მატჩი ჩატარდება ნებისმიერ ამინდში!


ოდესღაც, ძველ დროში, როცა ქართველები ნაკლებ თავისუფალნი იყვნენ გარეგნულად და მეტად – შინაგანად, კაცმა, რომლის სახესაც მოწიწებით ვატარებ აქ, ერთი კრიმინალური აქტი განახორციელა.  ძალიან მნიშვნელოვან გასვლით თამაშზე, როცა თბილისის „დინამოს“ მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, მეორე ტაიმის რადიორეპორტაჟის დაწყებისას მან დაუმალა ქართველ გულშემატკივრებს, რომ ამ დროისათვის „დინამო“ 1:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გატანილი ბურთი გაცვალეს და ეროსი მსმენელებს ატყუებდა – 1:1-ია ანგარიშიო.

მხოლოდ მატჩის მიწურულს, როცა გულგახეთქილ რადიომსმენელებს ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მოზეიმე ხმით გამოაცხადა – „მეგობრებო, ერთი გოლი საჩუქარად მაქვს გადანახული თქვენთვის პირველი ტაიმიდან, გამხნევდით, 2:1 მოვიგეთო!..“ კინაღამ გააგდეს რადიოდან…

ახლაც მგონი 2:1-ს ვიგებთ, მეგობრებო!

მატჩი გაყიდულია, სამივე მსაჯი ნაყიდია. ყველა ჩვენს ფეხბურთელს დაამტვრევენ ან ეცდებიან მორალურად დაასახიჩრონ. ჩვენს კარს უკან მდგარი ყოველი მეორე „ფოტოგრაფი“ სინამდვილეში კასტეტით შეიარაღებული აგენტია. თოვს და მოწინააღმდეგე თერმოკომბინიზონებით თამაშობს, ხოლო ჩვენები – ფეხშიშველი არიან (მსაჯმა – არასტანდარტული ბუცები გაქვთო!). და გარდა იმისა, რომ უკვე 2 მოთამაშე გაგვიგდეს და 2-ს კიდე ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს გუნდს მწვრთნელი არა ჰყავს!

არც არასდროს ჰყოლია…

ტრიბუნებზე ყოველ გასასვლელში „მუსიკის ჰანგების“ მსგავსად ძაღლებიანი ზონდერები დგანან და ხალხს ათვალიერებენ, რომ ვინმეს  ტაში და შეძახილი არ დაცდეს ჩვენი მისამართით…

მაგრამ ხალხი – ჩვენია!

ხალხი, რომელსაც ურტყამენ 4 წელი და ელაქუცებიან – 4 თვე, ატყავებენ – 4 წელი და მეორად ტანსაცმელს უფეშქაშებენ – მატჩის წინ, აშინებენ 4 წელი და ეფერებიან 4 თვე, ამცირებენ 4 წელი და ადიდებენ 4 თვე… ფეხებზე იკიდებენ 4 წელი და რამე ხომ არ გეწყინაო? – გულშიჩამწვდომად ჰკითხავენ ერთხელ… კლავენ 4 წელი… და მერე ფულს სთავაზობენ მკვდრების ოჯახებს… ფულს, ფქვილს, მაკარონს, ინდაურს და ცრემლიმედიან ტელეშოუს მაია ასათიანთან ერთად… სადაც მაფია ყოველთვის იგებს, რადგან პატიოსანი მოქალაქე სახელმწიფოს მტერია და – პირიქით!

ჰოდა, ეს ხალხი ზის ახლა ტრიბუნებზე და თავის ფეხბურთელების გამარჯვებაზე ლოცულობს. უხმოდ, ტაშის გარეშე, მაგრამ თვალებით და რწმენით, რომ ერთხელაც იქნება, აქაც მოვიგებთ, მიუხედავად ყველაფრისა… მოვიგებთ ისე, როგორც კიევის „დინამომ“ მოიგო 1942 წლის 9 აგვისტოს… ყველაფრის მიუხედავად…

მაგრამ ახლა დროებით დავბრუნდეთ ფეხბურთიდან პოლიტიკაში და ვიფიქროთ იმაზე, რა ხდებოდა 2010 წლის თებერვლის ამ ინტრიგებით სავსე  ბოლო კვირაში პოლიტსცენის კულისებს მიღმა…

———————————————————————-

ის, რომ ალასანიას მოულოდნელი სვლა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, ალბათ, სიმართლესთან ახლოსაა. ბევრი დაიწყებს მსჯელობას იმაზე, რომ არც ცა იყო 100%-ით მოწმენდილი და რომ მეხი უარესიც გვინახავს.

და მაინც…

რა მოხდა?

ამერიკიდან დაბრუნებული ახალგაზრდა დიპლომატმა კარგი გამოცდილებით საერთაშორისო არენაზე და კარგი რეპუტაციით აფხაზურ მხარესთან, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში სამსახურის გამოცდილებითაც (ვისთვის რომ პლიუსია და ვისთვის – პირიქით), რომელიც ორმა – ადამიანური რესურსებით ალბათ ყველაზე  ძლიერმა, პროგრამების მქონე და კარგადსტრუქტურირებულმა პარტიამ – თავიანთ ლიდერად გამოაცხადეს, ერთწლიანი მოთელვის მერე უცებ გასეირნება გადაწყვიტა, ცოტა ქანქარასავით იმოძრავა ორი დღე და სახლიდან ისე წავიდა, გასაღები არ დაუტოვებია მაგიდაზე…

где нас нет – там  хорошо!-ვო – რუსები ამბობენ…

არა მგონია, ალასანია ასე ადვილად იცვლიდეს ადგილებს (თუმცა იმ ორ დღეში აზრი რომ შეიცვალა 3-ჯერ, ფაქტია) . მგონი, უფრო ის იყო, რომ ვერ დაიჯერა თავისი ლიდერობა და საკმაოდ ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, ერთი შეხედვით: ძლიერებიდან – სუსტებისაკენ და აღიარებული ლიდერობიდან – საჯილდაო პრიზიორობისაკენ…

მაგრამ იყო კი ეს ასე ერთმნიშვნელოვნად ალოგიკური ნაბიჯი? არ ვარ ამაში დარწმუნებული… ია ანთაძის აზრით, ალასანიას დიდი არჩევანი არც ჰქონდა, რადგან თუ ის არ წავიდოდა, მაშინ ლევან გაჩეჩილაძე გახდებოდა პრაიმერისტების კანდიდატი და ალასანია ორ ფრონტზე – სახელისუფლებო კანდიდატს და ლევანს – ნაღდად ვერ გაუწევდა კონკურენციას. ამიტომ მუჰამედის მთასთან მისვლა თითქოს ლოგიკური იყო… არმისვლა წაგების ტოლფასი გამოდიოდა, მისვლისას კი შანსი რჩებოდა, რომ ალასანია პრაიმერისტების კანდიდატიც გახდებოდა და არც ალიანსი გასწირავდა საბოლოდ… ასე რომ გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო, სუსტი, მაგრამ შანსი მაინც რჩებდა… თუმცა წასვლის ფორმა რომ ვერ იყო ზედმიწევნით დიპლომატიური, ამაზე ალბათ არავინ შემედავება…

მაგრამ ეს თითქოსდა ლოგიკური კონსტრუქცია მაშინვე ინგრეოდა, როგორც კი იქ ნოღაიდელის თვინიერი კონტურები იკვეთებოდა…

რომ მიდიხარ, ყოველთვის სჯობს სტუმრები დააზუსტო, მასპინძელზე რომ არაფერი ვთქვა!

ვითომდა საზოგადოებრივი დარბაზის მიერ ორგანიზებული ღონისძიების თეთრი ძაფით დალამბული ნაკერი სულ პრიწინ-პრიწინით გაიხა, როგორც კი ხალხმრავალი ღონისძიების დაწყებას ნოღაიდელის ხელისჩამორთმევა, ნოღაიდელის გვერდით ჯდომა, ნოღაიდელის სცენაზე ასვლა, ნოღაიდელის ტაში და ნოღაიდელის მადლობა მოჰყვა! ეს იყო ტიპიური „გასვრის“ ოპერაცია, მაზუთით, გუტალინით, ტორფით და შლამით,  თან – საყოველთაოდ დაფიქსირებული…

როგორ ვერ მოტვინა ეს ყველაფერი ირაკლი ალასანიამ?

დიპლომატმა, რომელსაც ფარიკაობის კლასი ჩურკინთან აქვს გავლილი?

როგორ, მე – პოლიტიკაში აბსოლუტურად უბირი ლუბიწელი ნოღაიდელის მოსვლის დღიდან ალმაცერად ვუცქერი და მისი თითოეული მძაფრი ლანძღვა სააკაშვილის მიმართ სულ უფრო მიმძაფრებს იმის რწმენას, რომ ის სპეცზაკაზს ასრულებს, და ალასანიას არ გაუჩნდა ეჭვი?!.. ხოლო მას მერე, რაც იმ ქვეყანაში, სადაც მსოფლიოში ცნობილი მომღერალი, ერისთვის საყვარელი კაცი და დიდი ქველმოქმედი, აბსოლუტურად არაანგაჟირებული პიროვნება მარტო იმიტომ აითვალწუნა რუსეთისთვის ქვეყნის ხელშიჩამგდებმა მთავრობამ, რომ მან გაბედა და რუსეთში საქმელმოქმედო კონცერტზე იმღერა (!) ,  ხოლო ბატონი ნოღაიდელი პუტინს შეხვდა, მადლობა მოახსენა (ნეტა რისთვის?), საქართველოს წაგლეჯილ მიწებზე კრინტი არ დაცდენია და „ედინაია როსიასთან“ პარტიული ხელშეკრულებაც გააფორმა, და ეს ისე, რომ გოკა გაბაშვილის, დავით დარჩიაშვილის და სხვა ღირსი პატრიოტების მხრიდან  თვალების მსუბუქი ელვისა და 18-გრადუსიანი სარკაზმის გარდა ბევრი არც არაფერი შეხვედრია, მე პირადად საბოლოოდ მივხვდი, რომ ბატონი ნოღაიდელის ფუნქცია ძალიან სწორხაზოვანია. – დაღლილი ვირობიდან იგი დასვრილ ვირად გადაკეთდა, ოპოზიციას უნდა ჩაეზრასტოს და მაქსიმალურად გასვაროს, რომ სააკაშვილმა ისევ ერთადერთ და განუმეორებელ პროდასავლურ ძალად მოახდინოს თავისი პოზიციონირება დასავლელთა გაბზარულ გულებში…

ჰოდა, აბა, ამ ჭაბუკ ალასანიას რა დაემართაო? – მეტყვით თქვენ… მე რა ვიცი?..

როგორ ვერ უნდა დაინახო შიშველი სიმართლე (აი, რეალ-ტივის დამღუპველი გავლენაც, მისი კალკებით დავიწყე ლაპარაკი!)…

ისე, ერთი რამ მინდა შევახსენო აქ დამსწრე და განრისხებულ საზოგადოებას, 12 მამაკაცი იქნება, თუ – 10,000 ქალბატონი: კრიმინალურ საზოგადოებაში ცხოვრება – დიდი სკოლაა! და პირიქით…

არ დაგავიწყდეთ, რომ ამერიკაში ორი სერიოზული დანაშაული: მართვის მოწმობების გაყალბება და ბენზინის წყლით გაზავება უბრალოდ არც არსებობდა, სანამ საბჭოთა კავშირიდან გამოსულებმა არ ჩაიტანეს ეს ნოუ-ჰაუ!

ჩემი ნათესავი 90-იანი წლების ბოლოს გერმანიაში ცხოვრობდა 2-3 წელი და რომ ჩამოვიდა, მეორე დღესვე ტროლეიბუსში გაქურდეს… გვერდით დაუჯდა ახალგაზრდა, რომელსაც ცელოფნის დაკეცილი დიდი შავი პარკი ეჭირა და… შარშან მოვაგონე ეს შემთხვევა და მითხრა, ახლაც კი როცა ცელოფნიანი ან ჩანთიანი მამაკაცი მარშრუტკაში ამოდის, უნებლიედ ვიძაბები და მილულული თვალებით თვალყურს ვადევნებო…

ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ იმდენი რამე გვანახა ამ მთავრობამ, რომ მე პირადად – არ არის დარჩენილი, მაპატიეთ და, ჩათლახობის რაიმე თეორიული ვარიანტი, – რომელსაც მე ამ მთავრობისაგან არ ველოდები… ხოლო ალასანიას, რომელმაც ბოლო 4 წლიდან აქ მხოლოდ ერთი გაატარა, ჯერ კიდევ არ გაუჩნდა ის შეგრძნება, რასაც ჩემი ნაცნობები კონსპიროლოგიურ თეორიას უძახიან, რომ „ყველა ადამაინი, თუ მას კარგად დააკვირდები, საეჭვოდ შეიძლება მოგეჩვენოს“ (“მაღალი ქერა მამაკაცი შავი ფეხსაცმლით”)…

მოკლედ, ალასანიამ იფიქრა, რომ ლევანთან მიდიოდა და დაარწმუნებდა… ალასანიამ იფიქრა, რომ კუკავასთან, ძიძიგურთან და დავითაშვილთან მიდიოდა და მათ პრაიმერს გადააფიქრებინებდა (ანდა, მაშინ არც ეგონა ესეთი საშიში ეს პრაიმერი), ალასანიამ იფიქრა, რომ თუ ნოღაიდელს  ცივად შეხვდებოდა და დისტანციას დაიკავებდა, ეს საკმარისი იქნებოდა; რომ საზოგადოებრივი დარბაზის დაძახილზე მისვლა არ იყო პოლიტიკურ პოლაპარაკებებზე ჩუმად მისვლა, რომ მისი კოზირი სახალხოობა იქნებოდა…

 

მაგრამ ერთია, რა იფიქრე შენ და მეორე – რა დაგეგმა შენმა მოწინააღმდეგემ…

ასე რომ მოხდა ის, რაც მოხდა და პირველი ტაიმი სრული კატასტროფა იყო – 0:1, 1:3, თუ 2:7 – არ ვიცი…  ჩიტი ბდღვნად არ ღირდა:  ალიანსი – დაშლილი, ალასანია – დელიდერიზებული, ნოღაიდელი – ხელთდასმული და ტაშდაკრული, გაჩეჩილაძე – რეინკარნირებული, კუკავა და დავითაშვილი – ალიანსის დაშლით აღტყინებულნი (ისე, დავითაშვილს არ უნდა დავუკარგოთ ჭადრაკის სასახლის ტრიბუნიდან შემრიგებლური და გამაერთიანებელი მოწოდებები, თუმცა რამდენად გულწრფელი იყო და რამდენად პატერნალისტურად თავზე  ხელისგადამსმელი – ეს სხვაა) და ხელისუფლება – მედიდურად გაამაყებული. დაფნის გვირგვინებს წნიდა გოკა გაბაშვილი – მიშასათვის და ეკლისას – ნუგზარ წიკლაური და ხათუნა ოჩიაური – ოპოზიციის ლიდერებისათვის: – “პუტინისტებია მაგნები ყველა! მოღალატეები და პუტინისტები… დასაჭერია, დასაკლავია” (ამ დროს მთავარ დასაჭერზე შეკითხვის დასმაც კი არ უცდია ვინმეს, არ უკითხავს, შვილო, იქ რომ იყავი, რა ქენი, რას მოაწერე ხელი, რამე მოღალატური ხომ არ ჩაგიდევს მაგ ოქროს გულშიო?…)

და ყველაზე ცუდი – საზოგადოება, რომელიც ადვილად მოტყუვდა, მივიდა გაჩეჩილაძის და ალასანიას ერთობის, საერთოოპოზიციური ერთობის, საერთოოპოზიციური კანდიდატის მოლოდინით და იხილა იგი ნოღაიდელი ნიმბით და სკიპტრით, ღონისძიების დამგეგმავი და დამფინანსებელი, სირიუსი კაშკაშა ზაფხულის ღამის ცაზე და სიზმარში…

ეს იყო კოშმარი!

მაგრამ მერე რაღაც საოცრება მოხდა – ალასანია დაბრუნდა, ალიანსი არ დაიშალა, ფსევდოერთობა გაფასდა, გაჩეჩილაძემ დაამუხრუჭა, პრაიმერისტებმა პრაიმერი დაივიწყეს, მოულოდნელად დამარცხებიდან გამოსულ ალასანიას გარკვეული მხარდაჭერა გამოუცხადეს ეროვნულმა ფორუმმა და სალომე ზურაბიშვილმა… ხელისუფლებამ „აკოპებში“ დაიხია და დაიბოღმა, ნოღაიდელის მიუღებლობა უკვე ლამის ფაქტად იქცა… ნოღაიდელიც იძახის, არც არაფერს ვაფინანსებ, ვზივარ ჩემთვის კუთხეში და პრიმუსს „ვაპაჩინკებო“…

რა მოხდა? ვისი დამსახურებაა ეს?

ყველასი!

– ალიანსის, რომელმაც ძალიან მძიმე დარტყმა მძიმედ, მაგრამ მაინც, გადაიტანა და არ დაუწყია მერყეობა, რა უნდა დაეთმო… (განსაკუთრებით გამოვყოფდი სოზარ სუბარს, რომელმაც ყველაზე მოზომილი და ზუსტი კომენტარების გააკეთა).

 

– ალასანიასი, რომელმაც „ჩაიდინა“ ის, რაც  დღემდე არცერთ ლიდერს საქართველოში არ გაუკეთებია – ა) აღიარა, რომ მისი ნაბიჯები რისკიანი იყო და მას არ აქვს ისეთი მასშტაბის პოლიტიკური გამოცდილება, როგორც მის უფრო გამოცდილ თანამებრძოლებს, ბ) აღიარა, რომ წასვლა არ იყო სწორი და უკან დაბრუნდა, გ) არ გაცვალა პოლიტიკური კაპიტალი ძმაბიჭურ დივიდენდში.

 

– ლევან გაჩეჩილაძის, რომელმაც დროზე დაასტოპა და არ დაიწყო ალასანიას გადმობირების სრულმასშტაბიანი ოპერაცია (არადა, ეს მხოლოდ მას შეეძლო ამ „რასკლადში“).

 

– გოგა ხაინდრავასი, რომელმაც დარმწუნებული ვარ სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ მოვლენები ასე განვითარდა და არა – სხვაგვარად. არაა გამორიცხული – გია ყარყარაშვილის მსგავსი როლიც.

 

– პრაიმერისტების, რომლებმაც არ განიცადეს თავბრუდახვევა წარმატებისაგან და უკან დაიხიეს, როცა გაიაზრეს, რომ მოსალდნელ მარცხზე და „მოტაცებებზე“ მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათზე შეიძლებოდა გადმოსულიყო.

 

– სალომე ზურაბიშვილის, რომლის მენდეს მესიელისეული კოორდინატორის და გამაერთიანებლის ფუნქცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ მის ემიგრანტულ უნარ-ჩვევაზე მომენტალურად გაარჩიოს რუსული კვალი და საიდან ქრის ქარი…

 

– ეროვნული ფორუმის, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ სიტუაციით „ქართულპოლიტიკურად“ ესარგებლა  და წაბარბაცებული ალიანსისთვის პირველობის მოპოვების მიზნით წიხლი დაეჭირა, დროულად მიხვდა, რომ ნაცმოძრაობისაგან მსგავსი და უარესი წიხლის მიღებამდე მხოლოდ 3 თვე აშორებდა და უაღრესად სწორი საზოგადოებრივი პოზიცია დაიკავა…

 

– საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელობის (ასევე – ქართული აკადემიისა), რომელიც მიხვდა, რა შარში გაჰხვია ნოღაიდელმა და „ვის უხმობდა (შუშის სასახლიდან დარეკილი) ზარი“…

 

– და პრესის იმ პატიოსანი და დაუღალავი მუშაკებისა, რომლებიც „ჰავლაბრის ტურფების“ საპირწონედ არიან „მარილი ქუეყანისა… ნათელი სოფლისა…“, რომელთაც გარკვეული ცდუნების მიუხედავად მოახერხეს და ამ მძიმე მომენტში არ აჰყვნენ ცეცხლზე ნავთის დასხმის ჟურნალისტურ სულისკვეთებას საზოგადოებრივ-მოქალაქეობრივი მრწამსის სასარგებლოდ.

 

მაგრამ – ყველაზე მეტად – თავად საზოგადოების, რომელმაც, დაღლილმა და გაუბედურებულმა, 20 წელს უდაბნოში მოლასლასემ და ხან ვისთვის შემფიცველმა და ხან ვისთვის დამჩოქებელმა, თვალდაბნელებულმა ხელისუფლებისაგან და ნაღალატებმა ოპოზიციის მრავალი მოღვაწისაგან, მოახერხა და სწორედაც რომ თავისი კრიმინალური და კონსპიროლოგიური უნარ-ჩვევებით საბოლოო ჯამში სწორად გაშიფრა, საიდან ლპებოდა თევზი, ვინ თამაშობდა დანიშნული კარტებით, ვინ იყო გულწრფელი და სადამდე, და რამდენად სურს ჭექა-ქუხილი გაზაფხულის პირას (რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ჭექა-ქუხილი საერთოდ გამოირიცხა ქართული მეტეოპორგნოზიდან!).  საზოგადოებამ, რომელმაც 2-3 დღეში თავისი სიჩუმით და მძიმე მზერით უთხრა ზოგიერთ ამჩატებულ პოლიტიკოსს – ემანდ კიდევ არ გადაგვაგდოთ, თორემ გაცხარებულ ცხვარს მგელიც და უნიათო ძაღლიც ერთნაირად გადასაქელად მიაჩნიაო!..

 

შეგვძლებია!

დანახვაც შეგვძლებია, სწორად შეძახილიც შეგვძლებია, მტყუან-მართლის და ნაღდ-მაცდურის გარჩევაც შეგვძლებია და უკანდახევაც შეგვძლებია დროულად, მაშინ როცა კინაღამ დავადგით ნაღმს უკვე ფეხი! სწავლაც შეგვძლებია…

ასე ამოვქაჩეთ წაგებული პირველი ტაიმი სწორედ ამ დამალული გოლის – საზოგადოებრივი სიბრძნის წყალობით.  

და იმის წყალობით, რომ ნელ-ნელა ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე.

 

მტკივნეულად, ბარბაცით, შეძახილებით, დაგინებით, ყოყოჩობით, ცხვირისწატეხვით… მაგრამ ვსწავლობთ…

წინ ბევრი გასაჭირია, ბევრი წყალქვეშა ქვები და ტორპედოები, ზურგში ჯიკავი და სახეში ნასროლი ტალახი, ბევრი ფული იმისთვის, რომ ნამუსი აგვხადონ და ბევრი ფეკალური მასა, რომ გაგვაქციონ… მაგრამ დიდი ბზარი აქვთ გაჩენილი, თუნდაც იმ სწორუპოვარი ხერხემლის კუდუსუნთან – მეთოდებიც დაუძველდათ, მხარდაჭერაც აღარ აქვთ, ფულიც უთავდებათ და ერთმანეთის იმედიც გაუტყდათ… და ვერც ვერაფერს სწავლობენ, გარდა იმისა, რომ ფეირვერკებს უშვებენ და ყვირიან – „მიშა მაგარია, მიშა ბაზალტია!…”

 

ცოტაც უნდა გავიჭირვოთ, ცოტაც უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია, თუ ეს ამერიკელმა შავკანიანებმა შეძლეს 40 წელიწადში, ჩვენც უნდა შევძლოთ… ჩვენც უნდა მოვახერხოთ გაერთიანება იმ მტრის წინაშე, რომელიც ყველაფერს ჰყიდის – უკვე ყაზბეგს და გუდაურსაც, “მზიურზე” და ენგურჰესზე რომ არაფერი ვთქვათ…

 

და ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა გამარჯვება – არა ყვირილით და ფანფარონობით, არამედ -ენისმოკვნეტით, გაჭირვებაში თანადგომით და რწმენით, რომ ჩვენ ხალხი ვართ და არა ნახირი, არა – „ცხოველების ფერმა“!

 

და სწორედ ეს არის იმ იმედის მთავარი ძალა, რომ ჩვენ – ვინც ნელა, ბორძიკით და ტკივილით, მაგრამ მაინც – ვსწავლობთ, უნდა გავიმარჯვოთ!

უნდა გავიმარჯვოთ იმათზე, ვინც   ვ-ე-რ-ა-ფ-ე-რ-ი   ისწავლა ამ 6 წლის მანძილზე!

და ვინაც პარლამენტში „რა კარგია, რომ გვეწვიეთ, ოდელია დელია!“ მორიგი შოუ დადგა – დაღუპულთა სახელებით, გვირგვინებით და ჭირისუფლებით, „შესრულებულიას!“ ძახილით (იმაზე, რაზეც წესით – „ჩასვრილია!“ უნდა ეძახათ),  17-ჯერ ბრეჟნევულად დაკვეთილი ტაშით,  პატრიარქის წინ კამერისთვის ჩამუხლებით და პირველ რიგში დასმული რეპატრიანტით, რომლის პიცერია გადაარჩენს თურმე საქართველოს!

 

თამაში არ დამთავრებულა…

 

—————————————————–

2:1-ს ვიგებთ, მეგობრებო!

მატჩი გაყიდულია, სამივე მსაჯი ნაყიდია. ყველა ჩვენს ფეხბურთელს დაამტვრევენ ან ეცდებიან მორალურად დაასახიჩრონ. ჩვენს კარს უკან მდგარი ყოველი მეორე „ფოტოგრაფი“ სინამდვილეში კასტეტით შეიარაღებული აგენტია. თოვს და მოწინააღმდეგე თერმოკომბინიზონებით თამაშობს, ხოლო ჩვენები – ფეხშიშველი არიან (მსაჯმა – არასტანდარტული ბუცები გაქვთო!). და გარდა იმისა, რომ უკვე 2 მოთამაშე გაგვიგდეს და 2-ს კიდე ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ამას ისიც ემატება, რომ ჩვენს გუნდს მწვრთნელი არა ჰყავს!

არც არასდროს ჰყოლია…

ტრიბუნებზე ყოველ გასასვლელში „მუსიკის ჰანგების“ მსგავსად ძაღლებიანი ზონდერები დგანან და ხალხს ათვალიერებენ, რომ ვინმეს  ტაში და შეძახილი არ დაცდეს ჩვენი მისამართით…

მაგრამ ხალხი – ჩვენია!

და ეს ქვეყანაც ჩვენია! სხვაგან ჩვენ – უცხო ლტოლვილები ვიქნებით.

ეს კიდე ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი წინაპრების საფლავების ქვეყანა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართულად ლაპარაკობენ და წერენ ათასწლეულებია.

ქვეყანა, რომელიც არცერთ ქვეყანაზე ნაკლები არ იქნება, თუ მოვუვლით და სხვა ქვეყნის „სამოთხეზე“ არ გავცვლით.

 ჭკუით, ქართველებო, ჭკუით!..

Advertisements


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s