საქართველოს მოქალაქის მიმართვა საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს


 

 ბატონებო და ქალბატონებო!

იმედია, არ მიწყენთ და კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, რომ მინდა მოგმართოთ და ბევრი რამ ისეთი გითხრათ, რაც არ გესიამოვნებათ, ალბათ.

„იანეთში“, ია ანთაძის ბლოგზე, (www.tavisupleba.org) უკვე 8 თვეა ვფიქრობთ და ვწერთ იმაზე, რა გვიჭირს და როგორ გვინდა ამოვიდეთ იმ უფსკრულიდან, სადაც დღეს ვართ.

მთელი ამ რვა თვის განმავლობაში მრავალი საყვედური თუ ცინიკური შემჩნევა დავიმსახურე ოპონენტებისგანაც და ზოგიერთი თანამოაზრისაგანაც, როგორც არაობიექტურმა და მიკერძოებულმა, იმის გამო, რომ თითქმის არასდროს დამიწერია რაიმე სერიოზული კრიტიკა ოპოზიციის (ყოველ შემთხვევაში – არასაპარლამენტო ოპოზიციის) მიმართ, მაშინ როცა ხელისუფლებისადმი მიმართულ ჩემს წერილებს ბევრი ზედმეტად მწარედ და მიუღებლადაც კი თვლის.

ყველაფერ ამას სრულიად შეგნებულად ვაკეთებდი.

…რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის, 2008 წლის 5 იანვრის, 21 მაისის და განსაკუთრებით 8-12 აგვისტოს წარმოუდგენელი ავანტიურის შემდეგ დავასკვენი, რომ საქართველოს მთავარი ჭირი და უბედურება არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ნეობოლშევიზმის და ავტორიტარიზმის კლასიკურ მაგალითად მიმაჩნია. და რომლის მაფიოზურ-კლანური ლიდერების გამოსწორების იოტისოდენა იმედი დავკარგე 2009 წლის გაზაფხულზე, რადგან აშკარად დავინახე, რომ მთელი რიგი კატასტროფული შეცდომების და დანაშაულებათა აღმავალი სპირალის შემდეგ არავითარი მონანიება ამ კლანის ლიდერებსა და მანქურთებში არ არის და კუზიანი გამოსწორებას აღარ ექვემდებარება…

და ამიტომ ჩავთვალე, რომ რითაც შემეძლო და როგორც შემეძლო – უნდა დავპირისპირებოდი ამ რეჟიმს. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგნებულად არ ვაკრიტიკებდი ოპოზიციის ნაბიჯებს, რათა არ დამეშალა თქვენი ერთიანობის შანსი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სულ უფრო სუსტდებოდა…

მაგრამ დღეს – როცა მიხეილ სააკაშვილის ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ვითომ გადაყენებული გაყალბების დიდოსტატი თარხნიშვილი ისევ გამოიღო საკუჭნაოდან, ხოლო თქვენი აქამდეც სათუო ერთიანობა საბოლოოდ ეფემერული გახდა, გადავწყვიტე, რომ მეტისმეტი მოთმინება არაფერს შველის…

და ასეთი გრძელი შესავალი იმიტომ, რომ ვეცადე, ამეცდინა პროსამთავრობო დუდუკის დაკვრისთვის ნატყორცნი [აცდენილი] ბრალდება.
ხოლო თუ მეტ დროს დამითმობთ, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და ჩემს ერთ ნაფიქრალს შემოგთავაზებთ:
http://www.media.ge/ka/node/27201

ბატონებო და ქალბატონებო!

თქვენ გესმით, რომ ვიღუპებით?

თქვენ იცით, რომ თუ მიხეილ სააკაშვილმა (ქვეყნის დამაქცევარმა) გიგი უგულავა (თბილისის დამაქცევარი, პარკების მომსპობი, ძველი თბილისის მტერი, შენობების ჩამონგრევების „გამპრავებელი“ ექს-სტიქაროსანი და მეორე მეუღლის კაპრიზებზე, მოგზაურობებზე და ოპერაციებზე არნახული თანხების მხარჯავი გიგილო) ისევ „აირჩია“, ამით საბოლოო ლურსმანს ჩააჭედებს საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, გამჭვირვალობის, სამართლის, თავისუფალი მედიის, ბიზნესის და ყოველივე ნორმალურის იმედების კუბოში?!

რომ ჩვენი შვილების თაობა იქცევა უიმედო ექსპატრიანტების ან მონოპოლისტურ-კლანურ მიშისტანში ჩარჩენილი ლაქიების და მანქურთების თაობად?

რომ კულტურაც, განათლებაც და მედიცინაც საბოლოოდ დასამარდება?

რომ ყველაფერი ის, რაც დასავლურ დემოკრატიებს ახასიათებს, უფრო დაჩქარებული ტემპით მოისრება და საქართველო იქნება… რუსეთი – რუსული კაპიტალით და რუსული ავტორიტარიზმით, რუსული ოლიგარქიული კლანებით და რუსული სტილის – მეფის მადიდებელი – მედიით?

რაზე ფიქრობთ?

იმაზე, ვინ რა ადგილს დაიკავებთ?

იმაზე, ვინ იქნება პირველი და ვინ იქნება მეორე-მესამე? არ გისწავლიათ, რა ფუჭია მოუკლავი ნადირის ტყავის განაწილებაზე კონცენტრირება?

არადა, იმაზე უნდა ფიქრობდეთ, რომ თუ მიშა მოიგებს ამ არჩევნებს, მეორე დღესვე საბოლოოდ გამოაჩენს დრაკონის კბილებს და ქერცლს და პირველად სწორედ თქვენ მოგდგებათ!

გინდათ, რომ მთელი სიცოცხლე პოლიტიკური დევნილის სტატუსში ატაროთ?

ჩვენს შვილებზე თუ ნაკლებად ფიქრობთ, თქვენი შვილები და შვილიშვილები მაინც არ გეცოდებათ დევნილობისთვის და საქართველოს გარეთ გასაზრდელად?

ნუთუ ვერ შეძლებთ, რომ თუ ქვეყნის ინტერესებისთვის არადა, სწორედაც რომ თქვენი შვილების და შვილიშვილების ხათრით მაინც გაერთიანდეთ ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ, რომელიც მართლაც ჰგავს ქართველთყლაპიას, რადგან შიგნიდან ხრწნის ქართველობას – ამ თავისი მუდმივი დაბოლებებით, ყველაფრის უცხოურის გაფეტიშებით, იაფფასიანი ფსევდოკულტურის ამაღლებით და ნამდვილი კულტურის ჩარეცხვით, მონური ხელისმლოკველობის ტრადიციის დამკვიდრებით, ბიზნესის მოსპობით, მწარმოებელთა ჩაკვლით და ხელებში მიჩერებული მათხოვრის მომხმარებლური სულისკვეთების აღზრდით, ყველაფრიდან წილის მოთხოვნით… უსამართლობით! უსამართლობით! უსამართლობით!

აი, ასეთი მტერი გყავთ და გვყავს, პატივცემულოებო…
იცით, რა დღე დაგადგებათ: ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილის მაგალითები გახსოვთ…
იცით, რომ ყველაფერი რუსებს მიჰყიდა ამ „პროამერიკელმა“ ადამიანმა.
ამირან ბიწაძის, პოლკოვნიკ თავდგირიძის და სხვა ოპოზიციონერების დაშინების, მზაკვრული ჩასაფრების და წამების ფაქტები გახსოვთ, და მაინც… არ ფიქრობთ, რომ როცა თქვენი კინკალობის შემყურე ხალხს ოპოზიციის სახელს ადვილად შეაძულებენ, მერე სწორედ თქვენზე გადმოვლენ – საშუალო რგოლიდან უმაღლეს რგოლზე… რომ მერე დონაძის ტელე-ჩხვლეტებს ვანოს და მისი ტონტონ-მაკუტების პირდაპირი ჩხვლეტები შეცვლის…

ყველაფერს წაგართმევენ, რადგან ამ ქვეყნად წასართმევი არაფერი დარჩა… მალე აღარავინ დაურჩებათ გასატყავებელი და თუ ხალხი საბოლოდ ზურგს შეგაქცევთ, მერე თქვენ გატყავებას დაიწყებენ…

თუ ფიქრობთ, რომ გაურიგდებით?

არ გამაცინოთ!..
ვის გაურიგდებით? მიშას?
და მისი სიტყვის იმედად იქნებით?
გჯერათ მისი სიტყვის?
ეგ გაეროს ტრიბუნაზე რომ ლაპარაკობს, მაშინაც კი იტყუება და ეკლესიაში რომ ცოდვებს ინანიებს, მერე პატრიარქის განსაქიქებლად თეა თუთბერიძეს გამოჰყავს…

და თქვენ ამ ადამიანის გჯერათ?

ერთ რამეს გეტყვით: ის – თავად – თქვენ არ დაგიჯერებთ…

არ ვიცი, თუ გია თორთლაძის, პაატა დავითაიას და გიორგი თარგამაძის პოლიტიკური „იმიჯი“ და „მომავალი“ გხიბლავთ – სცადეთ. მაგრამ თავად მათ რომ აღარ ხიბლავთ?!.. მიხვდნენ, რა ჭაობში ჩახტნენ… როგორ მოიჯაყეს თავი?!

მუქარაში ნუ ჩამითვლით, ძალიან გთხოვთ.

თუ თქვენ ხელს არ გაანძრევთ და დანებდებით – სულელებად და მცონარებად შეგრაცხავთ ხალხი. და ასევე ხელს არ გაანძრევს და ხმას არ ამოიღებს თქვენს დასაცავად…

თუ თქვენ ერთმანეთში ვერ მორიგდებით, ე.ი. ბრმები და ამბიციით გაგიჟებულები ყოფილხართ, რადგან ვერც საფრთხეს ხედავთ და ვერც საკუთარი განზე დგომის უმწეობას…

სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თუ გაერთიანდნენ, ადენაუერი და დე გოლი თუ გაერთიანდნენ საერთო მტრების წინააღმდეგ, თქვენ ასეთი რა გაშორებთ ერთმანეთისგან, რომ დღეს ერთ-ერთი თქვენგანი მეორე ოპოზიციური პარტიის სახელს დამამცირებელ ეპითეტად ხმარობს?

ძალიან გთხოვთ, გადაგვარჩინოთ უმეცარი და ბოროტი დიქტატორისაგან, ჰალსტუხღეჭია ლაჩარი მთავარსარდლისაგან, ქვეყნის გამაპარტახებელი და დამმონებელი რეჟიმისაგან, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ეს ქვეყანა თავის სამუდამო საძოვრად აქციოს, თუნდაც – დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად…

დაგვანახეთ, რომ სააკაშვილზე მაღლა დგახართ!

არა – ამბიციებით, არამედ – სამშობლოს სიყვარულით, ქართული ენის და კულტურის და ისევ და ისევ – ჩვენი შვილების და მომავლის სიყვარულით!

რომ შეგიძლიათ დათანხმდეთ უბრალო ქართველობას, თუ საქართველო თავისუფალი და ბედნიერი იქნება!

და რომ არ გინდათ მაინცდამაინც პარლამენტარის დამპალი კაბინეტი და დამპალი ლიმუზინი – აოხრებული, დაჩმორებული და დამონებული საქართველოს ფასად!

რომ ეს ქვეყანა, სადაც ფარნავაზმა და ცოტნემ კვალი დააჩნიეს და სადაც გმირმა მეფემ გულზე ქართველთა ფეხის დადგმა ითხოვა ცოდვათა გამოსასყიდად, სამუდამოდ არ გახდება ამ უმწიფარი პრეზიდენტის სა-ფარეშო და სა-პირფარეშო!..

ნუთუ ამას დაუშვებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ერთმანეთის ქიშპობაში ამოგხდეთ სული?

და სული ამოხდეს – თუ აცალეთ სააკაშვილს – ილიას და ვაჟას ქვეყანას, რომელიც ნაცმოძრაობამ ლტოლვილების, ლაქიების, მანქურთების და ჰავლაბრის ტურფების ქვეყნად აქცია…

უკან მოიხედეთ, ხალხო!

უკან – მონობის 200 წელი იყო, უმეცრების და ტერორის 70 წელი იყო, შფოთის 20 წელი იყო… და როცა გვეგონა, რომ ჭაობიდან ამოფორთხება დავიწყეთ, ახლა ისევ უკან გვტენიან – მონობისკენ, ლაქიობისკენ, უსამართლობისკენ, პირაკრულობისკენ, და გარუსებისკენ… გვპარავენ ფულს და ჩვენგან მოპარულივე ფულით დადგმული სპექტაკლებით და მუყაოს დეკორაციებით გვაბრმავებენ იმისთვის, რომ უფრო მეტი ფული მოიპარონ…

მინდა იცოდეთ, რომ სააკაშვილზე ხელი მაქვს ჩაქნეული… ისე კი, რადგან სავლე პავლედ იქცა და მეძავი – წმინდანად, მასაც აქვს ჯერ თეორიული შანსი, მაგრამ მე ამის არ მჯერა…

სამაგიეროდ ის ვიცი ძალიან მტკიცედ, რომ მე და ჩემისთანები, ამ მთავრობამ რომ მიწისქვეშეთში, მოსმენების და დასმენების შიშში დაგვაბრუნა და „ჩარეცხილებად“ შეგვრაცხა, თქვენც არ გაპატიებთ არც ღალატს და არც – ერთმანეთთან შეურიგებლობას და უკომპრომისო უტვინობას, რამეთუ დანტემ სწორედ ის ხალხი ჩააგდო ჯოჯოხეთის ყველაზე ღრმა ჯურღმულში, ვინც მინდობილებს უღალატა და მოატყუა… და ქართველ ხალხსაც კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ტარიელ შერვაშიძის პირით გაუგონარი სიმწრით სავსე ასდამერვე ფსალმუნიც ჯერ ისევ ახსოვს…

რომ ვიწყებდი ამ წერილს, ვიფიქრე, რაიმე აკადემიური და თავშეკავებული დამეწერა, რომ იქნება ბლოგის სხვა მონაწილეებსაც მოეწერათ ხელი… ის 2009 წლის მაისის ხელმოწერილი ქარტიაც ვნახე… ეეჰ, ამაზე უკეთესი მე რა უნდა მოვიფიქრო, თერნალელი სოლომონი ვარ, ბრძენი კი არა…

გააკეთეთ თქვენი არჩევანი!

ან დარჩით წარსულში, ან წაგვიძეხით მომავალში!

ისე, როგორც კენედიმ თქვა – არა იმაზე გაფაციცებით – რას მოგცემთ თქვენ თქვენი ქვეყანა… არამედ იმაზე რუდუნებით დაფიქრებით, თქვენ რას გაიმეტებთ თქვენი ქვეყნისათვის, თქვენი ხალხისათვის და თქვენი შვილებისათვის!

საქართველოსთვის გაერთიანდით!!!

ძალიან გთხოვთ, დაამტკიცეთ, რომ საქართველოს შვილები და ჭკვიანი პოლიტიკოსები ბრძანდებით და არა ისეთივე გამყიდველნი და უმწიფარნი, რომელთა წინააღმდეგაც ვიბრძვით.
და ვიბრძოლებთ კიდეც, თუ გულს არ მოგვიკლავთ…

იმედით და ჯერ კიდევ პატივისცემით,

სოლომონ თერნალელი



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s