სამძიმარი ჰაიტის


 

ძნელია ამ კადრებს უყურო…

ძნელია ნახო სიკვდილი.

ალბათ სამი თვის წინ იუთუბზე ვნახე კადრები, როგორ შეჭამეს ლომებმა დედა და შვილი ბეჰემოთი. დღემდე მახსოვს როგორ მონუსხული და სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ამ საშინელებას, როცა გონება მიბიძგებდა, გამორთე გამორთეო, და ვერ გამოვრთე, რადგან პატარა გამეტებით ცდილობდა დედის დაცვას, რომელიც მოულოდნელად უძრავად იდგა ბედს დამორჩილებული და წინააღმდეგობის გაწევას არც ცდილობდა… უბრალოდ საწყლად ბღაოდა, ალბათ აგულიანებდა შვილს, რომ გაქცეულიყო…

ადამიანის სიკვდილი ხომ უფრო საზარელია…

ალბათ, ბევრმა ვნახეთ ქუთაისში დიდების მემორიალის დანგრევისას მოყვარულის ტელეფონით გადაღებული და იმავე იუთუბზე განთავსებული პატარა 11 წლის გოგონას მყისიერი დაღუპვა… შოკისმომგვრელი იყო ისიც, რომ ეს ჩვენ ვნახეთ. და ისიც, რომ ეს ხელისუფლებამ ეს ტრაგედია მხოლოდ პრეზიდენტის კონპენჰაგენური შეძრწუნებით აღიქვა… წამიერი შეძრწუნებით, რომელიც ჩამოსვლის შემდეგ ბათუმში ჩასვლით გაიქარვა… ხოლო გაზეთებმა და საზოგადოებრივი აზრის დასაგეშად გაწვრთნილმა “შემსუბუქებლებმა” (ღირსმა ლევან ჭითანავამ, მაგალითად) ნაღლიანად ჩაიკნავლეს – “სამწუხარო ფაქტიაო”…

და რაღა უნდა ვთქვა ამდენი ადამიანის უეცარ, მოულოდნელ, ფატალურ სიკვდილზე?!

როცა ასი ათასი (იქნებ ნახევარი მილიონი?) ადამიანი უეცრად კვდება, რამდენია იქედან ორსული ქალი? თოთო ბავშვი? და რამდენი ბედნიერი ბავშვი თამაშობდა უზრუნველად? და რამდენი პატარძალი იზომებდა საქორწილო კაბას? და რამდენს საფლავად ექცა კინოთეატრი თუ ეკლესია? წამიერი სიკვდილი… რამდენჯერ ზოგიერთი ნატანჯის მიერ მართლაც ნანატრი და ახლა კი ბუნების ასეთი უსასტიკესი გაშმაგების მიერ ასეულათასობით სიცოცხლის სანთელივით უცებ ჩაქრობა…

ძალიან მძიმე იყო ის კადრები, რომლებიც აჩვენა „P.S.“-მა… ოჯახის წევრებმა ვერ გაუძლეს და მთხოვეს გადამერთო… გადავრთე იმ დროს, როცა ჰყვებოდნენ, პატარა 11 წლის ჰაიტელ გოგოზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ნანგრევებს ქვეშ იყო მოყოლილი, წყალს ასმევდნენ, ელაპარაკებოდნენ და სათვალეც კი მიაწოდეს, რომელიც საწაულებრივ გადარჩა და არა მარტო გადარჩა, არამედ ფეხების ამპუტაციაც არ დასჭირდება… მაგრამ მოვედი ინტერნეტთან და შემაცივდა ეს ლამის ერთადერთი ნაღვლიანი სიხარულიც. თურმე ბავშვი ამოყვანიდან სულ მალე – საავადმყოფოში მიყვანისთანავე – გარდაიცვალა.

და ერთადერთი, რითაც თავი ინუგეშა, თუ ჩვენ გვანუგეშა, სი-ენ-ენის რეპორტიორმა, რომ იმ ათასობით გარდაცვლილისაგან განსხვავებით, რომლებიც ისე ჩაყარეს ბულდოზერებით საფლავებში, რომ ჭირისუფალმაც კი ვერ მოიძია, ამ გოგონას ის მაინც გაჰყვა ზეცაში, რომ უკანასკნელი საათები თავის ოჯახთან ერთად სიყვარულით გარშემორტყმული, გრძნობდა, რომ მარტო არ იყო… ძალიან მეცოტავა ეს მე… ლამის ისევ ის პატარა ცხოველი გამახსენდა…

და ისევე წამომივიდა უძლურებისგან ცრემლი, როგორც გადაცემის მრავლისმნახავ წამყვანს…

ვისაც არ გინახავთ და გინდათ, რომ ნახოთ, აი, ეს რეპორტაჟი უბედური ქვეყნის უბედურ პატარ გოგონაზე… ნათელში იყოს!

http://www.youtube.com/watch?v=Dp8W6hzNniY



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s