად არ დაიჯერა, რომ მიშა მართლა ასე მაგარია. ასეთი სიმაგრე ხომ იმათ ახასიათებთ – კიმ ჩენ ირს, ფიდელ კასტროს, და ლუკაშენკოს, ვინც დემოკრატიისგან ძალიან შორს იყო, არის და იქნება. ასე ზედიზედ და პოლიციური ერთგულებით ხომ ჩვენგან უცებშეყვარებულ ირანში თუ იგებენ არჩევნებს.

თუ ამერიკაში არ პატიობენ ობამას ჯანდაცვის მძიმე მდგომარეობას და უმუშევრობის ზრდას, საქართველო რა გახდა ასეთი, რომ ორივე ამ სფეროში მძიმე შედეგები ერის ლიდერის რეიტინგის „განუხრელ ზრდასთან“ ასოცირდება?  არ მითხრათ, ომის ბრალიაო! კაცო, იმ კაცს ორი ომი აქვს ბოლო 10 წელია და იმას არ უთვლიან ანგარიშში და მიშას მიერ დაწყებული და ხუთ დღეში სამარცხვინოდ გასხმული ომი რა გახდა ასეთი, რომ ჩვენი პრეზიდენტის სამუდამო გამართლებად იქცა?

და ის რომ თქვა მეფე-ბატონმა, რა ვიცი, იქნებ კი ვიფიქრო პრემიერ-მინისტრობაზეო, ე მანდ შეეშალა,  კრიზისების ტალე-ირანს! ვერ გათვალა, რომ თუ მსოფლიო ერთ რუსს, ერთ კუბელს, ერთ კორეელს და ერთ ვენესუელელს იტანს „მუდმივ ლიდერებად“, იმიტომ, რომ ისინი მსოფლიოს კმაყოფაზე არ არიან მუდმივად.

ამიტომ რატომღაც (ალბათ უკანასკნელად) მჯერა, რომ ამჯერად მაინც არ მიგვატოვებენ შუა გზაში ჩვენი ეს დეკლარირებული მეგობრები და იმაში მაინც დაგვეხმარებიან, რომ თუ პრეზიდენტის ერთგული  სატრაპი კუბლაშვილი ისევ დაიწყებს ბაჩუკი ქარდავას და მისნაირების გამოყენებით რეალური ოპოზიციისთვის ხელის გადაწრიახების ნაცურ მოძრაობებს, ადგებიან და დაგვეთანხმებიან იმაში, რომ მეფე დიდი ხანია შიშველია და თან არც მაინცდამაინც შვარცნეგერია, რომ ჰოლივუდში მაინც გამოდგეს, ექსტრავაგანტურობაზე, ჩალურჯებულ თვალებზე და შეშუპებულ სახეზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება მისგანვე განსხვავებით!

ასე რომ, ბატონებო, მგონი, სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ჩვენი ჰაინესის გამწარება/გამწვავება!

სწორედ ამ პოტენციურ საფრთხეს რომ ხედავს, რომ მართლა მოუწევს საარჩევნო კანონის და გარემოს გამოსწორება და ვერ იქნება თარხნიშვილის ფაქსის, ვანოს ხერხემლის თუ ხარატიშვილის სახლმმართველთა მდედრიონის იმედზე, სწორედ ეს განსაზღვრავს მის ძველბიჭურ ტირადებს „თავგასიებულ“ და „პახმელიურ“ ოპონენტებზე. არადა, როგორ გვაწონებდა და გვაბრალებდა თავს – ხუთოსანი გოგო ვარო! მთელი მისი ტერორი, დაშინებები და დაჭერები, და ეს შოუები ზურგსუკან მოხითხითე სტუდენტებით იმაზეა გათვლილი, რომ ადრესატები – ხალხიც და ოპოზიციური ლიდერებიც გაგიჟდნენ, მოლაპარაკებებს მიაფურთხონ და რევოლუციური სიტუაციაზე  იფიქრონ, რომ მიშა ისევ ალაპარაკონ კგბ-ს ხელზე და ფსბ-ს ფეხზე. (ბატონი თემურ ალასანია ხომ კარგადაა ნეტავ და ხომ არ ასლოკინებს? ან მის მეგობარ გენერალ გენერალოვს – შპს „მადნეულის“ მეპატრონეს და რუსეთის აგრესიის დღეებში ბრაიან ადამსის ჩამოყვანით ჩვენი სულის იარების უზადო მომშუშებელს!)

ასე რომ, ჩვენს საზოგადოებას – ხალხსაც და განსაკუთრებით იმ ოპოზიციურ ლიდერებს, ვინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მცდელობებს ზერელედ უყურებს, მინდა მოთმინება ვთხოვო უმორჩილესად – ნუ წამოეგებიან ბატონი მიხეილის და ბატონი ვანოს პროვოკაციებზე, რომლის ნაკადი სულ მალე გაათმაგდება. და იფიქრონ იმაზე, რომ თუ საარჩევნო გარემო (მოხდა სასწაული და!) სასიკეთოდ შეიცვალა, ისინიც მოგებულნი დარჩებიან პატიოსან არჩევნებში მონაწილეობის შანსის გაჩენით, ხოლო თუ ეს არ მოხდა (მე პირადად ვერ დამიჯერებია, რომ ბატონი სააკაშვილი პატიოსნად ითამაშებს, შულერის გამოსწორება შეუძლებელია), მაშინ მთავრობის გამო ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ სწორედ ამ პარტიებს მიეცემათ ასპარეზიც და კარტ-ბლანშიც.

ასე რომ, ჰიზ ჰაინესი კი არა… შაშა-კოლა და კოკა-კოლა!

–      ბატონი მიხეილ სააკაშვილი – მაგარი ტიპი, ტო, ჩვენი ჯილა, დილიხორის მასტი, ვეჩნად გამხურებელი და დამჩმორებელი, ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის ხურუშიანად ძუძუს ამხევი, სისხლის მომწოვი  და ბესპრედელნათ გადამგდები, ომებში წაგებების და საკუთარი გასრიალებების ფეხებზე დამკიდებელი და იმენნა –  ოპოებთან და გოიმ დემოკრატებთან დავერიეში შემსვლელი და გამაცუცურაკებელი, ვაბშემც მაგარი და უმაგრესი… ჩვენი ყველაფერზე წამსვლელი და ხელისმომწერი გოღა – ხუთოსანი ტიპი, რაა!..

ასე არ ჯობია, ბატონო მიხეილ?!

დიდებული რამეა სწორად მორგებული სტილი, კაი შემოტკეცილი მწვანე რეიტუზივითაა, კოხტად რომ გამოკვართავს პოლიტიკოსის ტალანტებს.


One Comment on “შიშველი ხუთოსანი”

  1. lulu mariami says:

    მე არ ვიცი ვინ ხართ, ჩემო ბატონო, ბატონო სოლომონ, მაგრად ქედს ვიხრი თქვენი საღი გონების წინაშე. მადლობას გიძღვნით ასეთი ჭკვიანური და სამართლიანი ანალიზისთვის, სამშობლოს ერთგულებისა და ადამიანის ტკივილის გათავისებისათვის. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი მამულიშვილები! დიდი მადლობა , რომ ყველას სათქმელი . სთქვით , სათქმელი, რომელსაც მე და ბევრი ვერ ვახერხებთ. დღეგრძელი იყავით , ჩვენი ქვეყნის მომავალს გაეხარებინოს ჩვენი ტკივილით დასნეულებული გული! ღრმა პატივისცემით მარიამი – ლულუ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s