მიხეილ საკაშვილი როგორც დედაშვილური ურთიერთობების მონაწილე


კომენტარი ია ანთაძის ბლოგზეპირველად იყოლაქაhttp://www.tavisupleba.org/content/blog/1924001.html

 ეს არის ბლოგი, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ რატომღაც უფრო ლამაზი ჩანახატი მგონია, და არა დოკუმენტური პროზა. სადაც ავტორმა 97%-იან სიმართლეს -3 % ლამაზი ფანტაზია ისე ნიჭიერად დაამატა, რომ მგელიც ლამის ისეთივე არაცუდი გამოვიდა, როგორც ბებია. და აღარ ვიცი, წითელქუდას გადარჩენაზე ვნერვიულობდე, თუ – მგლის… ჰეპი-ენდს კი (გია მარიამიძის მიერ აღწერილი მგლის ძაღლად საკუთარი სურვილით გადაქცევაზე) – ვერ ვიჯერებ.

———
იას ციტატა:
„როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ ზუსტად ასეთი პროექტის შედგენით გამოხატა. პროექტი ჩვენს რეფორმაციას გულისხმობს და ერთი დღითაც არ წყდება ზრუნვა, რომ როგორმე ამ პროექტს მოგვარგონ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ორი ვადა ამისთვის ვერ იკმარებდა. „დომინანტი პარტიის“ მოდელზე საუბარიც 2004 წლიდანვე დაიწყო.
ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, იცის, როგორ გამაძლიეროს, როგორ გამხადოს უფრო თანამედროვე, უფრო ლიბერალური, უფრო კონკურენტუნარიანი. სწორედ ჩემი სიყვარულის გამო, ის გარდამქმნის ისეთად, როგორიც გაცილებით ძლიერი და ახალ სამყაროსთან უკეთ ადაპტირებული ვიქნები. მე კი, ამ სიყვარულის პასუხად, მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით უნდა ავირჩიო.“
———

ამაში გეთანხმებით.

ოღონდ მგონია, რომ სიტყვა „ზრუნვა“ ბრჭყალებს იმსახურებს… და ალბათ, ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ „სიყვარულის პასუხად“, გაცილებით მნიშვნელოვანი და პირველადია მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე პროექტის სხვა კომპონენტები.
და მეშინია, რომ კლასიკური ლუისეული ფრაზის აღმოსავლური ვარიანტი – „თუ მე არ დამრჩები, მაშინ ნუმც ნურავის დარჩენიხარო!“ – იდეალურად ასახავს იმ Modus Vivendi-ს, რაც ბატონ სააკაშვილს და მის სამეფო კლანს ჩვენი, – ხალხის – და ქვეყნის მიმართ გააჩნიათ!

მაგრამ ამაში ალბათ ვერ დაგეთანხმებით – „ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს საერთო სამშობლოს აღიქვამდა, როგორც ახლად დაბადებულ ბავშვს, რომელიც მან შექმნა და რომლის აღზრდის უფლებაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა.“

ჩემი ახსნა ბატონი მიხეილის გრძნობების და მოტივაციების მხრივ გაცილებით პროზაულია და ყველაზე მეტად უახლოვდება ბლოგზე ბატონ მერაბ მერკვილაძის მიერ გამოთქმულ შეხედულებას ამ საკითხზე…

დიახ, საქართველოში ხშირად გვინახავს მშობლები, რომლებიც შვილებს ღრმა ჭარმაგობამდე თავისუფლებას არ აძლევენ, არცთუ იშვიათად ზრდასრულ შვილებს თავიანთ არჩევანს ახვევენ თავზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხშიც, როგორიცაა დაოჯახება და ისეთ უმნიშვნელოშიც – როგორიცაა ვარცხნილობა, მუდმივად ნერვიულობენ იმაზე, როცა შვილი სადმეა წასული – ნეტა როგორ იქცევა, ნეტა რამდენი დალია, ნეტა ვისთან არის, ნეტა … ნეტა … ნეტა … არის ამაში ინფანტილიზმის დიდი დოზა მშობლის მხრიდან, რაც შვილის მარადიულ ინფანტილიზმში გადაიზრდება და მერე გვყავს ისეთი პრეზიდენტები, როგორიც გვყავს – სხვადასხვა კომპლექსების ტყვეობაში მყოფი ხალხი თავისუფლებაზე მარადიული ღაღადით და თავმოწონებით…

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის მშობლად აღქმა მიჭირს!

არამცთუ საქართველოსთან მიმართებაში (თუნდაც – ახლადდაბადებულ „როუზრევოლუშენ“ საქართველოსთან!), არამედ – საკუთარ ბავშვებთან მიმართებაშიც კი! რატომღაც მგონია, რომ მას თავისი შვილები ძირითადად მაშინ ახსენდება, ან როცა ახალ წელს მიუსაფართა სახლში უნდა შეახვედროს (და დღეს ხომ კარგად გვესმის ეს რამოდენა „პოზა“ იყო, რადგან მერე იქ ლამის არასდროს ყოფილა და უტელევიზიებოდ არც ცოლ-შვილი გაუშვია!), ან როცა გრიგოლიას გადაცემაში მიკროფონით უნდა ათამაშოს, ან საკუთარი საარჩევნო ბიულეტენი ჩააგდებინოს – ლამის სერიოზული „ძალდატანებით“ – ხალხის გულის მოსაგებად…

ახლა კი როლების ჩემეულ ხედვას მოგახსენებთ.

მიხეილ სააკაშვილი მშობელი არ არის.

იგი მარადიული ბავშვია!

მარადიული ბავშვი, რომელმაც თავისი მშობლის განვლილი გზა დაიწუნა, აითვალწუნა და თქვა, რომ მშობელი უნდა დაატყვევოს და თავის თარგზე „აღზარდოს“!
სავარაუდოდ, ეს მშობელი ქვრივი დედაა, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეიძლება ისევ გათხოვდეს, ხოლო ამ პერსპექტივით გაბოროტებული ბავშვი ხელბორკილებს ადებს დედამისს, სარდაფში კეტავს და სახლზე წარწერას აკეთებს – „სასიძოებს ვთხოვ, არ შეწუხდნენ, მაგათი დედაც!.. ბოროტსა სძლია კეთილმან!“

ალბათ, ზოგიერთს გინახავთ ფოლკერ შლენდორფის საკმაოდ ცნობილი ფილმი „თუნუქის დოლი“ (Die Blechtrommel) გერმანელი კლასიკოსის – გიუნტერ გრასის რომანის მიხედვით, რომელიც „წითელ ზონაში“ იყო. სამწუხაროდ, მე ფილმი ბოლომდე არ მაქვს ნანახი. მთავარი გმირი – პატარა ოსკარი, ორი პოტენციური მამის შვილი – დიდებისადმი და მათი ცხოვრების სტილისადმი პროტესტის ნიშნად თავის თავს ჯუჯად აქცევს (თავისი სურვილით ზრდას შეაჩერებს), მუდამ თუნუქის დოლს აბრახუნებს ამ პროტესტის გამოსახატავად, ხოლო თუ დოლს წაართმევენ, საოცარ კივილს იწყებს (ისე, რომ მინები იმსხვრევა) და ყველაფერს რასაც შეეხება, უბედურების ნიშნით დაღავს. როცა საბოლოოდ მისი ოიდიპოსის კომპლექსი იმით კმაყოფილდება, რომ ცოცხლად გადარჩენილი მამის მეორე ცოლთან ინტიმურ ურთიერთობებს ამყარებს და თავისი თავის მსგავსად გაურკვეველი გენეტიკური გენეზის ბავშვის დაბადებას უწყობს ხელს, ფილმის ბოლოს ზრდას იწყებს…

თუ ვინმეს გინახავთ ეს ფილმი ბოლომდე, იქნებ მითხრათ რამდენად გამართლებულია ჩემი ასოციაცია, რომ ნაცმოძრაობა სწორედ თუნუქის დოლით ქვეყნის (და მსოფლიოს) წაღმა დატრიალების მოსურნე შეურაცხყოფითა და ბოროტებით გულჩათხრობილი ამბიციური ჯუჯაა, რომელიც ყველაფერს, რაც მის ავადმყოფურად სწორხაზოვან გეგმებს შეეწინააღმდეგება, ამსხვრევს. სანამ 30 წლისას ცხოვრება არ მიახვედრებს, რომ მან თავისი თავი და თავისი ბედი დაამსხვრია ყველაზე მეტად…

———————-
ისევ იას ციტატა:

„ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხიმგებლობას, რომ სული შთაბეროს ბავშვს თუ დიდს, ერთ კლასს, საზოგადოების რაღაც ნაწილს თუ მთელ ქვეყანას, მზად უნდა იყოს, რომ ერთ დღეს უარყოფილი აღმოჩნდება. ეს ნორმალურია. ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავის თავში ძალა, რომ მის მიერ მხარდაჭერილი, მის მიერ აღზრდილი ქმნილება დამოუკიდებელი არსებობისთვის მოამზადოს და მერე – გაათავისუფლოს კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ან ძალით გაითავისუფლებს თავს, ან განუვითარებელი დარჩება.“
——————–

„ჯანმრთელმა ადამიანმა“! ია!

აქ ეს ზედსართავი სახელი შემთხვევითია? მე არ მგონია ასე…

და ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს ბლოგი ისევე არ იქნება გაგებული მიხეილ სააკაშვილის მიერ, როგორც „თბილისის“ და „ქართველი ხალხის“ ფენომენი არაა მის მიერ გაგებული…

ანუ – იგი არც ჩვენ მოგვანიჭებს თავისუფლებას და არც თავად განთავისუფლდება!

იმიტომ, რომ ამას საკუთარი თავის მეტად შეყვარება არ უშველის! მეტად შეყვარება – როცა ასეთი „სიყვარულია“! – წარმოუდგენელია…

თუ განუვუთარებელი დარჩენა მიშა სააკაშვილისთვის ძალაუფლებაში დარჩენის ტოლფასია, იგი, ალბათ, ოსკარ მაცერატივით, სწორედ ამ ვარიანტს აირჩევს…

ხომ ყოველთვის მოიძებნება მრუდე სარკე, რომელიც სარკეში ჩამხედავს ლამაზად გამოაჩენს…

და თუ ასეც არაა, ყოველთვის ხომ მოიძებნება საკმარისი მიზეზი, რომ ის, ვინც სარკედან გიყურებს, ძაააალიან ლამაზად მოგეჩვენოს?



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s