შეხვედრა წარსულთან


====================

პროლოგი:  წყვდიადი.

ოდესღაც, ერთ ზომით დიდ ქვეყანაში ვცხოვრობდი, რომელსაც სრულიად არასასაცილო სახელს ეძახდნენ ხუმრობით –  „ზემო ვოლტა რაკეტებით“.

ამ ქვეყანას გოდორები მართავდნენ.

გოდორები მიხრწნილი და უტვინოები იყვნენ. მათი მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ არავინ მიმხვდარიყო, რომ ქვეყანა, რაკეტების და წყალბადის ბომბების უაზრო მარაგის მიუხედავად, მაინც ზემო ვოლტა იყო.

ამიტომ საზღვრები ჰქონდათ მკაცრად ჩაკეტილი, ყველაფერს უცხოურს – წიგნი იყო თუ ფილმი, – შემოტანამდე მკაცრ ცენზურას უტარებდნენ, და მუდამ „ჩვენთანკარგი-სხვაგანცუდი“ ზღაპრების მოგონებაში იყვნენ. ფაქტიურად, იმ ქვეყანაში , რომელსაც „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი“ (სსრკ) ერქვა, ყველაფერი ალისას ქვეყანასავით გამრუდებული იყო – საბჭოები მმართველობის ორგანოები არ იყო და პარტიას შესციცინებდნენ თვალებში, სოციალიზმი და კომუნიზმი მხოლოდ რჩეულთათვის შენდებოდა, რესპუბლიკისგან (ხალხის მმართველობისაგან) ეს წყობა ყველაზე შორს იდგა და ტიპიურ ოლიგოპოლიას წარმოადგენდა. ამდენად, აბრევიატურაში „სსრკ“, მხოლოდ „კავშირი“ იყო მართალი. ოღონდ კავშირი არა – ხალხის, არამედ, – ხალხის მჩაგვრელთა  და გამაბითურებელთა – კავშირი.

როდესაც სსრკ შეიქმნა, რევოლუციის ავტორმა ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ ხალხისათვის დედამიწაზე სამოთხე შეექმნათ. ხოლო სამოთხის მიღწევის პირველ პირობად ყველას გათანაბრება დასახეს. ჯერ ყველა თანაბრად ღარიბი უნდა გამხდარიყო და მერე თანდათან – ასევე თანაბრად – გამდიდრებულიყვნენ. თანაბრად გაღარიბება არ აღმოჩნდა ძნელი – პროკრუსტეს საწოლი, როგორც მაღლების დამოკლების საუკეთესო მეთოდი,  დიდი ხანია აღმოჩენილი იყო მითიური ავაზაკის მიერ. კერძო საკუთრების ახევის და განკულაკების ეფექტური მეთოდების მეშვეობით ბოლშევიკების სახელმწიფომ სერიოზული პროექტებისათვის საჭირო რესურსების (მათ შორის – ადამიანური რესურსების – გულაგური) მობილიზება შეძლო. მაგრამ, ბოლშევიკებისდა სამწუხაროდ, პროკრუსტეს საწოლის მეშვეობით დაბლების რეალურად ამაღლება ვერ მოხერხდა.

მიხვდნენ რა, რომ „სამოთხის გზა“ ძალიან ხანგრძლივი, ან – სულაც უსასრულო  იქნებოდა, ბოლშევიკებმა პირველადი მიზანი სხვა ამოცანებით „გაამდიდრეს“.  მათ პირველ რიგში მოსპეს ან დაიმონეს ის ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებიც ან იმას ამტკიცებდნენ, რომ სამოთხე მხოლოდ ზეცაში  არსებობს, ან იმას, რომ დედამიწაზე ბოლშევიკების მიერ აშენებული ძალად სამოთხე სინამდვილეში ჯოჯოხეთთან უფრო იქნებოდა მიახლოებული. ამის შემდეგ (როცა ათასობით ადამიანი გაანადგურეს ან განდევნეს) ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად და საკუთარი ბატონობის საუკუნოდ განსამტკიცებლად მათ დაჭირდებოდათ ა) კონტროლი ნებისმიერ უძრავ ქონებასა და წარმოების საშუალებებზე – რომ მათ გარეშე ვერავის ვერ ეშოვა ლუკმა-პური; ბ) ნებისმიერი განსხვავებული აზრის და იდეოლოგიის ჩანასახშივე ჩაკვლა; გ) განათლებული ხალხის კონტროლი, რადგან სწორედ განათლებული ხალხი შეიძლება წარმოადგენდეს გააზრებული წინააღმდეგობის საშიშ ბირთვს, რომელმაც პირველმა შეიძლება მიუთითოს დანარჩენებს, რომ ყველაფერი მირაჟია და ამ გზას ჯოჯოხეთისკენ მივყავართ. ამის შემდეგ, ბოლშევიკები ამ ამოცანების მიღწევაზე გადაერთვნენ, ხოლო დიადი, მაგრამ უტოპიური მიზანი – თავისუფლება, თანასწორობა, საყოველთაო ბედნიერება – მხოლოდ სააღლუმოდ შემოინახეს.  ამოცანების შესასრულებლად კი ხალხის ნაწილი ამოარჩიეს და პარტიაში მიიღეს.

პარტიის წევრთა მთავარი განმასხვავებელი იყო, რომ მათ უნდა დაეჯერებინათ დიადი მიზნის რეალურობა და ამაში სხვებიც უნდა დაერწმუნებინათ, ხოლო თუ ვინმე ურწმუნო თომას კაგებე-ს (აღმზრდელობითი დაწესებულების უმაღლესი ფორმა სსრკ-ში) ჯურღმულებში თირკმლებში ურტყამდნენ, ამ დროს პარტიულებს ხმამაღლა უნდა ემღერათ „შირაკა სტრანა მაია რადნაია“ და ამით ჯურღმულებიდან ამომავალი გოდება უნდა ჩაეხშოთ. ყველაზე გამოჩენილი პარტიულები იმდენად კარგად იყვნენ გაწვრთნილები, რომ როდესაც მათი ოჯახის წევრებს იჭერდნენ და აციმბირებდნენ, ისინი ამას გაგებით და მოწონებითაც კი ხვდებოდნენ! ასეთი ნამუსდახშულობის და უზნეობის სანაცვლოდ პარტიულები ზეობდნენ, ჰქონდათ ბულკი და კარაქი (როცა სხვებს 300 გრამი შავი პური და სალა ენატრებოდათ), აგარაკები, მანქანა, უკეთეს საავადმყოფოსა და სკოლაში ოჯახის წევრების გამწესების უფლება და იმის გარანტია, რომ თუ მათზე უფრო თახსირად „მონდომებული“ პარტიული არა, რომელიმე უპარტიო მათ კარიერას ხელს ვერ შეუშლიდა.

რაც უფრო წინ მიდიოდა ცხოვრება (უფრო სწორად – იმის იმიტაცია, რომ ცხოვრება წინ მიდიოდა), მით უფრო მეტ ადამიანს უჩნდებოდა პარტიაში გაწვევრიანების სურვილი, რამაც პარტიის ბოსები დააფიქრა, რადგან კეთილდღეობის საბანი ისედაც განუხრელად პატარავდებოდა და რეცხვაში იცვითებოდა, ამიტომ პარტიაში მიღება ისე რთულდებოდა, რომ სამედიცინო და იურიდიული ფაკულეტეტების სტუდენტობის კონკურსს გაასწრო! ხუმრობა ხომ არ იყო – ლატარიის ბილეთს იღებდი, რომელიც მუდამ მოგებული იქნებოდა: ხან – მეტად, ხან – ნაკლებად, მაგრამ წაგებული – არასდროს (უზნეობა წაგებად არ ითვლებოდა სსრკ-ში).

სსრკ-ში როგორც უპარტიოთა, ასევე დაბალი რანგის პარტიულთა, ცხოვრების სტილი თავისებური იყო და მის განუყოფელ ნაწილად ე.წ. „სამზარეულოს ლაპარაკები“ ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანები სიმართლეს მხოლოდ სამზარეულოში ლაპარაკობდნენ, სადაც მუდამ დამკვირვებელი დიდი ძმის თვალი და ყური ნაკლებად აღწევდა. როგორც კი ვინმე მოდიოდა – მეზობელიც კი, სიმართლის თქმა წყდებოდა და ისევ განუმეორებელი „შირაკა სტრანა მაია რადნაიას!“ სიმღერა იწყებოდა, ან მისი ქართული ექვივალენტების („დიდება პარტიას!“), რადგან ეს მეზობელი შეთავსებით შეიძლება სწორედაც დიდი ძმის თვალის პაწაწა ნაწილაკი ყოფილიყო და მისი შემოსვლის მიზეზი არა ტელევიზორის ყურება ან მდუღარე ჩაის მირთმევა – არამედ ამ ტელევიზორის სავარაუდო ფასის დადგენა ან სამზარეულოს ლაპარაკების ჩაჭერა იყო…  სახლებში ყველაზე აქტიური „თვალები“ იღებდნენ იმის უფლებას, რომ სახლმმართველად აერჩიათ, რომელიც დაახლოებით შპიკ-ეფრეიტორის წოდებას უდრიდა და რომლის მოვალეობაში მის მეთვალყურეობას დაქვემდებარებული მოსახლეობის იდეური და მატერიალური დონის კონტროლი იყო, რაშიც ხელფასსაც იღებდა. სახლმმართველების („უპრავდომების“) ინსტიტუტი აკეთებდა  სახლებში იმას, რასაც კომკავშირი – სკოლაში, პარტკომები – სამსახურებში, კომისრები – ჯარში… ამ ინსტიტუტს ასინეთების გვარდია ერქვა და მისი პრინციპი სწორედ ქალბატონ ასინეთას მიერ იყო უბადლოდ ჩამოყალიბებული: „უნდა იცოდეს მამამ და მარჩენალმა ყოლიფერი – რას ამბობთ, რას ფიქრობთ…“. ერთმანეთთან შეხვედრისას ჩესტის აღებაც და შეძახილიც – ”დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი!” სინამდვილეში სწორედ საბჭოთა ასინეთური კავშირიდან მოდის, და არა – კამორიდან…

საბოლოო ჯამში ამ სისტემამ დაახლოებით 70 წელი გაძლო, მოიგო ერთი სამამულო ომი, გაჟუჟა მილიონობით ეჭვმიტანილი (უამრავი – სისტემის შემქმნელი და ერთგულიც!), ვერ შექმნა ახალი ადამიანი (რადგან ასინეთები სულ უფრო ნაკლებად ჰგავდნენ ადამიანებს და საბოლოო ჯამში მაჩვებად ან დღნაჩვებად ჩამოყალიბდნენ), ვერ მოახერხა ეფექტური ეკონომიკური მოდელის შექმნა, და როცა ლიდერები საბოლოოდ გადავიდნენ ქარიზმატული დემაგოგიიდან არაქარიზმატულ კორუფციაზე და მსოფლიო გაბატონების სიხარბემ ისე დაუბნელათ თვალები, რომ ინტერნაციონალურ ომები გააჩაღეს, როცა საშუალო რანგის პარტიულებისთვისაც კი აღარ დარჩათ კარაქი და ბულკი, მერე ეს ზემო ვოლტა ისე ჩამოიშალა, რომ ათწლეულების განმავლობაში ამაზე მეოცნებე და ამისთვის მოღვაწე მსოფლიოს დანარჩენმა ნაწილმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, გულგახეთქილმა…  კიდევ კარგი ჩამოშლის პროცესში არცერთი წყალბადის ბომბი არ აფეთქდა…

===========================

მირაჟი

ქართველმა ხალხმა, რომელმაც გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ სწორად მან დაშალა საბჭოთა კავშირი (სინამდვილეში ჩვენი ღვაწლი ერთი კარგი შემოლაწუნება იყო, რომელიც ნოკდაუნსაც ვერ გამოიწვევდა, სხვა ფაქტორები რომ არა), ფეხი ფეხზე გადაიდო და ნეტარი ხმით იკითხა – დროშა და ჰიმნი როდის უნდა შევცვალოთ და ნატოსკენ რომელი ტრასა მიდისო!.. ეს მაშინ, როცა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ნატო კატოსგან ვერ გაერჩია და ასევე დიდ ნაწილს არ ესმოდა, გუშინდელი ”მოსისხლე მტერი” რამდენად ისურვებდა ჩვენს ჩასიძებას, მაგრამ ამ ეჭვის გამჟღავნებას ისევე ვერ ბედავდა, როგორც საბჭოთა პერიოდში იმის კითხვას,  მართლა მოკვდა თუ არა ლენინი სიფილისტით…

მის მერე დროშაც და ჰიმნიც ორჯერ შევცვალეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონობა – კერძოდ კი, როგორც დამონების (სადისტური), ასევე, სამწუხაროდ – მონად ყოფნის  (მაზოხისტური)  სურვილები – სრულიადაც არ ქრება რომელიმე ძეგლის გადმოგდებასთან ერთად! რადგან პრინციპი – ”ძირს – ნიკოლოზ,! მაღლა – მუშა!” თურმე არ ყოფილა თავისუფლების გარანტია… სულაც პირიქით…

და ახლა, 1989 წლის 9 აპრილიდან 20 წლის შემდეგ, ქართველებს არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი უდაბნოში 20-წლიანი ხეტიალი ვერ აღმოჩნდა მეტ-ნაკლებად მიზანდასახული… რომ ისევ ის ბითურები ვართ, ადრე რომ ბედნიერი ერი ვიყავით და მერე – ისევ ბედნიერი, ადრე რომ სტალინის და ბრეჟნევის კონსტიტუციებს ავუწიეთ ხელი მორჩილად და მერე – გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის კონსტიტუციებს და შესწორებებს წავუძინეთ, რადგა ჩვენთვის თავისუფლება ლენინის ძეგლების გადმოგდებით და ახალ ჰიმნზე გულზე ხელის დადებით მოვიდა  და დავიჯერეთ, რომ რადგან მოვიდა, აღარსად წავიდოდა, სამართლიანობას და ბედნიერებასაც მალე მოიყვანდა პადრუჩკით… პონჩიკებს და პირშიბოლოკგაჩრილ შემწვარ გოჭებსაც… მთავარი იყო ხანდახან ”გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” (რუსთავი2) ჩაგვერთო და გვეკითხა – ”ბედნიერება ჩანა?”

მაგრამ თუ მხოლოდ დამბოლებელთა იმედად ყოფნა არ გვინდა და ცოტას გავივლით და თვალებს ავახელთ, არც ისე დიდი შორსმჭვრეტელობაა საჭირო, რომ დავინახოთ – ისევ იმ სარაიაში ვცხოვრობთ (ოღონდ – ოქროსფრად გადადღაბნილში), ისევ პარტიას (ოღონდ არა – სკკპ-ს, არამედ – ნაცურს) უპყრია ერთპიროვნულად საჭე და ძველზე კიდევ უფრო ჰაიჰარად და უტვინოდ მიაპობს მსოფლიო პოლიტიკის ოკეანის ტალღებს. ისევ რიგი დამდგარა პარტიაში გაწევრიანება-გაბოზებაზე, ისევ იღიმებიან ხალხის ხარჯზე მცხოვრები სეთურები, მათი წარბშეკრული კაკოიათაბაგარები და მათი მრავალათასიანი ასინეთების სახლმმართველურ-კოორდინატორული დივიზიონ-მდედრიონი, ისევ ის ურნალისტურ-პროპაგანდისტული კისელი და ბანგი იღვრება უსინდისო ნაცტელევიზიებიდან, ისევ ისე მაამებლობით, ხელის ლოკვით და ფეხების V-სმაგვარი გადაშლით კეთდება კარიერა, ისევ ის მონები ვართ, ოღონდ არა ბერიას, ბრეჟნევის ან ედუსი, არამედ – მიშასი და ვანიჩქასი… ადრე თუ ლიუბოვ ორლოვა  და მარინა ფერაძე მიგვაჩნდა მისაბაძ გმირებად, ახლა „წინ წავედით“ და შორენა ბეგაშვილზე და  დუტას გმირებზე  ამოგვდის მზე  და ჩვენს სატკივარს ალბათ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ადრე ყველასთვის ცნობილი, მაგრამ რეფორმირებულ-მოდელირებული ახალგაზრდების დიდი ნაწილისათვის ამჟამად უკვე მივიწყებული „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ან „ჩემი ხატია სამშობლო“ კი არ წარმოადგენს, არამედ „გენიალური“ – „მაიტა ნასოსი!“

მართლაც მაიტა!

რადგან მართალია, ხელისუფლების მეთაურობით უკვე ძაან მაგრად ვუბერამთ, მაგრამ ცოტა მეტი გვინდა, რომ საბოლოოდ დიდიან-პატარიანად გავაფრინოთ…

თავისუფლებასთან კი ამას არაფერი საერთო არა აქვს.  არც – დამოუკიდებლობასთან…

”გიჟი თავისუფალიაო!” კი ამბობენ თერნალში, მაგრამ ელპიტე ბებიას ასაკის ხალხმა კარგად იცის, რაშია გიჟი თავისუფალი – იმაში, რომ გიჟურად იფიქროს… აი, ჩვენი თავისუფლებაც მანდ იწყება და მანდვე თავდება… უბრალოდ გიჟურ ფიქრს გიჟური ქმედებებიც დაემატა, რაც ჩვენს თავისუფლებას არა მარტო გაუგებარს და სევდიანად კომიკურს ხდის, არამედ – საშიშსაც, რადგან ძალიან საშიშია საგიჟე, სადაც ექიმობის პრეტენზიის მქონე გიჟები უკანასკნელ საღად მოაზროვნე პაციენტებს იძულებით ტაბლეტებს და ელექტროშოკს თავაზობენ, რომ მათაც ამ ”ექიმების” თვალით უყურონ სამყაროს და გამუდმებით ბედნიერად იყვირონ – ”მიშა მაგარია!” – ”მაიტა ნასოსი!”

და ეს არის ქვეყანა, რომელსაც უკვე ტერიტორიების 20% აღარ აქვს და აღარც ახსოვს, მოსახლეობა – იმის 2/3-იც კი არ ჰყავს, რაც – ჰყავდა, მათხოვრები ათასობით ჰყავს და ლტოლვილები – ასეულ ათასობით, მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის 5-10% მთელი დოვლათის 80-90%-ს ფლობს, სადაც ყველაზე გავრცელებული ავტომობილი – ჯიპი და მერსედესია, ხოლო ყველაზე გავრცელებული და ბევრისთვის ერთადერთი ყოველდღიური საჭმელი – პური ან მაკარონი. სადაც ათასობით ბავშვი სკოლაში სიარულის ნაცვლად ან მათხოვრობს, ან – მათხოვრულ გროშებს იღებს ბაზარზე წვრილმანი ვაჭრობით, სადაც სკოლის პოლიციელი 4-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე სკოლის მასწავლებელი, სადაც საბავშვო ბაღები და სკოლები იხურება, რომ მერე მათ ადგილზე ფეშენებელური საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, ან კაზინოები გაიხსნას, რათა მერე ამ სახლებში უცხოელებმა იცხოვრონ, ხოლო ამ კაზინოებში უმუშევარმა ქართველებმა უკანასკნელი გროშები და საცხოვრებელი წააგონ, რომ მერე მათი ბინებიც გაიყიდოს და ისინიც ლტოლვილებად და ეკომიგრანტებად იქცნენ, სადაც 250,000 ნარკომანია (ლამის ყოველი მე-10 მოზრდილი!) და ეს ნარკომანები ისე იჩხირავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მსხვილ გამსაღებლებს 4 წელიწადში ერთხელ იჭერს, ხოლო მომხმარებლებს – ყოველ 4 საათში…

ეს არაა ზემო ვოლტა რაკეტებით!

ეს უბრალოდ – ქვემო ვოლტაა (ყოველგვარი რაკეტების გარეშე)!

შეიძლება ითქვას დაშლილი, მაგრამ ამაყი ქვემო ვოლტა!

ღარიბი, მაგრამ თავმომწონე ქვემო ვოლტა, სადაც სიამაყის მთავარი საბაბი ისაა, რომ მთავრობა არ ჩამოიშალა!

ყველაფერი ჩამოიშალა, ხოლო მთავრობა ამაყად ძალადობს თავის ხალხზე. ყველას დაუწვა, ხოლო ხალხს – შედგა და იძახის – შემხედეთ, „შემდგარი“ ვარო!  სადაც ხალხს მაცივარი ვერ ჩაურთავს, სამაგიეროდ – სინათლის ქალაქია და მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი დენის ტარიფი პარპაშებს… სადაც მარტო შარშან 160000 ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა ლამის ამდენითვე… გაიზარდა!

ესაა ქვეყანა, სადაც მთავრობა მილიონებს და მილიარდებს უაზრო ესტაკადებში, უადგილო შადრევნებში, გვირაბების დაგრძელებაში, უმოქმედო და გაუმართლებელ რკინიგზის ხაზებში, აშენებულის ნგრევაში ხარჯავს… ხოლო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – ეკლესიების აღდგენა-აშენებაში. მალე ალბათ ქვეყანაში დარჩენილ თითოეულ ქართველზე ორ-ორი შადრევანი, ნახევარი მეტრი გვირაბი და ერთი ეკლესია მოვა! სამწუხარო რეალობა კი ის მგონია, რომ როგორც გზებში დახარჯული ფულის ნახევარი მაინც სამთავრობო ელიტის ჯიბეებში ილექება და ჯიპოსანთა კასტის გასხივოსნებას უწყობს ხელს, ასევე არც ეკლესიების რაოდენობის გეომეტრიულ პროგრესული ზრდას ვერ ვუყურებ ერის გადარჩენის გამართლებად. ეკლესიაში მოსიარულეთა მართლაც განუხრელად ზრდის კვალობაზე ვერ ვხედავ იმ ხალხის ოდენობის ზრდას, ვისთვისაც ეს უბრალოდ ახალი მოდა კი არაა, არამედ – ჭეშმარიტი რწმენა… ვისი ცხოვრებაც ქრისტეს მადლით და ცხოვრების წესითაა გასხივოსნებული, ვინც არ ატყუებს მოყვასს და მოყვასის ხარჯზე არ აპირებს თავისი ცხოვრების ბედის ბორბალის დატრიალებას… ხელისუფლებამ, ეტყობა, დროებით, ბოლო ხანებში ხელი აიღო ეკლესიის განქიქების აშკარა წახალისებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხალხის მორიგ დაჩმორებას და გაბითურებას ამჟამად თან სდევს (ან – წინაც კი უსწრებს) ეკლესიის მიმართ გამოჩენილი „გულუხვობა“ და დითირამბები. სულ მაქვს იმედი, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი და ქართველი ხალხისთვის ნამდვილად ყველაზე პოპულარული და საყვარელი პიროვნება, მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერთხელაც იქნება უარს იტყვის ამ დანაელთა ძღვენზე…

იმედი, როგორც ამბობენ, ბოლოს კვდება…

ხელისუფლების იმედი კი არ მაქვს.

იმის იმედიც არ მაქვს, რომ როდესმე უმტკივნეულოდ გადაშენდება…

==========================================

ამ ქვეყანაში სულ ახლახანს არჩევნები ჩატარდა!

ისევ და ისევ ამტკიცებენ, ეს არჩევნები, წინასთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯი იყოო! ამაზე ის მახსენდება, 60-იანი წლებიდან დაწყებული საბჭოთა ხალხი განუხრელად რომ ”უახლოვდებოდა” კომუნიზმს, ხოლო კომუნიზმი კი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით – გაგვირბოდა. არ ვიცი, ამ ”წინსვლის” დამფიქსირებლები მორიელის ჯიშს განეკუთვნებიან თუ კიბოსას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი აზრი მოგახსენოთ იმაზე, თუ რა აჩვენა ბოლო ადგილობრივმა არჩევნებმა… თუმცა იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ ჩემი აზრები ეკა ხერხეულიძის, ნუგზარ წიკლაურის, სევდია უგრეხელიძის და პალიკო კუბლაშვილის დონის წარბშეუხრელ მიშისტებზე რაიმე გავლენას იქონიებს…

ნაცმოძრაობა: „აბა, სიდამპლეში მნახე, ვინა ვაარ!“

მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის ძირითადი მასა, როგორც ეთიკური, ასევე პოლიტიკური და ინტელექტუალური თვალსაზრისითაც ეროვნული ბალასტის ანუ ლექის აშკარა გამოხატულებაა, არის ნამდვილად ერთი განზომილება, რაშიც მათი სიმაგრე ეჭვს არ იწვევს.

ესაა სიდამპლე!

ნაცმოძრაობის გონებრივი რესურსები, მიხვედრილობა და მაკიაველური სიბრძნე  ძირითადად სწორედ სიდამპლეების მახეების დაგებაში იხარჯება. ამ მხრივ დახარჯული დროის და ენერგიის 10% მაინც რომ იხარჯებოდეს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო მიმართულებით, ალბათ მართლაც სერიოზული პროგრესი გვექნებოდა. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ტვინის უჯრედები, რომელიც სიდამპლის გენერირებაზეა მომართული, სავარაუდოდ, კარგავს სასიკეთო პოტენციალს და მის მიერ რაიმე პოზიტიურის შექმნის შანსი ნულისკენ მიისწრაფის. ამაში არაფერია გასაკვირი, „მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო“ – ესაა აფთრის მეთოდებით მოქმედი ნაცმოძრაობის დევიზი… „აფთარზე მყრალი რომ არაფერია ამქვეყნად“, ეს, კიდე, პიპინია ბიძიას დროიდან იყო ცნობილი…

და მაინც, რა იყო არჩევნებისწინა პერიოდის „ნოუ-ჰაუ“ ნაცმოძრაობის არსენალიდან, რომელიც ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას, როგორც თავად ნაციონალებში და მათ ლეგიონებში, ასევე იმათშიც, ვისაც სიდამპლეების ხილვაზე მაზოხისტური ორგაზმის ხითხითი უტყდება.

1) საარჩევნო კანონმდებლობის „დახვეწა“.

არ ვიცი, რა დაიხვეწა სასიკეთოდ, მაგრამ ფაქტია, რომ –

საარჩევნო ოლქების რაოდენობის ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის მატების, ასევე – დამკვირვებლებისათვის დაკვირვების გაძნელების,

ქალაქ თბილისისთვის ადმინისტრაციული რესურსით გაცილებით ადვილად საკონტროლებელი გარეუბნების შემოერთების და ოპოზიციური ელექტორატის ლტოლვილებით და სპეცუბნებით „გაზავების“,

„კარდაკარ შემოვლის“ საბაბით ამომრჩევლებზე აგენტურული მონაცემების შეგროვების,

საარჩევნო უბნებთან აგიტაციის დაშვების,

არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე სახლმმართველებად საკუთარი „სპეცაქტივის“ არჩევნების მიმდინარეობაზე „დაკვირვების“ და არჩევნებზე მისაყვანად ამომრჩეველების „მობილიზების“ დაკანონების,

საარჩევნო უბნებში ამომრჩევლების სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფის  შემოღების,

„ყველას წინააღმდეგ“ გადახაზული ბიულეტენების ბათილად ჩათვლის და ასეთი შედეგების ცალკე დათვლის გაუქმების,

და სხვა ინოვაციებმა მხოლოდ ერთი მიმართულებით „იმუშავა“ – ნაციონალურმა მოძრაობამ ამჟამად გაცილებით უფრო უპრობლემოდ შეძლო გაყალბება. ყველა ამ მეთოდის კანონზომიერი შედეგი იყო 30 მაისი – „გაყალბება გაყალბების გარეშე – გაბითურებით!“

2) მერობის კანდიდატების გამოძერწვის,  დათანხმების და მათი სარეკლამო კამპანიის დაფინანსების გზით ხელისუფლებამ თავიდანვე უაზრო გახადა არჩევნების ბოიკოტი. ნუ მიწყენს ბატონი გოგი თოფაძე, მაგრამ მისი კომპანიის ვალი ბოლო ორი წლის განმავლობაში რომ 1 მილიონიდან 7 მილიონამდე „გაიზარდა“, ხოლო ამ ვალზე როგორც მისი, ასევე საგადასახადო ორგანოების მიერ საუბარი სწორედ მაშინ შეწყდა, როცა მრეწველებმა თოფაძე მერობის კანდიდატად დაასახელეს, ვითომ ეს შემთხვევითი დამთხვევაა?  რკინის კაც კახა თარგამაძის დაახლოებული ექს-პოლიციელ ნიკა ივანიშვილის ნაფტალინიდან ამოღება და რეჟიმთან მებრძოლ მზეჭაბუკად ისე დახატვა, რომ მთელს ქალაქში მისი არჩევნების შემდეგაც დიდხანს არჩამოხსნილი უზარმაზარი ბანერები ალბათ სააკაშვილის შურსაც კი იწვევდა, ვითომ ბატონი ნიკას რეჟიმისადმი მოთმინების ამოწურვით უნდა აიხსნას და ბანერების ფული ვინ გადაიხადა ნეტა – სპორტსმენებმა თუ ნიკა ტაბატაძემ? თბილისი პატარა ქალაქია და არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ბატონმა ნიკამ თავის უახლოეს მეგობრებთან გაამხილა, რომ მისი „წამოკანდიდატების“ იდეა მას ურჩიეს და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებიდან იგი საკმაოდ მოგებული დარჩა – სხვას რომ თავი დავანებოთ (მეეჭვება ისე, დანებება ღირდესJ)  ახლა უკვე „ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ნიკა“. მიუხედავად იმ ხმების მიზერული რაოდენობისა, რაც მან საბოლოოდ მიიღო…

ასევე ნაფტალინის უებარ თვისებებს უნდა მივაწეროთ ერთ დროს ფინანსთა მინისტრის და სუფრაზე და წრეში მჭერმეტყველის – დავით იაკობიძის კიდევ უფრო უცნაური ალიანსი გია თორთლაძესთან… თორთლაძემ ვერ გარისკა საარჩევნო ბანერებზე თავისი ერისთვის სასიქადულო სახის გამოტანა და იაკობიძე წამოიცვა ნიღბად. მიუხედავად კიდევ უფრო მასშტაბური საბანერო რეკლამისა, რომელიც ერთ დროს მცირე კრედიტის ვერდამფარავ შეჭირვებული ალპინისტ თორთლაძის პარტიას სულ ცოტა 1 მილიონი ლარი დაუჯდა (არადა, ცალ-ცალი კალოშიც კი არ ჰქონდა, პარლამენტში რომ შეძვრა), იაკობიძემ ისეთი რეკორდულად მცირე ოდენობით ხმები მიიღო, რომ დარწმუნებული ვარ თავად თორთლაძეც კი მეტს შეძლებდა. 

ნუ, ისეთ კოლორიტულ პიროვნებაზე, როგორიც ბატონი ვაშაძე და მის ჟრუანტელისმომგვრელ ექსპრესიებზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია – მან ღირსეულად ჩაანაცვლა ისეთი კოლორიტული საარჩევნოდგადანახული ფიგურა, როგორიც ქართლოს ღარიბაშვილი გახლდათ.

სხვათა შორის, ნაცმოძრაობას აღნიშნული მიმართულებით ჰქონდა გარკვეული ჩავარდნა.

ა) მათ ვერ მოახერხეს ორი ყველაზე რეიტინგული სავარაუდო კანდიდატის დაჯახება – ლევან გაჩეჩილაძემ ბოლო მომენტში არ დაასახელა თავისი კანდიდატურა

ბ) ახლახანს გუბაზ სანიკიძემ გააჟღერა, რომ მერაბიშვილის დაახლოებული პირების მეშვეობით მანაც მიიღო ძალიან სერიოზული თანხის შემოთავაზება მერობის კანდიდატად თავისი დასახელების შემთხვევაში. აქვე დავძენ, რომ თბილისის მერის პოსტზე, ალასანიასთვის ხმების წასართმევად, ალბათ გაჩეჩილაძე და ჭანტურია უფრო სერიოზულ პოტენციალს ფლობდნენ, ვიდრე გუბაზ სანიკიძე. 

3) რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა. ეს პარტია, რომელიც 7 ნოემბრის პირმშოა ძალიან ბევრი ასპექტით და რომელიც ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც 2008 წლის აშკარად გაყალბებულ არჩევნებში უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ნებისმიერი ექსპერტი ივარაუდებდა, უკვე მართლაც იმდენად ჩამოყალიბდა, რომ როგორც რუსულად იტყვიან – „დალშე -ნეკუდა!“ პარტია, რომელიც შეუპოვრად ებრძვის ნაცმოძრაობას პარლამენტში! პარტია, რომლის ლიდერს მიხეილ სააკაშვილი თავის შემცვლელად ასახელებს – მერე რა, რომ უშორეულეს მომავალში! პარტია, რომლის ლიდერის საბაიდენო სიაში ჩასმა უკანასკნელ მომენტში ხდება (ნეტა ბაიდენმა ითხოვა თავად?)… პარტია, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული (მერე რა, რომ ამ პროფესიონალთა 80% ერთი პროფესიის და სულაც ერთი ბუდიდან აფრენილი ფრინველთა გუნდია!)… ყოველივე ეს ამ პარტიას აქცევს … ნაცმოძრაობის საყვარელ პირმშოდ! აი, რით შეუძლიათ სამართლიანად იამაყონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა… ხოლო ოპერაცია „გაზო-მერი ბაქოდან!“ ალბათ საარჩევნო გაცურებათა ქრესტომათიაში შევა, როგორც უბადლო შედევრი იმისა, როგორ შეიძლება გუშინ ძებნილი შემოირიგო… და არა მარტო შემოირიგო, არამედ – მერის სკამიც შესთავაზო… ანუ თუ საზღვარგარეთ ხშირად მერობის კანდიდატი ეძებს პარტიას და ფულსაც კი იხდის თავისი ნომინაციისთვის, ჩვენთან პირიქით – არა მარტო პარტია, არამედ ხელისუფლებაც კი თავდაუზოგავად ეძებს მერობის ოპოზიციურ (!) კანდიდატებს, რათა მერე მათი ხელით საზოგადოება დააბნიოს და რეალურ კანდიდატებს ხმები ჩამოაჭრას! ისიც ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველი, ვისთანაც ჯერ კიდევ კანდიდატად არდასახელებული  გია ჭანტურიას შეხვედრა შედგა, ეს იყო ლევან ვეფხვაძის კაბინეტში „შემთხვევით“, მაგრამ დროულად შეხეტებული მიხეილ მაჭავარიანი, რომელსაც „გაყალბების დიდი მაგისტრის“ ხარისხი აქვს მინიჭებული… ასე ამოტივტივდა ეს „ძლიერი“ კანდიდატი (ძლიერი იმით, რომ შევარდნაძის დროინდელი ამომრჩევლისათვის იგი ნიჭიერი მენეჯერის იმიჯის მატარებელია). შემდეგ შეირჩა ფანტასტიურად დემაგოგიური ლოზუნგიც – „გაზი – 5 თეთრი, დენი – 10 თეთრი, წყალი უფასოდ!“ გიგი უგულავას სულ ნერწყვი მოსდიოდა ალბათ ამ მსუქან ლოზუნგზე, რომელსაც ჯერ კიდევ დაპირებულით ადვილად ხიბვლადი ქართველი ამომრჩეველი ანკესიანად ყლაპავდა, მაგრამ რა ექნა? თავად გიგის რომ გადაეგდო ეს ანკესი, ხომ ეტყოდნენ, – ამდენხანს რას ელოდებოდიო?

4) ისევე, როგორც 2008 წლის არჩევნებზე, ამჟამადაც ვრცელდებოდა ხმები სახელისუფლებო გუნდში არსებულ სერიოზულ დაპირისპირებაზე – რომ ვანო მერაბიშვილი და მისი გუნდის წევრები კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ უგულავას მერად არჩევაზე, რაასაც ამ პოლიტიკური პიროვნების წონის სერიოზული ზრდა და მისი საპრეზიდენტო ამბიციების უპირობო ზრდა მოჰყვებოდა. რომ თითქოსდა სწორედ მერაბიშვილის პროექტი იყო თარგამაძის ქდმ და სწორედ მერაბიშვილის ფინანსური ბერკეტებით მოხდა ლონდონში სანდროსავით სასწავლებლად წასული ინგა გრიგოლიას პოლიტიკოსად ზეგარდმო მოვლინება და მერი უგულავასადმი მის მიერ გაჟღერებული „მუდმივი არმოსვენების“ მუქარები. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ გასატყავებელი ცხვრების წინააღმდეგ თუნდაც მოქიშპე ყასბების გაერთიანება გაცილებით ადვილად ხდება, ვიდრე თავად ამ ცხვრებისა… ცისკარიშვილი რესტორნის დაპირისპირების შემდეგ შეეგუა გიგის გამერებას, ადეიშვილის ფრთის ქვეშ  საბოლოოდ შეფარებული კოდუა მალე აღიდგენს ვითომ დაკარგულ ძლიერებას და მოსალოდნელი ნაცური გახლეჩაც გადაიდო… თუმცა, ალბათ საბოლოო ჯამში მიშას მოშორება სწორედ ამ გზით მოხდება და საკითხავი მხოლოდ ისაა, ვინ დაასწრებს…

5) სააარჩევნო სცენაზე სპეციალურად გაწვრთნილი ენჯეოების – მაკვირვებელი ცხვრების ქურქში გახვეული გამყალბებელი მგლების აქტივაცია… წინა არჩევნებიდან კარგად დამახსოვრებული „ახალი თაობა ახალი ინიციატივა“ (nGnI) თავის დამაარსებლის – დავით კირკიტაძის ძმაკაცის – სწორუპოვარი და აწ უკვე მერისხელად ქცეული კოკი იონათამიშვილის გარეშეც ელავს და კაშკაშებს.

ერთი პერიოდი უცხოური ორგანიზაციები ქართული ხელისუფლების კაიკაცობებს არასამთავრობო სექტორიდან მოსული პირუთვნელი ინფორმაციით ამოწმებდნენ და ვიშვიშებდნენ, მერე – როცა ყველა „პატიოსანმა ნაცმა“ პატიოსნად” დააფუძნა ცოლის, ცოლისდის, ბიძაშვილის, სიდედრის, სიდედრის დაქალის და ტრუსების მეგობრების ენ-ჯე-ოები, აღმოჩნდა, რომ ყოველ პატიოსან და მიუკერძოებელ ენ-ჯეო-ზე საქართველოში 3-4 სიდედრიონი ან ძმაკაციონი მოდის! ამიტომაც ამ ერთეული პატიოსანი წიფელის ირგვლივ მოდებულ სარეველების ჯაგნარში რაიმეს გარჩევა ძაან ძნელია, სანამ სათითაოდ არ გავერკვევით, დღისით მედგარი ენ-ჯე-ოს შეფი ღამით რომელ ნაცლიდერს უწევს ლოგინში…

6) ნოღაიდელის დაბრუნება პოლიტიკურ ორბიტაზე და მის მიერ პრორუსული ვექტორის ღიად დაფიქსირება.

ნოღაიდელის გამოჩენის დღიდან მე იგი არასაპარლამენტო ოპოზიციის გასვრის იარაღად მიმაჩნდა და ვფიქრობ, არ შევცდი. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ, თუმცა ამჟამად უფრო გაჭირვებით მოახერხა დასავლეთის თვალში „პრორუსული ოპოზიციის“ კარტის გათამაშება. ნოღაიდელის პლასტმასური ხელოვნურობა განსაკუთრებით აშკარა გახდა პუტინთან და „ედინაია რასიასთან“ მისი უზომო ჩახუტებისა და მისი საჩვენებლად აგრესიული რიტორიკის შედეგად. მართალი გითხრათ, ბიშკეკის სისხლიანმა ამბებმა ცოტა შემაფიქრიანა, მიშას მიერ მედვედევის დასაკერად გაგზავნილმა ჯიუტმა ტექნიკურმა ემანდ საკუთარი თამაში არ დაიწყოს-მეთქი… ხომ უთქვამთ – „ბევრი ვეცადე შენთვისო და გამომივიდა – ჩემთვისო“. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ რაც უფრო ახლოვდებოდა არჩევნები და რაც უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ნოღაიდელის ბადეს მარტო კონსერვატორები და სახალხო პარტია ამოჰყვა (რომელთაც ჟირინოვსკისთან შეხვედრით დაგვამახსოვრეს ეს ღირსეული საარჩევნო კამპანია), ხოლო ვერც ნინო ბურჯანაძე ვერ მოექცა ნოღაიდელის ჩრდილში და რაც მთავარია, ვერც ალასანიას და გაჩეჩილაძის მოჩანგვლა მოხერხდა, რომ ექს-პრემიერის რიტორიკა რაღაც ჩაინავლა,  ხელების დასამტვრევი მეთოდოლოგია ვერ განვითარდა და რეგიონებში ბლომად გახსნილი ოფისებიც ისე სასწრაფოდ მიახურა, რომ არამცთუ მიტინგების ჩატარება და ხალხის აზვირთება, არამედ  სერიოზული სიტყვიერი პროტესტიც კი არ უცდია… ახლა მგონი ჩოთქს ყრის აქეთ-იქეთ, ბალანსი უნდა დასვას და მერე წავა ალბათ საზღვარგარეთ. დავალება შესრულებულია, წესით ძველი პატრონი კი უნდა იყოს მადლიერი და ახალ თანამებრძოლებთან ყველაფერი რომ დროებითი გარიგება იყო, ამას ისინიც არ მალავდნენ… ოპოზიციონერობაში ნოღაიდელი კიდევ უფრო ხელმომჭირნე გამოდგა და ადრე რა ხელგაშლილი იყო, ხომ გვახსოვს… ახლა ნოღაიდელი ბადეში ოქრუაშვილის დაჭერას თუ შეეცდება, ნამდვილად ვიფიქრებ, რომ დიდი გაქანების მსახიობი ყოფილა… თუმცა თუ ოქრუაშვილმა ნოღაიდელზე უფრო მსხვილი და სერიოზული პარტნიორი ვერ მონახა, მასაც ალბათ ჟირინოვსკის ხელის ჩამორთმევაზე მოუწევს ოცნება…

7) NDI-ის შეთანხმების ჩაშლა მერის არჩევნების ჩასატარებლად 50%-იანი ბარიერის დასაწესებლად. ოფისზეგაყიდული ეროვნულ-დემოკრატების მიერ კუბლაშვილის კაბინეტში მორჩილი მიძუძგურება პირველი ზარი იყო  (ტყუილად ჰგონიათ ბაჭუკი ქარდავას და გურამ ჩახვაძეს, რომ ამ მასშტაბის ღალატს თავისი ომახიანი ”ინიციატივებით“ დაავიწყებენ ქართველ ხალხს) და მალე ქრისტიან-დემოკრატების და მრეწველების მიერაც 30% ბარიერზე თანხმობა მოჰყვა. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ეს „ენ-დი-აი“-ობა ისეთივე კოშმარით დამთავრდა, როგორც ადრე – „აი-რა-იო“-ბა და „გრინბერგ-ქვინლან-როსნერ“-ობა… აქაოდა, ეგება 50%-იანი თუ არა, 40%-იანი ბარიერი მაინც გავაგდებინოთ ყვავ პალიკოს ნისკარტიდანო და ამაზე მოჭიდავე ოპოზიციამ ”არ შეიმჩნია“ საარჩევნო უბნებზე სიებმომარჯვებული მდედრიონის ჩასკამეიკების დაკანონება! მერე ბარიერმა ფაფუ ქნა და მდედრიონი კი გრადზე უფრო საშინელ იარაღად იქცა…

8) საარჩევნო ადმინისტრაციის ხისტად პროსამთავრობო მოდელიდან რბილ და ლოიალურ ხარატიშვილისეულ მოდელზე გადასვლა, რამაც ოპოზიციას ხანგრძლივი და მომაკვდინებელი ილუზია შეუქმნა – არცერთი მტერი ხომ ისე საშიში არაა, როგორც მოყვრად მოსული მტერი. ბატონმა ხარატიშვილმა გამოძერწა ილუზია, რომ ცესკო ოპოზიციის სამართლიან პრეტენზიებს იზიარებდა, ასწორებდა საარჩევნო სიებს… საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ ჩიტი ბდღვნად არ ღირდა… როდესაც თუნდაც ისეთი არარევოლუციური პოლიტიკური ძალის, როგორიც მრეწველებია, მიერ შემოწმებულ სიებში უზუსტობები, მიწერები და დარღვევები 10%-ს აღწევდა, ხოლო ცესკო-ს საბოლოო დასკვნაში აღმოჩნდა, რომ დარღვევები თურმე „1%-ს არ აღემატებოდა“, ეს მათემატიკური დომხალი სრულიად ადვილად „აიხსნა“: მრეწველებმა დათვალეს დარღვევების % შემოწმებული სიების რაოდენობიდან, ხოლო ცესკომ აღმოჩენილი დარღვევების ოდენობა სრულიად მთელ სიას „შეუფარდა“! ანუ, თუ ოპოზიციას უნდა, რომ მის მიერ აღმოჩენილმა დარღვევებმა ცესკო-ზე მართლაც მოახდინოს შთაბეჭდილება, მან სიების 100% უნდა გადააამოწმოს. ამას კი 1 მილიონი ლარი და ერთი თვე ნამდვილად არ ეყოფა. საბოლოო ჯამში მივიღეთ, ის, რომ ცესკო-მ მხოლოდ 12000 მკვდარი სული ჩაასწორა, ისე რომ არც კი დაინტერესებულა, ეს მკვდარი სულები თავისით აღმოცენდნენ, თუ რომელიმე ჩიჩიკოვის მეცადინეობით! ამ დროს აბსოლუტურად აშკარაა ჩიჩიკოვის ვინაობაც. ეს არის სამოქალაქო რეესტრის მარადმოზეიმე ლირფთვალება თავმჯდომარე ბატონი ვაშაძე, რომლის ბაქი-ბუქი ბოლო ორი წელია არემარეს აზანზარებდა – შემხედეთ, რამხელა საქმეს ვაკეთებთ, როგორ გავასწორეთ და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგში ჩავაყენეთ სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მონაცემებიო… საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ სიები იყო კატასტროფულად დამახინჯებული – ათობით (და ასობით!) ადამიანი იყო მიწერილი ეკლესიებზე, მაღაზიებზე, საბავშვო ბაღებზე და ფარდულებზე! ასობით ადამიანი „ცხოვრობდა“ მისამართებზე და კორპუსებში, რომელიც არც არასდროს ყოფილა და ალბათ არც მომავალში იქნება! ამის აღმოჩენას კი შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ განერვიულებულ-გაოფლილი და წვერგაუპარსავი (!) ვაშაძე ერთი-ორ გადაცემაში დაბნეულად თავს იმართლებდა, მაგრამ ცესკო-ს ერთი საყვედურიც კი არ დაცდენია და არ მოსვლია თავში აზრად, რომ დაესვა კითხვა – როგორ მოხდა, რომ მილიონობით ლარის მხარჯველ სახელმწიფო ორგანიზაციას ასეთი კატასტროფული შედეგი აქვს საქმიანობის მე-5 წელს! ალბათ, ბატონმა ჩხარტიშვილმა ჩათვალა, რომ მალე ბატონი ვაშაძის გაუპარსავი წვერის სიგრძე მის საკუთარს გაუტოლდება და საქმეებიც მაშინ გასწორდება! შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ამ ორთვიანი კატავასიის მერე, სიები ისევ ისეთი გამაბითურებელია, როგორც იყო – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდიოდა უამრავი ინფორმაცია დარღვევებზე სიებში, რასაც ცესკოს მხრიდან გვიან ნიღაბახდილი ხარატიშვილის მხრიდან მხოლოდ მხრების აჩეჩვა და ცალკეული დარღვევების ფატალურ აუცილებლობაზე დასავლური ქვეყნების მაგალითების მოზეიმე მოყვანა თუ მოსდევდა…

9) საზოგადოების გახლეჩა… მცდელობა ბევრი იყო. დაწყებული ჯერ კიდევ „დიდი ქართული ათეულიდან“ და მარადიული მანანა არჩვაძის დემარშიდან… მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ მალე გაცილებით კოშმარულ – საფლავურ – დემარშებამდე მივიდოდა ქალბატონი მანანა… მერე თეა თუთბერიძის ანტიეკლესიური ამორძალობიდან მის ნანკაკალატოზიშვილისეულ ანათემამდე… ისევ გამსახურდიების ოჯახის პერიპეტიები – დაჭრა-დაჭერა-გასამართლება და ისევ ნანკა კალატოზიშვილისეულ პატარძლის მორალურ სტრიპტიზამდე (საქალბატონე ნანკას  სქელი ვნებიანი ტუჩები რომ არ უშლიდეს ხელს, ნაღდად პოლიტიკოსის სარბიელზეა შემდგარი🙂 … სულ ახლახანს კი ილიაუნურ-ლიგამუსური არასაიდუმლო სირობების რეკლამირებით და მართლმადიდებლური ინკვიზიციით პირდაპირ ეთერში – და ტელეკომპანია „კავკასიის“ ფაქტიური გადართვით აქტიური წინასაარჩევნო პოლიტიკური რეჟიმიდან სექსუალური უმცირესობების და ფუნდამენტალიზმზე პრეტენზიის მქონე პრორუსული პოლიტიკანების დაპირისპირების რეჟიმში, რამაც „მაესტროს“ გახანგრძლივებული რეორგანიზაციის პირობებში ლამის ისევე სულზე მოუსწრო სააკაშვილის ხელისუფლებას, როგორც 2007 წლის ბოლოს „იმედის“ თანამშრომელთა ხარაკირმა… თუმცა მასშტაბი არ იყო იმ დონის… დაბოლოს, ზუსტად არჩევნების წინ ცოტნე გამსახურდიას ჯურღმულიდან გაჟღერებული მოწოდება – ალასანიას არ მისცეთ ხმაო… მაინც არ გამოუშვეს ცოტნე, მგონი ფუჭად ჩაიარა ამ განწირულის სულის კვეთებამ…

და მაინც, მიუხედავად ზემოთქმულისა, უნდა ვაღიაროთ – ამჯერად სააკაშვილის გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა … ოპოზიცია.

მთელი თვეების განმავლობაში თავდაუზოგავად და ალბათ ზოგჯერ ბევრისათვის – სასაცილოდ ინფანტილურად ვცდილობდი, რომ დამეჯერებინა ჩემი თავიც და თქვენც, ძვირფასო მეგობრებო, რომ არჩევნებს აზრი ჰქონდა… რომ არჩევნების მოგება თბილისში შეიძლებოდა… და რომ ამ ბრძოლის მოგების საუკეთესო შანსი ჰქონდა „ალიანსს საქართველოსთვის“…

თავს ვერ ვიმართლებ და არც ვიმართლებ. ახლაც ვიტყვი, ამ არჩევნებზე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანების უმრავლესობამ სწორედ ალიანსს მისცა ხმა – უკეთესი მაინც არავინ იყო. ამავე დროს უნდა გამოგიტყდეთ, არ ვარ არც უბირი და არც, როგორც მჭერმეტყველი გია ბარამიძე იტყვის – „ნაივური“.

იმასაც ვიტყვი, რომ დღესაც ვრჩები რესპუბლიკელების მხარდამჭერად, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან სერიოზული შეცდომები იქნა მათ მიერ დაშვებული.

არ ვაპირებ დავასახელო ის პირები – პოლიტიკოსები, რომელთაც კერძო მიმოწერაში ვთხოვდი, რომ შეეცვალათ ტაქტიკა! რომ არ შეიძლება კალიგულას უპირისპირდებოდე და ჯენტლმენური ბრძოლის ილუზია გქონდეს! არ შეიძლება ხედავდე ამდენ მზადებას გაყალბებისთვის, საარჩევნო გარემოს ასეთ გამრუდებას, ასეთ ხელოვნურად ამოტივტივებულ „კანდიდატებს“, რომელიც კარგად იცი, რას თამაშობენ… ასეთ გაყალბებულ სიებს, მერაბიშვილის ძმაკაცს ცესკოს თავმჯდომარედ, სვანეთში დატრიალებულ ამბებს, მასიურ ზეწოლას და პოლიტიკოსების და ჟურნალისტების დაშინება-გადაბირებას რეგიონებში, ცინიკურად დისპროპორციულ მედიას და… კიდე მაინც ჯენტლმენურად იქცეოდე!

ანეგდოტი მახსენდება ქუთაისური:

ინტელიგენტები შევიდნენ რესტორანში და ძველი ბიჭების გვერდზე დაჯდნენ. რაღაც ვერ მოუვიდნენ თვალში ერთმანეთს და ერთმა ძველმა – რამაზიემ – ამ ინტელიგენტებს სულ კარგები და კეთილები აგინა მთელი რესტორნის თვალწინ. ერთ-ერთმა გაწითლებულმა ინტელიგენტმა უთხრა რამაზიეს – გარეთ გამობრძანდით, ყმაწვილოო. გავიდნენ და ხუთ წუთში  დაბრუნდნენ – ინტელიგენტი კიდევ უფრო გაწითლებული და რამაზიე – ხარხარ-ხარხარით, მუცელი ძლივს ეჭირა. ჰკითხეს ინტელიგენტს გაოცებულმა თანამეინახეებმა, რა მოხდაო?

– გავიყვანე გარეთ და სულ ტუტუცი ვუძახეო! – ღირსეულად უპასუხა ინტელიგენტმა…

არ ვგავარ მე იმ ადამიანს, ჩხუბზე და კუნთებზე რომ ვიყურები და არც ვარ… არც დედის გინება მიმაჩნია პოლიტიკოსების ღირს საქციელად.

მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ ისეთი “თეთრპერჩათკებიანი” კამპანია, როგორიც ალიანსმა ჩაატარა წელს – საქმეს წაადგება, ასეთი სისხლისმსმელი აფთრების და გაქნილი ტურების წინააღმდეგ… ნუთუ არ შეიძლებოდა იმის მსგავსი კამპანიის ჩატარება და იმის მსგავსი კლიპების მომზადება, რაც 2008 წელს იყო? ნუთუ არ უნდა შეგვეხსენებინა ხალხისთვის ამათი აფთრობები და ტურობები? არც დანგრეული სახლები და მემორიალები? არც დამარხული ახალგაზრდები და დედა-შვილი? არც ძველი გაყალბებები? არც შეჭმული მილიონები? არც უტვინოდ დაწყებული და 2 დღეში გასხმული ომი? არც შეთითხნილი „მუხროვანის ამბოხი“ და დახვრეტილი პოლკოვნიკი კრიალაშვილი? არც ის საპრეზიდენტო სასახლე? არც დავიწყებული ლტოლვილები??? არც „ნულოვანი ტოლერანტულობა“ და ბიზნესის სრული დახრჩობა?

რატომ – თეთრი პერჩათკები რომ არ დაგვსვროდა???

რომ “კონსტრუქციული იმიჯი” არ შეგველახა? ჩვენს ოჯახს რომაწიოკებდნენ, მაშინაც უნდა ვიკონსტრუქციულოთ? თუ ოჯახზე შეიძლება ხელის გამოღება და “მიშველეთ!”-ს ძახილი და ქვეყანა – ოჯახი არ არის! :(((

დიდი ბოდიში, მაგრამ პიერ დე კუბერტენის დევიზით ვმონაწილეობდით? გამარჯვება ფეხებზე გვეკიდა?

აბა, თუ ეგრეა, გაუმარჯოს „მეთვითონ“ პაატა დავითაიას! – არჩევნებზე საერთოდ ამერიკაში წავიდა მეთვითონ კაცი! კონსტრუქციულობა და ხელთათმანების ქიმწმენდა იქ რომ იციან, მტრისას!

არ ვიცი, ვისი აღმოჩენა ან ვისი “პადაჩა” იყო ეს “კონსტრუქციულობა”, მაგრამ ასე მგონია, ალასანიას მთელი კამპანიის განმავლობაში იმდენი რომ ეთქვა პირში უგულავასთვის, რაც დაჩი ცაგურიამ ბენზინგასამართ სადგურზე 2 წუთში მოასწრო, გაცილებით უფრო ეფექტური კამპანია ექნებოდა ალიანსს! გაცილებით უფრო მონდომებული იქნებოდა ოპოზიციური ელექტორატი არჩევნების დღესაც. ხომ ფაქტია, რომ ნაცებმა „თავისი“ ამომრჩევლის სიებით გამოძახებით, დაპირებებით და დაშინებით (ჩემი ნაცნობი მოხუცი ლტოლვილი აფხაზეთიდან დაფიქრებით მეუბნებოდა, თურმე ყველა ბიულეტენს შეამოწმებენ თითის ანაბეჭდებზეო! – წარმოგიდგენიათ, რა ზებოები და ასინეთები ჰყავს დასაქმებული სეთურს?) 120%-ით მოახერხეს თავისი ელექტორატის მობილიზება, ხოლო ოპოზიციური ელექტორატის საკმაოდ დიდი ნაწილი ან სახლში დარჩა, ან საერთოდ ყველა გადახაზა…

მე პირადად ეს ყველაფერი ირაკლი ალასანიას „დამსახურება“ მგონია… აშკარად გამოჩნდა, რომ რამდენადაც „პიარულია“ ჟურნალისტების პარტია, იმდენადაც „დიპლომატიური“ – დიპლომატების პარტია! ალასანიას პარტია ჩემი აზრით ცუდ სამსახურს უწევდა თავის ლიდერს… ერთადერთი ადამიანი, რომელიც ალასანიასთვის მართლა სერიოზული დასაყრდენი შეიძლებოდა ყოფილიყო – ბატონი ლევან მიქელაძე – უდროოდ გამოეცალა საქართველოს. ალასანია შეიძლება ცუდი დიპლომატი არაა, მაგრამ ან ვერ შედგა როგორც პოლიტიკოსად, ან არც მოინდომა… რატომ არ უნდა მოენდომებინა, არ ვიცი… ვინმე რაიმეს დაპირდა, რომ ლანგარზე მიართმევდა? სანამ უნდა გვყავდეს პოლიტიკოსები, რომელთაც ლანგარზე მირთმეულის სჯერათ? რომ ამერიკა დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ხოლო უცხოელი დამკვირვებლები – დაკარგულ ხმებს? ჩვენ არ ვიბრძოლებთ ჩვენი ხმებისთვის და უცხოელები მოიკლავენ თავს? წინა არჩევნებზე ზონდერბიჭების მიერ სარაიაში ჩაკეტილი პიტერ სემნების “ლომობის” იმედზე ვართ?..

მე პირადად, ამჟამად შემიძლია ვთქვა ის, რასაც აქამდე ვცდილობდი, არ მეთქვა – რესპუბლიკელების და მემარჯვენეების მხრიდან შეცდომა იყო ირაკლი ალასანიას უპირობო კანდიდატად მიღება და გამეფება… ადამიანი, რომელიც სხვებთან მოსალაპარაკებლად ისე მიდის, რომ თავისიანებს არ უთანხმდება, პოლიტიკის ანბანს არღვევს და დიპლომატიასთან ამას არაფერი საერთო არ აქვს… როცა არ მოგვწონს, რომ ეგზით-პოლების შედეგებზე დაყრდნობით ბუში მეგობარ მიშას გამარჯვებას ულოცავს, ვითომ მოსაწონია ასეთი გაყალბებული არჩევნების ჯერ კიდევ შედეგების გამოცხადებამდე არჩევნების შემდგარად გამოცხადება და დემოკრატიის „წინგადადგმულ ნაბიჯებზე“ ლაპარაკი? რა არის წინგადადგმული ნაბიჯი? – რომ თუ თარხნიშვილს საკუთარი ოთახში ჩაკეტილი ფაქსის აპარატით და პოლიციელების მიერ მასობრივი ურნების ტრიალის იმედი ჰქონდა, ახლა ხარატიშვილმა დაახლოებით 20000 „დამკვირვებლის“ ჩართვის ხარჯზე გაცილებით „ელეგანტურად“ გააყალბა და ურნებში მასიურად ჩასაყრელად გამზადებული ბიულეტენების გამოყენება საჭირო არ გახადა? ის, რომ არჩევნებმა დაპირისპირების გარეშე ჩაიარა, იმის შედეგია, რომ უბნების ასინეთების მდედრიონის უსირცხვილო მამაშებს ჩვენ იმითაც ვერ დავუპირისპირდით, რომ მათთვის ტუტუცები გვეძახებინა…

თუმცა, იქნებ მე ვცდები, და ირაკლი ალასანიას დიდი პოტენციალი აქვს? არ ვიცი, მიაღწევს საქართველო იმ დრომდე, როცა ასეთი ჯენტლმენური ტაქტიკა იქნება გამართლებული? არ ვიცი, ამ მთავრობის ხელში მე ამის იმედი რომ მქონდეს, მართლა 200% „ნაივური“ უნდა ვიყო…

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ვერც სოზარ სუბარის ბოლო ნაბიჯებს ვატყობ პოლიტიკურ სიმწიფეს… ცოტა რომ მოეცადა, იქნებ ალიანსის იმ ნაწილთან მაინც დარჩენილიყო, ვისთანაც საერთო თვალსაზრისი გამოიკვეთებოდა? ხოლო თუ ასეთი იქ არავინ ეგულება, მაშინ მისვლა და ამდენხანს ყოფნა რაღა იყო? თავის დროზე ვფიქრობდი, რომ სოზარ სუბარისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა რაიმე პოლიტიკური მოძრაობის, მაგალითად – „დაიცავი საქართველოს!“ სათავეში მოსვლა და უკვე შემდგომ ფიქრი ალიანსთან გაერთიანებაზე… მისი ერთ დროს ძალიან მაღალი პოტენციალი უკვე სერიოზულად შელანძღულია და არ მგონია,  თუ საკუთარ იმიჯს ძველი შეცდომებით დატვირთულ სახეებს გადააქელინებს, ამით რაიმე მოიგოს.

მოგებული არის თითქოს გიორგი თარგამაძე, მაგრამ რა მოიგო? ის, რომ ხალხი ტარიფების შემცირების იმედით მომავალშიც მას მისცემს ხმას? ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ მერაბიშვილის ჩრდილში მოთამაშე თარგამაძეს არ უნდა ჰქონდეს უფრო სერიოზული „წინსვლის“ იმედები. ხოლო თუ მისი ამბიციები საპარლამენტო მანქანით და მდივნით, უცხოეთში ვიზიტებით და ქართველი ჟირინოვსკული ფსევდოჯოკერობით ამოიწურება, მაშინ ალბათ მისი პიკი სწორედ ახლაა, როცა ძველი შედეგი გააორმაგა… არა მგონია, ისე „ნაივური“ იყოს, რომ მუდმივი გეომეტრიული პროგრესიის სჯეროდეს…  მიშასთვის და ვანოსთვის ამაზე უფრო ადვილი ხომ ახალი პარტიის დათესვაა, რომელსაც ჯერ 6%-ს აჩუქებ, მერე 12%-მდე გაუორმაგებ…მერე ისევ ახალს ჩათესავ და…

მოგებული არის ლევან გაჩეჩილაძე? გარკვეულად კი… მას რომ თავისი კანდიდატურა დაეყენებინა, ყველაფერი ხომ მას დაბრალდებოდა… მაგრამ მისმა მუდმივმა მერყეობამ მგონი სერიოზული დაღი დაასვა ხალხის თვალში მის ერთპიროვნულ ლიდერობას და მომავალში მხოლოდ რაიმე გაერთიანებაში თუ შეძლებს თამაშს. მისთვის ალბათ სოზარ სუბართან ალიანსი საკმაოდ გამართლებული იქნება, რასაც ალბათ სუბარზე ვერ ვიტყვი, რადგან თუნდაც  პირველ ნომრად მყოფი სუბარის ზურგში გაჩეჩილაძის ძალუმი ფშვინვა არავის მისცემს ილუზიის განცდას, ამ ტანდემში რეალურად ვინ დაუკრავს პირველ ვიოლინოს… სხვათა შორის, აქვე დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლევან გაჩეჩილაძის ერთპიროვნული ლიდერობა თუნდაც თბილისის მასშტაბით მე ჩავლილი ეტაპი მგონია, რესპუბლიკელების და მემარჯვენეების სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია იმ პოტენციური ზარალის არდათვლა, რაც ლევან  გაჩეჩილაძის პროცესებში ვერჩართულობას მოჰყვა… თუმცა ლევანი რომ არაა ადვილი საურთიერთობო ადამიანი, ამას მგონი ყველა ვხედავთ უკვე… და უბრალო ჯარისკაცობის სიტყვები არც პატარკაციშვილისგან მიმაჩნდა გულწრფელად და უკვე არც გაჩეჩილაძისგან მიმაჩნია… და საერთოდ როდესმე გვყოლია ქართველებს უბრალო ჯარისკაცი? ერთი იყო მგონი და ისიც ბერი იყო – თევდორე L(

ყველაზე მეტად მოგებული არჩევნებში არმონაწილე პარტიები დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძისადმი სიმპათიას ვერ დავიბრალებ, უნდა ვაღიარო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მან ორჯერ: 2009 წლის აპრილიდან ივნისამდე და 2009 წ. დეკემბრიდან -2010 წლის ივნისამდე სერიოზულად მოახერხა თავისი რეიტინგის გაუმჯობესება და გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი უნდობლობების მიუხედავად, რასაც როგორც რუსეთი, ასევე ამერიკა მისდამი უნდა განიცდიდნენ, სწორედ ამ ორ ძალის შუა ფარვატერში ყოფნა აძლევს მას შანსს, რომ თუ სააკაშვილის მთავრობა საბოლოოდ მაინც ჩამოიშლება ეკონომიკური ფაქტორების კატასტროფული გაუარესების ფონზე ხალხის ბიშკეკურ-რუმინული რისხვის შედეგად, სწორედ ბურჯანაძეზე გააკეთებს უსიტყვო შეთანხმებას რუსეთი და ამერიკა… ქართველ ხალხს კი მოუწევს ამას შეეგუოს, რადგან მეორე არჩევანი მერაბიშვილი ან უგულავა იქნება, კარადაში გადამალული საპრემიერო სააკაშვილის ფიტულით…

შალვა ნათელაშვილს სერიოზული შანსი აქვს თეთრ ცხენზე დაბრუნდეს სტადიონზე, სადაც ერთი წლის წინ სიტყვა არ მისცეს… ეკონომიკური სიდუხჭირე ხომ ყველაზე მეტად გაზრდის პოპულისტურ ლოზუნგებს და ამ ლოზუნგების დაჯერების კოეფიციენტსაც… შალვას ძირითადი კონკურენტი ქრისტიან-დემოკრატი თარგამაძე იქნება, ხოლო გაჭირვებული ხალხისთვის წესით პრინციპული და შეჭირვებული შალვა უფრო თავისიანად აღიქმება, ვიდრე ფლუგერიზმის აპოლოგეტი კარგად მაცხოვრებელი გიორგი თარგამაძე. არავინ იცის, რამდენ პროცენტს აიღებდა ქდმ, არჩევნებში ლეიბორისტებს რომ მიეღოთ მონაწილეობა…

დაბოლოს, ეროვნული ფორუმი. ამჟამად ყველაზე უფრო მოგებულ სიტუაციაში მყოფი პარტია, რომლის სიძლიერეც და ნაკლიც ერთი და იგივეა – მათ არ აქვთ გამოკვეთილი საგარეო ორიენტირები და არ ჰყავთ გამოკვეთილი საპრეზიდენტო კანდიდატი. როგორადაც არ უნდა ეწყინოთ გუბაზ სანიკიძეს და კახა შარტავას, მათი საპრეზიდენტო რეიტინგები უფრო დაბალი მგონია, ვიდრე იგივე თარგამაძის, ალასანიას, უსუფაშვილის, გამყრელიძის ან უგულავასი. მაგრამ ფორუმს აქვს მართლაც ისტორიული შანსი, საფუძველი ჩაუყაროს გარკვეულ ეროვნულ თანხმობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ირგვლივ. თუ ისინი მოახერხებენ ერთი მხრივ მემარჯვენეებთან (რესპუბლიკელები-ახლები), ხოლო მეორე მხრივ – გაჩეჩილაძესთან და ლეიბორისტებთან კარგი სამუშაო ურთიერთობის დამყარებას, ამით ისეთ ცენტრს შექმნიან, რომ ალბათ ნინო გაჩეჩილაძის, კონსერვატორების და თუნდაც ნოღაიდელის და ოქრუაშვილის ძალებს სწორედ მათთან მხარდამხარ ბრძოლა მოუწევთ, თუ არ უნდათ კიდევ ერთი ვატერლოო ნახონ…

წაგებულია ხალხი!

ისიც, ვინც ბოლომდე ეცადა, რომ ოპოზიციას შანსი გასჩენოდა და ისინიც, ვინც ხმები და ნამუსი უნამუსოდ გაყიდა… სამწუხაროდ, ეს უკანასკნელნი მალე დაინახავენ თავის სავალალო სიბეცეს და საქონლობას (100%-ით ვეთანხმები გუბაზ სანიკიძეს – აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ რომ ხმა გაყიდა და მეზობელი დააშინა ან მოისყიდა, ის ადამიანი სწორედ ამ შეფასებას იმსახურებს! და რაც გინდათ ის მითხარით, ბევრი პატიოსანი საქონელი თუ უფრო არ მეცოდებოდეს ამ შეფასების გამო!). მაშინ, როცა ყველაფერი გაძვირდება, ქვეყანა აირევა, სამუშაოს დაკარგავენ და მათსაც ჭიტლაყს ამოჰკრავს მიშა და ნაცმოძრაობა…

ასევე ძალიან ნერვებზე მშლიან ეს უცხოელი დამკვირვებლები ყველა უბანზე 15-15 წუთით რომ შეირბენენ და გაღიმებული „კომენდანტების“ დანახვისას რომ ლამის სიხარულის კურცხლი ღვარონ! დავიჯერო, 1936 წელს რომ ჩამოსულიყვნენ საბჭოთა კავშირში, მაშინ ვერ ნახავდნენ გაღიმებულ და ბედნიერ საბჭოთა ხალხს? „ვოლგა-ვოლგა“ და „ცირკი“ იყო სიმართლე, თუ „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ და ვარლამ შალამოვის მოთხრობები? ვერ ხვდებიან, რომ ერთ უბანზე ბოლომდე ყოფნა სჯობს 10-ის „შემორბენას“? თუ მწვადზე და ჯვარზე დაგეშილები არიან და არა სიმართლეზე? მაგრამ ჩვენ რომ ვიღიმებით და “ვსიო ხარაშო, პრეკრასნაია მარკიზას ვთამაშობთ”, მათგან – მარკიზებისგან ველით შეშფოთებას? ეგენი ეთნიკურ წმენდაზე იფარგლებიან შეშფოთებით და ასეთ „იდილიურ“ არჩევნებზე ხომ შუბლიც არ შეეჭმუხნებათ!

ოპოზიციას ჰქონდა უნიკალური შანსი მოეგო არჩევნები – და გაუშვა

ოპოზიციას ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ გაყალბებული არჩევნები გაეპროტესტებინა და გაუშვა (ემანდ ვინმე სხვამ არ მოიგოს, ჯანდაბას ისევ მიშას თავიო!)

ამას რო ვერ ხვდება ოპოზიცია – რომ არჩევნების გარეშე პროტესტს არავინ უყურებს უცხოეთში, ხოლო გაუპროტესტებლად მიშა და ვანო რომ არასდროს ერთ უბანსაც კი არ დათმობენ! – ეს ოპოზიცია არის რაიმეს ღირსი, გარდა შერცხვენისა? რამდენჯერ უნდა ჩავარდე ერთსადაიმავე ორმოში, რომ რაიმე დასკვნა გააკეთო? რა უფრო სავალალოა ქვეყნისთვის – უზნეო მთავრობა – ავაზაკთა ბანდა, რომელსაც სულუფრო მეტად გაუდის თავს, თუ უტვინო ოპოზიცია, რომელიც ვერ ხვდება, რომ მოგებისთვის სერიოზული თავდადებაა საჭირო… ნუთუ არ ვიცით, რომ უეკლოდ ვარდნი არავის მოუკრებიან… ნუთუ არ წაუკითხავთ ეს სიტყვები, რაც სწორედ რომ დროა გადაშენების გზაზე დაყენებულ ქართველ ხალხს ვუთარგმნოთ და ხშირად მოვასმენინოთ. და როდესაც ჩვენი ლიდერები ამ რწმენით გაგვიძღვებიან წინ, ჩვენც არ დავიმალებით და მივხვდებით, ყველაზე დიდი ქარიზმა სწორედ თავისუფლებაა და ყველაზე დიდი საქონლობა – მონობით ტკბობა:

… And I do not want to give you the impression that it’s going to be easy. There can be no great social gain without individual pain.

And before the victory for brotherhood is won, some will have to get scarred up a bit.

Before the victory is won, some more will be thrown into jail.

Before the victory is won, some, like Medgar Evers, may have to face physical death.

But if physical death is the price that some must pay to free their children and their white brothers from an eternal psychological death, then nothing can be more redemptive.

Before the victory is won, some will be misunderstood and called bad names, but we must go on with a determination and with a faith that this problem can be solved.   (Martin Luther King)

მაგრამ ჩვენი ლიდერები ერთმანეთის ჭამას უნდებიან და რეალურ საფრთხეს ვერ აფასებენ. ჩვენს ლიდერებს პასუხისმგებლობის აღება სიტყვაზე უყვართ და არ უყვართ, როცა ამას შეახსენებენ…

2013 წლამდე მიშამ ფრთები გაშალა… ვაი მასეთ ფრთების გაშლას, როცა ფრთები მოტეხილია და კასტილებით ფრენ, მაგრამ სანამ ნაცტელევიზიები ალისას ქვეყანაში გვამყოფებენ – ხომ შეიძლება დაიჯერო, რომ სწორედ საქართველოა ბედნიერების ოაზისი?

მაიტათ ნასოსი!

მესტიაში საზაფხულო თოვლი და თოვლს დანატრებული ევროტურიზმი, ბათუმში – ბარსელონა და კარერასული ოპერა (პეტარდებით!), თერნალთან – წყლის არხით ციხესავით მიუვალი კუტაიური პარლამენტი, თბილისში – მეფე ხუან კარლოსი და თავისუფლების მოედანზე – უბერებელი კუტუნიო!

გიხაროდენ!

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შტორმში ლაღად მონავარდე გემ „ჯორჯიას“ მგზავრებო!

გიხაროდენ! თქვენ ხომ არ იცით (ან,  არ იმჩნევთ), რომ ეს ლაინერი ფანერისაა და კაპიტანი – დაბოლილი ბულბული!

თქვენ „ტიტანიკზე“ არ ხართ! თქვენ აისბერგიც არ დაგჭირდებათ! მიშა მაგარია – ყოველგვარი აისბერგის გარეშეც!

=======================

ეპილოგი: მწუხრი

ბავშვობაში ვიცოდი, რომ არ უნდა მეთქვა სკოლაში ის, რასაც მშობლები სახლში, სამზარეულოში ლაპარაკობდნენ. პავლიკ მოროზოვის „გმირობა“ რომ გმირობა არ იყო, გაუჭირდა მამაჩემს ჩემს კითხვაზე პასუხი. მერე მითხრა, ხომ ხვდები, შვილო, ეს გმირობა კი არა, სისულელეა, როგორ შეიძლება შვილი მამას, ან მამა შვილს აბეზღებდესო. მერე გვერდზე გაიხედა და თქვა, ოღონდ, ამას ნუ იტყვი სკოლაშიო.

მახსოვს, როგორ დაიბნა ბებიაჩემი, ძველ გაზეთებში „თვალებდათხრილი“ და სახეგადახაზული ხალხის სურათები რომ აღმოვაჩინე. ის გაზეთები სასწრაფოდ გადამალა. მერე სხვა ძველი გაზეთი მაჩვენა, სადაც სათვალეებიანი კაცი იდგა ტრიბუნაზე სტალინის გვერდით. იმ კაცის სახე ასევე გადახაზული იყო და მითხრა – ეს ბერია იყო, ხალხის მტერი, ბევრი ადამიანი დახოცაო. მე ვკითხე – იმ სურათებზე ყველა ბერია ხომ არ იქნებოდა-მეთქი (ზოგიერთ სურათზე ორი-სამი სახე იყო გადახაზულ-ამოჭრილი)… ბებიამაც მამაჩემივით დახარა თვალები და მითხრა, ისინი ისინი იყვნენ, ვინც ბერიამ დახოცაო.

ამასწინათ ჩემი ნათესავს შვილის დამრიგებელმა უთხრა, თქვენი ბავშვი ანეგდოტებს ჰყვება მიშაზე და ფრთხილად იყავით, ხომ არ გინდათ, ატესტატი გაუფუჭდესო… არჩევნების წინ კი დაურეკა და უთხრა, ხომ მობრძანდებით არჩევნებზე, ხომ იცით, რა დღეშია ჩვენი ქვეყანა და ვის უნდა მისცეთ ხმაო… ვიციო, უთხრა ჩემმა ნათესავმა და ისე განერვიულდა, წნევამ აუწია… მე კიდევ კი ვუთხარი, რას გაიგებს, შენ ვის მისცემ ხმას მეთქი, მაგრამ აღარ მიკითხავს მერე – ვის მისცა ხმა…

რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რაც წარსულში იყო… რადგან ასე მგონია, რომ სწორედ წარსულში ვბრუნდები და ვფიქრობ, მოვახერხებ იმას, რომ ისეთივე დარიგებები მივცე შვილებს და შვილიშვილებს, როგორც ჩემი მშობლები და ბაბუა-ბებიები მაძლევდნენ?.. მგონია, რომ ვერც მე შევძლებ ამას და არც ისინი გამიგებენ… მაგრამ იქნებ ვცდები, და ჩვენ ყველაზე უფრო სწორედ მონობისთვის ვართ მზად… უბრალოდ, ზოგიერთები ამას უფრო გემოს ატანენ… უფრო “შნოიანად” იციან დაჩოქება და ხელზე კოცნა…

აბა რა გითხრათ? ის, რომ ალმასხანის პური მწარეა?

თუ უფრო დიდი სიბრძნე:

„ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის.

სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე…

ბოლო მოუღოს.. მიიძინოს.. სხვა არაფერი…
ამ მიძინებით გათავდება ის გულის ქენჯნა
და ათასი სხვა ბუნებრივი უკუღმართობა,
რაიც ხორცშესხმულ ადამიანს წილად ხდომია.
განა ეს ბოლო სანატრელი არ უნდა იყოს?
მოვსპოთ სიცოცხლე… დავიძინოთ.. რომ დავიძინოთ,
მერე სიზმრად იქ ვნახავთ რასმე?.. ძნელი ეს არის,
არ ვიცით მაშინ რა სიზმრები მოგვევლინება,
რომ სიკვდილის ძილს მივეცემით და მოვშორდებით
მოკვდავთ ცხვოვრების მღელვარებას! აი ეს გვიშლის
და გრძელს ცხოვრებას ჩვენსას იგი გრძელ ტანჯვადა ჰხდის.
ვინ მოითმენდა უამისოდ ჟამთა სიმწარეს,
მტარვალის ჩაგვრას, სიამაყეს თავგასულობას,
ტანჯვასა მწვავსა უარყოფილ სიყვარულისას,
მართლმსაჯულების გვიანობას, მძლავრთ უკმეხობას,
შეურაცხყოფას ღირსეულის უღირსისაგან, –
მშვიდობის პოვნა რომ შეგვეძლოს დანის ერთ დაკვრით?
ვინა ზიდავდა ჯაფით, კვნესით ამ სიცოცხლის ტვირთს,
რომ არა გვქონდეს იმის შიში, თუ სიკვდილ-შემდეგ
იქ რა იქნება, იქ, იმ ბნელსა და უცნობ მხარეს,
სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება.
ეს შიში გვიხშობს ნებისყოფას და უფრო ვრჩევობთ
შემოჩვეულის და ნაცნობის ჭირის ატანას,
ვიდრე უცნობის შესახვედრად მისწრაფებასა.
აი, ასე გვხდის ლაჩრად ჩვენივ ცნობიერება,
გაბედულობას მოსაზრება უსუსტებს შუქსა
და სასახელო ძლიერ საქმით, დიდად განზრახულთ
წინ ეღობება…“


One Comment on “შეხვედრა წარსულთან”

  1. zourabichvili says:

    saocrad geTanxmebiT tqvens analizSi da daskvnebSi da mec bevr rames vxedavdi da vgZnobdi magram ver vewinaaRmdegebodi imis SiSiT rom axalma uTanxmoebam ar gamoewvia uaresi nihilizmi… dResec ar vici Tu es swori iyo Tu mcdari… magram Sedegi saxezea; verc gavimarjveT da mainc daviSaleT da nihilismi mainc gaizarda da meore flanki mainc gazlierda… !!!! magram erT rameSi darwmunebuli var rom yvelafris miuxedavaT brzola unda gagrZeldes !


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s