პასუხი დავით ზურაბიშვილის კითხვაზე – „როგორ გავერთიანდეთ? რას ნიშანავს “გაერთიანდით”?”


ბატონებო და ქალბატონებო

მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენი ინტერესისათვის (ვისაც არ წაუკითხავს,იხილეთ წინა ნოუტი – “საქართველოს მოქალაქის წერილი საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისადმი”), რასაც აღვიქვამ საკითხით დაინტერესებად და არა იმად, რომ რაიმე განსაკუთრებული ვთქვი.
საერთოდ არ მაქვს ჩემს თავზე იმის ილუზია, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვიტყვი. მაგრამ რატომღაც ხდება, რომ ვამბობ იმას, რის თქმასაც სხვები (გაცილებით ჩემზე ერუდირებულები და საქმეში ჩახედულები) ერიდებიან…

ვეცდები გაგცეთ პასუხი. ძირითადად – ბ-ნ დავით ზურაბიშვილს.

ბატონო დავით, ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრიც მოეთხოვებაო…
მაგრამ უფრო შორს წავალ და გეტყვით, ვისაც მეტის პრეტენზია აქვს, მას მეტი მოეთხოვება!

თქვენი ალიანსი დღესდღეობით ინტელექტუალური რესურსით და რეიტინგით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციით და კავშირებით ოპოზიციურ სპექტრში სხვებს, ალბათ, სჯობს – თუნდაც ამაში სხვები არ დამეთანხმონ, მაგრამ ვიზიარებ თორნიკეს შეხედულებას, რომ გარკვეული ნარცისიზმი და მენტორული ტონით ლაპარაკი საკმაოდ უხერხულია, როცა ეს დე-ფაქტო (თუ უფრო სწორედ – „დე-თეორი“!) უპირატესობა დე-იურეში ვერ გადადის!
ანუ არის რაღაც, რაც თქვენ უნდა გაიზიაროთ (იქნებ ისწავლოთ კიდეც) სხვა პარტიებისაგან და ისიც, რაც თქვენ უნდა ასწავლოთ და განუმარტოთ, დაღეჭილ-დაღეჭილი! – თქვენს ამომრჩეველს!
და არასოდეს ამომრჩეველმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ მასთან მისვლას არ თვლით აუცილებლად…
მეთანხმებით ალბათ, რომ წინადადება – „ვისაც წიგნი გაინტერესებთ საჯაროში წადით და წაიკითხეთ!“ – აქ არ ჭრის… საჭიროა თითოეულ სახლში ამ წიგნის მიტანა და დალაპარაკება… მაგრამ ეს მომავლის საქმეა… ახლა – პარტიებთან ურთიერთობებზე…

ძალიან მძიმე ინტერაქტიული დიალოგი გვქონდა ია ანთაძის ბლოგზე გუშინ ბატონ კობა დავითაშვილთან – აქ ალბათ ამის სხვა მონაწილე პირებიც გამოთქვამენ აზრს და თავად შეგიძლიათ ქალბატონ იას ბლოგზე იხილოთ. ჩვენს კრიტიკულ შეკითხვებზე ბატონი კობა გაცხარდა და ჩვენი კითხვები და შეფასებებიც კიდევ უფრო ცხარე გახდა… მაგრამ არის ერთი რამ, რაზეც მე დავფიქრდი… ის, რომ ბატონი კობა კომფორტულად გრძნობს თავს ნოღაიდელთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე და თქვენ ვერ ახერხებთ მასთან და ზვიად ძიძიგურთან ერთობლივ პრეს-კონფერენციის ჩატარებას – ეს ალბათ მისი პრობლემა უფროა, მაგრამ ეს არის თქვენი პრობლემაც!

იცით რატომ?

იმიტომ რომ, ეს არის ქართველი ხალხის პრობლემა!

იმიტომ, რომ არაფერი ისე არ ასიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც იმის ტირაჟირება, რას ამბობს კობა დავითაშვილი რესპუბლიკელებზე და პირიქით!

მთელი ეს ჰავლაბრის ტურფები ხომ სწორედ ამ სიმყრალის ამოწოვაზე არიან “დახელოვნებულები”! და თქვენ, გინდათ ეს თუ არ გინდათ, უნდა მოახერხოთ, მონახოთ გზები და საშუალებები (თქვენ უკეთ იცით, მე კობა ახლოდან კი მინახავს, მაგრამ არასოდეს მისაუბრია მასთან გუშინდლამდე, არ იყო ადვილი, მაგრამ არ შევადარებ მას არც საააკშვილის სქელშუბლიანებს და არც საპარლამენტო ოპოზიციის ლამაზად მოჭიკჭიკე გვრიტებს!) – დაელაპარაკეთ, ეცადეთ, დაუთმეთ, რაშიც შეიძლება რომ დაუთმოთ და გაერთიანდით!

რას ნიშნავს “გაერთიანდით!”? –
არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს – „შეერთდით გაითქვიფეთ“!-ს.
ნიშნავს – „დადექით ერთად დამნაშავე რეჟიმისათვის არჩევნების მოსაგებად!“
ვისაც არ უნდა არჩევნები, მან ხელი არ უნდა შეგიშალოთ!

დადეთ თავდაუსხმელობის პაქტი და შეთანხმდით, რომ 2010 წლის ბოლომდე ყოველი თქვენი უთანხმოება უნდა გაირჩეს საკმაოდ დაცულ 4 კედელში და არა -კამერებთან!

გამოაცხადეთ მორატორიუმი ერთმანეთის უთანხმოების გარეთ გატანაზე!

მიშა ხომ სწორედ ამით იგებს – მის გუნდში ვერ იტანენ და ავად უღრენენ ერთმანეთს, მაგრამ ხალხი ამას ვერ ხედავს! მათი ბოროტების იმპერია მაფიის ომერტას კანონებზეა დამყარებული და ამიტომ ვერავინ ბედავს თუნდაც პატარა ნაგვის გარეთ გამოტანას. თქვენს ბანაკში კი ოთხივე ფანჯარა ფართოდაა ღია, ვისაც რა უნდა, იმას წამოროშავს აფთარივით მოდარაჯე „რეალტივისტებთან“ და „ურნალისტებთან“ და მერე იწყება ამ კანალიების ბედნიერების ვაქკანალია ნაცარხებზე!

მე დეტალებს ვერ გასწავლით! თქვენ გადაწყვიტეთ რა და როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიფიქრებდი, თუ ასე ძნელი გახდებოდა ერთიანი პოზიციის შეჯერება ფორუმთან და განსაკუთრებით – ლევან გაჩეჩილაძის მოძრაობა – „დაიცავი საქართველოსთან“… ძალიან გული მტკივა პასიურად მდგარ სალომე ზურაბიშვილს რომ ვუყურებ, რომელიც წინა წელს ერთიანობის მუხტის მთავარი მატარებელი იყო… მოუზომავი მგონია, ზოგიერთი ახლადგაპოლიტიკოსებული პირების ზედმეტად დაღვინებული და პრეტენზიული კომენტარები… თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე ნაკლები საყვედური მაქვს ლეიბორისტებთან და ბურჯანაძის გუნდთან, რაც მათ პარტიულ დისციპლინას ასახავს ალბათ… თუმცა იქნებ ზედაპირულია ეს ლოიალობა და მალე ვნახოთ კიდევ უარესი დაძაბულობა მათი მხრიდან, რაც ძალიან მწარედ მახსოვს… ისე კი – თუ უგულავამ იგულავა – სწორედ ბურჯანაძეზე და ნათელაშვილზე რომ მოვა სააკაშვილის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული დარტყმები, დაპატიმრებებიც და ემიგრაციაში გაგდებებიც, ამას ალბათ თავადაც ხვდებიან!

თქვენი გადასაწყვეტია: მე ამ წერილში საერთოდ არ ვახსენე საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც თავისი თავი საქართველოს ისტორიაში უკვე დააფიქსირა და ისე, რომ იქედან ვერ ამოშლი…

და ალბათ პრორუსულ ძალებთან ასოცირებაც არ იქნება გამართლებული… თუმცა საარჩევნო ტაქტიკის შეჯერების მცდელობა მათთანაც შეიძლება სცადოთ, მაგრამ მე პირადად ამ მხრივ ვერაფერს ოპტიმისტურს ვხედავ…

ისე კი, უცნაურია, ბატონო დავით, თქვენ რომ მე მეკითხებით – რა უნდა გააკეთოთ!…

ჩემს წინა ნაწერის გამოქვეყნების შემდეგ ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ მე ჟურნალისტი ვარ… იმედია, ახლა არ ფიქრობთ, რომ პოლიტიკოსი ვარ – ამ სფეროში მე ერთი ნაკითხი პრაფანი ვარ…
მე გითხარით, რაა პრობლემა და რატომ არის, რომ მაისის მერე რეიტინგს კარგავთ. ახლა თქვენ მოიფიქრეთ, რა როგორ უნდა შეცვალოთ შინაც, სამეზობლოშიც და ფრონტის ხაზზეც, რომელიც დღეს თარხნიშვილ-ხარატიშვილ-სიჭინავას არჩევაზე გადის…

კარგად დაიმახსოვრეთ, თუ უგულავა ავარჩევინეთ, მისი არჩევის მეორე დღიდანვე დაიწყება „ნულოვანი ტოლერანტულობის“ მეცხრე ტალღა…



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s