ჰავლაბრის ტურფები: ჟურნალისტები და ურნალისტები – მათზე, ვინც გატყდა და გაიყიდა


ორთაჭალის ტურფა2
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?

(დავით გურამიშვილი)

[კონტექსტი – ია ანთაძემ “რადიო თავისუფლების” ვებ-გვერდის ერთ-ერთი ბლოგი (28.11.2009) – „ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა“ http://www.tavisupleba.org/content/blog/1890179.html – მიუძღვნა გაზეთ „ბათუმელების“ მართლაც რომ თავდადებულ ჟურნალისტებს. თუმცა, ასე მგონია, რომ იგი ზოგადად გაუტეხელ და გაუყიდავ ქართველ ჟურნალისტებს ეხებოდა. სამწუხაროდ, მათ გარდა, სხვანაირიც ბევრია. სწორედ ამ უკანასკნელებმა არ მინდა იფიქრონ, რომ ისინი მიგვავიწყდა…მათ „ურნალისტები“ ვუწოდე. ჩემი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი ურნალისტების გარეშე ვერ შედგებოდა. ამ სტატიაში შევეცადე, დამენახებინა მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების უზურპირების ის მეთოდოლოგია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თავისუფალი მედიის განადგურებას, დანგრევას, შესყიდვას, მოსყიდვას, გადაბირებას, დაშინებას და „გამოზრდას“ გულისხმობდა]

======================
უძველეს პროფესიათა ნუსხა:
– ფილოსოფოსი,
– პოლიტიკოსი,
– ჯარისკაცი,
– ვაჭარი,
– მიწის მუშაკი (გლეხი),
– მონადირე,
– მსტოვარი,
– მეძავი,
– ჟურნალისტი…
აქედან ჟურნალისტიკა შედარებით ყველაზე ახალგაზრდა პროფესიად შეიძლება ჩაითვალოს. და, პოტენციურად მაინც, სწორედ ამ დარგის სპეციალისტებს შეეძლოთ მეტ-ნაკლებად შეესწავლათ და გაეთავისებინათ კიდეც უფრო ძველი პროფესიების უნარ-ჩვევები:
– ფილოსოფოსის სიბრძნე და იდეალიზმი,
– პოლიტიკოსის გამჭრიახობა და ჰიპნოტიზირება/დაბოლება,
– ჯარისკაცის თავდადება და სისატიკე,
– ვაჭრის მომჭირნეობა, ყაირათიანობა და მაცდურობა,
– გლეხის სიყვარული მიწისადმი და კონსერვატიზმი,
– მონადირის დაუღალაობა და დაუნდობლობა,
– მსტოვრის მოთმინება, იდუმალება და ჩასაფრება,
– მეძავის ალღო, მარკეტინგული რეალიზმი და უნამუსობა.

ჰოდა, მგონი, თანამედროვე ჟურნალისტიკა სწორედ ამ ინგრედიენტების აჯაფსანდალია და ამ დარგში თითოეული მოსული თავის გზას ირჩევს, თავის დოზას, თავის ინდივიდუალურ მაკიაჟს, რომელიც ბოლოს ისე შეეზრდება სახეზე, რომ რკინის ნიღაბივით შთანთქავს მის უკან მდგომ პიროვნებას.
აქედან გამომდინარე, გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც გმირებად შერაცხა ხალხმა და – „ურნალისტები“, რომლებიც ასეთებად „აკურთხა“ ხელისუფლებამ.
პირველებს ხალხის პოპულარობა და სიყვარული ერგოთ, ხოლო მეორეებს – ლამაზი და გაფუფუნებული ცხოვრება.
პირველები სიყვარულის ობიექტები არიან, მეორენი – შურის.
პირველები იმით შევლენ ისტორიაში, რომ არც გატყდნენ და არც გაიყიდნენ, ხოლო მეორეების ადგილი ისტორიაში არ იქნება. მათი პროფესიული „(ვაი)იმიჯი“ მათ ლიმუზინებთან ერთად იყიდება და იჟანგება.
ვინმეს გვახსოვს დღეს ის ჟურნალისტები, ვინც საბჭოთა რეჟიმს, სტალინს, ბერიას, ბრეჟნევს და ანდროპოვს უმღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ? დამერწმუნეთ, მათი რიცხვი დღევანდელ მომფერებლებზე ნაკლები არ იყო.
ვინმეს ახსოვს ჰიტლერის, მუსოლინის, ფრანკოს ან კაუდილიოს ხელისმლოკავების და კარის ჟურნალისტების სახელები?
გახსოვთ იმ ჟურნალისტების გვარები, ვინც შევარდნაძის მთავრობის დითირამბების მრითმავები იყვნენ?
ვინ უფრო ეცოდინებათ 10-20 წლის შემდეგ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში? – ნანა ლეჟავა თუ დავით კიკალიშვილი? ნინო ზურიაშვილი თუ თენგიზ გოგოტიშვილი? ზვიად ქორიძე თუ დავით პაიჭაძე? ია ანთაძე თუ ნანუკა ჟორჟოლიანი? ეკა ბერიძე თუ ეკა კვესიტაძე?
„რუსთავი2“, „იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „24 საათი“, ”პრაიმ-ტაიმი” და ბევრი სხვა საინფორმაციო წყარო დღეს (2009 წ!- რედ.) წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის ჰებელსიანურ (=უგულავურ/რამიშვილურ/ბოკერიულ/მერაბიშვილურ) რუპორს. ყველაზე ნამდვილად არ ითქმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი (კონფორმისტ)ჟურნალისტი და ჟურნალისტური განათლების ექსპერტ-ინტელექტუალი დღეს ლაქიად დაუდგა ნაციონალურ მოძრაობას და გუნდრუკს უკმევს იმას, რაც სავალალოა – მონობას, გაჩუმებას, წაყრუებას, ცუნდრუკს, არაპროფესიონალიზმს, კორუფციას, ნეპოტიზმს, ფალსიფიკაციას, ავტორიტარიზმს, პირფერობას… და ა.შ. და ა.შ.
ბევრი განვითარებული ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი პროფესიონალებით, როგორებიც ჩვენს ჟურნალისტიკაში, საბედნიეროდ, არსებობენ. ზოგიერთებს ჩაეცინებათ, მაგრამ ქრისტიან ამანპურზე ნაკლებ არ მეამაყება ჩვენი ნანა ლეჟავა (იყო დრო, პრეზიდენტი სააკაშვილიც აფასებდა მის ნიჭს, სანამ თავად არ იქცა ნანას რეპორტაჟების სამიზნედ). განსაკუთრებით ქების ღირსია ის მრავალი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ნაცნობი ჟურნალისტი – ეთერ თურაძე, თედო ჯორბენაძე, გერონტი ყალიჩავა, მაია მეცხვარიშვილი, გოგა აფციაური, რამაზ სამხარაძე, ელისო ჯანაშია, საბა წიწიკაშვილი და სხვები, – რომლებიც რეგიონებში სიმწრით ეწევიან ამ ქანცგამწყვეტ და სახიფათო ჭაპანს. მათზე ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის მცდელობების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული ქართული და უცხოური მედია- თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. ბოლო მაგალითი – გაზეთ „ბათუმელებზე“ განხორციელებული შანტაჟი ქვეყნის ინტერესების მომიზეზებით – სპეციალური თემაა და ქვემოთ შევეხები. მჯერა, ჩვენი გმირი ჟურნალისტების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება არამარტო ჟურნალისტიკის, არამედ, ასევე – ადამიანობის და მოქალაქეობის საპატიო წიგნში.
მაგრამ ახლა რენეგატებთან მაქვს ორიოდ სიტყვა.

ხალხო! ერთდროს ნამდვილო და აწ ე.წ. “ჟურნალისტებო”!
რა მოგივიდათ?!
თქვენ ხომ ჩვენი ახლობლები იყავით, ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთად ვიცინოდით და დავცინოდით შევარდნაძის რეჟიმს, ერთად ვტიროდით და ვმღეროდით – ”რას გვიშვება ეს მთავრობა”–ო, ერთად ვაშენებდით დემოკრატიას და…
რა გამოვიდა?
დემოკრატიას ვაშენებდით და ნაცოკრატიული „მიშისტანი“ ავაშენეთ?!
ჟურნალისტები იყავით და ნაცმოძრაობის ლაქიები გახდით?
ვაზელინი გაიაფდა? (მაშინ ეგ ერთადერთი გაიაფებული რამ ყოფილა „ავერს/პე-ეს-პე“-ს იმპერიაში)
ცოტა მეძნელება, გაგამტყუნოთ.
ცხოვრება ძნელია, გმირობა – ძალიან ძნელი.
განსაკუთრებით, როცა ოჯახი გყავს.
მაგრამ, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, ნამდვილად არაა ის, რითაც თქვენს შვილებთან მომავალში იამაყებთ.
თქვენ დღეს ცრუმოწმეები ხართ და გაუპატიურებულ საქართველოზე იძახით: “არაფერი მომხდარა, ყველაფერი “ოკეიაო!”. როცა – იქ იყავით, ნამუსის ახდას “დაესწარით” და ხმა არ ამოგიღიათ…
და რომ არ არის “ოკეი”, მაგის დედაც?!..
რა, მართლა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნინო ბურჯანაძესავით “ოჯახში გაზრდილად” და კომფორტულად იგრძნო თავი და არავინ დაიგინოს, როცა გვერდით ათასობით ქართველს ამცირებენ და ურტყამენ? როცა სანდრო გირგვლიანს პოლიციის მაღალჩინოსნები აწამებენ? როცა დახვრეტილ ამირან რობაქიძეს თქვენივე ექს-კოლეგა იარაღს უდებს და საბუთს “კერავს”, მაშინაც უნდა ღიმილიანად იჯდე და მთავარია, ვინმემ არ დაიგინოს? როცა დიდვეზირ-ვანოს ლამისგადედოფლებული მეუღლე თავისი მელნიკოვებით და “მასტერებით” რესტორებში “მიშამაგარიას” სიმღერით და ხალხის აორთქლებით არის დაკავებული? როცა ბაჩო-დათა ახალაიები, კოდუები (ჟურნალისტების სიძე!) ხალხს აბითურებენ და აწამებენ, “ახალაიურ-კოდუური” გინება არ გესმით? მარტო ლევან გაჩეჩილაძის გინება გესმით? თუ “ახალაიურ-კოდუური” რაიმეთი უფრო „ლიბერალურია“? დავიჯერო, არ იცით, ჩვენი ახალგაზრდა დედიკო, ვისკიზე-შეყვარებული მინისტრი-გენპროკურორი-ისევმინისტრი-უშიშარი (“ი ნაკონეც პროსტო კრასავიცა”) ე.წ. დიპლომატი ეკა ტყეშელაშვილი როგორ „ამკობს და ამკობდა“ თანამშრომლებს ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც კი შეიფრთხიალა? ან „მიშამაგარი“ არ იგინება? როგორ გგონიათ, „მიშამაგარს“ რომ რუსთაველზე პოლიციამ და ნიღბიან-ჯინსიანებმა ურტყან, არ შეიგინება და “მამაო ჩვენოს” კითხვას დაიწყებს? და რა, მართლა დაიჯერეთ ჩვენი ნორჩი ექს-პრემიერის ჭაჭების გერმანიაში “მკურნალობის” ლეგენდები? ან მართლა გჯერათ, რომ უგულავა „რუსთავი 2“-ის კუთვნილი „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევის მიზეზების დასადგენად გაჩნდა იქ ნახევარ საათში, ხოლო სააკაშვილი – 5 საათში? თუ – სწორედ ამ მიზეზების და მტკიცებულებების წასაშლელად და გასაქრობად, რომ კეზერაშვილის და ბოკერიას ცოლებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ? ან ის გჯერათ, რომ ქუთაისის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტეს საპარლამენტო შენობის ადგილი და ძეგლის აფეთქების ნაჩქარევად დაწყება? ანდა, არავის გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ უნდა ყოფილიყო ნაციონალურ ტელევიზიებში იმ საზარელი ტრაგედიის დღეს არც ერთი ადგილობრივი ადამიანის, ამ ამბის მხილველის სიტყვები? და ვინმეს გჯერათ, რომ ის გაქსუებული 3-4 ნაც.დედაკაცი, შემდეგ დღეებში რომ მუდმივად ტრიალებდნენ ნაცარხებზე და „ჩვენი მიშაია გვიყვარია ჩვენე!“ ეკერათ პირზე და ყველგან რომ ეგენი და მხოლოდ ეგენი – არის 3500 წლის ქუთაისის სახე, აზრი და ტვინი? ვაი, მაშინ, უბედურო აკაკი და გალაკტიონ!..
კარგი ბატონო, დაიჯერეთ.
ჩემი მეზობელი ელპიტე რომ გიყურებდეთ თვალებში, გეტყოდათ ქართულად – მაგ სიმართლით იარე და კაი ხეირს ნახავო!
მაგრამ თქვენ, მგონი, ნანახი გაქვთ „ხეირი“…
პატარა გადახვევას გავაკეთებ იმაზე, თუ როგორ მოვედით იქ, სადაც ვართ.

Mein Kampf – კარლიტოს გზა
შევეცდები, გაგიზიაროთ ჩემი აზრი, რა იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ხელთგდების ძირითადი მიზეზები.
1) ბისმარკის მიზეზი – იდეა, რომელსაც დრო დაუდგა („საქართველო კორუფციის გარეშე“);
2) ლენინის (თუ მარქსის) განმარტება – რევოლუციური სიტუაცია – ზედა ფენებს აღარ შეეძლოთ და ქვედა ფენებს აღარ უნდოდათ ძველებურად ცხოვრება;
3) მედია (და პირველ რიგში – ტელევიზია – „რუსთავი2“), როგორც საუკეთესო იარაღი (Lethal Weapon);
4) ხალხზე მზრუნველი „მზეჭაბუკი“ – პიარის შვილი და გენია;
5) ფული.
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წუთიდანვე, როცა ჯერ კიდევ შუამდე არ ჰქონდა დალეული შევარდნაძის დანატოვარი ჩაი, მისი ცხოვრების მიზანი გახდა – მოპოვებული ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება! ალბათ, უპრიანი იქნებოდა, მას აქცენტი #1 და #2 მიზეზების განუმეორებლობაზე გაეკეთებინა, მაგრამ მიშამ სულ სხვა ფლანგიდან დაიწყო თამაში.

მავრმა გააკეთა თავისი საქმე – მავრი უნდა წავიდეს!
მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა, არ არის და ვერც იქნება დემოკრატი!
დემოკრატია მისთვის ის შირმაა, რომლის უკან მოხერხებულია ავტოკრატიის, ძალადობის, კორუფციის და ნუვორიშული ფუქსავატობის წარმართვა.
მეტიც. თუ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო მმართველობის ეტაპებს გადავხედავთ, თვალწინ წარმოგვიდგება არა ჯონ კენედის, მაჰათმა განდის, ვაცლავ ჰაველის ან ბარაკ ობამას სტრატეგიული და ტაქტიკური სვლები დემოკრატიის, თავისუფალი მედიის, დამოუკიდებელი სასამართლოს და ადამიანის უფლებების დაცვის განსამტკიცებლად, არამედ – ამ ინსტიტუტების მოთხრის და განადგურების მიზანსწრაფული და მეთოდური განხორციელება, რომლის ცოცხალ მაგალითს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინი და მისი სახელისუფლებო მმართველობა წარმოადგენს.
პირველი დარტყმა მიშამ სწორედ მედიას მიაყენა. იმ მედიას, რომელმაც ტახტზე აიყვანა და შევარდნაძის მოფამფალებული რეჟიმი მწიფე ლეღვივით პირში ჩაუგდო.
როგორ ყველას გვეგონა, რომ საქართველოში დრო დადგა, როცა მეოთხე ხელისუფლება პირველ სამს არათუ მეტოქეობას გაუწევდა, არამედ ცერბერივით გააკონტროლებდა მათ სამართლიანობას…
მაგრამ, როგორც „სწორუპოვარი“ ამბობს: ”ნურას უკაცრავად!”
ვარდების რევოლუციიდან 2 თვეში სააკაშვილმა ილუზიონისტის სიმარჯვით (კოპერფილდს რომ შეშურდებოდა) განახორციელა კონსტიტუციის „გაიმასქნების“ ოპერაცია და შემდეგ დაიწყო ქართულ მედიაზე ისეთი მეთოდური შეტევა, რომ ორიგინალური და მრავალფეროვანი მეთოდებით ალბათ პუტინის შურიც დაიმსახურა. ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია (ტელეკომპანია ”იბერია”, გაზეთი ”ახალი ეპოქა”, ”დილის გაზეთი”, ”მთავარი გაზეთი”, ჟურნალი ”ომეგა”, საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესი”), დაიხურა წამყვანი ანალიტიკური და საგამოძიებო გადაცემები (”ღამის კურიერი”, ”ღამის მზერა”, ”60 წუთი”, ”რა ხდება”, ”ტაიმაუტი”, ”ცაიტნოტი”), დაიწყო ეთერიდან ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტების მოხსნა. ჟურნალისტების დახარისხების პარალელურად, დაიწყო ზოგიერთი მათგანის ხელის მოოქროვების, ხოლო სხვების – არშემჩნევის, განქიქების და მოკვეთის პოლიტიკა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებში ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოწერა აიკრძალა. პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ იგი ქართულ პრესას წაკითხვის ღირსად არ თვლის. წარმოგიდგენიათ, მსგავსი განცხადება რომ რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს გაეკეთებინა, ამას რა მოჰყვებოდა?!

აი, რა განაცხადეს ქართველმა ჟურნალისტებმა 2005 წლის 8 ივლისს რუსთაველზე მოჭიდავეთა აქციის ხმაურიანი დაშლის და ზოგიერთი ჟურნალისტის (მათ შორის, ამჟამად ”გამოსწორებული” ნატო მახვილაძის) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების პასუხად:
”ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა; აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა; პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში; განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედია-საშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ თოქ-შოუებიც არ მოეწონება. ამის თვალნათელი დადასტურებაა ბოლო დღეებში ტელეკომპანია ”მზის” გარშემო განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ინფორმაცია მისი დახურვის შესახებ.
დღევანდელ საქართველოში მედია-საშუალებებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობა მზარდი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის განვითარების საუკეთესო ინდიკატორად ნამდვილად არ გამოდგება. ამიტომაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ.”

საზოგადოება გაირინდა.
სიტუაცია თითქოს ”რუსთავი-2”-ში შეჭრას დაემსგავსა და ხალხი დაეჭვდა. ნუთუ – ისევ?
მაგრამ მიშამ მოულოდნელი „სვლა ცხენით“ განახორციელა. ტროას ცხენის როლი კი აბსოლუტურად შეუმჩნეველმა პიროვნებამ, – კობა ბექაურმა ითამაშა. მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციის გმირი და მიშას მიმართ უკვე ენაწამხვილებული შალვა რამიშვილი მექრთამეობის და შანტაჟის მუხლით ციხეში გაამწესეს, ყველასთვის აშკარა გახდა – პრესის ”ატტეპელი” საქართველოში დამთავრდა და ჟურნალისტიკა მომხიბვლელი დედოფლის სტატუსიდან ისევე ჩამოაგდეს და ტალახში ამოსვარეს, როგორც მომხიბვლელი ქალბატონი ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში ”შურისძიება” (თბილისში რომ ”რევენჯ”-ად არის ცნობილი) .
ენტონი ქუინის მსგავსი მაფიოზის სცენაზე გამოსვლა არც გამხდარა საჭირო. როცა ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში გუბერნატორი სცემს და ამ უკანასკნელს სამაგიეროდ გვარდიის სარდლად აწინაურებენ, ეს ხომ იმის აშკარა მაგალითია, ამ ქვეყანაში რა ითვლება ”ვაჟკაცობის” და ”გვარდიელობის” სინომიმად…
ჰოლივუდს რომ თავი მივანებოთ და ჩვენი ანალოგია ვიხმაროთ – თვალწარმტაცი თამრო „ჰავლაბრის ტურფად“ იქცა.
მავრმა თავისი საქმე გააკეთა და მიშა მოიყვანა. ახლა ასეთი მავრის არსებობა უკვე საშიშიც კი იყო. სხვა ოპერაციები, რომლებიც წამგებიანი ბიზნესისგან ხელისდაცლის მიზანთროპული მიზნით შეინიღბა, საკმაოდ სწრაფად ჩატარდა და საქართველოს მთელი ტელევიზიის და მედიის დიდი ნაწილის „მამად“ აქამდე „გაზისმამა“ ბეჟუაშვილი მოგვევლინა (იხ. ქვემოთ), ხოლო მისი ჩრდილის უკან კარგად ჩანდა ერთ დროს შევარდნაძის და მისი კლანის კორუფციულობაზე ენაალესილი ახალგაზრდა „დემოკრატის“ ქოჩორი…
რუსეთში პროცესის სათავე „ნტვ“-ზე განხორციელებული შტურმი იყო.
საქართველოში კი ყველაფერი ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად დაიწყო, ისე რომ აზრზე მოსვლაც ვერავინ მოასწრო და საბოლოოდ „იმედის“ შტურმით დამთავრდა.
კლასი ამას ჰქვია, ვოვოჩკა! უყურე და ისწავლე!

ჩვენი შტირლიცი
21-ე საუკუნეში საქართველოს ყველაზე დიდი გმირის სტატუსი ბ-ნი მიხეილისათვის ცხადი და უეჭველია.
ყველაზე დიდი გმირი ვინ არის ხოლმე? – ვინც ყველაზე დიდ საფრთხეს აგვაცილებს.
ჰოდა, ყველაზე დიდი საფრთხე ვინ იყო, ხომ გახსოვთ?
არა, კაცო, რა პუტინი, რის მედვედევი… თქვენ, რა, მართლა ყველაფრის გჯერათ?
ყველაზე დიდი საფრთხე იყო ბადრი („გასაფრთხოების“ შემდეგ ”არკადი”-დ წოდებული) პატარკაციშვილი!
ამიტომ, ვინც ეს საფრთხე არ აგვაცილა, ყველაზე დიდ შეცდომად და მტრად ჩაითვალა, ხოლო ვინც აგვაცილა და მოგვაცილა – ერეკლე კოდუა – ყველაზე დიდ გმირად! ამიტომ ერგო მას ყველაზე თეთრი ფეხშიშველი ქალი [2009 წელს მთელი ქალაქი ანგელოზივით თეთრ ტანსაცმელში შემოსილი და ფეხშიშველი ნანუკა ჟორჟოლიანის უზარმაზარი რეკლამებით იყო სავსე] და ამიტომ არის ამ გმირის ბავშვის ნათლია თავად მეფე. პირდაპირ დონ ვიტო კორლეონეს და მრ. ბუონასერას წყვილია ქართულ სინამდვილეში… ოღონდ, იქ ჯერ დონ კორლეონე უწევდა დახმარებას თავისი ნათლულის მამას, აქ კი – პირიქით მოხდა. ასეა, მარიო პიუზოს და ფრენსის ფორდ კოპოლასაც შეიძლება შეუსწორო სცენარი…
და ამაში (ბადრის მოცილებაში) გმირის „შტირლიცობა“ მხოლოდ ერთი მოქმედება იყო, ხოლო შემდეგი მოქმედებები – ბადრის გმირობიდან ტერორისტ-ანარქისტამდე ჩამოქვეითება – სწორედ „(ყ)რუსთავი 2“ და სხვა ნაცმედიის მიერ ყველა ქართველის ტვინის უჯრედებამდე მოტანილმა და უსასრულოდ დატრიალებულმა ცნობილმა ჩანაწერმა (უფრო სწორად – ჩანაწერის მონტაჟმა) დაასრულა. იმ ჩანაწერმა, რომელიც გიორგი თარგამაძეს გამოუგზავნეს, და რომელიც მთელმა საქართველომ მოისმინა.
და ეს იყო ფენომენალური ოპერაცია.
ამბობენ, მიშა მაგარიაო, და მაგალითად ვარდების რევოლუცია და ცნობილი ”ჩაეპიტიე” მოჰყავთ! ანდა – ცალ თვალზე ჩამოგორებული ცრემლიო! ანდა – 5 იანვრის არჩევნებიო! ანდა – ამ არჩევნების შემდგომი (გაქცევის მიუხედავად) ინაუგურაციაო! ანდა – ლევან გაჩეჩილაძის შეტყუებები შავნაბადაზეო! ანდა – 21 მაისის არჩევნების ისეთი გაყალბება, ვოლანდსაც რომ გაჰკვირვებია და ბეჰემოთისთვის დაუვალებია, ქრესტომათიაში შეეტანა! ანდა – ყველაზე დიდი დამარცხების ყველაზე დიდ გამარჯვებად გამოცხადებაო! ანდა – ბაიდენის წინ სასახლით და დედა-ბებიით თავის მოწონებაო!..
არა, საამაყო და „ძლევაი საკვირველი“ ბევრი ჰქონია „აღმაშენებელ-2“-ს, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ბადრის მოშორების ოპერაცია ყველაზე ფენომენალური იყო. ჯერ ერთი, ძლიერი და უმდიდრესი კონკურენტი მოიშორა. და თან ისე მოიშორა, რომ მისი მილიარდებიანი ქონება უბრალოდ თამაშიდან კი არ გამოიყვანა, არამედ, – საკუთარ ჯიბეში ჩაიდო!
კიოც კი ვერ იზამდა ამ ამბავს და კეიმ – ჰქმნა!
მაგრამ კეი ვინ ოხერია, მიშაა – რაცაა!
დარშიც, ავდარშიც, ბოდრუმშიც და ჰავლაბარშიც!
მაგრამ ამ ოპერაციას ჰქონდა მეორე სერიოზული გაკვეთილიც, რომელიც ამჟამად გასარჩევად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე – ბადრის ოჯახის დრაკონული განკულაკება.
როცა ადამიანი ასეთ „ფენომენალურ“ შედეგს აღწევს მარტივი ოპერაციით – ჩანაწერების გაყალბებით, დაჭრით და მონტაჟით, – მერე მას უჩნდება შეგრძნება, რომ მტკიცებულებაა გამარჯვების საწინდარი! და სულ არ არის საჭირო თურმე, რომ ეს მტკიცებულება ნამდვილი იყოს! საკმარისია, რომ ხალხმა დაიჯეროს. საკმარისია, ისე გააყალბო, რომ ხალხმა დაიჯეროს. და მაშინ ხვდები არქიფო სეთურისეულ „სიბრძნეს“:
– მთავარი ის კი არაა, ხალხი გააბედნიერო, მთავარი ისაა, რომ ხალხი დააჯერო მათ ბედნიერ ყოფაში, რაოდენ უბადრუკიც არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი.
და რომ „რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებს დამონებული ხალხი“.
და, აი, ამაში კი მედიას, მით უფრო – ტელევიზიას (იგივე – ნაცვიზიებს, მიშავიზიებს, პატრულვიზიებს, კეზერვიზიებს, ყუბანვიზიებს/ჭანტურვიზიებს/დონაძევიზიებს) ვერაფერი შეედრება. გაყალბების და ჭრა-კერვის კურსები – მეთოდიკა, ძირითადი კურსი დრ. იოზეფ ჰებელსის და ლ.პ. ბერიას მიხედვით.
მთავარია – კადრები.
„კადრები წყვეტენ ყველაფერს!“ (ლავრენტი ბერია).

მეთოდი 1 – დამშევა
ნაცმოძრაობის მხრიდან ჟურნალისტებზე (ისევე, როგორც – ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე) ზემოქმედების „საუკეთესოდ“ აპრობირებული მეთოდი მისი დამშევაა.
როცა მოძალადე მთავრობა ადამიანს საარსებო მინიმუმსაც აღარ უტოვებს, ამით მის ღირსებას ამცირებს, მისი ოჯახის არსებობას საფრთხეს უქმნის და იძულებულს ხდის, რომ შეეხვეწოს – არ გამაგდო სამსახურიდან, არ წამართვა სარჩო, ნუ დატოვებ მშიერს ჩემს ოჯახს, ნუ დამინგრევ ცხოვრებას. ასეთი ჟურნალისტი უკვე პლასტელინისაა და რასაც გინდა, იმას გამოძერწავ მისგან. სხვათა შორის, ასევე შეამცირეს და გამოყარეს სამსახურებიდან ლექტორები, აკადემიკოსები, მასწავლებლები, ექიმები, ადვოკატები, მოსამართლეები. მაგრამ ჟურნალისტების დამშევა და მოთრიმვლა ყველაზე საჩვენებელი იყო. დამშევა რომ ადვილი განსახორციელებელი ყოფილა, ყველამ ვნახეთ. არ გამოაწერინა მიშამ სამთავრობო ორგანიზაციებს ქართული გაზეთები და ბევრმა ფეხი გაჭიმა. გადაიტანა სატენდერო განცხადებები მხოლოდ „24 საათში“ და ამითაც ბევრი გაკოტრდა. გააყიდინა ივანიშვილს ”მე-9 არხი“ და დარჩნენ უმუშევარი თანამშრომლები, მერე ახლად სახელდარქმეულ „მზეზე“ მიახურა საინფორმაციო გადაცემა და მოგჭამა ჭირი იქაც რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა.

მეთოდი 2 – დაჩმორება და დამცირება
„ორ თუმნად ფოთის პოლიცმეისტერიც გაიძრობს!“ (ბოდღო ყვალთავა)
მოდი, ახლა განთავისუფლებული (შემცირებული, სამუშაოშეკვეცილი, ხელფასდაქვეითებული) ჟურნალისტის ბედი ვნახოთ. მიდის სამუშაოს საძებნელად და, ერთი-ორი საბედნიერო გამონაკლისის გარდა, უწევს შესვლა ნაცმოძრაობის ერთგული რომელიმე არველაძის, ყუბანეიშვილის ან ჭანტურიას კაბინეტში. კედელზე მომღიმარი შუქურბიჭუნის სურათია (ჰაი, დედასა, როგორ მიხრონწილ ბებრებს ვუყურებდი კედლებზე მთელი ახალგაზრდობა და როგორ თინეიჯერებთან დავრჩი ასაკოვანი კაცი!). მაგიდაზე – ოქროსფერი ვარდის სიმბოლიკა. კუთხეში – ნაცმოძრაობის მიერ თავის პარტიულ დროშად ქცეული ხუთჯვრიანი დროშა, ტელევიზორში – „იმედი“ ან „რუსთავი 2“ და მაგიდაზე „24 საათი“ ან „პრაიმ-ტაიმი“. მაგიდაზე შეიძლება იყოს, ასევე, თავად ბოსის სურათების კოლაჟი – ცოლთან, მიშასთან, უგულავასთან, კირკიტაძესთან, ხაბაზთან ან, სულაც – ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.
ეს პატივცემული გვამი სწავლობს ჟურნალისტის დოსიეს (სი.ვი.-ს რომ უძახიან) და ზოგს პირდაპირ ეუბნება
– თქვენთვის ადგილი არ გვაქვს.
ზოგ(ბედნიერ)ს კი რაიმეს ეკითხება.
კითხვა შეიძლება ასეთი იყოს:
– როგორ დამთავრდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები?
სწორი პასუხებია – „საქართველოს გამარჯვებით“ და/ან – „რუსეთისთვის ნიღბის ჩამოგლეჯით“.
ან – „ვინ არის საქართველოში ყველაზე პრინციპული ტელეწამყვანი?“
ადრე სწორი პასუხი იყო – „დავით კიკალიშვილი“, ახლა – „დავით პაიჭაძე“.
სწორ პასუხს რომ არ ააცილოთ, მიზანშეწონილია, ოდნავ კითხვითი ინტონაციით შეუბრუნოთ – „ალბათ, დათო?!“
შეიძლება ინტერვიუერმა გასაუბრების დროს ვითომდა შემთხვევით მაგიდიდან რაიმე – საფერფლე, სიგარეტი, ან ხურდა – დააგდოს ძირს. ასეთ შემთხვევაში, რესპონდენტის მიერ გამოჩენილი სისხარტე და მობილურობა შესაბამისად ფასდება.
როდესაც დაახლოებით ასამდე ასეთი გასაუბრება შედგება, ძალიან ადვილი დასათვლელია სტატისტიკა – ყველაზე ნიჭიერები კი არ აჰყავთ სამსახურში, არამედ ყველაზე ცვილის და პლასტელინის ჟურნალისტები. ყველაზე „ალღოიანები“, ვისაც გამოცდილებაში ან არაფერი უწერია, ან – რუსთავ2/საზარხ/24საათები.
ლოიალობა – უპირველეს ყოვლისა!
თუ ნაცმა ბიძამ დარეკა, ეს ხომ „ვაბშჩე“ გარანტიაა.
პროფესიონალიზმი?! კაი, რა… პროფესიონალი ვის რაში უნდა?! პროფესიონალები ამაყი ხალხია, ამათ – ამაყები არ სჭირდებათ. სიამაყეს სულ „დომესტოსით“ ამორეცხავენ…
ია ანთაძის ბლოგის ერთმა მონაწილემ – სახელად მიშამ – ფანტასტიკური აფორიზმით ასახა დღევანდელობა (მართალია, ზაზა აზმაიფარაშვილზე და პაატა ბურჭულაძეზე მიდიოდა მსჯელობა, მაგრამ ჟურნალისტებზეც ძალიან ჭრის – ამიტომაცაა აფორიზმი):
„თუ ხარ ავტორიტეტი, მეხოტბე უნდა იყო.
თუ არ ხარ მეხოტბე, უმუშევარი უნდა იყო!“
მართალი გითხრათ, დღემდე არ ვიცი, ეს ამ მიშას ირონიული ნათქვამია, თუ – მისი შუქუროვანი სეხნიის საკედლე აქსიომა!

მეთოდი 3 – გადალაბორანტება
გახსოვთ, ალბათ, გურამ დოჩანაშვილის დამწყები სოცაგენტი თამაზი და მისი სავალალო „ჩამოლაბორანტება“.
ნაცმოძრაობამ ცნობილი ჟურნალისტების მიმართ დღემდე არნახული მეთოდი დააპატენტა – „გადალაბორანტება“.
ხომ გახსოვთ ეკა ხოფერია?
რა ძნელი იყო გიორგი სანაიას შეცვლა ეთერში. ეკამ შეცვალა.
ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკური იყო ეს შეცვლა, მაგრამ ჩავარდნა ნამდვილად არ ყოფილა. ეკა დარჩა პრინციპულობის მაღალ დონეზე და ირონიის შედარებით დაბალი გრადუსით ცოტა უფრო აამაღლა კიდეც რესპონდენტებთან გულახდილობის ხარისხი.
მისი გირგვლიანის საქმეზე ღია ეთერიდან ხმაურიანი წამოსვლაც ხომ გახსოვთ?..
და აი, ეკა ხოფერია ზის ახლა და საქართველოს საუკეთესო ასეულ/ათეულ-ს ირჩევს მაშინ, როცა საქართველოს ყველაზე უარესი ასეულ/ათეულ-ი მართავს!
ეკას მთავრობასთან არ აქვს კითხვები. ანუ აქვს ალბათ – მაგრამ არა საჯაროდ… არამედ – სამზარეულოში. როგორც ჩემს ბავშვობაში იყო მიღებული…
ეკა არის ნაზი და მწყაზარი.
არის სტაბილურად გასხივოსნებული.
აი, ამას ჰქვია „გადალაბორანტება“.
ეკა ხოფერიას პატივს ვცემდი და გული მწყდება.
მეორე მაგალითი – ხომ გახსოვთ აკაკი გოგიჩაიშვილი?
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგამოძიებო ჟურნალისტური გადაცემის „60 წუთის“ პროდიუსერი და წამყვანი. გადაცემისა, რომელმაც ამერიკული პროტოტიპის მშობლიურ CBS-დან მიიღო ნათლობაც, ტრენინიგიც და მოწონებაც, რომელიც შევარდნაძის დროს ყველა კორუფციონერის მსახვრალ თემიდად აღიქმებოდა…
დღეს კი კაკო გოგიჩაიშვილი “ბიზნეს-კურიერის” მომღიმარი წამყვანია და რაღაცეებს არხეინი იერით გვიყვება შოკოლადის ოჯახურ ბიზნესზე და სამთავრობო სათნოების სახედქცეული დეპუტატის – რუსუდან კერვალიშვილის “ცენტრ-პოინტის” არაჩვეულებრივად სწრაფ ტემპებზე.
აი, ამას ჰქვია გადალაბორანტება.
აკაკი გოგიჩაიშვილს პატივს ვცემდი და გული მწყდება.
ოთხჯერ დაუხურეს გადაცემა ინგა გრიგოლიას. ოთხჯერ ფენიქსივით აღდგა. მერე მიახვედრეს, რომ განათლების დრო მოუვიდა. და ისიც წავიდა – ფასიან შვებულებაში წავიდა გადასალაბორანტებლად…
ინგა გრიგოლიასაც პატივს ვცემდი და გული მწყდება.
სალომე არშბას რას ვერჩი – ყოველთვის მორცხვი და ნაზი იყო… თუმცა პატივისცემის დამსახურებას ეს, ალბათ, არ ყოფნის… მაგრამ აივსო ეს დაქცევისპირასმდგარი ქვეყანა დამორცხვებული და დანაზებული, აღფრთოვანებული ქალბატონებით და ვაჟბატონებით. უხვად გვატენის ნაცმოძრაობა „სამოთხის ვაშლებსა“ და „პროფილებს“ ჯოჯოხეთის გასანათებლად…
პირდაპირ სოცრეალიზმია, დალოცვილი!
გოგი გვახარიას „საყვარელი“ ივანე პირიევის მეორედ მოსვლაა ქართულ ტელეეკრანზე „სამსონაძეებით“ – „ყუბანელი კაზაკების“, და „ჩვენი ოფისით“ – „მეღორე ქალის და მწყემსის“ – ნაცვლად.
ვუყურებ ხანდახან დავით კიკალიშვილს და არ მჯერა, რომ ეს ის დათოა, ნიკა ტაბატაძესთან და გიორგი სანაიასთან ერთად ადრე იმ, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში” რომ მუშაობდა. განა მარტო გასუქდა? მორალურად დაიჩუტა და დაბოლებებით გაიბერა… რომ ეს ის თენგიზ გოგოტიშვილია, რომლის მოსწრებული სარკაზმები შევარდნაძის მთავრობის “ენერგო-” და სხვა “მამებს” ბოღმავდა, დღეს კი ლევან გაჩეჩილაძის განმქიქებელი გლეხების “მოგროვებითაა” დაკავებული… რომ ეს ის მუდამ ხალისიანი ზალიკოა, დაძაბულად და ხელოვნურად რომ იცინის თემებზე, რომლებიც უკვე სასაცილო აღარაა… და სად გაქრა ის ნაღდი დიმა ობოლაძე, ნათია ლაზაშვილი რომ მუდამ აცინებდა და სიცილს ვერ იკავებდა? „კომედი-კლაბზე“ და „ვანოს შოუზე“ საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა… ჩემი აზრით, მარაზმია. თანაც მარაზმი – შავი ჭირის დროს…
რამდენი გადაგიხადეს გადალაბორანტებაში, ბატონო და ქალბატონო ვაშლებო?

მეთოდი 4 – დაპურება
გინახავთ, პატარა მიმინოს როგორ ათვინიერებენ?
ხელზე ტყავის ნაჭერს იხვევენ, რათა კლანჭებისგან თავი დაიცვან. მერე კი პატარ-პატარა ხორცის ნაჭრებით კვებავენ.
მაგრამ როცა ზემოთ ხსენებული მეთოდები გაქვს აპრობირებულ-იმპლემენტირებული (ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, – გამოცდილ-დანერგილი) – მაშინ ტყავის ნაჭერიც ზედმეტია. მხოლოდ ხორცია საჭირო. შეიძლება – „პოპულიდან“ მოტანილი ფარშიც გამოდგეს.
მერე ეს მიმინოები უნდა ააფრინო და მშვიდად იძინო.
გძინავს, რეალ-ტივის მიმინოები კი დაფრინავენ, შაშვებს და მტრედებს ყელს უღადრავენ, პაპარაცობენ, აგროვებენ ლუდისფერ მასალას ოპოზიციაზე – მაგალითად, რომ ირაკლი ალასანიას ცოლ-შვილი ციყვების გარემოცვაში ცხოვრობს (ამერიკის ზოგ ქალაქში გაცილებით მეტი ციყვია, ვიდრე სანტექნიკოსი!), რომ თამრიკო ჭოხონელიძეს ოჯახური პრობლემები აქვს… მთავარია, დროზე გაიქცე „პოპულიში“ და მორიგი ფარშის პორცია არ შეგიგვიანდეს. მიმინოს კი თავი ჟურნალისტი ჰგონია. ასეთი დაგეშილი მიმინოების წარმატებული მაგალითია ბლოგერი „დოდკა“, რომელიც, როგორც გავიგე, თავიდან საკმაოდ ობიექტურმა ჟურნალისტებმა დააყენეს ფეხზე და მერე თავად მონახა „პოპულის“ ბაზიერები და კარგ დიეტაზე დაჯდა. ეგაა, თავად მთავრობა ამ ხელოვნურ „მარგალიტებს“ ნამდვილ იაგუნდებად არ განიხილავს და ხშირად არც კი ააფრენენ ხელიდან… ერთხელ პირადად ვნახე წითელი ჟურნალისტის გადაცემაში როგორ არ აუშვა მან პირველ რიგში მჯდარი და აზრის გამოსახატავად აშკარად კამარაშეკრული დოდკა… შემეცოდა კიდეც… როგორც საერთოდ შეგვცოდებია გალიაში მორბენალი თრითინები და ციყვები, მიუხედავად იმისა, რამდენად თბილად არიან და კარგად აჭმევენ…
და რისთვის იყენებენ ამ მიმინოჩკებს?
ბევრი პოტენციური სარგებელია.
მაგალითად – სტაბილიზაციისათვის, რაც თითქოს არაა ცუდი. მოდის ვიღაც და იძახის:
– რა მოგვიდათ, თქვე ჩემა ნალიებო, ქართველები არ ხართ, რა იყო, რა ვერ ეიტანეთ ეს ვარდივით ხალხი… რაის მიტინგობია მოგინდათ? (სამაგიეროდ, ხმას არ იღებენ იმ ნაცემ და დაშანტაჟებულ, სამსახურებიდან გამოყრილ ხალხზე, დაშინებულ და დატერორებულ ბიზნესზე, გაუბედურებულ ჯანდაცვაზე, მოთხრილ განათლებაზე, კორუფციულ კლანებზე, „პაჩკა-პაჩკა“ დოლარებზე – ყოველი შეღებილი სახლიდან და დაგებული გზის ყოველი მეტრიდან, ყოველი გაყიდული ლიტრი ბენზინიდან და კუბომეტრი გაზიდან, ყოველი გაყიდული სამკურნალო აბიდან და სადაზღვევო პოლისიდან რომ ტყდება ბატონი სააკაშვილის და მისი მაფიის უძირო ჯიბეებში).
და წერენ, წერენ (ჟ)ურნალისტნი ნეტარებით – მშენებლობაზე, აღშენებლობაზე, ლატარეებზე, მოგებებზე, ასრულებულ იმედებსა და სიმშვენიერეებზე, აყვავებულ ბინზესზე, ძლევამოსილ ჯარზე, პატიოსან და ხალხის სიყვარულით გადარეულ პოლიციაზე და მთავრობაზე, რომელსაც არცკი სძინავს ხალხის სამსახურში…
– იცით, რომელ საათზე იძინებს მიშა? საერთოდ არ იძინებს და არც ჩვენ გვაძინებს, – ჰყვება იმპერატორის პრესმდივანი, მომხიბვლელი ქალბატონი.
კეთდება იმის იმიტაცია, რომ საქართველოში ყველაფერზე ხუმრობენ – მაგალითად, ე.წ. ნიორინიუსი – მიშაზე 1-2 შუტკას „აზავებს“ 5-10 დაბოღმილ/დანაგვიანებული ჭორით ოპოზიციურ ლიდერებზე. „შუტკა? – შუტკა!..“- როგორც შურიკი ამბობს „კავკასიელ ტყვე ქალში“…
მაგრამ თუ ქარი სხვა მხრიდან დაუბერავს, მაშინ რაის სტაბილიზაცია… მიმინოები სტრატეგიულ ავიციად იქცევიან და „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტებს ისვრიან – მნათეუსები და მამა ბუასილები უწმაწურ ლანძღვას სდებენ პატრიარქის ვიდეოებზე – ვითომდა ტოლერანტობის დემონსტრაციის მიზნით! ხდება ოდიოზური პოლიციელის საზიზღარი გინების განთავსება პაატა ზაქარეიშვილის მიმართ, ქვეყნისა და ერის ნებისმიერი ნიშნით გახლეჩა – ეროვნული, სარწმუნოებრივი, ტრადიციულ-კულტურული, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის,… ოღონდ რამეთი გახლეჩვა მოხერხდეს, რადგან გაერთიანებული ხალხი საშიშია დიქტატურისათვის… ამიტომ დღისით სტაბილიზაციის ყოველ ერთ სააათზე დესტაბილიზაციის მცდელობაში გატარებული თავისუფლების ინსტიტუტის უძილო ღამეები და თეა თუთბერიძის უმანკო ლეჩაქის შტრიალი მოდის… და იღვწიან, იღვწიან ურნალისტები, რომ ურნა სავსე იყოს, რომ ურინალური ეფექტები კარგად ავსებდეს „სამოთხის ვაშლების“ კისკისს…
სამაგიეროდ, რეალ-TV-ის მძიმე შრომაზე დამატებითი პრემიალური ხორციც მოსულა. აგერ, „შერატონში“ ვიღაცეები დაუჯილდოებიათ. „რუსთავი2“-დან, „იმედიდან“, „პრაიმ-თაიმიდან“ – სულ ნასუქ-ნასუქი მოთვინიერებული მიმინოჩკები.
ისე, უფრო მეტად ყვავებს ათვინიერებენ ამ ბოლო დროს. უფრო ადვილიცაა და უფრო დიდხანს ძლებს. თან, მიმინოსგან განსხვავებით, ნაკლები შანსია, რომ ყვავმა ამბოხება გულში გაივლოს… მაგრამ აბსოლუტურად დაზღვეული ამისგან ყვავიც არაა, და თურმე შემდეგი პროექტი კიდევ უფრო განსაცვიფრებელია – „მოათვინიერებენ“ … – ოფოფებს და კაჭკაჭებს! როგორია მერე – „რედისონის“ პენტჰაუზის ტელესტუდიიდან ოფოფები და კაჭკაჭები რომ დაიწყებენ გამოფრენას…

მეთოდი 5 – სარეველების მოკრძალებული ხიბლი
ხომ იცით, როგორ ითესება ქინძი? – მოთესვით. თესლს მუჭში იქცევ და მერე წინასწარ დაბარულ მიწის კვალში მიმოაბნევ. სულ ეგაა.
სარეველა, იცით, როგორ ითესება? არ გაიკვირვოთ – სარეველას რა ჯანდაბად უნდა დათესვა, გათოხნა სჭირდებაო… არც მასეა საქმე… არც მასეა საქმე…
აკეთებ სარეველას, რომელიც ნამდვილ სასარგებლო მცენარეს, მაგალითად – ქინძს, ჰგავს – თესავ და კარგა ხანს, რომ ამოდის, ხალხს ქინძი ჰგონია. მაგრამ როცა ის გლერტა მთელ ბოსტანს მოუსპობს და სუფრაზე მიტანილი სტუმრებს ღებინებას დააწყებინებს, მერე ხვდებიან, რომ ქინძი და გაბითურებული – თავად არიან…
ნაც. მოძრაობის ბონზებმა რამდენიმე წლის წინ სერიოზული ოპერაციები ჩაატარეს არამარტო ტელესივრცეში, არამედ საგაზეთო წრეებშიც. ჩუმად იყიდეს და გადაიფორმეს ხმაურიანი ოპოზიციური მედიასაშუალებები და როგორც შენელებული მოქმედების ბომბები, შეინახეს. გარკვეული დრო არ ჩაერივნენ მათ სარედაქციო პოლიტიკაში. როცა X დღე მოვა, ეს საშუალებები, რომელთაც, განსხვავებით „24 საათისა“ და „პრაიმ-თაიმისაგან“, ხალხი კარგად ყიდულობს მათი ობიექტურობის გამო, უცებ გადაერთვებიან ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების ამაზრზენ შავ პიარზე და ხალხი მანამ ვერ მოვა გონზე, სანამ პირღებინება არ დაეწყებათ… ამასობაში კი, სანამ სარეველას სარეველა დაერქმევა, რეიტინგდაკარგული ოპოზიცია არჩევნებს წააგებს და მერე კი ამ გაზეთების რეიტინგიც დავარდება ისევ, მაგრამ რუბიკონი ხომ უკვე გადალახული იქნება? ხუთწლედი ხომ დაიწყება და ისევ აჟღერდება იმპერატორის სადიდებელი „დარია თუ ავდარია – მიშა მაგარია“…
მაგალითი გნებავთ – კი ბატონო! ინტერნეტ გამოცემა – pirweli.com.ge – მარშალი ბეტანკურის არ იყოს, კარგად რომ დაიწყო. იყო ომახიანი სტატიები და სახელისუფლებო პირების მძაფრი კრიტიკა. იყო ოპოზიციის აზრის გაზიარება, მათთან ინტერვიუები, რაც მთავარია – საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი მომხიბვლელი ჟურნალისტი გამოცემის სათავეში და საპრეზენტაციო ბარიერის მისამართზე მოსული ეს-ემ-ესები – დედა, როგორ მოგვანატრე თავი? რა გოგო ხარ? გაიხარე! შენი იმედი გვაქვს ქართულ ჟურნალისტიკაში, შენ სულ სხვა ხარ!… მაგრამ, თუ დღეს ნახავთ ამ ვებ-გვერდს – სადღაა ოპოზიცია? – პალიკო კუბლაშვილი და თემურ იაკობაშვილი, ხათუნა ოჩიაური და გია თორთლაძე გამხდარან „პირველის“ პირველები და უპირველესები!
რაო? თორთლაძე ხომ ოპოზიციონერიაო?!?
აი, მაგიტომ … სწორედ მაგიტომ, რომ თორთლაძე და ბაჩუკი ქარდავა „საღდებიან“ ოპოზიციონერებად, მაგიტომ ვამბობ, რომ „პირWელის“ ყველა ქინძი ქინძი არაა, ზოგიერთი შეიძლება ისეთივე სარეველა იყოს, როგორც ბატონი გიაა!
ევერესტზე სარეველას რა უნდაო, იტყვით თქვენ! მეც ეგ არ მიკვირს? რა უნდოდა სარეველას ევერესტზე – თუ მაინცდამაინც, ცხარედ დანაპირებ ცხინვალში – კიდევ ჰოო…
ოპოზიცია კი არის წარმოდგენილი… შიგადაშიგ და ძირითადად – ყვითლად…
აი, ლევან ჭითანავას სტატია სააგენტო „პირველის“ გვერდზე ნამდვილად იშვიათი მტკიცებულებაა ამ გვერდის ლამაზი სარეველობის და ბ-ნი ლევანი ამ სტატიით (გამოქვეყნებულია 18:47 – 29.12.2009, რა გაუხარდებოდა გალაკტიონს – “დრო, დრო აღნიშნეო”, რომ მოგვძახოდა) – ნამდვილად ისტორიაში შევა.
მარტო ეს რად ღირს:
„გარდა იმ უდავოდ სამწუხარო ფაქტისა, რომ მემორიალის დემონტაჟს ქუთაისში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა…“
ჯერ ერთი, ღრმადპატივცემულო ურნალისტო ბ-ნო ლევან!
– დედა-შვილის,
– გოგონას, 11 წლის ბავშვის…
მეორეც –
– „უდავოდ სამწუხარო ფაქტი“ – ჩემო კარგო ლევან, არის საქართველოს ნაკრები რომ აგებს, ან თუნდაც, – თბილისის „დინამო“ – კვიპროსის ან მალტის გუნდთან…
დღევანდელობის „ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელ დრამად“, ალბათ, უნდა ითვლებოდეს თქვენნაირ „ურნალისტს“ რომ „ჟურნალისტად“ ასაღებს იმნაირი ხელისუფლება, რაც გვერგო ჩვენი ბედოვლათობით.
ხოლო ის, რომ 11 წლის ბავშვი იღუპება თავის სახლის წინ დედასთან ერთად – პრეზიდენტის აცუნდრუკების გამო, იმის გამო, რომ პრეზიდენტს, თურმე, თავის დაბადების დღეზე საბჭოეთის ეპოქის დანგრეულ მონუმენტთან, როგორც წმინდა გიორგის მიერ შემუსრულ დრაკონთან, სურათის გადაღება მოუნდა (როგორც მარწყვი – დეკემბერში) და ხალხი სათანადოდ არ გააფრთხილეს – ეს (ბავშვის და დედის სიკვდილი!), ჩემო კარგო და ჯანმრთელო ლევან, არის – ტრაგედია…
ესქილე და შექსპირი არ უნდა გჭირდებოდეს კაცს, ქუთაისელს (?) ამის გასაცნობიერებლად… ისე, მაგათაც თუ წაიკითხავთ – პუტინის „რეჩებს“ და ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდიდატის, რუსეთში მცხოვრები ქართველი სოციოლოგის ბადრი ქუთელიას „იზრეჩენიებს“ შორის – არ გაწყენთ ნაღდად…
დანარჩენზე, სტატიის ავ-კარგზე და თქვენს მართალ და მტყუან არგუმენტებზე, სხვა დროს დავილაპარკოთ. ღირხართ ნამდვილად, ბატონო ლევან, რომ მოცდეს ადამიანი თქვენი ნაწერების გარჩევაზე… ოღონდ, მერე იყოს…
ეს ჯერ სადაა, თუ „პირველის“ სპონსორი „მეორეობიდან“ მართლა პირველობაზე გაიქაჩა, მერე ნახე შენ სარეველების ყვავილობა…
მსგავს მეთოდს – ცრუდამკვირვებელი ენჯეოების შექმნისას, მთავრობა არჩევნების წინ სხვადასხვა საარჩევნო სფეროშიც წარმატებით იყენებს… ოღონდ, ეს მომავალი დისკუსიების თემაა…

მეთოდი 6 – სიყვარულო, ძალსა შენსა…
ნაცმოძრაობის პატენტზე ლაპარაკი აქ, ალბათ, არ იქნება მართებული, რადგან მოწინააღმდეგე (და არამოწინააღმდეგე!) სქესის მომხიბვლელობას ჯერ კიდევ ქსერქსე, კალიგულა, ლუკრეციუს ბორჯია, ხოლო მერე – კაგებეც და გესტაპოც საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ. მაგრამ გარკვეული ინოვაციები ნაცმოძრაობამ ნამდვილად შეიტანა და, ალბათ, მათი სიახლე „სავაჭრო ნიშნამდე“ (Trade Mark ™ -მდე) გაქაჩავს.
ძალოვან სტრუქტურებში არსებობს (შეიძლება – სიტყვიერი) რეკომენდაცია, რომელიც არახალია, ძველია და შეიძლება „დირექტივა დონ-ჟუანი“ ვუწოდოთ. მის თანახმად, პოლიციის და სპეციალური ორგანოების მუშაკებს ეძლევათ რჩევა, არაფორმალური კავშირები დაამყარონ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლებთან, და განსაკუთრებით – ჟურნალისტებთან. არაფორმალურ კავშირებს არ უნდა ჰქონდეს მოკლე დროში ინფორმაციის მიღების ან გავრცელების მიზანი. მთავარია ობიექტთან სანდო და ახლო ურთიერთობის დამყარება, რომლის გაფართოების და გამყარების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება ან, პირიქით, გავრცელება იმგვარად, რომ ამას არ ექნება უშუალო დავალების ან თხოვნის ფორმა. ურთიერთობის ფორმა მთლიანად ძალოვანი პირის გადასაწყვეტია. სამწუხაროდ, ჩემი მცდელობა, მომეპოვებინა ამ რეკომენდაციის ნაბეჭდი პირი, უშედეგოდ დასრულდა. მისი არსებობის შესახებ არაფერი იციან, ან – აცხადებენ ასე.
საკითხის დელიკატურობის გამო, ამჟამად მოვერიდები იმ რამდენიმე მეტ–ნაკლებად გახმაურებული შემთხვევის განხილვას, როცა ძალოვნების მიერ მათი ჟურნალისტი გელფრენდების მიმართ განხორციელდა ინფორმაციის მოპოვების ან გავრცელების ისეთი ხერხები, რამაც შემდგომში მათ, იმ საინფორმაციო საშუალებებს, სადაც ისინი მუშაობდნენ, ან მათთან დაახლოებულ პოლიტიკოსებს, სერიოზული პრობლემები შეუქმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ ჟურნალისტები (ძირითადად – ქალები) სწორედ მათდამი არსებული, თითქოსდა, სერიოზული ურთიერთობების გამო მოექცნენ იმ ხაფანგში, რომელშიც ისინი, მათი პროფესიული გამოცდილების გამო, წესით, არ უნდა მოქცეულიყვნენ.
ამ საკითხს ასევე ენათესავება დიდმოხელე პოლიციელების ჟურნალისტი ცოლების თემა.
ნუ, ხდება ცხოვრებაში ასე.
იყო ქალი ჟურნალისტი და გახდა – პოლიტიკოსის ცოლი. ხოლო ზოგი კიდევ – პოლიციელს გაჰყვა.
სიყვარული ბრმაა (გეგონოთო, ჩაიცინებს მავანი – ბრმა მაშინ იქნებოდა, კვაზიმოდოს რომ გაჰყოლოდაო!). რა ქნას ახლა ამ პატიოსანმა პროფესიონალმა (ჟურნალისტს ვგულისხმობ!) – სამსახურს ხომ არ დაანებებს თავს? რა თქმა უნდა, – არა. ობიექტური აღარ ვარო, ხომ აღარ იტყვის? – ღმერთმა დაგვიფაროს, ხომ ჩაგვიქრა ძლივს აღმართული შუქურა! ჰოდა, რჩებიან ქალბატონები სტუდიებში და აგრძელებენ „ობიექტურობანას“. მაგრამ როგორი საობიექტუროა, როცა თოქ-შოუ იმ სტუდიაში მიგყავს, რომელიც შენმა მეუღლემ სპეცოპერაციით და შტურმით აიღო? ანდა როგორი დასაცავია ობიექტურობა, როდესაც ორი სტუმარი გყავს, აქედან ერთი – ქმრის უფროსია, ხოლო მეორე კიდე – ქმრის მიერ ადმინისტრაციულად დატუსაღებული ახალგაზრდა ოპოზიციონერი. ძაან ძნელია… მეცოდება ასეთი ჟურნალისტები. ორი მაინც – ნამეტნავად. პირობითად, ქართული დროშის ფერების მიხედვით, ერთს თეთრს დავარქმევ და მეორეს – წითელს (ლურჯი არ გვყავს ჯერ, ეტყობა, რუსეთზე ალეგორიის გამოსარიცხად, თორემ, პირდაპირ კისლევსკის ტრილოგია იქნებოდა და მე კი არა – გოგი გვახარია დაწერდა მათზე).
თეთრი მწყაზარია და ისეთი ბუნებრივი, რომ ქალაქში რამდენჯერ თვალს მოვკრავ – ტირანოზავრ რექსის ზომაში აქა-იქ გამოკრულს – სულ ის „უცხოური“ სიმღერა მახსენდება – Devushka, ia videl vas bosikom… არაფერი შეგეშალოთ და ტელეფონზე არ დაურეკოთ, თორემ, მერე ნახავთ, რომ „თეთრის“ მწყაზარობა ძალიან პირობითია. მანდილთან სულაც არ ასოცირდება და ადვილად გადადის ხაზარობაში.
მოჰყავს სტუდიაში თეთრს ლეიტენანტი ლელა კაკულია და ეკითხება:
– ქალბატონო ლელა (აბა, „ზვანიეთი“ ხომ არ მიმართავს, უხერხულია… ქალია მაინც!)
– ქალბატონო ლელა, სააკაშვილი დიდხანს გაძლებს? – კიიი!
– ქალბატონო ლელა, ოპოზიცია გაიმარჯვებს? – ვეეერა!
– ქალბატონო ლელა, ქართველები 40 მილიონი გავხდებით? – კიიი!..
– ქალბატონო ლელა, რუსეთი გაიმარჯვებს? – ვეეერა!
Lepota! ანუ, როგორც უფრო თანამედროვედ ჟღერს – ლაპოტაა (იხვებით!)
წითელი კიდევ… წითელი გრაციოზულია და თვალების დახრა უყვარს, მორცხვად. ღაწვებიც წითლად შეფაკლული უხდება. მაგრამ ესეც პირობითია. ამას წინათ ია ანთაძესთან ერთობლივად მოუწია ნინია კაკაბაძის გადაცემაში მონაწილეობა და ასეთი რაღაც უთხრა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაზე და ეთიკის ქარტიის საბჭოზე:
– ია, ჭირიმე, არ მჯერა, რომ რამე გამოგივათ მაქედან, ვიცი, რომ ტყუილად დაიხარჯა ეს დრო და ფული, მაინც მხარს გიჭერ ამ შენი ჰეროიკული მცდელობისთვის. სწორედაც რომ უნდა გავაგრძელოთ. ერთ-ორ თვეში, ეს ქარტია რომ ჩაიშლება, მერე ისევ თავიდან დავიწყოთო. მერე ისევ ჩაიშლება, ისევ დავიწყებთო (მოკლედ, სიზიფეს შრომას ეწევითო, მორცხვად გაგვიმხილა). ამ ევროსაბჭოსიც გამკვირვებია, რამდენჯერ ხარჯავენ ფულს საქართველოს ჟურნალისტიკაში ეთიკის დასამკვიდრებლად, ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ფუჭი შრომააო. მაგრამ თან მიხარია, ცდა ბედის მონახევრეაო.
ანუ, კულტურულად მიანიშნა, – ნეტაი, შენ, ია – საქმე შემოგლევიაო.
და რაც არ უთქვამს, მაგრამ გაიფიქრა (გრუშე ვაჩნაძის სტილი!) – აი, მე რომ ჩემი ხუჭუჭა მეუღლე მიდგას კლდესავით უკან (მაგას ვენაცვალე, პლასტიკური ტყვიების გამოუყენებლობის შესახებ ტყუილებშიო!), ისაა ჩემი ეთიკაც, – კოდექსიც, – საბჭოც და – მარჩენალიცო!
დეკაბრისტის ცოლები ვერ იტყოდნენ უკეთესად…
ჰოდა, როგორცა ვთქვი – „სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ მონებდეს?..“

მეთოდი 7 – „ოპერაცია Ы – ჟურნალისტები საჯარო სამსახურში“
გურიასა და კახეთში, ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის ფონზე, საოცარმა ფენომენმა იჩინა თავი.
როგორც რეგიონული პრესის ასოციაციის პრეზიდენტმა ია მამალაძემ განაცხადა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სადაც ბოლო წლის განმავლობაში შტატები საკმაოდ შეამცირეს, უცებ გაჩნდა ახალი თანამდებობები, სადაც მასობრივად ინიშნებიან მხოლოდ… ადგილობრივი ჟურნალისტები.
600-1000 ლარიანი თანამდებობების დასახელებიდან ხშირად აბსოლუტურად გაუგებარია, რა ევალებათ ამ ახალგამომცხვარ მოხელეებს. მაგრამ აშკარაა, რომ მათი მთავარი მოვალეობა – სიჩუმეა. მთავრობა ადგილობრივი არჩევნების წინ ცეცხლივით უფრთხის რეგიონებში მართალი სიტყვის გავრცელებას და ოქროს ალიკაპი უნდა ამოსდოს ჟურნალისტებს.
იდეურად გაკოტრებული ხელისუფლება ფინანსური გაკოტრების საფრთხეს ფეხებზე იკიდებს და იბრიქება: – „მე გეო ვარ! გეო! ყველას ვიყიდი, მოიყვათ, ყველას ვიყიდი!“
მინდა მივმართო ასე უცაბედად „გაბედნიერებულ“ ჟურნალისტებს:
– იცოდეთ, თქვენი კონტრაქტი, 2010 წლის 1 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღესვე, დამთავრდება. 2013 წლამდე ნაცმოძრაობას აღარ დაჭირდება თქვენი სიჩუმის ყიდვა. ასე რომ, ის 3 წელი რას გააკეთებთ, ახლავე დაფიქრდით, რადგან თუნდაც დროებით გაყიდვა თქვენს საქმეში ფასის სწარფ ვარდნას იწვევს, პოპულარობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მეთოდი 8 (ტრადიციული) – დაშინება
ამ მეთოდის ყველაზე თვალსაჩინო დემონსტრირება მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც კერძო ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრილი სპეცნაზი ისე მოექცა ჟურნალისტებს და იქ მყოფ (ინტერვიუზე მისულ) ადამიანებს, როგორც კრიმინალებს და ტერორისტებს – დააწვინეს მეტლახის იატაკზე (მათ შორის ორსული ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე), დაადგნენ თავზე ავტომატებით, უყვიროდნენ, აშინებდნენ, ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ხოლო ყოფილ კინოსტუდიის ეზოში და დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე პირდაპირ ნადირობა გამართეს გაქცეულ ჟურნალისტებზე. ეს იყო თავისუფალი ტელეკომპანიის მიმართ სახელმწიფო ტერორიზმის აქტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა მთელ მედიას უთხრა, – თუ ჩვენთან არ იქნებით, თუ ისე არ „იჟურნალისტებთ“, რომ ჩვენ მოგვეწონოს – დედას გიტირებთ ყველას და შეგვიძლია, საერთოდ გაგანადგუროთო. ამ ანგარიშსწორებას გადაურჩა მხოლოდ ახალი ამბების წამყვანი და ტელეკომპანიის მთავარი სახე – გიორგი თარგამაძე. და მთელმა მისმა მომავალმა – როგორ დააფუძნა უცებ თავისი მეგობარი ჟურნალისტებისაგან შემდგარი პარტია, როგორ იშოვა საკმაოდ სერიოზული ფინანსური რესურსები და როგორ მოახერხა, რომ დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში ძალიან სერიოზული შედეგიც აჩვენა, ხოლო შემდეგ როგორ უცებ გამოეყო გაერთიანებულ ოპოზიციას და სააკაშვილის პარლამენტში ისკუპა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მას მის მომავალ შემცვლელადაც ასახელებდა, – მხოლოდ ერთ რამეს გვაფიქრებინებს – გიორგი თარგამაძემ გაყიდა ბადრი პატარკაციშვილიც, ტელეკომპანია „იმედიც“, საკუთარი კოლეგებიც და საკუთარი პროფესიაც. და მხოლოდ იმიტომ აიცილა ურნალისტობა, რომ პოლიტიკოსობით არჩია უძველეს პროფესიამდე „ზეასვლა“. სწორედ გიორგი თარგამაძის და დიანა ტრაპაიძის მომავლის დიფერენცირებით ცდილობდა მთავრობა იმის თვალსაჩინო დემონსტრირებას, რამდენად საამური იქნებოდა ცხოვრება მათი ერთგული ლაქიებისათვის და რამდენად მძიმე – მისთვის, ვინც არც გატყდებოდა და არც გაიყიდებოდა…

მეთოდი 9 – შანტაჟი
„შენ ჩაეწერე კონტრდაზვერვაში?“
გაზეთ „ბათუმელების“ შემთხვევა იყო ექსტრავაგანტობის უშბა (როგორც იცით, ამ მთას ორი მწვერვალი აქვს). ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მრავალჯერ გამამწარებელი გაზეთის რედაქტორი თედო ჯორბენაძე ვიღაც (შემდგომში რეალობიდან აბსოლუტურად აორთქლებულმა) პირებმა ბათუმის სოდის შენობაში შეიყვანეს, ვიღაც შიშველი მამაკაცების სურათები აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს თავად მისი სურათები იყო.
მეორე მწვერვალი ამ ოპერაციისა, რომლის დროსაც გასაჭირში ჩავარდნილი თანამშრომელი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ და დირექტორმა მზია ამაღლობელმა არ მიატოვეს, სავსებით ფანტასტიკური იყო. ბ-ნ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ მისით და გაზეთ „ბათუმელების“ სარედაქციო საქმიანობით ინტერესდებიან მეზობელი ქვეყნების – რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, და რომ მისი თანამშრომლობა ორგანოებთან სწორედ იმიტომაა აუცილებელი, რომ ჯორბენაძე დაიცვან ამ უცხო სპეცსამსახურებისაგან. ხოლო თუ იგი თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ისინი ზემოთ ხსენებულ ფოტოებს მშობლებს და ახლობლებს გაუგზავნიდნენ, ასევე – ინტერნეტში ატვირთავდნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ ოპერატიულ მასალაზე შტირლიცი არადა, „კავკასიელი ტყვე ქალი“ გაგახსენდათ – დაუვიწყარი „ბამბარმია, კერგუდუ!“, რომელიც მარტივად ითარგმნება – “если вы откажетесь, они вас зарежут!” თანაც, რა ჰუმანური პროგრესია ახალ მილენიუმში, როცა ქართველი სპეცსამსახურების საყვარელ იარაღად არა შხამიანი ქოლგით ჩხვლეტა, არამედ – იუთუბზე მასალების ატვირთვა იქცა…
თედო ჯორბენაძემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ე.წ. „კანონდამცველებს“ უთხრა, რომ არ ეშინია მათ მიერ დამონტაჟებული ფოტომასალების გავრცელების. შენობაში როგორც იქნა შეშვებული ეთერ თურაძეც მაგრად დადგა, როცა „კანონდამცველებმა“ მას თანამშრომლის „უნამუსობაზე“ დაუწყეს ლაპარაკი და ურჩიეს, პატივსაცემ გაზეთს დროზე მოეშორებინა „შემარცხვენელი“ ჯორბენაძე. საბოლოო ჯამში, ჟურნალისტთა და ადამიანის უფლებადმაცავი ორგანიზაციების აქტიური პროტესტის წყალობით, ე.წ. „კანონდამცველებმა“ უკან დაიხიეს და… აორთქლდნენ. შოთა უტიაშვილმა (ჟურნალისტების სიძემ) განაცხადა, რომ თუ კანონი დაირღვა, ისინი იპოვიან ამ მარსიდან ჩამოფრენილ საიდუმლო აგენტებს და სათანადოდ დასჯიან (როდის იპოვიან – არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ასე ადვილია მარსელების პოვნა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილ შენობის დანგრევის გამოძიების მასალებს, 10 დღის ნაცვლად, რვა თვეა აგროვებენ და ვერ მოაგროვეს?!).
3 ბათუმელი ჟურნალისტი (მათ შორის, ეთერ თურაძე და თედო ჯორბენაძე) ჟურნალისტთა ქარტიის საბჭოს შემადგენლობაში აირჩეს კოლეგებმა.
მაგრამ ძალოვნების მხრიდან საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთ აქტიურ პერსონაზე შანტაჟის ფაქტზე არანაკლებ საინტერესოა, როგორ შეაფასეს ეს ამბავი ნაცვიზიებმა.
„რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა (დიდი ბოდიში, მაგრამ მე აქ სიტყვა „ჟურნალისტს“ ვერ ვიხმარ, enough is enough!) თედო ჯორბენაძეს პრეს-კონფერენციაზე, აი, ეს შეკითხვა დაუსვა:
– თედო, შენ მართლა,… ისა,… ცოლი არა გყავს?

ძალიან მინდა დავადგინო ამ „ურნალისტის“ ვინაობა. და სადღაც, ასე, 5 წლის შემდეგ, თვალებში ჩავხედო. მეტი არაფერი…

მეთოდი 10 – გადაყიდვები და კომისრები
სტუდია „მონიტორის“ (ავტორი – ნინო ზურიაშვილი) ძალიან მძაფრი და საინტერესო ფილმი ქართული ტელევიზიების მძიმე ბედის შესახებ (http://www.ijp.ge/video_blank.php?vid=38) დოკუმენტურად აჩვენებს, რომ 2003 წელს საქართველოში იყო 12 კერძო ტელევიზია, რომელთაგან 4 მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და რომელთა ნახევარი მაინც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ 4 წელიწადში აქედან 11-ს (ყველას, გარდა ტვ „კავკასიიისა“) შეეცვალა მფლობელი, ან გააუუქმდა ლიცენზია! ევროკავშირის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დაფინანსებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტელევიზიათა მფლობელობის საკითხი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ამ ტელევიზიების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის ასპექტთან, ასევე – მათდამი ნდობის ხარისხთან.
http://www.epfound.ge/files/geo_media_research_report_ge.pdf http://irdb.wordpress.com/2009/11/24/სატელევიზიო-სივრცე-საქარ/ http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=3795〈=ge
2009 წელს კი საქართველოში მოქმედი 45 სატელევიზიო არხის მფლობელები, მიუხედავად კანონის მხრიდან აკრძალვისა, ზოგ შემთხვევაში, არიან ხელისუფლების მოქმედი ან ახლო წარსულში აქტიური პირები, ან – მათი ოჯახების წევრები, ხოლო ახმეტაში – სულაც ახმეტის მუნიციპალიტეტი! გამოვლენილია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ნათესავები/მეზობლები ხშირად გაურკვეველ ვითარებაში დაეუფლნენ ტელევიზიების მსხვილ ან საკონტროლო პაკეტებს. ერთი და იგივე – საკმაოდ ბუნდოვანი წარმოშობის და ოფშორებში რეგისტრირებული – კომპანია Degson Limited, ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ ერთად, ფლობს ეროვნული რანგის ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „მზე“. მეორე მისტიკური ორგანიზაცია – Denial Union – ტელეკომპანია „საქართველოს“ (თავდაცვის სამინისტროსთან ასოცირებული არხის) 100%-ს და ტელეკომპანია „ევრიკის“ 51%-ს ფლობს. ასევე ბუნდოვანია Rakeen-ის და მისი შვილობილი კომპანიის – Rakeen Georgia Holding-ის – სამართლებრივი სტრუქტურა, რომლის გარშემოც არსებობს ეჭვები, რომ მისი რეალური მფლობელები ქართველები არიან. Rakeen Georgia Holding ეროვნული ტელეკომპანია „იმედის“ 90%-ს ფლობდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, რომელიც პარლამენტარმა გიორგი თარგამაძემ ია ანთაძის ბლოგერთა კითხვის პასუხად მოიპოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან, ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ აქციების 100%–ის მფლობელია „Georgian media production group”. სხვა უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვება ამ ორგანიზაციის შესახებ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, მისივე განმარტებით, ვერ შეძლო.
თეიმურაზ შენგელიას დაფუძნებული ტვ „ევროპა“ – 38-ე არხი: საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის გამო მაუწყებლობის ეროვნული მარეგულირებელ კომპანიის (მემკ) დირექტორად დაწინაურებული დიმიტრი ქიტოშვილის მიერ უკანონოდ ჩამოერთვა ლიცენზია იმ ხელოვნური საბაბით, რომ არ მაუწყებლობდა. სინამდვილეში მაუწყებლობის 1.5 დღით (!) შეწყვეტა უკავშირდებოდა ანძაზე რეტრანსლიატორის ტექნიკურ გაუმართაობას და დადასტურებული იყო შესაბამისი ცნობით. ქიტოშვილმა ასევე გადასცა არხის მეპატრონეს საკონტროლო პაკეტის – აქციათა 51%-ის გადმოცემის სურვილი, ხოლო უარის შემდეგ კომპანიას ლიცენზია ჩამოერთვა და დაიხურა, მისი კუთვნილი ტექნიკა და ფილმები ასევე უკანონოდ გადაეცა ტელეკომპანია „ალანიას“.
ტელეკომპანია „ობიექტივი“ (35-ე არხი, დამფუძნებელი ქეთევან ასათიანი): მემკ-დან მოთხოვნის გამო 2004 წ. აქციათა 50%, ხოლო შემდეგ კიდევ 1% გადასცეს ვინმე დავით კაკაურიძეს – დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარს და მეზობელს, რომელმაც ფორმალური 10000 ლარიც კი არ შეიტანა საწესდებო კაპიტალში. ოქრუაშვილის საქმეზე ქიტოშვილის დაკავების შემდეგ კაკაურიძემ უკანონოდ გააჩუქა თავისი წილი მარეგულირებელი კომისიის წევრის სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე ნოდარ ჭარხალაშვილზე (მიუხედავად იმისა, რომ თანამეწილე ასათიანთან შეუთანხმებლად 51% წილის მფლობელ კაკაურიძეს ამის უფლება არ ჰქონდა), მან კი, თავისი მხრივ –წილი პოლიციის თანამშრომელ კვირიკაშვილს „გადაულოცა“. სამჯერ საეჭვო გადაყიდვის შემდეგ კვირიკაშვილმა იმავე დღეს, ფაქტობრივად, აჩუქა ტვ-35 ქალაქის ხელისუფლებას. ხოლო ამ უკანასკნელმა ეს სიხშირე საბოლოოდ ტელეკომპანია „ალანიას“ გადასცა (მოკლედ, თუკი ვინმეს რამეს წაართმევენ, „ალანიასთან“ უნდა ეძებოთ – დაკარგული ნივთების საწყობია, პირდაპირ!).
საინტერესოა, რომ ნოდარ ჭარხალაშვილზევე მოხდა კომპანია „იბერიის“ 51% წილის გადაფორმებაც, მას მერე, რაც ასლან აბაშიძის სახელთან ასოცირებული ამ კომპანიის ოფისში ძალოვნები შევიდნენ … ულიცენზიო სიგარეტის ამოღების მოტივით და საბოლოო ჯამში კი ტელეკომპანია დახურეს!
დაიხურა ტელეკომპანიები „საქართველოს ხმა“ და „202“ (ტვ 33). ეს უკანასკნელი სკანდალურად დაიხურა იმის მერე, რაც მის მფლობელს – სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებულ ვარდების რევოლუციის ერთერთ წამყვან აქტორს – შალვა რამიშვილს – პარლამენტარმა კობა ბექაურმა მასზე მასალების ეთერიდან ამოღების სურვილის გამო ქრთამი გადასცა, ეს ყველაფერი კი ვიდეოზე ჩაწერა და ბუნებით ავანტიურისტი შალვა ისე „დაასრიალა“, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. თავიდან 33-ე არხის მეპატრონე გახდა გერმანელი ალტენბურგი, მაგრამ მოულოდნელად – მომავლის გეგმების პრეზენტაციიდან რამდენიმე დღეში, ალტენბურგმა საქართველოდან ხმის ამოუღებლად დაახვია, ხოლო კომპანია, ისევე, როგორც შევარდნაძის კავშირგაბმულობის მინისტრის ფრიდონ ინჯიას, მისი ცოლ-შვილის და ოთარ ჩხარტიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია „ევრიკა“, მოულოდნელად აღმოჩნდა გიორგი გეგეშიძის ხელში, რომელიც კომპანია „მაგი-სტილის“ მფლობელი და ნაციონალური მოძრაობის სერიოზული სპონსორია. ახლა 33-ე არხს „საქართველო“ ჰქვია და თავდაცვის სამინისტროს ტელეარხად ითვლება, ძირითადად, ვიდეოფილმებს და პატრიოტულ-სამხედრო ხასიათის მასალებს გადასცემს.
საკმაოდ პერსპექტიული „მე-9 არხი“ მისმა მფლობელმა, მილიარდერმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მაშინ დახურა, როცა ამას არავინ ელოდა – ახალი ლიცენზიის აღების, ახალი ტექნიკის შეძენის და ახალი თანამშრომლების კონკურსით აყვანისა და ტრენინგების ჩატარების შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადგმა ივანიშვილმა მთავრობის თხოვნით „მოიფიქრა“, ხოლო სამაგიეროდ მას „რუსთავი2“-ის საზოგადოებრივი საბჭოსათვის გადაცემას და ალტერნატიულ საზოგადოებრივ არხად გადაქცევას დაჰპირდნენ, მაგრამ შემდეგ ესეც არ შედგა…
სააკაშვილის მთავრობის წევრის და ნდობით აღჭურვილი პირის – ლამის ყველა მინისტრად ნაგრიალები გელა ბეჟუაშვილის ძმამ, გაზის ბიზნესის მამამ დავით ბეჟუაშვილმა შეიძინა ტელეკომპანიები „რუსთავი2“, „მზე“ და „I სტერეო“.
„რუსთავი2“-ის და „იმედის“ ნაცმოძრაობული „პრიხვატიზაციის“ შემთხვევები საკმაოდ ჩახლართული და დრამატულია. უფრო დაწვრილებით მათ შეგიძლიათ გაეცნოთ სტუდია „მონიტორის“ ვებ-გვერდზე ან ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ ხსენებული ჟურნალისტური გამოძიების მასალების ამსახველ სტატიაში – „54 ნაბიჯით უკან“ http://www.shokoladi.ge/node/526?page=2
მაგრამ, მავანმა შეიძლება იკითხოს – ქვეყანაში ხომ არსებობს თითქოსდა დამოუკიდებელი, ფანტასტიკურად მაღალი ხელფასებით „გაპირუთვნებული“ ორგანო – მაუწყებლობის ეროვნული მარეგულრებელი კომპანია (მემკ)?
ორგანოს შესახებ ევროკავშირის კვლევის დასკვნა: „მთელ რიგ შემთხვევებში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები ლიცენზიის შეჩერების თუ გაცემის თაობაზე, პოლიტიკურად მოტივირებული შეიძლება ყოფილიყო“.
ამაზე განსაკუთრებით მკაფიოდ მეტყველებს დაახლოებით 1,5 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ასოცირებული ტელეკომპანია „ალანიას“ ულიცენზიოდ მაუწყებლობის ფაქტი.
ტელეკომპანია „ალანია“ (არაოფიციალური ინფორმაციით, მას პირადად ვანო მერაბიშვილი მფარველობს და აკონტროლებს), რომელმაც ვისთვის – წართმეული სიხშირით, ხოლო ვისთვის – წართმეული ტექნიკით და ვიდეოფილმებით მყუდრო ბუდე მოიქსოვა, ისე მაუწყებლობდა 1,5 წლის განმავლობაში ულიცენზიოდ (!), რომ მას უყურებდა და ამით სახალხოდ ამაყობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, მას უყურებდა ცხინვალის და თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგრამ ამ უკანონობას „ვერაფრით ამჩნევდა“ 1,5 დღით (!) მაუწყებლობის შეჩერების გამო ტვ „ევროპისათვის“ ლიცენზიის მეყსეულად ჩამომრთმეველი მარეგულირებელი („ახ-კაკოი-ობიექტური“) კომისია, რომლის მესვეურთა ცინიკური და ურცხვი განცხადებები ფილმში უბრალოდ სამართლის და სიმართლის დაცინვაა!
მარეგულირებელი კომპანიის, მისი ფუნქციონერების ბიზნეს-ინტერესები და საახლობლო წრე ხშირად გამხდარა მედიის და საზოგადოების მხრიდან ინტერესთა შესაძლო კონფლიქტებზე მინიშნების მიზეზი, მაგრამ „ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდისო“, უყვარს თქმა ბატონ მიშას…
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კომისიის წევრები ისე გადადიან და გადმოდიან კერძო ტელევიზიების მმართველობაში ან პირიქით, რომ შეიძლება თავადაც არ ახსოვდეთ კარგად, მოცემულ მომენტში სახელმწიფო სკამზე სხედან, თუ – კერძოზე. ისე, როგორც ცნობილ ანეკდოტშია ნათქვამი, – „და განა ეს სულერთი არ არის?“
მაგალითად, კომისიის ახლანდელი თავ-რე ბ-ნი ირაკლი ჩიქოვანი „რუსთავი2“-ის სულ ახალი ნადირექტორალია და მის სახელს უკავშირდება „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის უკანონო რეკონსტრუქციისა და ტრაგედიის შედეგად ტელეკომპანიის მემონტაჟეების – გია გაბუნიას და ნიკა გელაშვილის დაღუპვა, რომელი საქმის გამოძიება, სავარაუდოდ, ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირების აქტიური მეცადინეობით, ჩაფარცხულ იქნა. სამთავრობო „პრინცესების“ – დავით კეზერაშვილის და გიგა ბოკერიას ცოლების დაქალის – ქ-ნ სოფიო ბრიტანჩუკისა და მისი ქმრის ნოდარ ჭარხალაშვილის „მოღვაწეობაზე“ უკვე მოგახსენეთ.
აი, ნინო ზურიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების დასკვნა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ:
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ტელეკომპანიების გადანაწილების პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა და 2004 წელს არსებული 12 ტელევიზიიდან 11-ს შეეხო. უმრავლესობას მფლობელთა ჩანაცვლების პრობლემა დაუდგა და რამდენიმეს ლიცენზია ჩამოერთვა (პრობლემა არ შექმნია – თუ არ ჩავთვლით 2007 წლის 7 ნოემბრის შეჩერებას – ტელეკომპანია “კავკასიას”). მთავარი მეწილეები არიან – ქიბარ ხალვაში, დავით ბეჟუაშვილი, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია “გეომედია გრუპი”, და კომპანია “მაგი სტილის” დამფუძნებლები გოგი გეგეშიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ამ სიიდან ქიბარ ხალვაში ზუსტად იმ დღეს ამოვარდა, როცა ირაკლი ოქრუაშვილი თანამდებობიდან გადადგა. დანარჩენები კი უმრავლესი ტელეკომპანიების საკონტროლო პაკეტებს ფლობენ. “მაგი სტილს” საქართველოს ხელისუფლებისგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო შეკვეთები აქვს აღებული (მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი კომპლექსი კახეთის გზატკეცილზე).
6 ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი (“რუსთავი 2″, “მზე”, “იმედი”, “ობიექტივი”, “ევროპა”, “საქართველოს ხმა”) საკუთარი შელახული უფლებების აღდგენას მართლმსაჯულების ორგანოების დახმარებით ცდილობს.
თუკი წინათ მედიამფლობელები და ჟურნალისტები ერთ მხარეს იყვნენ და ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მფლობელები და ხელისუფლება ერთად უპირისპირდებიან ჟურნალისტებს. ტელეკომპანიებში მფლობელთა ცვლილებებს გადაცემების დახურვა მოჰყვა, ბევრმა ჟურნალისტმა ტელევიზია დატოვა, ბევრიც ტელევიზიიდან ტელევიზიაში გადასვლით ინარჩუნებს სამსახურს…“
—————-
და ამის მერე შეგეპარებათ ვინმეს ეჭვი, რომ მიშა „მაგარია“?
– სხვა საქმეა, რაშია „მაგარი“?

პაიჭაძის ფინტები: ბორიადან – დავითამდე: „- კარგით, საქმეზე გადავიდეთ“…
ქართული საარჩევნო პიარის ერთ-ერთმა შოუმენმა – მაშინ თეთრკოსტიუმიანმა ბ-ნმა დავით პაიჭაძემ ბოლო ხანებში პოლიტ-ტოქ-შოუ-მენობა სცადა და ფანტასტიკურ წარმატებებსაც მიაღწია:
1) არის ყველაზე „ძერსკი“. მაგალითად, ლამის ატირა ეთერში ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია, რომელიც მერე ერთ კვირაში მინისტრობიდან სასწავლებლად ჩამოალაბორანტეს, რამაც საფუძვლიანი ეჭვი გამიჩინა, რომ იმ დროს, როცა გვარამიას არც ბილეთი ჰქონდა დაჯავშნული და არც ჩემოდანი ნაყიდი, პაიჭაძემ უკვე იცოდა ავლაბრის „ლაბორატორიაში“ ზეთის დაქცევის შესახებ.
2) არის არამარტო წამყვანი, არამედ იდეოლოგი-წამყვანი. არიან იდეოლოგები (თევზაძე, რამიშვილი, ბოკერია) და არიან წამყვანები (კვესიტაძე, შუბლაძე, კობერიძე), მაგრამ ასეთი ჰიბრიდი… ნუ ლადარია, ვითომ, მაგრამ 1წთ25 წმ-იანი გადაცემა – აბა, რა გადაცემაა?!.
3) მის გადაცემაში არ იწერება მოსული სმს-ების რაოდენობა, სამაგიეროდ, შედეგი ისეთია, რომ ნოდია-იაკობაშვილის „სამინისტრო“ და „გრინბერგ-ქვინლან-როსნერის“ პაჩტინახევარმილიონდოლარიან ეგზიტ-პოლებსაც შეეხარბებოდა. ანუ, რომ დასვათ შეკითხვა, ვინ არის საქართველოში ყველაზე პოპულარული ა) პრეზიდენტი, ბ) მენეჯერი, გ) სარდალი და დ) მამაკაცი, – პაიჭაძის გადაცემაში ყველა ამ კითხვაზე მოგებული მოქ. მ. სააკაშვილი იქნება და შემიძლია საარსებო მინიმუმზე დაგენიძლავოთ, რომ მინიმუმ 80%-იანი უპირატესობით მოუგებს მეორე ადგილზე „გასულ“ გიგი უგულავას…
სწორედ ასეთი დახვეწილი „ფინტებით“ ბატონი დავითი მის თანამოგვარეს – ბატონ ბორის პაიჭაძეს მაგონებს.
ოღონდ, ბატონი ბორისი ძალიან საყვარელი და პატიოსანი ადამიანი იყო. ხალხი „ბორიას“ ეძახდა და ხელით ატარებდნენ. მარტო მოედანზე ატყუებდა მოწინააღმდეგეს, ხოლო ცხოვრებაში უღალატო და ალალი კაცის სახელი დატოვა…
ახლა მინდა რამდენიმე ალალმართალი ოპუსი მოგიტანოთ ბატონი დავითის იმ გადაცემიდან, რომელიც სწორედ გაზეთ „ბათუმელებს“ და ზემოთ ნახსენებ შანტაჟის მცდელობას მიეძღვნა. თუმცა, ამას მე ვთვლი შანტაჟად, ხოლო ბატონი დავითი ლამის პატრიოტულ სიქველედ აღიქვამს. [ჩემი კომენტარები/მოსაზრებები კვადრატულ ფრჩხილებშია]
————————————–
დ.პ.: რას ერჩიან, თუკი ეს მართალია, – გაზეთ „ბათუმელებს“)?
—————————————-
[ანუ, „ბათუმელებს“ იქნებ არც ერჩიან?.. იქნებ, მხოლოდ ჯორბენაძეს ერჩიან?.. ან იქნებ, არც ჯორბენაძეს ერჩიან?.. და ერჩიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს! ხოლო თუ ეს ასეა, ეს ხომ ასეც უნდა იყოს! და მაშინ, საერთოდ, – რა გააჭირეთ საქმე?]
——————————–
დ.პ.: ეს არ იყო დაშინება. ეს იყო გადაბირების მცდელობა. მას შესთავაზეს თანამშრომლობა!
———————————
[ე.ი., ბატონი თედო ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რომ იგი გამოარჩიეს და შესთავაზეს თანამშრომლობა.
აი, ასეა, მიდიხარ ქუჩაში შენთვის და უცებ გეცემა თავში ბედნიერება – ერთი-ორი ფუთი… რჩეული ხარ! სამშობლოს რჩეული! დაჯექი აწი და გიხაროდენ!.. და ნუ, ახლა თუ ვინმემ ასეთი ბედნიერება ვერ შეიფერა, კია ღირსი, რომ ინტერნეტში რამე მაკომპრომეტირებელი სურათი დაუდონ. ანუ, ბატონი ბორიას სფეროდან რომ წამოვიღოთ მაგალითები – გოლს თუ არ გაიტან, მერე – შენ გაგიტანენ! თუ არ დავერბოვკდები, მერე დაგაშანტაჟებენ…]
—————————————–
დ.პ.: და რა შესთავაზეს თედო ჯორბენაძეს – ითანამშრომლეთ ჩვენთან – სამშობლოსათვის?! თუ – თქვენს კოლეგებზე ინფორმაციის მოწოდება?
——————————————
[ე.ი., ჯერ თუ პირველი შეთავაზეს, ეს ნამეტნავად კარგია და ვინ იცის, მთელი მომავალი 30 წლიანი მზვერავის ოქროს კარიერის განმავლობაში მეორე („კოლეგიური“) დავალება არც კი შეეთავაზებინათ? და, სხვათა შორის, დ.პ.-მ ისიც აღნიშნა სიცილით, ვერ ყოფილან მოწოდების სიმაღლეზე სოდელები, თორემ რომ გადაებირებინათ, ამას ყველაფერს ვერ გავიგებდითო!]
———————————-
დ.პ.: რა ჰქნა ასეთი ამ გაზეთმა „ბათუმელებმა“ და მისმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომ გააჩინა სოდ-ის ინტერესი?
——————————-
[ეს ასე იშიფრება – ეთერ, ძაან მაგრები ხართ, ვითომ? იქნებ, არცა შიოლა ყოფილა? არცა სოდი? არამედ თედო აფთიაქში შევიდა და შპრიცი უნდოდა, ეყიდა? და იქნებ მოეჩვენა, რომ აფთიაქის ფარმაცევტმა გოგონამ „ავერსის“ მხარეს „დავერბოვკება“ დაუწყო…
საინტერესო იყო დ.პ.-ს რეაქცია, როცა თურაძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დაიწყო]
– სარფის საბაჟოს მაგალითი … – უჰ, ეგ ძველი ამბავიაო.
– პოლიციელ ჩიქოვანის, იგივე „მაიმუნას“ – მიერ ქალის სადისტურად გაუპატიურების ამბავი … „კარგით, საქმეზე გადავიდეთ“!
[ანუ, ბატონო დავით – ეს, „საქმე“ არ იყო?]
————————–
დ.პ.: „თუ იცით, ბათუმში ვინ თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან?“
————————-
[ეთერ, იქნებ, თქვენ ხართ ერთადერთი დარჩენილი თეთრი ყვავი, იქნებ, მთელი ბათუმი უკვე ბედნიერად „დავერბოვკებულია“ და მაქსიმ მაქსიმოვიჩ ისაევის მასტერკლასს გადიან ბულვარის გვერდით ბუნგალოებში?]
———————————-
დ.პ.: თუ იყო სხვა ფაქტები, და რა რეაგირება მოაყოლეს?
—————————
ე.თ. : 1) „მაიმუნაზე“ – მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გაასამართლეს და სამსახურიდან დაითხოვეს, ისევ ვნახეთ შსს შენობაში შეიარაღებული, მიუხედავად ნამასართლობისა და საპროცესო გარიგებისა…
2) ჟურნალისტი ნათია როყვა იყო დაკავებული, სადარბაზოში, ავტომანქანით წაიყვანეს. ჟურნალისტს ჰქონდა გაკეთებული 30-წუთიანი ჩანაწერი, როგორ ექცეოდნენ და ემუქრებოდნენ. გამოძიებისთვის მიმართვის შემდეგ – საქმე არ აღიძრა, რადგანაც როყვას ნების საწინააღმდეგოდ არაფერი მომხდარაო – პასუხი გაიცა თვეების მერე!
[ე.ი., როყვას უნდოდა და დააკავებინა თავი! გააჩერებინა 30 წუთი! დაამუქრებინა! არაა, ძვირფასებო ეს ადვილი! როცა პოლიციელს არ უნდა, დაგემუქროს და შენ ისე აკვარახჭინებ საქმეს – რომ ბოლოს მთელი 30 წუთი გემუქრება!..]
——————————–
დ.პ.: მოდით, გადავიდეთ საქმეზე! აი, გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო…
——————————–
[ბატონი დავითის სტილი შეუდარებელია – კითხვის დასმა, შუბლის შეჭმუხვნა… და თუ რესპონდენტი პასუხს იწყებს, იმწამსვე „- მოდით, გადავიდეთ საქმეზე!“]
გეგონება, ეს შეძახილი რომ არა, ეთერ თურაძე „აჩმა მაკარინას“ რეცეპტების განხილვას აპირებდა და არა – ჟურნალისტების საქმიანობაზე საუბარს.
ამის შემდეგ ბ-ნმა დავითმა „გაზეთ ბათუმელების“ ადვოკატსაც დაუსვა ჩამჭრელი კითხვები. მაგალითად, როცა ადვოკატმა თედო ჯორბენაძის მიერ გამოყენებული შანტაჟი ფსიქოლოგიურ ძალადობად შეაფასა და სიტყვა „მსხვერპლი“ ახსენა –
———————–
დ.პ.: „მსხვერპლი“ ცოტა მძიმე სიტყვა ხომ არ არის?
———————–
[ანუ, თუ ლევან ყუბანეიშვილი მუქარის ე-მეილს იღებს ახალგაზრდისაგან, იგი შანტაჟის და დაშინების უბიწო მსხვერპლია… ამ ახალგაზრდის ვინაობას სოდ-ი 1 საათში ადგენს, იჭერს, 2 დღეში ასამართლებენ და 2 თვე ციხეს ახეხინებენ.]
ხოლო თუ თედო ჯორბენაძეს შანტაჟს უწყობენ სოდ-ის შენობაში, ის მსხვერპლი კი არა – „რჩეულია“! გასხივოსნებული სპეცმსასახურებთან თანამშრომლობის პერსპექტივით! და თუ ვერ შეიგნო ამ პრივილეგიით оказанное вам высокое доверие, მაშინ თავის თავს დააბრალოს! რა თქმა უნდა, არავინ იმ პატიოსან ხალხს არ დაიჭერს (ლომის ლოგიკა – „აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?!“ მართლა, როდის იყო, სოდ-ი კუდ-ის ტყავს ხევდა, ან – პირიქით?)]
—————————
დ.პ.: თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ. საქმე ეხება არა უბრალოდ პოლიციას, არამედ სოდ-ს! იგი ხომ შეიცავს კონტრდაზვერვის ფუნქციებს? ეს შეთავაზება ხომ კონტრდაზვერვის საქმეა. აბა, ისინი თუ არ დააშინებენ, თუ არ დაავერბოვკებენ ხალხს, ისე რა გამოვა? როგორ შეივსება მათი ოპერატიული ინფორმაცია?
———————–
როცა საქართველოს რეგიონებში რომელიმე გადაღძუებული „ავტორიტეტისაგან“ ან ცხვირმოუხოცავი ღლაპისაგან (ისე, სწორედ ამისთანებია ბლომად იქ, სადაც, წესით, არ უნდა იყვნენ) ზოგჯერ გვესმის ქალის მოტაცების „ვაჟკაცური“ ტრადიციის შესახებ, ეს ერთია.
მაგრამ, როცა დემოკრატიული ქვეყნის წამყვანი, პრესტიჟული უნივერსიტეტის მაღალანაზღაურებად პატივცემულ ლექტორს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ რუპორ-ჟურნალისტს არ ესმის ასეთი სენტენციებით, თუნდაც თოქ-შოუში, მსჯელობის თეთრი ძაფით ნაკერობა, ეს მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებს – ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ლიტონი სიტყვებია, და ხანდახან იმდენად უაზროდ ეჩვენებათ, რომ ხელისუფლების ბურჯები ასე ცინიკურად იხსენიებენ მას.
ანუ, მერე რა, რომ შენობაში მისი სურვილის წინააღმდეგ მარტო შეიყვანეს?
მერე რა, რომ შანტაჟი მოუწყვეს?
მერე რა, რომ „უნამუსო“ უძახეს?
მერე რა, რომ არ წარუდგინეს თავისი თავი?
მერე რა, რომ უარი უთხრეს ადვოკატის მოყვანის მოთხოვნაზე?
გამოდის, კიდეც რომ ეცემათ, გახურებული რკინით ეწამებინათ, ანდა საერთოდ ადმინისტრაციული წესით სამიოდ თვით დაეპატიმრებინათ, რა პრობლემაა! ეს ხომ – из лучших побуждений – იქნებოდა!
ბატონმა „პეჩენიგმა“ კიდევ უფრო სერიოზული რამეებიც იკადრა ადვოკატთან. მაგალითად, „იხუმრა“ – ვერ ყოფილან, ისე, სოდის თანამშრომლები მაგრები, თორემ შედეგი სახეზე იქნებოდა – გადაიბირებდნენ და ვერც ვერაფერს გავიგებდითო. მერე უთხრა – ხომ იცით, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი რომ მოვა სასამართლოზე (თუ იქნა სასამართლო!) იქ დაიწყება კითხვების დასმა მის სექსუალურ ორიენტაციაზე და ასე შემდეგო…
მოკლედ, მე ჩემი გითხარით და აწი – თქვენ იცითო. რაც მოგივათ „ბათუმელებს“, ყველა თქვენი თავითაო! – ჩემი აზრით, ქვეტექსტით სწორედ ეს უთხრა რეიტინგულმა ბ-ნმა დავითმა გაუტეხელ და გაუყიდავ ეთერ თურაძეს.
საგანგებო ყურადღება გამახვილდა წითელი ჟურნალისტის ქმარ-ძალოვნის გამოსვლაზე, რომელმაც ასე მოჭრა,
– თუ როდესმე,
– ვინმე,
– სადმე,
– რატომღაც
– დავიჭირეთ
და
– რაიმენაირად რამე წამოცდაო?..
ე, მაშინ ჩვენ ვიცით და ჩვენმა შუქურდემოკრატიამო!
მე კიდევ (არავითარი სასამართლო რომ არ იქნება, სანამ ხერხემალს მარილები არ დაჰგროვებია, ეს კი ვიცი) – სულ ის მახსენდებოდა, ეს „ჰალალი“ ექს-ჟურნალისტი შოთა უტიაშვილი როგორ იძახოდა, პლასტმასის ტყვიები არ გამოგვიყენებიაო. და მერე, როცა საცოდავ ადამიანს თვალიდან ამოუღეს სწორედ ის „გამოუყენებელი“ ტყვია, მაშინღა რომ „აღიარა“… და ამ აღიარებას ის მოჰყვა შედეგად, რომ როცა კიდევ გამოიყენეს მერე პლასტმასის ტყვია ნაწამებ ამირან ბიწაძეზე, ისე გაუკეთეს ოპერაცია, რომ ახლობლები არ მიუშვეს ნაწამებ ადამიანთან, რათა ბატონ წითელცოლიანს კიდევ არ დასჭირვებოდა ბოდიშის მოხდა…
ნეტა იმ აღიარების საღამოს აკოცა ჟურნალისტმა ცოლმა ძალოვან ქმარს?
(მე რომ ეს კითხვა დავსვი, ამით ეთიკის ქარტია დავარღვიე?)

მორცხვი ვეშაპები
ვეშაპების სიმორცხვეზე ტონობით ლიტერატურაა დაწერილი და ასობით ფილმი – გადაღებული.
არიან არამორცხვი ვეშაპებიც – კაშალოტები და ე.წ. მკვლელი ვეშაპები („კასატკები“).
და მაინც არის ვეშაპთა გაცილებით დიდი ჯგუფი, სადაც მორცხვობა ჩვეულებრივ თვისებად ითვლება… სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება გაზეთ “24 საათის“ რედაქტორ-გამომცემელი პაატა ვეშაპი-ძე, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები – ვინმეს მხრიდან გაზეთების გავრცელების შეზღუდვას (თფუი, ეშმაკს!) საქართველოში შეუძლებლად მიიჩნევს.
აი, ამონარიდი მისი რამდენიმე თვის წინანადელი განცხადებიდან – უგულავას მიერ მონოპოლისტ-ჯიხურების მასობრივად (ჩამოტარებით) ჩადგმაზე: როგორც ვეშაპი-ძე აცხადებს, მისთვის ცნობილია, რომ დედაქალაქში ახალი ტიპის ჯიხურები იდგმება, თუმცა, ჯერ უცნობია, თუ ვის მიერ და როგორ მოხდება გაზეთების დისტრიბუცია.
… ვეშაპი-ძე ვინმეს მიერ გაზეთების გავრცელების შეზღუდვას შეუძლებლად და ფუჭ მცდელობად მიიჩნევს, რადგან გაზეთების მფლობელები სხვა შემთხვევაში გასაყიდად მოზარდებს დაიქირავებენ.
ვეშაპი-ძე ვინმეს მიერ ჟურნალისტური დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობასაც არ გამორიცხავს, მაგრამ ამის განხორციელებას ასევე შეუძლებლად და ფუჭ მცდელობად მიიჩნევს. ბოლო-ბოლო ისეთი ტექნიკური საშუალებებია, ისეთი, როოოომ!
და რა ყოფილა ეს ტექნიკური საშუალება?
ინტერნეტი!.. (ფრაგმენტი თენგიზ აბულაძის „მონანიებიდან: ისმის ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა!“ როცა სანდრო კორიშელის ნეტარი მდივანი თვალდახუჭული და მომავლის მაცქერალი მღერის).
და დამონებული ნაცტელევიზიების ქვეყანაში ნეტა რამდენი კაცს აქვს ინტერნეტხელმისაწვდომობა?
ძალიან ბევრსო, ამბობსო პოტენციური კონკურენციით სულის სიღრმეში ალბათ შეშფოთებული ვეშაპი-ძე. ეროვნული კომუნიკაციების კომისიის განცხადებით – ერთ მილიონზე მეტსო!
ოოო, ეს ისეთი (ჰ)ავტორიტეტული ორგანიზაცია დაიმოწმა ბ-ნმა პაატამ, რომ ორივე ხელი ამიწევია. ეს ხომ ის კომისიაა, თავის სფეროში ორწლინახევრის განმავლობაში ულიცენზიოდ მოქმედი ტელეკომპანია „ალანია“ რომ ვერ შეამჩნია. სამაგიეროდ – ინტერნეტმომხმარებლები შეუმჩნევია იმდენი, რომ მაგდენი მგონი ტელეფონის აბონენტი არ გვყავს. გაგვისწრია ინტერნეტხელმისაწვდომობით ევროკავშირის წევრი რუმინეთისთვის და ბულგარეთისათვის! იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ინტერნეტმომხმარებლების რამოდენა ნაწილი ეცნობა ახალ ამბებს, და რამდენი, – მხოლოდ ბიონსეს თუ ემინემის კლიპებითაა მოხიბლული, ან – ფეისბუქში ჩატაობით დაკავებული…
მორცხვი ვეშაპების ქარავანში სხვებიც არიან –
“ქარტიის ჯგუფს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ჟურნალისტებთან და პრინციპში, ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს ამ ქარტიისადმი,” – ამბობს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსხურის უფროსი ირმა ნადირაშვილი (ანუ, პრინციპში არა აქვთ. ისე კი, უპრინციპოდ, – არ ეთანხმებიან. ეჰ, ირმა, ირმა, აკაკი გოგიჩაიშვილის არ იყოს, თქვენი ფანიც ვიყავი ერთ დროს…)
“არ ვიცი, ახლა რა ქარტია იქმნება კიდევ, არ ვიცნობ მის შინაარსს და როცა გავეცნობი, ამაზე მერე გამოვთქვამ ჩემს აზრს. ასეთი უამრავი დოკუმენტი შეიქმნა საქართველოში სხვადასხვა დროს,” – ამბობს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე. (აი, მის ფანობას კი ვერ ვიხსენებ).
თუმცა, სად ცალია ბ-ნ ლევანს – სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმესაა შეჭიდებული! – „ბი-ბი-სი“-ს სტანდარტით აკეთებს მე-2 – პოლიტიკურ არხს! მერე რა, რომ ამ არხის კეთებას დასასრული არ უჩანს და მის კეთებაში უცებ საზ.არხმა სულ სხვა პროექტი – მე-3, „კავკასიური არხი“ იბარტყა – ბერეზოვსკის ფულით პუტინის რეჟიმის ძირგამოსათხრელი და დემოკრატიული ინტერნაციონალის და მსოფლიოში ფერადი რევოლუციების საექსპორტო კონვეირი! (ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო, ამაზეა ნათქვამი).
ის დამავიწყდა, რომ მორცხვი ვეშაპი-ძე, რომელიც ინტერნეტში ბლოგის პოტენციურ 70,000 მკითხველს სერიოზულ და კონკურენტულ აუდიტორიად აღიქვამს (შეადარეთ ამას ნაციონალური ტელევიზიების 1-1.5 მილიონიანი აუდიტორია!), თავად ტენდერების და სამთავრობო განცხადებების ისეთ მსუყე დოტაციაზე ზის, რომ კონკურენცია რა არის, აღარც ახსოვს… მისი მორცხვობაც ამით აიხსნება და მისი ვეშაპობაც. მეორე მხრივ, თუ არასაზოგადოებრივი არხების დაფინანსების წყაროებს მოვიძიებთ, თავად პრიმა ბალერინას ქმარმა, დე-იურე საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, სახელმწიფო რომ არ ეხმარებოდეს კერძო არხებს, ხომ სულს გააცხებდნენო. და ისიც ხომ გვახსოვს, „დამოუკიდებელი“, ვითომდა უცხოური, სიფანდ-„რაკინული“ (?) ტელეკომპანია „იმედის“ სახელფასო უწყისები მერიის საფინანსო განყოფილებაში რომ იწერება და „ქეშდება“!..
თქვენ გჯერათ, რომ ამ რანგის ვეშაპებს ნაპირზე თვითგამორიყვის ინსტინქტი შეიძლება ემუქრებოდეს?.. მე, პირდაპირ, გული მიკანკალებს, ამაზე რომ ვფიქრობ…

გიგის სკოლა / გიგიზმები
ამას წინათ გადაცემას შევესწარი „მაესტროზე“. არ მახსოვს – რა იყო – „უცნობი კავკასია“? “სტუდია-რე”? მედიის მიმართ ნდობასა და მედიის ფინანსურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, ასევე – პოპულარობაზე იყო მუსაიფი.
გადაცემის ყველაზე პოლიტიკურწონიანმა და გამხვრეტმზერიანმა მონაწილემ – მედიასაბჭოს ლომმა ბატონმა გიგი თევზაძემ, სწორედ იმან, რომელსაც მინისტრის დამსრიალებელმა დავით პაიჭაძემ ტელეინტერვიუში ძირითადად კოჭები უგორა (ნუ, მისი უფროსია და, აბა, რგდ-1-ს ხომ არ გაუგორებდა) – აი, ეს თეზისები დადო, როგორც ყოველთვის – წონიანად, აპლომბით, როგორც აქსიომა… ლენინსაც კი შეშურდებოდა:
– თქვენ – მედია ხართ არაპოპულარულები!
პოპულარობაა, როცა ნახევარი მილიონი მკითხველი გყავს და არა ის, როცა ვიღაცეები მაშინ გამოდიან, თუ ვინმეს დახურვა დაემუქრა…(„ბათუმელების“ სოდური შანტაჟის გარჩევის კვირა იყო ის კვირა).
– თქვენ – მედია – ხართ ბაზარი და ბაზარს ზედმეტი რეგულაცია არც სჭირდება, კონკურენცია ყველაფერს დაალაგებს!
იქნებით მაგრები, გეყოლებათ მკითხველი. არადა – არაფერი გეშველებათ (იმაზე რას იტყვის შტურმბანფიურერი, მილიონობით ფულს რომ ათხლიშავს ეს მთავრობა თავის „დალმატიელ ლეკვებს“? – სამართლიან კონკურენციას რაღაც ვერ ვხედავ).

– ქართულ მოსახლეობას არა აქვს თქვენი ნდობა! რომ ჰქონდეს, გამოვიდოდა და მსხვერპლზე წავიდოდა თქვენი გულისთვის, მაგრამ რომ არ გენდობათ, ამიტომაც არ უნდა თქვენ გამო მსხვერპლის გაღება (! მიაქციეთ ყურადღება! მედიასაბჭოს თავმჯდომარის მხრიდან ეს არის ძალიან მსუბუქად შეფარული სერიოზული მუქარა – ქვეცნობიერად ნერგავენ აზრს, რომ მედიის დასაცავად ხალხის გამოსვლა პოტენციურად მათი „მსხვერპლზე წასვლაა“!)

იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ამ დალოცვილ ქართულ მოსახლეობას მედიის ნდობა არა აქვს და მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის – აქვს! და თან როგორი (ამაზე – ქვემოთ).
– როცა ენდობოდა ხალხი მედიას, კიდეც დაიცვა „რუსთავი 2“, ახლა – აღარ გამოვა!
(ფარული ქვეტექსტი, „რომ დაიცვა „რუსთავი2“, მერე რა! – ახლა ხომ ყველა აგინებს „რუსთავი 2“-ს?!!“. ხალხო, ნურც ამათ დაიცავთ, ნურც ამათთვის გაწირავთ თავს – ამათაც ისევე ვიყიდით მაინც, როგორც ერთ დროს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ ვიყიდეთ – “ს პატრახამი!” – აი, რა აზრის დათესვა სწადია მედიასაბჭოს თავმჯდომარეს)…

ძველი კადრია ბატონი გიგი.
ძველი შტურმბანფიურერი.
სამწუხაროდ, აბა, ვინ რას გამოიძიებს სააკაშვილის ეპოქაში (კონტროლის პალატის დაწიოკება ხომ გახსოვთ, კახა ლომაიაზე მასალების მოძიებისათვის), თორემ ძალიან საინტერესო იქნებოდა ბ-ნ გიგის კარიერული კიბის შესწავლა. ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, “პროექტ „ილია ჭავჭავაძიდან“ ისწავლაო ფულის ხვეტა და პროექტ „ირმის ნახტომიდან“ – კარიერული ხტომებიო, განათლების სამინისტროში არმად ნაშოვნი 60 მილიონის დიდი ნაწილი გადაქაჩაო ილია ჭავაჭავაძის უნივერსიტეტში… ჰოდა, აჭმევს იჭუ-ში 3000-5000 ლარიანი ხელფასებით პადაჩკებს იქაურ ლექტორებს და იმას ასწავლებინებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის! ახლა მე თქვენ ერთ მარტივ კითხვას დაგისვამთ – იჭუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ შეიტანონ განცხადებები პოტენციურმა ლექტორებმა – ნინო შუბლაძემ, ეკა კვესიტაძემ და ზვიად ქორიძემ, ვის აქვს ყველაზე ნაკლები შანსი, რომ მისი განცხადება საერთოდ წაკითხულიც კი იქნება?
ადვილია, ბატონო გიგი, მითითება არაკომერციულობაზე და დაბალ შემოსავლებზე, როცა მთავრობა პრესის გამავრცელებლებსაც აკონტროლებს, გამომცემლებსაც, ტელევიზიების მფლობელებსაც და ბიზნესმენებსაც!
შეგიძლიათ ახსნათ, რატომაა, რომ შორენა შავერდაშვილის პოლიტიკური ხასიათის ჟურნალ „ლიბერალს“რეკლამის მხოლოდ ერთი დამკვეთი ჰყავს, გაცილებით ნაკლები – ვიდრე თუნდაც მისივე გამოცემულ ნაკლებად პოლიტიკური ხასიათის ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“?
შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ ყიდულობენ გ. უგულავას მიერ დადგმული Press ჯიხურები კონკურენტებისგან რიგი გაზეთების („რეზონანსი“, „ასავალ-დასავალი“, „ყველა სიახლე“ და ა.შ.) ლამის მთელ პარტიას – საბოლოო ფასში, ისე, რომ მერე ვეღარ ყიდიან? ეს რა „ბიზნესია“ ასეთი უცნაური, კაკლის ჩხრიალის მოყვარული ქართველის შესახებ ანეკდოტი რომ გაგვახსენა?
და რომელ სასამართლოში უნდა იჩივლონ ჟურნალისტებმა და გამომცემლებმა, თუ მათი ინტერესები დაირღვევა? იმ სასამართლოში, რომლის რეფორმირების მრავალჯერადი მოთხოვნა ნატოში ჩვენი შესვლის სწორედაც რომ მნიშვნელოვანი ბარიერია დღემდე?

ტიტანთა შეხედულება ეთიკაზე და ობიეტურობაზე: „გატყუებენ, გაბრიელ, გატყუებენ!..“
აგრესიული (სხვა კლასიფიკაციით, “შუბოსანი” ლიბერალ-დემოკრატი, იჭუ-ს ერთ-ერთი „ფეისი“ და ბურჯი, ბატონი როინ ნიჟარაძე, გიგა ბოკერიას მეუღლე და ნაცაქტივისტი – ქ-ნი თამარ ჩერგოლეიშვილი, სააგენტო „ბლუმბერგის“ თბილისელი კორესპონდენტი ქ-ნი ჰელენა ბედველი (თათია ნიკოლეიშვილი). ნაწყვეტები ფეისბუკის ბლოგიდან, სადაც ქალბატონმა თამარმა ია ანთაძის ბლოგის და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საპირწონე განხილვა მოაწყო.
მონაწილეობენ ჟურნალისტები სოფიო ჭაავა და ალექსანდრე გედევანიშვილი.
სტილი უცვლელად…
http://www.facebook.com/tchergo?v=feed&story_fbid=216949376662
Roin Nijaradze
ია ანთაძე )))))))))) მინდა

Tamara Chergoleishvili
ჰოდა ვნახოთ აბა, ია ანთაძე და თავისუფლებისთვის მებძროლი სხვა ჟურნალისტები რას იზამენ :):)

Roin Nijaradze
თამარ ია ანთაძისგან რა მოლოდინი გაქვს, ნუ გადამრიე )) იანეთი დაგავიწყდა?

Tamara Chergoleishvili
იანეთს რა დამავიწყებს, მაგრამ ამ უმსგავსობასთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანა ძალიან ადვილია, ამას დიდი გაქანება არ სჭირდება :):)

Tamara Chergoleishvili
ხომ შეიძლება სულ იქით რო ქანაობს, ერთხელ რამიშვილისკენაც გამოქანდეს

Sofia Chaava
აბა ველოდებით ქართული ჟურნალიზმის დედისგან გამოქანებულ ნუგეშს რამიშვილის სასარგებლოდ ))

Aleksandre Gedevanishvili
მე მგონი, საქართველოში ჟურნალისტური ეთიკა საერთოდ არ არსებობს… ყველა საინფორმაციო საშუალება არის ძალიან სუბიექტური, უფრო ზუსტად – ტენდენციური…. და საერთოდ მაგ მხრივ ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე… მგონი, ობიექტურ ინფორმაციაზე საერთოდ არ არის მოთხოვნა და შესაბამისად არც მიწოდება ხდება… და კიდევ სხვა უამრავი პრობლემაა…

Roin Nijaradze
მაგას უშველის მყარი საზოგადოება, რა თქმაუნდა განათლებულიც. მე ამგვარად იმიტომ დავაყენე საკითხი მაინტერესებდა როგორ გამოსავალს ხედავენ ამ ვითარებაში ადამიანები. თორემ მემორანდუმი და ქარტია რომ არ უშველის ეს ცნობილი უნდა იყოს. ჟურნალისტი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და რაც უნდა იმას წერს. მაგრამ მომხმარებელიც არაა შეზღუდული და უნდა შეეძლოს ხარისხიანის ამორჩევა. მთავარია ეს მითი უნდა დაიმსხვრეს ჟურნალისტის ობიექტურობაზე. უნდა გავიგოთ, რომ ბუნებაში ობიექტური ჟურნალისტიკა არ არსებობს. ჟურნალისტებიც ადამიანები არიან, როგორც მღვდლები. და ისინიც იმ ღირებულებებს ემსახურებიან, რისი მატარებლებიც არიან. რამდენად ფასეულია ეს ღირებულებები ეს სხვა თემაა. მე ვამბობ, როცა ჟურნალისტები იჩემებენ ობიექტურობას, ეს უკვე ფსიქიკურ გადახრას ემსაგავსება. ჟურნალისტმა ისე უნდა შეაფასოს საკითხი, როგორც მას ესმის, მის ხარისხს კი დრო და საზოგადოება განსაზღვრავს. ასე რომ. ვთვლი, საგანგაშოდ არაა საქმე, პროცესი მიმდინარეობს, მთავარია, ეს პროცესი არ შეწყდეს და შედეგიც იქნება.

Tamara Chergoleishvili
ნერვები უნდა დაიწყნარო ალექსანდრე, სხვა გზა არ გაქვს )))

Sofia Chaava
… ისე მარტო ეგ ქარტია რომ შველიდეს ქართულ ჟურნალისტიკას, კაი იქნებოდა.

Roin Nijaradze
აბა რა უშველის სოფია, ბარემ ესეც გვითხარი:)

Tamara Chergoleishvili
გუდ. გრეით. რესპექტ.

Tamara Chergoleishvili
ათასი ქარტიაა მიღებული როინ. უშველა რამე? მაუწყებლების ქცევის კოდექსი რომ მივიღეთ დიმპიტაურით და ვარბენინეთ აღმა დაღმა მთელი ევროპის საბჭო უშველა რამე… ? არა. განათლება უშველის.

Aleksandre Gedevanishvili
განათლება, ბრწყინვალე პასუხია… გეთანხმებით… მაგრამ მგონი ეხლაც არიან განათლებული ჟურნალისტები თუმცა ვიღაცის დაწერილი ტექსტების წერა-კითხვას ვერ იშლიან… თუ ეგენი გაუნათლებლები არიან?!

Roin Nijaradze
ამა თუ იმ ჟურნალისტის განათლებულობა არ შველის საქმეს. მყარი საზოგადოება, რაც ზემოთ ვთქვი, იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება არ წამოეგება ამა თუ იმ ნახევარ ჟურნალისტის ბოდიალს. ეჭვის თვალით შეხედავს დაწერილს, რეპორტაჟს. კრიტიკული აზროვნება ამყარებს საზოგადოებას. კრიტიკული აზროვნების დეფიციტი კი ნამდვილად გვაქვს. ჩვენი საზოგადოება ყველაფერს ჭამს, ისე რომ არც კი დაფიქრდება იმაზე – შეიძლება მის ორგანოებს საკვებმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს.

Aleksandre Gedevanishvili
აქ სადმე მორალი, სინდისი, ეთიკა და ეგეთი ეპითეტებიც უნდა ვიხმაროთ… კი ბატონო, გეთანხმებით რომ საზოგადოება ყველაფერს ჭამს, მაგრამ მე რომ არ ვჭამ და მოვკვდი მშიერი ან რაღაც სხვა ბუნებრივი მოთხოვნილებებით, ეთერი რომ არ დავაბინძურო არ ვიტყვი, რა ვქნა?ჟურნალისტებიც ხომ საზოგადოების ნაწილი არიან? როცა რაღაც მოხდა, იმას რად უნდა ანალიზი? თქვი, რომ მოხდა ესე ან ისე და არ დააბრალო ამას, ან მადლობა უთხრა იმას. რა თქმა უნდა ანალიტიკური წერილები და სტატიებიც საჭიროა, ჟურნალისტიკურ ანალიზს ვგულიხმობ, ამ შემთხვევაში. მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტურად სუბიექტური და არა ტენდენციურად სუბიექტური. ანუ საერთო ჯამში იმას ვგულისხმობ, რომ ვინც ფულს გიხდის, იმის დაკრულზე არ უნდა იცეკვო და ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად.

Roin Nijaradze
– პასუხი ალექსანდრე გედევანიშვილის კითხვაზე:
„ანუ საერთო ჯამში იმას ვგულისხმობ, რომ ვინც ფულს გიხდის, იმის დაკრულზე არ უნდა იცეკვო და ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ პრობლემად.“
————————–
ეს არ გამოვა. ჩვენ ამ მხრივ უნიკალური არ ვართ. ყველა ქვეყანაში მედია მეპატრონე განსაზღვრავს თავის სტრატეგიას და ამის მიხედვით აფინანსებს ამათუ იმ ჟურნალისტურ პროექტს. სხვა საქმეა, იმ საზოგადოებაში რა პროდუქტზეა მოთხოვნილება. საბოლოოდ მივდივართ ღირებულებებზე და მედია საშუალებებიც ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ზოგი მედია საშვალება (!) ასეთია, ზოგი ისეთი. ჟურნალისტებიც ამის მიხედვით ნაწილდებიან

Helena Bedwell
როინ გეთანხმები..ესეაა აბა რაა.. მაგრამ აქ ხომ ეს ვერ შეიგნეს…

Helena Bedwell
აქ სნნ გონიათ დამოუკიდებელი)))
—————————————
==========================================================================
მკითხველნო, ახლა ხომ მიხვდით, რატომ გამახსენდა „ლონდრეს“ ცნობილი სცენა და ნოშრევანის, გეოს და მღვდლის შეგონებები – „მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი“…
ჩემი აზრი ამ ყველაფერზე ასეთია – ბატონი როინ ნიჟარაძე, იჭუ-ს [რედ: ილიაუნის] განათლების სისტემის ერთ-ერთი ბურჯი, ფეისბუქის მრავალი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, „რას გვეტყვით, მნათეუს?“ და „მე მიყვარს მამა ბუასილი“) წევრი, თავისი იდეების გასამართლებლად ფეისბუქის პროფილურ ფოტოზე საყვარელი ბავშვი რომ აუტატებია, მგონი, ბევრს ვერაფერს კარგს ასწავლის სტუდენტ ალექსანდრე გედევანიშვილს…
და სამწუხაროდ, თავადაც, აშკარაა, არ მოინდომებს, რომ რამე კარგი ისწავლოს აღნიშნული სტუდენტისაგან…
ამიტომ მინდა ვკითხო ბ-ნ გიგი თევზაძეს – ამაში უხდით ბ-ნ როინს ვერცხლეულს? ამ მორალურ დაბნელებასა და დაბოლებაში? იმის ქადაგებაში, რომ ობიექტურობა და სიმართლის სამსახური ფსიქიკური გადახრაა, რომ ყველა ჟურნალისტი მეძავია და ეს უბრალოდ უნდა გავითავისოთ და არცკი უნდა შევეწინააღმდეგოთ?…
უძველესი პროფესიების აღრევას ხომ არ აქვს ადგილი, ბატონებო – გიგი და როინ?
ბატონო ალექსანდრე, ამ დაბოლებაში ფულიც გაქვთ გადახდილი?

დასკვნა:

2004 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ე.წ. რეფორმისტულ-დემოკრატიული მთავრობა კონსტუტუციით, კანონით თუ მორალით დაუშვებელ ნებისმიერ მეთოდს მიმართავს თავისუფალი მედიის ყიდვის, დამონების, დისკრედიტაციის და/ან დაშინებისათვის.
საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, სულ უფრო შორდება თავისუფალი მედიის და სიტყვის თავისუფლების ფორმალურად დეკლარირებულ დასავლურ სტანდარტებს და მისი მეთოდებიც სულ უფრო ემსგავსება კომუნისტურ თუ პუტინისტურ რუსეთში და სხვა არადემოკრატიულ ქვეყნებში აპრობირებულ ხერხებს. ხოლო ბევრ „ინოვაციაში“ – ტოლს არ უდებს მათ. საქართველოს მთავრობის მცდელობა მიმართულია მისი ავტოკრატიული მმართველობის უვადოდ გასაგრძელებლად და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ნიჰილიზმში გადაყვანას, ხოლო მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის დაბნევას საკუთარი დემოკრატიულობის შესახებ.
საქართველოს მთავრობის ამ მცდელობამ, საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, მართლაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობის მიერ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისადმი ნიჰილიზმი, ხოლო პერსპექტივაში – საქართველოს, როგორც საზოგადოების, ერის და სახელმწიფოს სრული კრახი მოსალოდნელი და უცილობელი მორალური, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამო. ამის შედეგი კი მხოლოდ ორი შეიძლება იყოს – დიქტატორული რეჟიმის აბსოლუტიზაცია, ან სისხლიანი რევოლუცია, საყოველთაო ქაოსით და ქვეყნის საბოლოო დეზინტეგრაციით. სამწუხაროდ, ორივე შესაძლებელია მოხდეს და პირველი მეორეს არ გამორიცხავს.
———————————–

ნინო ზურიაშვილის ფილმის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ამბობს:
“- როგორ შეიძლება რომ იფიქროთ, რომ ჩვენ მედიას ვეწინააღმდეგებით და ვაკონტროლებთ?! ჩვენ ხომ ვიცით, რომ ვარდების რევოლუციის გამარჯვება სწორედ მედიის დამსახურება იყო! ჟურნალისტების გარეშე, მართალი სიტყვის გარეშე ჩვენი ქვეყანა დაემსგავსება ჭაობს. ხოლო ჭაობში არავითარი განვითარება არ ხდება. ჭაობში მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ!..”

ოქროს სიტყვებია!!!
მაგრამ ნათქვამია – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
ბოლო კი ისაა, რითაც ნინო ზურიაშვილის ფილმი და „ცხელი შოკოლადის“ სტატია იწყება – ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზიცია თანხმდება იმაზე, რომ 2004 წლიდან საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა! უკან გადადგმული 54 ნაბიჯიც სწორედ ქვეყნების რეიტინგში იმ ჩამოქვეითების მასშტაბია, რაც საქართველომ – პრესის თავისუფლების მხრივ – 2004-2008 წლებში განიცადა.

ბატონ მიხეილს კი მისი ძვირფასი სტუმრის სიტყვები მინდა შევახსენო:
„ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ხელისუფლება იქნება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მთლიანად მონაწილეობითი… როდესაც მედია იქნება სრულიად დამოუკიდებელი და პროფესიონალური, რომ მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია, რათა მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ და რათა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე…“
(ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის სიტყვიდან საქართველოს პარლამენტში 2009 წლის 23 ივლისს)



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s