რა გველოდება გზაჯვარედინზე?


ვინ იქნება მიშას სისტემის ხერხემალი, როცა მიშა აღარ იქნება?

მე არაფერი ვიცი ზურაბ ადეიშვილზე. ია ანთაძე მას ძალიან სერიოზულ კადრად მიიჩნევს. შეიძლება ეს ასეცაა.

 როგორც მარტინ ბორმანი არ იყო თავად გერმანელებისათვის მაინცდამაინც ნაცნობი, მაგრამ რაიხის იერარქიულ სამეულში თუ ოთხეულში შედიოდა, ასევე ჩვენს არსებულ კლანურ სისტემაშიც ვერ ვიტყვით, ვინ ვინაა. აშკარაა, რომ ჩანგლების წინააღმდეგობის სარდალი ბატონი ბაქრაძე არამცთუ მეორე პირი არაა ქვეყანაში, არამედ ვეჭვობ რეალური გავლენით მეორე ათეულში მაინც შედიოდეს.

ადეიშვილის ანგარიშში არმიღება დიდი შეცდომა იქნება, რადგან ხშირად სწორედ ასპარეზზე გამოუსვლელი კაცი ხდება მთავარი ფიგურა და მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ მას შეიძლება “გაუსვრელის” მანტია მოარგო.

მაგრამ თუ დროებით (!) ადეიშვილს თავს მივანებებთ,  მაშინ რჩება ორი პოტენციური კაცი, ვისაც ნაცმოძრაულ-კლანური ბანაკის წევრები მხსნელის ხატად შეიძლება მიიჩნევდნენ:

ვანო   და    გიგი. 

1) გიგი – მოკლედ

გიგი უგულავა რეალური და ფორმალური ლიდერია.

ადვილად წარმომიდგენია გიგი მიშას ადგილზე და (არ გაგიკვირდეთ), მგონია, რომ დღეს გიგი უკეთესი პრეზიდენტი იქნებოდა, ვიდრე მიშაა.

მაგრამ ამავე დროს ისიც მესმის, რომ გიგის გაპრეზიდენტება იქნებოდა ნაბიჯი წინ [დღეს] და ათი ნაბიჯი უკან [ხვალ და ზეგ]. 


გიგის ეყოლებოდა ბოკერია – საგარეო სახე, რამიშვილი (იდეოლოგი ბორმანი), გიგი თევზაძე (განათლების მამა და შტურმბანფიურერი) და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ადვილად მოახერხებდა ინწლიგენციის “რენესანსს”. მერე ინგლისურს და მანერებს გაიუმჯობესებდა. ლამაზი მეორე მეორე ნახევარიც წაადგებოდა პირველლედობაში. არაა გამორიცხული, რომ ყოფილ სტიქაროსანს ეკლესიური შერიგებაც გამოუვიდოდა – რატომღაც მჯერა, რომ პატრიარქის ირგვლივ ზოგი იქნება მისი ფარული გულშემატკივარი…

2) ვანო – მოკლედ

მაგრამ, აი, როგორ იქნება ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტის ადგილზე, მე ეს ვერ წარმომიდგენია.

იგი არაა „პაბლიქ ფეისი“. მან არ იცის ურთიერთობა ხალხთან და კიდევ უფრო – მედიასთან. „ვანოს შოუს“ რამდენჯერმე ჩაწერის მიუხედავად, მგონი, არავინ დავიჯერეთ, რომ მისგან ან რეიგანი გამოვა როდესმე, ან, თუნდაც – პუტინი (და არ დაგავიწდეთ, პუტინის მედიასთან „ძიალოგს“ ატომური ბომბები და გაზსადენები უმყარებს საფუძველს, თორე არც ისაა მედიის ნებიერი პოლიტიკოსი). მას არ გამოუვა ურთიერთობა დასავლეთთან. მისი რეპუტაცია, როგორც ნარკობარონობაში და ბიზნესსა და მედიაზე ძალადობაში ეჭვიმტანილისა, ადვილად ვერ გაირეცხება. და თან იგი ვერასდროს იქნება საქართველოს ეკლესიის შვილი, გამომდინარე მისი კონფესიური კუთვნილებიდან. 

მაგრამ ხომ სწორედ ვანო მერაბიშვილია დღეს საქართველოს ხერხემალი?
ხომ იგი აკონტროლებს სამინისტროების 3/4-ს?
ხომ იგი აკონტროლებს პარლამენტის 3/4-ს?
ხომ იგი აკონტროლებს ძალოვანი სტრუქტურების 5/6-ს? (მგონი პროკურატურაზე – უკანასკნელ ადეიშვილისეულ ფორპოსტზეც – დაიწყო შეტევა)

და მგონი პრეზიდენტის დაცვაშიც ვანოს პოზიციები ისეთია, რომ ალბათ პრეზიდენტს მხოლოდ ისეთივე იმედი უნდა ჰქონდეს საკუთარი დაცვისა, როგორც შევარდნაძეს ჰქონდა 2003-ის ბოლოს… თუ – უარესი არა…

ასე რომ დღეს საქართველოში სახელისუფლებო ცვლილების მთავარი ინტრიგა იმდენად მიშა-2 კი არაა (უგულავა “იდეალური” მიშა2-ია სახელისუფლებო წრეებისთვის), არამედ… ვანო-2!

ვანო2 იქნებოდა ადამიანი, რომელიც სამუდამოდ შეინარჩუნებდა ვანოს და რომელიც ვანოს მისცემდა მას, რაც არ გააჩნია – იმიჯს, დასავლეთისათვის მეტ-ნაკლებ მისაღებადობას (ფორმალურს მაინც), და ყველაფერ იმას, რითაც ვანო ჯერჯერობით უგულავასთან და ლიბერტისტებთან აგებს…

3) ნოღაიდელი – ვალეტკაროლი 

ამიტომ, არ ვიცი, როგორ წავა მოვლენები, მაგრამ, მგონი, ვანოსაც სჭირდება ზურა და ზურასაც ჭირდება ვანო! 

არ დაგავიწყდეთ, მათ ერთმანეთთან, ტკბილი – არა, მაგრამ, ასე თუ ისე, მისაღები, თანამშრომლობის წლები აკავშირებთ.

და კიდევ ერთი რამ, – ზურა ნოღაიდელი ძალიანაც მისაღები იქნება ყველა იმ ნაცმოძრაობული პირისათვის, ვინც დღეს არაკომფორტულად გრძნობს თავს, (ბარამიძე, მაჭავარიანი, გოგორიშვილი, კუბლაშვილი, წიკლაური, თევდორაძე, გილაური, წერეთელი, თოდუა, გივიიიიი…), რადგან ხედავენ, რომ მეფე შიშველია.

ის, რომ ორი ადამიანი ერთმანეთისათვის კონგრუენტულია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი ისევე განწირულნი არიან ერთად ყოფნისათვის, როგორც პაზლის მეზობელი ელემენტები. მაგრამ ამის შანსი საკმაოდ მაღალია, თუ უკვე – 50% მეტი არაა… 

წაგებული არც მიშა იქნება… 

ამ ვარიანტში წაგებული მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, რადგან ნოღაიდელი იმდენად წარმატებულიც კი ვერ იქნება, როგორც იგი ადრე იყო და 2-3 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკური კოლაფსი კიდევ ერთი ლურსმანი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის კუბოზე, რომელიც, თუ ჩვენი თავდადება, დასავლეთის მკვეთრი თანადგომა და დიდი იღბალი არა, – რუსული კრემატორიუმისთვისაა განწირული…



ავტორი: გიო საიდან გვწერთ: ვირჯინიიდან

25.01.2010 23:45

სოლომონ, კი ვხედავ თქვენს ლოგიკას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიშა არსად წასვლას არ აპირებს და თუ მიშა წავა (ციხეში ან ემიგრაციაში, აბა სხვაგან სად უნდა წავიდეს?!) მთელი ნაც-ბოლშევიკური ელიტაც თან მიჰყვება. ამიტომ მიშას ნაც-ბოლშევიკ შემცვლელზე საუბარი ტყუილად დროის კარგვა მგონია. მაპატიეთ, უხეშად თუ გამომივიდა.

პასუხი გიოს (ვირჯინიიდან)
——-

არა მგონია, რომ ყველა წაყვეს. თუ ვანო დარჩება – გიგის ხალხი წაყვება, თავისუფლების ინსტიტუტი, ფსევდოზაპადნიკები-რამე…

გაშვებით გაუშვებენ. მიშამ ძალიან ბევრი რამე იცის და თან ვანოს შეიძლება ბევრი რამ გავუხსენოთ, მაგრამ მგონი კარგად ხვდება, რომ სერიოზული ჯახი მას ჯვარს დაუსვამს. ამიტომ, არც ბუნტი აწყობს, მაგრამ 7 ნოემბერსაც არ გაიმეორებს თავისი ინიციატივით. ამიტომ ვანოს მთავარი კოზირი დასავლეთთან სწორედ ეს იქნება – მიშა ვეღარ მართავს ამ ქვეყანას – მე შემიძლია… რამდენად დაუჯერებენ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ არჩევნებზე არ წავედით, ამერიკა მიხვდება, რომ ვანო ისევე მისაღებია საქართველოში, როგორც ალიევი – აზერბაიჯანში…

ავტორი: კაპიტანი საიდან გვწერთ: სხვადასხვა

25.01.2010 23:46

ანუ, ნოღაიდელს იმხელა ავტორიტეტი ექნება დასავლეთის თვალში, რომ შეუძლია სხვებსაც კი დაუდგეს თავდებად მის წინაშე? თამამი ვარაუდია, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ბევრ პოლიტიკოსთან ურთიერთობს იგივე აშშ-ში.

——————————————–

პასუხი კაპიტანს

——-
რა თქმა უნდა, არ ექნება! მაგრამ რა ავტორიტეტი აქვს ან ალიევს და ან სარგსიანს? არაფერი – სტაბილურობას ინარჩუნებენ… მიშას მთავარი ნაკლი ისაა, რომ სტაბილურობას ვეღარ ინარჩუნებს და საერთოდ, მგონი უკვე მასთან საუბარიც კი არ უნდათ. არამცთუ ფეის-თუ-ფეის, არამედ – ტელეფონითაც. და ეს „უკრაინული თვითშემოქმედება“ – „დამკვირვებელთა დესანტი“ კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა დასავლეთს, რომ მიშას თუ არ მიხედეს, “…საქმეებს იზამს ეგეთსა, გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეთ თავებსა…” 

რა თქმა უნდა, არც ნოღაიდელი და არც ვანო დასავლეთისთვის სასურველი კანდიდატურები არაა ქვეყანაში, სადაც მათ ბევრი ჩადეს და რომელიც უკანასკნელი ფორპოსტი შეიძლება გახდეს დემოკრატიისათვის სნგ-ურ სივრცეზე 7 თებერვლის მერე… მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ ჩვენ მოვითმენთ გაყალბებას და ბასიშვილ-თარგამაძის ზონდერების თარეშს, ამერიკას სხვა არაფერი დარჩება, თუ არა – მოითმინოს ვანო… დროებით მაინც…

რა თქმა უნდა, ამერიკას და დასავლეთს ერთ თვეში შეუძლია ვანოს და ნოღაიდელის აორთქლება – საკმარისია ტრანშების კრანტი დახურონ და როცა პოლიცია ხელფასს ვერ მიიღებს, პოლიცია უფრო საშიში გახდება მთავრობისთვის, ვიდრე ომწაგებული ჯარი შეიძლებოდა ყოფილიყო… მაგრამ ამ მეთოდში არეულობის მაღალი პოტენციალია… და რა აჯობებს, ლაჩო უფრო მოახერხებს დათვლას ნეშურად… 🙂

ავტორი: ირაკლი საიდან გვწერთ: Philadelphia

26.01.2010 00:02

სოლომონ,

და ოპოზიცია? მაგალითად ალასანია, ბურჯანაძე, გრეჩიხა,…?
ნათელაშვილის ადგილს კი ვხედავ-უცვლელია, მაგრამ სხვები?:)))


——————————————-

პასუხი ირაკლის  (ფილადელფიიდან)
———-

არ ვიცი, არ ვიცი… რატომღაც ასე მგონია, რომ ალიანსის მხრიდან მინიმუმ ფორუმთან, ხოლო სასურველია გაჩეჩილაძესთანაც მიიღწეს რაღაც შეთანხმება. სხვანაირად შანსები დაბალია (გაყალბების პოტენციალის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა)… და საერთოდ მე იმაზე ვეცადე მელაპარაკა, ვანოს რა შეიძლება აწყობდეს… ფაქტი ერთია, ხარატიშვილის დანიშვნა სამი კანდიდატიდან ყველაზე ნაკლებად აწყობდა ალბათ უგულავას, თუმცა ფორმალურად კი მისმა შვილობილმა „ალპემ“ დაასახელა სწორედ ხარატიშვილი, მაგრამ ესეც შეიძლება კვალის აბნევის ჭკვიანური ხერხი იყოს… საერთოდ კი მთავრობას კი აწყობს უგულავა, მაგრამ აწყობს უგულავა ისე გავიდეს, რომ ყურებით იყოს დაჭერილი და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდეს მისი გაკონტროლება… 

4) „დასავლეთმა გვიღალატა…“

ია ანთაძემ რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გააკეთა ბოლო ოცწლეულის პრორუსული პოლიტიკოსების ანალიზი (http://www.tavisupleba.org/content/article/1938369.html). დასკვნა ასეთია – არცერთ პრორუსულ პოლიტიკოსს (ჯუმბერ პატიაშვილი ალექსანდრე ჭაჭიათი, მამა-შვილი გიორგაძეები, ვახტანგ რჩეულიშვილი, ასლან აბაშიძე… მე გიორგი შენგელაიას, ვალერი კვარაცხელიას და გრიშა ონიანსაც დავამატებდი, კოლორიტისთვის :)) არაფერი კარგი ჩამოთვლილ პირებს ამ აფიშირებული რუსლოიალიზმით არ მოუგიათ… ხოლო ნოღაიდელს კიდევ უფრო უარეს სასტარტო პოზიციიდან უწევს სპურტის აღება და ალბათ, ვერც ის მოიგებსო.

თუმცა, ის ფაქტი, რომ მაშინ სხვა დრო იყო, სხვადასხვა კუთხიდან შეიძლება დავინახოთ და შუქ-ჩრდილებიც სხვადასხვა გამოჩნდება…

აფხაზეთის ომში რუსეთისაგან ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებულმა მასშტაბურმა ოპერაციებმა, სოხუმის დაბომბვამ და აფხაზეთის მოგლეჯამ ისეთი დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას, რომ კარგა ხნით უზრუნველჰყო განვითარების დასავლური ვექტორის არამარტო სამთავრობო – არამედ სახალხო -უალტერნატივობაც. შენარჩუნებულ იქნა მიდგომა – რუსული კულტურა კარგია, მაგრამ რუსული სახელმწიფო საქართველოს არ გაახარებს. ვინმე დამცველი უნდა ვეძებოთ!..

დამცველიც მოიძებნა. დაიწყო ჯარის წვრთნა, მოვიშორეთ პანკისის ჭირი. ჯარი აღგვიჭურვეს კიდეც, ნატოში წევრობასაც დაგვპირდნენ, დემოკრატიის შუქურის სერტიფიკატი კედელზე იყო გაკრული და ყველაზე ახალგაზრდა და რეფორმატორი – “ნიუ-იორკ ტაიმსის” ფურცლებზე, როგორც გოდერძი შარაშიამ გაგვახსენა (რა გვეშველებოდა უმაგისოდ?!) ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკ-კეინმა ერთადერთ საკითხში მოახერხეს შეთანხმება – სააკაშვილის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენაში! (ის კი „დაავიწყდა“ პატ. გოდერძის, დღეს როგორ აზრიალებს ტანში ჰილარი კლინტონს სააკაშვილზე და რა კითხვები დასვა მან კონგრესში 2008 წ. აგვისტოს ომის პროვოცირების გამოძიების თაობაზე!)

მაშ, რა მოხდა ახლა?

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მანანა აბაშიძესთან ინტერვიუში (http://presa.ge/index.php?text=news&i=11979) ამბობს, რომ სადღეისოდ (2008 წლის აგვისტოს კატასტროფის შემდეგ) იმატა დასავლეთისადმი იმედგაცრუებამ.

ეს არცაა გასაკვირი, ჩვენი მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ ნატოს ქოლგა სანახევროდ უკვე გადაფარებული გვქონდა, რომ ბუშის ჩვენთან ჩამოსვლა უკვე ჩვენს გვერდით აშშ-ს მარადიულ დგომას ნიშნავდა (არა მარტო სახინკლეში, არამედ – ჭირშიც!), რომ რადგან ჩვენ 2000 კაცი გავგზავნეთ ერაყში, ამერიკა 2000 თვითმფრინავს გამოაგზავნიდა, თუ ვინმე რამეს გაბედავდა… მაგრამ აღმოჩნდა, რომ როცა ეს ჩვენთვის მოგონილი ზღაპრები ჩვენს „ერისმამებს“ (თუ „ერიშვილებს“!) თავადაც თავში აუვარდათ, არავინ დასავლეთში არ ჩათვალა აუცილებლად ჩვენებური მითოლოგიის პრაქტიკული რეალიზაცია!

თუმცა, აგვისტოს ომმა,  საბედნიეროდ, [ჯერჯერობით მაინც] არ მოგვცა პრორუსული განწყობის ზრდა.

აი, რას ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

——————–

„აგვისტოს ომმა თუ ერთი მხრივ დასავლეთის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვია, მეორე მხრივ რუსეთიც, კიდევ ერთხელ, აგრესორად გამოავლინა. ამგვარად, რუსეთის აგრესორობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ იმავდროულად საზოგადოების ერთ ნაწილში გაჩნდა კითხვა: ჩათრევას ჩაყოლა ხომ არ ჯობია? ანუ ხვდები, რომ რუსეთთან აგებ როგორც დიპლომატიურ ასევე პოლიტიკურ ბრძოლასაც – და ფაქტია, რომ ვაგებთ – და სწორედ ამან გააჩინა განწყობა: ხომ არ ჯობს, რომ რუსეთს მოვეწონოთ? თუმცა ვიმეორებ, – ეს არ არის ტოტალური განწყობა.

დასავლეთის მიმართ ახლა არსებული გარკვეული იმედგაცრუება მართლაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეს. ერთი მიმართულება ისაა, რომ მართლაც შეიძლება გაიზარდოს პრორუსული განწყობები. თუმცა, შეიძლება მეორე მიმართულებამაც იმძლავროს – დასავლურ სტრუქტურებში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მოთხოვნამ. რომელი მათგანი გადასწონის, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

თუ გაიზრდება დასავლური სტრუქტურების ზეწოლა რუსეთზე, ანუ გაჩნდება თუ არა რაიმე იმედი იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებისკენ თუნდაც მცირე ნაბიჯი მაინც იქნება გადადგმული. მაგალითად, გაჩნდება თუნდაც მცირე იმედი, რომ პერევიდან მაინც გავა რუსული ჯარი. აი ასეთი მცირე ნაბიჯიც კი გამოიწვევს დასავლური სტრუქტურების მიმართ ნდობის აღდგენას. ხოლო თუ დასავლური სტრუქტურები ვერ აღმოჩნდებიან თუნდაც, სულ მცირედ ქმედუნარიანები, მაშინ მართლაც შეიძლება, რომ დღეისათვის არსებული ნეიტრალიტეტის მომხრე განწყობები პრორუსულ ორიენტაციაშიც გადაიზარდოს.

დღეისათვის, ხელისუფლება რჩება რუსეთის პირისპირ როგორც ყრუ კედელი. პარალელურად, საქართველოში რაღაც ალტერნატიული ძალები ახერხებენ თვით პუტინთან შეხვედრას. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ასე ვთქვათ, პროქართულ მესიჯებს უშვებს. ცხადია, ეს ფარსია, მაგრამ ამან მაინც შეიძლება შეცვალოს საზოგადოების განწყობა.“

———————–

5) ნოღაიდელის ბანაკი – „რუსეთი ჩვენი მეზობელია!“

ახლა უკვე ნოღაიდელს მიემატნენ სახალხო პარტია და კონსერვატორები… რიგში დგას თემურ შაშიაშვილის „თეთრები“ და კოკო გამსახურდიაც საეჭვოდ დაეძებს ძებნილ და აქამდე მოუხელთებელ გიორგაძეს მოსკოვში…

ნოღაიდელისათვის ამას შეიძლება დიდი წონის მატება არ დაარქვა, მაგრამ მაინც არის სერიოზული მომენტი.

ნოღაიდელი, რომელიც შარშან დე-ფაქტო მარტო იყო აქციების დროს, უკვე მარტო არ არის…

ადამიანმა, რომელმაც გაბედა და შაჰ-აბასს შეხვდა (თან, გიორგი სააკაძედ ზურას არავინ განიხილავს და მარტყოფის საშიშროება პუტინს, ალბათ,  ნოღაიდელისგან ნაკლებად ელოდება, მედვედევისგან – უფრო :), მოახერხა იმ ხალხის კოალიციაში შეყვანა, რომელნიც ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძის დროშის ქვეშ არ დადგნენ. ამ დროს, თუ „ანტისააკაშვილიზმის“ ანალიზს მოვახდენთ, ბურჯანაძის „მონაცემები“ უფრო დასაჯერებელია „სტაჟითაც“ და „დამსახურებთაც“, რადგან მისი ახლობლები და პარტიის წევრები უფრო სერიოზულ დევნას განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ნოღაიდელი გამოირჩევა სააკაშვილის (და მერაბიშვილის!) მიმართ კატასტროფულად დამამცირებელი ეპითეტების მაღალი სიხშირით.

კონსერვატორების და სახალხო პარტიის ნოღაიდელთან (და არა ბურჯანაძესთან) ასოცირების მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ სამი:

ა) ნოღაიდელს დღეს მეტი ფული აქვს, ვიდრე ბურჯანაძეს,

ბ) პრორუსული პოლიტიკა უკვე არც ისე უპერსპექტივო ჩანს (განსაკუთრებით ძნელი კია ამის აღქმა, როცა საქმე გამსახურდიას და ძიძიგურს ეხება. ამ უკანასკნელმა ხომ რუსეთს ერთ დროს სარკინიგზო ბლოკადა გამოუცხადა).

გ)  ბურჯანაძე ამ ძალებს მხოლოდ როგორც მისი დროშის ქვეშ გაერთიანებულებს უყურებდა, ხოლო ნოღაიდელი, დროებით მაინც, – პარიტეტზეა თანახმა! არაა გამორიცხული თბილისის მერობაზე მან სწორედ ძიძიგურის, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობაზე – დავითაშვილის კანდიდატურები დააყენოს! ნოღაიდელის მხრიდან ეს მართლაც მოულოდნელი და ძლიერი სვლა იქნებოდა… თბილისის მერობა მისთვის მაინც ბევრი არაფერი ბედენაა…

თავად ნოღაიდელი დღევანდელ სიტუაციას ნამდვილად წარმატებად უნდა თვლიდეს.

ის დაბრუნდა პოლიტიკაში.

არ დაკარგა ნაშოვნი ფული. მისი მომხრეები მხოლოდ ოდნავ შეაჯანჯღარეს. მას აქვს გამოკვეთილი ნიშა და მსოფლიოში ყველაზე რისკიანი და საშიში პოლიტიკოსის/ქვეყნის აშკარა მხარდაჭერა. პოლიტიკოსები, რომლებიც მას შარშან ცხვირს უბზუებდნენ, უკვე მის გვერდზე დგანან და მისგან ელიან ქვეყნის გადასარჩენ ნაბიჯებს (და თანხებს!). და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ჯერჯერობით დასავლეთიც (ღიად მაინც) არ გამოთქვამს რაიმე შეშფოთებას. რაც, დამეთანხმეთ, სხვანაირად იქნებოდა, რუსეთს ნოღაიდელის ნაცვლად ასლან აბაშიძის ან იგორ გიორგაძის კარტი გაეთამაშებინა.  

მაგრამ ახლა ესეც ვნახოთ – ვანო კი არის კმაყოფილი?

ალბათ – არა… ვანოს უფრო „კრუპნი კოალიცია“ უნდა იხილოს ნოღაიდელის გვერდით – ბურჯანაძე, ფორუმი და გაჩეჩილაძე. ამ ამბავში ვანო და მიშა “ედინი” არიან… რაც უფრო მეტ ოპოზიციას დააყენებენ ვანოს გვერდით, მით უფრო ადვილად დააჯერებენ ობამას, რომ მიშას იქეთ ამერიკას გზა არა აქვს.  ადრე ასლან აბაშიძე იყო რუსული ბუა, მერე – იგორ გიორგაძე. ერის გასაერთიანებლად და ამერიკის დასაბმელად ეს საკმარისი იყო… ნოღაიდელი კი არაა ისეთი მასშტაბის „ბუა“, რომ დასავლეთი შეაშინოს. ამაზე სერიოზული მუშაობა მიდის და გაძლიერდება კიდეც… ბლუმბერგისგან, „გრინბერგ-ქვინლან-როსნერისგან“ და ჰელენა ბედველისგან, ასევე იმ ექსპერტებისაგან, რომლებიც სოკოებივით  მომრავლდნენ ნაომარი და ნაწვიმარი 2008 წლიდან (ანდრო ბარნოვი, ნიკა ჩიტაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ ჭყოიძე და სხვ…) ველოდები „სერიოზულ“ კვლევებს იმაზე, როგორი დიდი საფრთხეა ნოღაიდელის გამარჯვება და როგორ საშიშრად იზრდება მისი რეიტინგები… განსაკუთრებით მომწონს, ნიკა ჩიტაძე რომ ჩიტაძის ქუჩაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ აძლევს ინტერვიუს… არის ამაში რაღაც “დამთხვეული” :).

ეს წერილი გუშინწინ დავიწყე, მცირე ნაწილი „იანეთში“ განვათავსე. მერე ვიფიქრე, რომ იმ წერილების და გამოსვლების ფონზე – სალომე ზურაბიშვილის, ნინო ბურჯანაძის, დავით უსუფაშვილის, დავით გამყრელიძის და ირაკლი ალასანიას – რომლებიც, საკმაოდ არაორაზროვნად, გაემიჯნენ რუსეთთან მოლაპარაკების გზით ხელისუფლებაში მოსვლის მოკრძალებულ ხიბლს, ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ ნოღაიდელის გასაძლიერებლად… ნოღაიდელის გინება იყო აუცილებელი… ანუ – მეტი გინება და უდიდეს საფრთხედ წარმოჩენა.  როგორ მოუძღვის წითელ არმიას ცხენზე ამხედრებული ნოღაიდელი როკის გვირაბში… და მართლაც უკვე დღეს ნაცტელევიზიებმა სწორედ ასეთი რეპორტაჟები შემოგვთავაზეს. შემიძლია დაგენიძლავოთ, რომ უახლოეს ხანებში ნოღაიდელის პარტაქტივისტების მიმართ რაიმე პროვოკაცია განხორციელდება და ბატონი ზურაბის მხრიდან სააკაშვილის და მისი მთავრობისადმი ადექვატურად კიდევ ბევრჯერ იქნება გამოყენებული „ლაჩარი“, „უტვინო“, „მიწაზე მფორთხავი“…

მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ ზემოთდასახელებული ოპოზიციური ძალები არ გადავლენ ნოღაიდელის მხარეს და არ მისცემენ ხელისუფლებას იმის ბედნიერებას, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრან:

– ა, ბატონო, ხომ გეუბნებოდით, ეგენი ყველა პუტინის დამქაშები არიან! ახლაც არ დაიჯერებთ, რას გადავარჩინეთ ქვეყანა 2007 წლის 7 ნოემბერსო?!!!!

არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ქალბატონ სალომეს ლაკონური სიტყვა მომეწონა ძალიან. ვეთანხმები – არც რუსეთთან არჩევნებზე წინმსწრები მოლაპარაკებებია საჭირო და არც მიშასთან კულუარული საუბრები. http://www.facebook.com/profile.php?v=app_2347471856&ref=profile&id=100000280976960#/note.php?note_id=298684222811

6) ისევ გიგი

მიშა ჯერ არ ჩამომხტარა ცხენიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელის გამარჯვება (თუ ეს ფარსიდან რეალობად იქცა ვანოს წყალობით) მიშას პირადი მმართველობის ბოლო იქნება, ის მაინც აქტიურად არ და ვერ აღუდგება ამას. მაგრამ ფარულად გულში მას მაინც ამის იმედი აქვს.

თუ ჩემი ვარაუდი სწორია, და ნოღაიდელზე ფსონს ვანო დებს (სხვათა შორის, ვუშვებ, რომ დღემდე ეს ნოღაიდელმაც არ იცის ზუსტად), მაშინ მიშას ძალიან შეზღუდული არჩევანი აქვს – უნდა, არ უნდა – უგულავაზე უნდა ჩავიდეს…

ანუ მიშას იმედებით (ალბათ, საღამოობით უნდა ილოცოს კიდეც ამაზე) სწორედ უგულავა იქნება [ვითომ]დასავლელი [ვითომ]მზეჭაბუკი, რომელიც ჩამავალი მზის სხივებზე ჩრდილოელ ურჩხულს – პუტინს და მის მოციქულ ნოღაიდელს (თავისი ბანაკით) “დაამარცხებს”! სწორედ უგულავაზე უნდა დადოს ფსონი დასავლეთმა, სწორედ უგულავას დააპიარებს მთელი შუბოსანი ლიბერალები (ბოკერია, ლევან რამიშვილი, გია ნოდია, ალექსანდრე რონდელი, დავით პაიჭაძე და გიორგი არველაძე თავისი (გიგის!) „იმედით“!

ერთი საინტერესო კითხვა – რა იყო ის „ნიუსვიქური“ წამოცდენა? როგორ გაბედა ქალაქის ტექნიკურმა და სამეურნეო ფიგურამ იმის პრეტენზიის გამოჟღავნება, რომ სწორედ მან იცის, რუსეთის დიდ ლიდერს პუტინს რა უნდა შევთავაზოთ და რა უნდა მოვთხოვოთ ნატოს სანაცვლოდ? მართლაცდა, გიგი უგულავა ნამდვილად არ შედის იმ ხუთეულში, ან ათეულშიც კი, ვისაც თანამდებობრივად ეკუთვნის  შეეძლოს საგარეო ვექტორებზე და პრიორიტეტებზე ლაპარაკი, მით უფრო, – არა „24 საათთან“ ან თავის მშობლიურ „პრაიმ-ტაიმსა“ თუ „იმედთან“, არამედ – „ნიუსვიქთან“, თანაც – რუსულ „ნიუსვიქთან!“ პარლამენტის დეპუტატებსაც კი თავისი აზრის გამოთქმის მეტი უფლებამოსილება გააჩნიათ ქვეყნის საგარეო კურსის საკითხებში, ვიდრე “მეურნე მერს”!

და რა იყო ეს? ან რატომ წაიღო ასე სწრაფად მერმა უკან ის სიტყვები, რის გამოც მას ანტი-ნაცურმა, მაგრამ ლამის იმავე დოზით ანტიდასავლურმა „ასავალ-დასავალმა“ მყისიერი ინდულგენცია გამოუტანა?

ორი ვარიანტია…

ან უგულავა ისე გაგიჟდა მოახლოებული ბედნიერებით, რომ ლოჯისტიკის ნაპოლეონობის მერე ისევ რაღაც აცუნდრუკება დაემართა და თავი უკვე პრეზიდენტის სავარძელში წარმოიდგინა… მაგრამ ისე დაუქნიეს ხელი, რომ სასწრაფოდ მოეგო გონს…

ანდა… ერთ დღეს პუტინს მოუსინჯა კბილი (წაეფლირტავა) და მეორე დღეს კი დასავლელები „დაარწმუნა“, თქვენი ვარ, თქვენთვის მოკვდებიო!..

თუ ეს ასეა, საკმაოდ ნიჭიერად და შეგნებულად (!) უთამაშია სანტინო (სონი) კორლეონეს როლი რუსეთის თვალში… გახსოვთ, ალბათ, როცა ტარტალიას კლანი დონ ვიტოს ნარკოტიკების ბიზნესში ერთობლივ მუშაობას შეთავაზებს, დონ ვიტოს უარის ფონზე სონი წამიერად გაამჟღავნებს თავის ლოიალობას, რომ ეს წინადადება არც ისე ცუდი აზრია… და ამით იმის განცდას შეუქმნის სალაცის, რომ თუ მოხუცი მამა აღარ იქნება, ბიჭებთან მოლაპარაკება არ იქნება ისე ძნელი…

უკან გადათქმამ კი კვაჭი კვაჭანტირაძე გამახსენა, პადრუჩკგაყრილ ორ საყვარელს ერთდროულად რომ ჩქმეტდა მკლავზე – „ერთგულების“ ნიშნად და ამით ორივეს უნიშნავდა პაემანს: ერთს – შუაღამემდე და მეორეს – ნაშუაღამევს :).

ახლა კი მზეჭაბუკ-ურჩხულის „ეპოქალურ ბრძოლაზე“.

არ დაიბნეთ!

სინამდვილეში ამ ბრძოლაში „მზეჭაბუკი“ და „ურჩხული“ ერთად იბრძოლებენ… ანუ, სწორედ მათი ერთმანეთთან გარდანქშენული ბრძოლის ხვნეშური იმიტაცია იქნება რეალური მოწინააღმდეგის მოდუნების და რაც კიდევ უფრო მთავარია – დაეჭვებული დასავლეთის თავის მხარეზე გადმოყვანის სპეცოპერაცია.

აი, ჩვენი დროის ჰანიბალის გეგმაც (რომთან უჭირს ბრძოლა, თორემ საკუთარ მოქალაქეებს და ოპოზიციას ისეთ ზაგატოვკებს უმზადებს, იცოცხლეე…):

პირველი ოპერაცია – ატვლეკაუშჩი მანევრია:

– პრორუსები მოდიან! ნოღაიდელი მოდის! ვიღუპებით! ძიძიგურმა თავს დაგვიარა! დავითაშვილი აშშ საელჩოსთან მიტინგს ატარებს! კოკო გიორგაძეს შეხვდა! გვიშველეეთ! SOS!

ამერიკელები იბნევიან და დგებიან ნოღაიდელის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დასავლეთზე იმდეგაცრუებულია, უფრო მეტად მიდის ნოღაიდელისკენ (ან მის მიერ დასახელებული კანდიდატისაკენ – არაა გამორიცხული ეს იყოს… რომელიმე „ნოსტალგიური“  სახე, სულაც ვანო ზოდელავა, რომლის ნათესავის სახელმა რაღაც კრიმინალურ ქრონიკაში საეჭვოდ გაიჟღერა და გამიჩინა ეჭვი, რომ მას ან აწვებიან, ან პირიქით ტანჯულის მანტია უნდათ წამოასხან პოპულარიზაციის მიზნით!) და ისახება ის სექტორი, რომელიც ნოღაიდელს ჰყავს.

თუ ეს ციფრი 20%-ს უახლოვდება, არაა გამორიცხული, რომ ვანომ თავისი თამაში დაიწყოს, ღიად გამოამჟღავნოს ის, რასაც გოგა ხაინდრავა ამდენი ხანია იძახის, რომ სწორედ მერაბიშვილი, და არა ბენდუქიძე, არის #1 რუსული აგენტი საქართველოს მთავრობაში. და არჩევნების პროცესზე დაწოლა ყველა მხრივ გააძლიეროს (პოლიცია, მედიასაშუალებები და „ლიჩნო“ ხარატიშვილი) და ვალეტი ნოღაიდელი (ანუ მისი კანდიდატი, – ძიძიგური იქნება ეს თუ ზოდელავა) საბოლოოდ კაროლად იქცეს. !!

მაგრამ თუ ნოღაიდელის რეალური შედეგი 5-10%-ს არ ცდება და მისი სანატრელ 30%-მდე ადმინისტრაციულად გაზრდა არ ხერხდება, მაშინ  ვანო იძულებული გახდება ჯერჯერობით დათანხმდეს მისთვის ძალიანაც არასასურველი უგულავას გამარჯვებას.

და აქ ნამდვილი ორთაბრძოლა იწყება:

უგულავა vs ალასანია.

ალასანიასთვის ხმის წართმევის მეთოდებია:

არჩევნებამდე ყველანაირად ეროვნული ფორუმის, „დაიცავი საქართველოს“, ნინო ბურჯანაძის და ალბათ შალვა ნათელაშვილისაც პროვოცირება, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ ან თავიანთ მომხრეებს ალიანსისთვის მხარდაჭერისაგან თავშეკავება ურჩიონ. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველა ზემოთდასახელებულ პირთან ერთი-ერთზე „შავნაბადობას“ შეეცდება. არც ფულს დაინანებს! აგერ თუ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩეულ ზაზა ხატიაშვილს 1 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ქალაქის მერის რეალური კონკურენტის მოსაშორებლად რამდენზე წავლენ.

და ისიც წარმოიდგინეთ, ამდენს თუ დახარჯავენ, მერე არჩევნების მეორე დღესვე როგორ დაიწყებენ ამ დროებით ნისკარტიდან გავარდნილი ყველის ამოდღლეზვას უკან!

ალბათ ჰაერზე ბენზინის ფასს დაადებენ და ბენზინზე – კონიაკისას!

არჩევნების დროს –  ვითომგამსვლელი კანდიდატებისათვის („ქრისტიან-დემოკრატი“ გია ჭანტურია, „მრეწველი/ქრისტიანი“ ნიკა ივანიშვილი, „ეროვნულ-დემოკრატი“ ბაჭუკი ქარდავა, მთაწმინდელი ალპინისტი გია ლანჩავა, ყველასთვის ცნობილი შონზო და შედარებით ნაკლებად ცნობილი გრანდიოზა!, არაა გამორიცხული ქართლოს ღარიბაშვილი, ვინმე პარაფსიქოლოგი ჯოგლიძე, და სულაც – ლელა კაკულიაც ვიხილოთ მერობის/საკრებულოს კანდიდატთა სიაში) – მაქსიმალურად ხმების დაწერა. რომ ჯამში მათ დაახლოებით 15-30% მოაგროვონ… ამას უცხოელ დამკვირვებელთა დასაბოლებლადაც გამოიყენებენ – რადგან საპარლამენტო არჩევნებზე იმდენი ჩახეთქეს, რომ მათი “კაიკაცობა” მარსიდან ბინოკლის გარეშე ჩანდა. აღმჩნდა, რომ მიშას პარტია ორჯერ უფრო პოპულარული იყო ომის წაგების შემდეგ სამშობლოში, ვიდრე ობამა – ამერიკაში! ახლა კი იტყვიან, ჩვენ რას გვერჩით – ახალმა სახეებმა წართვეს ხმები ძველ ოპოზიციასო!..

აი, ასე მესახება მე წინასაარჩევნო პასიანსი სამთავრობო მხარეს… უკვე ყველაფერი ნათელია – ვინ გააყალბებს, ვინ უკვე იყიდეს, ვინ არ იყიდეს, მაგრამ უბრალოდ შემოიყვანეს როიალის მე-7 ფეხად!… ვინ ატეხავს რუსის დოლის ბრახუნს, ვინ მიიკერებს ჯვარს სტიქარზე…

თუ ნოღაიდელი მართლა აქაჩავს – ვანო მოვა ზურასთან [და პუტინთან] ერთად.

თუ ნოღაიდელი ვერ აქაჩავს, მაგრამ დასავლეთს ისე დააფეთებს, რომ მათ სააკაშვილის და უგულავას მიერ  ხარატიშვილის გაყალბებებზე თავლები დახუჭონ, მაშინ გიგი მოვა, როგორც „დიდი პროზაპადნიკი, ლიბერალი და ქალაქის სიკეთეზე მარად უძინარი სუპერმერი“!

ახლა მე ვეკითხები არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ არც აქეთაა და არც იქეთ:

რას გვეტყვით? რით გაგვახარებთ? თუ თქვენც გამოგვჭრით ყელს?

რაც ვთქვი ზემოთ, ამ ძალიან ცუდ მედალს მეორე – კარგი მხარეც აქვს: ჭირი დიდია, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ „ჭირსა შიგან გამაგრება, ისრე უნდა ვით ქვითკირსა“! თანაც თუ დავფიქრდებით, ადვილი მისახვედრია, როგორი მოფამფალებულია ეს მთავრობა, რომ მერის არჩევნებზე ელეთმელეთი მოდის და უკვე უკრაინის და ბალტიისპირეთის პრეზიდენტებთან კი არა, ლამის უცხოელ პრალამენტარებთან და მერებთან შეხვედრაც სანატრელი გაუხდეთ მალე!

მაგრამ დამერწმუნეთ, თუ მერის არჩვენები თქვენ ვერ მოიგეთ, ჩვენც დაღუპული ვართ და თქვენც. საქართველოც დაღუპულია, რადგან რეჟიმი კაშჩეისავით ფერზე მოვა, თუკი არჩევნებზე ხალხის ხელში გადაღუნულ ნემსს ისევ კვერცხში ჩააბრუნებს.

ამ თემაზე დაწერილი სხვა სტატიები:

http://www.facebook.com/note.php?note_id=246010207598

http://www.facebook.com/note.php?saved&&suggest&note_id=269199957598#/note.php?note_id=247124202598

მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისათვის.

შევეცდები გიპასუხოთ.

თავისთავად საინტერესოა, რომ ორი თქვენთაგანი (George Kharashvili, Beso Khomeriki) ალასანიას პოტენციალის არასათანადოდ შეფასებას, და უგულავას ფატორის ზედმეტად შეფასებას მიწუნებს, ხოლო ასევე ორი (Kakha Kukava, Gio Tchumburidze) – პირიქით, ირაკლი ალასანიას რეკლამირებაში მდებს ბრალს. მგონი, ეს იმის ნიშანია, რომ მე შეძლებისდაგვარად შევეცადე არც იქეთ გადავხრილიყავი და არც აქეთ, მაგრამ ეს არც ადილიად მოსახერხებელია და არც ადვილად შესაფასებელი.

კიდევ ერთხელ მოკლედ გავიმეორებ, რა მიმაჩნია ნაცმოძრაობის საკმაოდ რთულ, მაგრამ ლოგიკურ ტაქტიკად ადგილობრივ არჩევნებზე (ძირითადად კი თბილისის მერის არჩევნებია მთავარი ინტრიგა)

1. პრორუსული ძალებისგან (განსაკუთრებით – ნოღაიდელის ირგვლივ შექმნილი კოალიციისაგან) მომდინარე საფრთხის მაქსიმალურად გაბერვა როგორც საკუთარი მოსახლეობის, ასევე და განსაკუთრებით – დასავლეთის თვალში, რათა ლოზუნგით – „რუსი მოდის! რუსი მოდის!“ მოახდინონ შემდეგი ყალბი იდეის ჩაბეჭდვა ამომრჩევლის და დასავლეთის ცნობიერებაში: „თუ ნაცმოძრაობა მიდის, მაშინ – რუსი მოდის!“  ეს ლოზუნგი კი ნამდვილად ყალბია, რადგანს სწორედ ნაცმოძრაობამ მოიყვანა რუსეთი პოლიტიკურადაც და ეკონომიურადაც საქართველოში და მისცა მას ხელში კოზირიც, ტერიტორიების დაპყრობის და აღიარების საბაბიც და სტრატეგიული სიმდიდრეებიც!

2. მეორე მიმართულებით – ნაცმოძრაობა ძალიან ცდილობს, რომ დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ ძალები დაითანხმოს/აიძულოს, რომ მათ ან საკუთარი კანდიდატები წამოაყენონ  არჩევნებზე, ან მოუწოდონ თავის ამომრჩეველს არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ის, რომ ძებნილი და შერისხული შევარდნაძის მარცხენა ხელი გია ჭანტურია უეცრად ბაქოდან ჩამოდის და ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი ხდება მერობაზე, და თან ლევან ვეფხვაძის კაბინეტში პირველივე საუბარს მიხეილ მაჭავარიანიც ესწრება; ის რომ საშინელი ეკონომიკურ-საგადასახადო ტერორის ქვეშ მყოფი გოგი თოფაძე და მრეწველები საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე იწყებენ ფიქრს; ის, რომ კახა თარგამაძის ყოფილი თანამშრომელი – საგზაო პოლიციის ყოფილი შეფი ნიკა ივანიშვილი არა მარტო მერობის სურვილს აცხადებს, არამედ მოულოდნელად პარტიასაც “აყალიბებს”; ის, როგორი სიამოვნებით და დიდ დროს უთმობს ნაცტელევიზიები ნებისმიერ იმ ნიუსს, სადაც ან ახალ კანდიდატურაზე, ან საერთო კანდიდატის შეუჯერებლობაზეა ლაპარაკი – ნამდვილად არის კოორდინირებული მუშაობის შედეგები, მიუხედავად იმისა, რამდენად არიან დეტალურად ინფორმირებული ამ სიუჟეტებში მონაწილე სუბიექტები იმაზე, რომ ისინი სინამდვილეში ვიღაცის დადგმაში „ობიექტებს“ წარმოადგენენ მხოლოდ. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეცდება შავნაბადური სერობების, უშიშროების საბჭოს ძიალოგების და ერთი-ერთზე „- მოდით, რა გინდათ, რამდენი გინდათ!“ შეხვედრების ჩატარებას თავისთვის მაქსიმალური ეფექტით და ოპოზიციისთვის მაქსიმალურად სახელის შელახვის მიზნით.

3. საარჩევნო სიების გაყალბება. თბილისში საარჩევნო სიებს დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დაემატა წინა არჩევნების შემდეგ! ვინმე დამაჯერებს, რომ წყნეთის და გარდაბნის რაიონების სპეციალურად თბილისისთვის შემომატებული ნაწილები ასეთი დემოგრაფიული ბუმის წყაროა?

4. ფულის მობილიზაცია – საგადასახადო, პოლიციის, ნავთობის და ფარმაცევტული ბიზნესიდან. მაგალითად, სპეციალურად მოხდა ბენზინზე ისედაც არარეალურად მაღალი ფასების 10 თეთრით გაზრდა, რომ მოხდეს მაქსიმალურად თანხების ამოქაჩვა, ხოლო შემდეგ მაისში გიგი უგულავას “განრისხების” შედეგად ამ გაზრდილი ფასის დაბრუნება საწყის (მაინც მაღალ) ნიშნულზე, რითაც ბატონი გიგი ანგელოზის ფრთები კიდევ ერთხელ გაიელვებს, ისევე როგორც ცენტრალური უბნების ფასადების იმ რემონტზე, რაც სწორედ მაისისთვის დასრულდება…

დაბოლოს, თუ #2, #3 და #4 არ გაამართლებს და დასავლეთიც და ხალხიც მაინც ოპოზიციური კანდიდატებიდან ყველაზე რეიტინგულს დაუჭერენ მხარს (დამერწმუნეთ, წელს ამის გამოვლენა პრაიმერის გარეშე უფრო ადვილად და სწორად მოხდება, ვიდრე ხელისუფლების მხრიდან ადვილად გასაყალბებელი პრაიმერის მეშვეობით მოხდებოდა), მაშინ მიშას და მის ჯილას – გიგის მოუწევს სარეზერვო ვარიანტზე დათანხმება – ხარატიშვილი და კომპანია გზას გაუთავისუფლებენ ნოღაიდელს, ხოლო პოლიცია თბილისში ზუსტად ისევე ჩაიკარუსელებს, როგორც მარნეულსა და ბოლნისში… “დამკვირვებლებმაც” ხომ ამიტომ გაიარეს მოთელვა უკრაინაში!

 

არ ყოფილა საშველი? – არის საშველი!

ყველაფერი ამის თავიდან აცილება შეიძლება ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის ძალიან დაფიქრებული და ენერგიული ქმედებით და ხალხის ენერგიული წინააღმდეგობით იმისადმი, რომ სამუდამოდ მონებად გვაქციონ! უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები და დავიცვათ ჩვენი ხმები, უნდა შევაჩვენოთ ნებისმიერი ქართველადწოდებული მანქურთიც და დოყლაპიაც, რომელიც ხმების ყიდვას და გაყიდვას შეეცდება. მე მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ორჯერ მწარედ დამწვარი  ქართველი ხალხი (და უცხოელი დამკვირვებლებიც!) ამჟამად მაინც დავიცავთ ჩვენი არჩევნის თავისუფლებას, ხოლო ჩვენი არჩევანი უნდა იყოს არა 20 ლარი ან ფქვილი, არამედ – ჩვენი შვილების თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბედნიერება. ეს კი მხოლოდ თავისუფალი და სწორი არჩევნით მიიღწევა და არა სინდის-ნამუსის გაყიდვით…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s