გამოგონილი ომის “ქრონიკა” – კრიმინალური რეჟიმი არჩევნების წაგების შიშით ვა-ბანკზე მიდის!


საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხზე მედიატერორისტული აქტი განახორციელა – ექსპერიმენტის სახით.
20.00 ქრონიკაში შემოგვთავაზეს მოდელირება და სიმულაცია იმის, რა შეიძლება მოხდეს, თუ 30 მაისს არჩევნების შემდეგ ოპოზიცია დაიწყებს საპროტესტო გამოსვლებს, რომელთაც “გამოუცნობი პირები” იარაღით დაარბევენ. ამას მოჰყვება არეულობა, რომლითაც ისარგებლებს რუსეთი და ჯარებს შემოიყვანს…
და ეს ყველაფერი ფილმად… რენე ჰარლინის გარეშე – დოკუმენტური კადრებით აწმყო დროში, ყოველგვარი სუბტიტრით, რომ ეს სინამდვილე არაა!- რომ უცნობებმა მოკლეს კოკოითი, ამის გამო რუსებმა მობილიზაცია გამოცხადეს და თვილისიკენ მოდიან…როგორ იბომბება გორი, როგორ გარბიან ჯარისკაცები და ქალები, როგორ მოდიან ტანკები, მერე ინფორმაცია იმაზე, რომ სააკაშვილი დაჭრილია…

რეალური შედეგი ამ ვირტუალურ შიზორეპორტაჟზე: – მასიური პანიკა საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით – გორში, ფოთში, ახლაგორის რაიონში, სადაც მოსახლეობა ტყეში გაიხიზნა. რამდენიმე ინფარქტით და ინსულტით გარდაცვლილი ადამიანი, ქალი, რომელსაც ორსულობა მოეშალა, საშინელი ფსიქოზი… გამწარებული ხალხის მივარდნა “იმედში” და … პრეზიდენტის შეშფოთება… რომელიც მეორე დღეს მსუბუქი “დანანებით” შეეცვალა…

ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა რამდენიმე მიზნით:

1) ხალხისთვის შოკში ჩამგდები ფორმით იმის ტვინში ჩასანერგად, რომ თუ დადგებით ოპოზიციის გვერდით, ნახეთ რა მოგივათ! ეს მესიჯი იყო ჩვენი მსოახლეობისთვისაც და დასავლეთისთვისაც – თუ დაგვჭირდა, სულ ფეხებზე დავიკიდებთ თქვენს დასკვნებს! – აი, ამ ფილმის ლეიტმოტივი, როგორც რეაქცია აშშ სახ. დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მწვავე კრიტიკულ დასკვნაზე.

2) იმისთვის, რომ ხალხი მივარდნილიყო “იმედში”, მომხდარიყო არეულობა, რომლის შედეგად ოპოზციის ზოგიერთ ლიდერს და აქტივისტებს დაიჭერდენენ და ადმინისტრაციული წესით 90 დღე ჩასვამდნენ – ზუსტად ისე, რომ მხოლოდ არჩევნების მერე გამოსულიყვნენ ციხიდან.

3) იმისთვის, რომ “იმედი”, რომელიც მალე შეიძლება დაიბრუნოს პატარკაციშვილის ოჯახმა, დახურონ “ხალხის მოთხოვნით” (ჩვენი ხელისუფლება ხომ ძაან ემორჩილება ხალხის ხმას!) და წაართვან ლიცენზია, რომელსაც მერე რეალ ტივის მისცემენ…

ეს მთავრობა რომ ამის ნახევარ ტვინს ატანდეს, არა დესტრუქციულ, არამედ კონსტრუქციულ აზროვნებას, საქართველო მართლაც წინ წავიდოდა, ახლა კი რეგრესში გადავვარდით, ნაღდად…

ყველა უნდა მივხვდეთ, რომ ნათია კობერიძეზე და თუნდაც გიორგი არველაძეზე ჯოხის გადატეხვა ამ შიზოფრენიას არაფერს უშველის!
საჭიროა სრულფასოვანი გამოძიება! საქართველოს მართავს ავაზაკთა ბანდა, რომელზეც ზედგამოჭრილია ნეტარი ავგუსტინის ეს სიტყვები:

“რა არის ხელისუფლება სამართლის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?”

ია ანთაძემ იანეთში გამოთქვა მოსაზრებას იმასზე, რომ მიშამ თავისი რეალური შიშები გავიმხილა ამ სიუჟეტით (ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ მთავრობა, ან ვინმე მთავრობის უმაღლესი ეშელონიდან დგას სიუჟეტის და ფილმის უკან და არა საცოდავი (ყველა გაგებით) ნათია კობერიძე…)

ა) სავსებით შეიძლება ეს არც იყო მიშა და იყო ვანო (არა მგონია, ვანოს ისე არ შეესვლებოდეს იმედის კორიდორებში, რომ ვერ მოეხერხებინა თავისი იდეების არათავის ტელევიზიაში იმპლემენტაცია და ამით გიგი უგულავას დისკრედიტაციაც (მე-4 მიზეზი, თუ ვანოს სცენარი იყო). მაშინ ეს შეიძლება საბოლოო დარტყმა აღმოჩნდეს მიშას რეპუტაციაზე, რომელზეც უცხოეთში სერიოზულად იფიქრებენ, რომ მას ფსიქიატრის გარდა მართლა აღარვინ უნდა შეხვდეს…

ბ) არაა გამორიცხული, რომ მიშას მართლა ჯერა თავის ალისას საოცრებათა სამყაროსავით გამრუდებულ მიკროკოსმოსში, რომ  რონ ასმუსის ის ყბადაღებული წიგნი და მერე სანაიას რეკონსტრუქციული სპეცრეპორტაჟი დასავლეთში სერიოზულად მიიღეს. გაიხსენეთ, იქ ბუში ლამის ატირებული იდაყვებს იკბენს – „ვაიმე, ჩემო ოქრო მიშავ, როგორ მაფრთხილებდი და მე სულელმა როგორ არ დაგიჯერევოოო“… და კიდევ – “ოღონდ არ მიყვირო, მიშა, და ყველაფერს მოვაკვარახჭინებო!”

ახლაც იგივე სცენარია, მოდი ვაჩვენოთ დასავლეთს, რა შეიძლება მოხდეს… თუ იტყვიან, რომ ეს ჩემი შიშებია, ვეტყვი, თქვენ ადრეც მაგას ამბობდით, სანამ რუსები არ შემოვიდნენ გორში!

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც ახლა მომივიდა თავში და რომელიც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია!

– ეს სცენარი არის მიტინგების ხელახალი დაწყების პროვოცირება!

ამით ალასანია და ალიანსი უკანა პლანზე გადავა, არჩევნები ყველას დაავიწყდება და დაიწყება ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის, კუკავას, დავითაშვილის და ნოღაიდელის აქტივაცია… 2 თვის განმავლობაში ეს მიტინგები ჩაქრება (სააკაშვილი დასავლეთში ისევ გაათამაშებს პრორუსული ოპოზიციის კარტს!) და მერე აღმოჩნდება, რომ არჩევნებზე არც არავის უფიქრია! ხელისუფლებისათვის მისაღები კანდიდატი (სავარაუდოდ – გია ჭანტურია) ლანგარზე მიიღებს მერის ნომინალურ პოსტს, და ვალმოხდილი მიიღებს პატიების სიგელს მიხეილ სააკაშვილისგან…

ეს რომ შეიძლება ასე იყოს, ფილმისთვის სპეციალურად შექმნილი ის პლაკატი მაფიქრებინებს, სადაც ჩამოთვლილი ლიდერების ფოტოების გვერდით ალასანიას წითლადგადახაზული ფოტო იყო… ვითომ ეს ხაზს უსვამდა იმას, რომ ალასანია სეპარატისტებთან და რუსებთან მოსალაპარაკებლად ცხინვალში არ წავიდა, მაგრამ გადახაზვა რა საჭირო იყო?
არა, აქ სხვა აზრი იყო, – ამომრჩევლის გონებაში იმის ჩაცემენტება, რომ ალასანია მიუღებელია!

მაგრამ ერთი რამე დაავიწყდათ ჩვენს მუშნიზარანდიებს, რომ როცა შუშის სასახლეში ცხოვრობ, ქვების მასიური სროლა ძალიან სახიფათოა! მით უფრო, თუ რეჟიმის მთელი “სიძლიერე”, სწორედ ამ გამჭვირვალე შენობაშია კაშჩეის კვერცხში ჩადებული ნემსივით…

“დავი” – ნათქვამია…

რა ვქნათ:

1. უნდა მოგროვდეს ფაქტი ყველა დაზარალებულის შესახებ.
ამბობენ, რომ ორი ქალი გარდაიცვალა – ერთი 5 დეკემბრის ქუჩაზე, ჯარისკაცის დედა (დიმიტრი ლორთქიფანიძის ინფორმაცია), მეორე – გლდანში. ანდრო ჭილაიამ განაცხადა, რომ იცის, როგორ მოეშალა ქალს მუცელი. განსაკუთრებით დიდი იყო შოკი გორის რაიონში და ფოთში. გოგა აფციაურს უთქვამს, რომ მასთან რეკავდა შეშინებული ხალხი და ეკითხებოდნენ, „მოდელირება“ და „სიმულაცია“ რა არისო! ასეთი ტერმინებით „აუხსნეს“ ხალხს რას აჩვენებდნენ… და ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომ საერთოდ შუიდან ნახა სიუჟეტი და ეს განცხადება არც გაუგონია…

2. უნდა იქნას გარკვეული, რა დრო დასჭირდა ამ გადაცემის მომზადებას – მინიმუმ რამდენიმე დღე – შეიძლება კვირა! ვინ იყო იდეის უშუალო ავტორი?

3. უნდა მოხერხდეს “იმედის” ჟურნალისტებისგან ინტერვიუების აღება. მე პირადად ისეთ ხასიათზე ვარ, რომ გავიგო, ვინმე ხვალიდან კიდევ დარჩა “იმედზე”, იმას სირცხვილის კარიდორი კი არა, სამუდამო სირცხვილი მივუსაჯო……

4. სარჩელი უნდა აღიძრას მიყენებული მორალური და ფიზიკური ზარალის გამო – არა უშუალოდ ნათია კობერიძეზე ან იმ გაქსუებულ წამყვანზე, რომელიც ვერ მიხვდა რა ჩეჩმაში ჩააყოფინეს ენა, არამედ ხელმძღვანელობაზე, –  გიორგი არველაძის და ბიძინა ბარათაშვილის ჩათვლით (როგორი ბედნიერებია ალბათ ნანა ინწკირველი და ვახო სანაია! რა გამართლებაა, დროზე რომ გაგაგდებენ!)

5. რაც მთავრია, სარჩელი უნდა აღიძრას “იმედის” დანაშაულებრივი გზით მითვისებაზე ჯოზეფ ქეის მიერ და დანაშაულებრივად ყალბად გადაფორმებაზე ვითომ „არაბულ“ კომპანიაზე, რაშიც ქეის დიდად დაეხმარა (და იდეაც მიაწოდა, დარწმუნებული ვარ) – საქართველოს ხელისუფლება.

6. უნდა იქნას გამოძიებული იმედის დღევანდელი მფლობელების ვინაობა და სტატუსი, მათ მფლობელობაში მყოფი სხვა საკუთრება – მთაწმინდის პარკი და ა.შ.

7. აღნიშნული სარჩელის მომზადებაში დახმარება უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს – Human Rights Watch, Transparency International, და სხვა…

8. ასევე უნდა მოხდეს სქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების დროული და სწორი ინფორმირება ჩვენი ხვითო ხელისუფლების მორალური და მენტალური დეგრადაციის ხარისხის შესახებ.

9. უნდა მოეწყოს საპროტესტო მიტინგი, ამავდროულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნებამდე მიტინგების სერიოზული ტალღის აგორება, ან მთავრობის ჩამოგდების მცდელობა სწორედ მთავრობას აძლევს ხელს, რომელიც იტყვის, აჰაა, ხომ ვამბობდი – „რუსული სცენარი“ დაიწყოო…

10. პარლამენტში არსებულმა ფრაქციებმა (ქრისტიან-დემოკრატებმა, თუ თავი მართლა ოპოზიცია ჰგონიათ) უნდა მოითხოვონ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მოსმენა, და ასევე ზემოდასმული კითხვებზე – “იმედის”მფლობელების შესახებ ინფორმაციის სასწრაფოდ გარკვევა. უნდა იქნას მიღებული შესაბამისი კანონი, რომ საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს მედიასაშუალება, რომლის მფლობელის ვინაობა იქნება დაფარული!

11. ოპოზიციამ უნდა დაძლიოს ყველანაირი წინააღმდგობა და დადგეს ერთი კანდიდატის გვერდით. მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ ირაკლი ალასანიას აქვს ამ რთულ პირობებში ხელისუფლების დამარცხების შანსი, რომელიც მთავრობის ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის შემდეგ გაიზარდა – უცხოეთმა დაინახა, რა საოცრად საშიშად ავანტიურისტული ხდება ეს მთავრობა… დამიჯერეთ, ავანტიურისტები არ უყვართ დასავლეთში… ახლა გაცილებით მეტია შანსი, რომ დასავლეთი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოზე დასკვნის შემდეგ (სხვათა შორის სწორედ ამ დასკვნამ გააბედინათ მიშისტებს, ალბათ, ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი ფილმის სახით) დაუჭერს მხარს ოპოზიციას, თუ ეს იქნება არა პრორუსული ოპოზიცია.

საქართველოს მართავს კრიმინალი შიზოიდი დეგენერატების ბანდა, რომელიც ხალხზე სისხლიანი ექსპერიმენტების ჩატარებაში დახელოვნდა! ჩვენი ვალია, გადავარჩინოთ ქვეყანა და ჩვენი შვილები.

P.S. ახლა უცებ ვიფიქრე, რომ ესენი პატრიარქის მოშორებას შეეცდებიან! აქამდეც უნდოდათ, მაგრამ ეხლა უფრო გამეტებით. უკვე ვა-ბანკზე არიან წასულები!

“ჩემს მერე თუნდ ქვა ქვაზე არ დარჩენილა!..”



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s