451°F-მდე (ფიქრები მახო ხარბედიას ბლოგზე “ისინი იდგნენ”)


ებრძვიან. თავგამოდებით ებრძვიან…

ებრძვიან წიგნებს.

ზოგადად ცოდნას ებრძვიან.

ჯერ – აკადემიას, მერე – უნივერსიტეტს, მერე – სამეცნიერო ინსტიტუტებს, მერე -სკოლას, მერე – საბავშვო ბაღსაც მიდგებიან …

ებრძვიან ცოდნას.

რამეთუ მცოდნე კაცი ძლიერია, ხოლო უგუნური – სუსტი. მცოდნეს ადვილად ვერ დააბოლებ, რომ მიშა – აღმაშენებელია, ვანო – ხერხემალი და ვერა – მდგრადი…

განა მარტო გარემოვაჭრეობა ალაგმეს ბუკინისტების გაყრით. მათ ცოდნის მიღების ასპარეზი შეგვიზღუდეს. მართალს ამბობს მალხაზი – იქ, სადაც წიგნი იყიდება, შეჭირვებული ადამიანი წიგნს წარმოუდგენელი სიძვირის გამო ვერ იყიდის, ხოლო იქ სადაც იაფად შეეძლო ყიდვა, ვეღარ იყიდის, რადგან გამყიდველს ამოუკვეთეს ფეხი.

ბუკინისტების დიდი უმრავლესობა წიგნიერი ხალხი იყო. ჩუმი, იაფად ჩაცმული, ძვირად მოლაპარაკე, გარეგნულად თალხი და  შინაგანად მდიდარი.

ასეთი ხალხის ეშინიათ.

ეს ზუსტი ანტიპოდია იმის, რაც მათ უნდა რომ გამოკლონონ  – ხმაურიანი, მყვირალა, ძვირად და ზიზილ-პიპილოდ მორთული, წკრიალით მორატრატე და შინაგანად ფუყე. ამიტომაც – თავაწეული.

ამიტომაც ჩარეცხეს ბუკინისტები. – როგორც იდეური და კლასობრივი მტერი, რომელიც ერის წკრიალაშვილიზაციის და კულტურის ლექსენიზაციის გზაზე ერთ-ერთ მორიდებულ, მაგრამ მყარ ბარიერად იდგა.

სამსახურს რომ ვერ იშოვიან და გალოთდებიან, მერე ნაცოვიზიებს მიუსევენ და გვაჩვენებენ – შენ გაჩვენებენ, მახო – და ირონიულად შეგეკითხებიან – “ამას უმღეროდი, ტრუბადურო?”

ხანდახან მგონია, რომ უმეცარნი არიან. ნინო კალანდაძის მიერ წაკითხული წიგნების სია ძალიან მაინტერესებს, დედა შემოევლოს ჩვენი დიპლომატიის პრინცესას და ავიაბარგგადაზიდვების მტრედს. მაგრამ ხანდახან, პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგად აქვთ დაზუთხული ორუელიც და ბრედბერიც. ოღონდ სულ საპირისპირო მიზეზით – როგორც მოქმედების ინსტრუქცია, როგორც – modus vivendi.

სკოლებში შეიტანეს ვიდეოკამერები და განათავსეს პოლიციელები. ეს ე.წ. მანდატურები დააკვირდებიან ჩვენს ბავშვებს. პირველ უწესო საქციელზე (თავად განსჯიან – ეთიკა ხომ ჩააბარეს, სიმონ!) საჯარიმო სამუშაოებს გამოუწერენ (ტუალეტის გახეხვა მოსულა, ნეტა?), ხოლო მეორეზე კი სამტრედიის სპეც-სკოლაში უკრავენ თავს. ანუ ზონაში გადაასახლებენ.

დილით გაუშვებ შვილს დიღმის სკოლაში და საღამოს მოგივა “პავესტკა” (რა ქვია ინგლისურად მაგ ოხერს, – მომეშველე, თანამედროვე ყივჩაღთა ათასეულის წევრო!), რომ შენი შვილი გამწესდა და უკვე გადაყვანილია სამტრედიის “სინგ-სინგში”. სადაც გექნება უფლება, რომ თვეში ორჯერ შეხვდე და გაეცნო მის იქაური განათლების ელემენტებს – მარიო ვარგას ლიოსას “ქალაქი და ძაღლების” სტილში.

თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მიგაყენა ამასობაში კედელთან გონივრული ეჭვით შეპყრობილმა რომელიმე ახალმა ცენტურიონმა და ვაითუ ჯიბეში ორუელის “1984” აღმოგიჩინა, ან [მტრული ეროვნების] დოსტოევსკის “ქაჯები” და ვერ მიხვდა, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის ცნობილ გამოთქმაზე ადრეა დაწერილი, რომ ის მუდამ მოთვალთვალე “დიდი ძმაც” სულაც არაა მერაბიშვილის პაროდია, პირიქით…

მაშინ, რა? “ედალტებისთვის” სად იქნება სამტრედიის გამასწორებელი? იქვე – ხონში?

ხოლო თუ სადმე მინდორში ერთად უნდათ თავი მოუყარონ ბუკინისტებს და ბიბლიოფილებს, ალბათ კამერებსაც დააყენებენ, რომ კითხვის სასიკვდილო ვირუსით შეპრობილი პირების ზუსტი აღრიცხვა ნუმერაცია მოახდინონ, ჰალეებმა. მათ ხომ ეშინიათ, რომ მათ მიერ დანერგილი ადმინისტრაციული 90-დღიურები და კარცერები მათთვის წიგნებით სავსე კარცერ-ლუქსებმა არ შეცვალონ . ისინი ხომ ისეთი თვითკმაყოფილნი არიან, როგორიცაა სიტყვა “გავძეხი”. და ამას წიგნი ემუქრება…

აქედან წიგნების დაწვამდე არც ისე შორია.

ჯერ აკრძალავენ, მერე “მეხსიერების ხვრელში” ჩაუძახებენ, მერე ზოგიერთებს სპეციალურად დაასველებენ და დააობებენ და მერე დაწვავენ კიდე. რა, ნიუ-იორკში თუ ამაყობდნენ ამით ერთ დროს, ჩვენ რამე ცუდში ხომ არ ჩამოვრჩებით ნიუ-იორკს? 

ხოლო “იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ!” (ჰაინე)

ჭიაკოკონობას რა სჯობია, ჰალე! მანდატურ, მაიტა ასანთი…


2 Comments on “451°F-მდე (ფიქრები მახო ხარბედიას ბლოგზე “ისინი იდგნენ”)”

  1. irmisa says:

    სოლომონ…

    ხომ იცი შენს ფრაზებზე სულ მეღიმება და მეცინება მაგრამ ეს ისეთი მტკივნეული საკითხია ჩემთვის კინაღამ ავტირდი..რაღა კინაღამ ..

    ჩემი ბუკინისტებიიიი…ყველას ვცნობდი,სადაც მიხდებოდა სიარული..თითქოს ვალდებულად ვგრძნობ თავს რომ მივეხმარო,გვერდში დავუდგე მაგრამ აბა როგორ?

  2. m.g. says:

    kargia


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s